ლიტერატურა

კონსტანტინე გამსახურდია – მოარული რეკლამა

ზუგდიდის მთელი მოსახლეობა მარულას სამზადისით იყო დაინტერესებული. მოხუცები მხრებს იჩეჩდნენ, წარბებს ღუშავდნენ, იჭვნეულად იღიმებოდნენ;აბა რა სათქმელია!მარულად დადიანები, შარვაშიძეები, ემხვარები მართავდნენ თავის გასართობად. რა შვილია ბოლშევიკები რომ მარულად გაგვიმართავენ და მერმე ისიც ნააღდგომევს! ესაო და დახვრეტას გადარჩენილ აზნაურებს არ მოეწყინოთო?არა, ჰმ!..კინო-ოპერატორის ჩამოსვლამაც ხელი შეუწყო იმ იჭვების გახმიანებას. ალბათ კინო-სურათის გადაღებას ლამობენ, ხალხს მოიტყუებენ და მონაწილეობას მიაღებინებენ, რათა უკეთესი სურათი გამოუვიდეთ და მერმე ის ყოველივე გაზეთში დახატონო.ასე ამბობდნენ მოხუცები.მარულას სპეციფიური კომიტეტიც შედგა. თავჯდომარედ შარდინ ალშიბაია დანიშნეს. საქართველოს მიწსახკომის მიერ ტფილისიდან ჩამოყვანილ ცხენებს ისე დასდევდა ხალხი უკან, თითქოს ოპერის სახელგანთქმული მომღერლები ყოფლიყვნენ საგასტროლოდ აქ ჩამოსულნი.უთენია, აზარის სიმღერით შემოდიოდნენ ზუგდიდში აფხაზეთისა და ოდიშის უშორეს რაიონებიდან ჩამოსული ჩოხიანი ცხენოსნები.ამაზრზენია და საოცარი…ნაბდით შესუდრულ ცხენზე ბიჭი ზის წითელპერანგიანი, დიაცური, გულისწამღები ხმით ყივის და ცხენოსნები მისდევენ უკან, ბოხი ხმით მღერიან.და აზარი სიმღერას როდის ჰგავს, არამეს მოზარეთა ხანდაზმულ ღიღინს. წითელპერანგიანი მოაქროლებს ცხენს და გაჰკივის. ცხენოსნები ზარს ამბობენ და დამბაჩებს ისვრიან.ოჰ, მეც მსმენია ჩემს ბავშვობაში ეს აზარი.თვალს ვხუჭავ და ახლაც ვიგონებ ამ სტრიქონების დაწერისას. ანტელი დაგივლის თხემიდან ტერფამდის და ცხენს, თურმე ცხენსაც გულს უხურებს აზარის გაგონება. ასე ამბობენ აფხაზები: „გულს უხურებსო“.ძველს დროში თითოეულს რაზმეულის ცხენოსნებისას დადიანი, შარვაშიზე, ემხვარი და ლიპარტიანი მეთაურობდა.ახლა ფიფიას, აგირბას, ესვანჯიას, მალაზონიას ან ტარბას მოჰყავდა ცხენიც და ცხენის ამალაც, აზნაურებიც ერივნენ აქა-იქ, მაგრამ არა როგორც ცხენის პატრონი, არამედ როგორც ცხენის მოვლის ოსტატი, ცხენის ქომაგი და მოსერინე. ამ აზნაურებს უღუოდ გაარჩევდა დაკვირვებული თვალი თავიანთი თავმდაბლური ქცევისა და კალთებშემოხეული ჩოხის მიხედვით.ზუგდიდი სამხედრო ბანაკს დამესგავდა. შუკებსა დამოედნებზე ოციანი ცხენოსნები ზიმზიმებდნენ.ზუგდიდში თუ ყოფილხართ, ჩემო მკითხველო?მაშ საქართველოს ულამაზეს დაბათაგანი არ გინახავთ.დადიანისეული სასახლის გასწვრივ მურატისეული სდგას. იგი ევროპული ვილის გეგმაზეა აგებული.ფეოდალის სასახლე და ერთქუჩიანი ქალაქი!ამ მხრივ მეთვრამეტე საუკუნის ვაიმარს მოგვაგონებს ზუგდიდი. მურატისეულ სასახლესთან, აწინდელ მუზეუმთან იწყება ზუგდიდის შესანიშნავი ჭადრების ხეივანი. შუაშუ პატარა რუ მიწანწკარებს ბეტონის საწოლში ჩაკირული. გაზაფხულზე კიდევ მოისმის ამ რუს ლიკლიკი, მაგრამ შემოდგომით, როცა გაღმა-გამოღმა ჩარაზმულ ჭადრებიდან ცვენას იწყებენ ფოთლები, რუ მთლად დაილევა, და ამ ჩალისფერი აბრეშუმის საბნის ქვეშ ისე ღიმღამებს, როგორც ბალღის უვნებო სიზმარი.ამ ჭადრების ხეივნის გაღმა-გამოღმა მიდის ეს ერთადერთი გამზირიც. სწორედ ამ გამზირის შუკების კუთხეებში ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ დაქვეითებული ცხენოსნები. დაკეცილი მათრახები ეჭირათ ხელში და პირგამურულ ბიჭებს ფეხს აწმენდინებდნენ. პატარა ბიჭუნები ცხენებს დაატარებდნენ. ამ ცხენებს უსაქმური ბალღების მთელი ლეგიონი დასდევდა უკან. ცხენის სიყვარული თავს ვერ იოკებდა. ეპარებოდნენ ცხნებეს, ხან გავაზე და ქეჩოზე ხელს წაუტატუნებდნენ, ხან ფაფარზე, ხანაც საოლავზე ეფერებოდნენ.როცა მთელს ქალაქში მხოლოდ ერთი გამზირია, მაშინ ყოველი კაცი უმზერს თითოეულის საქმიანობას. სწორედ ამიტომაც მთელი ქალაქი ხედავდა, თუ როგორ დარბოდა დილიდანვე შარდინ ალშიბაია. მას უშველებელი წითელი ბანტი ქონდა საღილესთან მიკერებული, თვით აფიშების გაკვრად არავის ანდობდა. მაგალითის მისაცემად თავადაც ხელში ეჭირა ერთი, უკეთ რომ ვთქვათ, თავისი უშველებელი, კიდეებშემოცვეთილი პორტფელი (რომლითაც იგი წიგნების ნაცვლად ფარგებსა და კონსერვებს დაათრევდა ხოლმე), ამ დღეებშიაც თან დაჰქონდა და რაკი აფიშა შიგ ვერ ჩატეულიყო, პორტფელისათვის გარს შემოეხვია და შარდინ ალშიბაიას პორტფელზედაც კითხულობდა ხალხი ამ სიტყვებს: „ზუგდიდი: მაისის 3 -გრანდიოზული მარულა“ და სხვ. ასე რომ, თავად შარდინ ალშბაია ქცეულიყო მოარულ რეკლამად.http://litklubi.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button