კარდიფის გიგანტი
1869 წლის 16 ოქტომბერს ნიუ-იორკის შტატის პატარა წყნარი სოფელი კარდიფი მოულოდნელად გამოცოცხლდა. უილიამ ნიუელის ბეღელის უკან ჩატარებულმა გათხრებმა 3 მეტრი სიგრძის ადამიანის გაქვავებული ნაშთი აღმოაჩინა. ამბავი უმალ მოედო მთელ სოფელს და მალე ამ ადგილს ათასობით ადამიანი მოაწყდა. ერთჯერადი ხილვა 50 ცენტი ღირდა, თუმცა ხალხი უზღვავად იყო და მათი ნაკადი არ წყდებოდა.
მალე დაიწყო ბჭობა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა ეს აღმოჩენა. ნაწილი ფიქრობდა, რომ ის გაქვავებული ადამიანი იყო, ნაწილის აზრით – უძველესი ქანდაკება. გაქვავებული ადამიანის თეორიის მომხრეებს არგუმენტად მოჰყავდათ ძველ აღთქმაში ნახსენები ბუმბერაზი ხალხი, მათი აზრით, ეს ერთ-ერთი მათგანი იყო. ქანდაკების მომხრეები დოქტორ ჯონ ბოინტონის მეთაურობით ამტკიცებდნენ, რომ ის სადღაც მე-17 საუკუნეში უნდა ყოფილიყო დაფლული იეზუიტი მისიონერების მიერ.
რეალობა კი ამ ორ ვერსიაზე გაცილებით ბანალური იყო. 1866 წელს თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე ჯორჯ ჰალს კამათი მოუვიდა მეთოდისტ მოქადაგესთან. ჯორჯი, როგორც ათეისტი, ამტკიცებდა, რომ ბიბლია პირდაპირ არ უნდა გაეგოთ, ხოლო მეთოდისტი საპირისპიროს უმტკიცებდა და ისიც დაამატა, რომ დაბადების წიგნში აღწერილი გიგანტებიც პირდაპირი გაგებით არსებობდნენ. იქიდან წამოსულ ჯორჯს თავში აზრად მოუვიდა, შეექმნა ქანდაკება და გიგანტურ ადამიანად გაესაღებინა, იმის გასარკვევად, რამდენი ადამიანი დაიჯერებდა ამას. ასევე, კარგი ვარიანტი იყო ფულის საშოვნელადაც. ის იოვას შტატში გაემგზავრა, სადაც სპეციალისტები დაიქირავა და თაბაშირისგან ქანდაკება გააკეთებინა, ზომებით 3მ X 1.2მ X 0.6მ. მიზეზად უთხრა, რომ ის გამიზნული იყო პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნისთვის.
ამის შემდეგ ჯორჯმა მუშები დაიქირავა ქანდაკების გადასატანად. უახლოეს სადგურამდე მიტანას სამი კვირა დასჭირდა. თავისი გეგმა გაანდო ჩიგაკოელ ქვისმჭრელს ედვარდ ბარქარდს და ქანდაკება მის ფარდულში დამალეს. ორი ასისტენტის დახმარებით ედვარდმა გიგანტის დამუშავება დაიწყო, რათა მაქსიმალურად მიეახლოვებინა რეალურთან: ხელი მუცელზე ჰქონდა მოჭერილი და ისე ჩანდა, თითქოს სიკვდილის წინ საშინელი ტკივილი აწუხებდა მუცლის არეში. სახეზე ნაკვთები გამოსახეს, მიმიკის ეფექტიც კი შექმნეს. ჰალს გარკვეული ცოდნა ჰქონდა პელონტოლოგიაში და იცოდა, რომ თმა არ ქვავდებოდა, ამიტომ გიგანტი “გაამელოტეს”. სხეულზე გაკეთებულმა ღარებმა კი სისხლძარღვებისა და მუსკულატურის ეფექტი შექმნა. შემდეგ სველი ქვიშით, მელნითა და გოგირდმჟავით დაამუშავეს, რათა მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების, ანუ კოროზიის ეფექტი მიეცათ.
ქანდაკების დამუშავების ეტაპები
საბოლოოდ, დასრულებული 1.3 ტონიანი ქანდაკება მუშების დახმარებით გადაიტანეს კარდიფში და 9 ნოემბერს გიგანტი ჯორჯის სიძის, უილიამ ნიუელის ბეღელის უკან შეინახეს, ზედ კი ჩალა დააყარეს, რათა უცხო თვალისგან დაეცვათ. ამ ყველაფერზე უილიამთან წინასწარი იყვნენ შეთანხმებული. ორი კვირის შემდეგ ჯორჯი დაბრუნდა. ამოთხრეს ორმო და შიგ გიგანტი ჩაასვენეს, რაშიც ორი მეზობელი დაეხმარათ. მთლიანობაში ეს წამოწყება მას $2,600 დაუჯდა. ახლა ერთადერთი, რაც ფალსიფიკატორს დარჩენოდა, იყო მოთმინება, რათა თითქმის ორი წლის მანძილზე ნაკოწიწები გეგმა არ ჩაშლოდა. მან უილიამს დაუბარა, რომ დაახლოებით 1 წლის მანძილზე არ გამოჩნდებოდა და იქაურობა დატოვა. ამ პერიოდში ჯორჯი სიგარების ბიზნესს მეთვალყურეობდა და აფართოებდა. 1 წელი იყო საჭირო იმისთვის, რომ ხალხს დავიწყებოდა მისი უცნაური ტვირთის შესახებ. ჰალს ერთადერთი მიზეზი ჰქონდა წუხილისთვის – იცოდა, რომ მეცნიერების მოტყუება ძნელი იყო. თავისი საქმის მცოდნე ნებისმიერი მეცნიერი გაშიფრავდა, რომ ფარსი იყო, თუმცა ამას მაინც არ შეუჩერებია.
როცა შესაფერისი დრო მოვიდა, ჯორჯი დაბრუნდა და მოსაჩვენებლად გახრები ჩაატარებინა, სადაც ერთი წლის წინ დამარხული გიგანტი “აღმოაჩინეს”. ხალხის მხრიდან უზღვავი ინტერესის გამო ჰალმა უარყო $10,000-იანი შემოთავაზება ქანდაკების სანაცვლოდ, თუმცა როცა ეს მაჩვენებელი $30,000-ზე ავიდა, ცდუნებას ვეღარ გაუძლო. გიგანტი შეიძინა სირაკუზელმა ბიზნესმენმა და თავის ქალაქში (სირაკუზა, ნიუ-იორკის შტატი) წაღება გადაწყვიტა.
სირაკუზაში სიყალბის გავრცელება ასე ადვილი არ აღმოჩნდა. იელის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა ოტნელ მარშმა ყურადღებით დაათვალიერა ნიმუში და განაცხადა, რომ ეს იყო უბრალოდ უნიჭო ფარსი. ქანდაკებას დამუშავების კვალი ადგილ-ადგილ ისე აშკარად ეტყობოდა, რომ ცხადი იყო, ცინცხალ შემოქმედებას წარმოადგენდა. გიგანტი რომ მიწაში მართლაც საუკუნეების მანძილზე ყოფილიყო, ეს კვალი თანდათან გაქრებოდა. მიხვდა რა, რომ წამოწყება ჩაუფლავდა, ჰალმა ფარ-ხმალი დაყარა და სიმართლე აღიარა. თუმცა ხალხს უკვე აღარ აინტერესებდა მისი ნათქვამი. გიგანტის სანახავად კიდევ კარგა ხანს დადიოდნენ და როგორც საოცრებას, ისე უყურებდნენ.
ხალხის ინტერესის შემხედვარე, შოუმენმა ტეილორ ბარნუმმა ქანდაკების მფლობელებს შესთავაზა $150,000. უარი რომ მიიღო, დაიქირავა სკულპტორი და ბათქაშისგან იგივე ზომისა და ფორმის ქანდაკება ააგებინა, რომელიც შემდგომ საკუთარ მუზეუმში გამოფინა. ის ყველას სთავაზობდა ასეთ რამეს: ვინც დაუმტკიცებდა, რომ ჯორჯ ჰალი მასზე პატიოსანი იყო, $1000-ს მისცემდა. მალე ასლს ორიგინალზე მეტი მნახველი მიაწყდა. ამის გამო გიგანტის მფლობელებმა ბარნუმის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი აღძრეს, მაგრამ საქმის განხილვაზე მოსამართლემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სინამდვილეში ორიგინალიც ფარსს წარმოადგენდა.
ამ პერიოდში ჯორჯ ჰალი უკვე საკმაოდ მდიდარი ადამიანი იყო, გულუბრყვილო მნახველების გასულელების ხარჯზე კარგად მოითბო ხელი. თუმცა არასწორი ინვესტიციების გამო 1873 წელს გაკოტრდა და ტრიუკის გამეორება გადაწყვიტა. ამჯერად კოლორადოში ჩამარხა კიდევ ერთი “გიგანტი”, მაგრამ ცხადია, მის გეგმას ასრულება არ ეწერა. ამის შემდეგ ინგლისში გაემგზავრა, სადაც მისი სახელი დავიწყებას მიეცა.
ბევრი მკვლევარის აზრით, კარდიფის გიგანტი ისტორიაში ყველაზე დიდი ფარსი იყო. ასეა თუ ისე, ის კი ცხადია, რომ თავის დროზე მან უამრავი ამერიკელი გააბრიყვა და გაყვლიფა. ინტერესი დღესაც არ მომკვდარა და გიგანტს ქალაქ კოპერსტოუნის მუზეუმში ჯერ კიდევ ჰყავს მნახველები.