Facebook-ის კონტრაქტორები ახდენენ მომხმარებლების შეტყობინებების განხილვასა და კლასიფიცირებას ხელოვნური ინტელექტის სწავლებისათვის
ინტერნეტ-წყაროები იტყობინებიან, რომ კომპანია Facebook-ის ათასობით გარე თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიხილავს და ახდენს მომხმარებლების შეტყობინებების მარკირებას Facebook-სა და Instagram-ზე. ასევე ცნობილია, რომ ამგვარი საქმიანობა ხორციელდება ხელოვნური ინტელექტის სწავლებისა და მომხმარებლების ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმირებულობის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ თანამშრომლები კითხულობენ არა მარტო საჯარო, არამედ პირად შეტყობინებებსაც, ეს საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს კონფიდენციალურობის დარღვევად.
წყაროების შეტყობინებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ 260-მა თანამშრომელმა მილიონობით შეტყობინების მარკირება მოახდინა ინდოეთში ჯერ კიდევ 2014 წელს. ისინი განიხილავენ შეტყობინების თემას, მისი დაწერის მიზეზს, აფასებენ ავტორის განზრახვას. დიდი ალბათობით, კომპანია Facebook ამ მონაცემებს იყენებს ახალი ფუნქციების შემუშავებისათვის და იმ მოგების გაზრდისათვის, რომელსაც იღებს სოციალურ ქსელებში განთავსებული რეკლამებისაგან. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 200 ასეთი პროექტი მოქმედებს, რომლებშიც ხდება მომხმარებლების მარკირებული შეტყობინებების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემების სწავლებისათვის.
აღნიშნულია, რომ ასეთი მიდგომა იშვიათობას არ წარმოადგენს და უამრავ დიდ კომპანიას ჰყავს სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც დაკავებულნი არიან „მონაცემების ანოტაციით“. ცხადია, პოპულარული სოციალური ქსელების მომხმარებლები ვერ იგრძნობენ თავს მშვიდად. ცნობილია, რომ ზემოთხსენებული ინდოეთის შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლებს წვდომა აქვთ მომხმარებელთა შეტყობინებებთან, სტატუსის განახლებასთან, ფოტოებისა და ვიდეოების მასალებთან, მათ შორის იმ კონტენტთანაც, რასაც კერძო ჩატში გზავნიან მომხმარებლები.