განხილვალიტერატურასაკითხავი

“სტამბოლელი ნაბიჭვარი” – რომანი, რომლის გამოც თურქი მწერალი გაასამართლეს

ბესტსელერების ავტორი

შაფაკის რომანში “სტამბოლელი ნაბიჭვარი” მოთხრობილია ორი ოჯახის, თურქებისა და სომხების ისტორია. წინ წამოწეულია სომხების გენოციდის თემა და სწორედ ამან გააღიზიანა თურქები.

“სტამბოლელი ნაბიჭვარი” თურქულ და ინგლისურ ენებზე დაიწერა (თურქულ ვერსიაში მას “მამა და ნაბიჭვარი” ეწოდება) და გამოცემისთანავე, 2006 წელს, არა მარტო მკითხველების, არამედ პროკურორის მაგიდაზეც მოხვდა – მწერალს ბრალად ერის შეურაცხყოფა დასდეს, თურქეთში სომეხთა გენოციდზე ლაპარაკი ხომ დანაშაულად მიიჩნევა.

მწერალს სამი წლით თავისუფლების აღკვეთაც კი ემუქრებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ელიფ შაფაკი გაამართლეს – საკმარისი მტკიცებულებების უქონლობის გამო; წიგნი კი ბესტსელერად იქცა.

თურქი მწერალი ქალი ელიფ შაფაკი 1971 წლის 25 ოქტომბერს საფრანგეთში, სტრასბურგში დაიბადა. მისი მშობლები დიპლომატები იყვნენ, თუმცა ოჯახური კავშირი ვერ შეინარჩუნეს.

გაყრის შემდეგ პატარა გოგონა დედასთან დარჩა და ჯერ ესპანეთსა და იორდანიაში, შემდეგ კი თურქეთში ცხოვრობდა.

ელიფმა ანკარის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, დისერტაცია ფილოსოფიაში დაიცვა – თემა ისლამურ სამყაროში გენდერული იდენტურობის პრობლემებს ეხებოდა. აშშ-ში ერთწლიანი სტაჟირება გაიარა, რის შემდეგაც ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მიიწვიეს.

ამჟამად აშშ-სა და თურქეთში ცხოვრობს, წერს თურქულ და ინგლისურ ენებზე, თანამშრომლობს აშშ-ისა და ევროპის პრესასთან. არის საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრი.

ელიფ შაფაკის შემოქმედება დიდი წარმატებით სარგებლობს მის მშობლიურ თურქეთშიც, რასაც პრესტიჟული ეროვნული პრემიებიც ადასტურებს.

პირველი ჯილდო 1998 წელს მიიღო – სადებიუტო ნოველისთვის The Mystic, რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა. ამ ნაწარმოებისთვის დიდი სპარსი პოეტ-სუფისტის, რუმის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

მისი წიგნები ბევრ ენაზეა თარგმნილი. 2007 წელს თურქეთის წიგნების გამომცემელთა კავშირმა მწერალ ქალბატონს “სიტყვის თავისუფლების” პრემია გადასცა.

2006 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი “სტამბოლელი ნაბიჭვარი”. მის გახმაურებულ რომანებს შორის ასევე არის “სიყვარულის 40 წესი”.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ელიფ შაფაკი 2005 წელს გათხოვდა და ორი შვილი ჰყავს.

“სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამის დანახვა არ გვაწყენდა”

მწერლისა და მისი შეხედულებების უკეთ გასაცნობად გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან, რომელიც “ევრონიუსს” მისცა:

– ერთხელ თქვით: “აღ­მო­სავ­ლ­ეთი და დასავლეთი ილუზიური კო­ნცეფციებია, რომელიც ჩვენ შევ­ქმენით ჩვენს ცნობიერებაში”. რას გუ­ლისხმობდით?

– სამყარო პოლიტიკურ რუკასავით რომ აღიქვათ, მაშინ ძალიან ადვილად შეიძლება საზღვრების მონიშვნა, მაგრამ თუ ჩვენ სამყაროს ჰუმანური და კულტურული პოზიციიდან შევხედავთ, ასე მარტივად შევძლებთ საზღვრების გაყოფას?

სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამის დანახვა არ გვაწყენდა. განსაკუთრებით ეს 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ გამოჩნდა. ჩვენი ბედიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

პაკისტანში მომხდარი ვიღაცის უბედურება გავლენას ახდენს კანადაში მცხოვრებ ხალხთა ბედნიერებაზე. ამერიკის ფინანსური კრიზისი რუსეთისა და ჩინეთის მოქალაქეებს ეხება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ჰარმონიაშია ერთმანეთთან. სინამდვილეში ასე იყო ყოველთვის, მაგრამ ამის შესახებ

ახლახან მივხვდით.

– ნაწარმოებებს თურქულ და ინგლისურ ენებზე ქმნით. როდესაც სხვა ენაზე წერთ, თავადაც ხომ არ იცვლებით? თუ ელიფ შაფაკი უცვლელი რჩება?

– ინგლისურად იმიტომ ვწერ, რომ მომწონს მსოფლიოს სხვადასხვა ენის, კულტურისა და ქალაქების სამყაროში მოგზაურობა. ინგლისურ ენაზე წერისას მათემატიკურ აზროვნებას ვიყენებ, მაგრამ როდესაც თურქულად ვქმნი, ამ ენასთან მჭიდრო ემოციურ კავშირში ვარ.

ენების მონაცვლეობისას ხომ ჩვენ სხვა ენების ლაბირინთებს შორის მივიწევთ. მიმაჩნია, რომ მწერალი იცვლება, როცა ცვლის სამწერლობო ენას. სხვადასხვა ენაზე ფიქრსა და ოცნებას თავისი კორექტივები შემოაქვს ჩვენში. ჩვენ გამუდმებული მოძრაობისა და ხეტიალის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს ჩვენი რეალობაა.

ჟურნალი “რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button