სუზი – გოგონა-სპილო
ამ დაავადებას იქთიოზისი ჰქვია და ბერძნული ιχθύς-იდან მოდის, რომელიც თევზს ნიშნავს. ადამიანს ამ დროს კანი უხეში და უცნაური ფორმის აქვს, ჩამოჰგავს ალიგატორისას. სუზის კანი ტლანქი და ნახეთქებიანი იყო, ამიტომაც შეადარეს სპილოსას და მიიღო მეტსახელი “გოგონა-სპილო”.
სუზი 1909 წელს დაიბადა დასავლეთ ბერლინში. ბავშვობაში ეს დაავადება სწრაფად განვითარდა და კანი ნაცრისფერი გაუხდა, შეუსქელდა და გაუუხეშდა. ამას თან ახლდა საშინელი ტკივილები მთელი დღის განმავლობაში, რომელსაც გოგონა გმირულად უძლებდა. შემდგომში რამდენიმე ინფექციამ კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა და აუტანელი გახადა. ყველაზე მსუბუქი და ფაქიზი მოძრაობების დროსაც კი ტკივილსა და წვას გრძნობდა. ადრეულ წლებში თვალების ნორმალურად დახამხამებასაც კი ვერ ახერხებდა, რადგან კანი სკდომას იწყებდა.
ფიზიკურ ტკივილს ფსიქოლოგიურიც ემატებოდა, რადგან თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და მასხრად იგდებდნენ, მეგობრობაზეც უარს ეუბნებოდნენ. ცხელ ზაფხულში, როცა სხვები წყალში ჭყუმპალაობდნენ, სუზი ყინულის ნატეხებს ისვამდა მკლავებზე და ასე ცდილობდა გაგრილებას. მის კანს არ ჰქონდა საშუალება, გამოეყო ოფლი და ამგვარად დაებალანსებინა ტემპერატურა ორგანიზმში. როცა ბავშვები მისკენ თითს იშვერდნენ და სიცილს იწყებდნენ, სუზი შეხედავდა, მაგრამ ერთი წვეთი ცრემლიც არ ჩამოუგორდებოდა. ძალიან უნდოდა ტირილი, მაგრამ ფიზიკურად არც ეს შეეძლო.
იმისთვის, რომ მდგომარეობა შეემსუბუქებინათ და ინფექციები აერიდებინათ, მშობლები ყოველდღე ზეთისა და სამკურნალო მცენარეების ნაზავს უსვამდნენ სხეულზე. ეს ერთგვარად ამშვიდებდა მას, კანს უფრო არბილებდა და მკვდარ უჯრედებს აცლიდა.
სუზი შეერთებულ შტატებში პირველად 1927 წელს ჩავიდა. ის ცირკის დასს ახლდა თან, ამ დასში შედიოდნენ გოლიათები და წვერებიანი ქალები. შემდგომში კიდევ რამდენჯერმე ჩავიდა, ბოლოს კი მენეჯერის დახმარებით სამუდამოდ ამერიკაში, ნიუ-იორკში დარჩენა მოახერხა და თავი აარიდა მოახლოებულ ომს. იქ ხშირად აწყობდა წარმოდგენებს და აოცებდა ხალხს მისი უჩვეულო მდგომარეობით. 1967 წელს Madison Square Garden-შიც გამოვიდა.
სუზის აღწერდნენ როგორც მორცხვ, ჩაკეტილ და წყნარ ადამიანს. მისი წარმოდგენები 60-იანი წლების ბოლომდე გრძელდებოდა, სანამ მენეჯერი არ გარდაიცვალა. მის სიკვდილთან ერთად სუზის კარიერაც და შოუს გაგრძელების სურვილიც მოკვდა. ამის შემდეგ ერთადერთი და ბოლო წარმოდგენა იყო პენსილვანიაში, სადაც საკუთარ თავს “ჭაობის გოგონა” უწოდა. ზოგიერთი ცნობით, სუზი ბერლინში დაბრუნდა, თუმცა უფრო მეტი წყარო იქითკენ იხრება, რომ ნიუ-იორკში გარდაიცვალა 1975 წელს.