მაია ჯალიაშვილი “მარგინალობის ასპექტები გურამ რჩეულიშვილის „ბათარეკა ჭინჭარაულის“ მიხედვით”
„რა სამწუხაროა, გაითქვიფო მასაში, გქონდეს იგივე გრძნობები“, – ეუბნება ელენე ვაჟას გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში „შუა ზაფხულში ყველგან ცხელა“1.
თვითონ გურამ რჩეულიშვილი ყოველთვის გაურბოდა სხვათა „მსგავს გრძნობებს“ და არც არასოდეს გათქვეფილა მასაში.
რას შეიძლება გულისხმობდეს სწრაფვა მასისაგან თავდაღწევისა? ან როგორ შეიძლება განხორციელდეს იგი? ან ხომ არ არის დაკავშირებული ამგვარი სურვილი ნარცისიზმის კომპლექსთან?
„როგორც ერთია ქვეყანა ვრცელი,
ისე ერთია გალაკტიონი“,
– წერდა მართლაც ერთადერთი პოეტი და არ ერიდებოდა ამგვარი პოეტური განცხადებებისა. ეტყობა, გენიოსები ყოველთვის გრძნობენ თავიანთ განუმეორებლობას და ამიტომაც თამამად და ყალბი თავმდაბლობის გარეშე საუბრობენ საკუთარ გამორჩეულობაზე.
რჩეულები ნებისმიერ საზოგადოებაში ერთგვარი მარგინალები არიან, რადგან გაურბიან ერთფეროვნებას, ჩარჩოებს და სულ მუდამ პიროვნული სრულყოფისკენ მიისწრაფვიან. ასეთებს კარგად იცნობს მსოფლიო თუ ქართული ლიტერატურა, ხან ზედმეტი ადამიანის სახელითაც რომ მოიხსენიებიან ხოლმე. მათი ყველაზე სიღრმისეული არქეტიპი, ალბათ, განკაცებული უფალია, სახარებების იესო ქრისტე, რომელიც ვერ იცნეს ადამიანებმა, რადგან მათ არ ჰგავდა და ჯვარს აცვეს. მსოფლიო ლიტერატურის მარგინალებიდან შეიძლება დავასახელოთ დონ კიხოტი, რომელიც, თავის მხრივ, იქცა მრავალი პერსონაჟის ლიტერატურულ არქეტიპად. Qქართულ მწერლობაშიც ბევრი ცნობილი მარგინალია, მათ შორის, უპირველესად, ალუდა ქეთელაური, ჯოყოლა ალხასტაიძე.. თეიმურაზ ხევისთავი, თუმცა ამ ჩამონათვალში თეიმურაზის ხსენება თითქოს სახამუშოა, მაგრამ მარგინალობა არ გულისხმობს მხოლოდ ერთგვარად იდეალურ სახეებს, თითქმის სრულყოფილებს სიკეთესა და სიყვარულში, არამედ გულისხმობს საზოგადოებისგან გაუცხოებას რაიმე მიზეზითა და მოტივაციით.
მარგინალია ლათინური წარმომავლობისაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს კიდეზე მყოფს, აგრეთვე, გულისხმობს ჩანაწერებს, შენიშვნებს წიგნის ან ხელნაწერის არშიაზე, თუმცა ლიტერატურულ ტერმინად ქცეული ეს სიტყვა უფრო ფართო შინაარსისაა.
ტ.ს. კოლრიჯმა ეს ტერმინი გამოიყენა ედგარ ალან პოს იმ სტატიების ციკლის აღსანიშნავად, რომელსაც პო ბეჭდავდა ამერიკულ ჟურნალებში 1844-1849 წლებში სახელწოდებით „მარგინალია“.
მარგინალობა წინა პლანზე წამოსწევს და გამოკვეთს მასისა და პიროვნების ურთიერთობის თემასაც.
30-იან წლებში ესპანელმა მოაზროვნემ ხოსე ორტეგა ი გასეტიმ დაწერა ცნობილი წიგნი „მასების ამბოხი“, სადაც წარმოადგინა ადამიანი-მასის ვრცელი ანალიზი. „ადამიანი-მასა! ისაა, ვისაც არ შეუძლია როგორც კარგი, ისე ცუდი მხრითაც შეაფასოს თავისი თავი, ვინც თავის თავს აღიქვამს ისეთად, როგორიცაა ყველა და სულაც არ განიცდის ამას, მას მოსწონს ისეთი იყოს, როგორიცაა ყველა“2.
გურამ რჩეულიშვილი ხაზგასმულად განსხვავდებოდა ყველასგან არა მხოლოდ ცხოვრების სტილითა და შეხედულებებით, არამედ ჩაცმის მანერითაც. გურამ ასათიანი იგონებს: „თავისი გარეგნობით გურამ რჩეულიშვილი საგრძნობლად გამოირჩეოდა ზედმიწევნით გამოწყობილ სხვა ახალგაზრდა თბილისელებისაგან: ფართოდ გადაღეღილი, თითქმის შარვლის ქამრამდე ჩახსნილი პერანგის პირი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, ძლიერი, დაჟინებული გამოხედვა… დიდი, უხეში მძიმე ფეხსაცმელები თითქოს მიწისკენ ეზიდებოდნენ მის სხეულს და, ამავე დროს, მთელ მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც მოუსვენარი, ამტყდარი, თითქოს უეცარი ნახტომისთვის გამზადებული ძალა. ის პირველი შეხვედრისთანავე იწვევდა ინტერესს, თითქოს დაჟინებით მოითხოვდა ყურადღებას თავისი პიროვნებისადმი. როგორც ამბობენ, ახლო მეგობრებს იგი გამორჩევით უყვარდათ და ხშირად უთმობდნენ მისი ძლიერი ხასიათის უჩვეულო გამოვლინებებს“3.
მარგინალობას გურამ რჩეულიშვილის მოთხრობათა გმირები რამდენიმე ასპექტით ამჟღავნებენ. ესაა: მარტოობისკენ მისწრაფება (რომანტიკული მარტოობით ტკბობა), გამორჩეულობის შეგრძნება, საზოგადოებასთან დაპირისპირება (ან გაქცევა, ან კონფლიქტი მასთან).
საგულისხმოა, რომ ედგარ პოს აქვს ერთი მოთხრობა სახელწოდებით „ბრბოს კაცი“, სადაც აღწერილია პერსონაჟი როგორ გამოედევნება ერთ უცნაურ ადამიანს, რომელიც ყურადღებას მიიქცევს იმით, რომ თავშეყრის ადგილებისკენ მიიჩქარის. ამ ადამიანს არ შეუძლია მარტო დარჩენა, იგი სულ მუდამ ბრბოსკენ მიისწრაფვის.
მარგინალობის თემა, რა თქმა უნდა, ნიცშესეულ ზეკაცსაც წამოატივტივებს. ზარატუსტრა ქადაგებს ზეკაცზე, რომელიც საზოგადოებას ახალ ღირებულებებს დაუმკვიდრებს.
მარგინალობა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად მჟღავნდებოდა, მოდერნისტებთან იგი გამოვლინდა, როგორც უპირველესად ესთეტიკური საკითხი. მოდერნისტები ქადაგებდნენ სტილის, მხატვრული სახეების არისტოკრატიულობას. სიმბოლოები, ალეგორიები, დაშიფრული მხატვრული სახეები ქმნიდნენ გადაულახავ ბარიერს უბრალო მკითხველისთვის ნაწარმოების სრულყოფილად აღსაქმელად. ტიციანი წერდა გრიგოლ რობაქიძეზე, რომ მწერალს არც ერთი მხატვრული სახე არ მიუტანია მსხვერპლად, რომ უფრო გასაგები ყოფილიყო.
გურამ რჩეულიშვილი რეალისტი მწერალია და მისი მხატვრული სახეებიც გამჭვირვალე და გასაგებია. მარგინალობა მასთან არა მხატვრული სახეების სისტემის, არამედ უჩვეულო პერსონაჟების ხატვაში მჟღავნდება.
გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებში ხშირად გვხვდებიან მარგინალი პერსონაჟები, მათ შორის, მუნჯი ახმედი, ნათელა, შპილკა, ირინა, უსახელო უფლისციხელი და სხვა. საგულისხმოა, რომ არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხენებსაც გამორჩეულებს ხატავს, მაგალითად, სალამურასა და თვირთვილას.
ამჯერად ჩვენ მხოლოდ მზიას წარმოვაჩენთ მოთხრობა „ბათარეკა ჭინჭარაულის“ პერსონაჟს.
„ამერიკელმა მეცნიერმა რობერტ პარკმა 50-იან წლებში დაამკვიდრა ცნება „მარგინალური ადამიანისა“,-წერს გურამ კანკავა წერილში „მარგინალური ადამიანი“ და იქვე განაგრძობს: „პარკის განმარტებით, მარგინალურნი არიან ის ადამიანები, რომლებიც ზღვარზე იმყოფებიან ორ ან მეტ სოციალურ სამყაროთა შორის, მაგრამ არ მიიღებიან არც ერთი მათგანის მიერ, როგორც მათი სრულუფლებიანი მონაწილეები.
მარგინალური ადამიანის ნიშნებად პარკი შემდეგს მიიჩნევდა: სერიოზული დაეჭვება თავის პირად ღირებულებაში, მეგობრებთან კავშირების გაურკვევლობა და მუდმივი შიში-უარყოფილ იქნას მათ მიერ, ვიდრე მოექცეს დამცირების საშიშროებაში, ავადმყოფური მორცხვობა, მარტოობა და გადაჭარბებული მეოცნებეობა. გადამეტებული შფოთვა მომავალზე და ძრწოლა ყოველი გაბედული წამოწყების გამო, უუნარობა ტკბობისა და დარწმუნებულობა იმაში, რომ გარშემო მყოფნი უსამართლოდ ეპყრობიან“4.
გურამ რჩეულიშვილი გამორჩეულობას აუცილებლობად მიიჩნევდა რაიმე ღირებულის შესაქმნელად. მოთხრობა „ბათარეკა ჭინჭარაულში“ წერს კიდეც: „ყველაზე კარგს კი მათგან იგი დაწერს, ვინც სხვაზე მეტად და ღირსებით იტანჯება ვერმიღწეულის ვნებით შეპყრობილი“5.
ამ მოთხრობაში მწერალი ხევსურთა ცხოვრებაზე მოგვითხრობს და ხაზგასმით წარმოაჩენს ამ კუთხის განსაკუთრებულობასა და განსხვავებას სხვათაგან. „მხოლოდ ეს კუთხე გაუწირავთ ღმერთებს ციცაბო ფერდობებისა და ბასრი ჭიუხების ანაბარად“. აქაურებისთვის ბუნებას თითქოს გამორჩეული ხასიათიც ჩამოუყალიბებია. აქ უფრო გამოკვეთილია „მარტოკაცის ბრძოლა ბუნებასთან თუ საკუთარ კერპ ხასიათ-ვნებებთან“. მწერლის აზრით, „აქ პოეზია განუკითხავად ბატონობს პროზაზე, პოეზია თავისი ულოგიკო ვნებებითა და გამოხატვის შეუდარებელი დრამატული სიმშვენიერით“. მწერალი თვით შატილსაც წარმოაჩენს, როგორც ლექსს. გვახსენდება გიორგი ლეონიძის ლექსის სტრიქონები, „რა საჭიროა ლექსისთვის ტაში, ყველა ხევსური, ვიცი, დანტეა“.
ლეგენდადქცეული შატილის ფონზე იხატება ხევსურული კოშკი და მისი ბინადრები, უპირველესად 13 წლის მზია, ოცნებაში ჩაკარგული პატარა ქალი, რომლის გული სავსეა „ულოგიკო ვნებებითა“ და რომლის ამბავსაც მწერალი გვიხატავს შეუდარებელი „დრამატული სიმშვენიერით“. პოეტურად არის გამოკვეთილი მზიას ხასიათი. მთელი მოთხრობა კი პოეტურ პროზას ჰგავს შინაგანი რიტმითა და განწყობილებებით.
ხევსურეთში ცხოვრობენ „ჯვარპერანგიანი“ ვაჟები, რომლებიც სირცხვილის ჭამას სიკვდილს არჩევენ, ამ გარემოში სხვაგვარად ცხოვრება თითქოს წარმოუდგენელია. როგორც გურამ რჩეულიშვილი წერს: „ახლაც კი, ნახევრადდანგრეული შატილის მნახველს ეგონება, რომ ბერძენთა ღმერთებმა ოლიმპოს მიტოვების შემდეგ აქ გადმოინაცვლეს, ამ პოლისში, რომელიც არავის სჭირდებოდა და არასდროს თვითონ არ მოაგონებდა სამყაროს“. თვითონ შატილიც იხატება, როგორც ერთგვარი მარგინალი, კიდეზე მყოფი, გამორჩეული თავისი ბუნებით, ხალხით, ტრადიციითა და ზნე-ჩვეულებებით.
მოთხრობაში აღწერილი დრამა მეტად მცირე დროში ვითარდება, მაგრამ შედარებით ვრცელი ექსპრესიული შესავალი აქვს, სადაც წარმოჩენილია დაზამთრებული ხევსურეთი, როგორც ლაბირინთი, რომლის „წვერშიც“ ცხოვრობს ბათარეკა ჭინჭარაული. ზღაპრული კოშკივით წამოიმართება მკითხველის წარმოსახვაში ბათარეკა ჭინჭარაულის სამოსახლო და თვით პატრონი, რომელიც თოვლის გამო კოშკშია შეკეტილი და გამოდარებას გმინვით ელოდება, აღარ შეუძლია უქმად ჯდომა და ნადირობისა თუ სისხლის აღების გარეშე სიცოცხლე.
გარემოს მოწყვეტილია ბათარეკას ასული მზიაც, მაგრამ სულ სხვა მიზეზით. იგი კოშკში ცხოვრობს მზეთუნახავივით. მისთვის არ არსებობს დროის ჩვეული მდინარებაც კი. იგი გაჰყურებს თავისი კოშკის ვიწრო სარკმლიდან ბუნებას, დღისით თუ ღამით და საკუთარი თავით ტკბება, თუმცა ეს ტკბობა არის შინაგანი განცდა საკუთარი სილამაზისა. მზიას ხომ სარკეც არა აქვს, მაგრამ შინაგანად გრძნობს თავის სილამაზეს სადღაც გულის სიღმეში.
მისი სახე გაკვირვებულ, გაბრწყინებულ თვალებადაა ქცეული, მიუხედავად იმისა, რომ იგი მარტოა, იგი ჰარმონიაშია მთელ სამყაროსთან, თითქოს მისი ნაწილია, მისი გრძნობა ეთანხმება ბუნებას, ამიტომაც წერს მწერალი, რომ „შეყვარებულია ყველაფერი მის გარშემო.“ კოშკის უბრალო ნივთები კი მისთვის იდუმალის სიმბოლოებია, რომლებიც უცნაურსა და უცხოზე ეჩურჩულებიან. ყველა საგანს შეჰყვარებია მზია. „სიპისგან დატეხილი კედელი უხმოდ პირქუშად გამოუმჟღავნებლად. დიდი ოთხკუთხედი კიდობანი ვაჭრულ-მზაკვრული იერით ათას სიყვარულს ჰპირდება“. გვახსენდება ვაჟა-ფშაველას „ია“, რომელიც ირგვლივ ყველასა და ყველაფერზეა შეყვარებული და მისითაც ასევე არიან აღტაცებულნი ბუნების შვილები. მზიას სამყარო მისივე სულია. ამ პატარა გოგონას თვალებით არეკლილი გარემო უცხო ხმებით ჩურჩულებს. მისი თვალებით არეკლილი სამყარო განსხვავდება იმისაგან, რასაც სხვები ხედავენ და ირეკლავენ.
საგულისხმოა, რომ როგორც ყველა ხევსურ ქალს, მზიასაც ოთხი სახელი აქვს. მზია, თამარი, სანდუა და ბუბა, თუმცა, მას მხოლოდ ორი ქართული სახელი-მზია და თამარი უყვარს, დანარჩენი ორი კი ეჯავრება, რადგან ისინი ქვეშეცნეულად უყვებიან მომავალ ქმართან ერთად ცხოვრებაზე, ყოველდღიურ ჯაფაზე, მას კი ვერ წარმოუდგენია ამგვარი რამ. მის წარმოსახვაში ყოფითი საზრუნავები არ არსებობს. იგი, მართლაც, მზეთუნახავია, რომელიც როგორც კი კოშკიდან გამოვა და ჩაებმება ცხოვრებისეულ ფერხულში, მაშინვე დაკარგავს თავის ღვთაებრიობას, ზეციურობასა და ერთგვარ საიდუმლოებას.
უცნაურია, როგორ გაჩნდა ასეთი ქალი შატილის კოშკში, მას ხომ არც შრომა შეუძლია, არც მოზელა და, რაც მთავარია, არც სურვილი აქვს რაიმეს გაკეთებისა. მისი საქმე მისივე ოცნებებია და მისივე წარმოსახვის მდიდარი და უცნაური სამყარო. „იგი დადის უზომოდ შეყვარებული თავის თავზე, კიბეებზე, და ისეა ამ გრძნობით ისეა გაბრუებული, რომ სიტყვებით ამ სიყვარულსაც კი ვერ არქმევს სახელს. კიბეზე ასვლისას ხშირად ეჩვენება, თითქოს წინა საფეხურს უფრო უყვარს, ვიდრე იმას, რომელზედაც ფეხი უდგას“. მისი სიყვარული მშვენიერია და თან უსუსური და ის არის თვითონ ხორცშესხმული სიყვარული, რომელიც არც არაფერს ითხოვს, არც არაფერს გასცემს. ის უბრალოდ თავის არსებობას ამგვარად ადასტურებს ამ სამყაროში.
ნათელას ცხოვრება არის ხანგრძლივი მოლოდინი დიდი, უცნაური სიყვარულისა. „ზის ქურქში გამოხვეული უცნაური არისტოკრატი ქალი, რომელიც ბუნებამ აქ შატილში გააჩინა და ელის“. ნათელა ყველაფერს გასაოცარი სისავსით აღიქვამს, მაგრამ ადამიანებთან უბრალო, ყოფითი ურთიერთობები არ შეუძლია, მშობლებსაც კი არ ელაპარაკება. იგი თითქოს არაფერს ანაწევრებს.
მზია ცხოვრობს სიზმრებში და მის წარმოსახვაში არც არის გამოყოფილი სიზმარი და რეალობა. იგი ხშირად ხედავს ჯიხვებზე მონადირე ვაჟს, ოჩოპინტრე რომ გაანაწყენა. მონადირე დაისაჯა და მას ნადირობა აეკრძალა, არადა, მას ნადირობის გარდა სხვა არაფერი შეუძლია. ამიტომაც დაეხეტება თოვლსა და წვიმაში, დღისითა და ღამით. ჩამოხმა, ბოლოს ნადირთა მბრძანებელმა შეისმინა მისი ვედრება და შეუნდო, კვლავ მისცა ნადირობის ნება, მხოლოდ ხარირემის მოკვლა აუკრძალა. დიდხანს ითმინა ვაჟმა, მაგრამ ბოლოს ცდუნებას ვერ გაუძლო და ხარირემის მოსაკლავად ისარი მოზიდა, მაგრამ მკლავი მაშინვე გაუშეშდა და ძარღვები ისე გადაეჭიმა, მუსიკალურ საკრავად გადაიქცა. „მხოლოდ საისრე მარჯვენა ხელი დარჩა თავის ნებაზე მოძრავი, ჩამოჰკრავდა იმ ხელს სიმებად ქცეულ ძარღვებს და მღეროდა, რადგან არაფერი შეეძლო ნადირობისა და იმ ვნების გამოხატვის გარდა, რომელსაც მასზე მოგონებით სიმებს ათქმევინებდა“. (ორფეოსის თქმულების ერთი ვარიანტის მიხედვით მისი ქნარის სიმები გარდაცვლილი მგოსნების ძარღვებისგან იყო გაკეთებული).
ასე ცხოვრობს მზია რეალობის მიღმა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს დგება დრო, როდესაც მას კონფლიქტი მოსდის გარემოსთან, რომელიც მამის სახით ევლინება. მამა ამ შემთხვევაში განასახიერებს სამყაროს, დამკვიდრებულსა და სწორხაზოვანს, შვილი კი გადახვევას, სხვა გზის არჩევას. ამ „გზიდან ცდომას“, რაც სხვათაგან განსხვავებულობაში მჟღავნდება, ვერ ეგუება მამა.
ბათარეკა ჭინჭარაული ერთ მშვენიერ დღეს შეამჩნევს, რომ შვილი არაფერს აკეთებს სახლში, თუმცა მამის გაბრაზებას მზია აგებებს პოეზიას და რაღაც უცნაურ სინათლეს, რომელიც მისი თვალებიდან იფრქვევა. გაბრაზება მზიასთვის უცხოა, რადგან წარმოუდგენელია მისთვის ჩვეულებრივი საზრუნავები, რაც ყოფით ყოველდღიურობაშია, ამიტომაც არის, რომ მამა როდესაც დაუღრიალებს:»რად არ ეხმარები დედასა, ქალაუ!» მზიას არ შეუძლია ამ სიბრაზის მიღება. ის, როგორც მწერალი წერს, მართალი იყო თავის თავთან და მისთვის არაფრისმთქმელი იყო ეს ბრალდება. ბათარეკა თითქოს გრძნობს, რომ შვილმა აჯობა სიმართლეში. გურამ რჩეულიშვილი საოცარი ოსტატობით ხატავს მამა-შვილის შინაგანად დაძაბულ ეპიზოდს.
„ბათარეკამ თითქოს გაიგო, რომ შვილმა აჯობა სიმართლეში, რომ არაფერი იყო სახლში გასაკეთებელი, და უცებ დაიმორცხვა ოჯახის საქმით ანთებულმა მზიას წინ.
ეს დამარცხება ასე გამოხატა მან:
– ქალაუ!
– ა!
– რისი მაქნისი ხარ შინ ტყუილა მჯდომარე?!
– ა! მამავ…
– ათასი ჭირი, ქალო!!! – დაიგრგვინა კაცმა.
არ უნდოდა მზიას ამ სიტყვების გაგება და შეწუხებულმა სარკმლისკენ მიიხედა.
ქალიშვილის თვალების მოშორებამ გონს მოაგო ბათარეკა და იმ ბრაზის გადმონთხევის საშუალება მისცა, რომელიც თავისი თავისადმი იგრძნო შვილის დანახვისთანავე. ეს ბრაზი იმ დანაშაულიდან მოდიოდა, რომელშიც მას ბრალი არ ჰქონდა და რომლის გამოსწორებაც მას არ შეეძლო. ერთ ვნებად შეიკრა ის რაღაცის წინააღმდეგ ამხედრებული, სილის გაკვრით დაანთხია ქალიშვილს ყველაფერი და კიბეებზე დაეშვა ბუბუნით.
თვითონ ვეღარ გაბედა კაცმა ზევით ასვლა და მეორე დღეს, სადილობისას ავადმყოფი დედა გაუგზავნა საჭმლით შვილს. ჭერხოს შუაში გამქრალ შუაცეცხლის ჯაჭვზე ჩამოეხრჩო მზია ბათარეკას ასულს თავი“.
ასე გამოხატა მზიამ თავისი წინააღმდეგობა მამის წინაშე. ეს რაღაც ზღვარდაუდებელი, ენით აუწერელი სიამაყის გამოხატულებაა, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, იმის გაცნობიერება, რომ მისი ადგილი აქ არ არის, რომ ის ვერ ჩაეწერება ამ გარემოში, რომ ვერასოდეს შეასრულებს იმას, რასაც ეს საზოგადოება მოითხოვს მისგან.
სამწუხაროდ, ცხოვრება არ არის ზღაპარი. მზია კი თითქოს ზღაპრის განზომილებიდან რეალობაში შემთხვევით მოხვედრილი პირია და როდესაც ზღაპარი შემოიჭრება რეალობაში, ის უკვე მიუღებელი ხდება ჩვეულებრივი ყოფისა და ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, თუნდაც ისეთი ახლობლისთვის, როგორიც მშობელი მამაა.
ბათარეკა გრძნობს, რა თქმა უნდა, შვილის განსხვავებულობას და გარკვეულ დრომდე ითმენს ამას, მაგრამ როდესაც იგი მოიწადინებს ამის გაცნობიერებას, ეს მოხდება სწორედ შვილთან პირისპირ საუბრისას, მამა და ქალიშვილი სრულიად საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებიან. მამა სილის გაწვნით თითქოს თავიდან იშორებს და მოიკვეთს შვილს. მზია, რა თქმა უნდა, გრძნობს დიდ სულიერ ტკივილსა და ზეციდან მიწაზე ჩამოვარდნის სიმწარეს. მამა მზიასგან მოითხოვს იმას, რაც გოგონასთვის ერთფეროვნებასთან, უღიმღამო ყოფასთან არის დაკავშირებული.
მზიას სულიერი სისავსე რეალობასთან ასეთი უხეში, სასტიკი შეხებით თითქოს დაირღვა. მისი არსებობა ხომ მცენარისას ჩამოჰგავს და ამგვარად ღვთისთვის მოსაწონს. უფალი რომ მიუთითებდა მოწაფეებს ველის შროშანებზე, მათსავით იცხოვრეთო. „განიცადეთ შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (მათე 6, 28-29).
„მზია ქვებს შორის ამოსული ყვავილივით ნაზია და საკვირველი“, – შენიშნავს თამაზ ჭილაძე. მისი აზრით, „მზიას სული ისეთი ფაქიზია, თითქოს აპრილის ქარის ფრთაზე ასვენიაო. მისი ფიქრი თუ სიზმარი სავსეა მთვარითა და მზით, ვარსკვლავებითა და აყვავებული რტოებით. ვინც კი შეხედავს, ყველას უკვირს, უცნაურია, საიდან გამოვიდა ასეთი ქალი შატილის კოშკშიო“. მის გვერდით ცხოვრობს მამამისი, ბათარეკა ჭინჭარაული, ავაზაკივით უჟმური ხასიათითა და ქცევით. ბათარეკა თოვლმა კოშკში გამოკეტა, უმოქმედობამ კიდევ უფრო გააბოროტა. აღარ იცის, როგორ გადმოანთხიოს დაგროვებული ენერგია და ღონე. ერთ დილით მან თავის ქალიშვილზე შეაჩერა მზერა, თითქოს პირველად დაენახოს ოცნებებს გადაყოლილი შვილი. სიბრაზე წაეკიდა ბათარეკას. „ისევე როგორც საქონლის პარსვისას ამხანაგის უმოქმედობის დროს სჩვეოდა“. უცებ ინსტიქტით იგრძნო იმ უფსკრულის სიღრმე, მას რომ თავისი ქალიშვილისგან ყოფდა და თითქოს რაღაცის წინააღმდეგ ამხედრდაო, გამეტებით სილა შემოჰკრა ქალიშვილს.
დილით მზია ჯაჭვზე ჩამოკიდებული იპოვეს.
ეს მოთხრობა თავისი ჟღერით შორდება შატილის კოშკებს და კიდევ ერთხელ მოგვაგონებს, თუ რა დიდი გაფრთხილება სჭირდება იმას, რასაც ადამიანის ოცნება ჰქვია“6.
გურამ ბენაშვილის აზრით, „ამ კონკრეტულ შემთხვევაში თითქოს იდეალიზებულია გარესამყაროსთან გმირის მიმართების მოდუსი. ბუნებისა და ლირიკული გმირის ურთიერთობა უინტიმეს ხმებს გამოსცემს; ლეგენდებსა თუ გადმოცემაში დაუნჯებული რომანტიკული სამყარო მწერლისათვის სანუკვარ ფიქრთა მოძალების ნოყიერი ნიადაგია. მძლავრი ინტუიცია უნიკალური წვდომის საშუალებით ითვისებს, ორგანულ განცდად გაიშინაგნებს ძველის სურნელისა და კოლორიტის იდუმალ ბუნებას. აშკარაა წარსულის გაცნობიერების მაღალი პოეტური ნიჭი, ნიჭი ბუნების სიყვარულის მხატვრულ განჭვრეტამდე ამაღლებისა. ადამიანთა არქაული საცხოვრისი, თავისი ყოველდღიური ჩვეულებრიობით მისთვის სილამაზისა და მაღალმხატვრული განცდის დიდებული ობიექტი, უმნიშვნელოვანესი კი მაინც ის არის, რომ ბუნებისა და ადამიანის ცხოვრება განუყოფელ პლანში იხილება, ვითარცა ერთმანეთის შემავსებელნი და ერთარსებად ქცეულნი.-აი, მწერლისთვის ყოფიერების ჰარმონია“7.
მზიას მარგინალობა შესაძლებელია დავუკავშიროთ რუსთველისეულ „სხვაგან“ ყოფნას, ნესტანზე რომ წერს პოეტი:
„ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა -ზედი,
ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი“.
„სხვაგან“ ყოფნისკენ სწრაფვა მზიას ინსტიქტის დონეზე, არაცნობიერში უძევს. Aამგვარად იგი ამჟღავნებს დაფარულისკენ, ღვთაებრივისკენ მისწრაფებას უპირველესად სიყვარულის გზით. სწორედ ღვთაებრივია ის, რისი მოლოდინიც მას ასე აბრუებს. „ის ყველაფერში ხედავს მას, დიდი ანთებული თვალებით, გრძელი გაკვირვებული წამწამებით ყველაზე პატარა საგანსაც კი არ უშვებს თავის გარშემო შეუყვარებლად“.
ამ სიყვარულს, რა თქმა უნდა, „ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“, მათ შორის, სოფელი თუ მშობლები, ამიტომაც გაირიყება მზია თავის სამყაროში და თავისთავში ჩაკეტილი სულ სხვა სანახებს ჭვრეტს. როგორც კი აუკრძალავენ მას ამ „სხვაგან ყურებას“, იგი თავს იკლავს, რადგან მზიას სიცოცხლე „აქ“ და „ამ“ დროში შეუძლებელია.
ასე რომ, მზია თითქოს სიმბოლოა მშვენიერებისაც, რომელიც წარმავალ წუთისოფელში ვერ სძლებს. აქ არის ანალოგია მარიტასთან გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხიდან“.
ამგვარად, მზია მარგინალია, რადგან დრო-სივრცის მიღმა გაღწევას ცდილობს თავისი ოცნებით და ზღაპრის განზომილების „მორგებას“ ყოფასთან, რაც მარცხით მთავრდება.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. გურამ რჩეულიშვილი, „შუა ზაფხულში ყველგან ცხელა“, წიგნში: „სად გაექცევი ზამთრის ღამეს“, თბ. 1985, გვ. 71.
2. ხოსე ორტეგა ი გასეტი, „მასების ამბოხი“, თბ. 1993, გვ. 7.
3. გურამ ასათიანი, „გურამ რჩეულიშვილი“, წიგნში: „თანამდევი სულები“, თბ. 1983, გვ. 243.
4. გურამ კანკავა, მარგინალური ადამიანი. ჟ. „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, №3, თბ.1981, გვ. 3.
5. გურამ რჩეულიშვილი, „ბათარეკა ჭინჭარაული“, წიგნში: „სად გაექცევი ზამთრის ღამეს“, თბ. 1985.
6. თამაზ ჭილაძე, გურამ რჩეულიშვილის ხსოვნა, წიგნში: „პირველად იყო სიტყვა“, თბ. 1993, გვ. 140.
7. გურამ ბენაშვილი, მწერლის ამაყი და კეთილშობილი სილუეტი, წიგნში: „რანი იყვნენ და რანი არიან“, თბ. 1991, გვ.255.
ლიტერატურული ძიებანი 2002 №24