ყვითელი ქრომი – ალდოს ჰაქსლი
“ზოგიერთი ცხოვრებაში ყველაფერს მზამზარეულ იდეებს არგებს. სხვები ფილოსოფოსობით ცდილობენ ცხოვრების გაუმჯობესებას. მავანი და მავანი კი თავის ცხოვრებას სხვისი ფილოსოფიით ამართლებს… ჩემი აზრით, ცხოვრებაში ფაქტები და მოვლენები დომხალივით არეულ-დარეულია, იდეები კი, თუნდაც ყველაზე ურთულესი – მაცდუნებლად მარტივი. ისე გამოდის, რომ აზრთა სამყაროში ყველაფერი ნათელია, ცხოვრებაში კი – ბუნდოვანი და აბურდულ-დაბურდული. ამიტომაც არის, რომ ადამიანთა უმრავლესობა სულიერად იტანჯება და უბედურია”
ყვითელი ქრომი ალდოს ჰაქსლის პირველი და ბევრით არაფრით გამორჩეული რომანია. 27 წლის ჰაქსლიმ თავისი პირველი ნაშრომი 1921 წელს გამოსცა და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს Brave New World-ის მოყვარულთათვის, მასში ჩადო ყველაფერი საიმისოდ, რომ მკითხველს არ შეჰყვარებოდა ახალი ავტორი.
ყვითელი ქრომი აღწერს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ინგლისის ერთ-ერთ პროვინციაში მიმდინარე ყოველდღიურობას. ახალგაზრდა პოეტი, დენის სტოუნი, დასასვენებლად ჩადის ქრომში და იწყებს იქაურობის შესწავლას, დაკვირვებას და ათვისებას. ქრომის ყოველდღიური მშრალი რუტინის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ აქ მცხოვრები ადამიანები თვისებურად ყველა საინტერესოა. თუმცა, მათი ერთიანობა მრავალფეროვნებით გამოწვეული სიმშვენიერის ნაცვლად, ერთ დიდ აბდა-უბდას ემსგავსება, სადაც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ არავინ უსმენს ერთმანეთს. აქ ყველა პერსონაჟს თავ-თავისი საფიქრალი აქვს, და რეალურად, არც ერთი მათგანის საფიქრალი არის სერიოზული. ისინი სხედან, ყოველ დღე, ჩაის სვამენ, განიხილავენ ზოგადსაკაცობრიო თემებს, წინასწარმეტყველებენ ომს, (თუმცა რა თქმა უნდა, არც ერთი არის მზად ომისთვის და არც აპირებს მასში მონაწილეობის მიღებას) და რა თქმა უნდა, მატრაკვეცობენ. მატრაკვეცობენ საუბრის მანერით, ქცევით, საყვარელი კერძებით და ა.შ.შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ქრომი ჰაქსლის მხრიდან არის სერიოზული რეალისტური ნამუშევარი, რომელიც პრინციპში, ინგლისური ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ, დააინტერესებს, თუმცა მოგეხსენებათ, რეალიზმი იშვიათად ახარებს მკითხველს მოულოდნელი „აფეთქებებით“. სამწუხაროა, რომ ვერც ქრომში ვხვდებით მსგავს რამეს. მიუხედავად ამისა, მაღალი ფენის ინგლისელების მოქილიკე ჰაქსლი, რომელიც თავადვე ამ ფენას მიეკუთვნებოდა, საკმაოდ ოსტატურად ახერხებს იმდროუნდელი არისტოკრატიის უუნარობის და სიყალბის ჩვენებას. ადამიანები, რომლებიც მაღალ ინტელექტუალთა წრეს მიეკუთვნებიან, ერთმანეთისგან იმდენად შორს არიან, რომ ავტორი მათ გეომეტრიულ პარალელურ წრფეებს ადარებს, რომელთაც არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო.
“სიტყვა ადამიანის პირველი და ყველაზე გრანდიოზული გამოგონებაა. სიტყვამ შექმნა მთელი სამყარო”
მიუხედავად მოსაწყენი სიუჟეტისა, წიგნი საკმაოდ თავისუფლად იკითხება. მოკლედ და ამავდროულად სიღრმისეულადაა გაცნობილი თითოეული პერსონაჟი – კაცების გულთამპყრობელი ინგლისელი ბარონესა, აპოკალიპსის წინასწარმეტყველი ღვთის მსახური, ქრომის მფლობელი, ქალაქის ისტორიაში ცხვირით ჩამძვრალი მოხუცი და სხვანი.
დაკვირვებულ მკითხველს არ გამოეპარება სტოუნის ერთ-ერთი თანამეინახე – მისტერ სკოგანი, რომელიც ერთ-ერთი ჩაის სმის და საკაცობრიო პრობლემების განხილვის დროს, სახავს შორეული მომავლის უტოპიურ პროექტს. საუბრობს მოსახლეობის კასტებად დაყოფაზე, ცენტრალიზებულ სახელმწიფო აპარატზე, ემბრიონებზე და კიდევ ბევრ ისეთ რამეზე, რაც ანტიუტოპისტებს Brave New World-ს გაახსენებს.
ძალიანაც რომ ეცადო, ყვითელ ქრომს ვერ დაასპოილერებ, ვერც ერთ ინტრიგას ვერ მოკლავ წინასწარ. რადგან, წიგნში ინტრიგა არ არის. ინტრიგა მთავრდება პირველი გვერდის გადაშლიდანვე. მათ კი, ვისაც ჩემ მსგავსად ყვითელ ქრომში ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლისგან რაიმე გემრიელს ელოდა, სხვა გზა არ დარჩენია, ამაზე თავად უნად იზრუნოს. ჩაი კი… ჩაი ქრომში ბლომად აქვთ.
ავტორი: ირაკლი სულაძე