Hi-Techკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

მომდევნო თაობის Apple Pencil-ს შესაძლოა ჰქონდეს ჟესტების ამოცნობის ფუნქცია და ინტეგრირებული კამერა

Apple Pencil სტილუსის ამჟამად არსებული ვერსია გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ოპერაციის სწრაფად შესრულების საშუალებას იძლევა. წინა მოდელთან შედარებით ახალი ვერსიის მთავარი სიახლე გახლდათ ორმაგი დაჭერის შესაძლებლობა, რომელიც მთელ რიგ ფუნქციებზე წვდომას აძლევს მომხმარებელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ელემენტის მომართვა-რეგულირება შესაძლებელია, მას მხოლოდ ოთხი პარამეტრი აქვს. მცირე ხნის წინ დარეგისტრირებული პატენტი კი იმაზე მიუთითებს, რომ სამომავლო Apple Pencil-ის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდება. 

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც მცირე ხნის წინ გამოჩნდა ამერიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს ვებ-გვერდზე. გამოქვეყნებული ინფორმაცია მიგვითითებს, რომ მომდევნო თაობის სტილუსს ექნება სენსორული სივრცე, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა ჟესტის ამოცნობისთვის, მათ შორისაა სამმაგი შეხება და ე.წ. swipe ფუნქცია. შედეგად სამუშაო პროცესი Apple Pencil-ის გამოყენებით გახდება გაცილებით მრავალფეროვანი ამჟამად არსებულ სტილუსთან შედარებით. 

მომდევნო თაობის სტილუსში სიახლე შესაძლოა იყოს მოწყობილობის ბოლო ნაწილში ინტეგრირებული კამერა. მისი წყალობით მომხმარებლები შეძლებენ ჩაიწერონ ნებისმიერი სიმბოლო პრაქტიკულად ყველა ზედაპირზე და შემდეგ დაამუშავონ iPad-ზე. პატენტში ნახსენებია სხვა სახის შესაძლებლობებიც, მაგალითად – მიკროფონი, დინამიკი, დამატებითი ღილაკები, ბიომეტრიული სენსორი და ტრეკპადიც კი. გარდა ამისა, Apple Pencil-ს შესაძლოა ჰქონდეს ტაქტილური უკუკავშირის ფუნქცია, რისი წყალობითაც iPad-ზე სტილუსით ხატვის პროცესი ქაღალდზე ხატვის ბუნებრივ პროცესთან მიმსგავსებული იქნება. 

უნდა აღინიშნოს, რომ დაპატენტებული ფუნქციები მომდევნო თაობის სტილუსის შესაძლო მოდიფიკაციებია, ამიტომ დიდი ალბათობით ყველა მათგანი არ იქნება წარმოდგენილი ბაზარზე გამოსულ მოწყობილობაში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button