ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ფიოდორ დოსტოევსკი – ძმები კარამაზოვები

„ადამიანები, ავკაცნიც კი, უმეტესად, ბევრად უფრო მიამიტნი და გულუბრყვილონი არიან, როგორც საერთოდ გვგონია. თავად ჩვენც ასეთნი ვართ.“

„რეალისტს სასწაული არ უნერგავს რწმენას. ნამდვილი რეალისტი, თუ მორწმუნე არ არის, საკუთარ თავში ძალასა და უნარს მუდამ იპოვის, რომ სასწაული არ ირწმუნოს, მაგრამ სასწაული თუ მის წინაშე უცილობელ ფაქტად წარსდგება, იგი უმალ საკუთარ გრძნობებს არ დაუჯერებს, ფაქტს კი არ ირწმუნებს. ხოლო თუ ირწმუნებს, ისე ირწმუნებს, როგორც ბუნებრივ ფაქტს, რაც მანამდე მისთვის უცნობი იყო. რეალისტის რწმენას სასწაული კი არ ჰბადებს, არამედ რწმენა ჰბადებს სასწაულს. რეალისტმა თუკი ირწმუნა, მაშინ სწორედ რეალიზმის გამო სასწაულიც უნდა ირწმუნოს.“

„თქვენი თავისა ნუ შეგრცხვებათ, იმიტომ რომ ყოველივეს მხოლოდ ეს იწვევს.“

„მთავარია, საკუთარ თავთან არ იცრუოთ. ვინც საკუთარ თავთან ცრუობს და საკუთარ ტყუილს ირწმუნებს, იქამდე მიდის, რომ ვეღარავითარ სიმართლეს ვერც საკუთარ არსებაში, ვერც ირგვლივ ვეღარ ამჩნევს და, მაშასადამე, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც პატივისცემას კარგავს. როცა პატივს აღარავის სცემს, სიყვარულსაც კარგავს, ხოლო სიყვარულის უქონელი, თავის შესაქცევად და გასართობად, ვნებებსა და უხეშ სიტკბოებას მიელტვის და მანკიერებათა ტყვეობას პირუტყვულ ყოფამდე მიჰყავს, ხოლო ყოველივეს სხვებთან და საკუთარ თავთან გამუდმებული სიცრუე იწვევს.“

„ადამიანის დამცინავი გონება ვერ მიმხვდარა, რომ პიროვნების ჭეშმარიტი უზრუნველყოფა ცალკეულ ადამიანების მცდელობით კი არ მიიღწევა, არამედ ადამიანთა ერთიანობით“.

„ყველა ქალში შეიძლება იპოვო გასაოცრად არაჩვეულებრივი, რასაც სხვა ვერავისთან ნახავ; ოღონდ პოვნის უნარი უნდა გქონდეს, აი ეს არის მთავარი! ეს უკვე ნიჭია!“

„ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია და ამიტომაც აკრძალულიც აღარაფერი არ უნდა იყოს“.

228766„ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი.“

„თუ კაცობრიობას თავისი უკვდავების რწმენას მოუსპობთ, მყისვე დაეშრიტება არამარტო სიყვარული, არამედ ყოველგვარი სასიცოცხლო ძალა არსებობის გასაგრძელებლად.“

45420„- ნუთუ მართლა გწამთ, რომ თუ ადამიანები თავიანთი სულის უკვდავების რწმენას დაკარგავენ, ბოროტება არამარტო ნებადართული, არამედ აღიარებული იქნება ყველაზე აუცილებელ და ყველაზე გონივრულ შედეგად ყოველი ურწმუნოს ყოფისა?
– დიახ, ამას ვამტკიცებდი. არ არსებობს ზნეობა, თუ არ არის უკვდავება.
– ნეტარ ხარ, თუ ეს გწამთ, ანდა ძალიან უბედური!
– რატომ უბედური?
– იმიტომ, რომ თავად არ გწამთ თქვენი სულის უკვდავება.
– შესაძლოა, მართალი ხარ!… მაგრამ მე მთლად არ მიხუმრია…
– მთლად არ გიხუმრიათ, ჭეშმარიტად ასეა. ეს იდეა თქვენს გულს ჯერ არ გადაუწყვეტია და იტანჯება. მაგრამ ტანჯულსაც ზოგჯერ უყვარს სასოწარკვეთით თავის შექცევა სასოწარკვეთისავე გამო.“

„უდიდეს ძალად გაერთიანებულმა საერთო მეცნიერებამ, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეში, ყველაფერი განიხილა, რაც კი ჩვენთვის წმინდა წიგნებში ზეცითაა ნაანდერძევი და მკაცრი ანალიზის შემდეგ მთელი მსოფლიოს მეცნიერებს ხელში აღარაფერი შემორჩათ იმისგან, რაც ადრე წმიდათაწმიდა იყო. მაგრამ ისინი ნაწილნაწილ განიხილავდნენ, მთლიანი კი თვალთაგან გამორჩათ, თანაც გასაოცარი სიბრმავით. რამეთუ მთლიანი მათსავე თვლათა წინაშე როგორც უწინ, ახლაც ურყევად დგას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ. განა იგი ცხრამეტ საუკუნეს არ ცოცხლობდა და განა ახლა არ ცოცხლობს ცალკეული ადამიანებისა თუ ხალხთა მასების სულის მიმოქცევაში? თვით მათი სულის მიმოქცევაშიც ურყევად ცოცხლოს კვლავინდებურად! რამეთუ ქრისტიანობის უარმყოფელთა და მის წინააღმდეგ ამბოხებულთა არსი იმავე ქრისტეს სახებაა, ისინი ისეთივენი დარჩნენ, რადგან აქამდე ვერც მათმა სიბრძნემ, ვერც მათი გულის მხურვალებამ ადამიანს და მის ღირსებას ვერ შეუქმნა სხვა უმაღლესი ხატება, ვიდრე წარსულში ქრისტეს ნაჩვენები ხატებაა. როცა კი შექმნას შეეცადნენ, ხელთ მხოლოდ სიმახინჯე შერჩათ.“

1278978520_bratya.karamazovy.e11.dvdrip.iloveserial.net.0-39„ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის გულში, ყველამ დაუცხრომლად უნდა უთხრას აღსარება საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ცოდვისა, თუნდაც მაშინ, როცა შეიცნობთ, ოღონდაც მოინანიეთ და ღმერთს პირობას ნუ დაუთქვამთ. კვლავ გეუბნებით – ნუ გაამაყდებით. ნუ გაამაყდებით მცირეთა ზედა, ნუ გაამაყდებით ნურც დიდთა წინაშე. ნუ შეიძულებთ თქვენს უარმყოფელებს, თქვენს მძრახველებს, თქვენს მძაგებლებს, თქვენს ცილისმწამებლებს. ნუ შეიძულებთ ათეისტებს, ავის მქადაგებლებს, მატერიალისტებს, მათ შორის ღვარძლიანებსაც კი, არათუ კეთილებს, რამეთუ ბევრი მათგანი კეთილია, განსაკუთრებით ჩვენს დროში. ლოცვისას ისინი ასე მოიხსენიეთ: ღმერთო, ყველა იხსენ, ვისთვისაც არავინ ლოცულობს, იხსენ ისინიც, ვისაც შენს წინაშე ლოცვა არ სურს. იქვე დაუმატეთ, ამას ჩემი სიამაყის გამო არ გთხოვ, ღმერთო, რამეთუ თავად ყველასა და ყოველზე უარესი ვარ… გიყვარდეთ ხალხი ღვთისა, სამწყსოს გადამთიელთ ნუ დაანებებთ, რამეთუ ძილსა და სიზარმაცეს თუ მიეცემით მოზიზღნი, გაამპარტავნებული და, რაც უარესია, ანგარებადაუფლებულნი, მაშინ ყოველი ქვეყნიდან მოვლენ და სამწყსოს წაგგვრიან. ხალხს სახარება დაუცხრომლად განუმარტეთ… მექრთამეობას განეშორეთ… ვერცხლი და ოქრო ნუ გეყვარებათ, ნუ გაეკარებით… გწამდეთ და რწმენის დროშა მაღლა აღმართეთ… “

„კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება.“

„ადამიანის არსებობის საიდუმლო ის კი არ არის, რომ მხოლოდ იცხოვროს, არამედ ის, თუ რისთვის იცხოვროს. ადამიანს თუ მყარი წარმოდგენა არა აქვს, რისთვის უნდა იცხოვროს, სიცოცხლეს არ ისურვებს.“

„ადამიანისათვის თავისუფლებაზე უფრო მომხიბვლავი ამქვეყნად არაფერია, მაგრამ ასევე არაფერია მასზე უფრო მტანჯველი.“

„დედა, ნუ ტირი, საყვარელო, – კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ, თქვენთან ერთად ვიმხიარულებ, სიცოცხლე ხომ, სიცოცხლე ხომ მხიარულება და სიხარულია. დედა, ნუ ტირი, სიცოცხლე სამოთხეა, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ეს გავიგოთ, ამის გაგებას თუ ვინდომებთ, მთელი ქვეყნიერება სამოთხედ გადაიქცევა.“

„თუმცაღა ყველაზე უადგილო ფიქრმა იქნებ სიკვდილით დასასჯელ დამნაშავესაც გაუელვოს.“

„არიან უაღრესად მგრძნობიარე, მაგრამ როგორღაც გატეხილი ადამიანები. მათი ჯამბაზობა ერთგვარი ღვარძლიანი ირონიაა იმათ მიმართ, ვისაც სიმართლეს პირში ვერ ეუბნებიან მათ წინაშე ხანგრძლივი დამამცირებელი შიშის გამო. ასეთი ჯამბაზობა ზოგჯერ უაღრესად ტრაგიკულია.“

„ყველანი თითქოს ოდესღაც შეთანხმებულან, რომ ამის თაობაზე ეცრუათ და აქამდე ცრუობენ, რომ სისაძაგლე სძულთ, გულში კი უყვართ.“

„შეიძლება ამ კატორღელ კაცს ჩამკვდარი გული აღუდგინო და აუღორძინო, შეიძლება წლობით ულოლიავო და ბოლოს ბუნაგიდან მზის სინათლეც გამოიყვანო, უკვე ამაღლებული სული, განაწამები ცნობიერება, ანგელოზი აღადგინო, გმირი ააღორძინო! ისინი კი მრავალი, ასობით არიან. ჩვენ ყველანი კი მათ გამო დამნაშავენი ვართ.“

„ჩვენი დიადი მწუხარებით კვლავ აღვადგენთ სიხარულს, ურომლისოდაც ადამიანის არსებობა არ შეიძლება, ღმერთი კი არის, რამეთუ ღმერთი გვანიჭებს სიხარულს, ეს მისი დიდი პრივილეგიაა.“

„ყველაფერს ვძლევ, ყოველგვარ ტანჯვას, ოღონდაც ჩემს თავს ყოველ წუთში ვეუბნებოდე: მე ვარსებობ! უამრავ სატანჯველში – ვარსებობ, წამებისგან მოკრუნჩხული – მაგრამ ვარსებობ! მზეს ვხედავ, ხოლო თუ მზეს ვერ ვხედავ, ვიცი, რომ არის. ხოლო თუ იცი, რომ მზე არის, ეს მთელი სიცოცხლეა.“

„აბა სცადე და ქალის წინაშე დანაშაული აღიარე, იმავ წუთს საყვედურებს სეტყვასავით დაგაყრის! პირდაპირ, უბრალოდ არაფრის დიდებით არ გაპატიებს. დაგამცირებს, მოგმჩვარავს, რაც არ ყოფილა, იმასაც გიანგარიშებს, ყველაფერს მოხვეტავს, არაფერს დაივიწყებს, თავისას დაუმატებს და მერეღა გაპატიებს.“

„დაძალებულ რწმენას რა ფასი აქვს? რწმენას არ შველის არავითარი საბუთი, განსაკუთრებით მატერიალური.“

„სატანა ვარ და ყოველივე ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.“

„სიმართლე თითქმის ყოველთვის არამახვილგონივრულია.“

„შენ იცი, რომ ეშმაკი ვარ და რომ ვარსებობ, შენ მუდამ ბრაზობ, მე კი გიმეორებ, მთელ ვარსკვლავზედა ცხოვრებას, ყოველ წოდებას დავთმობდი მხოლოდ იმისთვის, რომ ვაჭრის შვიდფუთიანი ცოლის სულად გარდავსახულიყავი და ღმერთისთვის სანთელი დამენთო.“

„უცნაურობა და ახირებულობა საზიანო უფროა, ვიდრე უფლების მომცემი ყურადღების მოპყრობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ცალკერძოებანი ერთიანყოს და საყოველთაო აბდაუბდას რაიმე ერთიანი აზრი გამოუძებნოს.“

„გონებაშეზღუდულობა განსაკუთრებულია, ეროვნულია.“

„მონობიდან თავისუფლებისკენ ადამიანს ზნეობრივი სრულყოფისთვის მრავალგზის ნაცადი, ათასწლოვანი იარაღი, შესაძლოა, ორლესურ მახვილად გადაიქცეს, ისე რომ ზოგი იქნებ თვინიერებისა და სრული თავშეკავებულობის ნაცვლად, პირიქით, უაღრეს სატანურ ქედმაღლობამდე, ანუ ხუნდებამდე და არა თავისუფლებამდე მიიყვანოს.“

„თუ ჩვენი წილხვედრია ცოდვა, სიცრუე და საცდური, ამქვეყნად ხომ იქ, სადღაც, მაინც არის წმინდანი და უმაღლესი; სამაგიეროდ, ის არის მფლობელი სიმართლისა, სამაგიეროდ, მან იცის სიმართლე; მაშასადამე ამ ქვეყნად სიმართლე არ კვდება, ჰოდა, ოდესმე ჩვენამდეც მოაღწევს და მთელს დედამიწაზე დამკვიდრდება, როგორც აღთქმულია.“

„ხალხმა მდუმარე და მრავლისმომთმენი მწუხარება იცის. ეს მწუხარება გულში ჩაგუბდება და დუმს. მაგრამ არის ბობოქარი მწუხარება, გულდარდიანს ცრემლები რომ წასკდება და მალე მოთქმა-გოდებად გადაიქცევა. ასეთი რამ უმეტესად ქალებს ემართებათ. მაგრამ ეს მდუმარე მწუხარებაზე იოლი არ არის. დამწუხრებულს მოთქმა-გოდება გულს უფრო მეტად უწამლავს და უკლავს. ასეთი მწუხარება ნუგეშს კი არ ესწრაფვის, პირიქით, ტკივილის დაუამებლობით საზრდოობს. მოთქმა-გოდება მოთხოვნილებაა ჭრილობის განუწყვეტელი გაღიზიანებისა.“

„ადამიენები ბედნიერებისათვის არიან შექმნილნი და ვინც სრულად ბედნიერია, მას პირდაპირ შეუძლია თქვას: „ამქვეყნად ღვთის აღთქმა შევასრულეო“. ყველა უმწიკვლო, ყველა წმინდანი, ყველა წმინდა მოწამე ბედნიერი იყო.“

– იცით, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: თუ ყველას სწამს, ეს აზრი საიდან გაჩნდა? გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყოველივე ბუნების მრისხანე ძალთა წინაშე შიშმა გამოიწვია და ყოველივე ეს არ არსებობს. ჰოდა, ვფიქრობ, მთელი სიცოცხლე მჯეროდა – მოვკვდები და უცებ აღარაფერი იქნება, მხოლოდ „ძირხვენა ამოვა საფლავზე,“ ეს შემზარავია! როგორ დავიბრუნო რწმენა, როგორ? თუმცაღა, მხოლოდ მაშინ მწამდა, როცა პატარა ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვფიქრობდი და მექანიკურად მწამდა… ახლა იმიტომ მოვედი, რომ გკითხოთ, ეს რით უნდა დამტკიცდეს? ამ შემთხვევასაც თუ გავუშვებ ხელიდან, ჩემს სიცოცხლეში უკვე ვეღარავინ მიპასუხებს. რით უნდა დამტკიცდეს, რით უნდა დარწმუნდე? რა უბედურება მხვდა წილად! ვდგავარ და ირგვლივ ვხედავ, რომ ყველასთვის, თითქმის 1908076_497571700378159_9140349901034349523_nყველასთვის, ყველაფერი სულ ერთია, ამაზე ახლა აღარავინ წუხს; მხოლოდ მე, ერთადერთს არ შემიძლია ამის გადატანა. ეს მომაკვდინებელია, მომაკვდინებელია!
– ნამდვილად მომაკვდინებელია. მაგრამ დამტკიცება არაფრისა შეიძლება, რომ დარწმუნდე, ეს კი შეიძლება.
– როგორ? რანაირად?
– ქმედითი სიყვარულის გამოცდილებით. შეეცადეთ, მოყვასი ქმედითად, დაუცხრომლად შეიყვაროთ. რაც უფრო წარმატებული იქნება თქვენი სიყვარული, ღმერთის არსებობას და თქვენი სულის უკვდავებას მით უფრო ირწმუნებთ. თუ მოყვასთა თქვენთა სრული თანგანწირვით შეიყვარებთ, მაშინ უეჭველად ირწმუნებთ და არავითარი ეჭვი თქვენს სულს არ შეეპარება. ეს ნაცადია, ეს უეჭველია.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button