კომიქსებისაკითხავი

თავზეხელაღებული (Daredevil)

მეთიუ მაიკლ მორდოკი, იგივე თავზეხელაღებული (Daredevil), მარველის კომიქსების გამოგონილი პერსონაჟი და ერთ-ერთი სუპერგმირია. მისი შემქმნელები არიან მწერალი სტენ ლი და მხატვარი ბილ ევერეტი. საზოგადოებამ ის პირველად 1964 წელს იხილა კომიქსში “The Origin of Daredevil”.

მეთიუ ცხოვრობს მანჰეტენში, ე.წ. “ჯოჯოხეთის სამზარეულოში” ქალაქ ნიუ-იორკში. ბავშვობაში ცუდი ამბავი შეემთხვევა: მომავალი ავტომობილიდან ავზები ვარდება და იქიდან გამოჟონილი რადიოაქტიური ნივთიერება აბრმავებს. მართალია ვეღარ ხედავს, მაგრამ რადიოაქტიური ნივთიერება მას საოცრად უვითარებს სხვა გრძნობებსა და უნარებს, გაცილებით მაღალი მონაცემები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს.

მამამისი მოკრივე ჯეკ მორდოკია და მოზრდილობამდე ყველანაირად უწყობს ხელს შვილს, რომ სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდეს. შემდგომში მას დააძალებენ, დამარცხდეს რინგზე, მაგრამ ჯეკი უარს იტყვის და ამის გამო განგსტერები მოკლავენ. მეთიუ გადაწყვეტს მამამისის გამო შურისძიებას. იწყებს ვარჯიშს და იკერავს სპეციალურ კოსტუმს: ჯერ ყვითელსა და შავს, მოგვიანებით კი მუქ წითელს, სახელად კი თავზეხელაღებულს დაირქმევს. მეორენაირად მას ეწოდება “ადამიანი შიშის გარეშე”.

თავზეხელაღებული ერთ-ერთი იშვიათი ინვალიდი სუპერგმირია კომიქსებიდან. ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა “Empire” კომიქსების 50 საუკეთესო პერსონაჟში ის რიგით 37-ედ დაასახელა, ხოლო “Wizard”-მა 200 პერსონაჟიდან 21-ე ადგილი მიაკუთვნა.

ისტორია კომიქსების მიხედვით

თავზეხელაღებულის პრეზენტაცია 1964 წლის აპრილში მოხდა. მისი თავდაპირველი კოსტუმი ჯეკ კირბიმ შექმნა, ბილ ევერეტმა კი დახვეწა და გააუმჯობესა. კომიქსების პირველ წიგნზე პერსონაჟის კოსტუმი შავ, წითელ და ყვითელ ფერებშია, რაც აკრობატის ჩაცმულობას მიაგავს. შემდგომში ეს საქმე თავის თავზე აიღო უოლი ვუდმა, EC Comics-ის მხატვარმა და პერსონაჟი წითელში გამოაწყო. ასევე გააფორმა #5-8 გამოცემები.

თავზეხელაღებულის წარმოშობა (1964 წლის აპრილი)

კომიქსის პირველი წიგნი აღწერს პერსონაჟის წარმომავლობას და მის წყურვილს, იძიოს შური მამის მკვლელობის გამო. სიცოცხლეში ჯეკი უნერგავს შვილს განათლების საჭიროებას და ცდილობს დაანახოს ძალადობის უარყოფითი მხარე, რათა მასზე უკეთესი ადამიანი იყოს.

ერთხელ მეთიუ დაინახავს, რომ გზაზე უსინათლო კაცი გადადის და მისკენ სატვირთო მოემართება. მეთიუ გაიქცევა მის დასახმარებლად, სატვირთოს მძღოლი მკვეთრად ამუხრუჭებს და რადიოაქტიური ნივთიერება იღვრება, რაც მოზარდის დაბრმავებას იწვევს. თუმცა მალე მეთიუს სხვა უნარები უვითარდება: ის არჩევს მის გარშემო მყოფი ობიექტების კონტურებსა და ჩრდილებს, რითიც მათი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლია. იმისთვის, რომ შვილს არაფერი მოაკლდეს, ჯეკი უბრუნდება მოკრივის კარიერას, მაგრამ დამარცხებაზე უარის თქმის შემდეგ მას კლავენ. უარის თქმის მიზეზი კი ის იყო, რომ ორთაბრძოლაზე გასვლისას მეთიუ დარბაზში იმყოფებოდა და გულშემატკივრობდა. მეთიუ მამამისის ფორმისგან სუპერგმირის კოსტუმს იკერავს და მკვლელებს უპირისპირდება.

შემდეგ სერიებში თავზეხელაღებულის მოწინააღმდეგეები ხდებიან ისეთი ბოროტმოქმედები, როგორებიც არიან: ბუ (Owl), გლადიატორი (Gladiator) მოძალადეები (Enforcers) და ა.შ. #57 კომიქსში თავის ვინაობას უმხელს მეგობარ გოგონას, კარენ ფეიჯს. ასევე ხვდება პოპულარულ სუპერგმირს, ადამიან-ობობას, რომელიც მოგვიანებით მისი საუკეთესო მეგობარი გახდება.

70-იანი წლების კომიქსებში თავზეხელაღებული სან ფრანცისკოში გადადის და ცხოვრობს ჯაშუშ სუპერგმირთან, ნატალია რომანოვასთან, იგივე შავ ქვრივთან. ამ კომიქსს ქვესათაურად აქვს “თავზეხელაღებული და შავი ქვრივი”. მალე მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები იწყება. მაგრამ შავი ქვრივი მალე ასრულებს მასთან ურთიერთობას იმის შიშით, რომ შეიძლება მისი ვინაობა გაირკვეს. თავზეხელაღებული ისევ “ჯოჯოხეთის სამზარეულოში” ბრუნდება.

Daredevil #170. მხატვარი ფრენკ მილერი

80-იან წლებში #168 კომიქსში თავზეხელაღებულის მოწინააღმდეგე გახდა ადამიანი-ობობას მტერი, Kingpin. Kingpin-ს ჰქონდა არაბუნებრივი ზომები, ფიზიკური მონაცემები და ბრძოლისუნარიანობა. თუმცა თავზეხელაღებულის მტერი ამის გამო არ გამხდარა, მისი ძალაუფლება მოდიოდა იმ უზარმაზარი კრიმინალური იმპერიიდან, რომელსაც სათავეში ედგა. მეორე სერიოზული მოწინააღმდეგე იყო სუპერბოროტმოქმედი Bullseye. მკითხველებმა ასევე გაიცნეს ნინძები და რამდენიმე პერსონაჟი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მთავარი გმირის ადრეულ წლებში. მაგალითად ჯოხი (Stick), ნინძების კლანის მეთაური. ის იყო თავზეხელაღებულის სენსეი დაბრმავების შემდგომ. ასევე ელექტრა, მეთიუს ყოფილი მეგობარი გოგონა, რომელიც მოგვიანებით მკვლელი ნინძა გახდა.

Kingpin-ს დაქირავებული ჰყავს ელექტრა, რათა მისი მეშვეობით გაუსწორდეს თავზეხელაღებულს. ეს უკანასკნელი თავის ყოფილ მასწავლებელთან მიდის დახმარების სათხოვნელად. Bullseye ორთაბრძოლაში იწვევს ელექტრას იმის გასარკვევად, მათ შორის რომელი უფრო ძლიერი მეომარია. ბრძოლაში ელექტრა კვდება და თავზეხელაღებული შურისძიებას გადაწყვეტს. ის მიაგნებს Bullseye-ს და მაღალი შენობიდან აგდებს. შემდეგ უკავშირდება დამსჯელს (Punisher) და ერთად იწყებენ ბრძოლას ნარკოდილერების წინააღმდეგ.

Punisher vs Bullseye

#227-233 სერიებში (1986 წ. თებ.-აგვ.) ბრუნდება პერსონაჟი კარენ ფეიჯი, თავზეხელაღებულის ყოფილი მეგობარი გოგონა, ამჟამად უკვე ჰეროინზე მიჯაჭვული მსახიობი. Kingpin მისი მეშვეობით თავზეხელაღებულის ვინაობას გაარკვევს, რისთვისაც ფულად თანხას ჩუქნის. შემდეგ ამ ინფორმაციას იყენებს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად: უფეთქებს სახლს, უნგრევს ადვოკატის კარიერას – მოახერხებს მისთვის დამცველის უფლების ჩამორთმევას, მიმართავს გამუდმებულ შანტაჟს, რის გამოც სიგიჟის ზღვარზე მიიყვანს. მეთიუს ემართება ნერვული აშლილობა. თუმცა ეს სერიები პოზიტიურად სრულდება: თავზეხელაღებული და კარენი ისევ საყვარლები ხდებიან, ასევე მეთიუ შეხვდება მეგის, დედამისს, რომელიც გარდაცვლილი ეგონა. იმ მომენტში ის მონაზონია.

#319-325 სერიებში (1993 წ. აგვ. – 1994 თებ.) თავზეხელაღებული კიდევ ერთხელ მარცხდება ორთაბრძოლაში და კოსტუმის შეცვლას გადაწყვეტს. ის ქმნის უფრო უსაფრთხო ფორმას, რომელიც ბიომეტრული მასალისგან შედგება. ფერები კი არის წითელი და ნაცრისფერი, აქვს თეთრი ჯავშანი მხრებსა და მუხლებზე. მის ხელკეტებს შეუძლიათ შეერთება და მიიღება ნუნჩაკუ ან ორჯერ გრძელი ხელკეტი.

თავზეხელაღებულის ვინაობა საქვეყნოდ ხდება ცნობილი, რის გამოც უწევს გაითამაშოს თავისი სიკვდილი და მოევლინოს ქვეყანას ახალი სახელით “ჯეკი”. ამ ფორმით ბრძოლა გრძელდება რამდენიმე ეპიზოდი, სანამ ისევ ძველი თავზეხელაღებული არ დაბრუნდება ტრადიციულ კოსტუმში, მანამდე კი დაარწმუნებს ყველას, რომ სუპერგმირობა ტყუილად დააბრალეს.

1998 წელს გამოვიდა 8 სერიანი კომიქსი “მცველი ეშმაკი” (Guardian Devil), სადაც თავზეხელაღებული იცავს ერთ-ერთ ორსულ ქალს. წინასწარმეტყველების მიხედვით, მისი შვილი ან მესია იქნება, ან ანტიქრისტე. მეთიუს შეერყევა რწმენა, როცა გაიგებს, რომ კარენ ფეიჯს შიდსი აქვს (ეს ინფორმაცია მოგვიანებით ყალბი აღმოჩნდება), შემდეგ კი Bullseye-ის ხელით მის სიკვდილს იხილავს.

შესაძლებლობები

სიბრმავის მიუხედავად, თავზეხელაღებულს ზეადამიანური მგრძნობელობა და სიზუსტე გააჩნია. უვითარდება ობიექტის ამოცნობის რადარული სისტემა, რომელიც ექოლოკაციას ჰგავს. სტენ ლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გრძნობის ორგანოები განვითარების მაღალ დონეზეა, ასევე უჩვეულოდაა განვითარებული წონასწორობისა და სხეულის მოძრაობების კონტროლის უნარი, რაც აძლევს საშუალებას, შეასრულოს ისეთი რთული აკრობატული ილეთები, რომლისაც ოლიმპიელ ათლეტებსაც კი შეშურდებათ.

თავზეხელაღებულს ესმის ჰალკის გულისცემა 4 უბნის დაშორებით, კანის არაჩვეულებრივი მგრძნობელობა კი საშუალებას აძლევს, წერილი ნაწერზე თითების გადასმით წაიკითხოს. სმენა ასევე მუშაობს სიცრუის დეტექტორის მსგავსად, რადგან აფიქსირებს პასუხის გაცემისას გულისცემის სიხშირის ცვალებადობას. თუმცა ეს უნარი არ მუშაობს მაშინ, როცა ადამიანს გულის ელექტრონული სტიმულიატორი უდგას მკერდში.

თავზეხელაღებულის განსაკუთრებულ მგრძნობელობას უარყოფითი მხარეც აქვს: ის ვერ უძლებს მაღალი სიხშირის ბგერებს, დიდ ხმაურში მოყოლისას რადარული უნარი უქვეითდება. ეს ხერხი რამდენჯერმე გამოუყენებიათ მის დასასუსტებლად და ორიენტაციის ასარევად.

თავზეხელაღებული არის საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ხელჩართულ ჩხუბში მას ბადალი არ ჰყავს და თავისუფლად შეუძლია, რამდენიმე მოწინააღმდეგეს გაუმკლავდეს. მისი მოძრაობები წარმოადგენს ნინჯუცუს, ჯიუჯიცუს, ძიუდოსა და ფარიკაობის ნაზავს, რომელიც ამერიკული სტილის კრივთანაა შერწყმული, დამატებული ტანმოვარჯიშის ეფექტები.

თავზეხელაღებულის ხელწერაა მისივე შექმნილი სპეციფიკური დიზაინის ხელკეტები. შენიღბულია, როგორც უსინათლო ადამიანისთვის დამხმარე სასიარულო ჯოხი, რეალურად კი მრავალი ფუნქცია გააჩნია. შეიცავს 9 მ სიგრძის კაბელს, რომელიც რკინის დრეკზეა დამაგრებული. შიდა მექანიზმებით კონტროლდება კაბელის გახსნა და დახვევა. ხელკეტი შესაძლებელია ორადაც გაიყოს – ერთი ხდება საბრძოლო კვერთხი, მეორე კი მოხრილი კაუჭი.

როგორც მოქალაქე, მეთიუ ცნობილია პატივსაცემ და პროფესიონალ ადვოკატად, რომელმაც მაღალ დონეზე იცის კანონი და საკანონმდებლო აქტები.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button