წმ. აბოს წამება თანამედროვე ქართულ ენაზე
იყო ჟამი, როდესაც სარკინოზთა (არაბთა) მპყრობელმა ამირა მუმნი აბდილამ (რომელიც თავის აშენებულ ქალაქ ბაღდადში ცხოვრობდა) ბაბილონში დაიბარა ქართლის ერისმთავარი ნერსე[1]. ბოროტი ადამიანების მიერ დასმენილი ნერსე ამირამ საპყრობილეში ჩასვა, სადაც მან სამი წელი დაყო. ამის შემდეგ ღვთის განგებით მოკვდა აბდილა და მის მაგივრად მისი ძე მაჰდი გამეფდა. ქველისმოქმედმა ღმერთმა მაჰდი ამირა მუმნის ნერსეს გათავისუფლება ჩააგონა. მაჰდიმ ნერსე გაათავისუფლა და ერისმთავრობის უფლებით სამშობლოში გამოუშვა.
ბაბილონში ყოფნისას ნერსეს მსახურად დაუდგა ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის არაბი ჭაბუკი – აბო, რომელმაც მასთან ერთად ქართლში წამოსვლა მოისურვა. აბოს მშობლები და და-ძმა ბაღდადში ცხოვრობდნენ, იგი ნელსაცხებლების მომზადებაში იყო დახელოვნებული და სარკინოზთა მწიგნობრობაც შესწავლილი ჰქონდა. აბრაამის მსგავსად აბომაც ღვთის მინიშნებით დატოვა მამული და ნერსეს დაემგზავრა.
ქართლში აბო ნერსე ერისმთავართან ცხოვრობდა. სათნოების გამო იგი ყველამ შეიყვარა. აბო ქართული ენის შესწავლას შეუდგა, ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ზედმიწევნით შესწავლაც დაიწყო, დადიოდა ეკლესიებში და ისმენდა სახარებას, საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს, ეკითხებოდა სჯულის-მეცნიერებს. ამგვარად შეისწავლა მან კათოლიკე ეკლესიის მოძღვრება.
ამის შემდეგ აბომ უარყო მუჰამედის სჯული და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე, თუმცაღა ქართლის მპყრობელ სარკინოზთა შიშით აშკარად ვერ აცხადებდა თავს ქრისტიანად. აბო ფარულად მარხულობდა და ლოცულობდა და ეძიებდა დაფარულ ადგილს ნათლისღებისთვის.
იმ დღეებში სარკინოზთა ხელისუფალნი ისევ განურისხდნენ ნერსე ერისმთავარს. მან გაქცევით უშველა თავს. უფალმა ნერსე სარკინოზთაგან დაიფარა. მან გაიარა ოსეთის კარი, რომელსაც დარი-ალანს (დარიალს) უწოდებდნენ და ჩრდილოეთის ქვეყნებში შევიდა. ნერსეს სამასამდე მამაკაცი გაჰყვა, მათთან ერთად იყო ქრისტეს სანატრელი მონა აბო.
ჩრდილოეთის ქვეყანა მაგოგის ძეთა სამყოფელი იყო. ესენი ხაზარები იყვნენ, ველური ხალხი, საშინელი შესახედაობის, მხეცის ბუნებისანი, სისხლის მსმელნი, მათ არ ჰქონდათ სჯული, მაგრამ შემოქმედი ღმერთი იცოდნენ. ხაზართა მეფემ შეიფარა ნერსე, როგორც უცხო და მტერთაგან დევნილი, მისცა მასაც და მის თანმხლებთაც საკვები და სამოსი.
ნეტარმა აბომ როგორც კი იხილა, რომ სარკინოზთაგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, იჩქარა ქრისტესთან მიახლოება და მოინათლა პატიოსანი მღვდლების ხელით. სულიწმიდის მადლით ჩრდილოეთის ქვეყანაში მრავალი ქალაქი და სოფელი იყო, რომლებიც მშვიდად ცხოვრობდნენ ქრისტეს სარწმუნოებით[2]. ამის შემდეგ ქრისტეს მადლით აღვსილი აბო დაუბრკოლებლად შეუდგა მარხვასა და ლოცვას.
ცოტა ხნის შემდეგ ნერსემ ჩრდილოეთის მეფეს სთხოვა, გაეშვა აფხაზეთში, სადაც მას წინასწარ დედა, ცოლ-შვილი, მსახურები და მთელი ქონება გაეხიზნა. ეს ქვეყანა სარკინოზთაგან დაცული იყო. ღმერთმა დაამშვიდა ჩრდილოეთის მეფე და მან ნერსე მრავალი საჩუქრით გაისტუმრა. ქართლის ერისმთავარი და მისი თანმხლებნი დიდი სიხარულითა და ღვთისადმი მადლიერებით აფხაზეთისაკენ გაემართნენ; მგზავრობაში მათ სამი თვე გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში ნეტარი აბო მარხულობდა და ლოცულობდა, განუწყვეტლივ გალობდა ფსალმუნებს. აფხაზეთს რომ მიაღწიეს, ამ ქვეყნის მთავარმა მიიღო ნერსე და მისი ხალხი. როდესაც მან აბოს ნათლისღების ამბავი შეიტყო, დიდად გაიხარა. აბო იხმეს მთავარმა, ეპისკოპოსმა და მღვდელმა, აკურთხებდნენ, ანუგეშებდნენ და საცხოვნებელ სწავლებას აუწყებდნენ, ქრისტესა და საუკუნო ცხოვრების შესახებ ახარებდნენ. აბოც, თავის მხრივ, მადლობით მიუგებდა ჭეშმარიტი სარწმუნოების სიტყვებს, ისე რომ მათ უკვირდათ კიდეც და ღმერთს ადიდებდნენ. ნეტარი აბო უფრო მეტად მადლობდა ღმერთს, რადგან ქრისტეს სარწმუნოებით აღსავსე ქვეყანა იხილა, მასში ურწმუნოთაგანი არავინ მკვიდრობდა.
წმიდა აბომ იქაური ხალხის გარდამეტებული ღვთისმოყვარება და მთელი ერის გამუდმებული ლოცვა რომ იხილა, საღვთო გულმოდგინებით განიმსჭვალა, რამეთუ წმიდა მოციქულის სიტყვები გაიხსენა: “კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის” (გალატ. 4,18). აბო ღვაწლს ზამთარში შეუდგა, ჩვიდმეტ იანვარს, წმიდა ანტონი დიდის ხსენების დღეს. მძიმე შრომა იტვირთა, ქალაქში, როგორც უდაბნოში ებრძოდა მტერს – ეშმაკს, დუმილითა და მარხვით ასუსტებდა ახალგაზრდა სხეულს, “რაჲთა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განხურვებულთა დაშრეტად” (ეფეს. 1,16). აბომ მაცხოვარი გაიხსენა, რომელმაც ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გასულმა ორმოცდღიანი მარხვითა და ლოცვით დაამარცხა მზაკვარი გამომცდელი – ეშმაკი. მსგავსადვე ნეტარი აბო ადამიანებს ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა, მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში. ასე გაატარა სამი თვე მარხვითა და დუმილით, ხოლო დიდი მარხვის დღეებში შაბათსა და კვირას ეზიარებოდა და მხოლოდ ზიარების შემდეგ იღებდა მცირეოდენ საზრდოს. ასე გაგრძელდა ქრისტეს აღდგომის დიდებულ დღესასწაულამდე. ამის შემდეგ აბომ შეწყვიტა ეს მძიმე მარხვა, დუმილიც დაასრულა და ღმერთს ადიდებდა.
ნერსეს ქართლიდან გაქცევის შემდეგ მაჰდი ამირა მუმნმა ღვთის ბრძანებით ქართლის ერისმთავრად სტეფანოზი გამოგზავნა, გურგენ ერისთავის ძე, ნერსეს დისწული. ამ ამბავმა ნერსე გაახარა, რადგან უფალმა მის სახლს მთავრობა არ განაშორა. ნერსემ ამირებთან მოციქულები გააგზავნა, თბილისში უსაფრთხოდ დაბრუნების ნებართვა ითხოვა.
როგორც კი აფხაზეთიდან გამოემართნენ, აფხაზეთის მთავარმა დაუძახა ნეტარ აბოს და უთხრა: ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლი სარკინოზების ხელშია, შენ კი ბუნებით სარკინოზი ხარ, არ მოგცემენ ნებას მათ შორის იცხოვრო და ქრისტიანად დარჩე. მეშინია, ნებით ან უნებლიეთ ქრისტეს სარწმუნოებას არ განგაშორონ და ამდენი შრომა არ დაგეკარგოს. ნეტარმა აბომ მიუგო: “რაკი შემიწყნარა ქრისტემ, ჩემი უწინდელი უმეცრების სიბნელე განმაშორა და მისი ნათლის ღირსი გამხადა, არასოდეს უარვყოფ მის სახელს. მრავალი ოქრო და ვერცხლიც რომ მომცენ, თუნდაც მტანჯონ და მგვემონ, ვერ განმაშორებენ ჩემი უფლის სიყვარულს. ახლა კი ნუ დამაკავებ, ღვთისმსახურო, რადგან რა მადლი აქვს ჩემს აქ ყოფნას, სადაც არც შიშია და არც ქრისტესთვის სიკვდილი. გევედრები, გამიშვი, რომ ცხადად ეუწყოს ჩემი ქრისტიანობა იმ ქრისტეს მოძულეებს, რამეთუ მსმენია წმიდა სახარებიდან ჩვენი მაცხოვრის თქმული:“არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა დადგიან, რაჲთა ენთებოდის ყოველთა. ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა” (მათ. 5,15-16). და აწ მე რისთვის დავფარო ეს ნათელი, რომლითაც ქრისტემ განმანათლა? არასოდეს დავიმალები სიკვდილის შიშით, რადგან მისწავლია წმიდა მოციქულისაგან: “არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ” (1 კორ. 6,9). ამიტომაც არ მეშინია სიკვდილის, რამეთუ მე ქრისტესგან სასუფეველს ვეძიებ”. ასე დაარწმუნა აბომ მთავარი და მანაც გაუშვა იგი.
წმიდა აბო ნერსესთან ერთად ქართლში ჩამოვიდა, ქალაქ თბილისში შემოვიდა და ცხადად აღიარებდა ქრისტიანობას. თბილისში მცხოვრებმა სარკინოზებმა, რომლებიც ადრე იცნობდნენ აბოს, იგი ქრისტიანად რომ იხილეს, ზოგი საყვედურობდა, ზოგი შეურაცხყოფდა, ზოგი აშინებდა, ზოგი დევნიდა, ზოგი მშვიდი სიტყვით ცდილობდა მის დარწმუნებას. მაგრამ აბო განმტკიცებული იყო ქრისტეს რწმენაში და არავისი ეშინოდა. სამი წლის განმავლობაში მიმოდიოდა იგი თბილისსა და მის გარშემო სოფლებში ქრისტიანობის დაუფარავად, მაგრამ“ვერავინ მიყვნა ხელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი” (იოან. 7,30). ქრისტესმოყვარენი, რომელთაც აბოს ღვთისმოყვარება იცოდნენ, ეხმარებოდნენ მას საზრდელითა და სამოსით.
წმიდა აბოს წამება
ნეტარი აბოს მარტვილობა აღსრულდა ექვს იანვრს, პარასკევ დღეს, განცხადების (ნათლისღების) დღესასწაულზე[3]. ამ დროს კონსტანტინოპოლში კონსტანტინე ლეონის ძე მეფობდა, სარკინოზების მეფე მოსე ამირა მუმნი იყო, მაჰდის ძე, ქართლში კათალიკოსი იყო სამოელი, ერისმთავარი – სტეფანოზი, გურგენის ძე.
ნათლისღებამდე ცოტა ხნით ადრე შეიპყრეს ნეტარი მოწამე ქრისტესი და მიიყვანეს მსაჯულთან, რომელიც ქალაქ თბილისის ამირა იყო. ქრისტეს აღიარებისთვის აბო საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სტეფანოზ ქართლის ერისმთავარმა გამოითხოვა იგი, საპყრობილიდან გამოიყვანა და გაუშვა.
არ გასულა დიდი დრო და მოწამის დამბეზღებელნი ისევ აღიძრნენ. მოილაპარაკეს, შევიდნენ მსაჯულთან (უკვე ახალი ამირა იყო თბილისში) და უთხრეს: ამ ქალაქში ერთი ჭაბუკია, ტომით სარკინოზი, იმ სჯულითაა აღზრდილი, რომელიც ჩვენმა მოციქულმა მუჰამედმა მოგვცა. ახლა კი მიუტოვებია ჩვენი სჯული, თავს ქრისტიანად აცხადებს და უშიშრად დადის ქალაქში, მრავალ ჩვენგანს გაქრისტიანებისაკენ მოუწოდებს. აწ ბრძანე მისი შეპყრობა, ტანჯე და გვემე, სანამ მუჰამედის, ჩვენი მოციქულის სჯულს არ აღიარებს. თუ არა და მოკვდეს, რომ მისი ქადაგების გამო სხვებმაც არ მიბაძონ.
დაბეზღების ამბავი ქრისტიანებმა გაიგეს, სასწრაფოდ მივიდნენ აბოსთან და უთხრეს: დაგეძებენ შესაპყრობად, სატანჯველად და საგვემელად. არწმუნებდნენ, გარიდებოდა საფრთხეს და დამალულიყო. აბომ გულშემატკივრებს უთხრა: მე ქრისტესთვის არა მხოლოდ სატანჯველად ვარ გამზადებული, არამედ სიკვდილისთვისაც. სიხარულით წამოვიდა და ქუჩებში უშიშრად მიმოდიოდა. შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულთან მიიყვანეს.
მსაჯულმა უთხრა: “ეს რა მესმის შენზე? გვარტომობით სარკინოზი ხარ, მშობლიური სჯული მიგიტოვებია და ქრისტიანთა ცდომილებაში ჩავარდნილხარ? ახლა მოემზადე და იმ სჯულით ილოცე, რომლითაც შენმა მშობლებმა გაგზარდეს”. ნეტარი აბო განძლიერდა ქრისტეს მიერ, რწმენის სულით აღივსო და მსაჯულ ამირას ასე უპასუხა: “ეგ სწორად თქვი, რომ ბუნებით სარკინოზი ვარ, მამითაც და დედითაც სარკინოზად ვარ შობილი; მუჰამედის სჯულით ვიყავ განსწავლული და იმით ვცხოვრობდი, სანამ უმეცრებაში ვიმყოფებოდი. მაგრამ როდესაც ინება ღმერთმა, რომელმაც ჩემს ძმათა და ნათესავთაგან გამომირჩია, იესო ქრისტეს, თავისი ძისა და ჩემი ღმერთის მიერ მიხსნა, და უმჯობესის გულისხმისყოფა მომანიჭა, მაშინ მივატოვე კაცთა მიერ შეთხზული სჯული, მეზღაპრეობის სიბრძნით მოპოვებული სარწმუნოება და წმიდა სამების – მამის, ძისა და სულიწმიდის სარწმუნოებას შევუდექი, ჭეშმარიტს, ქრისტეს მიერ მომადლებულს. ამ ღმერთის რწმენით მოვინათლე და მას ვსცემ თაყვანს, რამეთუ ესაა ჭეშმარიტი ღმერთი. აწ ქრისტიანი ვარ, ყოველგვარი დავის გარეშე”.
მსაჯულმა უთხრა: “უკუაგდე ეგ სულელური აზრი და თუკი გაჭირვების გამო შედგომიხარ ქრისტიანებს, მე ახლავე მოგცემ უფრო მეტ საბოძვარსა და პატივს”.
ნეტარმა აბომ მიუგო: “შენი ოქრო და ვერცხლი შენვე გქონდეს, შენი თავის წარსაწყმედად. მე პატივს კაცთაგან არ ვეძიებ, რადგან ქრისტესმიერი საბოძვარი გამაჩნია – ხსნისა და უხრწნელების გვირგვინი და საუკუნო პატივი ზეცაში”.
მაშინ მსაჯულმა ბრძანა, შეეკრათ აბოსთვის ხელ-ფეხი რკინის ბორკილით და ასე ჩააგდეს იგი საპყრობილეში. ნეტარი ხარობდა, უფალს მადლობდა და ამბობდა: “გმადლობ, შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათვის წმიდისა”.
ეს მოხდა ოცდაშვიდ დეკემბრს, სამშაბათს, ხსენება იყო ქრისტეს მოციქულის, პირველდიაკონისა და პირველმოწამის, ყოველთა მოწამეთა ერისმთავრის[4] – წმიდა სტეფანესი. ასე განეწესა და ასე შვენოდა, რომ ყოველთა მოწამეთა ერისმთავარს ყველა სხვა მოწამესთან ერთად ეღვაწა, რათა ეს უკანასკნელი ქრისტეს მოწამე მოწამეობრივ გზაზე არ დაბრკოლებულიყო.
ნეტარი აბო საპყრობილეში დღითა და ღამით შეუსვენებლივ მარხვაში, ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში იყო; მოწყალებას გასცემდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა და საპყრობილეში მყოფ მშივრებსა და ღარიბებს ეხმარებოდა. ცრუმოძღვრები და მაბეზღებლები შედიოდნენ მასთან და ესაუბრებოდნენ. ზოგი მათგანი თვალთმაქცურად ეუბნებოდა: “შვილო, თავს ნუ გაწირავ, ნურც შენ სიჭაბუკეს გაცვლი ქრისტიანობაზე, ნურც შენს დებსა და ძმებს განეშორები, რომ შენ თავს ავი არ შეამთხვიო და ჩვენ ყველანი არ შეგვაწუხო”. სხვები აშინებდნენ და ეუბნებოდნენ: “რას გარგებს შენი ქრისტე, ვინ დაგიხსნის ჩვენი ხელიდან, რადგან ცეცხლი და სატანჯველი უკვე გამზადებული გვაქვს შენთვის, თუკი ჩვენკენ არ მობრუნდები”. ნეტარი აბო მათ არ უსმენდა, ლოცულობდა და გონებით განუწყვეტლივ ფსალმუნებს გალობდა. მათი ბევრი ლაპარაკის შემდეგ უთხრა: “ნურაფერს მეტყვით, რადგან “მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაჲ არა აღაღის პირი თჳსი; ვიყავ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუაჲ, რამეთუ მე უფალსა ვესავ. განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი” (ფსალმ. 37,14-16; 118, 115). ვერ შეარყიეს მაცთურებმა მართალი აბო და საპყრობილიდან შერცხვენილები გამოვიდნენ.
ნეტარმა საპყრობილეში ცხრა დღე გაატარა, იგი ყოველდღიურად მარხულობდა და ღამეს ათევდა. მეცხრე დღეს მასთან ერთად მყოფ პატიმრებს უთხრა: “ხვალ სხეულს დავტოვებ და მივალ ჩემს უფალთან და ღმერთთან – იესო ქრისტესთან”. ეს უფალმა გამოუცხადა თავის მოწამეს. ამის შემდეგ აბომ სამოსელი განიძარცვა და გასაყიდად გაატანა, რათა მისთვის კერეონები (კელაპტრები) და საკმეველი ეყიდათ. ნაყიდი კერეონები ქალაქის ყველა ეკლესიაში დააგზავნა ასანთებად. ამასთან ერთად ყველა მღვდელს თხოვნა შეუთვალა – ელოცათ მისთვის, რათა ქრისტეს სარწმუნოებაში არ დაბრკოლებულიყო და ქრისტესთვის წამების ღირსი გამხდარიყო.
წმიდა დღესასწაულის (ნათლისღების) ღამეს ნეტარმა აბომ ორი დიდი სანთელი აიღო და გათენებამდე ფეხზე იდგა, სანამ მთელი ფსალმუნი არ იგალობა და სანთლები არ ჩაიწვა მის ხელებში, რომლებიც რკინით ჰქონდა მიბმული კისერზე.
როდესაც მეათე დღე გათენდა, მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული, ექვსი იანვრი[5], პარასკევი, ნეტარმა აბომ თქვა: “დიდია ეს დღე ჩემთვის, რადგან ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ორმხრივ გამარჯვებას ვხედავ. ამ დღესასწაულზე მდინარე იორდანეში ჩავიდა განშიშვლებული ნათლისღებისთვის და ღვთაების ძალით შემუსრა წყალთა სიღრმეში დამალული გველის თავები. ამ დღეს ჩემთვის შესაფერია, რომ განვიმოსო შიში სხეულის გამო, რომელიც სამოსია ჩემი სულისა, და როგორც ზღვის სიღრმეში, ისე შევიდე ამ ქალაქის შუაგულში და ნათელვიღო ჩემივე სისხლით და ცეცხლითა და სულით, როგორც იქადაგა წინამორბედმა იოანემ. და შემდგომ წყალშიაც ჩავიდე და კვლავ განვნათლდე, რადგან დღეს სულიწმიდა გადმოდის ყველა წყალზე, რომლითაც ქრისტეს მორწმუნენი ინათლებიან. ხოლო ჩემი სხეულის განშიშვლებით აბუჩად ავიგდო და შუა ქალაქში ფეხით გავთელო მზაკვარი მტრის სივერაგენი, რომლებიც ჩემთვის განიზრახა. და კვლავ, ამ პარასკევ დღეს უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ თავისი ვნებით, ჯვარზე ხელთა გაშლით შეარცხვინა და კიდითკიდემდე თითით საჩვენებელი გახადა მთელი ქვეყნიერების მტერი. ახლა მეც მმართებს, რომ ქრისტიანთა მტერს საბრძოლველად მივეჭრა და ქრისტესთვის ჩემი სისხლის დაღვრით ყველა ქრისტიანისთვის სასაცილო გავხადო იგი. მას ეგონა, თითქოს სიკვდილის შიშით ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულს განმაშორებდა. მე კი საძრახისს გავხდი მის განზრახვას და ვძლევ მას ქრისტესმიერი შეწევნით, და ჩემი უფლის ორმხრივ ვალს გადავიხდი”.
ნეტარმა აბომ წყალი მოითხოვა, პირი დაიბანა, თავზე ზეთი იცხო და თქვა: “ოდესღაც თვითონ ვიყავი მენელსაცხებლე, სურნელოვან საცხებელთა კარგად შემზავებელი. ეს საცხებელი კი ჩემი დასაფლავების დღისთვისაა, ამიერიდან აღარ ვიცხებ ამ წარმავალ, ჩემი მწირობის ზეთს, არამედ როგორც სოლომონმა მასწავლა “ქება ქებათაში”: “სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი” (ქება 1,3)ქრისტე, რომელმაც შენი სარწმუნოებისა და სიყვარულის წარუვალი სურნელებით აღმავსე. იცი, უფალო, რომ თავზე მეტად შენ შეგიყვარე!” ეს რომ წარმოთქვა, კაცი გააგზავნა ეკლესიაში და მოართვეს წმიდა საიდუმლო – ხორცი და სისხლი ქრისტესი. ამ დროს მესამე ჟამი იყო ნათლისღების დღისა. ჭეშმარიტსა და განმაცხოველებელ საიდუმლოს რომ ეზიარა, თქვა: “გმადლობ, შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომნიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერთაგან არღარა მივიღო სხუაჲ საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის, და არც სხუაჲ სასმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ. აწ “დაღათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ” (ფსალმ. 22,4).
ესა თქვა და მაშინვე მსაჯულის მსახურები მოვიდნენ. აბო პატიმარ ქრისტიანებს დაემშვიდობა და უთხრა: “ლოცვებში მომიხსენეთ, რამეთუ ვეღარ მიხილავთ ამ წუთისოფელში”. გამოიყვანეს აბო საპყრობილიდან ხელ-ფეხზე ბორკილდადებული; მიჰყავდათ იგი ქალაქში, მისი შემხედვარე ქრისტიანები და ნაცნობები ტიროდნენ, ხოლო წმიდანმა უთხრა მათ: “ნუ სტირით ჩემზე, არამედ გიხაროდეთ, რამეთუ მე ჩემს უფალთან მივდივარ. ლოცვით გამგზავნეთ და უფლის მშვიდობამ დაგიფაროთ თქვენ”.
აბო ისე მიდიოდა, თითქოს სულით თავის სხეულს მიაცილებდა, ისევე როგორც მიცვალებულს მიაცილებენ. იგი ასმეთვრამეტე ფსალმუნს ამბობდა: “ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა” (ფსალმ. 118,1), ხოლო საგალობლად ავაზაკის სიტყვებს დაურთავდა: “მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა” (ლუკ. 23,24).
ასე მიუახლოვდა აბო ამირას კარს, გაბედულად გადასწერა მას ჯვარი და თვითონაც პირჯვარი გამოისახა. წარუდგინეს იგი მსაჯულ ამირას, რომელმაც უთხრა: “რაო, ჭაბუკო, რა მოიფიქრე?” წმიდა მოწამე სულიწმიდით აღივსო და უპასუხა: “მე მოვიფიქრე და ქრისტიანი ვარ”.
მსაჯულმა ჰკითხა: “არ მიგიტოვებია შენი სიგიჟე და უგუნურება?” ნეტარმა მიუგო: “უმეცრებასა და უგუნურებაში რომ ვყოფილიყავ, ქრისტეს მიყოლის ღირსი ვერ გავხდებოდი”. უთხრა მსაჯულმა: “ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეგ შენი სიტყვები სიკვდილის მიზეზად გაგიხდება?” წმიდანმა მიუგო: “თუკი მოვკვდები, მწამს, რომ ქრისტესთან ვიცოცხლებ; და შენ რაღას აგრძელებ? რაც გეგულება ჩემთვის, აღასრულე, რადგან მე ისევე არ მესმის შენი ამაო სიტყვები, როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობიხარ. ჩემი გონება ქრისტესთანაა, ზეცაში!”
უთხრა მსაჯულმა: “ასეთი რა სიტკბოება მიგიღია შენი ქრისტესგან, რომ თავი სიკვდილისთვისაც არ გებრალება?” უპასუხა წმიდა აბომ: “თუკი მისი სიტკბოების შეცნობა გსურს, ირწმუნე ქრისტე, მოინათლე და მაშინ გახდები მისი სიტკბოების შეცნობის ღირსი”.
ამაზე ამირა განრისხდა, ბრძანა მისი გარეთ გაყვანა და თავის მოკვეთა. მსახურებმა აბო სასახლიდან გამოიყვანეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს. ნეტარმა სამოსელი გადაიხია, გაშიშვლებულმა ჯვარი გამოისახა და თქვა: “გმადლობ და გაკურთხევ, შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა”! ამის შემდეგ ხელები ზურგზე გადაიჯვარედინა, მხიარული სახით და უშიშარი სულით შეჰღაღადა ქრისტეს და მახვილს ქედი მოუდრიკა.
სამჯერ დაჰკრეს მახვილი აბოს, ეგონათ, სიკვდილის შიშით განაშორებდნენ ქრისტესგან, მაგრამ წმიდა მარტვილი დუმილითა და მხნეობით ხვდებოდა მახვილს, სანამ სული არ მიაბარა უფალს.
როდესაც ქრისტეს მბრძოლებმა, წმიდა მოწამის მაბეზღებლებმა იხილეს, რომ ნეტარი აბო ქრისტეს მიმართ მიიცვალა, კეთილი ღვაწლი მოიღვაწა და სარწმუნოებითა და მოთმინებით სძლია მათ ჭკუამცდარობას, უფრო მეტად აღივსნენ შურით, შევიდნენ მსაჯულთან და უთხრეს: “ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანებს ამგვარი ჩვეულება აქვთ: თუკი ვინმე ქრისტესთვის მოკვდება, მოიპარავენ მის გვამს, პატივით დაფლავენ, ხალხში სიცრუით ხმას დაყრიან, თითქოს მისგან სასწაულები და კურნებები აღესრულება, მის სამოსს, თმებსა და ძვლებს გაინაწილებენ, თითქოს სნეულთა დასაცავად და ამ გზით მრავალ უმეცარს შეიტყუებენ. აწ ბრძანე, მისი გვამი ჩვენ გადმოგვეცეს, რომ წავიღოთ, დავწვათ და გავაქროთ და მოვსპოთ ქრისტიანთა საცდური, რათა ყველამ დაინახოს და შეეშინდეთ. ამით ზოგი ქრისტიანი ჩვენსკენ მოიქცევა, ჩვენები კი შეშინდებიან და ქრისტიანთა სწავლებას აღარ შეუდგებიან”. მართალია, ამას ქრისტიანთა შურით ამბობდნენ, მაგრამ ჭეშმარიტებას მოწმობდნენ, რამეთუ ქრისტეს მოწამენი მკურნალნი და მეოხნი არიან ყველასთვის, ვინც მათ ქრისტესმიერი სიყვარულითა და სარწმუნოებით შეეხება. მსაჯულმა უთხრა მათ: “სადაც გინდათ, იქ წაიღეთ და როგორც იცით, ისე მოიქეცით”.
წამოვიდნენ, აიღეს აბოს პატიოსანი გვამი, სამოსელთან ერთად ხურჯინში ჩადეს, დაღვრილი სისხლი მიწიდან ამოთხარეს და ისიც ჭურჭელში ჩადეს. წმიდა მოწამის გვამი ურემზე დადეს ორმოცი მოწამის მსგავსად. ის ადგილი, სადაც წმიდანს თავი მოჰკვეთეს, ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესიის კართან იყო. ასე შვენოდა, რომ წმიდა აბო ორმოც მხნე მოწამეს მიმსგავსებოდა.
წმიდანის გვამი ქალაქგარეთ გაიტანეს, იმ ადგილას, რომელსაც “საგოდებელი” ეწოდებოდა, რამეთუ იქ იყო ამ ქალაქის მცხოვრებთა სასაფლაო. იქ გადმოიღეს იგი ურმიდან და მიწაზე დადეს. მოიტანეს შეშა, თივა და ნავთი, რომელიც წმიდანის გვამს გადაასხეს. წაუკიდეს ცეცხლი და დაწვეს წმიდა მოწამის სხეული, იმ ადგილას, რომელიც ქალაქის ციხის (რომელსაც სადილეგო ჰქვია) აღმოსავლეთითაა, მდინარე მტკვრის კლდოვან ნაპირზე. ქრისტიანებს იმ ადგილთან მისვლის ნება არ დართეს, სანამ არ დაწვეს წმიდა მოწამის სხეული. მოწამის ძვლები, რომელთა დაწვაც ვერ შეძლეს, ცხვრის ტყავში გამოკერეს და მტკვარში ჩააგდეს, ქალაქის ხიდის ქვეშ, რომელზედაც აღმართული იყო “პატიოსანი ჯუარი ჴიდისაჲ”. ამ მდინარის წყალი წმიდა ძვლების სამოსელი შეიქნა, წყლის სიღრმე კი – წმიდა მარტვილის საფლავი, რათა დაუდევრად არავინ შეხებოდა მის წმიდა ნაწილებს. ეს ჩაიდინეს იმ ქრისტეს მბრძოლებმა და ასე მოიღვაწა ნეტარმა კეთილი ღვაწლი.
თბილისში მცხოვრებმა ქრისტიანებმა მოძალადეთა შიში განაგდეს და ყველა იმ ადგილისკენ გაეშურა, სადაც მოწამის სხეული დაწვეს. ყველანი სიხარულით მიდიოდნენ და ქრისტეს მადლობდნენ, იმ ადგილიდან მიწას იღებდნენ. იმ დღეს მრავალი სნეული განიკურნა. ყოვლად ძლიერმა ღმერთმა თავისი ძალა უფრო მეტად გამოაჩინა და საკვირველი სასწაულით ადიდა თავისი მარტვილი, რათა ყველას სცოდნოდა, რომ აბო ქრისტეს მოწამეა.
როდესაც დაღამდა და ღამის პირველი ჟამი დადგა, უფალმა იმ ადგილას (სადაც აბოს სხეული დაწვეს), ცეცხლის ლამპარივით მანათობელი ვარსკვლავი მოავლინა. ვარსკვლავი ჰაერში იყო გაჩერებული ღამის მესამე ჟამამდე ან უფრო მეტ ხანს; მისი ბრწყინვალება ამქვეყნიური ცეცხლისას არ ჰგავდა, საშინელი ელვის მსგავსი იყო. ამ ნათებას ქალაქის ყველა მცხოვრები ხედავდა – ის მსაჯულიც, ქრისტიანებიც, სარკინოზებიც და უცხო მწირებიც. დიდხანს შეჰყურებდნენ იმ სასწაულს, მოძალადეებს შერცხვათ კიდეც. მსაჯულის ზოგიერთი მსახური მიუახლოვდა იმ ადგილს, ფიქრობდნენ, ქრისტიანებმა ლამპარი ხომ არ აანთესო. ახლოს მისულებმა დაინახეს, რომ ვარსკვლავი ჰაერში ამაღლდა და შეშინებულები იმ ადგილამდე ვეღარ მივიდნენ.
მეორე ღამეს წყალმა გამოსცა კიდევ უფრო საკვირველი ნათელი. იმ ადგილიდან, სადაც მოწამის ძვლები ჩაყარეს, ელვის მსგავსი ნათლის სვეტები ამობრწყინდა. ისინი დიდხანს ანათებდნენ მდინარის ნაპირებს, ციცაბო კლდეს და ხიდს. ამ საკვირველებასაც მთელი ქალაქი ხედავდა, რათა ყველას ერწმუნა, რომ ჭეშმარიტად იესო ქრისტეს, ღმერთის ძის მარტვილია აბო, და ყველას, ურწმუნოებსაც და მორწმუნეებსაც გულისხმაეყოთ – ჭეშმარიტია უფლის მიერ თქმული: “მე თუ ვინმე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა” (იოან. 12,26).
თუკი ღმერთმა ხრწნადი სხეული აქვე ასე ადიდა, რამდენად უმეტესად განდიდებულს იხილავენ წმიდანს საყოველთაო აღდგომის დღეს?! მაშინ შერცხვებათ იმ უგუნურებს თავიანთი სიშმაგის გამო. ქრისტე უარყვეს, მის წმიდანებს ტანჯავდნენ, სდევნიდნენ და კლავდნენ, ხოლო უფალი ზეცაში იწყნარებდა თავის ერთგულებს.
ახლა კი, საყვარელნო, გვმართებს უფრო მეტად შევიწყნაროთ პირველი მოწამეები; ამ ახალი, თვალით ხილული მოწამისაგან იმ პირველებისაც უნდა ვირწმუნოთ და წარმოვთქვათ ნეტარი დავითის სიტყვა: “პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ” (ფსალმ. 115,6), რამეთუ მას შვენის დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
შენიშვნები:
1. აბოს ცხოვრების პერიოდში ქართლი (აღმოსავლეთ საქართველო) არაბეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, აფხაზეთი (დასავლეთ საქართველო) – ბიზანტიელების. როგორც აბოს ცხოვრებიდან ჩანს, ქართლის ერისმთავრებს არაბი ამირები გარკვეულ უფლებებს უტოვებდნენ, მაგრამ ეს უფლებები და, საერთოდ, მათი თავისუფლება მუდმივად ბეწვზე ეკიდა.
2. ისტორიული ცნობების მიხედვით, მართალია, ამ პერიოდში ხაზარებს სახელმწიფო რელიგია არ ჰქონდათ, მაგრამ მათ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრობდნენ ქრისტიანები, მაჰმადიანები, იუდეველები და სხვა რელიგიების წარმომადგენლები.
3. აბოს მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ მისი ცხოვრების ამსახველ ხელნაწერებში განსხვავებული თარიღებია დასახელებული. მიხეილ საბინინის თანახმად, წმ. აბო 790 წელს აღესრულა, კ. კეკელიძის გამოთვლებით, 786 წელს.
4. რადგან წმიდა სტეფანე პირველია მათ შორის, ვინც ქრისტესთვის ეწამა, ამიტომ მოიხსენებს იოანე საბანის ძე მას ყოველთა მოწამეთა ერისმთავრად.
5. მართალია, წმ. აბო ნათლისღების დღესასწაულზე, ექვს იანვარს (ახ, სტ. 19 იანვარი) აღესრულა, მაგრამ ეკლესიამ მისი დღესასწაული 7 იანვარს დააწესა (ვინაიდან ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია და ამ დღეს ღვთისმსახურებისას მხოლოდ ნათლისღების საკითხავები იკითხება). კათალიკოსმა ანტონ პირველმა წმ. აბოს დღესასწაული 8 (ახ. სტ. 21) იანვარს გადაიტანა და მას შემდეგ ეს დღეა დადგენილი ჩვენში წმ. აბოს დღესასწაულად.
შედგენილია იოვანე საბანის ძის “წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოჲსი” მიხედვით.