რელიგია

სამოთხე, ჯოჯოხეთი და მეორედ მოსვლა ისლამში

ქრისტიანების მსგავსად, მაჰმადიანებსაც სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული აგრძელებს ცხოვრებას და ან ჯოჯოხეთში მიდის, ან სამოთხეში. და აგრეთვე ოდესღაც იქნება განკითხვის დღე, როცა სულები სამუდამოდ გადანაწილდებიან ამ ორ სამყაროში.

განკითხვის დღე

დღე უკანასკნელი, ანუ იაუმ ალ-’ახირა, ასევე დღე მკვდრეთით აღდგომისა – იაუმ ალ-ყიამათ, საათი – ალ-სა’ათ და სხვა მრავალი, წარმოადგენს სამსჯავროს დღეს ისლამის მიხედვით, როდესაც ყველას თავისი დამსახურებების მიხედვით მიეგება. მისი რწმენა წარმოადგენს აყიდის, ანუ მუსლიმის რწმენის ერთ-ერთ ძირითად სიმბოლოს (ალ-ბაყარა, 177). ყურანში აღწერილი წინასწარმეტყველებების მიხედვით, მისი ნიშნებია უცნაური თვალების მქონე ხალხის შემოსევა აღმოსავლეთიდან (მონღოლები), განუკურნებელი სენი, რომელიც თან ახლავთ ცოდვილთ (შიდსი), ბრძოლა მაშრიყში დიდძალი ოქროსთვის (ერაყის ომი და “შავი ოქრო”), თხის მწყემსებს შორის შეჯიბრება ვინ უფრო მაღალ კოშკს ააშენებს (აბუ დაბი ნიშნავს გარეული თხის მამას) და ა.შ.

გამოჩნდებიან ცრუწინასწარმეტყველნი, მათ შორის უმთავრესი იქნება მასიჰ ალ-დაჯალი, ანუ ცრუ მესია, რომელიც მოვა აღმოსავლეთიდან, ვეება ვირით. მისი მმართველობა ორმოც დღეს, თვეს ან წელს გასტანს, იგი ამ დროს ხელში ჩაიგდებს მრავალ ქალაქს, გარემოიცავს მექას და დიდ ტანჯვას შეამთხვევს მორწმუნეებს. ბრძოლა მოიცავს მთელ დედამიწას და მრავალი დაიღუპება. საბოლოოდ ციდან ჩამოვლენ იესო და მაჰდი. ისინი მოჰკლავენ დაჯალს და დაისადგურებს მშვიდობა, ღვთისნიერება და სამართალი, მაგრამ ეს მცირე ხანს გასტანს.

გაისმება ვეება ბუკის ხმა (ალ-ჰაყყა, 13), რომელსაც ღმერთის მითითებით ჩაჰბერავს ისრაფილი, ერთ-ერთი ანგელოზთაგანი და მზე ჩაქრება (ალ-თაქვირი, 1). ამის შემდეგ დაიწყება სამსჯავრო. ადამიანებს მისცემენ გრაგნილებს, სადაც დაწერილი იქნება მათი ცხოვრება. მართლებს სახე გაუნათდებათ და დადგებიან ხელმარჯვნივ, ხოლო ცოდვილებს გრაგნილები გაედღაბნებათ და მარცხნივ დადგებიან. მათ ცოდვა-ბრალს ასწონიან დიდ მიზანზე, ანუ სასწორზე. ადამიანები თვითონ მოჰყვებიან მათ დანაშაულებს და მათ სიტყვებს დაამოწმებენ ან უარყოფენ მათი სხეულის ნაწილები. უმცირესი სიკეთე და სიბოროტეც კი აიწონება და მიეზღვება ყველას დამსახურებისამებრ.

თუმცა არის ორი შემთხვევა, რომელიც გამონაკლისია და განკითხვის დღე არ შეეხებათ: ღმერთის სახელით და მისი მოსაწონი საქმეებისთვის მებრძოლი მეომრები გარდაცვალებისთანავე სამუდამოდ სამოთხეში იმკვიდრებენ ადგილს, ისლამის დაუძინებელი მტრები კი სამუდამოდ ჯოჯოხეთში მიდიან.

ყურანის მიხედვით, არავინ იცის, როდის იქნება განკითხვის დღე, ეს მხოლოდ ღმერთისთვისაა ცნობილი (ალ-აჰზაბის 63). არც მუჰამედმა, ღმერთის მოციქულმა არ იცოდა და არ იცის, როდის იქნება (ალ-ანბიას 109, ალ-ჯინის 25). განკითხვის დღის რწმენა აუცილებელია გადარჩენისთვის. ვისაც სწამს ღმერთის, განკითხვის დღის და კეთილ საქმეებს სჩადის, მაგრამ არაა მაჰმადიანი, ღმერთი შეიწყალებს და შეიძლება ჯოჯოხეთს აცდეს. (ალ-ბაყარას 62). თუმცა მუსლიმების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს მუხლი ეხება მუჰამედამდე მცხოვრებ ხალხს. განკითხვის დღის შემდეგ ახალი სამყარო შეიქმნება (ალ-თაქვირის 1-14).

სამოთხე

სამოთხე არის ჩრდილოვანი და მაღალხეებიანი, წყალუხვი წალკოტი (ალ-ბაინა, 8). სახელად ჰქვია ალ-ჯანათ, რასაც შემდეგი ეტიმოლოგია აქვს – ალ მაკონკრეტებელით განსაზღვრული ‘ჯანათ’ – ბაღი.

– ახარე მორწმუნეთ, რომ მათ ერგებათ ჯილდოდ მარადი განსვენება სამოთხის ბაღში. სადაც ჩუხჩუხებენ მდინარენი, ხეები ისხამენ საოცარ ნაყოფს, რომელსაც დედამიწაზე სადარი არა ჰყავს..
(ალ-ბაყარა, 25)

სამოთხეში განსაკუთრებული მდგომარეობაა – ალ-ვაყი’ათის 28-ე აია ამბობს, რომ სამოთხეში მყოფ სიდრას ხეებს ეკლები არა აქვთ, ანუ ქართულად რომ ვთარგმნოთ, დაახლოებით იქნება უეკლო ვარდები.

სამოთხეში მოხვედრილებს ყველა სურვილი აუსრულდებათ. იქაური ღვინო არ იწვევს გონების დაბინდვას, წყლის მდინარეების გარდა არის რძის, თაფლის და ღვინის მდინარეც. სამოთხის მკვიდრთ ექნებათ მწვანე ტანისამოსი, რომელიც სინაზით აბრეშუმზე უკეთესი იქნება (ალ-ქაჰფი, 31). სამოთხის მკვიდრ მამაკაცებს მეწყვილეებად შექმნილი ჰყავთ უმშვენიერესი შავთვალა ქალწული ჰურიები, ასევე თავიანთი მიწიერი ცოლები. სამოთხის მკვიდრნი 33 წლისანი არიან, არც ახალგაზრდავდებიან, არც ბერდებიან. არ არსებობს სიკვდილი, დარდი, მწუხარება, ტკივილი, შიში, სირცხვილი.. ჰაერში ქაფურისა და ჯანჯაფილის სურნელი ტრიალებს. სასახლეები აგებულია ოქროსა და ვერცხლის აგურებით, შელამაზებულია მარგალიტებით. მუშკის მთებიდან მდინარეები ჩამოედინება და მიუყვებიან ხეობებს, რომლებიც სავსეა მარგალიტითა და ლალით.

სამოთხეს აქვს 8 კარი და ნეტარების რამდენიმე დონე. ყველაზე მაღალი დონე არის ფირდაუსი, იგივე ედემი. მას პირველად შეაღებს მუჰამედი, შემდეგ სიღარიბეში მცხოვრები მორწმუნენი, შემდეგ კი დანარჩენი ღვთისმოშიშნი. მათ სიხარულით შეეგებებიან ანგელოზები.

სამოთხეში მოსახვედრად ადამიანს უნდა სწამდეს ღმერთის, განკითხვის დღის, ჩადიოდეს კარგ საქმეებს და აღიარებდეს ღმერთის ყველა მოციქულს, რომელთაგან ბოლო იყო მუჰამედი.

სამოთხის სახელები ყურანის მიხედვით:
ფირდაუსი — ყველაზე მშვენიერი ბაღი (ალ-ქაფის 107, ალ-მუმინუნის 11)
დარ ‘ლ-მაყამათ — სახლი (ფატირის:35)
დარ ‘ლ-სალამ — მშვიდობის სახლი (იუნუსის 25)
დარ ‘ლ-’ახირა — უკანასკნელი სახლი (ალ-ანკაბუთის 64)
ალ-ჯანათ — ყველაზე ხშირად ნახმარი ტერმინი ყურანსა და ჰადისებში (ალ-ბაქარას 35, ალ-ი-იმრანის 133 & 142, ალ-მა’იდას 72)
ჯანათ ალ-’ადნ — სამუდამო ნეტარების ბაღები (ატ-თავბას 72, არ-რა’დის 23)
ჯანათ ალ-ხულდ — მარადიული ბაღები (ალ-ფურყანის 15)
ჯანათ ალ-მა’ვა — საცხოვრებელი ბაღი (ან-ნაიმის 15)
ჯანათ ალ-ნა’იმ — აღტაცებაში მომყვანი ბაღი (ალ-მა’იდას 65, იუნუსის 9, ალ-ჰაიის 56)
მაყ’ად ალ-სიდყ — სიმართლის საზოგადოება (ალ-ყამარის 55)
ალ-მაყამ ალ-’ამინ — უსაფრთხოების სახლი (ად-დუხანის 51)

სამოთხის კარები:
ბაბ ‘ლ-სალათ: მუსლიმი, რომელიც პატიოსნად ლოცულობდა დღეში 5-ჯერ, შეაღებს ამ კარს.
ბაბ ‘ლ-ჯიჰად: მუსლიმი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო წმინდა ომში, ჯიჰადში.
ბაბ ‘ლ-სადაყათ: მუსლიმი, რომელიც ხშირად ნებაყოფლობით ეხმარებოდა სხვას და აქტიურად მისდევდა ქველმოქმედებას.
ბაბ ‘ლ-რაიან: მუსლიმი, რომელიც მუდმივად იცავდა მარხვას
ბაბ ‘ლ-ჰაჯ: მუსლიმი, რომელიც ყოველწლიურად პილიგრიმობდა, ანუ სტუმრობდა მექას.
ბაბ ‘ლ-ქაზიმინალ ღაიზ ვა ‘ლ-’აფინა ‘ანინ ნას: მუსლიმი, რომელიც მუდამ ახშობს სიბრაზეს და ყოველთვის ითხოვს პატიებას შეცდომის გამო.
ბააბ ულ-’იმან: განსაკუთრებით სათნო და მორწმუნე მუსლიმები
ბააბ ‘დ-დიქრ: მუსლიმები, რომლებსაც გამუდმებით ახსოვდათ ღმერთი.

ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთი, ანუ ჯაჰანამ, არის ვეება ხარო, სადაც ამოზრდილია ვეებერთელა ხე ალ-ზაყუმი (ალ-საფათი, 62-66, ალ-ვაყი’ათი, 52-54). ჯოჯოხეთს იცავენ ღმერთის მსახურები მალაქ ალ-მაუთის, ანუ მთავარანგელოზ აზრაილის მეთაურობით. ისინი დარაჯობენ მასში მიმავალ შვიდ კარიბჭეს (ალ-ჰიჯრი, 44). იქ მოხვედრილნი ჩაინთქმებიან მასში (ალ-ფაჯრი, 23) და იმ ტანჯვის შესაცნობად, რაც იქაა, მოცემულია ასეთი შედარება: ცეცხლით ტანჯვა და გაუთბობელი ყინულით ტანჯვა.

იქ მოხვედრილებს მისცემენ კუპრის მოსასხამებს, რომელიც მყისვე აალდება (ოღონდ მიწიერი ცეცხლით არა, ხაზგასმულია, რომ იქაური ცეცხლის ალი განსხვავდება მიწიერისაგან) და რამდენჯერაც დაიწვება მათი კანი, იმდენჯერ გაუახლდებათ და ხელახლა დაეწვებათ. მისცემენ მათ ასევე ალ-ზაყუმის ნაყოფს, რომელიც ჰგავს ეშმაკის თავებს და როცა ისინი შეჭამენ, ამოუფუფქავს ალ-ზაყუმის ნაყოფი მათ შიგნეულს. შემდეგ დალევენ საშინელ მყაყე წყალს ამ მხურვალების ჩასაქრობად, მაგრამ ის უარესი იქნება და დაუფლეთს მათ შიგნეულს, შემდეგ კი თავისი ცრემლით დაალბობენ მას, – დაახლოებით ასე აღწერს ადამიანისთვის გასაგებად ყურანი იმ ტანჯვას, რაც ჯოჯოხეთში მომხვედრებს მოელით.

მუსლიმად ყოფნა ავტომატურად ჯოჯოხეთისგან თავის არიდებას არ ნიშნავს, თუმცა ჯოჯოხეთში მოხვედრილი მუსლიმები შეიძლება მოგვიანებით ღმერთის ნებით სამოთხეში გადავიდნენ. არამუსლიმები კი სამუდამოდ იქ დარჩებიან.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button