მერაბ მამარდაშვილი – ცნობიერების ტოპოლოგია
ჩემს თაროებზე წიგნები ფერების მიხედვით აწყვია. თეთრ წიგნებში მხოლოდ ერთი კონტრასტული, ნარინჯისფერი წიგნი მაქვს – მერაბ მამარდაშვილის „ცნობიერების ტოპოლოგია“. თვალში მხვდება და მიბრუნება მინდება. ჯერ ერთი პროცენტიც ვერ აღვიქვი და ცხოვრებაში რამდენი მეასედი გამოვიყენე, რა ვიცი.
სულ უფრო ხშირად ვფიქრობ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, სულ მინდა, რომ მივიდე იქამდე, როდესაც უფრო მარტივად ვაგებ პასუხს იმაზე, რასაც ვაკეთებ, ადვილად შევძლებ შეცდომების აღიარებას იმიტომ, რომ სრულად მექნება გაცნობიერებული, რა გავაკეთე და როცა ცნობიერად გაიაზრებ, რომ რაღაც არასწორად გამოგივიდა, მისი გამოსწორება უფრო ადვილია.
არასდროს მიყვარდა რაღაცეების გადადება, არც სხვაზე დამოკიდებულება, არც გარშემო მოვლენებს ვუკავშირებდი ჩემს წარმატება/წარუმატებლობას. მერე მამარდაშვილმა უფრო მეტად დამარწმუნა ამაში, როდესაც პრუსტის რახილის ამბავი მომიყვა. სენ ლუმ სხვა დროისთვის გადადო იმის გარკვევა, თუ როგორია სინამდვილეში რახილი.
„გადადო“ მთელი ფილოსოფიაა ანუ ის მდგომარეობა, როცა არის რაღაც, რაც უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით, რაღაც, რასაც ვხვდებით, რომ ჩვენ გვეკუთვნის და ვერ ვაცნობიერებთ.
„იმ იმედით გადავდებთ ყველაფერს, რომ ხვალ სხვაგვარად იქნება, თავისით მოგვარდება. სიზარმაცე ხშირ შემთხვევაში ყველაფრის ისე დანახვის შიშითაა განპირობებული, როგორიც სინამდვილეშია.“
ვცდილობ მოვლენების ისე მიღებას, როგორიც არის და არა ისე, როგორიც მე მინდა რომ იყოს. მამარდაშვილმა შეუძლებელია რეალობა ცუდი იყოს, ის არის ის, რაც არისო. არც არავინ გებრძვის სამყაროსაც მაგრად კიდიხარ და ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებულიო.
მე მივხვდი, რომ რეალურად ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება უჭირთ, არ შეუძლიათ თამამად შემოგხედონ და თქვან „ვწუხვარ, რომ არასწორად მოვიქეცი“, ნაცვლად ამისა, მოგწერენ „ბოდიში თუ ცუდად გამომივიდა“ ან უარეს შემთხვევაში ისევ შენ დაგაბრალებენ მომხდარს.
ვერ იღებენ საკუთარ თავს ისეთად, როგორებიც სინამდვილეში არიან. მით უფრო უჭირთ გარედან ყურება და მერე მისვლა საკუთარ თავამდე. ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ ნაცვლად საკუთარი თავის შეცნობისა და ანალიზისა, ჩვენთან მუდმივად სხვების საქციელზე ფიქრობენ, მათ განსჯიან, აკრიტიკებენ და მოკლედ რომ ვთქვა, მათი ცხოვრებით ცხოვრობენ.
„ცოდნა არის ის, რაც თავის თავში შეიცავს განხორციელების ძალას. ესე იგი აზრი ეს არის შემთხვევთობა, შესაძლებლობა რომელიც თავად თავის თავში შეიცავს თვითრეალიზაციის, საკუთარი შესაძლებლობის განხორციელების ძალას. თვითრეალიზაცია კი არის რეალური მდგომარეობა სუბიექტისა, რომელიც ფიქრობს იმას, რასაც ფიქრობს“
მამარდაშვილი ამბობდა, რომ სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის შინაგანი სხვაობა , რაც გარეგნულად არ არსებობს, მთლიანად რაღაც შინაგანი აქტის ანაბარა რჩება, რომელსაც ყველა საკუთარი რისკის ფასად ჩადის. ამ აქტს შეგვიძლია ცნობიერების გამძაფრებული შეგრძნება ვუწოდოთ. სიტყვებში არ არის ჭეშმარიტება, ვინაიდან ერთსა და იმავე სიტყვებით მე შეიძლება სიმართლესაც ვამბობდე და ვიტყუებოდე კიდეც. სწორედ გარეგნულად შეუმჩნეველი ეს განსხვავებაა შინაგანი აქტი, რომელიც ყველა ჩვენ ქცევას განაპირობებს.
მამარდაშვილი ფიქრობდა, რომ როდესაც რაღაც ხდება, გამოცდილებას ვერ ვიღებთ, იგივე შეცდომას ვიმეორებთ და წრეზე ვტრიალებთ. ამ თეზისს როგორც კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე, ისე მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე ანზოგადებდა. ინდივიდუალიზმთან ერთად „ცნობიერების ტოპოლოგიაში“ მამარდაშვილის ის ლექციები და ინტერვიუებიცაა რაც ქართულ საზოგადოებას ეხება.
ჩემს დირექტორს უყვარს მამარდაშვილი, ჩვენ ორივე ვწუხვართ ხოლმე ქართულ აზროვნებაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც თითქმის არ არსებობს და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ 80-90-იან წლებში წაკითული ლექციები ისევ ისეთი აქტუალურია, ამაოდ ვცდილობთ რაიმე პროგრესი დავინახოთ. ჩვენი პრობლემა ისევ აზროვნების სივიწროვეა.
„აზროვნება ყოველთვის არის ძალა შესვლისა, შეღწევისა ცოდნის რეალურ მდგომარეობაში“
ვერასდროს ვახდენთ ცოდნის კოემრციალიზაციას, ჩვენთან ნაკითხი კაციც კი შეიძლება ისეთივე ბნელი იყოს როგორც – უწიგნური, აქ ისეთი ბუნებრივი რამეა ერთი მიმართულებით აზროვნება, ისე ხშირია დროის შეუმჩნევლობა, როცა დროის შესაბამისად ცხოვრების ნაცვლად, მთელი არსებით ცდილობენ ჩამორჩენ და თან ეს პროგრესულობა ჰგონიათ.
არადა, განათლებაა, როდესაც გაქვს ძალა საკუთარი აზროვნებით აზროვნებისა, როცა ფლობ შინაგან უნარს, თავად გაუძღვე საკუთარ თავს. ჩვენ ძალიან ბევრი გიკლია აქამდე. ჩვენ არ ვართ ინდივიდების საზოგადოება.
„ჩვენ იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა – რეალობისგან. ქართველებმა უნდა იმუშაონ საკთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ იცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადეობაში.“
მერაბ მამარდაშვილი
ის, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით, ბუნებრივადაც ეჩვენება მამარდაშვილს რადგან ხალხი, რომელიც ამოვარდა ისტორიიდან და ცხოვრებიდან, შეუძლებელია არ დაავადებულიყოო. ჩვენ ყველანი ავად ვართ.
„კონსტიტუცია არის ისეთი სამყარო, სადაც კონსტიტუციის ღირსი ადამიანები იქმნებიან და იბადებიან“. კონსტიტუცია ჩვენთვის ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, რომელსაც როგორც გვინდა და როცა გვინდა, ისე გადავჩხაპნით. ჰოდა, არ ვართ ეგ ადამიანები.
„როდესაც ყველას ერთნაირად ერევა გული – რუსებს, სომხებს, ქართველებს, ებრაელებს, საჭროა ამ გაუსაძლისი გულისრევის მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება და არა იმის გარკვევა, ვის მეტად ერევა გული და ვის – ნაკლებად“.
მე კიდევ იმას ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ გულიც არ აგვრევია. სამოქალაქო საზოგადოება კერძო პირთა ავტონომიურობის საფუძველზე იქმნებაო. ავტონომიურობა როგორ გვექნება, ინდივიდები რომ ვართ, ეგ ვერ გაგვიაზრებია და როგორც ზემოთ ვთქვი, საკუთარ საქციელზე ვერ აგვიღია პასუხისმგებლობა. ამიტომაც არ გვაქვს მაგგვარი საზოგადოება.
„ევროპელი არის ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ღმერთთან პირსიპირ დგას. იცის, რომ მის საქმეს გაიაზრებენ, ნაშობი აზრი კი მას საქმის სახით დაუბრუნდება და მან იცის, რომ როგორც არ უნდა ჟღერდეს მცნება მოცემულ სიტუაციაში, მცნება ყოველთვის სიტუაციაზე მაღლა დგას.“
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ევროპაში პირველივე ვიზიტისას სრულად გავიგებდი.
პ.ს მამარდაშვილმა წიგნი მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც მას კითხულობენო. ეს წიგნი მარადულია ამ ლოგიკით
wyaro: https://mkitxveli.wordpress.com