ლიტერატურაწიგნები

მაიკ რეზნიკი – უნიკორნის კვალდაკვალ

Stalking The Unicorn (1987)

ახალი წლის საღამოს ზოგი ოჯახთან ერთად ხვდება, ზოგი მეგობრებთან, აბანოში. ზოგს კი, მიურგენშტურმი იქირავებს და დაკარგული უნიკორნის (მარტორქა, ცხენის მაგვარი მითიური არსება, რომლის პირდაპირი ქართული თარგმანიც პრინციპში არ არსებობს) საძებნად პარალელურ მანჰეტენში მიჰყავს. მიურგენშტურმი დაბალი ყურებწაგრძელებული ელფია, რომელსაც მოსავლელად მიაბარეს მარტორქა. მან კი, როგორც ქალებს გადაყოლილმა მლიქვნელმა და ჩამოყალიბებულმა უსაქმურმა, ვერ მოუარა უნიკორნს და ეს უკანასკნელი ყოვლად გაფუჭებულმა მერჩანტმა – ლეპრიკონმა “აართვა”.
“უნიკორნის კვალდაკვალ” ამერიკელმა ავტორმა, მაიკ რეზნიკმა 1987 წელს გამოაქვეყნა. რომანი თავის თავში მოიცავს როგორც ფანტასტიკის, ისე კლასიკური დეტექტივის და მსუბუქი ამერიკული იუმორის ელემენტებს. წარმატებული რეცენზიებით შეგულიანებულმა რეზნიკმა 2008-სა და 2009-ში წიგნს ორი სიქუელი მოაყოლა – “ვამპირის კვალდაკვალ” და “დრაკონის კვალდაკვალ”.

ახალი წლის ღამეს, კერძო დეტექტივი მელორი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ ბიზნეს-პარტნიორთან ერთად ცოლი “გეექცა”, საკუთარ ოთახში ზის და ცხოვრების ამაოებაზე ფიქრობს. ამასობაში მას გამოეცხადება ახალი “კლიენტი” – ვინმე მიურგენშტურმი და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ დაკარგული უნიკორნის საპოვნელად დაიქირავებს. მელორი აღმოაჩენს, რომ გარდა რეალური ნიუ-იორკისა, არსებობს კიდევ მეორე, პარალელური ნიუ-იორკი, რომელიც “ყოველთვის შენ უკან არის მაშინ, როდესაც შებრუნდები”. პარალელურ ქალაქში გასასვლელად ახლად შეპარტნიორებული ელფი და დეტექტივი სარდაფში მდებარე საიდუმლო კარით გადადიან. მელორის გასაკვირად, პარალელური სამყარო ბევრი არაფრით განსხვავდება რეალურისგან. თუ რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით სხვადასხვა მითიურ პერსონაჟებს, მოლაპარაკე ცხოველებს და ა.შ. ამავე უნიკალურობის გათვალისწინებით, მთელი დანარჩენი სიუჟეტი მელორის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზეა აგებული. რეზნიკი საინტერესოდ ახერხებს დეტექტივის “გაზღაპრულებას”. (თუმცა რა გასაკვირია, მან ხომ თავის ერთ-ერთ რომანში თვით შერლოკ ჰოლმსი გაგზავნა კოსმოსში).
“უნიკორნის კვალდაკვალ” სავსეა ალუზიებით სხვა ლიტერატურულ ნააწარმოებებთან. რა თქმა უნდა, არაერთხელ ვხვდებით მსგავსებას ოზის ჯადოსნურ სამყაროსთან, ირლანდიური მითოსი კი მთელი თავისი მშვენეირებითაა წარმოდგენილი. ყველაზე მთავარი ალუზია კი, კეროლის “სარკე”-სთან ჩანს. თავად პარალელური სამყაროც რეალურის ერთგვარი ანარეკლია. როგორც გარეგნულად, ისე “შემადგენლობით”. მელორი კაფეში ხვდება ჭადრაკის მოთამაშე ყოფილ პოლიციელს და ყოფილ დამნაშავეს, (ისინი რეალური ნიუ-იორკისგან განსხვავებით, აქ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ) რომლებიც, 1937 წლიდან მოყოლებული ერთ პარტიას თამაშობენ. თანაც, იმგვარად შემუშავებული ალტერნატიული წესებით, რომ ვერც ერთი ახერხებს გამარჯვებას. გაკვირვებული მელორი კი მათგან საკმაოდ ლოგიკურ ახსნას ისმენს:
” – კი, მაგრამ არ დაინტერესებულხართ ამდენი ხანი გარეთ რა ხდება?    – მსოფლიოში ომები ისევ მიმდინარეობს?   – დიახ, რამდენიმე.   – დანაშაულებები?   – არც მათ ნაკლებობას განვიცდით.  – აი, ხედავ? არაფერი შეცვლილა. არაფერი დაკარგულა იმით, რომ ამდენი წელი ამ ოთახიდან არ გავსულვართ. წარმოგიდგენია, ყოველდღიურ გაზეთებში გადასახდელი რამდენი დოლარი დავზოგეთ?”

თავად რეზნიკი სთარშიფის ქრონიკებით უფროა ცნობილი. თუმცა, უნიკორნის, მელორის და ქალი-კატა ფელინას ისტორიაც საკმაოდ კარგი საკითხავია. კითხვის დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ფხიზელი არასდროს ეჯდა კლავიატურას. ერთ თავში შეიძლება ერთდროულად შეხვდეთ ირლანდიურ ჭინკებს, ცნობილი ევროპული ზღაპრების გმირებს და ეგზოტიკურ მოლაპარაკე ცხოველებს. მიუხედავად ამისა, რეზნიკი ხელოვნურად არ ტვირთავს თხრობას. არც პერსონაჟების სიმრავლე გაწუხებს და არც მათი განსხვავებულობა. 
“უნიკორნის კვალდაკვალ” კარგი და სასიამოვნო საკითხავია. მას არ აქვს პრეტენზია სერიოზულ ფანტასტიკურ ან სერიოზულ დეტექტიურ ნაშრომზე. თუმცა, თუკი ვინმე გააკეთებდა საუკეთესო ფანტასტიკური დეტექტივების top-ათეულს, მოწინავე პოზიციებზე აუცილებლად მოხვდებოდა დეტექტივ მელორის რომელიმე ისტორია.

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button