კონსტანტინე გამსახურდია – საათები
საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება!თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე. თვალწინ მიდგებიან:საათები, საათები, ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები!ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა!ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში.დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად.საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე, რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რაც აქამდის გვიგვრძვნია, ყველაფერს რაც გვყვარებია და შეგვძულებია. ჩვენს დიდ სიყვარულსა და ჩვენს დიდ ნუგეშს, ჩვენს დიდ სიხარულსა და პატარა ბედნიერებას. ჩვენს დარდსა და ჩვენს გულის ჭირს. ჩვენს ღიმილსა და ჩვენს ცრემლებს. ყველაფერს, ყველაფერს თან წაიღებენ საათები, საათები ჩვენი ბინის კედლებზე, საათები ქალაქის მოედნებზე, საათები სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრებზე…