გამორჩეული ადამიანებისაკითხავი

პირისპირ ბერიასთან

… 1937 წლის ზაფხულში, დაჭერამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, მიხეილ ჯავახიშვილი მწერალთა კავშირის ბაღში ალექსანდრე გომიაშვილსა და გიორგი შატბერაშვილს შეხვედრია და უთქვამს, ჩემი საქმე ცუდად არის, წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე: აი, ასე, როგორც ახლა, მე თქვენთან ვზივარ ამ ბაღში და ვსაუბრობ, ამავე ბაღში ვიჯექი და მწერლებთან ერთად ვსაუბრობდი. უეცრად ვესტიბიულიდან შემოვიდა კურკა, ჩვენი კურკა, გრიგოლ ორბელიანი, კიბეებთან გაჩერდა და შორიდან დამიძახა, ეი, ტოკლიკიშვილო, მოდი აქ. მე მაშინვე წამოვდექი და უკან გავყევი. ჩემი საქმე ცუდად იქნებაო. გაოცებულ გიორგი შატბერაშვილს უკითხავს, ბატონო მიხეილ, ტოკლიკიშვილი ვინ არისო. მეო, – უპასუხია მიხეილს. მწერალი ერთხანობას ადამაშვილის გვარს ატარებდა. საქმე კი იმაში გახლავთ, რომ მწერლის წინაპრები თავიდან ჯავახიშვილები ყოფილან, მაგრამ ერთ-ერთ ჯავახიშვილს კაცი შემოჰკვდომია, ქართლიდან ქიზიყში გაქცეულან და იქაური გვარი, ტოკლიკიშვილი აუღიათ… მიხეილი ერთხანობას ადამაშვილის გვარსაც ატარებდა…

სხვათა შორის, მომავალი კლასიკოსი დაბადებიდანვე ხიფათიანი ყოფილა და ბავშვობაში სიკვდილს რამდენჯერმე გადარჩენილა. ერთხელ, მაშინ 6-7 წლის ყოფილა, ტყეში სასეირნოდ წასულა, უცებ თვალი მთაში მიმავალი მეცხვარეებისთვის მოუკრავს და თან გაჰყოლია. მეცხვარეებს ბავშვი გვიან შეუმჩნევიათ და უკან დაუბრუნებიათ, მაგრამ მიხას გზა დაბნევია. უფიქრია, ღამეს ტყეში გავათევო და ძველ საწნახელში მოკალათებულა. მერე, მგლის ყმული გაუგია და ხეზე ამძვრალა. მძინარე მიხა ერთ-ერთ გლეხს უპოვია. მშობლებს ბავშვის დანახვა გახარებიათ, მაგრამ მაინც დაუტუქსავთ… მწერალი ჯიუტიც ყოფილა. თვითონაც აღიარებდა, თურმე, მე რომ გავჯიუტდებოდი, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ გამწევდაო. მწერლის უმცროსი ქალიშვილი ქალბატონი რუსუდანი მიიჩნევს, რომ მამამისი სწორედ თავისმა სიჯიუტემ დაღუპა…

მიხეილ ჯავახიშვილის პირადი საქმე ჟანდარმერიაში, 1910 წ.

მიხეილ ჯავახიშვილის პირადი საქმე ჟანდარმერიაში, 1910 წ.

საერთოდ, მიხელ ჯავახიშვილს მხოლოდ კომუნისტებთან კი არა, მეფის რუსეთის ხელისუფლებასთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 1906 წელს “ოხრანკამ” მასზე ძებნა გამოაცხადა. მიხეილი ყალბი პასპორტით (ლობჟანიძის გვარით) საზღვარგარეთ გარბის, ჯერ ჟენევაში ცხოვრობს, მერე _ პარიზში.1907 წელი. მიხეილი სამშობლოში ბრუნდება და მუშაობას “ისრის” რედაქციაში იწყებს. ამასობაში ილია ჭავჭავაძეს კლავენ. მერე, წლები რომ გავა, ილიას მკვლელობას კლასიკოსი ასე გაიხსენებს: “ბოროტმოქმედება იმდენად საზარელი იყო, რომ ჯერ არ დავიჯერეთ… არასოდეს დამავიწყდება ის ღამე, სხვებმა დამასწრეს და ლოგინები დაირიგეს, დარჩა მხოლოდ ერთი ბალიში, ილიას სისხლით მოსვრილი ბალიში, რომელიც მოკვლის დროს ზურგს უკან ედო. ბევრი ყოყმანის შემდეგ ძლივს გავბედე: ის ბალიში კაკლის ქვეშ წყაროსთან დავდე, ზედ ცხვირსახოცი დავაფარე და ფსიქიურად დატანჯულმა და ფიზიკურად დაქანცულმა მამლის ყივილისას ძლივს ჩავიძინე…”
1924 წელი. მიხეილ ჯავახიშვილი ჟურნალ “დროშაში” “კვაჭი კვაჭანტირაძის” ბეჭდვას იწყებს. ის უკვე პოპულარული მწერალია, ხალხი ქუჩაშიც სცნობს… “კვაჭი კვაჭანტირაძეს” “თეთრი საყელო” მოჰყვება, რომელიც ხევსურეთში დიდი აურზაური გამოიწვევს, ჩვენი ზნე-ჩვეულებები ჯავახიშვილმა არასწორად წარმოაჩინაო. ბოლოს, საქმე იქამდეც მივია, რომ ხევსური ნარაზოული 1926 წლის სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობაზე მწერალს გააკრიტიკებს. საერთოდ, ჯავახიშვილს ხშირად აკრიტიკებდნენ…

1935 წელი. კრემლი. მიხეილ ჯავახიშვილს სტალინი შრომის წითელი ორდენით აჯოლდოვებს. ამ ცერემონიაზე მწერალი სერგო ორჯონიკიძესაც ხვდება და მადლობას უხდის, მე რომ ცოცხალი ვარ და მწერალი გავხდი, ეს თქვენი დამსახურებააო. ორჯონიკიძე გაოცებულია, ვერ ხვდება, მადლობას რატომ უხდიან. მერე, სერგოს ვიღაც უხსნის, ეს ის კაცია, 1924 წელს დახვრეტას რომ გადაარჩინეო. იმ დღეს სერგო კარგ განწყობაზე იყო და მიხეილს სიცოცხლე ამიტომ აჩუქაო, ამბობენ.

… 1936 წელი. საქართველოში უკვე დაძაბული სიტუაციაა. დღე არ გავა, ვინმე არ დაიჭირონ. პარალელურად, ბერია ინტელიგენციასთან დაახლოლებას ცდილობს… მიხეილი აღშფოთებას ვერ მალავს. ლავრენტი პავლოვიჩის ცოლი, ნინა კლასიკოსს ოპერაში ხვდება და საყვედურობს, ბატონო მიხეილ, ლავრენტის ძილის წინ “არსენა მარაბდელს” ვუკითხავ, თქვენ კი არ გვკადრულობთო… სხვათა შორის, მიხეილის კაბინეტიდან ბერიას სახლი ჩანდა… შინ დაბრუნებულ მიხეილს მეუღლე, ელენე ურჩევს, კაცო, ხედავ, რა დროა და შენც რომ არ დაგიჭირონ, ბერიასთან მიდიო. კლასიკოსი ისევ ჯიუტობს, მაგას გუნდრუკს ვერ ვუკმევ, მე ვერ გამიმეტებენო…
მეტეხის პლატოზე წმინდა შუშანიკის ეკლესიაა. ეს ტაძარი ბერიას რატომღაც “თვალში არ მოსდის” და დანგრევას უპირებს. ინტელიგენციის ნაწილი აღშფოთებულია, მიხეილ ჯავახიშვილი და დიტო შევარდნაძე ბერიასთან მიდიან. უვიცი და უმეცარი ხარ, ასეთი ძეგლების დანგრევა არ შეიძლებაო, უთქვამს ბერიასთვის მიხეილს. მამას დაჭერის საბაბი, ალბათ, სწორედ ეს გახდაო, _ ვარაუდობს მიხეილის უმცროსი ქალიშვილი, ქალბატონი რუსუდანი.

მიხეილ ჯავახიშვილი


1937 წლის აგვისტოს დასაწყისში მწერალი ცოლ-შვილს დასასვენებლად ქვიშხეთში აგზავნის, მერე, თვითონაც ჩადის… ღამეა. მიხეილი და უფროსი ქალიშვილი, ქეთო ეზოში სხედან, ცაში იყურებიან. ანაზდეულად ვარსკვლავი მოწყდება და უსასრულობაში ჩავარდება, ეს ამბავი ქეთოს ავად ენიშნება… დილის 6 საათზე “ჩეკადან” ორი კაცი მოვა, მთელი ოჯახი წამოიშლება, 8 წლის რუსუდანი და ქეთოს 3 წლის ვაჟი, რამაზიც გაიღვიძებენ. მიხეილი ხმას არ იღებს. ქეთო ჩეკისტებს მივარდება, ეს უსამართლობაა, ამასაც რომ იჭერთ, ვიღა დაგრჩებათო… სახლიდან გასვლამდე მიხეილი ჯიბიდან სოჭის საგზურს ამიღებს და ქეთოს სთხოვს, რომ მწერალთა კავშირს დაუბრუნოს… იმ საღამოს მიხეილის ცოლ-შვილი თბილისში ბრუნდება, მაგრამ ბინა დალუქული ხვდებათ. “ჩორნი ხოდით” აივანზე ადიან და სამ თვეს, ოქტომბრამდე სწორედ იქ ცხოვრობენ. სხვათა შორის, მიხეილმა ცოლი რომ მოიყვანა, ერთხანობას ეკატერინე გაბაშვილის სახლში ქირით ცხოვრობდა. მერე, 1913 წელს ელბაქიძის ქუჩაზე გადმოვიდნენ. თავიდან ეს ბინაც ნაქირავები ჰქონდათ. მერე, გადაიფორმა…

მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მ. ჯავახიშვილის ქ. N21

მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მ. ჯავახიშვილის ქ. N21

“ჩეკისტები” შემოდგომამდე აღარ გამოჩენილან. ოქტომბერში მოსულან, ბინისთვის ლუქი მოუხსნიათ და აღწერა დაუწყვიათ. მიხეილის ცოლს, ელენეს კარგი გემოვნება ჰქონია, ანტიკვარული ნივთებიც ჰყვარებია. ჩეკისტებს ანტიკვარები სულ ცალკე გადაულაგებიათ, ექსპერტს უნდა შევამოწმებინოთო. თურმე, დავალებული ჰქონიათ, ანტიკვარები “ჩეკას“ ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახში მიეტანათ… მწერლის არქივი აბაზანაში შეუტანიათ და ვანაში ჩაუყრიათ. სამუშაო მაგიდა უჯრებიანად წაუღიათ, ოჯახს მიხეილის ტანსაცმელიც არ დაუტოვეს…
ჯავახიშვილის ბინაში შებარგება ბევრს სდომებია და ამ თემაზე მწერალთა კავშირში განხილვაც გამართულა. სწორედ იმ დროს კრიტიკოს შალვა რადიანს ცოლი შეურთვია და უპირატესობა მისთვის მიუნიჭებიათ. ბატონი შალვასთვის “ზევით” უკითხავთ, თუ ხელს გიშლიან, მიეილის ცოლ-შვილს ამ ერთი ოთახიდანაც გავასახლებთო. არაო, მოკლედ მოუჭრია კრიტიკოსს. ჩვენი ბედი, რომ რადიანები შემოვიდნენო, ამბობს მწერლის ქლიაშვილი, ქალბატონი რუსუდანი.

შალვა რადიანი და მისი მეუღლე ქეთევან ირემაძე, რომლებიც რეპრესიის წლეში ზრუნავდნენ მიხეილ ჯავახიშვილის სახლზე და ოჯახზე

შალვა რადიანი და მისი მეუღლე ქეთევან ირემაძე, რომლებიც რეპრესიის წლეში ზრუნავდნენ მიხეილ ჯავახიშვილის სახლზე და ოჯახზე

კლასიკოსი 1937 წლის წლის 30 სერქტემბერს, სოღანლუღში დაუხვრეტიათ, მიხეილისთვის ტყვია ჯალათ შაშონკინს უსვრია. “ტროიკას” გადაწყვეტილებით, 15-15 სიკვდილმისჯილს წინასწარ გათხრილი ორმოს პირას აყენებდნენ და ჯალათები რიგ-რიგობით ესროდნენ, მერე, ყველას ორმოში ჰყრიდნენ…
რამდენიმე წლის წინ, მიხეილის შვილიშვილთან, რამაზ შიშნიაშვილთან ვიღაც მისულა და უთქვამს, ვიცი, მიხეილი ზუსტად სადაცაა დასაფლავებულიო, მაგრამ შთამომავლებს მისი სულის შეწუხებაზე უარი უთქვამთ… დახვრეტამდე მწერალი ბერიას დაუკითხავს და ყურში გაურტყავს, მიხეილი იატაკზე დავარდნილა, ლავრენტის გულზე ფეხი დაუდგავს და ჩაუსისინია, ახლა, თავზე ჩეკისტი მართლა გადგაო. მიხეილს, ალბათ, გაეცინა და ის ორი მწერალი გაახსენდა, ამასწინათ ქუჩაში რომ შეხვდა. ამ მწერლებს კლასიკოსისთვის უთქვამთ, ბატონო მიხეილ, ხედავთ, რა კარგი დრო მოვიდაო. მიხეილს უპასუხია, ესაა კარგი დრო, თავზე ჩეკისტი გვადგასო. როგორც ჩანს, მწერლებმა ყველაფერი ბერიას ჩაუკაკლეს…

მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაცია დახვრეტიდან 17 წლის მერე მოხდა. ინაურმა მწერლის ქალიშვილებს სპეციალური მოსაწვევები გაუგზავნა, “ტროიკის” სასამართლოს დაესწარითო. ისინი, ვინც ამდენი ადამიანი გააუბედურა, ცოცხლად ვნახე, მშვიდად ისხდნენ, სინანული ერთსაც არ წამოსცდენია, პირიქით, ისევ ამბობდნე, ხალხის მტრებს ვანადგურებდითო. მეც სულ წარსულში ვარ, ის გაჭირვება მახსენდება და რაღაც კომპლექსი დღემდე მაქვსო, ამბობს ქალბატონი რუსუდანი.ბერია მხოლოდ “ხალხის მტრებს” კი არა, როგორც წესი, მათ მეუღლეებსაც იჭერდა. “წასასვლელად” ჩემოდანი მიხეილის ცოლსაც გაუმზადებია და მაქნანის ხმას გაიგებდა თუ არა, ამბობდა, თურმე, ჩემს წასაყვანად მოვიდნენო, მაგრამ ქალბატონი ელენე არ დაიჭირეს. ალბათ, დაავიწყდათო, ამბობს ქალბატონი რუსუდანი. სხვათა შორის, ქალბატონი ელენე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ქმრის დაპატირების მერე, როგორც მისი ქალიშვილი რუსუდანი ამბობს, ქუჩაში ერთხელაც აღარ გასულა…

მეუღლე ლუბა ჯაჭვაძე, უმცროსი ქალიშვილი - რუსუდან ჯავახიშვილი, შვილიშვილი - ქეთევანის ვაჟი - რამაზ შიშნიაშვილი

მეუღლე ლუბა ჯაჭვაძე, უმცროსი ქალიშვილი – რუსუდან ჯავახიშვილი, შვილიშვილი – ქეთევანის ვაჟი – რამაზ შიშნიაშვილი

მიხეილ ჯავახიშვილის უფროსი ქალიშვილი, ქეთო 1985 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მამაზე ორი წიგნი დაწერა… უმცროსი ქალიშვილი, რუსუდანი ახლაც მამის დანატოვარ სახლში ცხოვრობს. ქალბატონ რუსუდანს ორი ვაჟი ჰყავს _ ნუგზარი და ლაშა, ნუგზარი ოთხი ქალიშვილის მამაა.

მწერლის ქალიშვილი რუსუდან ჯავახიშვილი და მისი ვაჟები - ლაშა და ნუგზარ ერისთავები, 2009 წლის ივლისი

მწერლის ქალიშვილი რუსუდან ჯავახიშვილი და მისი ვაჟები – ლაშა და ნუგზარ ერისთავები, 2009 წლის ივლისი

მიხეილ ჯავახიშვილს კიდევ ერთი შვილთაშვილი დარჩა, მარინა შიშნიაშვილი. მწერალი რომ დაიჭირეს, მარიანას მამა, რამაზი 3 წლის ყოფილა…მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტრაცია მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მოხდა, დღემდე მისი ძეგლი მხოლოდ წერაქვში დგას. 30 წლის წინ მოქანდაკე სოსო ქოიავას ძეგლისთვის მაკეტი შეუქმნია და თაბაშირში ჩამოუსხია, მაგრამ ბრინჯაოს ფული ვერც ძველმა მთავრობებმა იშოვეს და ვერც _ ახალმა!..

წყარო: www.factnews.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button