საკითხავი

იაკობ გოგებაშვილი – წერილები საქართველოდან

წერილი პირველი
საქართველო ამჟამად შედგება ორი გუბერნიისაგან – თბილისისა და ქუთგაისის; მისი საზღვრებია: ჩრდილოეთით – კავკასიონის მთები, სამხრეთით – სომხეთის ბრტყელი მაღლობი, დასავლეთით – შავი ზღვა, ხოლო აღმოსავლეთით – დაღესტნის მთები. ამჟამად მთელ საქართველოში ორ მილიონამდე ქართველი ითვლება. მაგრამ უშველეს დროში ქართველი ხლხი ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი იყო. ევროპისა და რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეთა გამოკვლევების მიხედვით ზოგიერთი ეს ორიენტალისტი ურარტელებს ქართველთა შესაძლებელ წინაპრებად თვლის, როგორც, მაგალითად, პროფესორი ანუჩინი, ხოლო სხვები – უეჭველ წინაპრებად, როგორც, მაგალითად, ლენორმანი, მასპერო, სეისი და ხვები (ლენორმნის, რაულსის, მასპეროს, პროფესორ ანუჩინისა და სხვების მიხედვით), ქართველთა წინაპრებს ურარატელების სახელწოდებით ათასი წლის წინათ ქრისტეს დაბადებამდე ეჭირათ დღევანდელი სომხეთის მთელი ტერიტორიაც და მსოფლიო ბატონობას ეცილებოდნენ ასურელებს, რომელთაც ხშირად ამარცხებდნენ და ამავე დროს მტრებისადმი არ იჩენდნენ სისასტიკეს, რითაც განირჩეოდნენ ყველა ძველი ხალხები, განსაკუთრებით კი ასურელები. განთქმული ხეთებიც, რომელნიც დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო ბატონობას ეცილებოდნენ ეგვიპტელებს და რომლებმაც მრავალი კულტურული მონაპოვარი დაუტოვეს ბერძნებს მემკვიდრეობად, აგრეთვე ალაროდიელთა ანუ ქართველთა ტომს ეკუთვნოდნენ. როგორც ამას, ფიქრობს ცნობილი ფრანგი მეცნიერი მასპერო თავის თხზულებაში “აღმოსავლეთის ხალხთა ძველი ისტორია” (გვ. 178).

სამათასწლოვანი ისტორიული არსებობის ყველა პერიოდში ქართველები განსხვავდებოდნენ სიყვარულით მწერლობისა და განათლებისადმი. ახლა თითქმის დამტკიცებულ ფაქტად ითვლება, რომ ცნობილი ლუსრმნული წარწერები ვანის ოლქში გაკეთებულია ძველ ქართულ ენაზე ქართველთა ტომის აღმოსავლური შტოის წინაპრების მიერ. ხოლო ხეთების კულტურის მრავალრიცხოვანი ძეგლები,, როგორც ფიქრობენ, უნდა ეკუთვნოდეს უძველესი ქართველთა დასავლურ შტოს.

თავიანთი საკუთარი ფონეტიკური ანბანი ქართველებმა გამოიგონეს ჯერ კიდევ თავიანთი პირველი მეფის ფარნაოზის დრო, რომელიც მეფობდა საქართველოში 301-დან 237 წლამდე ქრისტეს დაბადებამდე. ამ ანბანს პირველად ჰქონდა კუთხოვანი ფორმა, მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათან შეიცვალას და მე-10 საუკუნიდან მიიღო მრგვალი ფორმა, მსგავსად ახლანდელი ფრანგული რონდოსი.

წესიერად მოწყობილი სკოლები საქართველოში ჩნდება ქართველების მიერ ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მე-4 საუკუნის დამდეგს. წინა საუკუნეებში ეს სკოლები დიდი რაოდენობით არსდებოდა მონასტრებთან და ეკლესიებთან, განსაკუთრებით მშვიდობიან დროს. სკოლები ორგვარი იყო: დაბალი და საშუალო. დაბალ სკოლებში ასწავლიდნენ საღვთო წერილს, საეკლესიო გალობას, მშობლიურ წერა-კითხვას და მშობლიურ წერა-კითხვას და მშობლიურ ლიტერატურას. საშუალო სკოლებში კი ამ საგნებს ემატებოდა ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, ისტორია, ბერძნული და ლათინური ენები. ყველა ამ საგანში არსებობდა საჭირო სახელმძღვანელოები და დამხმარე წიგნები ქართულ ენაზე. უმაღლესი განათლების მისაღებად კი ქართველი ახალგაზრდობა იგზავნებოდა საბერძნეთში, რომელიც მაშინდელი კაცობრიობის განათლების ცენტრი იყო. ასე მაგალითად, ქართულ მატიანეში “ქართლის ცხოვრებაში” ნათქვამია, რომ ერთ წელიწადს საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა, რომელიც მეფობდა 1089-დან 1125 წლამდე, საბერძნეთში გაგზავნა 60 ახალგაზრდა ქართველი უმაღლესი განათლების მისაღებად და ბერძნული ენის უნაკლოდ შესასწავლად. მაგრამ თვით ელემენტარული წერა-კითხვა საქართველოში უმთავრესად ვრცელდებოდა შინაური სწავლების გზით. სწავლის ეს წესი უაღრესად განვითარებული იყო საქართველოში. წერა-კითხვა კარგად დაუფლებული ყოველი მოზრდილი ქართევლი ქალის ოჯახი პატარა სკოლა იყო, სადაც მთლი დღით მოდიოდნენ გოგონები და დილიდან საღამომდე მეცადინეობდნენ – ხან კითხულობდნენ, ხნ წერდნენ, ხან ხელსაქმეს სწავლობდნენ. ასეთი სწავლისათის ფულს არ იხდიდნენ. მაგრამ საჩუქრი ნატურით სავალდებულო იყო და მოჰქონდათ მოსწავლის მატერიალურ სშუალებათა შესაბამისად. სამაგიეროდ, ნასწავლი ქალიშვილის გათხოვებისას მის საქმროს მნიშვნელოვანი თახნა (საოტატო) უნდა მიეცა საცოლის ყოფილი მასწავლებლისათვის და მის ყოველ მოწაფე ქალზე ჯვარისწერის ნებართვა უნდა მიეღო მისგან; უამისოდ, დამკვიდრებული ჩვეულების ძალით, მღვდელს ჯვრისწერის უფლება არ ჰქონდა. ამასთან გასამრჯელოს რაოდენობა განისაზღვრებოდა საცოლის განსწავლულობის მიხედვით. ეს ჩვეულება ფრიად მომგებიანს ხდიდა შინაური მასწავლებელი ქალის შრომას, საშუალებას აძლევდა მას დაეგროვებინა გვარიანი კაპიტალი, რომლის მიმართაც ქმარს არავითარი უფლება არ ჰქონდა. ამიტომ ყოველი ნასწავლი ქართველი ქალი მთელი ძალ-ღონით ცდილობდა გაეჩინა სკოლა თავი ოჯახში. ამის გამო, როცა საქართველოში მშვიდობიანი პერიოდი გრძელდებოდა ათეული წლობით, სწავლა ძლიერ ვრცელდებოდა, განსაკუთრებით ქალთა შორის.

თუ როგორი პატივისცემით უყურებდნენ ქართველები სწავლება-განათლებას, ეს იქიდან ჩანს, რომ კარგი ოჯახის საპატარძლოს მზითევში უსათუოდ შედიოდა სასულიერო და საერო შინაარსის სანუკვარი წიგნების ბიბლიოთეკა, რომელთა შორის პირველი ადგილი ეჭირათ სახარებას და პოპულარულ გალექსილ პოემას “ვეფხის ტყაოსანს”, რომელიც დაწერილია მე-12 საუკუნეში განთქმული ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ. სასწავლო და მეცნიერულ-მხატვრული ლიტერატურა საკამოდ ფართო იყო და შეიცავდა ცოდნის ყველა დარგის წიგნებს, თარგმნილსაც და ორიგინალურსაც. ამ ლიტერატურის მოცულობაზე, სხვათა შორის, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ, ისტორიკოს იოსელიანის ცნობით, მარტო მცხეთის ტაძრის საპატრიარქო ბიბლიოთEკა მე-18 საუკუნის დამლევს შეიცავდა 7 ათასზე მეტ ტომს.

განუწყვეტელმა ათასწლოვანმა ბრძოლამ ხან არაბებთან, ხან თურქეთან, ხან მონღოლებთან, ხან სპარსელებთან, ხან კავკასიელ მთილებთან დაასუსტა საქართველო და ის იძულებული გახდა გასული საუკუნის დამდეგს ნებყოფლობით შეერთებოდა ერთმორწმუნე რუსეთს, რომლისკენაც იხრებოდა მთელი საუკუნეების განმავლობაში და რომელთანაც არასდროს არც ერთი შეტაკება არ ჰქონია თავისი მრავალსააუკუნოვანი არსებობის მთელი ხნის განმავლობაში. ამ შეერთების შემდეგ საქართველოში დაიხურა ეროვნული სკოლები და გაიხსნა რუსული სკოლები, სადაც სწავლა რუსულ ენაზეა და ქართულს ასწავლიან როგორც ცალკე საგანს. ამის გამო ქართველთა საზრუნავი გახდა ქართული ენის რაციონალურ სახელმძღვანელოთა შედგენა, აგრეთვე რუსული ენისაც და დედა ენაზე წიგნის გამომცემლობის საქმისა და ლიტერატურის განვითარება.

ამჟამად ჩვენი დაბალი სასწავლებლების ქართული ენის მთავარი სახელმძღვანელოებია: “დედა-ენა” და “ბუნების-კარი”. პირველი წიგნი შეიცავს პირველი და მეორე წლების ქართული ენის კურსს, მეორე – მესამე და მეოთხე წლებისას. ორივე ეს სახელმძღვანელო გასაღდა თითქმის ოთხასი ათასი ეგზემპლარი. ამ წიგნების ხმარებას გვირჩევს სახალხო განათლების სამინისტრო და ისინი მოწონებულია უწმინდესი სინოდის მიერ როგორც სახელმძღვანელოები. ამ წიგნებზე თავისი აზრი გამოთქვა აგრეთვე ევროპელმა არტურ ლეისტმა, ქართული ენის, ქართული ლიტერატურის და ქართული ყოფაცხოვრების მცოდნემ, გერმანულ ენაზე დაწერილი თავის თხზულებაში – “ქართველი პოეტები” . ქართველებისათვის დაბალ სასწავლებლებში რუსული ენის მთავარი სახელმძღვანელოა “Русское слово” ორ ნაწილად, იმვე ავტორის მიერ მასწავლებელთათვის შედგენილი მეთოდიკითურთ. აი როგორ შეფასებას აძლევდა ამ სახელმძღვანელოს სარედაქციო სტატიაში ამ დარგის კომპეტენტური რუსული ჟურნალი “ფილოლოგიჩესკაია ბიბლიოთეკა”: “იმ უამრავ სახელმძღვანელოთა შორის, რომელნიც შედგენილია რუსული ენის შესასწავლად უცხო ერისანთა მიერ, იშვიათად შეხვდებით ისეთ საუცხოო და ნიჭიერად შედგენილ სახელმძღვანელოს, როგორიცაა ბ-ნ გოგებაშვილის ნაშრომი; მასალა მეტისმეტად უხვადაა მოცემული და, რაც განსაკუთებით მნიშვნელოვანია, განლაგებულია მკაცრი თანმიმდევრობით” და სხვ.

“Русское слово” მეთოდიკითურთ ასევე მოწონებულია როგორც სახელმძღვანელო საერო სასწავლო ხელისუფალთა და უწმინდესი სინოდის მიერ. ქართულ ენაში სხვა დაწყებითი სახელმძღვანელოებიც მოიპოვება; ასეთია, მაგალითად, გულისოვის წიგნი, რომელიც შეიცავს ანბანს და

პირველს საკითხავ წიგნს და ბ-ნ ნათაძის “ბავშვთა მეგობარი”, ასეთივე შემადგენლობისა. ორივე ეს გამოცემაც მოწონებულია სასწავლო ხელისუფალთა მიერ. დაწყებითი სკოლებისათვის განკუთვნილ გამოცემებს ეკუთვნის აგრეთვე ბ-ნ ქუთათელაძის “წყარო”, რომელიც შეიცავს ორ სხვადასხვა თემას – შინ საკითხავს და სასკოლოს.

დაწყებით სკოლებში ქართულ ენაზე საღვთო სჯულის სასწავლებლად მოიპოვება ორიგინალური და თარგმნილის სახელმძღვანელოები, შედგენილი ქართველ სასულიერო პირთა მიერ, როგორც არიან: დეკანოზი ცამციევი, ღამბაშიძე, ყუბანეიშვილი, ყონჩუაშვილი და სხვანი. არითმეტიკის სახელმძღვანელოები შეადგინეს: ყიფიანმა, ჯაჯანაშვილმა, ნატროშვილმა და როსტომაშვილმა.

საბავშვო ჟურნალი “ჯეჯილი”, რომელსაც სცემს ანასტასია წერეთელი, ერთ-ერთი უაღრესად ენერგიული კავკასიელი ქალი, ათ წელზე მეტია არსებობს და თავისი ღირსებით არ ჩამოუვარდება რუსეთის საუკეთესო საბავშვო ჟურნალებს. ამ მოღვაწე ქალის ენერგიას უნდა უმადლოდეს თავის არსებობას კავკასიის მასწავლებელ ქალთა საზოგადოება, რომლის თავმჯდომარედაც ის მრავალი წლის განმავლობაში იყო.

საბავშვო ლიტერატურა ქართულ ენაზე ჯერჯერობით მდიდარი არ არის, მაგრამ მაინც მოიპოვება მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოცემანი, თარგმნილნიც და ორიგინალურიც. უკანასკნელთა შორის ღირშესანიშნავია ლუკა რაზიკაშვილის, ნიკოლოზ ლომოურის, თედო რაზიკაშვილისა და ეკატერინე გაბაშვილის საბავშვო მოთხრობები.

საშუალო სასწავლებლებისათვის მოიპოვება: ლიტერატურული ქრესტომათია პროფესორ ჩუბინოვისა, ისტორიული ქრესტომათია ალექსანდრე ჭყონიასი, საქართველოს ისტორია ცნობილი მეცნიერის დიმიტრი ბაქრაძისა, საქართველოს ისტორიის პოპულარული სახელმძღვანელო ჯანაშვილისა, მისივე ქართული ეკლესიის ისტორია, სიტყვიერების თეორია მრავალი ნიმუშით, შედგენილი ცნობილი ეპისკოპოსის კირიონისა და ლიტერატორ გრიგოლ ყიფშიძის მიერ, ქართულ გრამატიკის სახელმძღვანელოები: ჩუბინოვისა, ჟორდანიასი, ქუთათელაძისას, დიმიტრი ყიფიანისა, კვიცარიძისა და სხვების. ყველა ეს თხზულება მეტნაკლები კაპიტალური ღირსებისაა ა ზოგი მათგანი გამოდგებოდა სახელმძღვანელოებად, ზოგი კი დამხმარე წიგნებად ქართულ ენაში მეცადინეობის დროს.

საქართველოს ზოგიერთ სასკოლო ბიბლიოთეკას ამშვენებს კლასიკური ქადაგებანი ქართულ ენაზე ამ ცოტა ხნის წინათ გარდაცვლილ იმერეთი ეპისკოპოს გაბრიელისა, დიდად ნიჭიერი ქართელისა, რომელსაც ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნასთან ერთად დიდი ფილოსოფიური და საბუნისმეტყველო მეცნიერული განათლება ჰქონდა, რამაც საშუალება მისცა მას რუსული ფილოსოფიური ლიტერატურაც გაემდირებინა შესანიშნავი ნაშრომით: ‘”ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები”, რომელიც დობროლუბოვის “სოვრომენიკმაც” კი შეაქო. მისი ქადაგებანი ქართულიდან თარგმნილია არა მარტო რუსულ, არამედ ინგლისურ ენაზეც.

ამიერკავკასიის ხალხთა შორის ქართველებს რიცხობრივად პირველი ადგილი უჭირავთ, მაგრამ დაწყებითს სკოლებში ქართველი ბავშვები რუსებზე ნაკლები არიან, თუმცა ამ მხრივ ჭარბობს სომხებს და კავკასიის სხვა მკვიდრთ. კავკასიის სასწავლო ოლქის მზუნველის 1901 წლის ანგარიშის მიხედვით (გვ. 5), რუს მოსახლეობაში ერთი დაწყებითი სკოლა მოდის 3.600 სულზე, ქართველ მოსახლეობაში – 4.800 სულზე, სომეხ მოსახლეობაში – 5.400 სულზე. ამიერკავკასიის გუბერნიებში სოფლის დაწყებითი სკოლების სიმრავლის მხრივ პირველი ადგილი უჭირავს საქართევლოს ორ გუბერნიას: ქუთაისისა და თბილისისა. ამ მხრივ განსაკუთრებით განირჩევა პირველი გუბერნია, რომელიც თითქმის მხოლოდ და მხოლოდ ქართევლებითაა დასახლებული და სწრაფად იფინება სახალხო სკოლებით. დაწყებითი სახალხო სკოლებში ეროვნებათა მიხედვით შედარებით წარმატების მხრივ მზურნველის ანგარიშები არ შეიცავდნენ და არ შეიცავენ საჭირო მონაცემებს და ამიტომ საკითხის ამ ფრიად მნიშვნელოვან მხარეზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

ქალაქად ქართველ მცხოვრებთა სიმცირის გამო კავკასიის საქალაქო სასწავლებლებში, რომელთა რიცხვი 40-მდე ადის, ქართველი მოსწავლეები წინა წლებში გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე რუსი და სომეხი მოსწავლეები. მაგრამ ამ ქალაქებში ქართველთა რიცხვის გადიდებასთან ერთად საკმაოდ სწრაფად იზრდება ქართველ მოსწავლეთა რაოდენობა კავკასიის ყველა საქალაქო სასწავლებელში. აი უკანასკნელი ხუთი წლის ცნობები, ამოღებული კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ანგარიშიდან. 1897 წელს იყო: რუსები – 3,708, ქართველები – 2.090, სომხები – 2.809. 1898 წელს პრიველნი იყვნენ 3.972, მეორენი – 2.372 და უკანასკნელი – 2.908. მაგრამ 1899 წელს ქართველთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მათ მეორე ადგილი დაიკავეს ნაცვლად წინანდელი მესამისა. აი ციფრებიც: რუსები იყვნენ 4.284, ქართევლები – უკვე 3.069, სომხები – 3.060. მაგრამ ყველაზე შესანიშნავი ისაა, რომ რიცხობრივად გაზრდილი ქართველები წარმატების მხრივაც ჯობნიან არა მარტო სომხებს, არამედ რუსებსაც. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ანგარიშთა მონაცემების მიხედვით, რუსებიდან საქალაქო სკოლებში 1897 წელ წარმატებით სწავლობდა 78%, ქართველებიდან – 72%, სომხებიდან – 68 %. მაგრამ 1898 წელს ქართველები იძლევიან წარმატებულთა უკვე 79 %-ს, რუსები – 76 %-ს და სომხები – 64%-ს. 1899 წელს ქართველებმა მოგვცეს წარმატებულთა 77,1%, რუსებმა – 75%, სომხებმა – 73%. 1900 წელს ქართველებმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავეს და მოგვცეს წარმატებულთა 76,4%, რუსების 75,4 და სომხების 72,9% წინააღმდეგ. 1901 წელს ქართველებმა მოგვცეს 76,25, რუსებმა და სომხებმა – 71,1%.

ეროვნებათა მიხედვით შედარებით წარმატება კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს სიმწიფის ატესტატებზე გამოცდებით შედარებითი შედეგების მონაცემებით. რუს გიმნაზიელთა საერთო რიცხვიდან 1897 წელს სიმწიფის ატესტატი მიიღო 5,1%-მა ხოლო სომეხთა საერთო რიცხვიდან – მხოლოდ 3,1%-მა. 1898 წელს ქართველებმა ამ მხრივ მესამე ადგილი დაიკავეს; მაგრამ სამაგიეროდ 1899 და 1900 წლებში ქართველებმა გაუსწრეს არა მარტო სომხებს, არამედ რუსებსაც. სიმწიფის ატესტატი მიიღო ქართველთა 5,7 და 5,6%-მა რუსების 5,1 და 5%-მა, სომხების 3,5 და 2,9%-მა. მაგრამ 1901 წელს რუსებმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავეს და ქართველები უკან დასწიეს მეორე ადგილზე. რუსებმა მოგვცეს 4,9%, ქართევლებმა – 4,3% და სომხებმა მხოლოდ 3,5%.

სრულიად ასეთივე პროპორციას ვღებულობთ ყველა სხვა სასწავლებლებშიც. უმეტეს ნაწილად რუსები პირველ ადგილს იჭერენ, მათ მისდევენ ქართველები, რომელნიც ხშირად პირველ ადგილს იკავებენ, ხოლო მესამე ადგილზე ვხედავთ სომხებს, რომელნ იც მხოლოდ იშვიათ წლებში უსწრებენ წინ რუსებსა და ქართველებს რეალურ და კომერციულ სასწავლებლებში.

როგორც ჩანს, ის გარემოება, რომ ქართველები საქალაქო სასწვლებლებში თითქმის ყოველ წელს წარმატებულთა დიდ პროცენტს იძლევიან, ვიდრე რუსები და სომხები, მაშინ როდესაც საშუალო სასწავლებლებში ისინი მხოლოდ მეორე ადგილს ინარჩუნებენ, მოწმობს იმას, რომ ქართველთა დაბალი წოდება უფრო შრომისმოყვარე და ნიჭიერია, ვიდრე მაღალი წოდება.

საშუალო სასწავლებლებში კი ქართევლი მოსწავლეები რიცხობრივად დიდად ჩამორჩებიან არა მარტო რუსებს, არამედ სომხებსაც. ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველები სოფლის მცხოვრებლები არიან, მიწათმოქმედნი ან მიწათმფლობელნი, მათში ქალაქელნი და ვაჭრნი ჯერჯერობით ცოტანი არიან, ეკონომიურად ღარიბნი არიან და მათ უჭირთ ბავშვების მომზადება რუსულ ენაში და საშუალო სასწავლებლებში მისაბარებლად და მათი რჩენა. რუსები, როგორც მოხელეები, და სომხები, როგორც ქალაქელნი, უკეთეს პირობებში იმყოფებიან. მათმა ბავშვებმა ჯერ კიდევ შინ იციან რუსული ენა, რომელზედაც სკოლებში ასწავლიან, სწავლის დროს არ აკლიათ არც ტანსაცმელი, არც საჭმელი, არც ბინა და არც სახელმძღვანელოები. ქართველი ბავშვები კი ხშირად მოკლებულნი არიან ყოველივე ამას. ამის შემდეგ თითქოს ისე ჩანს, რომ მოსწავლე ქართველები წარმატების მხრივ უნდა ჩამორჩებოდნენ სომხებს ყველა საშუალო სასწავლებელში და მესამე ადგილი უნდა ეკავოთ. სინამდვილეში კი მათ უმეტეს ნაწილად მეორე ადგილი უკავიათ რუსების შემდეგ. აი ამის ურყევი დამამტკიცებელი საბუთი. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, წარმატების მხრივ სომხებმა ქართველებს გაუსწრეს მხოლოდ თბილისის პირველ გიმნაზიაში და ელიზავეტპოლის გიმნაზიაში (79%, 78%); სამაგიეროდ, სხვა ექვს გიმნაზიაში ქართველებმა უკან მოიტოვეს სომხები. ასე მაგალითად, თბილისის მეორე გიმნაზიაში ქართველთა წარმატება უდრის 80%-ს, ხოლო სომეხთა – 76%; ერევნის გიმნაზიაში წარმატებიანი ქართველები იყო 91%, სომხები კი – მხოლოდ 73%. 1898 წლის ანგარიშის მიხედვით ქართველებმა კვლავ გაუსწრეს სომხებს ექვს გიმნაზიაში. თვით რუსებს ქართველებმა წინ გაუსწრეს ქუთაისისა და ბაქოს გიმნაზიებში. საერთოდ კი ქართველთა წარმატება გიმნაზიებში აღნიშნულ წელს უდრის 80,1%, ხოლო სომხებისა – 79,3%.

იგივე სურათი გვაქვს 1899 წელსაც. რუსთა წარმატება გიმნაზიებში გამოიხატება ციფრებით 8,9%, ქართველთა – 77,7% და სომეხთა – 71,4%. შედარებით წარმატება 1900 და 1901 წლებში იყო: რუსებმა მოგვცეს წარმატებულთა 81,2% და 87,3%, ქართველებმა – 77,1 % და 82,2%, სომხებმა – 78,3% და 78%.

პროგიმნაზიებში ქართველებმა, თუმცა ფრიად მცირერიცხოვანმა, წინ გაუსწრეს მარტო სომხებს, არამედ რუსებსაც. მათი წარმატება სამი წლის – 1897, 1898 და 1899 წლების განმავლობაში უდრის 100%-ს, რუსთა წარმტება – 75, 71,8, 72,2%-ს და სომეხთა – 72, 57,1 და 73,3%-ს. შემდგომი 1900 და 1901 წლების განმავლობაში მზურნველის ანგარიშები იძლევიან უკვე საერთო ციფრებს გიმნაზიებისა და პროგიმნაზიებისთვის. რუსთა წარმატება უდრის 81,2 და 87,3%-ს, ქართველთა – 77,1 და 82,2%-ს, სომეხთა – 78,3 და 78%-ს…

ქალთა გიმნაზიებში ქართველ ქალებს 1897 წელს იმავე ანგარიშის მიხედვით ეკავათ მეორე ადგილი. რუს ქალთაგან წარმატებით სწავლობდა 85%; ქართველ ქალთაგან – 82% და სომეხ ქალთაგან – 80%. 1898 წლის განმავლობაში რუს გიმნაზიელ ქალთაგან წარმატებით სწავლობდა 87%, ქართველ ქალთა სასარგებლოდ კიდევ უფრო მეტად მეტყველებს ციფრები 1899 წლისა, როცა მათ პირველი ადგილი დაიკავეს. ქართველ ქალთაგან წარმატებით სწავლობდა 87,7%, რუს ქალთაგან – 87,4% და სომეხ ქალთაგან – 80%.

ქალთა პროგიმნაზიებში 1897 და 1898 წლებში ქართველმა ქალებმა გუსწრეს წინ რუს და სომეხ ქალებს. პირველთა შორის წარმატებით სწავლობდა 87,7 და 94,8%, მეორეთა შორის – 86,6 და 87,9%; ხოლო მესმეთა შორის – 78,5 და 75,4%. მაგრამ 1899 წელს რუსებმა დაიკავეს პირველი ადგილი, მათგან წარმატებით სწავლობდა 85%, ქართველებმა – მეორე ადგილი (80%), ხოლო სომეხმა ქალებმა – მესამე ადგილი (76,7%).

თუ უარეს პირობებში ქართველები რუსებზე და განსაკუთრებით, სომხებზე უარესად არ სწავლობენ, აქედან პირდაპირ უნდა დავასკვნათ, რომ ისინი ნიჭის მიხედვით არავითარ შემთხვევაში არ ჩამოუვარდებიან არც მეორეთ და არც მესამეთ, რომელთაც სამართლიანად აკუთვნებენ დედამიწი უნიჭიერეს ხალხთ.

იმავე დასკვნამდე მივყავართ იმ ქართველთა მოღვაწეობის გაცნობას, რომელნიც მასწავლებლობენ საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. ისინი იჩენენ ერთგულებას საქმისადმი, კეთილსინდისიერებას, პედაგოგიურ ნიჭს და სრული პატივისცემი სარგებლობენ უფროსთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხრივ. ქართველები კავკასიის მთელ სასწავლო ოლქში ნიჭიერ მასწავლებლად ითვლებიან მათემატიკაშიც კი, რომელიც ყველა სხვა მეცნიერბაზე ნაკლებ ეთვისება მათს ტემპერამენტს. ასე მაგალითად, 1898 და 1900 წლებში ოლქი ყველა გიმნაზიის უფროსი კლასის მოწაფეებმა მიიღეს 16 ხუთია, რომელთაგან 9 ხუთიანი მოდიოდა თბილისის მესამე გიმნაზიის წილად, სადაც მათემატიკის მასწავლებლად დიდი ხანია ქართველია. ასევე საქალაქო სასწავლებლებშიც. გრაფ ტოლსტოის უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორად ყოფნის დროს სატახტო ქალაქის რევიზორები ხშირად ათვალიერებდნენ რუსეთისა და საქართველოს სასულიერო სასწავლებლებს მერე რას ვხედავთ? ისინი შიდა რუსეთის საუკეთესო სასულიერო სასწავლებლებს უთანაბრებდნენ კავკასიის სწორედ იმ სასულიერო სასწავლებლებს, სადაც უფროსებად და ხელმძღვანელებად ქართველები იყვნენ. და ეს იბეჭდებოდა უქვეშევრდომილეს ანგარიშებშიც კი. ასე წერს, მაგალითად, გრაფი ტოლსტოი 1872 წლის უქვეშევრდომილეს ანგარიშში. მცირერიცხოვანმა ქართველმა ეროვნებამ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებს მოკლე ხანში არა ერთი ნიჭიერი პროფესორი და მეცნიერი მისცა. სახელოვანი ფიზიოლოგი, უნიჭიერესი პროფესორი და პოპულარიზატორი და რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორი თავად თარხნიშვილი – ნამდვილი ქართველია, დაბადებული საქართველოს ცენტრში, იქ აღზრდილი და მხოლოდ 17 წლისა, შინაური მომზადების შემდეგ, წავიდა რუსეთში განათლების მისაღებად. ცნობილი ქიმიკოსი და ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი პეტრიაშვილი, რომელსაც რამდენიმე საგულისხმო აღმოჩენა აქვს ქიმიაში, აგრეთვე ქართველია, გლეხი მღვდლის შვილი. იმავე უნივერსიტეთი პროფესორად არის მეორე ქართველი, ქალაქელი, პეტრე მელიქიშვილი; მან რუსული სამეცნიერო ლიტერატურა გაამდიდრა კაპიტალური ნაშრომით, რომლისთვისაც პეტრე დიდის სრული პრემია მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთსი ფაკულტეტის ორდინარული პროფესორი ცაგარელი, რომელიც ცნობილია საგულისხმო ნაშრომებით საქართველოს ისტორიასა და ეთნოგრაფიაში, აგრეთვე შვილია ქართველი აზნაური მღვდლისა. იმავე ფაკულტეტის პროფესორი სომხური სიტყვიერების კათედრაზე, მარი, ახალგაზრდა მეცნიერი, ასევე ფრიად ნიჭიერი, რომელსაც ზოგიერთი რუსი მეცნიერი ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს, ქართველი გლეხი ქალის შვილია, დაიბადა საქართველოში შავი ზღვის ნაპირას, საქართველოშივე გაიზარდა, ბავშვობისას ლაპარაკობდა მხოლოდ ქართულ ენაზე, ის იყო მისი მშობლიური ენა, და მიჩნეულ უნდა იქნას აგრეთვე საქართველოს შვილად. ლაზარევის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ახალგაზრდა პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი ქართველი გლეხი მღვდლი შვილია. მან მოსკოვის უნივერსიტეტის კურსი დაამთავრა სულ რამდენიმე წლის წინათ; მიუხედავად ამისა მან მოკლე ხანში უამრავი სერიოზული ნაშრომი დაწერა, რომელთაგან პირველი ადგილი უჭირავს მის კაპიტალურ ქართული ლიტერატურის ისტორიას სამ დიდ ტომად. იგი დაუღალავი და ნაყოფიერი გონებრივი მუშაკია.

ქართველ პედაგოგიურ ნიჭის დამადასტურებელია აგრეთვე აი ასეთი ფაქტი. სომხებში საუკეთესო პედაგოგად ითვლებოდა და დღემდე ითვლება პეტრე შანშიევი, რომელიც გარდაიცვალა ამ ათი წლის წინათ. მისი თვალსაჩინო პედაგოგიური დამსახურების ღრმა პატივისცემის ნიშნად სომხებმა ნებაყოფლობით გაღებული წვლილით მას თბილისის ვანქის ტაძრის ეზოში დიდებული ძეგლი აუგეს. მაგრამ სომხეთის ეს პედაგოგიური დიდება ქართული წარმოშობისაა. მისი პაპა ნამდვილი ქართველი იყო. მას შეუყვარდა მდიდარი სომეხი ქალი შანშიანი, რომელიც მის ცოლობას იმ პირობით თანხმდებოდა, თუ ის ამ ქალის სარწმუნოებას და გვარს მიიღებდა. სიყვარული ისე ძლიერი და გახელებული იყო, რომ შანშიაშვილი შანშიანცად გადაიქცა და მაშინვე ცოლთან ერთად სპარსეთში გაიქცა საქართველოს მაშინდელი მეფის, ერეკლეს რისხვის შიშით, თუმცა მეფემ მალე აპატია მას დანაშაული; შანშიანცები დაბრუნდნენ საქართველოში, დასახლდნენ თბილისში და ახლანდელი თბილისელი შანშიევების გვარის მამამთავარნი გახდნენ.

კავკასიის სასწავლო ოლქის ყველა მიუდგომელი მზრუნველი აღიარებდა ქართველთა უეჭველ პედაგოგიურ ნიჭს. ასე მაგალითად, ნევეროვი, დიდი განათლებული პედაგოგი, ხშირად ამბობდა, “ქართველები ბუნებით პედაგოგები არიანო”. თავისი სიტყვების გულწრფელობა, სხვათა შორის, მან იმით დაამტკიცა, რომ მის მიერ პირველად დაარსებული სახალხო სკოლის დირექციის ხელმძღვანელობა… ჩააბარა ქართველ ბესარიონ ღოღობერიძეს და ის დირექტორად დანიშნა.

საერთოდ, ყველა უცილობელ ფაქტს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ქართველებს, გარდა სერთო აღიარებული სამხედრო და პოეტური ნიჭისა, აგრეთვე აქვთ პედაგოგიური ნიჭიც, რაც კიდევ უფრო მკვეთრად გამომჟღავნდება დიდი გასაქანის პირობებში.

ქართველთა პედაგოგიურ ნიჭს საფუძვლად უდევს ერთი შესანიშნავი თვისება: მათ არა აქვთ ვიწრო ტომობრივი განსაკუთრებულობის გრძნობა და გამსჭვალული არიან სხვა ხალხებისადმი ჰუმანური დამოკიდებულებით, რის გამო მათ ახასიათდათ და ახასიათებთ გულკეთილობა, რაც იცის ყველამ, ვისაც კი ურთიერთობა ჰქონია ქართველებთან. ცნობილია, რომ პედაგოგიური ნიჭი წარმოუდგენელია ჰქონდეს ცალკეულ პიროვნებებს ან ერებს, თუ მათ გულწრფელი ჰუმანიტარული გრძნობა არა აქვთ. თუ ბერძნები დიდად ჯობდნიდნენ რომაელებს მოზარდ თაობათა აღზრდისა და სწავლების საქმეში, ეს, უმთავრესად, იმიტომ, რომ მათზე დიდად ჰუმანურნი იყვნენ. სოკრატე, ძველი სამყაროს უდიდესი პედაგოგი, იმავე დროს უდიდესი ჰუმანისტი იყო. კომენისი, პესტალოცი, დისტერვეგი, უშინსკი, პედაგოგიის ლამპარნი, ამასთანავე ჰუმანურობისა და ალტრუიზმის ლამპარნიც იყვნენ. ეგოისტურ პიროვნებებსა და ტომებს იოტის ოდენა შემოქმედების ნიჭი არა აქვთ პედაგოგიურ სფეროში. ისეთ უაღრესად რთულ და ცოცხალ საქმეს, როგორიცაა ადამიანის აღზრდა და სწავლება, მხოლოდ იმათ შეუძლიათ წარმატებით მოკიდონ ხელი, ვისაც იტაცებს წრფელი სიყვარული მოყვასისა, ადამიანისა. რადგან ქართველური ხასიათის აღნიშნული თავისებურება უაღრესად საინტერესოა, შევეცდებით დავადასტუროთ ეს ისტორიული ცნობებით.

ძველისძველი წინაისტორიული დროის მკვლევარნი აღნიშნავენ, რომ ქართველთა შესაძლებელმა წინაპრებმა, ურარატებმა, კაცობრიობის ისტორიაში პირველად აღმართეს ჰუმანურობის დროსა. ვანის წარწერებში არსად არ არის მოხსენებული, რომ ტყავს ხდიდნენ ტყვედ ჩავარდნილ მტრებს, პირამიდებს აგებდნენ მტრების მოკვეთილი თავებით, ციხე-სიმაგრეთა კედლებში ცოცხლად კირავდნენ უცხო ტომისანთ და სხვა ამგვარი სისასტიკენი, რითაც იკვეხნიან ასურიელები, ბაბილონელები და სხვა ხალხები იმ სასტიკი ხანის წარწერებში და ძეგლებში. ურარატები თავიანთ წარწერებში მხოლოდ თავიანთ გამარჯვებებს აღნიშნავენ და მადლობას აღუვლენენ ღმერთს დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.

აღმოსავლეთისმცოდნე ცნობილი პროფესორის სტატიაში ‘ასურეთი და ურარატები”, რომელიც დაიბეჭდა შრომაში “ძმურ დახმარება სომხებს”, ნათქვამია: “სისასტიკე დამახასიათეელი თვისება იყო ასურეთის და ბაბილონის სამეფოებისა, რომლენიც ღვთის რისხვის იარაღი გახლდნენ”. პირიქით, “ურარატუ იყო არა ღვთის რისხვის, არამედ სიყვარულისა და მოწყალების იარაღი”. “ხეთები და ურარატები თურმე მონათესავე ხალხები ყოფილან და მათი დაცემა, Eშესაძლოა, უდიოდესი უბედურება იყო” (“ძმური დახმარება სომხებს”, გვ. 55-56, გამოცემა მესამე)…

ასეთივე უცილობელი ჰუმანურობა ახასიათებს ქართველებს მათი ისტორიული არსბობის ყველა პერიოდში. საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ყველა ხალხი სრული თანასწორუფლებიანობით სარგებლობდა ქართველებთან ერთად და არასდროს არ განუცდიათ არავითარი შევიწროვება არც რელიგიის, არც ენის, არც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მხრივ. ერთადერთი, რასაც მათგან მოითხოვდნენ, ეს იყო პოლიტიკური ერთგულება სახელმწიფოსადმი. საქართველოში ოდითგანვე ცხოვრობდნენ ებრაელები, მაგრამ ისინი შუა საუკუნეებშიც კი არ განიცდიდნენ დევნას ქართველების მხრივ, და ებრაელთა დარბევები, რაც ხშირა ხდებოდა და ახლაც ხდება ევროპაში, საქართველოში არასოდეს არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა მთავარი საქმიანობა იყო ვაჭრობა, რაც მუდამ იწვევს ანტიპათიას თავისი ექსპლუატატურული მიზნების გამო. თათრები ისე კმაყოფილი იყვნენ თავიანთი მდგომარეობით საქართველოს სამეფოში, რომ მისი გულისთვის თავგამოდებით იბრძოდნენ თვით თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ. სომხები მუდამ შეადგენდნენ საქართველოს სამეფოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და არათუ არადრო არ განიცდიდნენ არავითარ მტრობას, არამედ თანასწორუფლებიანობის მთელი სიკეთით სარგებლობდნენ და ჩვენს სახელმწიფოში მაღალი თანამდებობანი ეჭირათ მემკვიდრეობითაც კი. საკვირველი ისაა, რომ, რაც უფრო ძლიერი იყო საქართველო, მით უფრო მეტი სულგრძელობითა და ჰუმანურობით ეპყრობოდა ის თავის ქვეშევრდომ ხალხებს. სომეხი ისტორიკოსები მოკრძალებული მადლიერებით იხსენიებენ საქართველოს ძლიერ მეფეს დავით აღმაშნებელს, რომელიც მეფობდა ჩვენი დროის მეთერთმეტე საუკუნეში; მის დროს საქართველო უძლიერესი სახელმწიფო გახდა, მას ეჭირა მთელი ტერიტორია შავი ზღვის ნაპირებიდან კასპიის ზღვის ნაპირამდე. ეს მეფე, დიდი ღვთისმოსაობის გამო წმინდანად შერაცხული ქართული ეკლესიის მიერ, დროგამოშვებით თავისი მემკვიდრის თანხლებით დადიოდა არა მარტო სომეხთა ეკლესიებში, არამედ თავისი ქვეშევრდომ მაჰმადიანთა მიზგითებშიც და ამით ამჟღავნებდა სარწმუნოების სრულ შემწყნარებლობას. მისმა შვილის-შვილმა, სახელგანთქმულმა თამარ მეფემ, რომლის დროს საქართველოს სამეფომ თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია, თავის სამეფოში მე-12 საუკუნეში გააუქმა არა მარტო სიკვდილით დასჯა, არამედ სასტიკი ფიზიკური სასჯელნიც ყველა თავის ქვეშევრდომების მიმართ, წარმოშობისა და სარწმუნოების მიუხედავად, რასაც ადასტურებს ცნობილი ორიენტალისტი ბროსეც თავის საქართველოს ისტორიაში. ამიტომ მისი მეფობის დროს სიკვდილით არ დაუსჯიათ და არ დაუსახიჩრებიათ არც ერთი თათარი, არც ერთი ებრაელი, ქრისტიანებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს მუდამ აღაფრთოვანებდა ძლიერი რელიგიური გრძნობა.

ახლანდელი ქართველებიც სხვადსხვა სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე ყოფნისას საყოველთაო სიმპათიას იმსხურებენ სწორედ თავიანთი ჰუმანურობის, გულკეთილობის, კაცთმოყვარეობის გამო და ამასთანავე სიმტკიცესაც იჩენენ. რუსეთის მთავრობამ კარგად იცოდა ქართველური ხასიათის ეს თვისება და ჩინებულად სარგებლობდა მით სახელმწიფო მიზნებისთვის. რუსეთთან საქართველოს შეერთებისთანავე იგი მთავარმართებლად ნიშნავს თავად ციციანოვს, ყველაფერში ენდობა მის ტაქტს, ჰუმანურობას, სიმტკიცეს, და ეს ქართველიც სავსებით ამართლებს მთავრობის ნდობას. როცა მამაცი დაღესტანი ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ დაპყრობილ იქნა, მისი მართვა-გამგეობა ჯერ დაეკისრა თავად მელიქიშვილს (იგივე მელიქოვი), ხოლო შEმდეგ თავად ჭავჭავაძეს, რომლებმაც თავიანთი ტაქტიანი და ჰუმანური მოპყრობით ახლად დაპყრობილი ხალხისადმი არათუ მიაყუჩეს გაღიზიანება და გაბოროტება, არამედ მტკიცედაც დაუკავშირეს ეს ხალხი რუსეთს. როცა 20 წლის წინათ საჩეჩნეთი აჯანყდა, მის დასამორჩილებლად დაინიშნა თავადი ივანე გივის-ძე ამილახვარი; მან ეს ქვეყანა მალე დაიმორჩილა ისე, რომ თოფიც არ გაუსვრია და ერთი ჯარისკაცის არ დუკარგავს. თუ…* სფეროდან გამოვალთ, მის გარეთაც ვხედავთ იმერეთის განსხვენებული მთავრის, პოლონეთის სამეფოს მმართველის, სამეფო გვარეულობის ქართველის მაგალითებს, თავისი ჰუმანური და ბრძნული მართვა-გამგეობით პოლონელთა გული რომ მოუნადირია რუსეთს.

ამჟამად ქართველებს, როგორც რუსეთის მეფის თავდადებულ ერთგულ ქვეშევრდომებს, მხოლოდ ისა სურთ, რომ მათ ისეთი საზომით მიუზღონ, როგორც თვითონ ისინი მიუზღავდნენ ხოლმე ყოველთვის თავიანთ ქვეშევრდომ ხალხებს, დაწყებული ურარატუს პერიოდიდან, ე.ი. მოეპყრან მათ ისეთივე ჰუმანურობით, როგორსაც თვითონ იჩენდნენ, მიანიჭონ თანასწორუფლებიანობა თავიანთ სამშობლოში, როგორც ყოველთვის სარგებლობდნენ მათი ქვეშევრდომი ხალხები საქართველოს სამეფოს არსებობის ყველა პერიოდში, კანონიერი გასაქანი მისცენ მათს ენას, ისტორიას, ლიტერაურას, რათა შენარჩუნებულ იქნას და განვითარდეს მათი თავისებური და სიმპათიური ეროვნება მის საკუთრა საკეთილდღეოდ და სასახელოდ რუსეთის სახელმწიფოსი, რომლის დიდებას და აყვავებას ისინი ერთგულად ემსახურებიან არა ნაკლებ ნამდვილი რუსებისა.

წერილი მეორე
პირველ წერილში ჩვენ ავღნიშნეთ ის ფაქტი, რომ ქართველები შეადგენენ ცალკე ტომს, არც ერთ დღემდე ცნობილ ტომს არ ეკუთვნიან და წარმოადგენენ კაცობრიობის თავისებურ შტოს. რა ღირსებები აქვს ამ შტოს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელ ტომებს მიეკვუთვნება ქართველი ხალხი – დაბალ, საშუალო თუ უმაღლეს ტომებს?

ამ საკითხის გადასაწყვეტად მივმართოთ ანთროპოლოგიურ მონაცემებს, რომელთაც შეიცავს ექიმ პენტიუხოვის შესანიშნავი სტატია “ანთროპოლოგიური დაკვირვებანი კავკასიაში”, დაბეჭდილი რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წერილებში და შემდგომ შემოკლრებული სახით მოთავსებული გაზეთ “კავკაზში” 1893 წლის 20 აპრილს სათაურით: “კავკასიის ანთროპოლოგიური სამხედრო ბეგრი მოსახდელ პირთა მრავალგზის გაზომვით, ბარელ და მთიელ ქართველთა სიმაღლე ქანაობს 1640-დან 1661 მილიმეტრამდე, სომეხთა სიმაღლე კი არ აღემატება 1652 მილიმეტრს და ჩამოდის სომხეთის ზოგიერთ ადგილას 1620 მილიმეტრამდე. ქართველთა თავის ჰორიზონტული წრეწირი ქანაობს 545-დან 560 მილიმეტრეამდე, ქართველ სვანებს კი ის მეტი აქვთ არა არტო სომხებისაზე, რომელთა წრეწირი 548 მილიმეტრს აღემატება, არამედ რუსებისა და გერმანელებისაზეც, რომელთა თავის წრეწირის მაჩვენებელია 558 – 559 მილიმეტრი. თავის ქალას მაჩვენებლის მიხედვით ქართველები ერთნაირ დონეზე დგანან სომხებთან და ებრაელებთან (83,5, 84,1, 84,4). თავის ქალას ღრუს ტევადობა უდიდესი აქვს ქართული სასაფლაოდან (აბასთუმნის ახლოს) ამოღებულ თავის ქალას – 1560 კუბ. სანტ., ხოლო უმცროსი ყაჩაღ მეგროღლის – 1,395 კუბ. სანტ., – ამბობს პანტიუხოვი. ამ მონაცემებს ჩვენ ანთროპოლოგი ავსებს იმის მტკიცებით, რომ ქართველი ქალები, როცა… როცა რუსებს ან სხვა ევროპელებს მიჰყვებიან ცოლად, უაღრესად მრავალრიცხოვან ჩამომავლობას აჩნენე, უფრო მრავალრიცხოვანს, ვიდრე კავკასიის სხვა ხალხები. რაც შეეხება ქართველი ტიპის სილამაზეს, ყველა დროის ყველა ისტორიკოსი და გეოგრაფი ქართველ მამაკაცს და ქალს აკუთვნებენ მთელი დედამიწის ულამაზეს ხალხებს. ეს მონაცემები სრულიად უეჭველს ხდიან იმას, რომ ქართველები ტიპისა და ორგანიზაციის მხრივ გათანაბრებულ უნდა იქნან ადამიანთა მოდგმის უმაღლეს ტიპებთან. ამასვე მოწმობს ქართველი ხალხის მთელი ისტორიაც. ქართველები ცხოვრობდნენ დედამიწის თითქმის ყველაზე საშიშ პუნქტში და ათასი წლობით სახელოვნად და ღირსეულად უძლებდნენ უაღრესად დაძაბულ, თავგანწირულ ბრძოლას ურიცხვ მტრებთან, მათ შეუბღალავად შეინარჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოება, ენა, ეროვნულობა, მაშინ როდესაც მრავალი მეზობელი მცირეაზიელი ხალხი გაქრა ამ ათასწლეულ ისტორიულ ორმოტრიალში. კიდევ მეტი, ქართველები სახარების სინათლეს, ქრისტიანულ რელიგიას და ცივილიზაციის თესლს ავრცელებდნენ კავკასიის ყველა ტომში, ისეთებBშიც კი, რომელნიც მრისხანე კავკასიონის მიუდგომელ მთებში ცხოვრობენ. ყოველივე ეს შეიძლება მოიმოქმედოს მხოლოდ მაღალი ტიპის ხალხმა, უხვად აღჭურვილმა ფიზიკური ძალით და სულის სიმხნევით. მართალია, ეს ტიპი ძლიერ დაზარალდა ათასწლოვანი ინტენსიური სამხედრო შერჩევით და მეტად ნერვული გახდა გაუთავებელ და განუწყვეტელ საშიშროებათა გამო, მაგრამ მშფოთვარე საუკუნეებით მიყენებული ეს ზიანი უნდა გაქარწყლდეს სხვა მშვიდობიანი პირობების გავლენით, რაც საქართველოში დამყარდა ერთმორწმუნე რუსეთთან მისი ნებაყოფლობით შეერთების შემდეგ.

ისტორიის მიერ მემკვიდრობით დატვირთულ ამ ჭრილობათა მოსაშუშებლად, თავისი მონარქიის და საერთო სამშობლოს – რუსეთისადმი მთელი არსებით ერთგული ქართველი ხალხის ნორმალური განვითარებისათვის, ხალხისა, რომესაც სურს საშუალება მიეცეს რუსეთის კულტურულ ზღვას შეუერთოს თავისებურ აზრთა და გრძნობათა ქართველური ნაკადი, როგორც უკვე ვთქვით პირველ წერილში, უპირველეს ყოვლისა საჭიროა სახალხო განათლების წესიერად დაყენება საქართველოში. რა მდგომარეობაშია ის დღეს?

ვიდრე ამ საკითხზე ვუპასუხებდეთ, საჭიროა მოკლედ გავეცნოთ, რა მდგომარეობაში იყო სახალხო განათლების საქმე რუსეთთან საქართველოს შეერთEბამდე. ქართველები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან უდიდეს მნიშვნელობას აძლევდნენ წიგნს, მწერლობას წარმატებათა მიღწევის საქმეში. ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობის მიღებისთანავე, მათ სრულიად გარდაქმნეს თავიანთი ანბანი, მისცეს მას ეროვნული ხასიათი, მხურვალედ შეუდგნენ ჯერ საღვთო წიგნებისა და სასულიერო-ზნეობრივი შინაარსის თხზულებათა თარგმნას, შემდეგ კი ხელი მიჰყვეს თავიანთ ლიტერატურის გამდიდრებას ფილოსოფიური და ისტორიული შინაარის წიგნებით. რადგან ამ საქმეს ძლიერ უშლიდა ხელს ის გარემოება, რომ ქართულ ეკლესიას სათავეში ედგნენ პატრიარქ ანტონის კაცები, რომელნიც არ იცნობდნენ თავიანთი სამწყოს არც ენას და არც ზნეჩვეულებებს და ხელის შეწყობის ნაცვლად ხელს უშლიდნენ ქართული ეროვნული ლიტერატურის განვითარებას, ამიტომ ქართველებმა მოიპოვეს თავიანთი ეკლესიის სრული ავტოკეფალია და საკუთარი პატრიარქ-კათალიკოსის ყოლის უფლება. ამ დროიდან დაწყებული ქართული ლიტერატურის განვითარება სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ ეროვნული პატრიარქისა და საქართველოს მეფის შეთანხმებული მოქმედების მეოხებით. მრავლად გაჩნდა ყველა სახის სახელმძღვანელოები, დაწყებული ალგებრით და გათავებული მეტაფიზიკით, ცოდნის ყველა დარგის წიგნები. ეროვნული არსებობის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯი იყო ქართული ეროვნული ლიტერატურა, რომელსაც უმთავრესად მფარველობდა სამღვდელოება თავისი სამწყსოსთან მჭიდროდ დაკავშირებული პატრიარქ-კათალიკოსის აქტიური წახალისებით. ეს კარგად ესმოდათ ქართველი ხალხის მტრებს და ამიტომაც საქართველოში შემოჭრისას ქართულ წიგნებ ბევრა უფრო თავგამოდებით და უმოწყალოდ ეძებდნენ და წვავდნენ, ვიდრე არნეტიულ ეკლესიება და მონასტრებს. მაგრამ ქართველთა სიყვარულმა თავისი ლიტერატურისადმი სძლია ბარბაროსთა ათასწლოვან შემოსევას და გადაარჩინა ის მოსპობას. ლიტერატურის ამ სიყვარულს ფრიად მკაფიოდ გამოხატავს ის უცილობელი ისტორიული ფაქტი, დადასტურებული წერილობითი დოკუმენტებით, რომ პატარძალის მზითვის აუცილებელ კუთვნილებას შეადგენდა რჩეულ თხზულებათა ბიბლიოთეკა და პირველ რიგში “ვეფხის ტყაოსანი”. ამ ფენომენალური სიყვარუის მეოხებით ქართულ ენაზე გადარჩა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის მრავალი ნიმუში, რომელნიც კაცობრიობისათვის საბოლოოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგალითად, “სიბრძნე ბალავარისა”.

ძველი ქართული ლიტერატურის სიმდიდრეს მჭერმეტყველურად ადასტურებს ის ფაქტი, აღნიშული განსვენებული ცნობილი ისტორიკოს-არქეოლოგის პლატონ იოსელიანის მიერ, რომ ამ საუკუნის დამდეგს მცხეთის პატრიარქის ბიბლიოთეკაში ითვლებოდა 7 000 ტომი, უმთავრესად ძვირფასი ხელნაწერები. ამასვე ადასტურებს პროფეორ ცაგარელის თხზულება “წმინდა მიწის ძველი ქრისტიანული ძეგლი”, გამოცემული პალესტინის საზოგადოების მიერ. და ეს – მიუხედავად ბარბაროსების მიერ მრავალჯერ დაწვისა. ძველი ქართული ლიტერატურა ემყარებოდა სკოლების ფართო ქსელს, რომლითაც მოფენილი იყო მთელი საქართველო. ყვოელ თორმეტ მრევლს ეკუთვნოდა ცალკე ეპისკოპოსი, რომელიც ეპისკოპოსად კურთხევის დროს წერილობით პირობას აძლევდა პატრიარქს, რომ თავისი საეპისკოპოსოს ყოველ მრევლში უსათუოდ ექნებოდა სკოლა. ამ სკოლების პროგრამა მარტივი იყო. მაგრამ ქართულ წერა-კითხვას იმდენად კარგად სწავლობდნენ, რომ კურსდამთავრებულებს შეეძლოთ საღვთო წერილის და საერო ლიტერატურის ნაწარმოებთა კითხვა და გაგება. ამ სკოლაში დადიოდნენ ორივე სქესის ბავშვები, უმთავრესად კი გოოგნები, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ქართველი ქალები თითქმის მთლიანად წერა-კითხვის მცოდნე იყვნენ.

საქართველოში დაბალ სკოლებს გარდა არსებობდა საშუალო სასწავლებლებიც, სადაც ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას ფართო მოცულობით, ფილოსოფიას და ისტორიულ მეცნიერებას, აგრეთვე ძველ ენებს – უკანასკნელთ უფრო, ნიჭიერთ და მსურველთ. ამ სასწავლებელთა წარმატებით კურსდამთავრებულთ ქართველი მეფეები სახელმწიფო ხარჯზე გზავნიდნენ საზღვარგარეთულ უმაღლეს სასწავლებლებში, როცა ამას ხელს არ უშლიდა პოლიტიკური მდგომარეობა. ასე მაგალითად, სახელოვანი მეფის დავით აღმაშენებლის დროს მეთერთმეტე საუკუნეში ყოველწლურად სამოც უნიჭიერეს ქართველ ჭაბუკს გზავნიდნენ საბერძნეთში, ქალაქ ათენში, უმაღლესი ევროპული განათლების მისაღებად. გასული საუკუნის დასასრულსაც კი, აღა-მაჰმად-ხანის რბევა-აწიოკების შემდეგ, ნორმალურად მოქმედებდა მოსწავლეებით სავსე ორი სასულიერო სემინარია – თბილისის და თელავისა, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ განათლებული ქრისტიანები და პატრიოტები. მიმდინარე საუკუნის დამდეგს საქართველო ნებაყოფლობით უერთდება რუსეთს. დგება მშვიდობიანი ხალა. ქართველებს უკვე აღარ სძინავთ მახვილით ხელში, ისინი სავსებით თავისუფლდებიან მშფოთვარე მდგომარეობიდან, როცა ცალ ხელში ეჭირათ გუთანი, მეორე ხელში კი შემართული თოფი მტრების უეცრად თავდასხმის შემთხვევისათვის. საქართველოს მთა და ბარი ყოველთვის როდი ახერხებდა თავის ხსნას მტრების შEმოსევისაგან, ეკლესიების, მონასტრებისა და ადამიანის კალმის დიად ნაწარმოებთა გადაბუგვისაგან. თითქოს, დადგა ეპოქა, დიდად ხელსაყრელი სასკოლო საქმის განვითარებისათვის, სწავლის, განათლების ფართოდ გასავრცელებლად. მაგრამ სინამდვილეში ხშირად ისეთ რამეს შეგვყრის, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება სწორად დაყენებულ სილოგიზმებს, სწორად გამოყვანილ დასკვნებს.

პატრიარქ-კათალიკოსს ცვლის რუსი ეგზარქოსი, პროვინციის ეპისკოპოსებს – მამამთავრებსი. ქართული ეკლესიის ავტონომია, აღიარებული მსოფლიო კრებების მიერ, ჰქრება, თითქოს ჯადოქრული კვერთხი დააქნიესო, ავტონომიას, თვითმართველობას ცვლის ცენტრალიზაცია…

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button