ლიტერატურაწიგნები

დენ სიმონსის ჰიპერიონი

ადამიანთა რასის არსებობის 28-ე საუკუნე დგას. დედამიწა დიდი ხანია რაც შავმა ხვრელმა შთანთქა. ადამიანების დომინაცია კი, უკვე 200-ზე მეტ პლანეტაზე ვრცელდება. ისინი იყენებენ “ჰოკინგის ძრავებს”, ქმნიან ლეგიონებს და მოქმედებენ ტრადიციული მეთოდებით. სამყაროს საფუძველია ტექნოკორი, სამყაროს წევრები კი ერთიანად არიან ჩართული მსოფლიო ქსელში (WorldWeb). ერთ-ერთი მთავარი პლანეტა, რომელზეც ადამიანები თავიანთ ძალებს ამაგრებენ – ჰიპერიონია. ჰიპერიონი ერთ-ერთი ლაბირინთული ტიპის პლანეტათაგანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიწისქვეშეთი გაურკვეველი წარმომავლობისა და დანიშნულების უძველესი ლაბირინთებითაა სავსე. ჰიპერიონზე მოქმედებს ჰეგემონია. ჰეგემონია – დიდი საზოგადოებრივი ერთობაა, საკუთარი მოსახლეობით და სამხედრო ძალით. ჰეგემონია თავის საზღვრებს ინტერსტელარული ბარბაროსებისგან იცავს. ჰეგემონიის მმართველობით ფუნქციებს კი სპეციალური მრჩეველთა საბჭო ახორციელებს, რომელსაც სათავეში კონსული უდგას.
ტექნოკორი აგრეთვე მოიცავს ე.წ. დროის საფლავის ქვებს (Time Tombs) რომელთა დახმარებითაც დროსა და სივრცეში გადაადგილებაა შესაძლებელი. ლეგენდის თანახმად, დროის საფლავის ქვების მცველებიდან მხოლოდ ერთია ცოცხალი, მისი სახელია შრაიკი (Shrike) და ის მასთან მისულ მოგზაურს ერთ სურვილს უსურვებს. ის სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი პერსონაა. შრაიკის ნელი ნაბიჯის ხმა პილიგრიმებს ძილშიც არ ასვენებს. პილიგრიმები კი კონსულმა სწორედ მასთან შესახვედრად გაამზადა. წიგნის თითქმის მთელი შინაარსი პილიგრიმების ისტორიებს ეთმობა. ისინი ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდნენ იქ სადაც ახლა არიან, რა გზა განვლეს ჰიპერიონამდე და რას გეგმავენ შრაიკთან შეხვედრის დროს.

უძველესი ხომალდი – TreeShip

დენ სიმონსის „ჰიპერიონი“ 1989 წელს გამოიცა, მალევე მოიგო სხვადასხვა პრემიები, მათ შორის Hugo Awards, ავტორმა კი მალევე მოაყოლა სიქუელი – „ჰიპერიონის დაცემა“. ნაწარმოების მოქმედება შორეულ მომავალში ვითარდება, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ადამიანთა დედამიწამდელი შეხედულებები სამყაროს, რელიგიის და ერთმანეთის მიმართ. ტექნოლოგიური წინსვლის და ინტერნეტის წინაპრის – WorldWeb – ის დახმარებით სამხედრო ძალა ერთი-ორად გაზრდილია, ადამიანთა პირადი შესაძლებლობები კი ერთი-ორად შემცირებული.
ჰიპერიონი ჩარჩოებრი (frame story) სტილით დაწერილი წიგნია, სადაც ვხვდებით ისტორი(ებ)ას ისტორიაში.
ჰიპერიონი რამდენიმე პირობით ნაწილად იყოფა. თითოეული ნაწილი შესაბამისად, ერთ-ერთი პილიგრიმის ისტორიას ეთმობა. აქ არის მამა პოლის და მამა ლენარის ამბავი, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის უკანასკნელი მოჰიკნები არიან. აქვე ვეცნობით ბიკურას სოფელს, რომლის მკვიდრებიც როგორც შემდგომ აღმოჩნდება, დროის საფლავის ქვების “წყალობით” შორეული წარსულიდან გადმოსროლილი პრიმიტივები არიან. მამა პოლი ბიკურას სოფელშივე ხვდება პირველად – შრაიკს. თავად შრაიკი, ბოლომდე ამოუცნობ მოვლენა/არსებად რჩება. ერთი მხრივ თითქოს ბოროტი ძალის მთავარი დამქაშეა, მაგრამ ამასთან, თითქმის არ ჩანს აქტიურ მოქმედ პერსონაჟად. ჰიპერიონი პრაქტიკულად, დიდი შესავალია “ჰიპერიონის დაცემისთვის”, და goodreads-ის სპოილერნარევ მიმოხილვებს თუ ვენდობით, სწორედ “ჰიპერიონის დაცემა” ახდის ფარდას სამყაროს ყველაზე იდუმალ წარმონაქმნს, რკინის ბასრი ქსოვილებით “ნაგებ” წითელი თვალებით მანათობელ შრაიკს.
აქვე არიან სამხედრო პირი – ფედმან კასადი (რომელიც თავის სამიზნედ შრაიკთან ერთად ყოფილ საყვარელს – მონეტას დაისახავს), დედამიწელი მწერალი მარტინ სილენუსი, (რომელიც ჯონ კიტსის მსგავსად (კარგად დაიმახსოვრეთ ეს კაცი) დაუსრულებელ ნაწარმოებზე მუშაობს და საუკუნეების შემდგომ კვლავ ბრუნდება ჰიპერიონზე დაწყებული პოემის დასასრულებლად, რომლის სახელიც მთლიანად ჰიპერიონის სამყაროს აღმწერი წიგნების საერთო სახელად მოიხსენება – Hyperion Cantos), აქვეა მოწყენილი მეფე – ბილლი, სოლ ვაინშტრაუბი(რომლის ქალიშვილსაც ბენჯამინ ბატონის მსგავსი დაავადება სჭირს და ასაკის მატებასთან ერთად ახალგაზრდავდება), გალაკტიკათშორისი დეტექტივი და რა თქმა უნდა, საბჭოს თავმჯდომარე – კონსული, რომელიც წიგნის დასასრულს დედამიწის შავი ხვრელის მიერ “შთანთქმის” მიზეზს დაადგენს.

ჰიპერიონი და მისი სიქუელები

ჰიპერიონი სავსეა ალეგორიებით სხვადასხვა კლასიკურ ნაწარმოებებთან. თუმცა, სიმონსს განსაკუთრებით მაინც ჯონ კიტსის შემოქმედება უყვარს. ღიმილის მომგვრელია მე-6 ნაწილში საბჭოს თავმჯდომარის მონათხრობ ამბავში გამოჩენილი ელექტრონული ანდროიდისმაგავრი არსება, რომელიც კიტსის კლონს წარმოადგენს.
სხვათა შრის, Hyperion Cantos-ის ყველა წიგნის სათაური სწორედ კიტსის ნაწარმოებებიდან არის აღებული. – (ჰიპერიონი, ენდიმიონი)
ჰიპერიონის დედაქალაქსაც კიტსი ჰქვია. სწორედ კიტსისკენ მიემართებიან პილიგრიმები ხომალდით, რომელსაც იგგდრაზილს ეძახიან. (უხხ..იდეალური სახელია ხომალდისთვის. Yggdrasil ). დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ, პილიგრიმები ბოლოს და ბოლოს მიადგებიან ქრონოსს – შრაიკის მიმდევრების მიერ აშენებულ ციხეს. ერთმანეთს ხელს კიდებენ და ღიღინებენ სიმღერას “ოზის ჯადოქრიდან”. ღიღინებენ და შესაშური სიმამაცით მიემართებიან დროის საფლავის ქვებისკენ.
სხვა დანარჩენისთვის ჰიპერიონი უნდა გაიცნოთ. უნდა წაიკითხოთ ის თვალწარმტაცი სამყარო, რომელიც სიმონსმა შექმნა, უნდა დაუკვირდეთ და შეისწავლოთ პილიგრიმების მიერ მოყოლილი ისტორიების ყოველი დეტალი, რომლებიც თითოეული ცალ-ცალკე და ყოველივე ერთად, ეხება ადამიანთა მოდგმის მიერ საუკუნეების განმავლობაში ნაფიქრ და ნააზრევ ფილოსოფიურ თემებს – რწმენის ძალას, რაინდობას და რაინდულ თვისებებს – როგორც ბებერი ევროპის დღემდე აღიარებულ ერთ-ერთ მთავარ მიღწევას, ხელოვნების ძალას, შემოქმედის სულიერ სწრაფვას თავისუფლებისკენ, ბოროტებას, როგორც სამყაროს მაწონასწორებელ ასპექტს და მრავალ სხვას. ხოლო თუ ამ ყველაფრის გაცნობის შემდეგ თქვენ მაინც არ მოგეწონებათ ჰიპერიონი, ესე იგი ჯერ მზად არ ყოფილხართ შრაიკთან შესახვედრად.

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button