ზღაპარისაბავშვო

პატარა გოგო და პატარა ბიჭი

ერთ დიდ ქალაქში, სადაც იმდენი სახლი იდგა და იმდენი ხალხი ცხოვრობდა, რომ ზოგს პატარა კუთხეც არა ჰქონდა, ბაღი გაეშენებინა და ყვავილებს ქოთნებში რგავდა, ორი ღარიბი ბავშვი ცხოვრობდა. მათი ბაღი ყვავილების ქოთანზე ცოტა უფრო დიდი იყო.

გოგოს და ბიჭის მშობლებს გარეთ თითო ყუთი ედგათ. შიგ მწვანილი ეთესათ და თითო ვარდის ბუჩქიც დაერგოთ. მშვენიერი ვარდები იყო, უკეთესს კაცის თვალი რას ნახავდა! ერთ მშვენიერ დღეს უფროსებმა ორივე ყუთი ღარის ძირას დადგეს. სახლის სარკმელში რომ გაგეხედათ, გეგონებოდათ, კვალში ყვავილები ჩაურგავთო, ისე ტალღებივით ირხეოდა სარკმელსა და სარკმელს შორის ვარდის ორი ბუჩქი. ცერცვის პარკები მწვანე ყვვილწნულებივით გადმოკიდებულიყო ხის ყუთებიდან. ვარდის რტოები ერთმანეთს გადახლართვოდნენ და ყვავილოვანი თაღივით შემოვლებოდნენ ორსავე სარკმელს. ყმაწვილები მაღლა აცოცდებოდნენ ხოლმე, ჩრდილში ჩამოსხდებოდნენ და თამაშით ირთობდნენ თავს.

ზამთარში ასეთი სიამოვნება აკლდათ. ფანჯრებს ყინული ჩარაზავდა. სამაგიერდო ღუმელში ცეცხლი გიზგიზებდა. დადებდნენ ზედ შილინგებს, გაათბობდნენ, მერე ფანჯრის მინას მიადებდნენ. ასე გაჩნდა მშვენიერი მრგვალი საჭვრეტი, შიგ ორი ნათელი თვალი იჭვრიტებოდა ხოლმე. ერთი გოგონასი იყო, მეორე ბიჭისა. ბიჭს კაი ერქვა, გოგონას გერდა. ზაფხულობით ერთს ისკუპებდნენ და ერთიმეორის გვერდით გაჩნდებოდნენ ხოლმე, ზამთრობით კი ჯერ კიბეები უნდა ჩაერბინათ, მერე ისევ მაღლა ასულიყვნენ. გარეთ თოვლის კორიანტელი იდგა. ხან ბარდნიდა, ხან ყინავდა. მაღლიდან თოვლის ფანტელები ცვიოდა.

– ეს თეთრი ფუტკრებია, – იტყოდა ბებია.

– დედოფალი თუ ჰყავთ? – ეკითხებოდა ბიჭუნა, რადგან იცოდა, ამდენ ფუტკარში ერთი დედაფუტკარიც იქნებოდა.

– კი, დედოფალიცა ჰყავთ, – მიუგებდა ხოლმე ბებია. – იქ, სადაც ნაყარი ყველაზე უფრო სქელია. სხვა ფუტკრებზე დიდია, დედამიწაზე ვერასოდეს ისვენებს. შავ ღრუბლებს უსწორდება. ზოგჯერ ღამით მოფრინდება, ქუჩა-ქუჩა დაფრინავს, ფანჯრებში იცქირება. სწორედ მაშინ იყინება ფანჯრის მინა და ასეთი ლამაზი ჩუქურთმებიც მაშინ ჩნდება.

– ასეთი ჩუქურთმები ხშირად გვინახავს. – ტიკტიკებდნენ პატარები და ეგონათ, რასაც ბებია უყვებოდა, ყველაფერი მართალი იყო.

– თოვლის დედოფალს შინ შემოსვლა არ შეუძლია? – იკითხა გოგონამ.

– ერთი შემოვიდეს, – მიუგო ბებიამ, – მაშინვე ღუმელზე დავსვამ და გადნება.

ბებიამ კი თმაზე ხელი გადაუსვა და სხვა ამბები მოუყვა.

საღამოს, დაძინების წინ, კაი სკამზე აცოცდა და სამზირში გაიხედა. მაღლიდან ფიფქები ცვიოდა. ერთი, ყველაზე დიდი, ზანდუკის კიდეზე დაეცა და დარჩა. თანდათან გაიზარდა და ქალწულს დაემსგავსა. მშვენიერი კაბა ეცვა, ქათქათა, გამჭვირვალე, მილიონი ვარსკვლავის მსგავსი ფანტელისაგან ლამაზად გამოყვანილი. ნაზი და დიდებული სამოსი იყო. თვალები მოციმციმე ვარსკვლავებს მიუგავდა. მაგრამ ამ თვალებში სითბო და სიმშვიდე არ იგრძნობოდა. სარკმელთან დაიხარა, ბიჭს ხელი დაუქნია. ყმაწვილს შეეშინდა, სკამიდან გადმოხტა. მოეჩვენა, თითქოს ფანჯრის წინ დიდმა ფრინველმა ჩაიქროლა.

მეორე დღეს ყინავდა. მალე გაზაფხული დადგა. მზემ გამოიხედა, კვირტები გაიშალა, მწვანე ბალახმა თავი წამოჰყო. მერცხლები ბუდეების შენებას შეუდგნენ, ფანჯრები გაიღო. კაი და გერდაც თავიანთ პაწაწინა ბაღში გავიდნენ და მთელს ქალაქს მაღლიდან გადმოხედეს.

რა მომხიბლავად იფურჩქნებოდნენ ამ ზაფხულს ვარდები! გოგონამ საგალობელი შეისწავლა, სადაც ვარდებიც იყო ნახსენები, თავისი ვარდები გაახსენდა და ბიჭს უგალობა, ისიც აჰყვა:

„ვარდები ყვავილობენ და ჭკნებიან,

ჩვენ კი ჩვილი ქრისტე უნდა ვნახოთ“.

ბავშვები მღეროდნენ, ხელიხელჩაკიდებულნი ჰკოცნიდნენ ვარდებს. შეჰხაროდნენ მზის სხივებს და ესაუბრებოდნენ კიდეც, თითქოს ჩვილი იესო იქ ყოფილიყო. რა ზაფხული დადგა! რა მშვენივრად იფურჩქნებოდნენ გარეთ ვარდები! კაცი იფიქრებდა, ქვეყნად აღარასოდეს შეწყდება ვარდის ყვავილობაო!

კაის და გერდას წიგნი გადაეშალათ, ცხოველებისა და ფრინველების სურათებს ათვალიერებდნენ. ამ დროს სამრეკლოზე საათმა ხუთჯერ ჩამოჰკრა. მაშინ იყო, რომ კაიმ შესძახა:

– ვაი, გულში რაღაც მჩხვლეტს და თვალში რაღაც ჩამივარდა! – პატარა გოგონა კისერზე ჩამოეკიდა, თვალში ჩახედა, მაგრამ ვერაფერი შეამჩნია.

– მგონი, გამომივარდა, – თქვა ბიჭმა. მაგრამ კაი ცდებოდა. ბავშვს თვალში იმ ჯადოსნური სარკის ნატეხი ჩაუვარდა, ყველაფერს დიდსა და დიდებულს რომ ამახინჯებდა და ამცირებდა, ყოველ ნაკლსა და ხინჯს კი ბერავდა და აზვიადებდა. მოსაგონებლადაც საძაგელია, მაგრამ ყმაწვილის გულში ახლა ეშმაკის სარკის ნამცეცი მტვერი იჯდა. გული ყინულის თოშივით ცივი და უგრძნობელი გაუხდა. აღარა სტკიოდა, მაგრამ მტვრის მარცვალი გულში ჰქონდა.

– რას სლუკუნებ? – ჰკითხა გოგონას. – რა საძაგლად გამოიყურები! მე კი უნაკლო ვარ. ფუჰ! – შესძახა ბოლოს, – შეხედე, ვარდის ფურცელი ჭიას დაუხრავს, მთელი ბუჩქი იმ ზანდუკსა ჰგავს, რომელშიაც იზრდება! – ვარდს წიხლი ჰკრა და გადააბრუნა.

– კაი, რას სჩადიხარ? – მიაძახა გოგონამ. ბიჭმა შეშინებული გერდა რომ დაინახა, მეორე ვარდიც ამოგლიჯა, გაიქცა და სარკმელში შეძვრა, საყვარელი გოგონა მიატოვა.

როცა გერდა ისევ მოვიდა და სურათებიანი წიგნი მოიტანა, ბიჭმა უკმეხად მიახალა, ეს ცხვირმოუხოცელი ბავშვების სათამაშო წიგნიაო. დიდედამ ზღაპრები უამბო, მაგრამ მისი მოსაწონი ვერაფერი თქვა. ადგებოდა, უკან დაჰყვებოდა, სათვალეს გაიკეთებდა, მოხუცივით ლაპარაკს მოჰყვებოდა. კარგად გამოსდიოდა ასეთი მაიმუნობა და ხალხი იცინოდა. მალე სხვების ლაპარაკი და სიარულიც გადაიღო და ვინც კი მის ქუჩაზე ცხოვრობდა, ყველას ბაძავდა, უფრო კი ის შეითვისა, რაც ურიგო და ულამაზო იყო. ხალხი ამბობდა: რა ბავშვია, რა თავი აქვსო! ბოლოს იქამდე მივიდა, რომ თავის საყვარელ მეგობარს გერდასაც კი ახელებდა. მაგრამ გოგონა უწინდებურად მისი ერთგული იყო.

თამაშიც კი სხვანაირად დაიწყო, გააზრებული და უკუღმართი. ერთხელ ზამთარში გამადიდებელი მინა გამოიტანა, ლურჯი სამოსის კალთა გარეთ გაიშვირა და როცა ზედ ბლომად თოვლის ფანტელი მოგროვდა, ლინზა გერდას გადასცა.

– ჩაიხედე, – უთხრა და აჩვენა ჩვეულებრივზე ბევრად დიდი ფანტელები, მრავალწახნაგა მშვენიერ ყვავილებს რომ ჰგვანან. – ნახე, რა ლამაზია, ნამდვილ ყვავილებზე უკეთესი, სწორი და უნაკლო. ეს არის ცუდი, რომ დნებიან.

მერე დიდი ხელთათმანები და თავისი ციგა მოიტანა და გერდას ჩასჩურჩულა:

– მოედანზე მივდივარ, სადაც ბავშვები სრიალებენ.

მართლაც, წავიდა. იქ ზოგიერთი გაბედული ყმაწვილი თავის ციგას უფროსების ეტლს გამოაბამდა და გასრიალდებოდა. კარგად გამოსდიოდათ. გახურებულ თამაშში რომ იყვნენ, ერთი დიდი, თეთრზოლებიანი ციგა გამოჩნდა, შიგ ვიღაცა იჯდა, თეთრი ქურქი ეცვა და თავზე თეთრი ქუდი ეხურა. ციგამ ორჯერ შემოუარა მოედანს, მერე კაიმ თავისი ციგაც იმას გამოაბა და გასრიალდა.

თეთრმა ციგამ მოუჩქარა, მალე მეზობელ ქუჩებშიც გასრიალდა. მოციგავე მობრუნდა, კაის მეგობრულად დაუქნია ხელი. თითქოს ნაცნობებიც გამოდგნენ. რამდენჯერაც ციგის გამოხსნას მოინდომებდა, უცნობი თავს დაუქნევდა და კაი ისევ ციგაზე რჩებოდა. ბოლოს ქალაქის ჭიშკრისაკენ გასწიეს. აქ ისეთი ბარდნა დაიწყო, რომ ყმაწვილი თვალთან თითს ვერ მიიტანდა. მაგრამ სრიალს მაინც განაგრძობდა. მერე საბელი მიუშვა, მოვეხსნებიო, მაგრამ ვერაფერს გახდა… ციგა მაგრად იყო მიბმული და ქარივით სწრაფად გასრიალდა. მაშინ იყვირა, მაგრამ ვის გააგონებდა! თოვლის კორიანტელი დატრიალდა. ციგა მიჰქროდა.

უცებ შეხტა კიდეც. თითქოს თხრილებსა და ეკლიან ღობეებს გაუქროლეს. ყმაწვილს შიშით გული გადაუქანდა.

ფანტელები თანდათან იზრდებოდნენ, ბოლოს დიდრონ, თეთრ მამლებად იქცნენ და განზე გადახტნენ. დიდი ციგაც გაჩერდა, მოციგავე ზეზე წამოდგა. ქურქი და ქუდი თოვლს დაეფარა, ტანადი და ლამაზი, თვალისმომჭრელად თეთრი ქალი აღმოჩნდა. ეს იყო თვითონ თოვლის დედოფალი.

– კარგად ვიმგზავრეთ, – უთხრა ყმაწვილს, – მაგრამ შენ ხომ არ შეგცივდა? შემოძვერი ჩემს ქურქში.

დედოფალი ციგაზე დაჯდა, ბიჭი გვერდით მოისვა, ქურქი შემოახვია. ყმაწვილს მოეჩვენა, თითქოს თოვლის ზვინი გადაეფარა.

– კიდევ გცივა? – ჰკითხა ქალმა და შუბლზე აკოცა. ოჰ, რა კოცნა იყო! ყინულზე ცივი! ბავშვს ტანში სუსხი გაუჯდა, სიცივე გულში ჩაუვიდა, გული კი ისედაც ყინულივით ცივი ჰქონდა. სიკვდილი მეწვიაო, გაიფიქრა ერთი წუთით, მერე კი თავი კარგად იგრძნო, სიცივე აღარ აწუხებდა.

– ჩემი ციგა! ჩემი ციგა არ დაგავიწყდეს! – მოაგონდა ბიჭუნას. თურმე მისი ციგა თეთრ ქათამზე ყოფილა გამობმული. ახლა წამოეწიათ, დედოფალმა კაის ერთხელ კიდევ აკოცა, ბიჭს გერდაც დაავიწყდა, საკუთარი თავიცა და ქალაქიც.

– მეტს აღარ გაკოცებ, თორემ მოკვდებიო, – უთხრა დედოფალმა. კაი დედიფალს შესცქეროდა. ასეთი ჭკვიანი, მომაჯადოებელი სახე ჯერ არ ენახა. ახლა ისე გაყინული აღარ ეჩვენებოდა, ფანჯარასთან რომ დაიხარა და დაუძახა. მის თვალში ეს საოცარი ქალი უნაკლო ჩანდა და შიშმაც გაუარა. უთხრა, ანგარიში ვიცი, წილადებიც კი მესმისო. ვიცი, რამდენი კილომეტრია ჩემი ქვეყანა და რამდენი მცხოვრებიაო. ქალი იღიმებოდა, ხმას კი არ იღებდა. ბიჭმა იფიქრა, ჩემი ცოდნით ვის გავაკვირვებო, და სივრცეს გახედა. დედოფალმაც მაშინვე ხელი ჩაავლო, ცაში გააფრინა და შავ ღრუბლებზე დასვა. გარშემო ქარიშხალი მძვინვარებდა. ტყეებსა და ტბებს გადაუქროლეს, ზღვებსა და ქვეყნებს გადაუფრინეს. დაბლა ცივი ქარი სისინებდა, მგლები ყმუოდნენ, სულ მაღლა კი დიდი, ნათელი მთვარე ქათქათებდა. კაი ზამთრის გრძელ ღამეს აკვირდებოდა. დღისით კი თოვლის დედოფლის ფერხთით დაწვა და დაიძინა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button