ლიტერატურაწიგნები

რეი ბრედბერი – ტანმოხატული კაცი

ერთხელ კურტ ვონეგუტმა თქვა – „მოთხრობის უპირატესობა იმაშია, რომ საღამოს სამსახურის შემდეგ დაღლილი როცა ჩაწვები სავარძელში, ის აუცილებლად შეგახსენებს თავს ჟურნალების მაგიდიდანო”. მისი აზრით, რომანს არ შეეძლო მსგავსი ზეგავლენის მოხდენა მკითხველზე. როგორც ჩანს, ვონეგუტის აზრს რეი ბრედბერიც იზიარებდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მისი ნაშრომების უმეტესობა სწორედ პატარ-პატარა მოთხრობებს შეადგენს, რომლებიც, ჩემი პირადი აზრით, ბევრად უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მისი ვრცელი ნაწარმოებები. თავად რეიმ, „ბაბუაწვერას ღვინო“-საც დიდი მოთხრობა უწოდა. მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, დღეს მინდა გაგაცნოთ ბრედბერის მოთხრობათა ერთ-ერთი საუკეთესო კრებული – ტანმოხატული კაცი (ორიგინალში: Illustrated Man), რომელიც 1951 წელს გამოიცა და ხუთწლიანი შრომის შედეგს ასახავს.
სხვა კრებულებისგან განსხვავებით, „ტანმოხატული კაცი“ ნოველების ერთიან სისტემას წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ მასში მოთხრობილ 19 ამბავში არც ერთი ე.წ. „ქროს-ოვერი“ არ არის, წიგნი მთლიანობაში ერთი დიდი „ქროს-ოვერია“, რადგან პროლოგში მოყვანილი ისტორია არის სხვა დანარჩენის საფუძველი.
ნაწარმოების მთავარი გმირი მხოლოდ პროლოგსა და ეპილოგში ჩანს. იგი ხვდება საეჭვო წარმომავლობის კაცს, რომელსაც სვირინგებით აქვს მოხატული მთელი სხეული. მისივე თქმით, ეს სვირინგები ერთი მოხუცი ქალის ნახელავია, რომელიც დროში მოგზაურობდა. ნახატების განსაკუთრებულობა კი, გარდა მათი სილამაზისა, იმაში მდგომარეობს, რომ ღამ-ღამობით ისინი ცოცხლდებიან. მთავარი გმირი არ შეუშინდება უცხო კაცთან ერთად ღამის გატარებას, უძილობით შეწუხებული კი გარკვევით ამჩნევს მის სხეულზე მოძრავ ფიგურებს. ყველა დანარჩენი 18 მოთხრობა სწორედ ამ კაცის სხეულზე გაცოცხლებული ფიგურებით შექმნილი ამბებია. მაგალითისთვის მხოლოდ რამდენიმეს მიმოვიხილავ.
„ველდი“ – ფუტურისტული მომავალი და ერთი რიგითი ოჯახი, რომელიც ზეტექნოლოგიურ სახლში ცხოვრობს. საოჯახო საქმეების უმეტესობას კომპიუტერები აკეთებენ, ბავშვების გართობითაც კი სპეციალური ოთახია დაკავებული. ამ ოთახში ბავშვებს ძალიან უყვართ აფრიკული ბუნების „გაცოცხლება“ და ჰოლოგრამის მაგიური ძალის მეშვეობით ლომებსა და ვეფხვებზე დაკვირვება. როგორც რეი თავად ამბობდა, ის არ იყო ტიპური ფანტასტი და თავად ამ წიგნის გარეკანზეც სასტიკი წინააღმდეგი იყო, გამომცემლებს წაეწერათ „Sci-Fi”. შესაბამისად, პირველივე მოთხრობა სავსეა ადამიანური ფსიქოლოგიის უსაშინლესი გამოვლინებით. ავტორი არ ინდობს არავის და ფუტურისტული მომავლის მშვენიერებას რამდენიმე გვერდში მუქ ფერებში ღებავს.
ერთი შეხედვით, გადამეტებულია, პირველივე მოთხრობაში ამ დოზით ემოციური და ფსიქოლოგიური ეფექტების გამოყენება, მაგრამ რეი თავიდანვე გვაჩვევს, რომ „ილუსტრირებული კაცი“-ს სახით ჩვენ საქმე გვაქვს არა კლასიკურ სამეცნიერო ფანტასტიკურ კრებულთან, (გაჯერებული კოსმოსური ხომალდებით, ახლად აღმოჩენილი პლანეტებით და არსებებით) არამედ რაღაც უფრო მეტთან, რაღაც უფრო მეტად ადამიანისთვის ახლობელთან და ამავდროულად მტკივნეულთან. სხვათა შორის, თუ პატივცემულ სტივენ კინგს დავუჯერებთ, სწორედ „ველდი“-ს წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა მას „Doctor Sleep”-ის დაწერის იდეა.
რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია და ფილოსოფია კარგია, მაგრამ როგორ შეიძლება დავივიწყოთ მისი უდიდებულესობა კოსმოსი. და აი, რეი მეორე მოთხრობაშივე ღია კოსმოსში „მოტივტივე“ მომაკვდავ კოსმონავტებს გვაცნობს, რომლებიც ერთმანეთისგან რამდენიმე ასეული მილით არიან დაშორებული და მხოლოდ გადამცემების მეშვეობით საუბრობენ. საინტერესოა, რომ გარდაუვალი სიკვდილის წინაც კი არ იცვლება მათი ხასიათი. თითოეული მათგანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სწორედ მას ჰქონდა ყველაზე ღირებული ცხოვრება და ამით შეიმსუბუქოს ნაწილაკებად დაშლის მოახლოებით გამოწვეული შიში. მხოლოდ ერთ მათგანს არ ასვენებს, ის ფაქტი, რომ ცხოვრება უნიათოდ განვლო და ცდილობს, თავისი სიკვდილის ხარჯზე მაინც გააკეთოს რაღაც კარგი, ადამიანური. მართალია, მოთხრობის ბოლოს რეი ოდნავ გვატყუებს, მაგრამ ამას იმდენად ოსტატურად აკეთებს, რომ შეუძლებელია, ერთი წაკითხვით მიუხვდე მუხანათობას.
მინდა გაგაცნოთ კიდევ ორი ნოველა. პირველ მათგანს მარტივად, „კაცი“ ეწოდება. რომელშიც მოთხრობილია ახლადაღმოჩენილ პლანეტაზე (yeap, back to the classical Sci-Fi), სადაც ჩასულ კოსმონავტებს ადგილობრივები გასაოცარი ამბით დახვდებიან. ისინი უყვებიან ამბავს კაცის შესახებ, რომელიც ეწვია ამ პლანეტას. ამბავი ძალიან წააგავს ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობ ისტორიას, თუმცა დედამიწელი პერსონაჟებიც და მკითხველიც ბოლო გვერდებამდე გაურკვევლობაშია. ამავდროულად, რეი ღიად ტოვებს მის სახელს და მთელი ნოველის განმავლობაში მას უბრალოდ, კაცად მოიხსენიებს. კრიტიკოსების აზრით, ამ გზით, რეიმ თავისუფლება მიანიჭა ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის მკითხველს, კაცისთვის თავისი სახელი დაერქმიათ.
დაბოლოს, მოთხრობა სამყაროს აღსასრულის შესახებ. აპოკალიფსზე მოთხრობის გმირები სიზმრებიდან შეიტყობენ. ქალაქის ყველა მცხოვრები ერთი და იმავე დღეს ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმარს სამყაროს აღსასრულის შესახებ. ყველა დარწმუნებულია, რომ როდესაც დღეს დაიძინებს, ეს უკანასკნელი ძილი იქნება დედამიწაზე. მთელი კრებულიდან ეს მოთხრობა ყველაზე მშრალია. თითქმის ვერ ვხედავთ მთავარი გმირების მოქმედებას. მოთხრობის მთავარი სათქმელიც ალლბათ, მათი რუტინის ურღვევობაშია. მას შემდეგ, რაც კითხულობ, რომ ყველამ იცის – ხვალ აპოკალიფსი გარდაუვალია, ელოდები მათგან რეაგირებას, გადარჩენისკენ სწრაფვას,, პანიკას მაინც. მაგრამ, რეი აქაც გვაცურებს. ისინი არაფერს… აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებენ და ისევე მშვიდად იძინებენ, როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში.
„ტანმოხატული კაცი“ არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა. ის არც „ჟიზნენნი“ ნოველების კრებულია. მაგრამ, „ილუსტრირებული კაცი“ არის რეი ბრედბერის შემოქმედების პიკი. 19 განსხვავებული ნოველა, 19 განსხვავებული ისტორია, რომელიც ერთმანეთთან არაფრითაა დაკავშირებული, თუმცა ამავდროულად, წარმოუდგენელია მათი განცალკევებით არსებობა. რადგან ისინი, ყველანი, ტანმოხატულ კაცს ეკუთვნის. მკითხველი კი, მთელი წიგნის განმავლობაში მხოლოდ ამ კაცს შესცქერის. ნახატები კი, მოძრაობენ… მოძრაობენ მანამ, სანამ არსებობს ერთი თვალი მაინც, რომელიც მათ მოძრაობას გაკვირვებული უცქერს.

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button