განხილვალიტერატურაწიგნები

ჰარპერ ლი – ნუ მოკლავ ჯაფარას

ჰარპერ ლის ნაწარმოებში შავკანიანი ტომ რობინსონის დაღუპვამ ამაღელვა, მისიზ დუბოუზის სიკვდილმა კი ამატირა. გულის აჩუყებასაც აქვს თავისი ასაკი, მე კი არც 6 წლის ვარ და არც შუახნის. აღელვების მიზეზი დაგვიანებაა, წიგნი 1960 წელს გამოიცა, მას შემდეგ კი ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა… მანამდე იყო ჰარიეტ ბიჩერ სტოუ და რიჩარდ რაიტის გმირები. დღემდე ნათლად მახსოვს ტაფით დაჭეჭყილი ვირთაგვა, გაუსაძლისი სიღარიბე, დევნა და მერის ბრმა დედა, რომელიც დანახშირებული შვილის გვამს საყურეებით ცნობს. ასაკთან შეუსაბამო იყო “ამერიკის შვილი” და ზედმეტი ემოცია მოიტანა, დიდხანს მახსოვდა მერი დალტონი და ბიგერ თომასი.

ჰარპერ ლის ცალხელდაკიდებული ტომ რობინსონი კი თანაგრძნობას აღძრავს და გამხედრებს. მისიზ დუბოუზმა ბავშვობის მოგონებები გამიცოცხლა. წინა ეზოში ოთხი მსხლის ხე, აივანზე სარწეველა სავარძელი, სახლის მეორე სართულზე კი მაიას თოჯინები, ჩაკეტილები და მუდამ სასურველები. გსმენიათ ალბათ, ორსართულიან სახლებზე, 8 ფანჯრითა და ხის კარით.( ამ დიდი სახლების მეორე სართული უმეტესად, მოურთავი და გამოუყენებელია). შავი ხის კარი იშვიათად იღებოდა, არასდროს, არასდროს თვალიც არ მომიკრავს იქაურობისთვის, მაიას თოჯინები, ალბათ დღესაც იქ არიან, ერთი განსხვავებით, იმ სახლს სამი წევრი აკლია. სახლის უკანაც უზარმაზარი მიწის ნაკვეთი იყო, სულ ბოლოს ბამბუკის ხეივნით. ეზოში იდგა ოდა, ისევ მსხლის, ლეღვის, კარალიოკისა და კაკლის ხეები. მისიზ დუბოუზივით პირდაპირი იყო ეთერი ბებო, მოუსვენარი, შრომისმოყვარე. მაია ემუდარებოდა – “დაისვენე, დედა, ეშმაკსაც წაუღია თხილიც, კაკალიც და მსხალიც, დაისვენეო”.

10.-Pistol-packin-Miss-Dubose_thumb6

გრძელი, სახელოებიანი კაბა ეცვა, თავზე რამდენიმე თავშალს მოიხვევდა, გარეთა წოწოლა იყო, რაღაცნაირად გაწეწილი. თავდახრილი დადიოდა, ჩაფიქრებული, ფეხზე კი დიდი კალოშები ეცვა. მახსოვს, ბებიაჩემსაც ერთი-ორი ზომით დიდი კალოში ეცვა, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ზამთარში თბილ წინდას ჩაიყოლებდნენ. მუდარისა და გაფრთხილების მიუხედავად ეთერი გამოიპარებოდა და მთელი დღე გულმოდგინედ მუშაობდა, სახლსა და ოდას შორის აღამებდა. მაია ექიმი კი გაბრაზდებოდა ხოლმე, მაგრამ ესმოდა, რომ დედა მისი შრომის შემსუბუქებას ცდილობდა. უნაყოფო იყო გაფრთხილებაც, გაჯავრებაც და მუდარაც. ერთი შეხედვით, არცთუ ბევრი მსგავსებაა მისიზ დუბოუზსა და მამაჩემის ბიცოლას შორის, მაგრამ ასე მგონია უხილავი ძაფი აკავშირებთ ერთმანეთთან, ჩემმა წარმოსახვამ ამოატივტივა ასე. გადმოდგებოდა ღობესთან წოწოლა თავსაფრიანი ეთერი, დაგვიძახებდა და გვეტყოდა: “კარგი დედ-მამის შვილები ხართო”, მე ვიცოდი, რომ ეს წინაპირობა იყო. აკეცილი წინსაფრის კალთაში ჩაყოფდა ხელებს და კაკლით გვივსებდა ჯიბეებს. შავ ფურცელზე უმთავრესი გამომრჩა: ეთერისა და მაიას ეზოში უამრავი კამელია ხარობდა…

ჯემმა მისიზ დუბოუზს თეთრი კამელიები დაუმტვრია, სწორედ ასე დაიწყო “სამთა” ურთიერთობა. “ტურტლიანი” ჭყიტა და ჯემი მთელი თვის განმავლობაში წიგნს უკითხავდნენ ლოგინად ჩავარდნილ დუბოუზს: გულაღმა იწვა, ნიკაპამდე საბნებში ჩაფლული, თავს ნელა არწევდა აქეთ იქით. ხანგამოშვებით ფართოდ დააღებდა პირს და სუსტად ამოძრავებული ენა გამოუჩნდებოდა. ტუჩებზე დუჟი ადგებოდა, შეისრუტავდა და ისევ დააღებდა პირს. დროდადრო ისმოდა ყრუ “ფ-თ, ფ-თ”, ბლანტმა სითხემ რომ იცის დუღილის დროს ისე”.  დუბოუზის გარდაცვალების შემდეგ მისი გულყრის მიზეზი ატიკუს ფინჩმა გაამხილა: მისიზ დუბოუზმა გადაწყვიტა სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში ტკივილგამაყუჩებლადაც კი არ გამოეყენებინა ნარკოტიკი. ჯემი და ჭყიტა მოვალეობას იხდიდა, უფრო სასჯელს. კითხვის პროცესმა კი ავადმყოფს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა. ამ ქალმა გაუძლო უკიდურეს ტკივილებს და ფხიზელი გონებით მოკვდა, უკანასკნელ წუთებშიც კი ანჩხლობდა. ჯემს კი სახსოვრად შოკოლადის კოლოფი დაუტოვა. კოლოფში იდო “მთის ფიფქი“, სწორედ ის ულამაზესი კამელია, რომელიც ჯემმა მოგლიჯა. აი, ამ დროს ამეშალა მოგონებები და ცრემლები მომადგა: “ნამდვილი სიმამაცე ისაა, როცა წინასწარ დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და მაინც, ყველაფრის მიუხედავად იღწვი, იღწვი და ბოლომდე მიგყავს შენი წამოწყება. იშვიათად თუ მოიპოვებ სრულ გამარჯვებას, მაგრამ ხანდახან მაინც მიაღწევ საწადელს. მისიზ დუბოუზმა თავისას მიაღწია და სრული გამარჯვება მოიპოვა.”

რედლი ბუა ნაწარმოების ყველაზე მისტიკური პერსონაჟია. ბავშვები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ რედლი-ბუა სახლიდან გამოიტყუონ, მხოლოდ კეთილი მიზნებისთვის, მისასალმებლად. არტურ რედლი გრძნობდა ცნობისმოყვარე ბავშვების მზერას, დაჟინებას… “სამთა” წარმოსახვებში, დადგმებში ის იყო ურჩხული. დაკერებული შარვალი, სუსხში მოფარებული პლედი, ფუღუროში ნაპოვნი საჩუქრები, ეჭვებს ამძაფრებდა, მაგრამ ბუა მაინც ბუად რჩებოდა. ბობ იუველთან ბრძოლამ და ბავშვების გადარჩენილმა სიცოცხლემ კი არტური “უსახელო” გმირად აქცია.

scoutboo

ნაწარმოების პერსონაჟებზე  ამოუწურავად შეიძლება საუბარი. ცალკე საკითხია კაცთმოყვარე, პროგრესული ატიკუს ფინჩი – “მამაშენისთანა ადამიანები თითზე ჩამოსათვლელები არიან და კიდევ კარგა ხანს ვერ მიხვდები ამას.” სამართლიანი და პირდაპირი მის მოდი, რომელსაც ლამაზად გაშენებული ბაღის გამო კიცხავენ – “ჯოჯოხეთში დაიწვებით, მოდი”., დაუღალავი კელპურნია – სალახანებოო, რომ შეუძახებს ბავშვებს, იუველები, კანინგემები, მოსამართლე და ჰეკ ტეიტი. შეუძლებელია, ასე ერთი ხელის მოსმით ამ პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების აღწერა, თითოეული მათგანი ძალიან ღრმაა და უამრავ დეტალს მოიცავს საკუთარ თავში. ვერავინ მოგიყვება უფრო ამაღელვებლად, ვიდრე ჰარპერ ლი.

4785C9A0-6E8B-4BA0-AF81-5FADB2DD5908_mw1024_mh1024_s

გადავიდეთ, ნაწარმოების მოტივებზე გადაღებულ ფილმზე. პერსონაჟების ნატურის სიზუსტემ ვერ აღმაფრთოვანა. გმირებს აკლიათ სიღრმე, ემოცია, დრამატიზმი. ბავშვები არ ტირიან, როდესაც აუცილებლად უნდა ტიროდნენ, მისიზ დუბოუზი, მამიდა ალექსანდრა, ნაწილობრივ მის მოდი ეტკინსონიც დაკარგულია. დაუშვებელია, ფილმში დუბოუზის ერთადერთხელ გამოჩენა, ამ თემის უგულველყოფა. არ ჩანს, მსაჯულების ორჭოფული გადაწყვეტილება, მსაჯული – კანინგემი საერთოდ გამორჩათ, ჯემი საკუთარი თვალით ხედავს როგორ აფურთხებს ბობ იუველი მამამისს (მერჩივნა, ისევ სტეფანი კროუფორდის მონაჭორი მოესმინა ჯემს). ბევრი საინტერესო ფრაზაა დაკარგული, სევდანარევი იუმორით გაჯერებული. თუმცა, ფილმის ბოლოსკენ შეცვლილი პასაჟი ორგანულად მოირგო ჭყიტამ – “მისტერ ტეიტი მართალია, ეს ჯაფარას მოკვლის მსგავსი იქნებაო”.( ნაწარმოებში ატიკუსი უხსნის ჯინ ლუიზას გადაწყვეტილების მნიშვნელობას).

მე არ მჩვევია ნაწარმოების წაუკითხავად ფილმის ნახვა, მაგრამ პირველად, რომ ფილმი მენახა, ვიტყოდი – დიდი ვერაფერი წიგნი ყოფილათქო. ამიტომ ისევ გავიმეორებ: ვერავინ მოგიყვებათ ნელ ჰარპერ ლიზე უკეთესად! ..

il_570xN.232922933

       თეკლე ქაროსანიძე

Source
http://venue.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button