ისტორიასაკითხავი

ვასილ კაჭარავა “ამერიკის XX საუკუნე”

ისტორიკოსები ხშირად კამათობენ იმის შესახებ, თუ რომელმა ქვეყანამ განაპირობა ამა თუ იმ ეპოქის სახე და მართლაც, როდესაც კაცობრიობის განვითარებაზეა საუბარი, ვინ არ გაიხსენებს ძველ ეგვიპტესა თუ საბერძნეთს, რომის იმპერიასა თუ ნაპოლეონის ეპოქას!

ალბათ, ისიც ბუნებრივია, რომ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მაინც XX საუკუნეა, რომლისგანაც, მის გარიჟრაჟზე, საყოველთაო მშვიდობას, აყვავებას და უსაზღვრო წინსვლას მოელოდნენ, მაგრამ რომელიც I და II მსოფლიო ომების წყალობით ყველაზე სისხლიან საუკუნედ იქცა. თუმცა ამ საუკუნეს მეორე ნახევარში არც წარმოუდგენლად სწრაფი განვითარება და პროგრესი მოკჰლებია… რად ღირს, თუნდაც, კოსმოსის ათვისების დასაწყისი და ეკონომიკის აყვავების გრანდიოზული მასშტაბები ევროატლანტიკურ სივრცეში!

სახელმწიფოთა და რეგიონთა ინტეგრაციის სრულიად უპრეცედენტო მასშტაბების წყალობით დღეს ალბათ კიდევ უფრო ძნელია რომელიმე ერთი სახელმწიფოს ლიდერობის აღიარება, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერი შედარებითი და პირობითია ჩვენს ცხოვრებაში და ალბათ აქაც შეიძლება ჩვენი პრიორიტეტები და სიმპათიები გვქონდეს. შეფასების მთავარი კრიტერიუმი კი ის უნდა იყოს, თუ რა სიკეთე მოუტანა ამა თუ იმ ქვეყანამ არა მარტო საკუთარ ხალხს, არამედ მთელ სამყაროს ან თუნდაც სამყაროს უდიდეს ნაწილს.

ამ თავისებურ კონკურსში ალბათ ყველაზე უფრო რეალურ პრეტენდენტად ამერიკის შეერთებული შტატები მესახება, რომელსაც ალექსის დე ტოკვილმა ჯერ კიდევ 1830-იან წლებში უწინასწარმეტყველა მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ გადაქცევა.

არ დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის ისტორია სულ რაღაც 250 წელს მოიცავს და ბევრის აზრით იგი ახალგაზრდა სახელმწიფოა, მაგრამ წლებიც არის და წლებიც! ისევე, როგორც ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგეთა თანაფარდობა მარტო რიცხოვნობით კი არა, მეომართა ხარისხითაც განისაზღვრება, ალბათ წლებსაც აქვს ხარისხი მოვლენების რაოდენობის, სიმძაფრისა და მნიშვნელობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ზოგი წელი ათს უდრის, ზოგი კი – საუკუნესაც. შესაბამისად, ამერიკული სახელმწიფოს მიღწევები არსებული წლების ხარისხის და არა ფორმალური რაოდენობის შედეგია.

ამერიკის ისტორიას არც დაპირისპირება და არც მსხვერპლით აღსავსე ბრძოლები დაჰკლებია, თუნდაც ამერიკული რევოლუცია (1763-1787 წწ.) ან სამოქალაქო ომი (1861-1865) რად ღირს! მაგრამ მაშინაც კი ამერიკული საზოგადოების იდეოლოგიური საფუძველი ადამიანის უფლებების დაცვაზე, შემწყნარებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე იყო დაფუძნებული. გამარჯვებული დამარცხებულს კი არ ჩაგრავდა და სპობდა, არამედ ურიგდებოდა და ხელს უწყობდა მის წარმატებულად ჩართვას ბრძოლის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. აღარაფერს ვამბობთ ხელისუფლების მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლაზე. რაც შეეხება ე.წ. ახალგაზრდა და გამოუცდელი ერის ფენომენს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისინი, ვინც შექმნა ამერიკა, თავად არიან უდიდესი ისტორიული წარსულის მემკვიდრეები – ინგლისელები და ესპანელები, ფრანგები და გერმანელები, ჩინელები და პოლონელები.

მართალია, ბევრად უფრო მოკრძალებული, მაგრამ გარკვეული წვლილი ქართველებმაც შეიტანეს ამერიკის განვითარებაში. ასე რომ, არ უნდა დავივიწყოთ რა მასშტაბის გენეტიკური მეხსიერებაა ჩადებული ამერიკელებად ქცეულ ამ უძველესი ერების წარმომადგენლებში. ეს ცოდნა, გამოცდილება, სხვადასხვაგვარი ტემპერამენტი თუ ეროვნული თვისებები ერთ გეოგრაფიულ სივრცეში და ისტორიულ მონაკვეთში გაერთიანდა და ჯერ არნახული მოცულობისა და ხარისხის შესაძლებლობები საერთო მიზნებს დაუქვემდებარა.

ეს გრანდიოზული მუხტი ამერიკის შეერთებული შტატების შექმნის პირველივე დღეებშივე გამოიკვეთა, მაგრამ განსაკუთრებით იჩინა თავი XX საუკუნეში, რომელიც მრავალი მკვლევრისა თუ უბრალოდ ისტორიით დაინტერესებული ადამიანის აზრით, ამერიკის საუკუნედ შეიძლება ჩაითვალოს.

ამერიკელებს უყვართ საკუთარი ისტორიის ათწლეულებად დაყოფა და ეს განსაკუთრებით XX საუკუნეს ეხება. მაგალითად, 1900-იანი წლები პროგრესისტული რეფორმებისა და საერთაშორისო ექსპანსიის ათწლეულად ითვლება, 1910-იანები – პრეზიდენტ ვუდრო უილსონის საერთაშორისო აღიარებისა და I მსოფლიო ომში მონაწილეობისა, 1920-იანი წლები ეკონომიკური აყვავების და მშრალი კანონის ათწლეულია, 1930-იანები ამერიკელებმა შავბნელ, დიდი დეპრესიის ხანად მონათლეს, 1940-იანებში ამერიკა ანტიფაშისტური კოალიციის სამჭედლო იყო და II მსოფლიო ომში 15 მილიონი ამერიკელი იბრძოდა, 1950-იანები, უპრეცედენტო ეკონომიკური აყვავების ფონზე, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, იყო უბედნიერესი და კმაყოფილებით აღსავსე ხანა ამერიკის ისტორიაში. 1960-იანები ვიეტნამის ომისა და სოციალური და კულტურული ამბოხის პერიოდია, 1970-იანებში პრეზიდენტ ნიქსონის ძალისხმევით განპირობებული საერთაშორისო დათბობის სიკეთე უოტერგეიტის სკანდალის სირცხვილმა დაჩრდილა, 1980-იანები რეიგანისეული კონსერვატიული რევოლუციის ათწლეულად ითვლება და ბევრი მაშინდელ ამერიკას უბრალოდ `რეიგანის ამერიკად~ ნათლავდა. 1990-იანები კი კლინტონისეული ეკონომიკური აღმავლობისა და პოსტსაბჭოთა ეპოქის დასაწყისად მიიჩნევა. არ იქნებოდა მართებული და ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, არ გამოგვივიდოდა ამერიკის იდეალური სახის დახატვა. უამრავ პროგრესულ ნაბიჯთან ერთად ამერიკას არც აგრესია, დანაშაული და შეცდომები აკლდა. რასაკვირველია, უპირველესად გვახსენდება მკვიდრი მოსახლეობა, ინდიელები, რომელთაც ხშირად დაუნდობლად და ვერაგულად ექცეოდნენ. არანაკლებ ტრაგიკული აღმოჩნდა შავკანიან ამერიკელთა ხვედრი. ბარბაროსული რასიზმი სამარცხვინო ფურცელია ამერიკის ისტორიაში. 1823 წელს მიღებული მონროს დოქტრინა – `ამერიკა ამერიკელთათვის”  – ხშირად ნიშნავდა ამერიკას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. არც ტერიტორიული ექსპანსიის დროს ჩადენილი ცოდვებია დასავიწყებელი. ინდიელთა მიწების სრულიად განუკითხავ მიტაცებასთან ერთად ამერიკა არც მეზობელ მექსიკას ერიდებოდა, რომელსაც 1846-1848 წლების ომის შემდეგ უზარმაზარი ტერიტორია წაართვა. არც ჰავაის კუნძულების ამერიკის ფარგლებში მოქცევა მოხდა სრული ორმხრივი თანხმობის საფუძველზე. პანამის არხის პრობლემაც სუვერენული კოლუმბიის უფლებების უხეში დარღვევით გადაწყდა. 1960-იან წლებში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომი ვიეტნამში, რომელსაც მილიონობით ვიეტნამელის სიცოცხლე შეეწირა, ძნელად თუ ჩაითვლება მხოლოდ დემოკრატიისათვის ბრძოლის მაგალითად. ასევე მრავალ კითხვას აჩენდა ამერიკის მოქმედება ერაყში, სადაც ძლევამოსილი ამერიკული არმიის შეჭრით ინსპირირებულმა შიდა დაპირისპირებამ ათეულ ათასობით ერაყელის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, ამერიკულმა ჯარმა უკვე დატოვა ერაყი და ამ ქვეყანას არჩევნების მეშვეობით მოსული მთავრობა მართავს, მაგრამ იქ სერიოზული პრობლემები დღესაც საკმაოდაა.

ამასთან, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მონროს დოქტრინის მეშვეობით ამერიკამ მართლაც დაიცვა ლათინური ამერიკის ახლად შექმნილი რესპუბლიკები ევროპული ექსპანსიისგან. 1898 წლის ესპანეთი-ამერიკის ომის შედეგი იყო, რომ კუბამ, თუმც შეზღუდული, მაგრამ მაინც დამოუკიდებლობა მიიღო. ამერიკის ჩარევა კარიბის ზღვის ქვეყნების საშინაო საქმეებში არცთუ იშვიათად ამ ქვეყნების მოსახლეობას სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომებისაგან იცავდა. ერთა თვითგამორკვევის პრინციპი რეალურ პოლიტიკაში სწორედ ამერიკის პრეზიდენტ ვუდრო უილსონის წყალობით დამკვიდრდა 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში ამერიკა დემოკრატიული ფასეულობების მხარეს იბრძოდა და იგივე იყო ცივი ომის დროსაც. ნუ დავივიწყებთ, რომ ამ პერიოდში სწორედ ამერიკა იყო ის ერთადერთი რეალური ძალა, რომელმაც კომუნიზმის ექსპანსიისაგან დაიცვა სამყარო. II მსოფლიო ომამდე იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკას ამოფარებული ამერიკა ომის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ, გავლენიან და მდიდარ სახელმწიფოდ იქცა და როგორც დასავლური ცივილიზაციისა და `თავისუფალი სამყაროს~ მთავარი დამცველი, საბჭოთა ექსპანსიას დაუპირისპირდა. ამავე დროს, დანის წვერზე სიარულის მიუხედავად, ის, რომ ცივი ომი პლანეტის გამანადგურებელ ცხელ ომში არ გადაიზარდა, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამერიკის დამსახურებაა.

 II მსოფლიო ომის დროს ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგეები ნაცისტური გერმანია და მილიტარისტული იაპონია იყვნენ, მაგრამ ომის შემდეგ სწორედ ამერიკამ შექმნა ამ ქვეყნების თავისუფალი განვითარების პირობები, ხელი შეუწყო მათ დემოკრატიზაციას და ეკონომიკურ განვითარებასაც. შესაბამისად, როგორც გერმანული, ისე იაპონური ეკონომიკური `საოცრებაც~ მნიშვნელოვანწილად ამერიკელთა დამსახურებაცაა.

1947 წლის 12 მარტს ჰარი ტრუმენმა (აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი) კონგრესს 400 მილიონი დოლარი სთხოვა საბერძნეთისა და თურქეთის დასახმარებლად, სადაც არსებულ მთავრობებს კომუნისტური საფრთხე დაემუქრათ. ამერიკის ეს ფინანსური დახმარება იმასაც გულისხმობდა, რომ იგი არც უშუალოდ სამხედრო მოქმედებაზე იტყოდა უარს. თავის გამოსვლაში ტრუმენმა განაცხადა: “მწამს, რომ ამერიკის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს თავისუფალი ადამიანების დასახმარებლად, რომელნიც თავს იცავენ შეიარაღებული უმცირესობისა და გარეშე ძალების ზეწოლისგან… თუ ჩვენს ლიდერობას დავთმობთ ამ საქმეში, საფრთხეში ჩავაგდებთ მშვიდობას მსოფლიოში და თანაც საფრთხეში ჩავაგდებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასაც”. სამწუხაროდ, დღესაც, 21-ე საუკუნეშიც, საბჭოთა კავშირის მეორე გამოცემა, პუტინისეული რუსული იმპერიალიზმის სახით, კვლავ აგრძელებს მსგავსი სახის მოქმედებებს ამჯერად უკვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ და ტრუმენის დოქტრინის ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია და დღესაც ახალგაზრდა დემოკრატიების მთავარ იმედად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები გვევლინება.

1947 წლის 5 ივნისს ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი ომისგან დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკური დახმარების ინიციატივით გამოვიდა: “ჩვენი პოლიტიკა მიმართულია არა რომელიმე ქვეყნის ან დოქტრინის, არამედ შიმშილის, სიღატაკის და ქაოსის წინააღმდეგ. მისი დანიშნულებაა გამოაცოცხლოს ეკონომიკა მსოფლიოში”. ეს წინადადება გულისხმობდა საბჭოთა კავშირის ჩათვლით ყველა ევროპული ქვეყნის დახმარებას. სტალინმა ამ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ეს თავის სატელიტებსაც აუკრძალა. საბოლოოდ, ე.წ. `მარშალის გეგმის~ მიხედვით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა სამი წლის მანძილზე 12 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება მიიღეს. ეს დახმარება ასევე გამოიყენეს ევროპაში უკიდურესი გაჭირვების გამო მზარდი მემარცხენე რადიკალიზმის შეჩერებისა და ევროპული მოსახლეობის საშუალო ფენის გაძლიერებისათვის. უნდა ითქვას, რომ გეგმამ მართლაც ძალზე ეფექტიანად იმუშავა და დასავლეთი ევროპა არა მარტო სიღატაკისა და კომუნიზმისგან დაიცვა, არამედ უდიდესი ბიძგი მისცა მის ეკონომიკურ აყვავებას 1950-იან წლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკამ მსგავსი ხასიათის დახმარება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც აღმოუჩინა, რათა მათ ახალი დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოები ჩამოეყალიბებინათ და ამ ასპექტით ჩვენმა სამშობლომაც მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დახმარება მიიღო და კვლავაც იღებს.

ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაციის – ნატოს – შექმნა 1949 წელს ასევე ტრუმენის ადმინისტრაციის წყალობით მოხდა, თუმცა ნატო ევროპული სახელმწიფოების თხოვნით შეიქმნა და არა აშშ-ის ინიციატივით. ამ ორგანიზაციის ძირითად ბირთვს აშშ-ის შეიარაღებული ძალები წარმოადგენდა და სწორედ მისი წყალობით მოხერხდა საბჭოთა ექსპანსიის შეჩერება ევროპაში. ცივი ომის დასრულების შემდეგ კაცობრიობა იმედოვნებდა, რომ ნატოს არსებობის აუცილებლობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ამ ორგანიზაციას სერიოზული ბრძოლა სჭირდება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ომებში. უფრო მეტიც, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო ამ ორგანიზაციაში კომუნისტებისაგან განთავისუფლებული აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო გაწევრიანდა.

როგორც ვიცით, საქართველოც ამ მიმართულებით მიდის, თუმცა ჩვენი გზა გაცილებით უფრო რთული და მძიმე აღმოჩნდა და ამ სურვილისთვის 2008 წელს ფართომასშტაბიანი რუსული სამხედო თავდასხმის მსხვერპლი შეიქმნა. ამ ომისგან დაზარალებულ და დასუსტებულ საქართველოს ამერიკამ უდიდესი ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარება აღმოუჩინა.

დღეს რომ სამხრეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული ქვეყანაა, აბსოლუტურად დესპოტური ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით, ესეც ამერიკის დამსახურებაა. როგორც ვიცით, ეს ქვეყანა დღესაც ორი ნაწილისგან შედგება და ახლო მომავალში მის გაერთიანებას პირი არ უჩანს. კორეის ომში, რომელიც 1950-1953 წლებში მიმდინარეობდა და რომელიც კომუნისტურმა ჩრდილოეთ კორეამ დაიწყო, უკანასკნელი მონაცემით, 33 615 ამერიკელი დაიღუპა და 92 ათასამდე დაიჭრა. თავად ომი კი 22 მილიარდი დოლარი დაჯდა. ამერიკის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა დაზავებისთანავე შეასრულა სამხრეთ კორეის მთავრობისადმი მიცემული პირობა და სამხრეთი კორეის რეკონსტრუქციისთვის კონგრესს 200 მილიონი დოლარი მოსთხოვა. მსგავსი დახმარება შემდგომშიც გაგრძელდა. ამერიკული ჯარის მნიშვნელოვანი დაჯგუფება კი დღესაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვართან იმყოფება და ზურგს უმაგრებს სამხრეთ კორეის დემოკრატიას. დღეს კორეის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში და ქვეყანას ცხოვრების დონეც შესაბამისი აქვს, მაშინ, როდესაც კომუნიზმის იდეალებზე ჩამოყალიბებული ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე მილიტარისტული და ღატაკი ქვეყანაა.

1983 წელს რონალდ რეიგანის ბრძანებით ამერიკის საზღვაო ქვეითებმა კარიბის ზღვის პატარა კუნძულოვანი ქვეყანა გრენადა გაათავისუფლეს პროკომუნისტური ძალებისა და მათი კუბელი მოკავშირეებისგან და შეაჩერეს კომუნისტური გავლენის ზრდა რეგიონში.

პატარა, მაგრამ თავის ნავთობის უზარმაზარი რესურსების გამო მეტად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ქუვეითი, რომელშიაც 1990 წელს ერაყელი დიქტატორის სადამ ჰუსეინის არმია შეიჭრა. მაშინ სწორედ ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ინიციატივითა და ლიდერობით და გაეროს მხარდაჭერით შექმნა ამერიკამ ძლიერი სამხედრო კოალიცია, რომელშიც არაბული ქვეყნებიც მონაწილეობდნენ. კოალიციამ ოპერაცია `უდაბნოს ქარიშხლის~ მეშვეობით თითქმის პირწმინდად გაანადგურა აგრესორის არმია და გაათავისუფლა ეს პატარა ქვეყანა.

თუმცა, რასაკვირველია, ყველაზე დრამატული მოვლენა ცივი ომის დასასრული იყო. 1989 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, `სოლიდარობის~ პროფკავშირის ლიდერობით პოლონეთში ჩატარდა პირველი დამოუკიდებელი არჩევნები და პოლონეთი თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას დაუბრუნდა. დასუსტებული საბჭოთა კავშირის პასიურობის ფონზე ეს ტალღა გავრცელდა უნგრეთზე, ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზეც კი, რასაც საბოლოოდ, 1989 წლის დეკემბერში ავადსახსენებელი ბერლინის კედლის დანგრევა, ხოლო 1990 წელს გერმანიის გაერთიანებაც მოჰყვა. 1991 წელს ვარშავის ქვეყნების პაქტი (სსრკ-ის მიერ შექმნილი სამხედრო ბლოკი) დაიშალა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დამოუკიდებელი განვითარების საშუალება მიეცათ.

რაც მთავარია, 1991 წლის დეკემბერში თავად საბჭოთა კავშირი დაიშალა ოფიციალურად და ამავე წლის 8 დეკემბერს შეიქმნა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომელშიაც 21 დეკემბერს საბოლოოდ გაწევრიანდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისა და საქართველოს გარდა.

ეს ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენები, თავად საბჭოთა სისტემის ფუნდამენტურ ხარვეზებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად ამერიკის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის პოლიტიკურმა მოღვაწეობამაც განაპირობა. რეიგანი და მისი გუნდი დარწმუნებული იყვნენ, რომ ე.წ. `დათბობის პერიოდი~ საბჭოთა კავშირმა ცალმხრივად, თავისი გაძლიერებისა და ექსპანსიის გასაფართოებლად გამოიყენა და გარკვეულწილად მოატყუა კიდეც დასავლეთი. შესაბამისად, მან გადაწყვეტა ძირეულად შეეცვალა არსებული ვითარება და თავად დასავლური სამყარო გადაეყვანა კონტრშეტევაზე, რომელიც არა მარტო შეაჩერებდა საბჭოთა ექსპანსიას, არამედ საბოლოოდ ძირს გამოუთხრიდა ამ სისტემას.

ეს ბრძოლა რეიგანმა საბჭოთა კავშირზე, საბჭოთა სისტემაზე და საერთოდ კომუნისტურ იდეოლოგიაზე უკომპრომისო იდეოლოგიური შეტევით დაიწყო. სწორედ რეიგანმა უწოდა საბჭოთა კავშირს `ბოროტების იმპერია~ და მოახერხა მისი ისტორიული განწირულობის დასაბუთება.

მაგრამ ნებისმიერი მჭევრმეტყველება კონკრეტულმა საქმემ უნდა გაამაგროს. ეს კი გამოიხატა ამერიკის სამხედრო ძლევამოსილების აღორძინებაში, საბჭოთა კავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირების ძალზე კარგად მომზადებული პროგრამის შემუშავებასა და მის განხორციელებაში.

ამ მოვლენებში, საუდის არაბეთთან შეთანხმებით ამერიკის მიერ ინიცირებული ნავთობის ფასების დაწევასთან ერთად (ამ დროისთვის სსრკ-ის მთავარ სავალუტო შემოსავალს ნავთობის გაყიდვა წარმოადგენდა), ცენტრალური ადგილი სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივამ (ე.წ. `ვარსკვლავური ომების~ იდეა) დაიკავა, რომელიც რეიგანმა 1983 წლის 23 მარტს გაახმაურა. შედეგად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და იდეოლოგიურად დაუძლურებული სსრ კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი ზემოჩამოთვლილ დათმობებზე წავიდა, რასაც საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლაც კი მოჰყვა.

1990-იან წლებში ყოფილ იუგოსლავიაში უარესად სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის დასრულებაშიც, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სწორედ აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.

ალბათ მკითხველს კანონზომიერი კითხვა გაუჩნდება, თუ რამ განაპირობა ფართომასშტაბიანი აქტიურობა მთელ მსოფლიოში და თუ რატომ ხარჯავს ამერიკა საკუთარი გადასახადის გადამხდელთა უზარმაზარ თანხებს ახალგაზრდა დემოკრატიების მხარდასაჭერად და რიგ შემთხვევაში ამერიკელ ჯარისკაცთა სიცოცხლესაც რისკის ქვეშ აყენებს?

 პასუხი თითქოსდა მარტივია: ვინაიდან დემოკრატიული სახელმწიფოები გაცილებით უფრო პროგნოზირებადი არიან საკუთარ საგარეო პოლიტიკაში და შესაბამისად, გაცილებით უფრო მშვიდობის მოყვარენიც, რაც საბოლოო ჯამში ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებშია. გარდა ამისა, ითვლება, რომ ღატაკი სახელმწიფოები ტოტალიტარიზმისა და აგრესიულობისთვის მეტად ნოყიერი ნიადაგია, რაც არა მარტო მორალურ, არამედ წმინდა პოლიტიკურ და უსაფრთხოების ასპექტში პრობლემას წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის.

1953 წელს საინაუგურაციო გამოსვლაში პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა აღნიშნა, “ჩვენ დაკავშირებული ვართ ყველა თავისუფალ ადამიანთან არა მარტო კეთილშობილური იდეით, არამედ უბრალო აუცილებლობით… თავისუფალ ადამიანთა ერთიანობის შესაქმნელად, ჩვენი დროის გამოწვევების დასაძლევად ბედისწერამ ჩვენ ქვეყანას დააკისრა თავისუფალი სამყაროს ლიდერობა… ერთი ერის გაღატაკებაც კი საფრთხეს წარმოადგენს ყველა სხვა ხალხის კეთილდღეობისათვის”.

 ასევე თავის საინაუგურაციო გამოსვლაში 1961 წელს პრეზიდენტი ჯონ კენედი პირდაპირ ამბობდა, რომ ამერიკა ყოველმხრივ დაეხმარებოდა პლანეტის გაჭირვებულ ადამიანებს არა იმიტომ, რომ მათ შეიძლება კომუნისტები დაეხმარონ ან ამერიკას მათი ხმები სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ სწორი ქცევაა. ვინაიდან თუ თავისუფალ საზოგადოებას არ შეუძლია დაეხმაროს მრავალ გაჭირვებულ ადამიანს, ის მდიდარ უმცირესობასაც ვერ დაიცავს.

ამგავრი სიტყვები XX საუკუნის მეორე ნახევრის თითქმის ყველა ამერიკელი პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში შეიძლება ნახოთ. საქმე ისაა, რომ ამერიკის უსაფრთხოებისა და აყვავების სტრატეგიული ინტერესები და ზემოჩამოთვლილი არგუმენტები საკმაოდ კარგად ემთხვევა ერთმანეთს.

XX საუკუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის, იდეოლოგიებისა და მიმდინარეობების საუკუნე იყო, მაინც ყველაზე მეტად აშშ-ის არსებობამ და პოლიტიკამ დაასვა დაღი. გასული საუკუნე ჭეშმარიტად ამერიკის საუკუნე იყო. საინტერესოა, მოხდება თუ არა იგივე XXI საუკუნეში?!

გამოქვეყნდა ჟურნალი “ჩემი სამყარო” N 8. 2015 წ.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button