ისტორიასაკითხავი

The Day(s) the Earth Stood Still

ეს არ არის 2008 წლის საი-ფაი ჟანრის ფილმის მიმოხილვა. ამ სტატიაში (გნებავთ პოსტში) შევეცდები განსხვავებული რაკურსით გიამბოთ ჰელიოცენტრიზმის მოძღვრების განვითარებაზე. ასევე, შევეცდები იმის ჩვენებას, რომ ამ ერთობ რევოლუციურ-ევოლოციური მოვლენების უკან არა მხოლოდ რენესანსის აღმოჩენები, არამედ ანტიკურ-მისტიკური სიბრძნეც იდგა. 

წარმოიდგინეთ, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში არსებობს ყოვლისმომცველი ფილოსოფია, რომელიც მასონთა მსოფლმხედველობაზე უფრო ძველი და ძლიერია; რომელიც წარმოადგენს ალქიმიის, ასტროლოგიის, ოკულტიზმის, მისტიციზმის, მაგიის და მისთანანის პირმშოს. ეს არის ჰერმეტიზმი – თეოლოგიური და ფილოსოფიური ტრადიცია, რომელიც ეფუძნება ვინმე ჰერმეს ტრისმეგისტუსის ნაწერებს (ბევრი ქრისტიანი მწერლის აზრით, ეს იყო ბრძენი წარმართი, რომელმაც იწინასწარმეტყველა ქრისტიანობის აღმოცენება; ბევრი მას მიიჩნევს უდიდეს ფილოსოფოსად, უდიდეს თეოლოგად და უდიდეს მეფედ – „ტრი“-სმეგისტუსი). რა შუაშია ამასთან ჰელიოცენტრიზმი? კი ბატონო, დავიწყოთ:
XVI საუკუნეში მოღვაწე ერთ დომინიკელ ბერს, სწამდა, რომ ჰერმეტიციზმი (ძველ ეგვიპტელთა სიბრძნე) იყო ნადვილი რელიგია. გაგიკვირდებათ და ეს ბერი იყო ჯორდანო ბრუნო. ბრუნომ დააარსა საიდუმლო საზოგადოება – ჯორდანისტები, რელიგიური რეფორმის (სად იყო ჯერ ლუთერი) განსახორციელებლად იტალიასა და ევროპაში: იდეოლოგიური საფუძველი – ჰერმეტიციზმი. ამით მიიქცია პაპის ყურადღება.
ჰერმეტიციზმი ბრუნოს დაეხმარა მასზე ადრე მცხოვრები ერთი პოლონელის (დიახ, ნიკოლაი კოპერნიკი) კონცეფციის – ჰელიოცენტრიზმის ინტერპრეტაციაში, რომელიც კოპერნიკმა ბრუნოს დაბადებამდე 5 წლით ადრე ჩამოაყალიბა ნაშრომში On the Revolution on the Celestial Spheres (1543). კოპერნიკი ამტკიცებდა, რომ დედამიწა ბრუნავდა მზის ირგვლივ. საქმე ის იყო, რომ კოპერნიკის „ახალი“ იდეების უმეტესობა უკვე გაბნეული იყო ადრე დაწერილ ჰერმეტიკულ ნაშრომებში.
ბრუნო კი იმედოვნებდა, რომ ჰელიოცენტრიზმის დამტკიცება საფუძველს დაუდებდა ჰერმეტიკულ განმანათლებლობასა და რელიგიურ რევოლუციას – ეგვიპტელთა სიბრძნე ჩაანაცვლებდა ქრისტიანობას. ამისთვის, ბრუნომ კავშირები დაამყარა ცნობილ ფიგურებთან – ტრაიანო ბოკალინისთან (დაწერა ნაშრომი News from Parnassus მსოფლიო რეფორმაციაზე) და ჯონ ვინჩენცო პინელისთან (გალილეო გალილეის მენტორი).
თუმცა, როგორც 100-დან 42 შემთხვევაში ხდება, ბრუნოს უღალატეს და შეიპყრო ინკვიზიციამ. 8 წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1600 წელს, დაწვეს კოცონზე. მის გასამართლებას და დასჯას ხელმძღვანელობდა რობერტო ბელარმინო (რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გალილეის საქმეში).
1592 წელს მოღვაწეობას იწყებს გალილეო გალილეი, რომელმაც პადუას უნივერსიტეტში მიიღო მათემატიკის პროფესორის ის ადგილი, რომელიც უნდა დაეკავებინა ბრუნოს, თუმცა ბრუნო იმ წელს დააპატიმრეს. ბრუნოს სიკვდილმა სცენაზე შემოიყვანა გამორჩეული რენესანსელი, ნეაპოლიტანელი და დომინიკელი მოაზროვნე ტომაზო კამპანელა. რა აქვს საერთო კამპანელას და გალილეის? მართალია, ჰერმეტიციზმი. გალილეი და კამპანელა ახლო კავშირებს ამყარებენ პინელისთან და ბოკალინისთან.
ბრუნოს იდეებზე და ჰელიოცენტრიზმის გავლენით კამპანელამ დაწერა „მზის ქალაქი“ (1602), რომელშიც აღწერა ჰერმეტიციზმის პრინციპებზე მოწყობილი უტოპიური საზოგადოება. 1599 წელს კამპანელასაც უღალატეს და ინკვიზიციას გადასცეს. სიგიჟე მოიგონა და სიკვდილით დასჯას გადარჩა, თუმცა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამასობაში უსაქმოდ რა გააჩერებდა გალილეოს და ისიც პინელის დახმარებით გაეცნო ოპტიკის მეცნიერებას, რომელმაც გაზარდა მისი რეპუტაცია და გალილეომ ააწყო ტელესკოპი. ამ სათამაშოს წყალობით გალილეი მიხვდა კოპერნიკის იდეის მართებულობას და თავისი პირველი აღმოჩენები გადმოსცა The Starry Messenger (Sidereus Nuncius)-ში.
1615 წელს გალილეიმ საჯაროდ განაცხადა, რომ დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავდა. რომის ეკლესიამ დაიწყო მისი საქმის გამოძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა აწ უკვე ხსენებული რობერტო ბელარმინო (ბრუნოს მსაჯული).
ამ დროს ციხეში მყოფმა კამპანელამ დაწერა გალილეოს მხარდასაჭერი სიტყვა Defense of Galileo. 1632 წელს გალილეომ გამოაქვეყნა Dialogue concerning the Two Chief World Systems, რაც ფორმალურად მოიწონა ეკლესიამ (რომის პაპი იყო გალილეოს მეგობარი).
თუმცა გალილეოს ამან არ უშველა და 1632 წელს მიუსაჯეს თავისუფლების სამუდამო აღკვეთა, თუმცა უკვე 70 წელს გადაცილებულ გალილეოს პატივი სცეს და სასჯელი შეუცვალეს შინა პატიმრობით. მისი პირველი სტუმარი ტომაზო კამპანელა იყო. დღეები, როდესაც დედამიწა უძრავად იდგა, ამ ვიზიტით დასრულდა.

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

წყარო
http://celsius-233.blogspot.com
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close