ანტონ ჩეხოვი
ანტონ ჩეხოვი დაიბადა 1860 წლის 17 (ახალი სტილით 29) იანვარს, წმინდა ანტონ დიდის ხსენების დღეს, აზოვის ზღვის სამხრეთ საპორტო ქალაქ ტაგანროგში. მამამისი, პავლე ყოფილი ყმა იყო ვილკჰოვატკას სოფლიდან (თანამედროვე უკრაინა), მუშაობდა სასურსათო მაღაზიაში, იყო ღვთისმოშიში მართლმადიდებელი ქრისტიანი და საკლესიო მგალობელი გუნდის ხელმძღვანელი. ჩეხოვის დედა, ევგენია, იყო შესანიშნავი მთხრობელი, რომელიც ბავშვებს ზღაპრებით მოგზაურობის დროს საათობით ართობდა. მამამისი ქსოვილით ვაჭრობდა მთელ რუსეთში და ევგენიას ოჯახთან ერთად ხშირად უწევდა მოგზაურობა. “ჩვენ ნიჭს ვიღებთ მშობლებისაგან “, მაგრამ “სულს დედისაგან” – წერდა ანტონი.
პატარა ანტონი თავდაპირველად სკოლაში სწავლობდა, შემდეგ გააგრძელა ტაგანროგის გიმნაზიაში. იგი მღეროდა ტაგანროგის ბერძნულ მართლმადიდებლურ მონასტერში და მამის ანსამბლში. 1892 წელს დაწერილ ერთ-ერთ წერილში მან “ტანჯვა” დაარქვა თავის ბავშვობას და დასძინა: „როდესაც მე და ჩემი ძმები ვიდექით შუა ეკლესიაში და ტრიოში ვმღეროდით “ჩემი ლოცვა ამაღლებას”, ან “მთავარანგელოზის ხმას”, ყველა სიხარულით აღსავსე გვიყურებდა და შურდათ ჩვენი მშობლების, მაგრამ ჩვენ იმ მომენტში თავს პატარა მსჯავრდებულებად ვთვლიდით.“
1876 წელს, ჩეხოვის მამა გაკოტრდა და მცირედი დარჩენილი ფინანსებით ახალი სახლი ააშენა. მევალეებსა და გადასახადების გადაუხდელობას თავი რომ აერიდებინა, პავლე მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ორი უფროსი ვაჟი ალექსანდრე და ნიკოლაი უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მამის გაქცევის შემდეგ ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, ევგენია ფიზიკურად და ემოციურად გატყდა, ამიტომ ანტონი იძულებული გახდა გაეყიდა საგვარეულო ქონება და სწავლა დაესრულებინა.
ჩეხოვი ტაგანროგში დამატებით სამი წლის განმავლობაში დარჩა. მას უნდა გადაეხადა საკუთარი განათლების საფასური, რასაც სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე მუშაობით და მოკლე ესკიზებისა და სტატიების გაზეთებისათვის მიყიდვით ახერხებდა. ამ პერიოდში ანტონი კითხულობდა, სერვანტესს, ტურგენევს, გონჩაროვს, შოპენჰაუერს. ამ დროს დაწერა დრამა, „უმამო“. ჩეხოვს უამრავი სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა ქალბატონებთან, მათ შორის მისი მასწავლებელის ცოლთან.
1879 წელს ჩეხოვმა დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია და საცხოვრებლად მოსკოვში ოჯახთან გადავიდა. მალე მან ჩააბარა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველ სამედიცინო უნივერსიტეტში და პროფესიად ექიმობა აირჩია.
მწერლობის ადრეული წლები
მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დაიწყო ანტონის სამწერლო მოღვაწეობა. იგი წერდა ფსევდონიმებით: „ანტონ ჩეხონტე” (Антоша Чехонте), “კაცი ელენთის გარეშე” (Человек без селезенки). 1884 წელს ჩეხოვმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მიიღო ექიმის კვალიფიკაცია, რომელიც ხდება მისი ძირითადი პროფესია.
ანტონს ფილტვები 10 წლის ასაკიდან აწუხებდა. სტუდენტობის პერიოდიდან უფრო გაუმძაფრდა დაავადება. 1884-1885 წლებში ჩეხოვს დაეწყო სისხლიანი ხველა. 1886 წელს ტუბერკულოზური შეტევები გახშირდა და გაუარესდა.
მიუხედავად ავადმყოფობისა, იგი ყოველკვირეული პერიოდული გამოცემებისათვის სტატიებს და ნარკვევებს წერდა, რათა მოეგროვებინა საკმარისი ფული იმისათვის რომ ოჯახი უკეთეს საცხოვრებელ პირობებში გადაეყვანა. მისი მოთხრობების პირველი კრებული „მელპომენეს ზღაპრები“ გამოვიდა 1884 წელს, „ჭრელი მოთხრობები“ 1886 წელს.
1886 წელს იგი მიიწვიეს ერთ-ერთ პოპულარულ გამოცემა „ნოვოე ვრემია“ სამუშაოდ, რომლის მფლობელი და რედაქტორი გახლდათ მილიონერი მაგნატი ალექსეი სუვორინი, რომელიც ჩეხოვის საუკეთესო მეგობარი გახდა.
ჩეხოვს ლიტერატურის მიმართ ინტერესი გაუღრმავდა. სახელგანთქმული რუსი მწერალი დიმიტრი გრიგოროვიჩი წერდა: “თქვენ გაქვთ ნამდვილი ნიჭი, რომელიც გამოგარჩევთ ახალი თაობის მწერლებს შორის“. ჩეხოვის მოთხრობების კრებულს მიანიჭეს პუშკინის სახელობის პრემია, როგორც მაღალი მხატვრული ღირებულებებით გამორჩეული საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოები.“
გარდამხტეხი პერიოდი
ანტონმა უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ დაწერა მოთხრობა “სტეპი”, რომელიც გაზეთ „სევერნი ვესტნიკში“ გამოქვეყნდა.
შემოდგომაზე 1887 წელს, თეატრის მენეჯერმა, კორშმა ჩეხოვს დაავალა პიესის დაწერა, რომელიც ნოემბრისათვის უნდა ყოფილიყო მზად. პიესა „ივანოვი“ მოეწონა მის ძმას, ალესანდრეს და მას „ორიგინალური“ უწოდა, ხოლო მეორე ძმამ, მიხეილ ჩეხოვმა „ივანოვს“ ანტონის “ინტელექტუალური განვითარების გასაღები“ უწოდა.
1889 წელს ანტონს ძმა ნიკოლაი ტუბერკულოზით გარდაეცვალა.
სახალინი
1890 წელს ანტონ ჩეხოვმა იმოგზაურა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კუნძულ სახალინზე, გაეცნო კატორღელთა მძიმე ცხოვრებას. აი რას წერდა იგი თავის დას ქალაქ ტომსკის შესახებ: “ტომსკი ძალიან მოსაწყენი ქალაქია, თავისი ლოთებით, ინტელექტუალური ადამიანებით. ისინი მეწვევიან ხოლმე სასტუმროში და გამოხატავენ პატივისცემას ჩემს მიმართ. ბინადარნიც ძალიან მოსაწყენი ხალხია, ძალიან. ხანდახან ვხვდებოდი რომ ვხედავდი ყველაზე დეგრადირებულ ადამიანებს.“
ჩეხოვი განსაკუთრებით აღაშფოთა კოლონიებში გაჭირვებული ოჯახებისა და პატარა ბავშვების ხილვამ: „ვიხილე მსჯავრდებული, რომელმაც მოკლა თავისი მეუღლე და ამისათვის იჯდა ციხეში, მას ბორკილები ეკეთა ფეხებზე. მისი პატარა 6 წლის ქალიშვილიც მასთან ერთად იყო. შევნიშნე, სადაც მსჯავრდებული გადავიდოდა, პატარა გოგონაც თან დაჰყვებოდა და ბორკილები ხელით ეჭირა. ღამით ბავშვს მსჯავრდებულებთან და ჯარისკაცებთან ერთად ეძინა.“
ჩეხოვმა მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცა წიგნში “კუნძული სახალინი” (1893-1894), ცალკე წიგნად გამოიცა 1895 წელს. იგი აღნიშნავდა, რომ კოლონიებში სიტუაციის მოსაგვარებლად სახელმწიფო დაფინანსების გარდა, რომელიც არასაკმარისი იყო, საჭირო იყო მსჯავრდებულების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება.
მელიხოვო
1892 მან მოსკოვის მახლობლად, სოფელ მელიხოვოში, შეიძინა მამული, სადაც იგი 1899 წლამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. დიდი მწერალი დაუახლოვდა გლეხებს და ყოველნაირად ცდილობდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ააშენა სამი სკოლა, სახანძრო და კლინიკა, სადაც სამედიცინო მომსახურებას ტუბერკულოზით და ქოლერით დაავადებულ მოსახლეობას უსასყიდლოთ უწევდა.
მოგზაურობა საქართველოში
ანტონ ჩეხოვმა 1888 წელს და 1900 წელს ორჯერ იმოგზაურა საქართველოში, მეორედ მხატვარ ვასნეცოვთან ერთად. იგი პოპულარული იყო საქართველოში. 1890-იან წლებში ქართული ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობების თარგმანები. ქართულ სცენაზე დაიდგა პიესები: “ივანოვი” და “დათვი” (1891), 1903 წელს გადმოითარგმნა პიესა “ძია ვანია”, 1905 წელს “ალუბლის ბაღი”.
იალტა
1897 წლის მარტში ჩეხოვს განუვითარდა ტუბერკულოზის მძიმე ფორმა და დაეწყო სისხლდება ფილტვებიდან. მოსკოვში ექიმებმა დაარწმუნეს, რომ აუცილებელი იყო ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლა. 1898 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ანტონმა იალტის გარეუბანში შეიძინა პატარა სახლი, სადაც დედასთან და დასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა. იგი რგავდა ყვავილებს და უვლიდა ბაღს, ჰყავდა ძაღლები, ხშირად მასპინძლობდა ლევ ტოლსტოისა და მაქსიმ გორკის და წერდა პიესებს. მისი ცხოვრება იალტაში არცთუ მოსაწყენი გახლდათ.
1901 წლის 25 მაისს ანტონმა მსახიობ ოლგა კნიპერზე იქორწინა. იალტაში დაწერა ანტონმა მოთხრობა “ქალი ფინიათი”.
1902 ნიკოლოზ II-მ მაქსიმ გორკის საპატიო აკადემიკოსის წოდება ჩამოართვა, ჩეხოვმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპატიო აკადემიკოსის წოდებაზე.
სიკვდილი
1904 წლის მაისში ჩეხოვი ოლგასთან და დედასთან ერთად სამკურნალოდ გერმანიაში კურორტ ბადენვეილერში გაემგზავრა. იგი გარდაიცვალა 1904 წლის 2 (ახალი სტილით 15) ივლისს, 44 წლის ასაკში. 9 (ახალი სტილით 22) ივლისს მისი ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს და დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.