ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

გოდერძი ჩოხელი -ამონარიდები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან

ადამიანთა სევდა
„ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი.“

„დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.“

„სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს.“

„სანთელი შალის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებს…“

„- სიკვდილისა გეშინია?
– რატო მეშინია?!
– რატომ არა?
– იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.“

„ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია.“

„ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ.“

„- რა გადარდებს?
– მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.“

„- რა არის სიცოცხლე?
– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
– სიკვდილი?
– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.“

წითელი მგელი
„თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა.“

„რაა სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ – ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს.“

„ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან, სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან, სადაც სინამდვილეში ელოდება ის.“

თევზის წერილები
„თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომ იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორეს დამონება და დამცირება გიყვართ.“

სიყვარულის ცეცხლი
„ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი.“

„სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ – მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ – მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!!!“

„როცა გზაზე ადამიანები ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყდრალი, ნასახლარი, ნაფუძარი, ნაცოლარი, და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს წამოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თუ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა – სიყვარული!“

9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ
„- რა ჰქვია?
– ვის?
– შენს შეყვარებულს.
– არ ვიცი.
– როგორ, სახელი არ იცი?
– არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
– როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
– რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .“

„- რას იტყვით, რა არის სიყვარული?
– არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
– შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
– აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
– ხომ ნახულობ?
– არა, ალიმენტ უგზავნი.“

„- ბებოო?
– რაო, შვილო?
– სიყვარული რა არის?
– სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!“

„სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.“

„სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“

ანგელოზთღამეობა
– შენ რომ სთხოვე ღმერთს, იმიტომ შეწყვიტა სეტყვის ჩამოყრა ციდან, ხო, დედიკო? – დარწმუნებულმა მაინც ვკითხე დედას.
– ხო, შვილო, დაილოცოს ღმერთის განგება.
– მუხის დედამ არ სთხოვა? – ვკითხე ისევ და დანანებით გავხედე მუხას, გულიდან რომ ცეცხლი ამოსდიოდა, – რატომ არ სთხოვა, დედი, მუხის დედამ, ჩემს შვილს ცეცხლი არ მოუკიდოო, ჰა?!
– დედა აღარა ჰყავს მაგ მუხას და იმიტომ, შვილო.
– ვინ მოუკლა?
– კაცმა.
– რომელმა კაცმა?
– ცულიანმა?
– მერე შენ რატომ არ სთხოვე, დედი, რომ მუხასაც არაფერი დაუშაოო, შენ ხომ ყველაფერს გიჯერებს ღმერთი, არც მუხას ესროდა მეხს.
– რა ვიცი, ვეღარ მოვიფიქრე, შვილო, – დანანებით თქვა დედაჩემმა და მე უფრო მაგრად დამწყდა გული, რომ ეს ვერ მოიფიქრა დედაჩემმა.

„მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად.“

აფრენა
„- მე შეიძლება გავგიჟდე.
– რატომ?
– ზოგჯერ ისე ახლოს ვგრძნობ ჩემს მოთხრობებს, მეშინია, მართლა არ გაცოცხლდნენ.“

დევების ნასოფლარი
„მაღალო ღმერთო! ეს მოთხრობა აღსარებად ჩამითვალე და ისე ნუ გააფერმკთალებ დედა-შვილობის მადლს, ისე ნუ მოგვაკლებ სიყვარულს, რომ დევებს უფრო ვეცოდებოდეთ ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის, ვიდრე ჩვენ ერთიმეორე.“

მოლოდინივით მძიმეა მიწა
„გზა ვერ იტევს უკაცობას. გზა სავსე არის მოლოდინით და ხალხით. გზას პირველს სტკივა ქვეყნის სატკივარი. გზა პირველი მოელის შინმოუსვლელთ. გზას პირველ მოაქვს სიხარული:
მიწაზე ჯოხდაყრდნობილი დგას. გზაზე კი ათასობით ამვლელი და ჩამვლელი ჩადის. ვინ იცის, რამდენი ამისთანა გზა არის დედამიწაზე.
ხანდახან დაღლილ მუხლებს მოიკეცავს ხოლმე ცივ მიწაზე და მაშინ გრძნობს, რომ მოლოდინივით მძიმეა მიწა…“

ნატირალი
„კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის – ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!“

სხვა ნაწარმოებები
„ცას ვარსკვლავებით იცი რა აწერია? მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.“

„ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.“

„სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…“

„დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.“

„ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.“

„მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ღვთივ კურთხეულო სამყარო. ანგელოზები მეწვივნენ, სული ხორცს უნდა გავყარო. ერთსა გთხოვთ, ყველას, ნუ იტყვით, შენ ჩვენებური არ ხარო.“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button