საკითხავიხელოვნება

ოთარ ეგაძე – როგორ იდგმებოდა „გორდა“

1949 წლის 30 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის ლენინის ორდენოსანი სახელმწიფო თეატრი შემოქმედებით ალმურში იყო გახვეული. იმ საღამოს პირველად მიდიოდა ბალეტი „გორდა“. მართალია, აფიშებს სიტყვა „პრემიერის“ მაგივრად სპექტაკლის „საჯარო განხილვა“ ეწერა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სწორედ იმ საღამოს წყდებოდა ახალი ქართული სპექტაკლის ბედი, რომელიც ბევრის აზრით შესაძლოა გაიმარჯვებდა და „მთების გულსა“ და „სინათლეს“ გვერდს დაუმშვენებდა.

სპექტაკლის საჯარო განხილვამდე მრავალი მითქმა-მოთქმა შეიქმნა ამ ბალეტის შესახებ. ერთნი აღტაცებულნი იყვნენ მისი მუსიკითა და ქორეოგრაფიული ენით, მეორენი კი ახალ ბალეტს სკეპტიკურად ხვდებოდნენ, თუმცა ბევრ მათგანს „გორდა“ ნახული და მოსმენილი არ ჰქონდა.

რითი იყო გამოწვეული „გორდაზე“ ასეთი სხვადასხვა შეხედულება? რატომ სჯეროდა თეატრის მეგობართა ერთ ნაწილს „გორდას“ დიდი გამარჯვებისა. ხოლო მეგობართა მეორე, თუმცა მცირე მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ნაწილს არ სწამდა მისი მომავალი წარმატება.

საზოგადოების ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოლოდინი აიხსნებოდა იმით, რომ ახალი ბალეტის ლიბრეტოზე მუშაობამ დაუკმაყოფილებელი გრძნობა შეუქმნა თვით ბალეტის ავტორებს დავით თორაძეს, ვახტანგ ჭაბუკიანს და მათთან ერთად მომუშავე არა ერთ მწერალს, რომლებიც ან ზუსტად მისდევდნენ დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხის“ ქარგას, ან სრულიად სხვა ვარიანტებს თხზავდნენ. ავტორებმა ცვალებადი შემადგენლობით თითქოს მთელ წელიწადს იმუშავეს, მაგრამ იმის გამო, რომ მაინც ვერ შეიქმნა საბალეტო სპეციფიკისთვის მოსარგები მძაფრსიუჟეტიანი ლიბრეტო, კომპოზიტორმა მუსიკის წერას გული ვერ დაუდო და ქორეოგრაფი ცეკვის ენაზე ვეღარ ამტყველდა.

1948 წელი იწურებოდა. სპექტაკლის განსახორციელებლად კი მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა. ვახტანგ ჭაბუკიანმა და დავით თორაძემ ახალ ბალეტზე მუშაობა შემომთავაზეს.

ეს მოხდა ახალწლის ღამეს. ვახტანგ ჭაბუკიანის სახლში წვეულება იყო, რომლის დროსაც მომავალი, ახალი ქართული ბალეტის შექმნის სადღეგრძელოც აიწია.

– ისევ ერთად ვიმუშაოთ – მომმართა ვახტანგ ჭაბუკიანმა.

– კარგი ბალეტი გამოგვივა – დაურთო დავით თორაძემ.

მე დაფიქრების დროც არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი რომ კომპოზიტორი და ქორეოგრაფი ძალიან იფარგლებოდნენ თავიანთ ჩანაფიქრში „სურამის ციხის“ სიუჟეტით, მოითხოვდნენ დ. ჭონქაძის მოთხრობის ყველა სიტუაციის შეტანას საბალეტო ლიბრეტოში. ჩემის აზრით კი საბალეტო სპექტაკლისათვის მოთხრობის ყველა ეპიზოდის გამოყენება სასარგებლო არ იქნებოდა. პასუხი მაინც არ დავაყოვნე, ქართული ბალეტის თითქმის ყოველი გამოჩენილი წარმომადგენელი ჭიქით ხელში ზეზე იდგა და ახალი საბალეტო სპექტაკლის ყოფნა-არ ყოფნის საკითხის გადაწყვეტას ელოდა.

– ვიმუშაოთ ერთის პირობით – „სურამის ციხიდან“ გამოვიყენოთ მთავარი, ციხის აგების ლეგენდა. დანარჩენში კი თავისუფალი უნდა ვიყო – მივმართე ვახტანგსა და დავითს და რაკი უმალ თანხმობა მივიღე ახალი ქართული ბალეტის გასამარჯვებელიც შევსვით, რომელსაც მალე „გორდად“ დაბადება ეწერა.

იმ დღეს რაღა გაეწყობოდა, ორ იანვარს კი, დღის პირველ საათზე სამივენი შევიკრიბეთ. ძველი ყაიდის პატარა „მოსკვიჩით“ ვახტანგ ჭაბუკიანს გავუარე სახლში და დავით თორაძესაც მივადექით, რომ ქალაქგარეთ გავსულიყავით და მომავალი ლიბრეტოს უკვე ჩაფიქრებული ეპიზოდები გამეცნო.

კომპოზიტორის მეუღლემ, ცნობილმა ქართველმა კინომსახიობმა ლიანა ასათიანმა სახელდახელოდ შეხვეული გემრიელი საუზმე და ცოტა რამ სხვაც ხელჩანთაში ჩაგვიწყო და შემოქმედებითი წარმატება გვისურვა.

ჩვენი მანქანა დიღმის ფერდობისკენ გაიჭრა. იმ სოფლისაკენ გაემართა, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანს ბავშვობის დღეები გაუტარებია. იმ წელიწადს ცივი ზამთარი იდგა. დიღმის გზის აღმა, ერთი ძველი ეკლესიის ნანგრევებთან შევჩერდით და გემრიელ საგზალთან გაალერსების შემდეგ, მომავალი ბალეტის სიუჟეტის მოყოლას შევუდექი.

მე ხუროთმოძღვარი, შემდეგში კი უკვე გორდად წოდებული ჭაბუკის გამოჩენით ვიწყებდი პირველ მოქმედებას: გორდა მიუვალ ხევში აღმართულ კლდეზე იდგა და თავისი სათაყვანო არსების, მეფის ასულ ირემას იერსახეს ჭრიდა ქვაში. სიუჟეტი იოლად განვითარდა. აღმაფრენითა და მზის სინათლით აღსავსე სცენა გრძნობათა დიდი ჭიდილითა და ბუნების განრისხებით მთავრდებოდა. ამ სცენას, როგორც მე წარმომედგინა, მაყურებელი თავიდანვე ხელში უნდა აეყვანა.

ვ. ჭაბუკიანი კმაყოფილი იყო. იგი ცალი ხელით ჰაერში რაღაცას ხატავდა და მარჯვენა ფეხით უხილავ რამეს ქარგავდა. დ. თორაძე ჩაფიქრებული ღიღინებდა და ალბათ იმ მომავალ ჭექა-ქუხილის მუსიკალურ მელოდიას ანვითარებდა, რომელიც ასე ძლიერად აჟღერდა პირველსავე მოქმედებაში.

ჩვენი პირველი შემოქმედებითი რეისი კეთილად დასრულდა. ის მყუდრო ადგილი მოგვეწონა და პირობა დავდეთ მეორე შეკრებაც სწორედ იქ შემდგარიყო. მით უფრო რომ გალავნის ნანგრევები ჯავარას მომავალი საკანის განწყობილებას მიქმნიდა. დაჩვეულს ნუ გადააჩვევ, – ალბათ ამ ქართული გამოთქმის სიბრძნეს მისდევდა ლიანა ასათიანი, რომ მეორე დღეს, როცა მე ისევ ვახტანგს გავუარე და მერე დავით თორაძის სახლსაც მივადექი, დიასახლისმა თავისი მეგობარი კარებამდე გამოაცილა და როგორც გუშინ ახლაც რაღაც გამოატანა. დავითმა მზრუნველად ჩაავლო ხელი თეთრად გამოკრულ საგზალს და ჩვენც უმალ ვიგრძენით, რომ გუშინ კარგად დაცდილი დიასახლისის ნახელარი ამჯერადაც ერთსულოვან შემოქმედებით წარმატებას მოგვიტანდა.

ასე გაგრძელდა ჩვენი მოგზაურობა თბილისიდან დიღმის ნანგრევებამდე, სანამ გორდას ლიბრეტო საბოლოოდ არ ჩამოიქნა. ერთი კვირის შემდეგ მანქანაზე გადაბეჭდილი ლიბრეტო უკვე მუსიკალურ სულს იდგამდა კომპოზიტორის როიალთან და ქორეოგრაფიულ ხორცს ისხამდა თეატრის სარეპეტიციო დარბაზში.

ბალეტის კოლექტივი ხალისით მუშაობდა ახალი სპექტაკლის ეპიზოდებზე. ვახტანგ ჭაბუკიანი ისე იოლად თხზავდა კორდებალეტისა და სოლისტების თვალწინ მკაფიოდ გამოხატული აზრის გადმომცემ სიუჟეტის მომთხრობ ცეკვებს, თითქოს ხელში კალამი უჭირავს და უკვე განცდილი, წარმოსახული და ჩამოყალიბებული ქაღალდზე გადმოაქვსო.

რეპეტიციაზე დამსწრეები, ბუნებრივია ვერ ფარავდნენ ქორეოგრაფისა და კომპოზიტორის შთაგონებით გატაცებას. ჩუმჩუმ და აღტაცებით უყვებოდნენ ნაცნობ – მეგობრებს ახალი ბალეტის ცალკეულ ეპიზოდებზე, მოსალოდნელ შემოქმედებით გამარჯვებაზე. მაგრამ რაკი ჭაბუკიანი და თორაძე შეგნებულად სდუმდნენ ბალეტის მოსალოდნელ წარმატებაზე, თეატრის მოყვარულთა ფართო ფენები იჭვიანი დუმილით ელოდნენ „გორდას“ სცენაზე გამოტანას.

– რა გამოვა? – ამბობდნენ ისინი. აი, ამიტომ იყო, რომ სრული ერთი წლის შემდეგ, ისევ ახალი წლის წინა ღამეს თბილისის საზოგადოებრიობა მღელვარებითა და დაძაბული ინტერესით შეხვდა „გორდას“ პირველ განხილვას.

სპექტაკლი დასრულდა. დარბაზი ოვაციებით შეეგება მონაწილეებს. უკვე ცხადი გახდა, რომ „გორდამ“ გაიმარჯვა. მოცეკვავეები აღტაცებით ეხვეოდნენ კომპოზიტორსა და ბალეტმაისტერს, გორდას იერსახის შემქმნელსა და პირველ შემსრულებელს ვახტანგ ჭაბუკიანს, რომელმაც ორი წლის წინათ ასეთივე ბრწყინვალებით გამოკვეთა ავთანდილის იერსახეც ბალეტ
„სინათლეში“.

ხალხი დიდხანს არ სტოვებდა დარბაზს. მუსიკის, ქორეოგრაფიისა და თეატრის სპეციალისტებთან ერთად ვინც იმ დღეს „გორდას“ პირველ წარმოდგენას ესწრებოდა, თეატრის დირექტორის პავლე კანდელაკის კაბინეტში შეგროვდნენ, რომ უკვე განცდილი და აღქმული უფრო დამშვიდებით ჩამოეყალიბებინათ და თუ სარჩევი და შესახსენებელი რამე ჰქონდათ ამთავითვე ერჩიათ და ეთქვათ.

მაგრამ სპექტაკლის გარჩევა-მიღება დიდხანს არ გაგრძელდა. ყველამ აღიარა „გორდას“ დრამატურგიული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ღირსებანი. თუმცა იყვნენ ისეთნიც, რომლებიც უცებ ვერ ჩაწვდნენ ქართული ნაციონალური ბალეტის თავისებურებას და გაუმართლებლად მიიჩნიეს კლასიკურ ცეკვაში ქართული ხალხური ილეთების ჩართვა.

მათი თვალი და ყური მიუჩვეველი იყო ამგვარ სიახლეს. მაგრამ ეს მოხდებოდა მხოლოდ გარკვეული დროის თვეებისა და წლების შემდეგ. რამდენ ხანს გასძლებდა „გორდა“ სცენაზე, ძნელი იყო ამის თქმა, მაგრამ ის კი იგრძნობოდა, რომ არ მოიხსნებოდა. ნიჭიერი კომპოზიტორის დ. თორაძის სახოვანი და ფერადოვანი, ქართულ მელოდიაზე დაფუძნებული მუსიკა ამისი თავდები იყო. ქორეოგრაფიის უბადლო შემოქმედის, განუმეორებელი მოცეკვავისა და ფანტაზიის მქონე ბალეტმაისტერის ვახტანგ ჭაბუკიანის საცეკვაო ენით თხრობის უნარი კი „გორდას“ გამარჯვების საწინდარი იყო.

ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“. 1959 წ. #11

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button