განხილვალიტერატურაწიგნები

ნილ გეიმანისა და ტერი პრეტჩეტის კეთილი წინასწარმეტყველება

Good Omens: The Nice and Accurate Prophecies of Agnes Nutter, Witch

აგნეს ნათერის აპოკალიპტური წინასწარმეტყველება ახდენის პირასაა. აპოკალიფსის ოთხი მხედარი თავისი მისიის შესასრულებლად მზად არის. ადამიანური ცხოვრების შეთვისებასთან ერთად თითოეულმა მათგანმა ახალი პროფესიაც შეიძინა. ერთი კი (ეპიდემია/ავადმყოფობა) საერთოდაც, პენიცილინის გამოგონების შემდეგ დამსახურებულ პენსიაზე გავიდა და ახლა მისი ადგილი „გარემოს დაბინძურებამ“ დაიკავა.
ყველაფერი 1985 წელს დაიწყო. როცა ჯერ კიდევ ახლადგაპოპალულებული ტერი პრეტჩეტი ჯერ მხოლოდ ჟურნალისტ, ნილ გეიმანს თავისი პირველი სერიოზული ნამუშევრის „მაგიის ფერის“ შესახებ ინტერვიუს აძლევდა. მალევე გეიმენმა კალამს ხელი დიდი რუდუნებით მოჰკიდა და ორმა ინგლისელმაც ერთმანეთში ბევრი საერთო იპოვა. დაიბადა იდეა, დაიწყეს წერა, გაცვალეს ათობით ფლოპი-დისკი, დახარჯეს ასობით გირვანქა სატელეფონო საუბრებზე და ავად თუ კარგად, 1990 წელს გამოსცეს ნილ გეიმანის და ტერი პრეტჩეტის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი კოლაბორაციული ნამუშევარი ავისა და კარგის კოლაბორაციის შესახებ – „კარგი წინასწარმეტყველება”. (ორიგ: Good Omens)

რომანი მოგვითხრობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ დედამიწაზე აზირაფეილი და ქროული. პირველი – ედემის აღმოსავლეთ კარიბჭის მცველი, მეორე კი ადამის და ევას შემცდენელი გველი. უკვე კარგა ხანია რაც ადამიანურად ცხოვრობენ, აქვთ თავიანთი საქმე, საყვარელი ნივთები და ადგილები. ანგელოზები იმდენად შეეჩვივნენ დედამიწაზე ცხოვრებას, რომ აპოკალიფსის მოახლოებას ვეღარ ეგუებიან. ამ დროსვე იბადება მომავალი სატანა, ანტიქრისტე, რომელიც შემთხვევით სხვა ოჯახში აღმოჩნდება და იწყებს პროვინციულ ცხოვრებას ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში. მისი სახელიც შემთხვევით, ინგლისური ტრადიციების მიხედვით შეარჩიეს და დაარქვას ადამი. ადამ იანგი. ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით განსხვავებული ბავშვი, რომელმაც მომავალში სამყარო უნდა აღგვას პირისაგან მიწისა. მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს „ზემოთ“ იყო დაგეგმილი. ადამიანური ცხოვრებით განებივრებული ადამი ერთიანად დედამიწაზე ხდება შეყვარებული და უჩნდება საშინელი სურვილი, დაიცვას ყოველივე, რაც უყვარს. აზირაფეილი და ქროული (მისი განუყრელი ბენტლით) კი, ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად და აპოკალიფსის მხედრების შესაჩერებლად.                               სიუჟეტი ერთი შეხედვით ბანალურია, თუმცა ამ ბანალურობას საფრთხეს უქმნის ქროულის (რომლის სახელიც შემთხვევითი არ არის და ქმნის ალუზიას ცნობილ ოკულისტ ალისტერ ქროულიზე) და აზირაფეილის მეგობრობა, ადამ იანგის წინასწარმეტყველებისშეუსაბამო ქცევები და მრავალი სხვა. ამ ყველაფერს მსუყე დოზით აქვს დამატებული კლასიკური ინგლისური იუმორი, კლასიკურ ინგლისურ ფობიებთან ერთად. ის, რისი პაროდირებაც გეიმანმა და პრეტჩეტმა ამ რომანით სცადეს, გულის სიღრმეში არამარტო ინგლისელების, არამედ მთელი სამყაროს შიშიც არის, თუმცა ორმა შლიაპიანმა ჯადოქარმა შეძლო რომ არმაგედონის კლასიკური სიუჟეტი რადიკალურად შეეცვალათ და აპოკალიფსის მხედრების აღვირი ადამიანისთვის მიეწოდებინათ. – არც ადამი და ევა იყვნენ გათვალისწინებული ედემსგარე ცხოვრებისთვის, მაშინ იქნებ არის შანსი იმისა, რომ ადამიანთა შორის დაბადებულმა ანტიქრისტემაც გადაუხვიოს თავისი „მისიიდან“….აბსურდულია. ნამდვილად აბსურდული მსჯელობაა. თუმცა მსგავსი აბსურდიზმის ლამაზ ფერებში წარმომსახველმა ავტორებმა შეძლეს და ცოტა მეტად დაგვაფიქრეს იმ საკითხებზე, რაც ერთი მხრივ წარმოუდგენელი, მეორე მხრივ კი უკვე დადგენილი და გარკვეულია.
“ამერიკელებისა და სხვა უცხოპლანეტელებისთვის კი, განვმარტავთ…”
ეს და სხვა მრავალი მსგავსი ფრაზა წარმოადგენს წიგნის უმთავრეს კეთილშობილებას. დიდებული იუმორი, უპირველესად, მიმართული ამერიკელებისადმი, თუმცა ამასთან მთელი ადამიანური მოდგმისადმი. პრეტჩეტი და გეიმანი დასცინიან ადამიანთა ქცევებს და სიტყვებს, მათ რწმენას და ურწმუნოებას.

                   ეს არის კონტრასტების წიგნი. მისი ყდა შავ და თეთრ ფერებშია, მისი მთავარი გმირები ანგელოზი და დემონი არიან,აქ არის აპოკალიფსი,აქ არიან აპოკალიფსის მხედრები,აქ არის სიკეთე და ბოროტება,აქ არის ნილი და აქ არის ტერი,- ფერადი ლიტერატურული ფანტაზიის შავთეთრი ჯადოქრები…

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button