ფრანც კაფკა – ძველი ამბავი
თითქოს ჩვენ საერთოდ არ გვაღელვებდეს ჩვენი სამშობლოს ბედი. ამაზე ადრე არასოდეს გვიფიქრია და ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებდით, მაგრამ ბოლო დროინდელმა ამბებმა შეგვაშფოთა.მოედანზე, კაიზერის სასახლის წინ ფეხსაცმელების მაღაზია მაქვს. გარიჟრაჟზე ვხსნი და რას ვხედავ, ყველა ჩიხი სავსეაშეიარაღებულებით. მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები როდი არიან, არამედ ჩრდილოელი ნომადები, ვერ ვხვდები რა ხერხებით მოაღწიეს დედაქალაქამდე, რომელიც საზღვრიდან ძალიან შორსაა. ყოველ შემთხვევაში ახლა ისინი აქ არიან და ალბათ მომავალში უფრო მომრავლდებიან.მათ ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, ნომადები ღია ცის ქვეშ ბანაკობენ, რადგან საცხოვრებელი სახლები ეზიზღებათ. საქმიანობას ხმლების ლესვა, ისრების წამახვა და ცხენით ჯირითი წარმოადგენს.ეს წყნარი, შიშისგან დაზაფრული ხალხისგან დაცარიელებული მოედანი ნამდვილ საღორედ აქციეს. ჩვენ ვცდილობთ და ხანდახან ვახერხებთ ჩვენი მაღაზიებიდან გამოსვლას და ნაგვის აღებას, მაგრამ ეს უკვე იშვიათად ხდება, რადგან ეს ცდა უშედეგოა და თან ამით საშიშროებაც გვემუქრება: ან ცხენები გადაგვთელავენ, ან მათრახი მოგვხვდება.ნომადებს ვერ დაელაპარაკები. ჩვენი ენა არ ესმით, ნეტავ საკუთარი თუ აქვთ?! ერთმანეთში ჭკებივით საუბრობენ, გამუდმებით ისმის მათი ჩხავილი. ჩვენი ცხოვრების წესი მათთვის გაუგებარია და ამასთანავე სულერთიც. ისინი ყურადღებასაც კი არ გვაქცევენ. ყბას ამოიგდებ და ხელებს მოიტეხ, მაგრამ რა აზრი აქვს, მაინც ვერ გიგებენ და ვერც ვერასდროს გაგიგებენ. ხშირად გრიმასებს იღებენ; თვალებს აბრიალებენ და პირიდან ქაფი გადმოსდით, რაღაცას გეუბნებიან და თან გაშინებენ.ასე იმიტომ იქცევიან, რომ მართლა ასეთები არიან. რაც ჭირდებათ, იღებენ. ვერაფერს იტყვი, ძალაუფლება აქვთ. მათი თავდასხმის შიშით ადამიანები გარბიან, და ყველაფერს ტოვებენ.ჩემი მარაგებისგანაც კარგი რაგაცეები მიითვისეს. მაგრამ რას დავიწუწუნებ, როცა ვხედავ, ყასაბს რასაც უშვებიან, ხორცი არ აქვს მოტანილი და უკვე ართმევენ და სანსლავენ, მათი ცხენებიც ჭამენ ხორცს. ხშირად დაინახავთ მხედარს, რომელიც ცხენთან ერთად შეექცევა ხორცს, ერთი თავიდან, მეორე ბოლოდან. ყასაბს ეშინია და ვერაფერს ვეღარ ბედავს.ფულს კი ვაძლევთ, მაგრამ თუ ხორცს არ მისცემ ნომადებს არ იცი, რას მოიმოქმედებენ.ყასაბმა ძალა მოიკრიბა და დილა ადრიან ისევ მოიყვანა ხარი. ეს აღარ უნდა გაეკეთებია. ალბათ ერთი საათი ვიწექი ჩემი სახელოსნოს იატაკზე და მთელი ჩემი ბარგი – ბარხანა თავზე მეყარა ხარის ბღავილი რომ არ გამეგო. ყველა კუთხიდან მორბოდნენ ნომადები და კბილებით გლეჯდნენ ხორცს. სიჩუმემ რომ დაისადგურა, კარგა ხნის შემდეგ გავბედე ადგომა. შემზარავი სანახაობის მოწმე გავხდი: ლოთები რომ ყრიან ღვინის კასრის გარშემო, ისე ეყარნენ ისინი ხარის ნარჩენების ირგვლივ.გავიფიქრე კაიზერმა თუ დაინახა–თქო ეს ყველაფერი. თითქმის არასოდეს გამოდის წინა ოთახებში, შუაგულ ბაღში ცხოვრობს მხოლოდ.მაგრამ ამჯერად იქ იყო, იშვიათად თუ მინახავს იგი, ერთ ერთ ფანჯარასთან იდგა და თავდახრილი უყურებდა ციხესიმაგრის წინ მომხდარ ცოდვისტრიალს. „რა იქნება, რა გველის?“– ვიკითხეთ ერთხმად.– „როდემდე უნდა ავიტანოთ ამდენი ტანჯვა–წვალება? ნომადებს კაიზერის სასახლის ხელში ჩაგდება უნდათ, კაიზერს კი ვერ მოუსაზრებია როგორ მოიგერიოს ისინი.ჭიშკარი დაკეტილია. დარაჯი, რომელიც ადრე საზეიმოდ მარშირებდა წინ და უკან, ჩარაზული ფანჯრის მიღმა იმალება, ჩვენ, ვაჭრებს და გამყიდვლებს იმედი გვაქვს სამშობლოს ხსნისა, მაგრამ არაფერი შეგვიძლია და ვერც ვერაფერს მოვიმოქმედებთ , ამისთვის ჯერ არც ვართ მზად. სწორედ ამის გამო ვიღუპებით.“მთარგმნელი კახნიაშვილი მამუკა