ლიტერატურა

კახაბერ ჯაყელი – შოთა  რუსთავის პატრონი

მოსახსენიებელი შოთა მეჭურჭლეთუხუცესისა „ამ(ა)სვე ორშაბათსა.აღაპი შოთ (ა)სა.მეჭურჭლეთ უხუცესის(ა) ვინ შეცვ(ა)ლოს, შე -მცა -ცვ(ა) ლებულ (ა)რს სჯ(უ)ლისაგ(ა)ნ ქ(რისტ)ეანეთ (ა)სა“).

უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა 

თავი 1:

ხანი მუნ და

1161 წელს, თბილისელები ერთდროს ამირას, ეხლა კი მეფის მეიდანზე შეკრებილიყვნენ და სამეფო მანდატურს უსმენდნენ რომელიც მათ გიორგი III ახალ განკარგულებას უკითხავდა.

ტანმაღალი მანდატური მწვანე ჩოხაში იყო გამოწყობილი, თავმომწონედ იდგა და ხელში გაშლილი გრაგნილი ეკავა. დედა ციხიდან, მეციხოვნები გადმოყურებდნენ ქალაქს და სამეფო მანდატურს. ლეღვის ხევიდან ხალხი გამორბოდა ახალი ამბის გასაგებად. მტკვრის ტალღები საამურად ელამუნებოდა არაბების დატოვებულ ვებერთელა შავ, გათლილ ქვებს, რომლებზეც ერთ დროს, როგორც ჭარმაგი კაცნი იხსენებდნენ, უხვად მორთული და საარაკო ხელოვანებით შექმნილი,  ამირას სამდინარო ხომალდი იყო მიბმული.  დღეს მოედანზე, ბაგრატიონთა ქვის ხელი იდგა, რომელიც გიორგი მეფის ძალაუფლებას განასახიერებდა. მანდატურიც მეფის ხელთან აღმართულიყო , ხალხს ათვალიერებდა და გამოთქმით, მკაფიოდ ამბობდა:

  • უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, აწდა მოიხსენიების „მახვილად მესიისა“. ყოველნი სულთანნი და მბრძანებელნი აღმოსავლეთისა და მაშრიყ-მაღრიბისა, უკეთუ არ აღიარებს, გიორი მეფის ხელმწიფებას ამ მახვილითვე დაისჯება და გაცამტვერდება.
  • თქვენ კი ერო სამეფოისა ამისა, გევალებათ ლაშქარს მეფისასა, დადგეთ. ყველას არ უხმობს სამსახური მეფისა. მხოლოდ მკლავით ძალიერთა და მუხლით მგლურთა, ვისაც სურს გაიწვრთნეს მშვილდოსნად და შუბოსნად მეფისად, საბრძოლო მანქანების ამწყობად და კედელთა დანგრევის ოსტატად, ფაროსნად და ტაიჭოსნად მეფისა – გამოდით დღესა შაბათისსა, ქალქის ათასეულის დასაარსებლად…

მანდატურმა თითქმის თავისი სათქმელი მოათავა, ხალხი აირ დაირია, ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა, იმის შესახებ, თუ რა იგულისხმა მანდატურმა თავის სიტყვებში და რას ნიშნავდა მესიის მახვილობა მეფისა.

  • მეფე ჯარს კრებს, როგორც ჩანს, მაგრამ რა მიზნით და საით მიდის ეს ჯარი – შეეკითხა თავის ამხანაგებს მაღალი და ბრგე, წვეროსანი და უკვე გამელოტებული ოცდაათიოდე წლის კალატოზი სოლომონი.
  • შენო ომი დამთავრდა, სოლომონ, თავზე თმა აღარ შეგრჩა მუზარადის ტარებით, ეხლა კალატოზი ხარ მორჩა – თქვა შავგვრემანმა გუჯამ და მოწყენილად ახედა მანდატურს რომელიც მოქალაქეებს თავს დაჰყურებდა და ხანაც ნარიყალას ციხეს ახედავდა.
  • რატო რა? ჯანი კი მაქვს, ეს კალატოზობაც მომბეზრდა. ლაშქრობა და ალაფი ბიჭო გუჯა, რას ამბობ ძმაო, არ იცი ეტყობა შენ მხედრობის სიამენი – იცინოდა სოლომონი და ფართო თეთრი კბილები მის სულისა და სხეულის სიმთელეზე მიუთითებდნენ.
  • კი მაგრამ, ამ მეფე გიორგის, აღარ უნდა რომ გადააბაროს მმართველობა თავის ძმისშვილს – დემნას, რომელიც უკვე სრულწლოვანია? იკითხა გასპარამ.
  • არა, ჯერ არ არის დემეტრე სრულწლოვანი – თქვა სოლომონმა და გასპარას გაკვირვებით შეხედა.
  • რას ამბობ? – გაიცინა გასპარამ.
  • რაც გაიგე, როცა იქნება დემნა სამეფო ასაკის, გადასცემს ტახტს გიორგი თავის საყვარელ ძმის წულს აბა რას იზამს. – ბრძანა დაფიქრებით გუჯამ.
  • მართალია – სჯეროდა სოლომონს.
  • რავიცი მე, ერთი სომეხი ხელოსანი ვარ, ქართველებმა უკეთ იცით, მაგრამ უკვე უნდა გადაეცა ჩემის აზრით – გასპარა თითებზე ითვლიდა დემნას ასაკს.
  • კარგი დაანებე თავი დათვლებს, წამო დავლიოთ – ცხენივით ახვიხვინდა სოლომონა.
  • გუშინ დავლიეთ და გვეყოფა – კინაღამ ატირდა გასპარა.
  • აჰა, აგერ გამოჩნდა მეფის მასხარა ებოთია, მოდი გავაჩეროთ და რაღაც რაღაცეები ვკითხოთ, მას უკეთ ეცოდინება თუ რა აპირებს მეფე – აცუდნრუკდა სოლომონა და გასპარას ხელი გადახვია.
  • აღარ არის ეგ მასხარა მეფისა, გამოადეს სასახლიდან ეგ ბედოვლათი, მორჩა – სახე მოექუფრა გასპარას , რომელიც ებოთიას მაინცდა მაინც არ სწყალობდა.
  • ეგ კუზიანი და ბოროტი კაცი აღარ დამანახოთო უთქვამს ვირშელ ნაყივჩაღარს და მაგიტო გამოუგდიათ სიმართლის მქადაგებელი მასხარა სასახლიდან – ჩაილაპარაკა კირითხურომ თევდორემ.
  • არ ვიცი თქვენი და მე ებოთია ძალიან მიყვარს, ჩემი ძმაა – ამბობდა სოლომონი და ებოთიასკენ მიდიოდა, ბრბოში ებოთიას პატარა, უცნაურად მოსიარულე ფიგურას ეძებდა და ბოლოს ხმამაღლა აყვირდა:
  • ებოთია მასხარავ სად ხარ კაცო, ვეღარ დაგინახე?
  • რა გინდა შე ბელტიყლაპია სოლომონა? – ღვინის სარდაფის კიბედან უეცრად თავი ამოყო ებოთიამ და ყველამ შეხედა მის გაყვითლებულ დანაოჭებულ სახეს, ფართოდ გადიდებულ თვალებს და მოწითალო ჩამოშლილ ქოჩორს.
  • შიმშილობს ეს საწყალი ეტყობა – ჩაილაპარაკა სოლომონამ და ხმამაღლა წამოიძახა:
  • ჩემს ძმას ებოთიას ჩემი ვალები და მე მისი სამეფო ჯამაგირი – რაო ებოთია რას მემტერები, მონატრება არ გაგიგია შე კაცო, მოდი აქ და მოგვიყევი თუ რა აზრი სუფევს მეფეთა ტვინში. გვითხარი რა თქვა მეფემ, ჩვენზე და ჩვენს ცხოვრებაზე, რატო ამოდის მზე და ჩადის მთვარე. გვითხარი კაცო.
  • მე წავედი სახლში – უეცრად გამოსცრა კბილებში გასპარამ და წასვლა დააპირა რომ თვალებ ანთებული ებოთია მასხარა მას წინ გადაუდგა, მდუმარედ უყურა გასპარას და შემდეგ სოლომონაზე გადაიტანა მზერა.
  • რაო რა გვაკვირდები, ადამიანები ვართ – თქვა სოლომონამ და ხელი გადახვია გასპარას.
  • თქვენ ბიჭებო თვალში ხომ არ გეპატარავებით – ავად იკითხა ებოთიამ და ეხლა გუჯა აათვალიერ-ჩაათვალიერა.
  • გაუშვით წავიდეს, რაღაც აღრენილია, ჩაიჩურჩულა ამხანაგების უკან მდგომმა თევდორემ.
  • სად უნდა წავიდეს, ერთი, სახლი აქვს რო? ერთ ფაშფაშა მულღაზანზარელ ქალთან არის შეკედლებული, ეს პატარა კაცი – მოიცა ცოტა გაგვართოს და მერე წავიდეს – გადაულაპარაკა მეგობრებს სოლომონამ და ებოთიას კი ასე მიმართა.
  • მრავალი რამ არის გაუგებარი დღეს ჩემთვის. არ ვიცი ვინ ვარ და სად ვარ. მეფის სიტყვა მაინც განმიმარტე, მასხარათა შორის უმასხრესო. გვითხარი ბოლო ნადიმზე მეფე როგორ გაართვე და ისიც გვითხარი რა ბრძანა ჩვენმა მაღალმა და უხვმა, მდაბალმა და ლაშქარმრავალმა ხელმწიფემ.

მასხარა ებოთია მეფის კაცი 

აი ასე იყო ყველაფერი კალატოზნო – უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა უკიდურესად განარისხეს თავისმა ქვეშემრდომებმა იმ დიდ ლხინზე, რომელზეც მე მეფის მარცხნივ ვიჯექი რათა ყველაფერი კარგად დამემახსოვრებინა და შემეცნო.

–           რაო მეფე გიორგიმ, რატომ გამოგაგდო, თუ მის ფერხთით იჯექი გატრუნული – იკითხა ერთმა კალატოზმა და მასხარას გარშემო შემოკრებილ ხალხს თვალი ჩაუკრა.

–           არაფერიც არ გამოუგდივარ, პანღური არ უთავაზებია მეფეთ-მეფეს ჩემთვის, მე ამაყი კაცი ვარ და როდესაც ჯამაგირი დამიგვიანეს თავად წამოვედი – თვალები დახუჭა და მხრებში გაიჭმა ქონდრის კაცი ებოთია, ერთი ცრემლი კი დაუგორდა თვალზე, მაგრამ იმწამსვე მოიწმინდა, დაახველა, ხალხს მკაცრად მიმოავლო თვალი და უთხრა:

–           თუ ათ მარჩილს მომცემთ, ყველაფერს მოგიყვებით თუ რა ხდება სამეფო კარზე და საით მიდის ქვეყანა, თუ არადა მე ამაყი კაცი ვარ თქვენ თქვენთვის და მე ჩემთვის ხალხო, გამიშვით.

–           მივცეთ, მივცეთ, 2 მარჩილს მე დავდებ, თქვა კალატოზმა სოლომონმა და თავის მოძმეებს გადახედა.

–           გასპარა იპარება ბიჭო, არ უნდა ნახევარი მარჩილიდ დადება, ჰა გასპარ? – მიედევნა თბილისელი ვაჭარი, ერთ-ერთ კაცს, რომელიც სახლისაკენ წასვლას აპირებდა და ხელიც ჩაქნეული ქონდა ახალ ამბებზე.

–           მოგვატყუებს – ჩაილაპარაკა გასპარამ.

–           შენ აბა აბა წესიერად იყავი, რას კადრულობ კალატოზო, ეხლა არ გამაცეცხლო – თქვა ქონდრისკაცმა ებოთიამ და სულმთლად გაწითლდა.

–           ჰო, კარგი კარგი დავდებთ 10 მარჩილს და დაიწყე შენი სათქმელი, მაინც კვირა დღეა, სხვა საქმე არ გვაქვს, სახლში ცოლები გველოდებიან, ცოტა აზროვნებით სავსენი მივალთ შინ, ქალებს რაღაცას მოუყვებით, შვილებს ჭკუას ვასწავლით, მიდი ებოთია მასხარავ მიდი დაიწყე.

ებოთიამ გადახედა კალატოზებს, გასპარას მიმართულებით სახე მოღუშა, თვალები დაახამხამა, მხრები აიჩეჩა, კისერი წაიგრძელა, ერთი მაგრად ჩაახველა, „ჯანდაბა თქვენიო“ დააყოლა და მეფის ხმის მიბაძვით დაიწყო:

–           ბიზანტია უაღრესად ბოჭავდა და ამცირებდა ჩემს ერს, მტრისაგან გიცავო ეხუმრებოდა მას წამდაუწუმ, ჩემი ერიც იჯერებდა ამ ხუმრობას და ყოველ წუთს კონსტანტინოპოლში გარბოდა, იმისათვის რომ თავისი მეფე, რამენაირად დაესმინა და დაემდაბლებინა ბერძენთა თვალში. სინამდვილე კი მე უნდა გითხრად და გაუწყოთ, არავინ არის იმგვარად დამცირებული როგორიც საკუთარი ხელმწიფის უცხო კარზე დამსმენი და დამჩაგვრელი. ბერძნები არაერთგზის მოვიდნენ ჩვენთან სამტროდ, ჯერ კიდევ უხსოვარ დროს ელინები მოცურავდნენ ევქსინოს პონტოზე ერთი მიზნით – რათა ოქროს საწმისი გაეტაცათ. შემდეგ გამოჩდნენ არაბები, მათ ჩვენი დანარჩუნება მოკაკვული ხმლებითა და ალაჰის მრწამსით გადაწყვიტეს. მათაც ვებრძოდით და გავიმარჯვეთ, შემდეგ კი არაბთგან განთავისუფლებულებს მოგვადგნენ ველური სელჯუკ-თურქები, მოგვადგნენ და ზღვა სისხლისა დავღვარეთ მათთან ბრძოლაში, წავიშალეთ, წავილეკეთ, მაგრამ გამოგვიჩნდა კაცი, ჯერ კიდევ უწვერ-ულვაშო იყო როცა ის გამოჩნდა, ჩემს პაპაზე ვამბობ ხალხო – დავითზე. სწორედ მან დაატაკა იაფეტური მჯიღი სელჯუკ თურქებს და მიანგრია მათი სამხედრო ძლიერება.

–           იაფეტური მჯიღი რა არის ებოთია მასხარავ, გაგვაგებნე ერთი – წამოძახა კალატოზმა სოლომონმა და გასპარას თვალი ჩაუკრა, ჩასუქებული გასპარა კი შემოტრიალდა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ეხლა ებოთიამ გასპარას გასაგონად თქვა:

–           ჯერ ერთიც სოლომ, მეფის სიტყვის განგებ შეწყვეტისათვის ასი მათრახია სასჯელი, მეორეც ერთი როგორ არაფერი იცით, რა თქვა მეფემ ამის შესახებ- გაგულისდა ებოთია.

–           გვითხარი მერე , გვითხარი – ნეტავ მწვადი და თეთრი გორული იყოს სადმე ახლო მახლო და თუ გინდა ხვალ დილამდე მოგისმენდით – ცხენივით აფრუტუნდა გასპარა.

–           ჩვენ ქართველები ვარ იაფეტის შვილები, ასე ბრძანა მეფემ, იაფეტური მუშტი,აი,  – მასხარამ თავისი მოცუცქნული მუშტი დაანახა მის გარშემო შეყრილ ბრბოს, რაზეც სოლომონს და გასპარას სიცილისაგან კინაღამ მუცლები დაუსკდათ. მაგრამ რადგან სხვა სანახაობა ქალაქ ტფილისში მეტი აღარ ეგულებოდათ, ისინიც დადგნენ და მასხარას წინ გაშლილ ხალიჩაზე ჯერ ათი მარჩილი დაყარეს და შემდეგ კი გვერდით ცხელი შოთის პურები და ერთი ქილა მაწონი დააწყვეს.

ასე და ამგვარად, მეფის სიტყვის მიბაძვით ირჩენდა თავს ნამასხრალი ებოთია, რომელიც ცხელი, მოწითალო შოთის პურებისა და 10 მარჩილის დანახვისთანავე ღვტაებრივი ცეცხლით აღივსო და მეტად მრისხანე სახე მიიღო:

–           მე მეფეთ მეფე გიორგი, პრომეთესა და ამირანის ქვეყნიდან, იაპეთოსი, სულიერი სამყაროს წარმომადგენელი ბრძოლას ვუცხადებ, ბნელეთის მოციქულებს, წყეულ სელჯუკებს, დიონისეს ქვეყნის დასაცავად, ვაზის გუშაგი, ვებრძვი შემოჭრილებს ისევე როგორც, ტროის მეფის შვილი, ვეფხვისტყაოსანი პარისი, აღვიჭურვები მშვილდითა და მახვილით და გავალ საბრძოლველად, გავალ ისევე როგორც ტროელი პარისი გავიდა აქილევსის მოსაკლავად.

–           რაო მასხარა? რა იგულისხმა მეფემ ამით? – იკითხა გაოცებულმა სოლომონმა, რადგანაც იმ სახელებიდან რომლებიც, საოცარი მახსოვრობის უნარის მქონე ებოთიამ ჩამოთვალა ვერცერთი ვერ შეიმეცნა და ვერ გაიგო.

–           სუს, სუს, მერე აგიხსნით, აღარ შემაწყვეტინოთ – კბილებში გამოსცრა ებოთიამ და განაგრძო.

–           სიტყვა სიტყვით გეუბნებით თქვენ ერისთავნო, განთავისუფლდით მტრის შიშისაგან, განა იაფეტური მოდგმისა არა ვართ. თუნდაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, არ გვაუწყა ანი და ჰოი რომ ჩვენ ვართ წარღვნისშემდგომი კაცობრიობისა?

ებოთია, შეჩერდა, ხმის ტემბრის შეცვლას შეეცადა და როდესაც გადააწყო თავისი ხორხისეული სიმები, ერისთავ ვირშელს მიჰბაძა და სადაც ადრე იდგა იმის მოპირდაპირე მხარეს გადახტა და წამოიძახა, განგებ ვითომდა შეზარხოშებული ხმით, რომელიც ვირშელს ახასიათებდა:

–           მეფევ ბატონო, ნება მიბოძეთ, გითხრათ, არაფერი ვიცი იმის შესახებ რომელიც ეხლა ახსენეთ, როგორ ვარ ბოლო თუ პირველი ვარ და პირიქით – ქალაქელებისათვის საძულველ ვირშელს მართლაც კარგად მიჰბაძა, ებოთიამ და მორცხვ უშობელ დამესგავსა.

–           ვირშელ შენ და ყოველივემ აი ეხლა მომისმინეთ – ხომ   მოგვივლინა უფალმა ანდრია პირველწოდებული და შემოიყვანა იგი სამცხით, სადაც არის სამშობლო ქართველობისა, ხომ ასეა?

–           ასეა – ვირშელის ხმით წარმოთქვა ებოთია მასხარამ და თითქოსდა ყანწი გამოცალაო, მაწვნის ქილა მიიტანა ტუჩებთან.

–           მაშინ ეხლა ესეც ისწავლე ჩემგან ვირშელ, სვიმონ კანანელი ხომ შემოვიდა აბხაზეთით საქართველოში, აი საიდუმლოება ანისა და ჰოესი, ღირსი მამა ანდრია იყო პირველი ქრისტეს მოციქულთა შორის ხოლი სვიმონი კი გახლდათ ბოლო მოციქული, ანუ ასოი – „ ჰოი“, ჩაწვდი გირშელ ბატონო მეფეთა დარ საიდუმლოს ჩვენსას?

–           ჰოი – დაიძახა ტანხმობის ნიშნად მასხარა ებოთიამ და ისე შებარბაცდა, თითქოს გული ერეოდა და თავი დამძიმებოდა, ლხინის მოყვარულ, მაგრამ სმას მიუჩვეველი ვირშელ ნაყივჩარარის მსგავსად.

–           ამ კაცს აღარ დაალევნოთ ხალხო, სამეფო თათბირის წინ – მეფის მსგავსი ღიმილითა და ჩაშტერებით მიმართა ებოთია მასხარამ სოლომონას და გასპარაზე მიუთითა, ვითომ ის იყო ნაყივჩაღარი ვირშელი.

–           რა გინდა ებოთია ნამასხრალო, თიფლისელი სომეხი კაცი ვარ, ეს ქალაქი როგირიც შენია ისევე ჩემია – აილეწა გასპარა და ბრბოს მიტოვება დააპირა რომ სოლომონ კალატოზმა მკლავში მკლავი მეგობრულად გაუყარა და შეაჩერა, რადგანაც ებოთია სამეფო მონოლოგს აგრძელებდა და სიტყვებს ჰკაზმავდა.

–           ვირშელს თაფლი მიართვით და  მომისმინეთ ეხლა მთავარს გაუწყებთ:

–           მამან ჩემმან შეარბილა ლაშქრობები სელჯუკ თურქთა მიერ დაკავებულ მხარეებში. ამასობაში კი თურქ-სეჯუკები გამამაცდნენ, ფეხი მოიდგეს, კვლავაც ჩვენს მხარეში შემოსაჭრელად ემზადებიან. ჩვენი ძმები ანისელი სომხები უკიდურესად გაავერანეს.  დაზვერვამ მომიტანა ცნობა, ხალიფას თავისი ხმალი გამოუგზავნია სელჯუკთათვის, ეს კი რას ნიშნავს – ქრისტიანების გატეხვას და საბოლოო დაპყრობას ქრისტეს ქვეყნისას. ვინ არის ქრისტეს ქვეყანა და რჯულის მახვილი?

–           შენ ხარ მეფეო, შენ ხარ მეფეო – ვირშელის ხმით წამოიყვირა მასხარა ებოთიამ მეფის პასუხად და სოლომონს ხელი აუქნია თქვენც ამყევითო, სოლომონმა გასპარასა და გუჯას მიცხო და ისინიც აყვნენ ვირშელის ხმით მოყვირალ მასხარას:

–           შენ ხარ მეფეო შენ ხარ მეფეო!-ცოტა ხანს აგრე ყვიროდნენ ისინი და შემდეგ დადუმდნენ.

–           მართლაც მე ვარ მესიის მახვილი ჩემო ერთგულო მეგობრებო – განაგრძო მეფე გიორგი მე-3-ედ გარდაქმნილმა მასხარა ებოთიამ, და უეცრად წარბების აწევით, რაც ასევე კარგად ახასიათებდა ქვეყნის მბრძანაბელს, წარმოთქვა:

–           ჩვენ გვიცავს მიქაელ მთავარანგელოზი ჩემო რაინდებო, მიქაელ მთავარანგელოზს მუდამ ეთაყვანებოდა ქართველი ხალხი, ქრისტემდეც კი, როგორც მაუწყებდნენ ჩემი მასწავლებლები ათონელი ქართველი მამები, რომლებმაც მე ათონის მთაზე წამიყვანეს და საიდუმლოდ, იქ ორი წელი მზარდეს, მე მეფემ თქვენმა შევითვისე ის სიბრძნე, რომელიც არცერთმა არ იცით და არც გაგეგებათ, ამ სიბრძნის დასაწყისი საით იპოვოთ. სიბრძნე ძაფს წააგავს, გორდიას კვანძი ხომ გაგიგიათ, ალექსანდრე დიდმა რომ გაკვეთა, სიბრძნის გაკვეთვა არ შეიძლება, მას საწყისი უნდა აღმოუჩინო და ნელ-ნელა განათლებით მიჰყვე, სწორედ ამას გეუბნებით ეხლა – ათონელმა მამებმა 12 წლის ვიყავ, როცა მაუწყეს, რომ მე ვარ მესიის მახვილი და ეს ხალხი, თქვენ და თქვენი ერი, ერისთავებო გახლავთ მიქაელ მთავარანგელოზის ერი, რომელიც კაცობრიობას სელჯუკ-თუქრთაგან გადაარჩენს და დაიფარავს. აი შემომხედეთ მე მეფეს თქვენსას – ებოთია გაიბერა, უსუსური მკერდი წინ იმგვარად გამოაგდო თითქოს ჯანმაგარი მეფე იყო და ამეტყველდა – მათი, ათონელების სიტყვით გასწავლით, მიქაელ მთავარანგელოზს, კავკასიელები და იბერიელები, ანუ ჩვენ უფლის ჩვენი დაბადებამდეც კარგად ვიცნობდით – ეს გახლდათ ღმერთი მარდუკი რომელიც მესოპოტამიიდან მოყოლებული ამ მხარეში მცხოვრებ ხალხს განაგებდა, კავკასიელი მთიელები და ჩვენ ქართველები, მიქაელ მთავარანგელოზს უწოდებდით განსაკუთრებულ სახელს – ტარჰუს, რომელიც ჭექა-ქუხილისაგან გვიცავდა და ბორეასის მიერ შიშ-ატანებულს სახლის ბილიკს გვაჩვენებდა. სწორედ „ტარჰუ“ ანუ ტარიელ არის მარდუკის ქართული სახელი, და წინასახელი მიქაელი მთავარანგელოზისა. მარდუკსა და ტარჰუს გამოქვაბეულებში მუდამ ვეფხვის ტყავით მოსილს ხატავდნენ. ქართველი ხალხი, იბერიელებითა და კოლხებით, მესხებითა და მთიელებით, შავშებითა და პარხლელებით, ყველანი წმინდა მიქაელის ქვეშ დავიარებით. წმინდა მიქაელის გარდა, წმინდა გიორგი გვიცავს და გვამხნევებს, რომელიც ჩვენი სისხლისმიერი ნათესავია . წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ხომ კაპადოკიელი მესხები იყვნენ, ამიტომაც ჩვენში მათი სიხლია – როგორც ათონელებმა საიდუმლოდ მასწავლეს დღეს დადგა დრო საიდუმლოების გამჟღანებისა, მოემზადენით და უნდა გასწავლოთ ესეც….ებოთია შეჩერდა.

–           რა თქვა მეფემ, რა საიდუმლოება გაანდო თავის ერისთავებს? – იკითხა ცნობისმოყვარე და ოქროსმოყვარულმა გასპარამ, სოლომონაც თვალებად და ყურებად იქცა, გუჯა აღფრთოვანებით შეჰყურებდა ებოთია ქონდრისკაცს და თვალწინ გიორგი მესამე ბაგრატიონს ხედავდა. რამოდენიმე მოქალაქემაც მოიხადა თავსაბურავი და ოფლი მოიწმინდა იმის მოლოდინში რომ ებოთია თავის სათქმელს ბოლომდე იტყოდა.

–           თითო-თითო მარჩილი კიდევ დააწყვეთ და გეტყვით რა თქვა ამის შემდეგ მეფე გიორგიმ – გაიბღინძა პატარა ებოთია და მოლოდინშ მყოფმა ბრბოს წინ გაიარ-გამოიარა.

–           რა ვქნათ ხალხო, არ მივცეთ? აჰა ჩემი კიდევ ერთი მარჩილი, ვინც არ დააგდებს მარჩილს აქა, მაშინ წავიდეს, გნებავთ გაგება საქმისა , გადაიხადეთ , თორემ ხომ ხედავ არ ლაპარაკობს – გასძახა ხალხს სოლომონ კალატოზმა და თავისი მეორე მარჩილი ებოთიას გაცვეთილ  ხალიჩაზე დააგდო. გასპარამაც დააგდო მეორე მარჩილი ებოთიას ხალიჩაზე, რადგანაც ანისის მხარის სომეხთა მიწების გამოხსნის შესახებ ამბის გაგება ეწადა ძლიერ, რათა საბოლოოდ შემოხიზნული ცოლისძმისათვის ანისში დაბრუნების კეთილი ამბები ეუწყებინა.

–           მრავალმა დააგდო მარჩილი ებოთიას ხალიჩაზე, ზოგი კი მიტრიალდა და გინებით სახლში წავიდა.

გინებაზე სოლომონ კალატოზმა ყურები ცქვიტა და აქეთ იქით მიმოიხედა, ვიღაც მიმავალი კაცი დაინახა რომელსაც ლაბადით ჰქონდა თავი შებურული.

–           ვის აგინებს ერთი ეს მუტრუკი, იკითხა ძვალმსხვილმა და მჯიღოსანმა სოლომონამ, და მაგინებელ უცნობს გამოეკიდა, უცნობი შემოტრიალდა, ისიც ჯანმაგარი ჩანდა, სახე ყივჩაღს მიუგავდა.

–           ვის აგინებ ნაყივჩაღარო? – კითხა მას, სოლომონამ და მისი ჯვალოს ლაბადა ისე შეათვალიერა, თითქოს ყივჩაღის შეიარაღებას ზვერავსო. სოლომონას სიბრთხილე არ იყო უადგილო. ქართველები ნაყივჩაღარებს მჯიღებით ჩხუბში ადვილად ჯაბნიდნენ, მაგრამ ყივჩაღი მუდამ შეიარაღებული დადიოდა და ასე ჩხუბი უკვე შეტაკებაში გადაიზრდებოდა ხოლმე.

–           ჰა გამეცი ხმა ბიჭო, ვინ ხარ და ვის შეაგინე – კვლავ კითხა ქუჩის კუთხეში მიჩიხულ უცნობს სოლომონ კალატოზმა როცა მის უკან მდგარმა გასპარამ, იგრძნო რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა გაპარვა დააპირა მაგრამ სოლომონამ აქაც გამოსდო ხელი გასპარას, გვედით დაიყენა და ყივჩაღს გაცეცხლებული მიაჩერდა.

–           რა გინდათ ბიჩებო, შევიგინე რა, შევიგინე ისე აი ასე – თქვა ჟღალთმიანმა, მაღალმა ყივჩაღმა, მისთვის ჩვეული, არეულ-დარეული ქართულით და შუა თითი ჰაერში ასწია.

–           მე შენ განახებ სეირს, ვინაა შენი ბიჩო? მოიხადე ეხლავე ბოდიში – შესძახა სოლომონამ და ყივჩაღს თვალებში ჩახედა სადაც უკუნი სიბნელე დაინახა და უეცრად შედგა.

–           ყიფჩაღი ბოდიშს არ მოიხდის – თუ გინდა ქალაქ გარეთ გავიდეთ, შენ მშვილდი, და ასი ისარი, მე კიდე მშვილდი და ათი ისარი და დავკოდოთ ერთურთი, იყოს? იყოს – თქვა ყიფჩაღმა და მის უკან მდგომებს გასძახა – „შევუზრან იაღვურ, შევირან, აღმაყოი, არმანა“.

–           ვაჰჰჰჰ, ბევრნი ყოფილან წყეულები ჩაიჩურჩულა შიშისაგან გაოფლიანებულმა გასპარამ და მიმოიხედა რომ დაეთვალა თვითონ რამდენნი იყვნენ და უეცრად მოისურვა სწრაფად გასცლოდა არემარეს და ეს გადარეული სოლომონა რომელმაც უკვე 2 მარჩილი დაახარჯვინა ამ  უსაქმური მასხარას მოსასმენად, აქვე ამ ვერცხლის ქუჩაზე მიეტოვებინა.

–           რაო ბიჩო, ასი ისარიო, შე რა ყველაფერს ისრებით ითვლი – არ დააცალა სიტყვის დამთავრება, ყიფჩაღს, სოლომონ კალატოზმა და სანამ იგი თავისიანებს მოუხმობდა ერთი ისეთი მიცხო მჯიღი, ნაყიფჩაღარს რომ მისი მოწინააღმდეგე სოლომონას მძიმე მუშტის შემდეგ შეტორტმანდა, და როგორც ციხის გოდოლი, ბიზანტიური კატაპულტის შეტევის შემდეგ, ნელ-ნელა იმსვრევა, მგვარად ჩამოიშალა.

–           ვაჰ რა მაგარი თხლიშე ტო ნაყივჩაღარს? გაკვირვებულმა იკითხა გასპარამ და ამ დროს ყიფჩაღის ერთგულმა თანამგზავრებმა, ათმა კაცმა სამხედრო მწყობრის მსგავსი გუნდი თვალისდახამხამებაში შეკრეს და ყველას მათ გარშემო მთრახების ცემა დაუწყეს.

–           ვაჰ, დაიგმინა გასპარამ, რომელსაც ერთ-ერთმა წითელსახიანმა მომხვდურმა, ჯერ წიხლი ჩააზილა სტომაქში, და როდესაც გასპარა იმ იმედით იქნება დამინდონო, ჩაიკეცა, გადარეულმა ყიფჩაღმა უსასტიკესად გადაუჭირა, ვირის ხლიშტისაგან, ანუ ფალოსისაგან გამოქნილი მთრახი გასპარას ბეჭებში და თავში.

გასპარა გადაქანდა და დავარდა, ყიფჩაღები წაქცეულს უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ ვიდრე ფეხზე მდგომს, ამიტომაც მისი საქმე წასული იყო რომ არა, ქონდრისკაცი ებოთია რომელიც თბილისელ სომეხს მხრებში მისწვდა და საყოველთაო წიოკისა და ყვირილის ველს თრევა თრევით გაარიდა, თუმცა ებოთიასაც მოხვდა, მისკენ წამოსულმა ერთ-ერთმა ყიფჩაღმა ებოთიას მათრახი გადაუჭირა, რომელიც ნამასხრალს კუზში მოხვდა, ებოთიას კუზი აეწვა, კინაღმა სული დალია ტკივილისაგან, ყიფჩაღი კი კიდევ ერთხელ უპირებდა მას მათრახის დაკვრას, მაგრამ ებოთია გაიმართა და ყიფჩაღს გააფთრებით მივარდა, მეფის მიერ ნასწავლი ილეთით ყიფჩაღი „ზურგულით“ წამოიღი, ნამეტანი კი ემძიმა, მაგრა ზღართანი გაადენინა.

–           ვაჰ, ებოთია ებოთია, შენ გენაცვალე, ყვიროდა სოლომონა რომელსაც სამი ყივჩაღი გამეტებით სცემდა, მაგრამ სოლომონა მჯიღებით სადაც მიწვდა, მომხვდურებს თავ-პირი დაუნგრია და დაუსისხლიანა.

ბოლოს თავდაპირველი „შევუზრან“ ყიფჩაღი, წამოდგა თუ მოასულიერეს მისმა თანამოძმეებმა და მანაც ჩხუბი შეწყვიტა, „იაღვურ არმანა“ -საკმარისიაო წამოიძახა ყივჩაღმა და მისმა რაზმელებმა მათრახების ჩაგება იწყეს.

–           როგორ ხარ ბიჭო ებოთია – ჩურჩულით ამბობდა გაშოლტილი და მიწაზე გაწოლილი გასპარა.

–           ებოთია მაგარი ყოფილხარ შენ, აი კაცი – მოთრიალე სისხლი მოიწმინდა გუჯამ და ნამასხრალს გაუღიმა.

–           შევხვდებით, და გაგიპობ მაგ თავს, მიაძახა სოლომონ კალატოზმა მიმავალ ყიფჩაღებს და მათ მეთაურს „შევუზრანს“, რომელიც შემოტრიალდა და დამარცვლით წარმოთქვა:

–           „კოჯრის ტყეში ამოდი ზმაო, იქა ვდგავართ, ციხესთან, სენ ასი ისარი, ხმალი და შუბი, მე კი ჩემი მშვილდი და ათი ისარი, თუ გინდა პირველ სისხლამდე იკოს, თუ გსურს კიდე მოკვდოვამდის, ნება შენია…“

–           წადი შენი ….ჩაილაპარაკა კალატოზმა სოლომონმა და გაავებულ ებოთიას მიუტრიალდა.

–           ღირდა ეხლა 2 მარჩილად ეს დღეს – ჩურჩულებდა მიწაზე დაგდებული გასპარა, რომელსაც, გუჯა უვლიდა და თავს უხვევდა.

–           რა მოგივიდა გასპარ? – იკითხა მუდამ პირმოცინარმა სოლომონმა

–           შეხედე რა სჭირს, ყური აღარ აქვს ცალი, ყიფჩაღის ვირის ხლიშტმა, ამის ყური წაიღო – თქვა გუჯამ და გასპარა გვერდზე გადაატრიალა. მართლაც გასპარას ყურის ადგილას დაბეჟილი, ბასტურმის მსგავსი ხორცის სისხლიანი ნაჭერი ედო.

–           ვაჰ შე საწყალო, მე კი მე მგონი გავარჩი – ამბობდა სოლომონა და ნამასხრალ ებოთიას ეხვეოდა – შენ რა კაცი ყოფილხარ, როგორ წამიქციე ყიფჩაღი, შენ გენაცვალე მასხარავ, ჰა ხომ არ დაგკოდეს, ბიჭო?

–           არაფერია, გადავრჩი – ჩაილაპარაკა ებოთიამ და გუჯას მიეხმარა გასპარას წამოყენებაში.

რიგითი თბილისური ჩხუბის შემდეგ ხალხი გაკრეფვას აპირებდა, ებოთიას და გუჯას მძიმე გასპარა ზურგზე გაედოთ და სახლში მიტანას უპირებდნენ.

–           რა უყოთ გადაირევა მაგის ცოლი მრეცხავი გაიანე, ფული არ მივცეთ რამე? – იკიტხა პირმოცინარმა ხუმარა სოლომონამ, რომლის ბრალიც იყო ეს ჩხუბიცა და მისი წინამორბედი ამბებიც.

–           მე მივცემ, ხო მაქვს, ნახევარ დაუტოვებ – ჩაილაპარაკა ებოთიამ.

–           მოიცა მოიცა შენ ხო შენი სათქმელი გაქვს დასამთავრებელი, რაო რა ბრძანა ჩვენმა ხელმწიფემ, რა საიდუმლო გაუჟავნა მან თავის ერისთავებს გვითხარი ერთი და დავიშალოთ – იყვირა სოლომონმა, ამბის მოწადინებით და იქვე მიწაზე, ფეხმოკეცვით ჩამოჯდა.

–           ხო, კარგია, მოვუსმინოთ,  თქვას ერთი, რა ბრძანა ხელმწიფემ – ამოილუღლუღა გასპარამ, რომელსაც გუჯამ ყურზე, თევდორეს მიერ მოტანილი ყინულის ნატეხი დაადო და ტკივილი დაუამა.

–           ჰმმ – მკაცრად ამოიოხრა ებოთიამ, რომელიც კვლავ მეფეს დაემსგავსა და ხმის დაყენება დაიწყო.

–           მიდი მიდი, ცოტა გავერთოთ, თორე ნამათრახალი სხეული ეხლა უფრო მეწვის – ამოიხრა გუჯამ.

–           სმენა იყო და გაგონება, ვაგრძელებ მეფის ნათქვამს, კვლავ სამეფო ხმით ამოიძახა ებოთიამ და გარშემო მიმოიხედა, სოლომონა, გუჯა, იქვე მიწოლილი გასპარა და ათიოდე კაცი დარჩენილიყო მხოლოდ მის მსმენელად. ყველას აინტერესებდა სამეფო საიდუმლო.

–           ერისთავნო, საქმე იმას კი არ გვაუწყებს თუ რა უნდა ვქნათ, არამედ საქმე გვაუწყებს იმას თუ რაც ჩვენთვისაა, საიდუმლოდ განცხადებული და სახელმიწფოს მიერ აუცილებლად ყურადსაღები. ეხლა კი მოგახსენებთ მთავარ საიდუმლოს ჩემსას, ათონზე მიღებულს – ებოთიამ ხმას კიდევ აუწია და წამოიმართა, მსმენელებს თვალი მოავლო და თქვა – სანამ მთავარს გეტყვით, რადგანაც საიდუმლო, საიდუმლოა, და მასში მონაწილეებს ყველას სათანადო დაშვება ამ ამბავთა არ უნდა მივსცეთ, გიბრძანებთ დაითხოვოთ დარბაზიდან თქვენი მსახურნი, ყმანი, აბჯართ-მტვირთველნი და მერიქიფენი.

–           კვლავ ვაგრძელებ, დარბაზის კარნი დარაზეთ, და ეხლა ჩვენ დავრჩით მხოლოდ თორმეტი მოყმე, აი ეხლა კი შემიძლია გითრხათ ჩემი სათქმელი.

–           მეფეო, სანამ საიდუმლოს იტყოდეთ კიდევ ერთი მაქვს მოსახსენებელი- ამ სიტყვებით ისე ატორტმანდა ებოთია რომ სოლომონა მიხვდა ვისაც განასახიერებდა იგი, „სულელი ვირშელი“ – ჩაიჩურჩულა სოლომონა კალატოზმა და ებოთიას მიაჩერდა.

–           მეფეო, თუ ჩემი მსახურნი და აბჯარმტვირთველნი დაითხოვეთ, მაშინ მანდ რომ გიზით, მარცხენა ფერხთით, შეჩვენებული ქონდრისკაცი ებოთია, რომლის ნამასხრევზე მე არც მეცინება და ვისაც ეცინება იმან იკითხოს, დავითხოვოთ ეგეც – ვირშელის ხმით ღლაბუც-სლოკინით თქვ ებოთიამ.

–           ეხლა არ მითხრა ძმაო მასხარავ რომ შენც გამოგაგდეს იმ კრებიდან, თორე იქნება გადავირიო – შეშფოთდა სოლომონა და ნამათრახალ თავზე ხელი გადაისვა.

–           ებოთიავ, ჩემო კარგო, ვირშელის რჩევა ჩემთვის მისაღებია- დასტოვე დარბაზი და კრების დამთავრების შემდეგ გიხმობ – კვლავ ომახიანად თქვა ებოთიამ და გაიტრუნა.

–           ეხლა არ გამაგიჟოთ, მართლა „გიჟ ვრაცუებო“, დამიბრუნეთ ჩემი, ორი მარჩილი – ლუღლუღებდა ცალყურ-ახეული გასპარა, იცინოდა გუჯა და საგონელებში ჩაგდებულ სოლომონს მიჩერებოდა, რომელიც ვერცხლის ქუჩის დაღმა მიუყვებოდა ქუჩას და იღლიებში ამოდებული შოთის პურებით მიარღვევდა ნელ-ნელა ჩამოწოლილ ბინდს.

ქართველთაგან ანისისა და დვინის აღება

იმავე გაზაფხულს  მეფის ლაშქარი აბობოქრდა, როგორც ზღვა მოიყრის ხოლმე ზვირთებს იმგვარად აღელდა, უამრავი შენაკადები შეიერთა, მთიელებით მოირთო, ჩრდილო კავკასიელებით შეივსო და სამ ნაწილად დაყოფილი ანისისაკენ დაიძრა. მეტეხის სამეფო სახლიდან გასვლის წინ ბურდუხან დედოფალმა, გიორგი მეფეს  გიშრისთვალება პატარა გოგონა მოართვა, რომელიც გიორგი მესამემ გულში ჩაიკრა, პატარა გოგოს ფაფუკი ლოყები დაუკოცნა, მეუღლეს გადაეხვია და ის ის იყო ცხენზე უნდა შემჯდარიყო, რომ სასახლის დიდი კოშკიდან, შვიდი წლის ლამაზი და ფერმკრთალი ჭაბუკი გამოჩნდა, რომელიც მთელი სისწრაფით მივარდა ცხენის უნაგირთან მდგარ მეფეს, „ბიძია წამიყვანე ლაშქრადო“ – შესძახა და გიორგის გულში ჩაეკრო.

ბურდუხან დედოფალის ხელებში მყოფმა გიშრისთვალება გოგომ, ბიძაშვილის დანახვაზე გადაიკისკისა და უეცრად, მის ხელებში მოუნდა მოხვედრა.

მეფე გიორგიმ თაფლისფერ თმებზე გადაუსვა ხელი ძმისშვილს – დემნას, შუბლზე ემაბორა მას და ბურდუხანის ხელებში რომ ვეღარ აოკებდნენ პატარა გოგოს, იგი ჯერ აიყვანა და შემდეგ, გაოცებული სახით მდგარ დემნას მიაწოდა. პატარა გოგო უმალ ჩაეხუტა თავის ბიძაშვილს – დემნას და ფერმკრთალ ლოყებზე კოცნა დაუწყო მას. დემნაც გახალისდა, საკუთარი გრძელი წამწამებით შეუღიტინა გოგოს, რომელიც ჩაბჟირებული დემნას უფრო და უფრო მაგრად ეხუტებოდა.

  • ლაშქრად ჯერ ადრეა წასვლა დემეტრე უფლისწულო, ბრძანებაა, აქ დარჩე და შენს დაიკო თამარს მოუარო – სიცილით თქვა გიორგი III ბაგრატიონმა და ალანიის თოვლიანი მთებივით მაღალსა და მშვენიერ ბურდუხან დედოფალს გაუღიმა.

დედოფალი პირჯვარს სწერდა ცხენზე ამხედრებულ მეუღლეს, რომლის ურთულესი მიზანი – სომხეთის ციხეებიდან სელჯუკთა გაგდება, ციებასა და კანკალს ჰგვრიდა.

  • გქონდეთ ერთურთის მიმართ მხურვალე გული და ილოცეთ ქართულ ლაშქარზე შეავედრეთ უფალს მისი მეფე და სპა მეფისა – შესძახა საქართველოს საჭისმპყრობელმა და მის დანახვაზე ამხედრებულ ტაძრეულთან ერთად ანისისაკენ მიმავალ ლაშქარში გასწია;

თავი 2: ბიძაშვილი და მამიდაშვილი

  • მაღალი მთები აკრავს ჩემს დედულეთს, უცხო და ჯერ უჩვევი, თითქოს მორცხვი ნიავქარი დაქრის მდელოებზე და მიერეკება ჩემს ფიქრებს როგორც მწყემსი კეთილი თავის ფარას, ზოგან აღმა მთებისაკენ და ზოგან დაბლა ფერდობისაკენ, თუ ნიავქარი გადაირევა და გადიქცევა ქარიშხლად, რომელიც ჭკუას დაკარგავს და დასაღუპად გაიმეტებსთქო ხომ გითხარი იმ ფარას, ანუ ჩვენ ჯერ უჭკნობ ქმნილებებს, ამ ქვეყნიერებისას, მაშინ მე მოვუხმობ ჩემს სალამურს, აი ამას, სპილოს ძვლისაგან გამოჭრილს, რომელიც ჰინდოთა ქყვეყნიდან ჩამოუტანა ბიძას ჩემსას მისმა ფიცხვერცხლ-ნაჭამმა ძმადნაფიცმა ყივჩაღმა სარომ, მაშინ ალაპარაკდება უტყვი სული ჩვენი გუამისა და აგიზგიზდება ცეცხლი – რომელსაც ქვია – სიცხოველე. სიცოხლის ნიშან-სვეტი რომელიც არს სიმართლე ამაღლდება და აი იმ მაღალ მთებს გადაამეტებს. გაიზრდება სული სადედამიწო. მზეს მისწვდება კაცთა სიყვარული და მაშინ უფალი იქნება ჩვენთან და ჩვენ ვიქნებით უფალში. ღმერთი ხელშესახები მოვა ჩვენთან და აი ამ ღვინოს, რომელიც ჩემი დედულეთის საუკეთესო ვაზისაგან არის შექმნილი ჩვენთან, კაცთ სწორეთა შორის, ღიმილით შესვამს, აი ეს იქნება ხანა წრფელი სიყვარულისა და იმ დროს, საუკუნევ ჩემო, შენი თვალები გააცისკროვნებს ჩემი სულის ქვაბულებსა და ქარაფებს, მაშინ მე აღარ ვესვრი ისარს შველს, რომელსაც ჩემი მწევარი გამოდუგება, მაშინ არც შენ, ჩემი ბედის ძაფის მქსოველი, არ მიბრძანებ თავმოდრეკით დავჯდე შენს სტუმართა შორის – ამბობდა თხუთმეტიოდე წლის, ულვაშისა და წვერის ამოსვლას მოწადინებული ჭაბუკი, რომელსაც სამონადირეო კაბა, წინააღმდეგ სასახლის კარის წესრიგისა, აღმოსავლური ოქროცურვილი ძაფებით, ყირმიზისა და ვერცხლის საკრავ-დუგმებით მობირბირე, ეცვა და მის წინ, გაოცებული თვალებით მომზირალ, ცამეტი წლის ასულს გულში ჩამწვდომი მზერით შეჰყურებდა.
  • მიბრძანე ერთი, ჩემო რუსთველო, შენ თხუთმეტიოდე წლის ყმაწვილმა კაცმა, შენს ტოლ ბიჭებთან მოთამაშემ და როგორც სიტყვები შენნი გვაუწყებენ, ნადირთა და ფრინველთა დასახოცად შემართებულმა ავმა ქეიბურმა, როგორ მოასწარი შეგესწავლა, მზისა და მთვარის, ვარსკვლავთა და კაცთა, ურჩხულთა და ლომთა ქცევა მათი ხასიათი და აზრთა-ქება? – ამბობდა მდელოსფერ, სამგზავრო კაბაში გამოწყობილი, გოგონა და მორცხვი ღიმილი რომ დასთამაშებდა ტუჩებზე, მის მოსაუბრეს თვალს აცილებდა.
  • ბრძენთაგან გამორჩეულია, ის რომელიც სიბრძნეს კი არ სწავლობს, არამედ ყოველდღიურად შეისუნთქავს, ყვავილებისაგან, მიწისაგან, ცისაგან, მდინარისა და ჭაობად ქცეული ტბისაგან, ჩემო ბიძაშვილო – თქვა ლოყებ აწითებულმა ვაჟმა და მინდვრის ბალახების ერთად მოგროვილ კონას თვალდახუჭულმა ამბორი უყო, გოგონამ ამისა დასანახად გადაიკისკისა ფეხზე წამოხტა და ვაჟს თმებზე მიეტანა. თურმე ხელთ ყავდა დამალული კარგა გვარიანი მაისის ხოჭო, რომელიც მან რუსთველს შავ-გრუზა კუკულებში ჩაუხლართა და უეცრად სწრაფად გაიქცა.

ხოჭომ, რომელიც გოგონას ხელებში თითქოსდა მიძინებული გასუდრულიყო, ვიღაც უცხოს შავ ხვეულ თმაში მოხვედრა იუკადრისა და ხუჭუჭუა კულულებიდან გასანთავსუფლებლად მთელი ძალით აბორდღიალდა.

  • ოჰჰ კრავაი, კრავაი მე შენ საოცრებებზე გესაუბრები, შენ კიდევ სულ მთლად ბავშვი ყოფილხარ, დამაცადე ერთი, დამაცადე, ბიძაშვილო, მოიცა პატარავ მოიცა – შესძახა ხუჭუჭთმიანმა რუსთველმა და კრავაის მთელი ძალით გამოუდგა. კრავაი ირემივით სწრაფად მირბოდა, მდელოსფერი კაბა ეკლიან ბუჩქნარებზე რომ არ დაეგლიჯა, ხელით აეკეცა და ისარივით მიჰქროდა მამამისის ციხედარბაზისაკენ. კოშკებზე გადმომდგარი მშვილდოსანი მოდარაჯენი გაკვირვებული დაყურებდნენ მათკენ მორბენალ კრავაის და მის უკან, არანაკლები გამალებით მხტომიარე ბიჭს, რომელიც ის-ის იყო უნდა დასწეოდა პატარა გოგოს რომ უეცრად შავშელმა ციხისთავმა შალვამ, რომელი კრავაის მხედრულად ზრდიდა გოგონას დახმარების ხელი გაუწოდა და მას უგრძელესი ბაწრის თოკი, საალყო შემოტევების მოსაგერიებლად საჭირო გრძელი კიბე გადმოუგდო.

კრავაი, მიჩვეული იყო ამგვარ სამხედრო ვარჯიშებს და იგი კალიასავით მოქნილად შეახტა აღმზრდელის მიერ ჩამოგდებულ ბაწრის კიბეს და ოდნავ დამრეცად აშენებულ გოდოლზე ასვლას შეუდგა.

შავ-ხუჭუჭთმიანი შედგა, კრავაი უკვე გოდლის ქონგურებისაკენ მიცოცავდა და სულ მალე ერთ-ერთ საისრე სარკმელში უნდა შეცოცებულიყო რომ გოგონამ თავი მოატრიალა და თავის ბიძაშვილს ერთ-ერთი ქამანდი გადმოუგდო.

  • ამოდი შენც, აბა – შესძახა მან გაბრწყინებული თვალებით და ქონგირებზე შემხტარი ძია შალვას ჩაეხუტა.

ხუჭუჭთმიანი რუსთველი ქამანდის ბოლოს შეჰყურებდა, ცხადია უნდა ისიც მოხტომოდა გრძელი ლახტისაგან დაბწნილ კიბეს, მაგრამ ცოტა ხანს ფიქრობდა.

  • რას ელოდები? ამოდი ხომ მაგარი ხარ აბა? შესძახა გოგომ უკვე ქონგურებიდან და ბიჭს მოეჩვენა რომ იგი მისი მეციხოვნენი მას დასცინოდნენ. მაშინ კი გაბრაზდა ხუჭუჭთმიანი რუსთველი, უბეში საგულდაგულოდ ჩადებული წიგნი ამოაცოცა, იქვე დასდო, მოწითალო ფერის ტყავის საცვეთები გაიხადა და თოკს ისიც შეახტა.
  • მიდი მისი შოთიკო, აბა მიდი – გაყჰვიროდა კრავაი, და მისი ხმა ურაველის ველსა და შავი მთის ქედებს აღწევდა.მთელმა ციხემ მოირბინა სანახაობისათვის. ქონგურებიდან ეხლა უკვე შავ და წითელწვერა მეციხოვნეების გვერდით, უამრავ ქალსა და კაცს, ბიჭსა და გოგოს დაინახავდით. ყველა შეჰყურებდა კრავაის გაბრწყინებულ თვალებს და მასთან ერთად ხარობდა როდესაც, მათი სტუმარი, შოთიკო რუსთველი, მაღალი კოშკის სანახევრომდე არც მისული უცნაურად იგრიხებოდა და დასაყრდენს ეძებდა.
  • მიდი შოთი მიდი, რა ცხელი პურივით გავარვარებულხარ, შენ მართლა შოთი ყოფილხარ – გაჰკიოდა ონავარი კრავაი და მეციხოვნეთა დასტა სიცილს ვერ იმაგრებდა, როდესაც მარდი და მთ-მთა აღზრდილი კრავაის, სტუმარი ვაჟი, მწიფე ვაშლივით ეკიდა თოკზე და გაოცებული აკვირდებოდა იმ საკლდეო ბილიკს რომელიც კრავაიმ ასე სწრაფად და უდანაკარგოდ განვლო.
  • მოდი დავეხმაროთ შვილო კრავაი, გადაუგდოთ ქამანდი, წელზე გაიკეტებს და უმტკივნეულოდ ამოვიყვანთ რუსთავის პატრონს, შეჰყურებდა შალვა ციხისთავი კრავაის მოელვარე თვალებს და ელოდა რომ ონავარი, მეკლდეური კრავაი, თავს დააქნევდა.

მაგრამ ასე არ მოხდა, კრავაიმ უეცრად თავი გააქნია, და შალვა ციხისთავმა გაიფიქრა ის რაც ადრეც უგრძვნია რომ უასაკონი ხანდახან ასაკოვნებზე უფრო სასტიკდებიან.

ამასობაში ბიჭმა რამოდენიმე წყრთის სიმაღლეზე ამოიწია, ციხის კედელზე დატანიებულ საწვიმარ ღარს მისწვდა და მასზე დამაგრება არჩია.

შალვა ციხისთავმა უმალ იგრძნო რომ დახმარება ეხლა უკვე დროული იყო, რადგანაც ციხის საწვიმარი ღარი, თიხის გახლდათ და კედელში დამალული თიხის ჭურჭელ-მილები თუთხმეტის წლის ბიჭის დაყრდნობით შესაძლოა ჩამოშლილიყო. მილებს კი შეაკეთებდნენ მაგრამ ვაჟი შესაძლოა ციხის ქარაფიდან პირდაპირ დამცველ თხრილში ჩავარდნილიყო, სადაც მტრულად მომხვდურს უამრავი , აღლესილი და ბასრად მოელვარე შუბი, ისარი თუ წამახვული სარი ელოდა.

ეს ალბათ იგრძნო კრავაიმაც, რომელიც უმალვე დაეშვა მამიდაშვილის მისახმარებლად და ქონგურიდან ჩახტა, თოკმობმული. შალვა ციხისთავიც, უმალ დაუყვა მეკლდეურთა კედელს და ცხოვრებაში პირველად შიშ-შეპყრობილი ჩალისფერთმიან კრავაის წამოეწია.

  • შალვა ბიძია შენ არა მე ამოვიყვან – ჭირვეულობდა კრავაი და ბიჭისკენ ეშვებოდა საოცრად მოქნილი და სწრაფი მოძრაობებით.

შალვა ციხისთავმა ისიც კი გაიფიქრა -„კრავაი, ჩემს ვაჯებზე უფრო მარდი აღმიზრდიაო“ და ისიც მეორე მხრიდან მოექცა ციხის კედელსა და კლდის ქარაფს შორის, დაკიდებულ რუსთავის პატრონს.

  • ხელი მომე ხელი, შვილო, ბრძანა აზნაურმა შალვამ და რუსთველს რკინასავით მყარი ხელი გაუწოდა.
  • არა, ციხისთავო, მე თვითონ უნდა ავიდე – თავი გააქნია ხუჭუჭთმიანმა და შალვას არც კი შეხედა ფეხი ერთ-ერთ კბოდეს მოადო და ზედ აწევა სცადა.
  • მოიცა, მეც გეხმარები, აი მიდი, მიდი შოთი – ამბობდა კრავაი და თავის მამიდაშვილის მიხმარებას ცდილობდა.
  • კრავაი, კრავაი, ეხლა მომისმინე – არც კი მომეხმარო, არ კითქო გაფრთილებ – უმალ ჩავხტები დაბლა – არც კითქო…. იცოდე – ეს სიტყვები გულში ჩასწვდა შალვა ციხისთავს და თოკზე გამობმულმა კრავაიმ რომ მას შემოხედა, ღიმილით ანუშნა, „სუ-ო“, უთხრა და გაუღიმა. კრავაიმაც უჩუმრად გაიღიმა, თითქოს თავისი ცელქობისა და დანაშაულის დამალვას აპირებსო, კლდის კბოდეზე მოქანავე მამიდაშვილზე მიუთითა ციხისთავს და ხელები გაშალა, რომ დაეჭირა მის ზევით მოფართხალე შოთიკო რუსთველი და ციხის ორმოში ჩავარდნისაგან გადაერჩინა.
  • ჰოროლებზე და ხანჯლებზე დაეგები იცოდე, თუ ჩავარდები, ყმაწვილო, მერე სხვა დროს ისწავლე ქონგურებზე ცოცვა, რა სირცხვილია დასახმარებლად გამოწვდილი მარჯვენის დაყრდნობა, ხომ გაგიგია შოთი, ხალხური სიბრძნე „გამოწვდილ ხელს ჰაერში ნუ გააშეშებო“- უკვე შეშფოთებული ხმით ამბობდა კრავაი.

ციხისთავი შალვა შავშელი, გუმანით გრძნობდა რაღაც ხიფათს, თუ კრავაისა და მისი მამიდაშვილის გვერდით თოკზე დაკიდებული იმას ფიქრობდა, რომელი ერთი დაემაგრებინა ქარაფზე თუ ციხის რომელიმე კედელი, ან გარე ღარი ვერ დაიმაგრებდა რუსთავიდან ჩამოსულ ბატონიშვილს.

განწურული სახით იყურებოდა ციხისთავი, ახედავდა ხოლმე ბიჭს, რომელიც ნელ-ნელა ზევით მიიწევდა, მაგრამ რადგან იმასაც გრძნობდა, რომ მას ყველაზე რთული საკლდეო ბილიკი აერჩია, მისახმარებლად საუკეთესო ადგილს ეძებდა. ამ დროს კრავაისაც უთვათვალებდა რომელიც თავის მამიდაშვილს მისდევდა და ამხნევებდა.

უეცრად შალვა შავშელმა შეამჩნია რომ რუსთავის პატრონი გოდლის წვრილ ღარს მიჰყვებოდა რომელიც ათიოდე წლის წინ შეეკეთებინათ. აეჭვებდა ციხისთავს ეს წვრილი ღარი და უნდოდა ეყვირა „წვრილ ღარს ხელი უშვი ჩამოინგრევაო“, რომ უჩვეულო ტკაცანის ხმა გაისმა და ციხისთავს თავზე გამტყდარი თიხის ნამცეცები დაეყარა, როდესაც შალვამ იგრძნო რომ მოსახდენი მოხდა ან ეხლა ხდებოდა და სასწრაფო ქმედება იყო საჭირო, კრავაის კივილის ხმა გაისმა და როდესაც ზევით აიხედა რუსთავის პატრონი ვეღარ დაინახა. კრავაი კი ხმამაღლა კიოდა და დაბლა ჩასვლას აპირებდა.

  • რუსთველო….რუსთველო ….ცოცხალი ხარ ….გამე ხმა …

მთელი ციხიონი, მეციხოვნენი, ხაბაზები და დაბაღები, მეტყავეები და მშვილდისრის ოსტატები თავდასაცავი თხრილისკენ გარბოდნენ სადაც , ხის დარღანების ქვეშ საგულდაგულოდ დამალული, წამახვული, ჰოროლები, შუბები, წათები, ჩუგლუგები , ისრები და მიწაში ჩარჭობილი სხვა არნახული უბედურება ელოდებოდა იქ ჩარადნილ მტერს. მაგრამ თხრილმა რა იცოდა ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე.

  • „დავღუპე ბალღი“- შუბლზე მაჯას ირტყამდა შალვა შავშელი და ისიც იმასვე ფიქრობდა რომ თავადაც თხრილში გადავარდნილიყო და ერთ, რომელიმე, სპარსულ, ქურთულ, ბიზანტიურ ან თურქულ შუბზე დაგებულიყო რომელიც მას თავად, მისი პატრონებისთვი ჰქონდა წართმეული და შავშეთს ჩამოტანილი.
  • სისხლი მოსჩქეფს ….დასტაქარი საჩქაროდ – ყვიროდნენ დაბლიდან.

***

თოთხმეტი წლის ჭაბუკი იმ ბიზანტიურ, ორკაპა ჰოროლზე დაგებულიყო, რომელიც მესხებს ბერძენთა სპის დამარცხების შემდეგ მოეტანათ შავშეთის ციხეში და თავდასაცავ თხრილში საგულდაგლოდ ჩაერჭოთ.  ამ ორკაპა ჰოროლით ცდილობდა ბიზანტიელი სტრატეგოსი უკანასკნელი ბრძოლის მოგებას, როდესაც იგი შავშელების მიერ, დაჰმანურად ნატყორცნმა ისრებმა წუთისოფელს გამოასალმა.

ჰოროლზე დაგებული ვაჟი, ჯვარცმულ ქრისტეს წააგავდა, მას ხელები ქონდა გაშლილი, ფეხნი კი მოკეცილი,  მირბენილმა მცველებმა იგი თავიდან გარდაცვლილად ჩასთვალეს, მაგრამ როდესაც სამხედრო ბილიკით სათითაოდ თრხილში ჩავიდნენ მიხვდნენ რომ ,ვაჟი ცოხალი იყო – მას ჰოროლის ცივი და ბასრი სხეული ბეჭში და ბარძაყში შესობოდა. სისხლის მიმოქცევის ჭურჭლები გადასერილი ეგონათ, მაგრამ დასტაქარმა  ბრძანა – „სახიერმა დაგვიფარა , სუნთქავს“. განსაკუთრებით კრავაის გაფითრებული აკანკალებული სახე დაამახსოვრდა სპარსელ ექიმს იმ წამს.

„- გადამირჩინე ღმერთო ან მე მომკალი-“საათობით ლოცულობდა კრავაი ხატების წინ დაჩოქილი.

სამი დღისა და სამი ღამის ციების შემდეგ, ხუჭუჭთმიანმა ოდნავ მოიკეთა, ბეჭზე და ბარძაყზე შემოხვეული სამკურნალო ბალახებისაგან დამზადებული არტახები გაუხსნეს და ნახეს რომ ჭრილობიდან სისხლმა კვლავ იფეთქა, გადაფითრდნენ.

  • ვკვდები? მაშ დედას ჩემსას არ შეატყობინოთ, ცოდოა საწყალი, მამა ახალი დამარხული გვყავს, ეხლა მაგან ჩემი ამბავი რომ გაიგოს ვეღარ გადარჩება – აკანკალებულმა თქვა დაჭრილმა ვაჟმა და გული წაუვიდა.

იდინა შავმა სისხლმა და შეწყდა დენა. კრავაი ხმამაღლა ლოცულობდა. დასტაქარი შორეული შავშეთის ციხეში გამომწყვდეული, რომ იყო, სპარსეთში დარჩენილ თავის ოჯახზე და მათ მჩაგვრელ სომეხ მევახშეზე ფიქრობდა და იმასაც წარმოიდგენდა, რომ თუ ვაჟი დაიღუპებოდა მას ალბათ, არც არაფერს მისცემდნენ, შეიძლება პანღურებთაც კი გაეგდოთ, ან შეეძლოთ მოეკლათა კიდეც? – კვნესოდა ჩუმად დასტაქარი სპარსელი გოზალი და ცრემლებს იწმენდდა იმის მოლოდინში, რაც მას ელოდა. „სომეხი მევახშე ჩემს, ლამაზ ცოლს წაიყვანს, ერთადერთ ბიჭს, მამათმავალ ღაზაის მიჰყიდის შაჰინშაჰის ჰარემისათვის, მე კი, ამ თავნება იბერიელი უფლისწულის სიკვდილისათვის, ორ ან სამ პანღურს მითავაზებენ, ან პანღურს ვინ დამანებებს, სწორედ ეს თავქარიანი, მჩხავანა გოგო, ქორს რომ მიუგავს თვალები, რომელიმე წვეროსან დათვს მისცემს ჩემს თავს, ვაი ჩემო თავო…ვაჰმე გოოოზალ…“ – ჩიფჩიფებდა რაღაცას ავადმყოფის თავთან ვითომდა შეწუხებული სახით მოვიშვიშე დასტაქარი და „ქორისთვალება“ კრავაის გახედავდა, რომელიც მას, უცნაური თვალებით აკვირდებოდა შემდეგ თავის ლოცვებს უბრუნდებოდა.

გოზალი შეწუხებული სახით გახედავდა ჩამუხლულ კრავაის. „შავშეთის ციხიდან გასაქცევი გზაც კი არ არის“ – გაიფიქრებდა იგი და არემარეს რომ შეჰყურებდა სამყაროს წარმოშბაზე ფიქრობდა.

„გოოზალ, გოოზალ, ცეცხლისთავყვანიმცემელთა შთამომავალო, აბა რა მაჰმდიანი ხარ როცა კაცის გამოჯანმრთელება არ შეგიძლია“ ან რა დასტაქარი ხარ როცა სისხლის შეჩერება არ შეგიძლია, მაშინ როცა ძველ სპარსელებს, ელინებს და ჰიპოკრატესეული ფიცით შეერთებულ ათ მკურნალს, ჯერ კიდევ როდის, ჯერ კიდევ რომელ დროს, ალექსანდრე მაკედონელის ხანაში, ათას-სამასი წლით უკან, თავის ქალის გასნა ისევე ეადვილებოდათ როგორც კვერცხის გატეყხვა, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, გატეხილ კვერცს ისევე როგორც გოზალის გაპობილ თავს ვეღარ გააერთიანებ და ალბათ ასეც მელოდება გამთენიისას, ხოლო ჰიკრატესეული ფიცით შეკრულნი, ახდილ თავის ქალაქ ისევე უკან ახურავდნენ მოკვდავს და შემდეგ მას აცოცხლებდნენ. ჰო აბა რა აცოცხლებდნენ“ – ჩურჩულებდა გოზალი და გრძნობდა რომ ვიღაცა ზურგიდან უახლოვდებოდა, რადგანაც მისი ჩრდილი თავზე წამოდგომოდა. გოზალი ჩრდილს უჭვრეტდა და მოახლოვებულ სიკვდილზე ფიქრობდა, მაგრამ იმასაც ვერ ხვდებოდა რომ უნდა ებრძოლა, თუ უნდა დანებებოდა ბედისწერას, რომლის არც კი სჯეროდა.

***

  • მომისმინე დასტაქარო, შოთა უნდა გადავარჩინოთ, ხომ გაიგე – ეხლა უკვე სპარსულად ამბობდა კრავაი და თვალცრემლიანი სპარსელი გოზალის წინ იდგა.
  • გეთანხმები, მაგრამ როგორ, მე ყველაფერი ვცადე, შვილო გამიგე – მბრწყინვალე ქართულით წარმოსთქვა ეს სიტყვები გოზალიმ და გოგონას, რომელიც არც მაინდამაინც მოსწონდა, თვალებში ჩახედა.

გოგონას თვალებში დასტაქარმა, ის დაინახა რაც იბერიელ დედოფალთა სახლებში სტუმრობის დროს განუცდია. იბერიელი ქალები აოცებდნენ, სპარსეთიდან გადმოხვეწილ გოზალის. ქალი რომელიც სპარსეთში მხოლოდ ნივთი გახლდათ, აქ იბერიაში – ჯადოქარი იყო.

იბერიელი ქალთა თვალის გუგებში, უზადო ამპარტავნება, დიდი შემწყნარებლობასთან რომ იყო შეზავებული, სიბრძნისა და სულის სიღრმეების მკვლევარის გასაოცარ შუქს თითქოსდა შიგნიდან, სხეულიდან თუ სულიდან გაენათებინა.

მანათობელი, ღრმად ჩამწვდომი მზერით შეჰყურებდა მას კრავაი. შაჰინშაჰის კარზე, დედოფლებიც უნახავს დასტაქარს, მაგრამ ისინი, ლამაზი სხეულებით რომ გამოირჩეოდნენ, მხოლოდ და მხოლოდ იმ დღისათვის ვარგოდნენ. ეს კი სხვა მზერით უყურებდა დასტაქარს, მისი სულს სწონიდა, მის დასტაქრულ ხელოვნებას მდუმარედ ამოწმებდა და პაექრობაში იწვევდა.

  • „რა უნდა ვქნათ, არც კი ვიცი“, ამის თქმას აპირებდა გოზალი, მაგრამ კრავაის გამოხედვამ იმგვარად დაუწვა სული და სტომაქი რომ სულ სხვა რამ თქვა:
  • ვიცი რაც უნდა ვქნა, მხოლოდ შენი დახმარება მინდა. ოქროს ჭურჭელი მაქვს ერთი – მასში მოდუღებული წყალი, სამოთხი წყლად იქცევა, აი ეს უნდა მომიმზადო, მე კი ამ წყლით ჭრილობას კიდევ ერთხელ გავბან და გადავახვევ, გაწმენდილი ჭრილობა წესით უნდა შეხორცდეს, გარდა ამისა ლოცვებიც მაქვს და ისინი უნდა წავიკითხო. შენ შენებურად ილოცე და მე კი ჩემო ლოცვა დამანებეთ. აქ მაქვს ძველი წიგნი სპარსული – რომელიც ჭაბუკს გადაარჩენს.

***

კიტაბი – ალ ჰავი ფი ალ ტიბბი – ანუ მრავლისმომცველი წიგნი მედიცინისა, დაწერილი ალ-რაზის მიერ, რომელსაც ამ დიდმა სწავლულმა მთელი თავის სიცოცხლე მიუძღვნა გოზალს ხელში ეჭირა და საგულდაგულოდ ფურცლავდა. კრავაი გაოცებული უყურებდა, სხვადასხვა ნახატითა და მინიატურით გაფორმებულ იმგვარ დიდ წიგნს, რომელიც მას აქამდე მამის წიგნსაცავში თუ ენახა. მაგრამ ის წიგნები წმინდანთა ცხოვრებას აღწერდნენ, ამ წიგნის მიმართ კრავაის იმგვარი ცნობისმოყვარეობა აღეძრა, რომ რამოდენიმე წამით გული აუჩქარდა, შუბლი გაუცხელდა და წიგნისაკენ ხელი წაიღო.

აბუზღუნდა გოზალი როდესაც კრავაის ჩრდილი სწორედ იმ გვერდს დაეცა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ ეძებდა სპარსეთიდან იბერიას გადმოხვეწილი. ალ რაზის კიტაბში 23 თავი ეგულებოდა სპარსელს, უნდოდა სწორედ ბეჭისა და ბარძაყის მყესების შეხორცების საიდუმლო ამოეკითხა მას და ისე ემოქმედა როგორც თავად ალ რაზი იაქიმებდა. მაგრამ წიგნის გამოყენების საიდუმლო, მას თავად სურდა დარჩენოდა და იბერიელებისათვის მხოლოდ ჯადოქრული ოქროს სინის გამოყენების საოცრება ემცნო.

წინდახედული კაცი იყო გოზალი. იბერიელების შეცდომაში შეყვანა რა თქმა უნდა უნდოდა. თუ ჭაბუკი გამოჯანმრთელდებოდა ყველას პირზე მისი ჯადოსნური ოქროს თასი ეკერებოდა და შემდეგ, რომელიმე ხარბი ერისთავი მას თასის დათმობას შესთავაზვდა. ამას წინასწარ თვლიდა გოზალი. ოქროს თასს, არა ოქროს ფასად არამედ განკურების უნარის მქონე ოქროს თასად გაჰყიდდა, რაც რა თქმა უნდა მას დიდ მოგებას უქადდა. ამ შემთხვევაში მას ჯერ კრავაი უნდა მოეტყუებინა და მისთვის „საოცრება სარფიანად მიეყიდა“

მაგრამ ჩალისფერ თმიანი კრავაი სწორედ წიგნის 23-ე თავის ძებნაში წამოადგა დასტაქარს თავს და კიტაბის გვერდებზე გამოსახულ, სხეულის მოჭრილ ნაწილებს დააკვირდა. ალ-რაზი ხომ შაჰინშაჰის ჯალათებთან დადიოდა სიკვდილით დასჯილთა გამოსაფატრავად და მათი ორგანიზმის ფარული ნაწილების უკეთ გამოსაკვლევად.

  • ეს რა არის გოზალი? – ჩაიჩურჩულა კრავაიმ და სპარსელ დასტაქარს გვერდით მიუჯდა, მხრებზე ჩამოშლილი ჩალისფერი თმები უკან გადაივარცნხა, ბიზანტიელი პატრიციების მსგავსად, ვერცხლის სავარცხლით რომ იმაგრებდნენ დალალებს და სპარსელი ექიმის გაბრაზებულ თვალებს გადააწყდა.
  • ეხლა მაგის დრო არ არის ერისთავის ასულო, შემდეგ ვისაუბროთ, ამ საკითხზე, შენ სწრაფად ბუხარი ააგიზგიზე და ოქროს სინი იმგვარად დადგი ცეცხლზე რომ თავად იგი არ გაიმჭვარტლოს და არ დაზიანდეს, ეგაა ჩვენი წამალი – ჩაილაპარაკა გოზალიმ და კრავაი, მწევარივით წამოიმართა, ბუხარს მივარდა და ცეცხლის გაჩაღებას შეუდგა.

გოზალიმ სხეულის ნაწილებით დაფარული გვერდი მონახა. ალ-რაზის, ჰიპოკრატედან დაწყებული ყველა შესაძლო სააქიმო ხერხი გამოეკვლია და წვრილ-წვრილად აღეწერა. გალენის შემეცნებებიც ნახა, მაგრამ ვერაფერს სასურველს მიაგნო და უეცრად მის წინ ჰუნაინ იბნ-იშაქის წიგნის ნაწყვეტებს წააწყდა.

დალოცვილ ალ -რაზის იბნ იშაქის ნაშრომიც გამოწვლილად განეხილა და დაესურათებინა.

  • იბნ იშაქი 873 წელს აღესრულა, იგი იყო ნესტორიანელი, მაშასადამე ქრისტიანი, მაგრამ არაბი მედიკოსი და სამყაროს კანონების მკვლევი მეცნიერი, როდესაც მას კითხეს რწმენის შესახებ, დალოცვილმა უპასუხა ასე „ნუ მეკითხებით იმაზე რისი ახსნაც ადამის ძეთა ცხორვების შესწავლით შეუძლებელია, ეს საქმენი ღმრთისაა, მე მათ ვემონები, მაგრამ მკითხეთ როგორი მოწყობილია მუცელი, თვალი და თავი, შეიძლება რაიმე გიპასუხით, მე ამ მიმართულებით ვმოგზაურობ და გავაგრძელებ ცოდნის დაგროვებას, ჩემი ცოდნა თქვენია…ჩემი არაფერია …თან არაფერს წავიღებ…გზა“ – ჩურჩულით კითხულობდა გოზალი და ხანდახან კრავაის გახედავდა, მან ხომ იცოდა რომ გოგონა, ყმაწვილ ქალობაში შესული კრავაი სპარსულს საკმაოდ კარგად ფლობდა და ამიტომაც სათქმელს და საკითხავს ტუჩებს იქით არ უშვებდა.
  • აი სწორედ თვალის გუგა, რა საოცრად აქვს აღწერილი იგი იბნ-იშაქს, კრისტალი თვალისა და მისი განკურნების ხერხი, დანა როგორი უნდა იხმარო, სიმსივნის ამოსაკვეთად – ეჰჰ იბნ იშაქ, დიდი მასწავლებელი იყავ მუდამ – ამოიოხრა გოზალიმ რომელსაც თავად უნდოდა ამგვარი წიგნი დაწერა და სამუდამო სახელი მოხვეჭა, მაგრამ სად, ვისთან, ვის შეკედლებოდა, საჭმელი სად მოეპოვებინა, რომ წიგნის წერისას ჩასძინებოდა და ახლად გაღვიძებულს, სწორედ წიგნისთვის გაემჟღავნებინა თავის იდუმალი ფიქრები.

გოზალი ამ წიგნს რომ უკირკიტებდა თავის თავს უკვე ალ-გოზალ-იბნ ჰაბერშურად წარმოიდგენდა. ხალიფას კარზე რომ ემსახურა კი იქნებოდა დალოცვილი გრძელი, სამეცნიერო, სააქიმო სახელწოდებით, მაგრამ, რადგანაც მხოლოდ მთიან ივერიაში მოუწია გადმოხვეწამ, სადაც ხალხი ერთმანეთს მოკლე სახელებითაც კი არ ამკობდნენ და დამცინავად, სახუმარო  მეტსახელით იხსენიებდნენ – იგი მხოლოდ გოზალა იყო.

  • რა დროს იბნ ჰაბერშურია, სად მე და სად ის დიადი სახელი, მოძებნე, მოძებნე და ყველაფერი კარგად იქნება – გაბრაზებულმა წამოიყვირა გოზალიმ და კრავაიმ როცა მისკენ მოიხედა, შეამჩნია რომ დასტაქარი წიგნიანად ძირს გაწოლილიყო და საკუთარ სხეულზე მტკაველ მტკაველ რაღაცას ზომავდა.
  • მოგეხმარო დასტაქარო? იკითხა კრავაიმ და წამოწოლილ ექიმს დახედა.
  • „რა გამიჭირვა საქმე ამ ცეცხლისფერ თმიანმა დემონმაო“-უნდა ეთქვა გოზალის, მაგრამ სიტყვა დაიტკბო და ულვაშებში მომღიმარმა კრავაის ხელი გაუწოდა – ამაყენე კრავაი – თქვა მან და როცა გოგონას რკინისებრმა მარჯვენამ სპარსელი ექიმი უმალ ფეხზე წამოაგდო, გოზალი გაკვირვებით მიაჩერდა გოგოს და რაც ადრე იბერიელ ქალებზე გაგონილი ჰქონდა კიდევ ერთხელ შეიმეცნა.
  • წყალი უნდა გადაცხელდეს, ბუშტულები უნდა გამოუვიდეს და მერე დავიწყოთ -თქვა დასტაქარმა, გოგონამ კი თავი დაუქნია, თავფლისფერი თვალები მიაპყრო და დასტაქარის შემდეგ დავალებას დაელოდა.

***

ავადმყოფმა თვალი გაახილა, როდესაც დასტაქარი და კრავაი მას ჭრილობას ბანდნენ და რამოდენიმე სისხლიანი კოლტის გასაჭრელად ემზადებოდნენ.

  • კბილებში ეს კავი ამოსდე და მაგრად დაიჭირე, უნდა პატარაზე გავკვეთო – მიდი სწრაფად – ბრძანა დასტაქარმა და კრავაის ბიჭის შებოჭვა დაავალა. ჩალისფერთმიანმა შეგირდმა, თავისი დაკუნთული მკლავები შემოავლო შოთა რუსთველს და ჩაიჩურჩულა „მზად ვართ მიდი ექიმო“.

ექიმმა დანა დაუსვა სისხლისა და ჩირქის კოლტს და ტყავის მილით ჭრილობაში სადენი არხი ისეთი მოხერხებით დაამაგრა, რომ, კრავაის, მიუხედავად მკერდში გაჩენილი ცეცხლის ალისა, თავადაც მოუნდა დასტაქრობის საიდუმლოების შესწავლა და იმ წიგნის დასაკუთრება, რომელიც სპარსელმა გოზალიმ, კვლავ სადღაც მიმალა.

ავადმყოფი მწარედ გმინავდა, მაგრამ ჩალისფერთმიანი კრავაი მას შუბლს, ყვირამალებს უჩუმრად უკოცნიდა, ხოლო ძლიერი მკლავებით განძრევის საშუალებას არ აძლევდა და ამიტომაც დასტაქარი, თავისუფლად იკვლევდა, ჭრილობის სიღრმეებს და შესწავლის დამთავრების შემდეგ თეთრი ვეშაპის ულვაშით ჭრილობას კერავდა. საოცრად ეჩვენებოდა კრავაის ეს ულვაში. იცოდა რომ იგი წყლის მბრძანებლისა იყო და ამიტომაც უკვირდა. ცოდნას და წიგნს ზღვის მბრძანებელი დაეპატარავებინა და დასტაქრის აბგაში მოეთავსებინა. „წიგნის ძალა უდიდესია“ – ელავდა კრავაის ტვინში ეს აზრი.

***

  • სისხლი ბევრი დავღვარეთ, ყოჩაღ კრავაი – თქვა გოზალიმ საბოლოოდ და მიჩენილ კოშკში წავიდა დასაძინებლად. ჩალისფერთმიანი გოგონა მამიდაშვილის წინ  იჯდა და მას შეჰყურებდა, „რამოდენიმე დღე ციება ექნებაო“, გოზალის სიტყვები ყურში ჩაესმოდა და გულდათუთქული ფიქრობდა, თუ რითი გაეხარებინა ძილ-ბურანში მყოფი, გადაცხელებული ვაჟი, რომელიც გასაოცრად ლამაზი წამწამების შერხევით ატყობინებდა მის ჭირისუფალს რომ კვლავაც ცოცხალი იყო.
  • არ მოკვდე, არ დამღუპო შოთი და შენს მზეს ვფიცავ, როცა გამოჯანმრთელდები, ჩვენს მზესთან – თამართან მიგიყვან, თამარი, ყველა ტკივილს დაგიამებს და ძმასავით შეგიყვარებს, შოთი…არ მოკვდე…შოთი….თამარის სხივი შენც დაგატკბობს …- ეჩურჩულებოდა მას კრავაი და ამ სიტყვებზე უღონო რუსთველს, საოცრად მბრწყინვალე, ცრემლის ბურთი დაუგორდა საცრემლე უპედან. გაოცებულმა  კრავაიმ, მბწყინვალე ცრემლი კეთილი ამბების მაცნედ მიიჩნია,  მამიდაშვილის ცრემლს ცხარედ აკოცა, ავადმყოფი გულში ჩაიკრა და აქვითინდა.

***

თამართან წაგიყვანო………გულში ჩარჩა ეს სიტყვები დაჭრილ ჭაბუკს. ძილბურანში რომ ჩაიძირა უჩვეულო სანახაობა გაიმართა მის გარშემო:

   რუსთველს, თვალთ წარმოუდგა, სინათლის შუქი, რომელიც ციდან ეშვებოდა და მის ფერხთით უამრავ ფერებად იშლებოდა. შუქის მარცხენა და მარჯვენა მხარეს, მოვერცხლილ აბჯარში გამოწყობილი მხედრები იდგნენ და ხმამაღლა იძახდნენ – „სპა თამარისა…“

მხედრების უკან, უთვალავი მეომარი აღიმართა, მიწიდან, ყოველივე მათგანს ხელთ დიდი ქართული სატევარი ეჭირა და გაიძახოდა – „სპა თამარისა“

მხედრების ზემოთ სერზე, მანათობელი წმინდანების გარშემო, მონასტრის ბერთა შავჩოხიანი ლაშქარი, იდგა, ხელთ ჯვრები ეჭირათ და ხმამაღლა გაიძახოდნენ – „სპა თამარისა“.

ტყიდან, მდელოზე, მდინარის პირას, ნაწნავიან ქალწულთა უზარმაზარი ჯარი გამოეფინა, ქალწულებს ხელთ წმინდა ნინოს ჯვარი ეპყრათ და გაიძახოდნენ – „სპა თამარისა“.

ლაშქარს თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი მოუძღვოდა, რუსთველმა უმზირა მას და შემდეგ მასთან მოახლოვებულ ციურ შუქს დააკვირდა. ციდან ჩამოსული ნათელი, ხიდს დაემსგავსა.

რუსთველს მასზე გავლა მოუნდა და მართლა დაადგა იგი სხივთა გზას, ავიდა ზეცად და უამრავი მაშხალით განათებულ ციხე-სიმაგრეს მიადგა.

რუსთველი უმალ მიხვდა თუ ვისი იყო ციხე დარბაზი, ეს ის გახლდათ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ და ზრდიდნენ, რომელიც ბალღობიდან ეუფლებოდა სახელმწიფო თუ საერო ხელოვანებას, რომელსაც ბრძენთა ბრძენად თვლიდნენ და რომლის სიმშვენიერე მომნუსხველი იყო და ამიტომაც საშიშიც.

რუსთველს იმედი გაუჩნდა რომ ციხე დარბაზს კარს უპოვიდა, მაგრამ კარიბჭე არსად ჩანდა. არც მეციხოვნენი დაჰყურებდნენ მას უხვად გაჩახჩახებული კოშკებიდან. გაკვირვებოდა რუსთველს. მაგრამ ამ დროს მან კრავაის მარჯვენა შეიგრძნო, გოგო მის გვერდით გაჩნდა და ისინი ციხედარბაზს რომ მიუახოვდნენ, უამრავი ხალხი გამოეფინა სიმაგრის კედლებზე. ისინიც გაიძახოდნენ – „სპა თამარისა“ და ერთმანეთს ეხვედონენ. მხუარულებამ დაისადგურა ჭაბუკის გულში, მაგრამ ამ დროს კვლავ ვიღაც ეუბნება – „თამარი გელოდება, შენ გელოდება“ – ეს ალბათ მისი ბიძაშვილია კრავაი, თუ სვა ვინმეა? კრავაია კრავაი…. იგი მას უღიმის და ოქროთი მოზარნიშებული კოშკისაკენ უთითებს. მართლაც რა მშევნიერია, ოქროსფერი და ცისფერი ფერებით გადახლართული ეს საოცარი კოშკი?  ნეტავ ვინ უნდა იყოს იქ? ფიქრობს რუსთველი.

რუსთველმა გულის ბაგა-ბუგი შეგრძნო როდესაც ციხე-დარბაზის ყველაზე მაღალი კოშკის სარკმელში საოუცხოო მშვენიერების მქონე ქალწული გამოჩნდა.

„თამარია, ისაა…..ჩვენი მზეა….შოთიკო დაუქნიე ხელი“ – ამბობდა კრავაი  და თავად ესალმებოდა მოცისფრო კოშკიდან მომზირალ …ქალწულს

***

  • მადლობთ კრავაი ….უცილობლად წამიყვანე თამართან…მე მას ვხედავ….- დაიჩურჩულა დაჭრილმა

    2/09/2017

კახაბერ ჩორჩანელი-ბაჰლაუნდი-ციხისჯვარელი-ჯაყელი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button