ზღაპარი

სულეიმან მეფე და ბრძენი წერო – ინდური ზღაპარი

ამბობენ, რომ სულეიმან მეფეს, რომელიც მარტო ადამიანებზე კი არა, ცხოველებზეც მბრძანებლობდა, ერთხელ ერთმა ბრძენმა უკვდავების წყლით სავსე თასი მიართვა და ასე უთხრა:

— იცოდე, ამ წყალს თუ არ დალევ, სიცოცხლეს მალე გამოეთხოვები, ხოლო თუ დალევ, უკვდავებას მოიპოვებ! ახლა შენ იცი, როგორც გინდა, ისე მოიქეციო.

ჩაფიქრდა მეფე სულეიმანი და ბოლოს გადაწყვიტა, ბრძენთათვის ეკითხა რჩევა. მის ნება-სურვილს, აბა, წინ ვინ აღუდგებოდა, რაც კი დედამიწის ზურგზე ბრძენი

იყო, ადამიანიცა და ცხოველიც, ყველამ მის სასახლეში მოიყარა თავი. მეფემ მათ თავისი გასაჭირი უამბო და შეეკითხა, როგორ მოქცეულიყო.

ყველამ ერთხმად შეაქო ამქვეყნიური ცხოვრება და მის სიტკბოებას ხოტბა შეასხა.

— სიცოცხლე უპირველესი სიმდიდრეა, სიცოცხლეზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერი არისო, — ამბობდნენ ისინი.

ერთი სიტყვით, ყველამ გადაწყვიტა, რომ სულეიმანს უკვდავების წყალი უნდა დაელია. მაშინ სულეიმანმა იკითხა:

— ბრძენთა შორის ხომ არავინ გეგულებათ ისეთი, ვინც აქ არ გამოცხადებულაო? აღმოჩნდა, რომ ბრძენთა უბრძნესი წერო არ იყო ამ თათბირზე.

მეფემ მაშინვე კაცი გაგზავნა მის მოსაწვევად.

და, აი, წეროც გამოცხადდა მეფის სასახლეში. სულეიმანმა უამბო ყველაფერი და

რჩევა სთხოვა.

მაშინ წერომ სულეიმანს ჰკითხა:

— უკვდავების წყალს მხოლოდ შენ დალევ თუ შენს მეგობრებსა და მახლობლებსაც დაალევინებო?

— წყალი მარტო ჩემთვისაა მოტანილი და სხვებს ნება არა აქვთ დალიონო.

— მაშ რად გინდა სიცოცხლე, თუკი უმეგობროდ და უთვისტომოდ დარჩები? შენ ახლა მსოფლიოს განაგებ. მარტოდმარტო კი რას იზამო? — მიუგო წერომ.

სულეიმანმა შეაქო წერო და უკვდავების წყალი აღარ დალია.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button