ლიტერატურა

გიული წერეთელი – სამოსელი პირველი, მეორე, მესამე

ბორჯღალივით იტრიალა შთაბერილმა ჰაერმა და ფილტვები ამოუვსო თუ არა , სუნთქვა ამოაყოლა. მერე სხეულიც იგრძნო და ადამის ალმურმოდებული ხელის შეხებაც ლოყაზე. თვალგაუხელელი ახალშობილი რომ დაეძგერება დედის ძუძუს კერტს პირველად , ასე რეფლექსურად ჩაჭიდა ამოძრავებული ხელი ადამის მაჯას და თითები მოუჭირა (ეს მაშინ გაახსენდა, დედა რომ გახდა). სცადა, ქუთუთო ქუთუთოს დაეშორებინა, მაგრამ წამწამებს შუა შეღწეული სინათლის ერთი სხივი ათასად დაეშალა, აუციმციმდა, თვალები აუწყლიანა და ღაწვზე დაგორებულ ცრემლს უკან გამოჰყვა.
– ევა! – მოესმა. გაინაბა. ადამის ხმა ათასნაირი ჭიკჭიკისა და ჟღურტულის ხმაში მკაფიოდ და ლამაზად ჟღერდა. ქუთუთოები ისევ შეარხია, ჩაღვრილ შუქს გაუძალიანდა და თვალები ფართოდ გაახილა. პირველი, რაც აღიქვა, მისკენ დახრილი პირველქმნილის სახე იყო, მის უკან ლურჯი, ულურჯესი ცა, ადამის თვალთა ფერის.
-ევა!- გაიგონა კვლავ. კეფიდან წამოსულმა იმპულსებმა ქალს მთელ სხეულში დაურბინა – კაცის ხელს მხოლოდ სითბო კი არა, შეუცნობელი სიახლოვე და იმედიანობა ახლდა. ნეტარებას ქალის პირველი ღიმილი მოჰყვა, პირველ ღიმილს – პირველი გაოცება: ცაზე მობრიალე ბურთის ბრწყინვალება ადამის კანზე, თმასა და წვერზე ირეკლებოდა და კაცის მაჯას ჩაფრენილი მისი მტევანიც ისე ანათებდა, როგორც პირველდანახულისა. ნათება არ იყო ის სიბრჭყვიალე, თვალში ცრემლი რომ ჩაუყენა, ორიოდე წუთის წინ, არც მწვანე ბალახს შერჩენილი ნამიდან “მზირალი” ფერადოვნება და არც მათი, ადამისა და ევას გვერდით მოხტუნავ-მორბენალ ცხოველთა ბეწვის თუ ჰაერში ლაღად მფრენ ფრინველთა ბუმბულის სიჭრელე. არა, ეს იყო ენითაღუწერილი სისუფთავის გამოსხივება, უფრო ლამაზი ციალი, ვიდრე ბუნებისა.
-მე ადამი ვარ, კაცი – სითბო გაურია დამრიგებლურ ტონში, მკერდზეხელმიდებულმა პირველადმოსულმა, შენ კი ევა ხარ, დედაკაციო, მიამატა ნათქვამს მრავალმნიშვნელოვანი მზერით, საჩვენებელი თითი მეორედმოსულისკენ მიმართა და ღიმილზე ღიმილით უპასუხა.
იმ დღეს, კაცობრიობის ისტორიაში, ორ გონიერ არსებას შორის, პირველი გაკვეთილიცა და პირველი სწავლებაც შედგა.

სიხარულით ტუჩებს ვერ უყრიდა ერთმანეთს ადამი – ქალის, გვერდზე მყოფისა და შემწეს მოვლინება, “მტვრისა და ლამისგან” ნაძერწი კაცისთვის, იმხანად ერთადერთი გონიერი არსებისთვის, მოწყენილობისგან თავის დასაღწევიცა და დიდი შვებაც უნდა ყოფილიყო და მასთან საინტერესოც, ვიდრე უტყვ ცხოველებთან გართობა, უფრო შინაარსიანი ურთიერთობის მომცემი, ვიდრე ფრინველების თვალიერებით გულშეჯერება და რაღაც დიდისა და ლამაზის დაწყება სურდა, მაგრამ როგორ, რანაირად ვერ მოეფიქრებინა. ახალშეცნობილი იმედით დაჰყურებდა ნეკნისგან შობილს და სიამოვნებისგან იბადრებოდა, უფალმა მხოლოდ ედემის პატრონობა და სულიერის თუ უსულოსთვის სახელისწოდება კი არ ანდო კაცს, “ძვალი მისი ძვალთაგანი და ხორცი მისი ხორცთაგანი”-ც უძღვნა, თუნდაც მისი სრულყოფილი სხეულის რღვევის ხარჯზე, მაგრამ მაინც არსება, მეგობარი, ტოლი, სწორი, “ერთ სულ და ერთ ხორცად” რომ უნდა ქმნილიყვნენ, დროთა განმავლობაში.
ყვავილებით და ბალახ-ბულახით მოჩითულ მინდორზე მიწოლილი დედაკაცი არ ინძრეოდა, ახალნაშობის უმანკო თვალებით შესცქეროდა კაცს და არ იცოდა, წამოდგომა და სიარული თუ შეეძლო დს არც კიდევ ის, რა ლაღი და უდარდელი ყოფა ელოდა უფლის სავანეში. სამაგიეროდ ადამმა იცოდა ეს და უკვე გონებაში ხატავდა იმ დღეებს, ედემის საოცარი ფერებით რომ გააოცებდა ევას, აის-დაისის სილამაზით რომ დაატკბობდა, ნაკადულის რაკრაკს მოასმენინებდა, მდინარის წყალში განბანდა, ულამაზეს ყვავილებს ჩაუწნავდა თმაში, ვარკვლავიერი ცის ყურებაში მიაძინებდა, სამყაროს გააცნობდა…
-ადექი, დაუყვავა კაცმა ისევ და წამოდგომაში შეეშველა ქალს, მერე ხელი ხელზე ჩასჭიდა, ნაბიჯი გადმოდგი ჩემსკენო, თავით ანიშნა.
გაიმართა ევა წელში, მაგრამ მეტი მოძრაობა ვეღარ გაბედა-
თავდაუჯერებლობას მოეცვა გონება და სხეული.
-გაბედე-არ მოეშვა ადამი. გაჯიუტდა ქალი, უნდობლად შეაცქერდა კაცს. ვერც მას გაეგო, რა ხდებოდა და ის იყო, თვითონ გადადგა ნაბიჯი ევასკენ, რომ ფრთახატულა პეპელამ ფარფატი იწყო მათ შორის. მწერის დანახვაზე ქალმა წარბები აზიდა, მარჯვენა წაატანა დასაჭერად, მაგრამ პეპელა მაჯაზე დაუსკუპდა, შემდეგ ადგილს მოსწყდა, მისი მხარი მოძებნა და ნაზად შეეხო. გაეღიმა ევას, ღიმილი კისკისშიც გადაუვიდა. დედაკაცის მხრის შეტოკებაზე მწერი დაფრთხა, ფრთები გაშალა და ჰაერში აიზიდა.
-საით? საით?- გამოსცდა ქალს ბაგედან, უნებურად ადგილიდან დაიძრა და პეპელას დაედევნა. გული დასწყდა ადამს, წყენით გააყოლა თვალი მწერზე ადევნებულ ქალს და თვითონაც იქით გაჰყვა.
სახიდან ბედნიერება არ შორდებოდა კაცს, ყველგან ხელჩაკიდებული დაჰყავდა, გვერდიდან არ იშორებდა დედაკაცს და დიდი სიფრთხილით და თავშეკავებულობითაც ეკიდებოდა მის გრძნობებს. ცდილობდა ამოეცნო რა გაახარებდა, რა გააღიზიანებდა. ქვეცნობიერთან საუბარში რწმუნდებოდა, ქალთან მეტი სიახლოვის უფლებაც ჰქონდა, მაგრამ ბრკოლდებოდა და ვერ გაეგო, რატომ. მისგან განსხვავებით დედაკაცი უფრო თავისუფალი იყო ქცევებში, თუკი გვერდით დაიგულებდა კაცს. მაშინვე მისი ხელიდან გადმოსული სითბოს განახლებას ლამობდა, აი ისეთს, პირველი შეხებისას რომ იგრძნო. დამჯერი შეგირდივით კი იქცეოდა ევა, მაგრამ უცნაურობაც არ აკლდა, ადამისგან განსხვავებით. თანდაყოლილი, პატარ-პატარა ურჩობები მეტ თავისუფლებას სთხოვდნენ და ხშირად, გამოღვიძებულზე, მზესთან ერთად ამდგარი, გვერდით არ უჩერდებოდა და ბაღის სიღრმეში იჭრებოდა. საოცარი და საყვარელი
სანახავი იყო ქალი მაშინაც, ცხოველებსა და ფრთოსნებს რომ ეთამაშებოდა, მაშინ ადამიც ავიწყდებოდა, მისი დარიგებანიც და საკუთარ სამყაროს ქმნიდა – ფრინველებს სტვენაში ეჯიბრებოდა, მათნაირად გალობას ცდილობდა, ხელისგულზე დაყრილი მარცვლებით აპურებდა. ცხოველებში ვეფხი ჰყავდა მეტად ამოჩემებული, ყურში ჩურჩულითა და აჭრელებულ ბეწვზე ხელის ალერსით იმორჩილებდა მასზე ორჯერ-სამჯერ დიდ ცხოველს და მის კრუტუნზე ხმამაღლა იცინოდა.

* * *

დღე დღეს მისდევდა და მხოლოდ ადამი არ ეჭვიანობდა ვეფხზე. ევასგან ყურადღებას არანაკლებად ლამაზი და ჭრელი, სისინა გველიც ითხოვდა და სადაც მოიხელთებდა, თვალწინ ეკლაკნებოდა, სამკაულად ეხვეოდა ყელსა და მკლავ- მაჯაზე. მუცლითმხოხავს ისიც აღიზიანებდა, უფალი პირველქმნილ ადამიანთა წყვილს განსაკუთრებული სითბოთი რომ ეპყრობოდა და გადაწყვიტა, თვითონ დაესაკუთრებინა ისინი. ერთ დღესაც დაიმარტოხელა ევა და უფლის მიერ აკრძალული ხის ნაყოფი დააგემოვნეო, ურჩია. ქალის ძებნაში გართულმა ადამმა მაშინ მიაგნო მას, ევა გემრიელად რომ შეექცეოდა ვაშლს.
ეგ რა ჰქენი, როგორ გაბედე.უფლისგან აკრძალულ ხესთან მიახლოვებაც კიო, შეჰყვირა, მაგრამ გვიანი იყო.
–რატომ, რა მოხდა, განა მთელი ედემი ჩვენი არაა? “პირუტყვნი ველისანი, მფრინველნი ცისანი, თევზნი ზღვისანი” ჩვენდა მოსავლელად და საპატრონოდ არ შექმნა შემოქმედმა ჩვენმაც?რა დაგვიშავდება მეტის შეცნობით? -იუკადრისა ევამ შენიშვნა, შენც გასინჯე, მსგავსი გემრიელი არცერთ ხეს მოუსხამს ედემშიო- დაამატა გულუბრყვილოდ, გაუცინა კაცს და ვაშლი იქით შეთავაზა. შეყოვნდა ადამი, ერთი კი შეხედა ევას მომცინარე სახეზე გველივით გადასრიალებულ ღიმილს, მაგრამ მზერას ვერ გაუძლო და ცდუნდა.
ტკბილმა ნაყოფმა ბოლოში წაიმწარა და სხეულში რაც შეიგრძნო შემდეგ, იმან უფრო შეაწუხა კაცი. წუხილს გაოცებაც დაემატა – ქალის სხეულს ბრწყინვალება დაკარგვოდა. მზერა ახლა საკუთარ კიდურებზე გადაიტანა, ისევ ევას შეხედა და ჟრჟოლამ აიტანა, აღარც მის კანს ეტყობოდა უმანკოების საფარი. სიშიშვლის აღქმამ სირცხვილის გრძნობა გაუჩინა, გაუღვივა, დედაკაცში ქალი აღმოაჩენინა. იგივე გზით დედაკაციც მოვიდა გონზე და იქით შერცხვა მამაკაცის. ჯერ თვალი მოარიდეს, ზურგი მიუტრიალეს ერთმანეთს, მერე ერთდროული მოძრაობით იქვე მდგომ გადაწოლილ ლეღვს ფოთლები წარსტაცეს, ეკლებით შეაერთეს და სხეულის ნაწილები არდაგებით დაიფარეს.
“სამოსელი მეორე” სატარებლად უხერხული აღმოჩნდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, ურჩობისათვის უნდა ეზღოთ პირველ კაცსა და პირველ ქალს, შემდგომში რომ იძულებული გახდნენ ბუნებას შერწყმოდნენ, შეზიარებოდნენ, რამეთუ ტანის ნაზი შესამოსელის განახლებას სულიერ და უსულო ცოცხალ ბუნებაზე ზრუნვა სჭირდებოდა.

ადამიანების პირველ შეცოდებას იმდენად არ გაუმძაფრებია მამაღმერთის რისხვა, რამდენადაც მათგან “სულთა ლხენის” უარყოფამ და დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალებამ გამოიწვია: ქალმა გველისკენ გაიშვირა თითი, თავჩაქინდრულმა კაცმა მაცდუნებლად დედაკაცი დაასახელა. სამივე შერისხა უფალმა: მუცლითმხოხავი დასწყევლა, მტრობა ჩამოაგდო მასა და დედაკაცს შორის; დედაკაცს ქმრის მორჩილება დაუწესა და ტკივილიანი შვილოსნობა, ადამს ტანჯვითა და ოფლით მოპოვებული ლუკმის სიმწარე და კვლავ მიწადვე ქცევა, მერე სასჯელს სასჯელი დაუმატა – საკუთარი სუნთქვით შთაბერილ ადამიანების სიცოცხლეს ზღვარი დაადო და სამივე სავანიდან გააძევა.

* * *
დასახლდა შერისხული პირველი წყვილი- ქალი და კაცი ედემს გარეთ, არაფერი გამოუყოლებიათ ცრემლისა და “სამოსელი მეორის” გარდა და ტანჯულ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. შეუდგა იმ მიწის დამუშავებას ადამი, რომლისგანაც თვითონ იშვა . ოფლით მოპოვებულ ლუკმას ქალსაც უყოფდა და საერთოდ, არაფერს იშურებდა იმისთვის, თვალებში სევდაჩამდგარ ქალს ის ლამაზი ღიმილი დაბრუნებოდა, იქ, უფლის სავანეში რომ უხდებოდა და უფრო ალამაზებდა. აქ, ხრიოკ მიწაზე მყოფს ყველაფერი სანატრელი გაუხდა. მწარედ განიცდიდა ახალ ყოფას ევაც, დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა, შრომითდაღლილი ადამის დანახვაზე გული ეკუმშებოდა და სახეზე შეციცინებულ კაცს თვალს ვერ უსწორებდა.
გარეთ სამყოფელს, ცოტათი მაინც რომ დამსგავსებოდა სასუფევლის წალკოტს, დიდი შრომა სჭირდებოდა. მზე მთვარეს იქაც ცვლიდა, მაგრამ ახალ საცხოვრისში ჩანაფიქრის ხორცშესხმას ხან უტანელი სიცხე უშლიდა ხელს, ხანაც სუსხიანი ყინვა. აქ ღრუბელს ქარი ფანტავდა, ავდრის მერე დარიც დგებოდა, დროც მიდიოდა და თითქოს ბედსაც უნდა შეგუებოდნენ, მაგრამ ის სითბო და ბრწყინვალება ედემში რომ დატოვეს, აქ ვერსად ეგრძნოთ და ენახათ. არ დაცალდა კაცს დამბადებლისგან სრულფასოვანი ცოდნის მიღება, მაგრამ ადამიანურმა ალღომ ქალის სულში მაინც შეაღწევინა და ნებივრობაგადაჩვეული მეწყვილე, ბოლოსდაბოლოს, გაახარა კიდეც და გააღიმა, და გაიღიმა ქალმა მაშინ, კაცი პირველი ნანადირევით ხელში რომ წარუდგა წინ. მოწიწებითა და მადლიერების გრძნობით ჩამოართვა ძვირფასი საჩუქარი ნადირობანასწავლ კაცს, ტანზე სიამოვნებით მოირგო, მაგრამ ადამის მზერაში აზრი დაიჭირა, თავის დაკვრით დაეთანხმა, ფრთხილად გაიძრო, წკნელისგან მოწნულ კალათში რუდუნებით ჩაალაგა და ხის ტოტებითა და ჩალით შეკრულ პირველ ქოხში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა. იმ წუთიდან “ვეფხის ტყავი” და “გველის პერანგი” გრაალი გახდა კაცობრიობის დამწყებთათვის, ოჯახური რელიქვია, რომელიც უკვე დედის მკერდქვეშ, მფეთქავ პირველ პატარას უნდა გადაცემოდა, პირველმშობლების სიცოცხლისა და ოჯახის გაგრძელების ნიშნად, პირველი ადგილსამყოფელის ხსოვნის ნიშნად, შინ, უფლის სავანეში დაბრუნების ნიშნად, რისკენაც ილტვის ყოველი გონიერი არსება და ფასეულია ღირსეული ადამიანისთვის, ამ მზისა და ცის ქვეშ!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button