ზღაპარი

იარამი – ინდური ზღაპარი

ერთ შეძლებულ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა. უფროსი ძალიან უყვარდა, უმცროსს — ნიარამს — კი მკაცრად ექცეოდა და ხშირად უმიზეზოდაც ტუქსავდა.

უფროსი ვაჟი განებივრებული იყო, არც არაფერი იცოდა და არც არაფრის სწავლა უდოდა. იცოდა, მამას მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა და მთელ თავის სიმდიდრესაც მას დაუტოვებდა.

ნიარამი კარგი ოსტატი დადგა. ხიდან ადამიანებსა და ცხოველებს თლიდა, მერე კი ღებავდა. მისი გამოთლილი ადამიანები და ცხოველები ცოცხლები გეგონებოდათ.

ერთხელ ნიარამმა დედას უთხრა:

— მამაჩემს მაინც არ ვუყვარვარ. მოდი, მოელაპარაკე და, თუ ნებას დამრთავს, სახლიდან წავალ, ჩემს ბედს უცხო ქვეყანაში ვეწევიო.

მშობლებმა ითათბირეს. მამისათვის სულ ერთი იყო, საით წავიდოდა მოძულებული შვილი. დედამ შვილს საგზაოდ ლავაშები დაუცხო და შიგ თითო ოქროსმანეთიანი ჩაატანა. ვაჟი დედ-მამას გამოემშვიდობა და გზას გაუდგა.

ბევრი იარა ნიარამმა თუ ცოტა, ერთ უცხო ქალაქს მიადგა. ის იყო, შებინდდა კიდეც. ქალაქის განაპირას ერთი ძველი სახლი იდგა. ნიარამმა შიგ შესვლა და ღამის გათევა გადაწყვიტა.

ოთახში ბნელოდა. მოხუცი სახლის პატრონი იჯდა და მარჯვედ თლიდა ხის ქოშებს. მგზავრი რომ დაინახა, უთხრა:

— შემოდი, შემოდი! გეტყობა, შორიდან მოდიხარ, დაღლილი იქნები, მოგშივდებოდა კიდეც. ვახშამს ახლავე მოგიმზადებთ.

მოხუცი ცოლს მიუბრუნდა, ვახშამი მოამზადეო.

— ვახშამი როგორ მოვამზადო, შეშა არა გვაქვსო, ტყეში რომ წავიდე, გვიანი არისო,

— მიუგო ცოლმა.

ნიარამმა გასაყიდად გამზადებულ ქოშებზე მიუთითა.

— აი, ეს ქოშები შეშის მაგივრობას გასწევსო.

სახლის პატრონს დაენანა ქოშების დაწვა, მაგრამ სტუმარს ხათრი ვერ გაუტეხა.

დიასახლისმა ქოშები კერაში შეაწყო, ცეცხლი დაანთო და ვახშამი მოამზადა.

მეორე დღეს ნიარამი ტყეში წავიდა, მოაგროვა შეშა, ერთი ხმელი ხეც მოჭრა, ლამაზი ქოშები გამოთალა და მოხუცს მისცა.

მოხუცი ბაზარში წავიდა თავისი გამოთლილი ქოშების გასაყიდად. თან ნიარამის გაკეთებული ქოშებიც წაიღო. ნიარამის ქოშები უცბად გაყიდა და ათჯერ უფრო მეტი აიღო, ვიდრე თავისებში. როცა შინ დაბრუნდა, ყველაფერი ცოლს უამბო. მოხუცები ძალიან გახარებულები იყვნენ, რომ ბედმა ასე გაუღიმათ.

იმ დღიდან ნიარამი მოხუცთან დარჩა. თლიდა ხის ქოშებს, მოხუცს კი ბაზარზე მიჰქონდა გასაყიდად და ბევრ ფულს იღებდა.

ზოგჯერ ნიარამი ხიდან ფრინველებსა და ცხოველებსაც თლიდა ხოლმე. ერთ დღეს თუთიყუშები გამოთალა, შეღება და გასაშრობად გარეთ დააწყო. თუთიყუშები ცოცხლებსა ჰგავდნენ.

იმ ღამეს ხელოსნის სახლს ჯადოქარმა ჩაუარა და ხის თუთიყუშები რომ დაინახა, მოეწონა. რა იქნება, ამ თუთიყუშებს სული ჩავბერო, ცოცხალი თუთიყუშების ნახვით ხელოსანი ხვალ რას გაიხარებსო! — გაიფიქრა ჯადოქარმა და დიდხანს აღარც უფიქრია, შეულოცა; თუთიყუშებმა ფრთები ააფარფატეს და გაფრინდნენ. ჯადოქარი თავის გზას გაუდგა.

ნიარამმა დილით გაიღვიძა და რას ხედავს, თუთიყუშები ხეზე შემომსხდარან, ხტიან, ჩხავიან. ნიარამი დაინახეს თუ არა, გარს შემოეხვივნენ. ის კი ჯერ გაოცებული

იდგა, მერე მოხუცს დაუძახა, რომ იმასაც ენახა ეს სასწაული. მოხუცს ძალიან ეწყინა, ცოტა გაბრაზდა კიდეც.

— მაგათ დღეში თითო მუჭა ბრინჯი არ ეყოფათ. ჩვენ კი ჩვენს თავსაც ძლივს ვირჩენთ. სჯობია სუყველა თავიდან მოვიშოროთო.

ნიარამი არ დაეთანხმა მოხუცს და შეკამათდნენ.

— თუთიყუშების მოშორება თუ არ გინდა, წაიყვანე და წადი სადაც გინდაო, — წაიბუტბუტა გულმოსულმა მოხუცმა.

ნიარამმა აიკრა გუდა-ნაბადი, წავიდა თავისი თუთიყუშებიანად და ტყის პირას დასახლდა.

თუთიყუშები არ აწუხებდნენ ნიარამს, დილით ადრე მიფრინავდნენ საზრდოს საშოვნელად და საღამოს ბრუნდებოდნენ. ნიარამი დიდხანს ცხოვრობდა ასე.

ერთ ღამეს ნიარამმა უცნაური სიზმარი ნახა: ვითომც, შორს, შვიდი ზღვის იქით, ერთი წარმტაცი სასახლე იდგა. სასახლეს შვიდი თხრილი და შვიდი ერთიმეორეზე მაღალი, ქონგურებიანი გალავანი ერტყა. შიგ კი მზეთუნახავი იყო გამომწყვდეული.

მეორე დღეს ნიარამი სიზმრის ასახსნელად ბრძენ ხალხთან მივიდა, მაგრამ რაკი იმათ ვერა უთხრეს რა, გადაწყვიტა: ჩემს სიზმარს თუთიყუშებს მოვუყვები, თუთიყუშები გონიერი ფრინველები არიან და იქნება სიზმარი ამიხსნანო. ასეც მოიქცა.

— შვიდი ზღვის იქით ერთი ქვეყანა არის, იქ ერთი სასახლე დგას და გარს შვიდი ერთიმეორეზე მაღალი გალავანი აკრავს. სასახლეში რაჯას მზეთუნახავი ასული ცხოვრობს. ამ ქალს ფიცი აქვს დადებული, ცოლად იმას გავყვები, ვინც ამ შვიდ თხრილსა და გალავანს გადმოლახავსო. ბევრ ჭაბუკს უცდია ბედი, მაგრამ ამაოდ, ყველანი დაღუპულან, — უთხრეს თუთიყუშებმა.

გავიდა დრო. ნიარამმა ვერ დაივიწყა სიზმარში ნანახი მზეთუნახავი. ბოლოს გადაწყვიტა, წასულიყო ზღვის იქითა ქვეყანაში და ის შესანიშნავი სასახლე მაინც ენახა. ნიარამმა თუთიყუშებს ჰკითხა, იმ ქვეყნისაკენ გზა ხომ არ იცითო?

თუთიყუშებმა მიუგეს:

გზაც ვიცით და გაფრენითაც ჩვენ გადაგაფრენთ, ოღონდ შიგ შესვლა არ გაბედო, დაიღუპებიო.

ნიარამი მზადებას შეუდგა. ერთი გამძლე ბადე მოქსოვა და შიგ ჩაჯდა. თუთიყუშებმა კი ბადეს ნისკარტები ჩასჭიდეს და ცაში აფრინდნენ.

დიდხანს იფრინა ნიარამმა. გადაიარა ტყეები და მდინარეები, ქალაქები და სოფლები. ღამღამობით ისიცა და თუთიყუშებიც ხეზე ცოტას შეისვენებდნენ ხოლმე, მერე კი მიფრინავდნენ; მიფრინავდნენ დღეცა და ღამეც. გადაიფრინეს შვიდი ზღვა და ხმელეთი გამოჩნდა თუ არა, დასასვენებლად მიწაზე დაეშვნენ. ნიარამს მოთმინება აღარ ეყო და მაშინვე მზეთუნახავის სასახლისაკენ გაეშურა.

გზაზე ერთ დედაბერს შემოხვდა და ჰკითხა, სასახლეში რა გზით მივიდეო.

— უგუნურო, იქ რა გინდა! ათასობით ჭაბუკი შეეწირა რაჯას ქალიშვილს. შენც დაიღუპები, შვიდ თხრილსა და შვიდ გალავანზე ვინ გადავაო! — უთხრა დედაბერმა.

— მე მხოლოდ სასახლეს შევხედავ, მეტი არაფერი მინდაო, — მიუგო ნიარამმა. დედაბერმა ასწავლა ქალაქისაკენ მიმავალი გზა. ქალაქის მახლობლად ნიარამმა

სასახლე დაინახა. სასახლეს, მართლაც, შვიდი ერთიმეორეზე მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული. მისი ბასრი წვეტები მზეზე ბრწყინავდნენ: არა, ამ გალავნებზე კაციშვილი ვერ გადავაო, — გაიფიქრა ნიარამმა, თუთიყუშებთან დაბრუნდა და შეევედრა:

— ერთხელ კიდევ ამიყვანეთ და მზეთუნახავის სასახლის თავზე გადამაფრინეთ. ზემოდან ყველაფერს კარგად დავინახავო.

თუთიყუშები დათანხმდნენ. აი, მიუახლოვდნენ კიდეც სასახლეს, გადაიქროლეს ექვსი გალავანი და მეშვიდე გალავანთან რომ მივიდნენ, ნიარამი ძირს გადახტა. თუთიყუშებმა ცაში შეიფრთხიალეს, ნიარამი კი გალავნის წვერზე დაეცა და სასიკვდილოდ დაშავდა.

ამ დროს რაჯა თავისი ქალის სანახავად მიდიოდა. გზაზე ასეთი ლამაზი ვაჟის უსულო გვამი რომ დაინახა, შეეცოდა.

— ამდენი უბედურება შეამთხვიე ჩემს სახლს, — უთხრა მან შვილს, — შენი გულისთვის უამრავი ჭაბუკი დაიღუპა, აი, კიდევ ახალი მსხვერპლი! დროა, ბოლო მოეღოს შენს უგუნურობას. ახლავე ამ ჭაბუკს უნდა გაჰყვე ცოლად, ამან ხომ შვიდივე გალავანი გადმოლახა. გასწი ტყეში, ეგეც თან წაიყვანე და იქ, რაც გინდა, ისა ჰქენიო.

როგორც რაჯამ ბრძანა, ისეც მოიქცნენ: ქალიშვილი მკვდარ ნიარამზე დააქორწინეს. მსახურებმა ნიარამი საკაცეზე დადეს, შორს, გაუვალ ტყეში წაიღეს და იქ დატოვეს.

რაჯას ამაყი ქალი მარტო დარჩა. დასცქეროდა თავის მკვდარ ქმარს და მწარედ ქვითინებდა. ჭაბუკი მეტად ლამაზი იყო, ქალს შეუყვარდა კიდეც, მაგრამ რა უნდა ექნა? ვაჟი იმისი მიზეზით დაიღუპა და ახლა თვითონაც იღუპებოდა ამ ტყეში. იჯდა ქალი და ისე მწარედ ტიროდა, მხეცებსაც კი შეეცოდათ და შესაჭმელად ახლოსაც არ გაჰკარებიან. გავიდა კარგა ხანი. უცბად ქალს რაღაც შრიალი მოესმა. ორი ტურა ბუჩქებში ჩამჯდარიყო და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. რაჯას ქალიშვილს ნადირთა ენა ესმოდა და მათ ლაპარაკს ყური მიუგდო.

— საბრალო, რა მწარედ ტირის, წამალი რომ იცოდეს, ამ ახალგაზრდას ხელად გააცოცხლებდაო, — ეუბნებოდა ერთი ტურა მეორეს.

— როგორ უნდა გააცოცხლოსო? — ჰკითხა მეორემ.

— მდინარის პირას, ხევში, მაღალი ბანიანი ხარობს, მისი ფოთლების წვენი ჭრილობას არჩენს და მკვდარს აცოცხლებს. ოღონდ ეს წვენი ვაჟს მზის ჩასვლამდე უნდა დაალევინოს, თორემ მერე გვიან იქნება და აღარაფერი ეშველებაო.

ეს რომ რაჯას ქალიშვილმა გაიგონა, ქარივით გაიჭრა სამკურნალო ბანიანის საძებნელად. დიდხანს ეძება და, როგორც იქნა იპოვა. ამასობაში მზე ჩასასვლელად იწვერებოდა. ქალმა მოკრიფა ფოთლები და უკანვე გამოიქცა.

ქალი ჩქარობდა, ეკლები კაბას უხევდნენ და ხელ-ფეხს უკაწრავდნენ, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. მირბის ქალი, მირბის და ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწია ვაჟთან, ფოთლებიდან წვენი გამოწურა და პირში ჩააწვეთა.

ბრძენი ტურას სიტყვები გამართლდა.

მზე ჯერ არ იყო ჩასული, რომ ნიარამმა თვალები გაახილა. გარშემო მიმოიხედა და დაინახა, რომ ხის ძირას წევს, გვერდით სიზმრად ნანახი მზეთუნახავი უზის და ცრემლებს ღვრის. უცბად ნიარამის თავზე თუთიყუშების ფრთების ტყლაშუნი გაისმა. ისინი თავიანთ პატრონს ეძებდნენ, როგორც კი დაინახეს, ხეებზე დასხდნენ და სიხარულისაგან აჩხავლდნენ. ქალიშვილმა კი ნიარამს ყველაფერი უამბო, რაც მოხდა.

ასე იპოვა ნიარამმა თავისი მზეთუნახავი.

თუთიყუშებმა ნიარამი და მისი ცოლი უღრანი ტყიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ ცოლ-ქმარი ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button