ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – თეთრი ღამეები

„- არ შემიძლია ვდუმდე, როცა გული ლაპარაკობს. მაგრამ სულ ერთია… დამიჯერეთ, არც ერთი ქალი, არასდროს, არასდროს! არავითარი ნაცნობობა! ეს კია, რომ ყოველდღე ვოცნებობ, ბოლოს და ბოლოს ოდესმე ვინმეს შევხვდები-მეთქი, ო, რომ იცოდეთ, ასე რამდენჯერ ვიყავი შეყვარებული!…
– როგორ, ვისზე?
– არავისზე, იდეალზე, იმაზე, ვინც სიზმარში გამოგეცხადებათ ხოლმე. ოცნებებში მთელ სასიყვარულო ამბებს ვთხზავ.“

„მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!“

„დარდში კი მართლა და რა ფანტაზიაა! გრძნობ, რომ ეს დაუშრეტელი ფანტაზია მუდმივი დაძაბულობით ბოლოს იფიტება, იშრიტება, რადგან ხომ მოწიფული ხდები, იცილებ ძველ იდეალებს: ისინი მტვრად, ნამსხვრევებად იქცევიან; თუ სხვა ცხოვრება არ გაგაჩნია, ამავე ნამსხვრევებისგან მოგიწევს მისი აშენება. ამასობაში კი სული რაღაც სხვას ითხოვს და სურს! და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა!“

„როცა უბედურები ვართ, უფრო ძლიერ ვგრძნობთ სხვის უბედურებას. გრძნობა კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება.“

„თქვენ ირგვლივ იყურებით, ვიღაცას დაეძებთ, თქვენ ატყობთ… მაგრამ წამი გადის და შესაძლოა, მეორე დღეს კვლავაც იხილოთ იგივე დაფიქრებული, დაბნეული მზერა, იგივე ფერმკრთალი სახე, შენიშნოთ იგივე მორჩილი შიშნეული მოძრაობა და წუთიერი გატაცების გამო სინანულიც, მიმქრალი ნაღველისა და დარდის ნაკვალევიც კი… და გულს გაკლიათ, რომ ასე მალე, ასე სამუდამოდ დაინთქა წამიერი სილამაზე, რომ მან ასე მაცდუნებლად და ამაოდ გაიელვა თქვენს წინ – გულს გაკლიათ, რომ მისი შეყვარების დროც არა გქონიათ…“

„არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ? ასეთ ღამეებს ყველაზე მეტად მეოცნებეები აფასებენ. მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე, … ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?“

„გასაოცარია, როგორ აკეთილშობილებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება.“

„ღმერთო, როგორ შეკრთა და შეჰკივლა ნასტენკამ! როგორ გამისხლტა ხელიდან და მისკენ გაფრინდა!.. მე, გულმოკლული ვიდექი და ვუყურებდი. მაგრამ რაწამს ხელები გაუწოდა და გადაეხვია, უმალ ისევ გამოტრიალდა, თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და სანამ გონს მოვიდოდი, ორივე მკლავი შემომხვია და მაგრად, მაგრად მაკოცა. მერე ისევ უხმოდ გაქანდა მისკენ, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, ვიდრე ორივე თვალს მიეფარა.“

„მაინც როგორ ალამაზებს ადამიანს სიხარული და ბედნიერება! სიყვარულით როგორ ფეთქავს გული! თითქოს გინდა შენი გული სხვისას შეუნივთო, გინდა ყველა მხიარულობდეს, ყველა იცინოდეს! მერედა რა გადამდებია ეს სიხარული! ო, როგორ აკეკლუცებს ადამიანს ბედნიერება!“

„ო! ზოგჯერ რა აუტანელია ბედნიერი ადამიანი!“

„ყველა რატომღაც სიხარულით ისმენს ყოველგვარ დამამშვიდებელ სიტყვას და უხარია, ერთ ბეწო სიმართლესაც თუ ხედავს.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button