ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – მკვდარი სახლის ჩანაწერები

„სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძალით გახვევენ თავს.“

„შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ განათლება ადამიანში მედიდურობას აღვივებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ნაკლი.“

„პატიმარი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე, მაგრამ არსებობს უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ.“

„მზა თვალსაზრისით დანაშაულის შეცნობა ძნელია და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ.“

„რასაკვირველია, საპყრობილე და იძულებითი მუშაობის სისტემა დამნაშავეს ვერ გამოასწორებს; ამით მას მხოლოდ სჯიან და საზოგადოების სიმშვიდეს უზრუნველყოფენ; ბოროტმოქმედთა თავდასხმისგან იცავენ. დამნაშავეს კი საპყრობილე და იძულებითი მუშაობა მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილსა და საშინელ თავქარიანობას უვითარებს. მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი ეს სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს, გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად წარმოადგენს. რასაკვირველია, დამნაშავეს სძულს საზოგადოება, რომელიც მას დამნაშავედ მიიჩნევს, საკუთარი თავი კი ყოველთვის მართალი ჰგონია. გარდა ამისა, დანაშაულისთვის ის უკვე დაისაჯა, ამიტომ თავს განწმენდილად თვლის.“

„ფული გარკვეულწილად თავისუფლებაა, ამიტომაც თავისუფლებააღკვეთილი კაცისთვის ათჯერ უფრო ძვირფასია.“

„სინამდვილე უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, ვიდრე უბრალოდ ნაამბობი.“

„რამდენი ხასიათიცაა, იმდენივე ვარიაციაა.“

„განათლებულ, პატიოსან, შეგნებულ და მგრძნობიარე კაცს სასჯელად საკუთარი გულისტკივილიც ეყოფა. მას ყველა სასჯელზე მეტად ეს სატანჯველი ღრღნის, საკუთარ თავს ჩადენილი დანაშაულისთვის უფრო შეუბრალებლად და მკაცრად გაკიცხავს, ვიდრე ყველაზე უწყინარი კანონი.“

„ზოგი ადამიანი იმდენად კეთილშობილია, ღვთისგან იმდენად დაჯილდოებული, რომ მათი უარესობისკენ შეცვლა შეუძლებელად მოგეჩვენებათ. მათი იმედი ყოველთვის გაქვთ.“

„ზოგი რამ პირადად თუ არ გამოსცადე, ისე ვერ განსჯი.“

„ზნეობრივი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა.“

„პატიმრის, თავისუფლება აღკვეთილის იმედი – სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანისა.“

„მე მინდა ვიცოცხლო და ვიცოცხლებ კიდეც.“

„სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას.“

„საქმის მოღალატეებმა, ცხვრის ფარაში გარეულმა მგლებმა, როგორადაც უნდა იმართლონ თავი, მუდამ დამნაშავეები იქნებიან, მით უმეტეს, თუ ყველაფერთან ერთად კაცთმოყვარეობაც აკლიათ.“

„დასასჯელს, როგორც წესი, იპყრობს რაღაც მძაფრი, მაგრამ წმინდა ფიზიკური, უნებლიე და დაუძლეველი შიში, რომელიც ადამიანის მთელ მეობას იმორჩილებს.“

„არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვეფხვივით მუდამ სისხლი სწყურიათ.“

„ვისაც ერთხელ მაინც განუცდია განუსაზღვრელი ბატონობა ქრისტეს კანონით მასსავით შექმნილ მოყვასის სხეულზე, სისხლსა და სულზე, ღვთისაგან გაჩენილ თავისსავე მსგავსს უზომოდ დამცირების სრული შესაძლებლობა მისცემია, ის უკვე როგორღაც საკუთარი შეგრძნების მონა ხდება.“

„ტირანია – ჩვეულებაა, რომელიც განვითარების თავის გზას გადის და ბოლოს, ავადმყოფობად იქცევა.“

„ჩვეულებამ შეიძლება საუკეთესო ადამიანიც გააუხეშოს და იქამდე გადააგვაროს, რომ მხეცისგან ვეღარ გაარჩიოთ.“

„სისხლი და ძალაუფლება ადამიანს ათრობს, სიტლანქესა და გახრწნილებას უღვივებს: ყველაზე არანორმალური მოვლენები გრძნობა-გონებისთვის მისაღები, დაბოლოს, დამატკბობელიც კი ხდება.“

„ტირანში ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ კვდება; მისთვის ადამიანური ღირსებისკენ, მონანიებისა და აღდგომისკენ შემობრუნება თითქმის შეუძლებელია. ამავე დროს, ამგვარი თავნებობის მაგალითი მთელ საზოგადოებაზე გადამდებად მოქმედებს: ასეთი ძალაუფლება მაცდურია. საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია. ერთი სიტყვით, ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფიზიკურად დასჯის უფლება, ჩვენი საზოგაოების წყლულია, ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჩანასახშივე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყოველგვარი მცდელობა და მის გარდაუვალ გადაგვარებას საფუძველი შეუქმნას.“

„ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია.“

„უცხო წრეში ცხოვრებაზე საშინელი არაფერია.“

„მიზან და იმედდაკარგული ადამიანი დარდისგან ხშირად ნამდვილ ნადირად იქცევა.“

„აგრე ღმერთი შეგეწიოთ! თავისუფლება! ახალი ცხოვრება! მკვდრეთით აღდგომა… რა საამური წუთია!“

„საპყრობილეში კაცი მოთმინებას ეჩვევა.“

„ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა საუკეთესო განმარტება.“

„უსაქმურად, კანონიერი საკუთრების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია, გაირყვნება, მხეცად გადაიქცევა.“

„საზოგადოების უმაღლეს კლასს წარმოდგენაც არა აქვს, როგორ ზრუნავენ „უბედურებზე“ ვაჭრები, მეშჩანები – მთელი ჩვენი ხალხი.“

„თუ ადამიანის მოსპობა და განადგურება უნდათ, ის უნდა დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისეთით, უდიდეს ავაზაკ კაცისმკვლელსაც რომ შეაძრწუნებს და დააფრთხობს. ამისთვის საკმარისია ეს ადამიანი დაასაქმონ მისთვის სრულიად უსარგებლო და უაზრო სამუშაოზე.“

„ყოველგვარი ზომების მიუხედავად, ცოცხალ ადამიანს ფიტულად ვერ გადააქცევ; შერჩება გრძნობები, ცხოვრებისა და შურისძიების წყურვილი, ვნებები და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება.“

„სინამდვილე სულ სხვა რამეა, ვიდრე ის, რასაც ცოდნით და სხვათა ნათქვამით წარმოიდგენ.“

„კატორღაში მიმავალი მდაბიო თავის საზოგადოებაში მიდის, თუმცა, შეიძლება იგი მასზე განვითარებული იყოს. რასაკვირველია, მან ბევრი რამ დაკარგა – სამშობლო, ოჯახი, ყველაფერი… მაგრამ მისი გარემო არ შეცვლილა. განათლებული კაცი კი, რომელსაც კანონით მდაბიოს იდენტური სასჯელი აქვს, ხშირად მეტს კარგავს. მან ყველა მოთხოვნილება, ყველა ჩვევა უნდა დაიოკოს, გადავიდეს მისთვის დაუკმაყოფილებელ გარემოში, მიეჩვიოს სხვა ჰაერით სუნთქვას… ის წყლიდან ამოგდებული თევზია. ხშირად კანონით გათვალისწინებული სასჯელი მისთვის სხვაზე ათჯერ უფრო მტანჯველია. ეს ჭეშმარიტებაა…“

„პატიმრის, თავისუფლებააღკვეთილის იმედი – სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ჩვეულებრივად მცხოვრები ადამიანის. თავისუფალი ადამიანიც, რასაკვირველია, იმედით ცოცხლობს, (მაგალითად, ბედის შეცვლის, ახალი საქმის დაწყების…), მაგრამ ის მოქმედებს და ცხოვრების ორომტრიალში სავსებით ერთვება, პატიმრის საქმე სხვაგვარადააა. დავუშვათ ესეც ცხოვრებაა – ყაზარმული, კატორღული; მაგრამ, ვინც უნდა იყოს კატორღელი და რა ვადითაც უნდა იყოს გადასახლებული, ვერ შეძლებს გადაჭრით, ინსტიქტურად, უპირობოდ მიიღოს თავისი ხვედრი.“

„ყოველი ადამიანი, თუნდაც ინსტინქტურად, თუნდაც შეუგნებლად, რაგინდ დაბეჩავებულიც უნდა იყოს, მაინც მოითხოვს პატივისცემას თავისი ადამიანური ღირსებისადმი.“

„პატიმარმა თვითონაც იცის თავისი მდგომარეობა, რომ პატიმარია, განკიცხულია, იცის თავისი ადგილი უფროსობის წინაშე; მაგრამ ვერავითარი დაღებით, ვერავითარი ბორკილებით ვერ აიძულებ დაივიწყოს, რომ ადამიანია. რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანია, მაშასადამე ადამიანურად უნდა მოეპყრა. ღმერთო ჩემო! დიახ, სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი.“

„კანონის ამ უნიჭო შემსრულებლებს სრულიად არ ესმით და არც შეიძლება იცოდნენ, რომ კანონის ზუსტად და უაზროდ, არსის გაუცნობიერებლად შესრულებას სწორედაც რომ უწესრიგობა მოჰყვება და არც არასოდეს გამოუღია სხავ შედეგი.“

„საკმარისია მოაცილოთ გარეგანი ქერქი და ყურადღებით, ცრურწმენის გარეშე ჩაიხედოთ ხალხის გულში, ისეთ იშვიათ რამეს აღმოაჩენთ იქ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით.“

„საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ტირანიას, საფუძველშივე დასნეულებულია.“

„აკი საზოგადოებას ჯალათი სძულს, მაგრამ განა ჯალათი – ჯენტლმენი არაა?! ამაზე ახლახანს გამოთქვეს საპირისპირო აზრი, თანაც მხოლოდ წიგნებში, განყენებულად. ჯერჯერობით შორს ვართ იმისგან, რომ თვითმპყრობელური ჟინი ყველამ ჩაიკლას. თუნდაც ყოველი ფაბრიკანტი, ანტრეპრენიორი, უთუოდ უნდა გრძნობდეს, ერთგვარ გამაღიზიანებელ სიამოვნებას, რომ მასთან დასაქმებული მუშა ზოგჯერ თავისი ოჯახით მთლიანად მასზეა დამოკიდებული. დიახ, რეალურად სწორედ ასეა; თაობებს უჭირთ გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მემკვიდრეობით ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. ადამიანს დრო სჭირდება, რომ უარი თქვას იმაზე, რაც სისხლში აქვს, რაც, როგორც იტყვიან, დედის რძესთან ერთად შეუსისხლხორცებია. ამგვარი სახელდახელო გადატრიალება შეუძლებელია. გააცნობიერო წინაპართა დანაშაული და ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გათავისუფლდე მისგან. ეს კი უცებ როდი ხდება.“

„ძნელი წარმოსადგენია, სადამდე შეიძლება დამახინჯდეს ადამიანის ბუნება.“

„რაიმე მიზნის გარეშე ცოცხალი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს.“

ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close