ისტორია

კახაბერ ჯაყელი “ნიალის ბრძოლა და ჯაყელთა მეორე დინასტიის შექმნა”

1191 წელს

(ჯაყელთა 1000 წელი –  გაგრძელება)

სამცხეში დავდგეთ და თბილისი მოვწყვიტოთ უფლის სამყაროს – თქვა  ვარდან დადიანმა და რუს უფლისწულს გადახედა, რომელსაც ისედაც არ ესმოდა ქართველთა გაცხარებული დავის და ამიტომაც არჩილისეული ვერცხლის თასით ალადასტურს სვამდა და ცისფერ თვალებს ხან ვარდან დადიანს მიაპყრობდა და ხანაც მის ვაჟს ივანეს, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებდა. სწორედ ივანესთან ერთად დაედევნა იგი შაქელებს და ააოხრა მათი ქვეყანა, მაშინ თამარიც პატიობდა მას თავის ვარიაგულ ავსულობას და დიდებულებიც დიდი მოწიწებით შეჰყურებდნენ თვალში, რუსს, ვარანგს, ჩრდილოეთიდან მოსულ უფლისწულს. „დადგა კი ჟამი გამარჯვებისა? კიდევ როდემდე უნდა ელოდოს იური ანდრიას-ძე ქართველთა ურთიერთ ბრძოლასა და ყაყანს? მეტი რა უნდათ? ოცი ათასი მხედრით თბილისის კი არა სპარსეთის აღებაც შეიძლება!“ – ფიქრობს გიორგი რუსი და კვლავაც ეძალება ალადასტურ წითელ სითხეს, რომელიც ზღვასავით იზიდავს, ხომალდებით ლაშქრობას მოყვარულ მთავარს!

***

 წარსულს იხსენებს. მამამისს, დიდ მთავარს ვლადიმერისას სამი ვაჟი ყავდა. უფროსი ძმა გამჭრიახი და ძლიერი მეომარი იყო. სკვითსა და ვარიაგს ჰგავდა. მისი სალაშქრო ხრმალი მართლაც მძიმე და გრძელი იყო, ხოლო ფარი, მონასტრის რკინით მოჭედილ კარიბჭეს წააგავდა. მაგრამ დაიღუპა ძმა. არავინ იცის როგორ. დაკრძალეს დიდი გლოვითა და ზარით. შემდეგ მისი შუათანა ძმის ჯერი დადგა. ისიც დიდი მეომარი იყო. სამხედრო ხომალდზე მუდამ წინ იდგა ლახვრით. ვიკინგებისა და სკვითების სული მასშიც იყო ერთურთს გარდაჭდობილი და იური ძმის გვერდით თავს დაცულად გრძობდა. მაგრამ ერთხელ, ვოლგისპირეთის ბულგართა მხედრობამ შეიტყუა შუათანა ძმა. მიჰყვა ბოლგარებს და ბოლოს დაჭაობებულ ტბებთან მოხვდა. ყვავები დასტრიალებდნენ თურმე იმ ადგილს. თვალები მოიჩრდილა  შუათანა ბოგოლუბსკიმ და ამ დროს ბოლღარებმა ისრით დასჭრეს იგი, მისი ცხენი კი მოკლეს. ერთი ყმა გადარჩა ამ ბრძოლას, მან უამბო შემდეგ შუათანას სიკვდილის ამბავი ბოგოლუბსკების საგვარეულოს.

„დიდხანს იბრძოდა, ბოლოს მოიქანცა და ამ დროს მოჰკლეს“ – დაასრულა ყმამ.

დიდი მთავარი ანდრია ამ ამბავს მტკიცედ უსმენდა. მერე კი გავიდა თავის პალატებში და ჩაიკეტა.

უჩინარი მკვლელი თან სდევნიდა მათ საგვარეულოს.

***

-სამცხეში ვდგებით! საჭურველს ვამზადებთ და თბილისს აქედან გავუყრით ხმალს – სკვითურად ესაუბრებოდა ივანე დადიანი გიორგი რუსს, ისიც  თავს აქნევდა და აგრძელებდა ალადასტურის სმას.

ბოცო და ვარდანი რუქას დასცქეროდნენ.

  • აქ დგას მხარგძელი , მტკვართან 22 ხიდია, 21 ჩავჭერით და დავტოვეთ მხოლოდ ერთი, დაბისაკენ მომავალი. იქ საკმაოდ ძლიერი რაზმი გვიდგას. დაეჭიდონ ერთი. სპარსეთში ნაომარი ბიჭებია სუყველა, ბეშქენ მარზაპანს გაუწვრთნია შუა ბრძოლაში ისინი – ამბობდა ბოცო ჯაყელი.
  • დაგვეჭიდონ, მაგრამ ხერხი სჯობს ბრძოლას, რას იტყვი სამცხელო რომ უკან დავიხიოთ და ხიდი ხელთ შევატოვოთ, შემდეგ შემოვარდებიან მაგ ცალფეხა ხიდზე და რამდენი გადმოვა ნეტავ? ჰო შემდეგ მივატევნოთ ჩვენი დათვის ხორცზე დაგეშილი ჯავახნი და ჩავკაფავთ ყველას მანდვე- ხმამაღლა ფიქრობდა ვარდანი.

ბოცომ ერთი-ორჯერ ეჭვით აჰხედა დადიანს, შემდეგ გადახედა გიორგი რუსს და კვლავ რუქას დაუბრუნდა.

***

წმინდა ბორისის ხმალი – მოაგონდა უეცრად იური ანდრიას ძეს. შეხედა თავის იბერიულ შვეტს, რომელსაც ბაგრატიონთა რკინისაგან ალითონებდნენ სარკინეთის მთის ხელოსნები და დაინანა თავი.

  • წმინდა ბორისის ხმალი მუდამ თან ახლდა თავის ყველა ბრძოლაში მამაჩემს, იმ ხმლით კამეჩს შუაზე სჩეხდა დიდი მთავარი ანდრია ბოგოლუბსკი. წმინდა ბორისის ხმალი მამას მაშინ მოჰპარეს, როდესაც მასთან მკვლელი აპირებდა შესვლას. დაუმარცხებელი სკვითი იყო მთავარი ვლადიმერისა. მის სახლს როდესაც მკვლელები მიუახლოდვნენ და მთავრის პალატებში შევიდნენ, ანდრიამ ხმალი მოისაკლისა და როდესაც ის ვეღარ აღმოაჩინა, მარქაფა მახვილით შეება იგი ვერაგ კუჩკოვიჩებს, რომლებმაც მამა ვერ მოკლეს. მან ისინი სამთავრო სასახლის სარკმლებიდან გადმოყარა და თავად მძმედ დაჭრილი ეზოში გამოვიდა, მაგრამ არავინ დახვდა, როდესაც დაცვას მოუხმო.
  • ეს სად მოხდა? – იკითხა ივანე დადიანმა და გიორგის შეხედა შეფიქრიანებულმა.
  • ეჰჰ ძმაო,  ეს მოხდა ვლადიმირში, ბოგოლუბელების სასახლეში.  მამაჩემი დიდი მთავარი ეზოში ეგდო სისხლისაგან დაცლილი, როდესაც მე ციხის ალაყაფში შევედი. დავიხარე მამიჩემის ცხედარზე და ცხარედ ავტირდი. მაგრამ შემდეგ ყველა მოღალატე დავსაჯე, ყველა ყვავების სათრევად მიმოვყარე და თავად ყივჩაღეთს გარდავიხვეწე.  ან კი ყივჩაღებთან რა მინდოდა მთავრის-შვილს და როდესაც ბედმა ხელი გამომიწოდა და ივერიაში მოვხვდი მაშინ გავიფიქრე -ღმერთმა არ მიმატოვა მეთქი.
  • წამოდი მეფეო, პალატებში განისვენე, წამოდი –  თქვა ივანე დადიანმა და რუსისათვის დანიშნული მესაწოლეეები გამოიძახა.
  • გეგუთში ვარ გამეფებული, დამემორჩილეთ – ხმის ბორძიკითა და ხველით თქვა გიორგი რუსმა და მესაწოლეებს პალატაში ბარბაცით აჰყვა.

„ხვალ დიდი ომი გვაქვს, ალადასტური მოაცილეთ აქაურობას, მეფე ფხიზელი გვჭირდება“ – ბრძანა  ბოცო ჯაყელმა და რუქას მიუტრიალდა.

***    

   დაღამდა, მხარგრძელთა ჯარი მტკვრის პირას მოგროვდა და დასტებად დაეწყო. დიდ ზაქარია მხარგრძელს, კავალერიის  მასების გამოყენება ჰქონდა დახელოვნებული, მაგრამ მასთან მისულმა ივანე ციხისჯვარელმა, ამირსპასალარს საკუთარი დაკვირვებით გამოწრთობილი რჩევა მისცა:

  • ცხენოსან-მშვილდოსანთა მბრუნავი ათასეულები გამოვიყენოთ და მტკვრის მეორე მხარეს ვერავინ დაგვიდგება.
  • ხაზარების წყობა? – იკითხა იმ დროის უნიჭიერესმა სარდალმა.
  • დიახ ბატონო ამირსპასალარო!  ციხისჯვრის ცხენოსანი ჯარი განსაკუთრებული, მრგვლოვანი წყობით დაიწყებს ტრიალს მტკვრის სანაპიროსთან. გამოწრთობილი ისრის ტყორცნაში, ჩემი ციხისჯვარელები, მოპირდაპირე ნაპირზე არცერთ კაცს არ დატოვებენ დაუჭრელს. მოუწევთ ბოცოს ჯავახებს უკან დახევა. არც ვარდანის ეგრისელები დარჩებიან ხიდზე. ისინიც მოშორდებიან ხიდს. აი მაშინ გვმართებს ხიდის ხელში ჩაგდება და ოძრხესაკენ წასვლა, შემდეგ მესხეთის ციხეების და განსაკუთრებით ჯაყის აღება.

ზაქარია მხარგრძელს მოსმენა უყვარდა. მხარგძელის გამომცდელი შავი თვალები დიდხანს ჩაჰყურებდნენ ივანე ციხისჯვარელს. ბოლოს ამირსპასალარმა გრძელ წვერზე ხელი ჩამოისვა და მთვარიან ღამეს აჰხედა.

„რას მიქადის ეს ბრძოლა?“ – ფიქრობდა ამ დროს ივანე ციხისჯვარელი.

***

 ივანე ციხისჯვარელი, მეთორმეტე მუხლით იყო დიდი მირიან ბაჰლაუნდის ჩამომავალი! იმ ბაჰლაუნდისა , რომელმაც ლატავრა ჩორჩანელი შეირთო და ჩორჩანელთა მთელი სამთავრო – სახელად სამცხე ჩაიბარა. სამცხე, ეს მარტო სიტყვა არ იყო. იგი გახლდათ სამ დიდებულ, წმინდა ციხეში გამოზრდილი რწმენა და მადლი, სიტყვა და ადათი, რჯული და თავდადება.  

ივანემ კარგად იცოდა, რომ იგი და მისი ოჯახი, მირიან ბაჰლაუნდის უფროსი შვილის – სულა კალმახელის პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. სისხლი არ ასვენებდა ივანეს. სისხლი ჩორჩანელთა პირველობისა მასაც პირველობას ავალებდა.

მდინარის მეორე მხარეს ბოცო ჯაყელი ეგულებოდა ციხისჯვარელს. ბოცო მას განაყოფად მიაჩნდა. ისიც მირიან ბაჰლაუდის მეთორმეტე შთამომავალი იყო, მაგრამ შუათანა ვაჟის – ბეშქენ ჯაყელის მხრიდან.

***

ბოცო სამცხის სპასალარი მდინარის პირას დადგა თავისი ათასეულით. სპასალარის ლურჯი ფერის კარავი ფერდობზე გაიშალა. ათასეული ისე დაეწყო, რომ მტრის მოსალოდნელი თავდასხმა სასროლი იარაღით ყოფილიყო ნაპასუხევი.

წინ დადგნენ ახალდაბელი და ქვიშხეთელი მეშურდულეები, მათ უკან განლაგდნენ ქვაბისხევისა და ლომსიას მშივლდოსანნი. მრავალ რიგად მოეწყო თავდაცვითი ნაგებობები და რამოდენიმე ლოდსარტყორცნიც გორაკის ასასვლელში ისე განლაგდა, რომ მოჯარული ფეხოსანი ჯარისათვის ლოდები და ცეცხლგამჩენი ჭურვები დაეშინა.

***

გამთენიისას გამოიყვანა ცხენოსანი მშვილდოსნები ივანე ციხისჯვარელმა. მათ მეთაურებს ზუსტი ამოცანა მისცა და ბრძოლის ყველაზე მთავარი მოთხოვნები დაუსახა.

  • ისრის მფრქვევი ქარბორბალა – იყო დავალება ციხისჯვარის ათასეულისათის.

ცხენოსნები ერთხმად მოევლნენ ცხენებს და მდინარისაკენ მწკრივულად დაიძრნენ.

მათ უკან მიჰყვნენ ზაქარია მხარგრძელის ლორე ტაშირის მკვიდრნი, რომლებიც ქვეითად იბრძოდნენ.  მათაც მშვილდები მოიმარჯვეს.

სპასალარმა ჯორების მწკრივი დაადევნა ჯარებს. თვითო ჯორზე ათასამდე ისარი იყო აკიდებული.

***

  იური ანდრეი ბოგოლიუბსკის -ძე რამოდენიმე კვირით ადრე მეფედ ეკურთხა ქუთაისში. ვარდან დადიანის ყმანი და იმათი ყმანი ყველანი იყვნენ შეკრებული იმ სამეფო გვირგვინის გარშემო, რომელიც უცხო თესლისაკენ მილივლივებდა ეგრისის, აფხაზეთის, იმერეთის, დიდ-აჭარის, სამცხისა და ტაო-კლარჯეთის დიდებულების თავზე.

  • ვაიმე, როგორი მაღალი და წარმტაცია – ისმოდა ქალბატონების მხრიდან, სამეფოდ გამზადებული რუსის სახალხოდ შესხმა.
  • ხოტბა უყვარს, ისაუბრეთ, ესმის ცოტა ქართული – განაგებდა ხალხის გნიასს ამბიონზე შემდგარი მოქარაგმე.
  • მართლაც დიდებული მეფე გვყავს ხალხო – გვეღირსა – გაიძახოდა მესტუმრეთა თავი და ხალხიც ჟრიამულს უმატებდა.
  • მხარგრძელებს და სხვა ავ სულებს ხომ მოვიშორებთ თავიდან – სისინით ამბობდნენ გეგუთის სასახლის კოლონებთან შეკრებილნი.
  •  გვეშველა ვითომ, რას ჩივა თბილისი? – კითხულობდა ვიღაც, დიდებული ასკანიდან.
  • აი მახვილი, მაგრამ გვირგვინი, გვირგვინი ხომაა ის, რომელიც მეფე გიორგის ეხურა?
  • ვერ გეტყვით, არ ვიცი.

საქმე იმაში იყო რომ, ქუთაისში, მეფედ კურთხევის დროს, კახაბრისძეები არ გამოცხადნენ, რითაც კინაღამ ჩაიშალა მთელი სამზადისი აბულ-ასანისა და მისი ვაჟის გუზან ტაოელისა, რომელთაც კახაბრისძეთა მოყვანა ჰქონდათ მინდობილი.

ვარდან დადიანი თავად მტრობაში იყო კახაბრისძეებთან. ამიტომაც მან ამირა-ქურდს, გუზან ტაოელს, თბილისელ კაცს, სთხოვა მეფედ კურთხევის მთავარი ფიგურის, კახაბრისძეს ტაძარში შემოყვანა.

უკვე საუკუნეები იყო, რაც საქართველოს მეფეს ხმალს კახაბრისძე არტყამდა.

***

მობრძანდებიან? – იკითხა გეგუთში დადიანმა.

პასუხი იყო რომ კახაბრისძენი მალე გეგუთს იქნებოდნენ, მაგრამ სასწაული იქნა და არცერთი კახაბრისძე გეგუთს არ გამოცხადდა.

  • მოძებნეთ – გასცა ბრძანება დადიანმა და მანდატურნი ქუთაისის გარშემო, ტყეებში მიავლინა კახაბრისძეთან მოსაძებნად, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ ხმელეთმა , ეს დიდებული გვარის შვილები, ვერავინ ვერაფერი შეიმეცნა.

***

მტკვრის სანაპიროზე ისრისმფრქვევი ქარბორბალა დატრიალდა. ასე ერქვა ცხენოსანთა იმ წყობას, რომელსაც ჰუნები იყენებდნენ თავდაპირველად.  ამ ქარბორბალას შემდეგ „კარაკოლეს“ დაარქმევენ ლათინები და ამ წყობის გამოყენებას ჩაუთვლიან გამარჯვების მომტანად მონღოლებსა და თურქმენებს.

ციხისჯვარელთა წმინდა ქართულით სახელწოდებული ისრისმფრქვევი ქარბორბალა მეტად მოქნილი და სწრაფი იყო. ცხენოსნები ისარშემართული მშვილდით იდგნენ მწკრივში და თავის ჯერს ელოდნენ. შემდეგ ყველანი ერთად გაჭენდებოდნენ და ოვალურ წრეს ასრულებდნენ მტრის მიმართულებით.

წრეზე ან ოვალზე მოძრავი ცხენოსანი, როდესაც მტერს ყველაზე ახლოს მიუახლოვდებოდა ის აუცილებლად მტრისაკენ ისარს გატყორცნიდა და კვლავ წრეზე გაჭენდებოდა მომავალი ისრის გასატყორცნად.

ქარბორბალა თანდათან სიჩქარეს უმატებდა და ისრების გაზრდილი ოდენობა მტრისაკენ იტყორცნებოდა. ერთმანეთის გვერდით რამოდენიმე ისრისმფრქვევი ქარბორბალა ტრიალებდა, რაც შეუძლებელს ხდიდა მოწინააღმდეგისათვის, ამ ისრის წვიმის ქვეშ დგომას. განსაკუთრებული წარმატებით ქარბორბალა გამოირჩეოდა მდინარეებისა და ბუნებრივი ზღუდეების გადალახვისას.

*** 

ბოცო ჯაყელის ჯავახებმა ისრების ქვეშ დგომა არჩიეს გაქცევას და ისინი რამოდენიმე წუთში განადგურდნენ. ეგრისელები და აფხაზთა რაზმები გაკვირვებული ათვალიერებდნენ ციხისჯვარელთა  „ისრისმფრქვევ ქარბორბალას“. ასეთი ბრძოლის ტაქტიკა, ბევრს არასოდეს ენახა. ციხისჯვარელების ისრებს ვერავინ დაუდგა წინ. ტყავგადაკრული ფარები დაიხვრიტა, ჯაჭვის პერანგები დაიხა და მრავალი მეომარი, რომელიც დაიჭრა, შემდგომ უკვე სისხლისაგან დაიცალა.

ხიდის დაკავებას ბოცოს სამცხელნი ვეღარ ახერხებდნენ. თავად ხიდზე ვინც იდგა ყველა უკვე თაღებქვეშ უსიცოცხლოდ იწვა. ქარბორბალა გაიჭიმა და ციხისკენ გამოემართა.  შესაბამისად მოტრიალე ცხენოსნების რაზმები ხიდს მოუახლოვდნენ და ზაქარია მხარგრძელის ბრძანებით უკვე ლორე-ტაშირის მძიმე ფეხოსნები შემოიჭრნენ მტკვარზე გადაჭიმულ ხიდზე და ყოველი დაჭრილი სამცხელი სატევარის დაკვრით განგმირეს.

ვარდან დადიანმა ბოცო ჯაყელს გადაულაპარაკა და შემდეგ ჯარის წინ დადგა.

  • ველი გავანთავისუფლოთ, დაე მოვიდნენ ! ყველას აქ ამ ნიალის ველზე დავმარხავთ – შესძახა ვარდანმა და ხმალი აიქნია. ეგრისელების , ჯავახების, აფხაზებისა და მესხების რაზმებმა მწყობრად ისე დაიწყეს უკან დახევა, თითქოსდა არ წაეგოთ ბრძოლა ხიდისათვის.
  • ველი გავანთავისუფლოთ და შემდეგ კაცურად ვიომოთ – შესძახეს ათმეთაურებმა და თავიანთ რაზმებს სივრცის გათავისუფლებისაკენ მოუწოდეს.

ჯარმა უკან დაიხია და ნიალის ველი მისცა თავის მოწინააღმდეგეს. კავალერია გორაკზე ავიდა. ბოცო ჯაყელმა სარდლობა ვარდან დადიანს მიანდო და თავად მარჯვენა ფლანგი ჩაიბარა.

***

ზაქარია მხარგრძელმა და მისმა ლორე-ტაშირელმა სპასპეტებმა, ნაყივჩაღარი აფრიდონის-ძე, შალვა დაღამებისას გააგზავნეს სოფელ აგარის მკვიდრთან –  რამაზთან.

შალვამ სათქმელი ზეპირად დაისწავლა და მდინარის ზემოწელს აუყვა. ლანდივით მიდოდა, ბუჩქნარს მიჰყვებოდა და ბოლოს მტკვარს მიადგა.

გათენებას არაფერი უდგა წინ. მან გაიხადა პაჭიჭები,  შევიდა წყალში. სიპ ქვაზე დადგა და ფონის მოძებნა იწყო. ახსოვდა ყოველი კენჭიც კი. უბრალოდ ბნელოდა და ცაც მძიმედ აწვა დედამიწას.

ჭოტმა იყივლა თუ მოეჩვენა. ეხლა კვლავ განმეორდა ჭოტის დამბლადამცემელი ნამტირალევი ხმა. თენდებოდა თეთრად. სუსხიანი იყო მარტის თვე.

  • ვინ ხარ? – იკითხა მოხუცმა კაცმა
  • აფრიდონის-ძე.
  • ვაჰ, მეც აფრიდონის-ძე ვარ. ძმა ხარ ჩემი – თქვა მოხუცმა.
  • კეთილ ფეხზე მომიყვანა მამიჩვენის სულმა – გაიცინა შალვამ და უნახავ ძმას გადაეხვია.
  • დიდმა მხარგრძელმა გამოგგზავნა, წამო, სახლში შევიდეთ – ჭარმაგი მოხუცი მესხურ ოდაში შეუძღვა უთენიაზე მოსულ სტუმარს, საყივლელად მომზადებულ მამალს, ხელი მუქარით მოუქნია და კარი მოიხურა. იქვე მისმა ქალიშვილმა თავი დაუკრა სტუმარს და ოსპის შეჭამადის მოხარშვა გააგრძელა. შუაცეცხლი ბჟუტავდა. ეზოში შეშის ნატამალი არ მოჩანდა. ღორების გამხმარი განავლით თბებოდნენ აქაურები.
  • სიღატაკეა აქ შალვა ძმაო, რაც ჯარობიდან წამოვედი, ამ სოფელში ვიყიდე სახლი, აქაურ ერისთავს ვემსახურე ურთიერთ შუღლში, რამოდენიმეჯერ გამოვადექი სამცხის პატრონს და ჩემთვის მივენდე ბედს. მაგრამ სიკვდილმა როგორც ჩანს დაიგვიანა. ჰოდა შემაწუხა სიღატაკემ. ერთი ქალიშვილი მყავს, მეუღლე გარდამეცვალა და ვცხოვრობ ასე უაზროდ, მაგრამ ტახტის ერთგული ვარ და ჩემთვის მეფე ისაა ვისაც მამაჩემმა უერთგულა. ჩემთვის მეფე თამარია და არა ვიღაც გადამთიელი, ვისი არც გვარი ვიცი და არც სახელი. ამიტომაც მე თქვენი ვარ , გამომიყენეთ. გინდა მკლავი ჩემი და გინდა ჭკუა ჩემი მანამ მოიხმარეთ, სანამ საფლავში ჩამდებენ და იქ მუქთად შემჭამენ, მატლები და ჭუა-ღუები. ვის გაახსენდები სად გიომია ათი წლის შემდეგ? არავის, ვინ იტყვის რამაზმა ხლათის ციხეები ერთ ღამეში ჩააგდებინა ხელთ ქართულ ჯარსო!? ეჰ ვაგლახ, რომ არავინ ჩემო უნახავო ძმაო შალვა ! არავინ. მხოლოდ ჩემი მეფის, გიორგის ღვიძლი სისხლი და ხორცი – თამარი შემაქებს, თუნდაც დამლოცავს, აი ეს იქნება ჩემი სულისა და ხორცის გადარჩენა! ეგრე არ არის?
  • ეგრეა, ჩვენი მამაც დიდი აფრიდონი, ეხლა აქ რომ იყოს, თამარის ტახტს კბილებით დაიცავდა ძმაო – თქვა შალვამ და შუაცეცლხის წინ ჩამოჯდა.
  • კაცი იყო აფრიდონი, მე მახსოვს მამაჩვენი, ხმელი, მაღალი, მუდამ მხნე, ცხენზე შეზრდილი, მეფეთა ერთგული, კანონის მცველი, გულუბრყვილო, როგორც ყველა ყივჩაღი!  – ცრემლი ჩამოუგორდა რამაზს მამის მოგონებისას.
  • დიდმა მხარგრძელმა დამაბარა …-საქმეზე გადავიდა შალვა.
  • მიდი აბა საქმე მითხარი, რა ვქნა?
  • რამე უნდა ვიღონოთ? რა შეგივიძლია? ზურგიდან უნდა დავესხათ ბოცო სამცხელისა და ვარდან დადიანის აჯანყებულებს.
  • ეხლა ჩემი მტერი დაესხა მაგათ, ძალიან მყარად დგანან ნიალის ველზე, მაგრამ ერთი აზრი მაქვს.
  • რა აზრი?
  • ეხლავე მთაზე უნდა ავიდეთ, იქ გიორგი მეფის დატოვებული ბანაკი გველოდება.
  • მერე ეგ რად გვინდა?
  • არავინ იცის, რომ ეს ბანაკი მეფემ თავის დროზე საგორავებით გაამაგრა. სამივე მხარეს, ტყიდან ველისაკენ მომართული სამოცი საგორავია, ხიმინჯებით შეკავებული. წამოგიდგენია ჩემო ძმაო, რა ძალით შეგვიძ₾ია ამ საგორავების ამოქმედება?
  • კი თქვეს შენზე, ბევრი საიდუმლოების მცოდნეაო, ეს რა გცოდნია? – ჩაიცინა შალვამ.
  • მეფე გიორგი მესამეს ყველა სამხედრო ბანაკი ჩემი მოწყობილია, კიდევ ბევრი ვიცი მაგრამ საფლავში წავიღებ, იდიდოს თამარ მეფემ – ბრძანა მოხუცმა რამაზმა, ოსპის ცხელი შეჭამადი მიართვა სტუმარს და სწრაფად ჭამეო დაუმატა. სტუმრმა ცოტა მოიკრიბა ძალა და რამოდენიმე წამში, დაცარიელებული ჯამი იქვე დადგა, შიგ სპილენძის ფული ჩააგდო, რაზეც რამაზი განრისხდა და სპილენძის ფული უკან დაუბრუნა მხარგრძელის მოყმეს.
  • წავედით სწრაფად, შვილო აბა შენ იცი – თქვა უცებ რამაზმა და თავის ქალიშვილს შუბლზე აკოცა. გოგო მამის წინაშე შედგა, ცრემლი წამოუვიდა და სტუმარს გახედა.
  • ეს ბიძაა შენი შალვა აფრიდონის-ძე, ხომ გახსოვს გიყვებოდი, შენი პაპის, დიდი აფრიდონის შესახებ? ხომ გახსოვს შვილო – მოხუცი ქალიშვილს გადაეხვია.

გოგონამ, საწყალობლად დაიკვნესა და მამას გულზე დააკვდა.

  • დაბადებიდან მუნჯია, მხოლოდ ასე გვესაუბრება, მუდამ კვნესის, ყველაფერს ხვდება, ყველაფერს გრძნობს, მაგრამ ვერაფერს ამბობს, მოგვკლა მე და ჩემი ცხონებული მართა ამ გოგოს ცოდვამ.

შალვაც გადაეხვია ახლად გაცნობილ ძმისშვილს. გოგო ტიროდა. მის გამხდარ მხრებს თრთოლვა და შიში მოსდებოდა. „ამ ბავშვს რა ეშველება ნეტავ? ვინ მიხედავს ობოლს?“- გაიფიქრა უმალ შალვა აფრიდონისძემ, რომელიც ხვდებოდა რომ სასიკვდილო დავალებაზე გამოსწირეს ის და მისი ძმა დიდმა მხარგრძელებმა.

  • წავედით შალვა! შენ კი გოგო კარი დაკეტე და არავის გაუღო, საჭმელი იცი სადაცაა, ბუხრის სიღრმეში ცოტა არაბული და სპარსული პერპერები მაქვს გადანახული, ქვის ქვეშ, მიხედე ოჯახს – გაიცინა რამაზმა და თვალები გაუბრწყინდა.
  • ბოლოჟამს როდის იყავი იქ? – თქვა შალვამ და სწრაფი ნაბიჯით მიმავალ რამაზს მიჰყვა.
  • ხშირად ავდივარ! ხიმინჯებს ერთი გამოკვრა უნდა უროთი და საგორავები იმ სიმაღლიდან ველზე დაეშვებიან, მაგრამ უნდა დაველოდოთ, როცა ვარდან ბრიყვი და ბოცო მოჭიდავე ჯარებს ველზე გამოჰყრიან! მაშინ დავკრათ, როცა აჯანყებულები სპას დააწყობენ. გიორგი რუსი არა უბედურება, ჰმ, ცხოვრებას გაუმწარებ თამარის მტრებს, გიორგი მეფის მადლი შემეწევა – ჩურჩულებდა რამაზი.

***       

უეცრად შეჰყარა ფეხოსანი და ცხენოსანი ჯარები ნიალის ველზე დიდმა ზაქარია მხარგრძელმა. თავად მომწვანო ფერის მუზარადი დაირქვა, ხუჭუჭთმიან თავზე, თვალებში გამარჯვების ჟინი აელვა და საბრძოლო განწყობით წინ წარუძღვა თბილისის, ლორესა და ტაშირის ათასეულებს, ნიალის ველის შუაგულში, სამცხისა და ეგრისის ლაშქართან საბრძოლველად.

ბოცო სამცხელი მხარგრძელს დინჯად ელოდა. კუნთები მზად იყვნენ ბრძოლისათვის. ჭკუა თბილისზე ფიქრობდა, იმ თბილისზე სადაც უმწეოდ დარჩენილი თამარი, დაცვის ამარა, სამეფო პალატებში იყო ჩაკეტილი. გამოკეტილი თამარის პალატებიდან გამოყვანა მხოლოდ ბოცოს შეეძლო. იური ბოგოლუბსკი? ეგ კაცი დიდხანს ტახტზე ვერც გაძლებდა, გიორგი რუსს ან ვარდანი გადაჰკიდებდა რაიმე ხათაბალას, ან თავადაც იური შეჰყოფდა თავს ფოცხვერის ხახაში. სხვა გამოსავალი უმწეო რუსს არც კი ქონდა და შესაბამისად მასზე დიდხანს ბოცო ვერც დაფიქრდებოდა. სხვა იყო მიზანზე ლოცვა. „თბილისი და თამარი“- უელვებდა ჭკუის არტახებში ბოცო სამცხელს და გულში ეცინებოდა კიდევაც დიდი ზაქარია მხარგრძელის უაზრო შემოტევაზე.

  • თავს იღუპავენ! დაე დავმარხოთ აქვე, ნიალის ველზე! –  წამოიძახა, ბოცოს უკან მდგარმა გუზან ტაოელმა და მისი ხმლის გაღრჭიალებაზე ბოცოს რატომღაც გააჟრჟოლა.
  • „შვეტს რომ ასეთი ხმა აქვს, მის პატრონთან არც უნდა დადგე ბრძოლის ველზე“- გაიფიქრა სამცხის სპასალარმა და აბიათარ კოპასძეს უბრძანა შეტევის დაწყება.

ბატონი აბიათარი, რჩეულიანთა თავში იდგა და მხარგრძელთა უჩვეულოდ გაწელილი ფეხოსანი ჯარის სუსტ წერტილებზე ფიქრობდა. 

მაგრამ უეცრად მდგომარეობა სასტიკი და უჩვეულო გახდა და უშიშმა აბიათარ კოპასძემ მოიხედა!

***

  • აქაა აფრიდონისძევ საგორავების შემაკავებელი ყორე, აქ დავდგით მეფე გიორგი ბაგრატიონის სამეფო დროშა, მაშინ ოცდაათის ვიყავი! მეფემ აი იმ მუხასთან დაიდგა კარავი და მე მიბრძანა ბანაკის გამაგრება, მე კი ლოდები მოვაზიდვინე და ყორეს უკან ისე დავახვავე რომ ერთი გამოჰკვრა უნდა, მხოლოდ ერთი, და ნახე რა მოხდება! – ცმუკავდა მოხუცი რამაზი და შალვას წინ გარბოდა.
  • აი აქ, აი აქ, უნდა გავთხაროთ და დიდი ურო აღმოვაჩინოთ – ყვიროდა რამაზი და მიწის ტერასის თავში მიფორთხავდა. შალვამ უმალ დაიჩოქა და მიწის თხრა დაიწყო. ცოტაც და უროს ხის ტარი ამოაჩინეს, შემდეგ მისი ბოლო გაათავისუფლეს მიწისაგან. უროს ქვის ბუნიკი მომრგვალო აღმოჩნდა. მასზე ქართული ასო „რ“, იყო ამოკვეთილი!
  • „რამაზი…?“ – ვარაუდით იკითხა შალვამ და მოხუცს მხარზე ხელი დაადო.
  • არა, მე ვინ ვარ? არავინ, აქ წერია „რევი“, მეფე რევი, ჩემი საყვარელი გმირი, ლეგენდები გამიგია მასზე და ამიტომაც ეს ასო ამოვკვეთე ჩემს უროზე.
  • როდის დავკრათ? ყორე როდის მოვანგრიოთ? – იკითხა შალვამ.
  • მოიცა ჯერ გავანთავისუფლოდ უნდა მთელი ეს ალაგი ბუჩქებისა და დაბრკოლებებისაგან, რადგანაც თავიდან საგორავმა თუ სიჩქარე არ აკრიფა, მაშინ ის სასიკვდილო საფრთხედ არ მოევლინება ველზე გაწყობილ ლაშქარს. ამიტომაც , უროს ქვეშ კიდევ სხვა იარაღებია,  ამოიტანე ისინი მიწიდან, უეცრად დავერიოთ ყორეს, გავათავისუფლოთ ის ყოველგვარი საბრკოლველისაგან და შემდეგ დაველოდოთ ლაშქარის მოწყობას იქ დაბლა!
  • არ შეგვამჩნიონ! – თქვა შალვამ და უროს ქვეშ, აღმოჩენილ იარაღებს ეძგერა.
  • სწრაფად გათენდება აწი! უნდა ვიჩქაროთ! ომი დაიწყება მალე! ვგრძნობ! თქვა რამაზმა

***

ამ დროს ცამ დაიგრგვინა. გამთენიისას წვიმა იშვიათად ენახა შალვას და მან ეს გრგვინვა ზეციურ ნიშნად მიიჩნია. ნაყივჩაღარმა დაიჩოქა და ზეცას აჰხედა, რამოდენიმე სიტყვა წაიბუტბუტა და შემდეგ ისევ ყორეს მიაშურა. ორივენი  დატრიალდნენ.     

***

  • დიდი მადლობა ჩემო გმირო ერისთავო, შენი ისრისმფრქვეველი ქარბორბალის გარეშე, სამეფო ლაშქარი ხიდზე ვერ შესდგამდა ფეხს – თქვა სამართლიანმა  და მხედართა მწყალობელმა ზაქარია მხარგრძელმა.
  • მზად ვართ მოვკვდეთ მეფეთ-მეფე თამარისათვის ჩემო დიდო ამირსპასალარო –  ივანე ციხისჯვარელმა  ზაქარიას თავი დაუკრა.
  • ეხლა ლაშქარი შევა ველზე და იქ ყველაზე ცხარე ომი გველის ბოცოს სამცხელებთან და მძიმე ჯავახ მონასპებთან, მაგრამ არის სხვადახვა აზრი. ლორე ტაშირელები თავს დასდებენ, ჰოდა ტყუილად რომ არ გავაფუჭოთ ფეხოსნები, რაიმე ხრიკი გვჭირდება ციხისჯვარელო – მხარგრძელი ველს გაჰყურებდა.
  • მძიმე ბრძოლა გველის, ფეხოსნებთან, კავალერიის ქმედება შეზღუდულია, მაგრამ თავს გავწირავთ! გვიბრძანეთ – ბრძანებას ელოდა  ციხისჯვარელი.
  • არა ჩემო დიდო ივანევ! მეტს ვეღარ გაგწირავთ! ერთი ხრიკი მაქვს ჩაფიქრებული და თუ ის განვახორციელეთ, მაშინ ნახეთ სეირი! მანამდე დაველოდოთ. მოწყალეა დიდი ღმერთი!

მზემ რომ ამოწვერვა იწყო, ამ დროს ცაზე დაიქუხა! სარდლებმა ცას ახედეს. ივანე მიხვდა რომ ნაწვიმარზე კავალერია უმწეო იქნებოდა ნიალის ველზე და დაღონდა.

  • ძალიან კარგი, რომ წვიმა გაუგრილებს ტვინებს ბოცოსა და ვარდანს – გაიცინა მხარგძელმა და მის გვერდით მდგომ უმცროს ძმას რაღაც სომხურად გადაულაპარაკა! შემდეგ ივანემაც გაიღიმა და ლორელთა მებუკეს  ბერდიას უბრძანა  შეტევის გაუქმების – დაუკარიო!
  • „შეტევის შეჩერებას უკრავენ? ნეტა რა ხდება?“ – გაიფიქრა ივანე ციხისჯვარელმა, მაგრამ ამ დროს დიდი ზაქარია მხარგძელი, ამირსპასალარის საველე ტახტიდან წამოდგა და ამხედრება ბრძანა.         

***

  • ლორე ტაშირელებმა შემოტევა შეაჩერეს, რაიყო წვიმის ხომ არ შეეშინდათ? – იკითხა გუზანმა, რომელიც წყობათა უკან, ჯირკზე ჩამომჯდარიყო და მსახურების მირთმეულ  კლარჯულ წითელ ღვინოს „უჩას“ სვამდა. იგი თბილისისაკენ სწრაფ გალაშქრებაზე ოცნებობდა. „ეჰჰ ნეტავ როდის შევალ მამიჩემის სასახლეში, რომელიც ბაგრატიონთა პალატებზე უფრო დიდი, მზიანი და მშვენიერია? როდის დავეშვები მეიდანზე, ვითამაშებ ბერიკებთან, ვიცეკვებ რინდებთან, გავერთობი ინდოელებთან, ვილოცებ სუფიებთან, ვიბაასებ ჰავლაბრელ ქორდებთან და ვინადირებ ეპისკოპოსთან ერთად?“-ფიქრობდა გუზანი და მოწყენით ათვალიერებდა წვიმისაგან გალუმპულ მსახურებს, რომლებიც მისთვის წამოღებულ სახელდახელო, სალაშქრო კარავს შლიდნენ, საბძროლველად შემართული ლაშქრის ზურგს უკან.
  • არ განვარისხოთ ბოცო ბატონი ამ კარვის გაშლით! – ამოღერღა გუზანის საჭურველთმტვირთველმა და პატრონის წინ ჩამოჯდა.
  • მიდით სწრაფად გაშალეთ ჩემი ქაშმირის კარავი! – ბრძანა გუზანმა და უჩვეულო ხმაზე, რომელიც მის ყურს მისწვდა ძალაუნებურად მოიხედა მანაც.   მიწა იძვროდა თითქოს, მოჰგლეჯდა ბუჩქებს რაღაც უცხო ძალა, რომელიც მათ უახლოვდებოდათ. „ქვები დაიძრნენ?“- შეჰყვირა გუზანის არწივების მწვრთნელმა, როდესაც მხარზე შემჯდარმა მართვემ ტყავის ჩაჩი გაწყვიტა და გასაფრენად ფრთები გაშალა.
  • ჰაიიიიიიიიიი, ჰაიიიიიიიი-კიოდა ვიღაც.

***

მთიდან დაგორებული ლოდი პირდაპირ მისკენ მოგორავდა, ხმაც უჩვეულო ჰქონდა! მოეჩვენა ნეტა? ამ ლოდის უკან სხვა მრავალი ლოდი დაიძრა. ერთი ლოდი განსაკუთრებული სისწრაფითა და მძვინვარებით მობელავდა არემარეს, მიწა სველი იყო, ლოდი სიამოვნებით მოსრიალებდა მისკენ და მთელი ლაშქრისაკენ!

გუზანი გაოგნებული იდგა! პირი საყვირლად დაღებული ჰქონდა, მაგრამ მის გონებას ვერ მოეძებნა ის ბგერა რაც მის ხორხს ამგვარ დრო უნდა აღმოეშვა!     

***

  • რამაზ შეგვამჩნიეს, ძმაო, აქეთ მორბიან ვარდანის სამხედრონი, უნდა სწრაფად გავეცალოთ ამ ალაგს, მათი ხმლის ლუკმა რომ არ გავხდეთ – ყვიროდა შალვა აფრიდონისძე და მოსალოდნელი უბედურების მოლოდინში, ხან დიდი უროთი შეიარაღებულ რამაზს გაჰხედავდა და ხანაც ბორცვისაკენ მორბენალ შეჯავშნულ სხეულებს, რომლებიც რაღაცას გაჰყვიროდნენ და მათკენ მოიწევდნენ.
  • მე რომ აქედან წავიდე ამ ყორეს ვინ მოანგრევს? – იცინოდა რამაზი და უროს ერთ დიდ პალოს უმიზნებდა, რომელიც როგორც ჩანს მთელი კონსტრუქციის მთავარი ბერკეტი იყო.
  • ვერ მიგატოვებ! – შეჰყურებდა შალვა რამაზს.
  • ვიცოდი ძმაო რომ ვერ მიმატოვებდი, დღეს გაგიცანი მაგრამ ერთად მოვკვდებით! ნახე რა პანაშვიდი გადაგვიხადოს მეფეთა-მეფემ თამარმა, სიონში გადაგვიხდიან პანაშვიდს და მართლმადიდებელთა სამოთხეში მოვხვდებით მე და შენ, ნაყივჩაღარი აფრიდონის ვაჟები.
  • ეგრეა მოხუცო, დაჰკარ მაშ ურო მაგ პალოს – ცრემლი მოაწვა შალვას.
  • ჯერ ადრეა, ჯერ მოიცა, წამები დარჩა როგორც საუკუნეები – ამბობდა რამაზი.

ამ დროს ისრებმაც გაიშხუილა. როგორც ჩანს ვარდან დადიანის აფხაზებმა მშვილდს მიმართეს.  

  • აფხაზები დიდი მეფე გიორგის დროსაც სამიზნეს ზუსტად ურტყამდნენ! – შეჰყვირა მოხუცმა რამაზმა, რომელსაც ერთი ისარი სტომაქში გაერჭო, ხოლო მეორე ისარმა მკერდი შეუნგრია.
  • მომკლ……- თქვა რამაზმა და იქვე ყორესთან ჩაიმუხლა.

შალვამ მიმოიხედა, გაქცევის დრო კიდევ იყო, მაგრამ, მისი წინ ჩამუხლული მისივე ძმა, გაყინული თვალებით მას მისჩერებოდა. შალვა გაიქცეოდა, მაგრამ მეფის ერთგული ყივჩაღის აფრიდონის შთამომავალი გახლდათ და მეფის ერთგულებას ჰრჩეობდა.

  • ურრო გამომართვი და დაჰკარი ! – ამოიდგა ენა უეცრად რამაზმა, რომელიც შალვას უკვე გაცხედარებული ეგონა.
  • ეხლავე ძმაო! – დიდი ძალა იგრძნო შალვამ, როცა ძმის გაყინული ხელებიდან დიდი ურო გამოგლიჯა და რამაზის წინ დარჭობილ ძველ ქვის პალოს დაუმიზნა.
  • დრო არ გვაქვს, დაჰკარი! – ამოიხრიალა რამაზმა და პირზე სისხლის დუჟი მოადგა.
  •  უნდა ამ ადგილიდან გადაგათრიო და შემდეგ! – თქვა შეშინებულმა შალვამ, რომელმაც ლოდების შესაძლოა დაშვების ბილიკი წარმოიდგინა და მიხვდა რომ რამაზი მათი პრიველი მსხვერპლი უნდა გამხდარიყო.
  • რა დროს ეგ არის! ჩემი უმცროსი ძმა ხარ და უნდა…..დამიჯერო! დაჰკარი და წააქციე პალო – სამოთხე გველის! ჩურჩულებდა რამაზი.

ისრებმა კიდევ გაიშხუილეს შალვას სიახლოვეს. „წამიც და ცხედარი ვიქნები“ გაუელვა ნაყივჩაღარს გონებაში და ურო მთელი ძალით დასცხო პალოს!

***

აბიათარ კოპასძემ რომ მოიხედა, და გორაკიდან დაშვებული, საშინელი სიჩქარით, ხტომა-ხტომით, მოგორავე ლოდები დაინახა,  ვარდანის ეგრისელთა ლაშქარი უკვე ძრწოლითა და ყვირილით აქეთ იქით გარბოდა.  მესხებმა ძრწუნვით შეაფასეს მდგომარეობა და ის წამები ხელიდან გაუშვეს, რომელიც მათ გადარჩენის იმედს აძლევდა.

ბოცო სამცხის სპასალარი გაკვირვებით ადევნებდა თვალყურს იმ საოცარ სანახაობას თუ როგორ ჩამოინგრა გორაკის თხემი და როგორ ამოძრავდნენ, საუკუნეთა მიჯნაზე გაჩერებული უდიდესი ქვები, მათ თავზე.

ლოდებმა გადათელეს და გასრისეს სამცხელთა ლაშქრის ზურგი. ცხენები, აქლემები, ჯორები, მზარეულნი, მიწისმთხრელნი, ნგრევა, ლეწვით განადგურებული იქნენ. სამცხელთა შორის ზოგიერთმა თავს უშველეს. აბიათარმა, მოწინავე ლოდის ქვეშ ფარების შეგდებით შეეცადა მათი შეჩერება, მაგრამ ამაოდ. სიკვდილს რომ გადარჩენოდნენ ისიც და მისი რაზმელები მდინარისაკენ გაიქცნენ, სადაც მათ ლორე-ტაშირის რაზმელები ელოდნენ.

***      

  • აირივ-დარივნენ, ეხლა კი დროა ნიალის ველზე შევცვინდეთ და მისი გული ხელთ ჩავიგდოთ! აბა ჩემო ივანევ გაქუსლეთ!  ცოტაც და მტერი განადგურებულია! – ბრძანა , გორაკიდან დაშვებული ლოდების წინაშე დაქსაქსული სამცხელების შემყურე ზაქარია მხარგრძელმა და საერთო შეტევის ბრძანება გასცა!

ეპილოგი

ნიალის ველზე ბოცო ჯაყელისა და ვარდან დადიანის ლაშქარი განადგურდა. თავად ბოცო, საკუთარ ნათესავს, ივანე ყვარყვარე ციხისჯვარელს ჩაუვარდა ხელთ იური ანდრიას ძესთან ერთად. ვარდან დადიანი და მისი ძე ივანე, მხარგრძელის კაცებმა შეიპყრეს მდინარის გადალახვის დროს.

თამარ მეფემ გულუხვად დააჯილდოვა თავისი მომხრენი. იმ დიდ ძღვენს შორის, რომელიც მეფეთ-მეფემ ივანე ციხისჯვარელს გადასცა იყო თავად ახალ ჩორჩანელთა საგვარეულოს დედაციხე – ჯაყი.

ზეიმით შევიდა ჯაყის ციხეში ივანე ციხისჯვარელი. დაათვალიერა ციხის ყველა სიმაგრე და ჯაყისმანის მონასტერს ეწვია. ბერებმა მკერდი დაუკოცნეს მათ ახალ პატრონს, მოაგონეს მას მამათა ღვაწლი და დამსახურება  წინაშე მეფეთა.

-ასე ვფიქრობთ შენთან ერთად შენი დიდი წინაპრები სულა, მირიანი და იოანე დაბრუნდნენ ჯაყის ციხეში მთავარო – უთხრა ივანეს მამა იაკობმა.

***

ივანეს ჯაყში შესვლამდე ბოცო ჯაყელის მთელი სახლეული აიყარა და ალის ხეობაში გადავიდა. ამიერიდან მათ ისტორია ჯაყელად აღარ იხსენიებს. ისინი ბოცოსძენი არიან. ამ საგვარეულოს დიდი წარმომადგენლები ბოცო და მემნა ბოცოსძენი თბილისს თითქმის მარტო იცავდნენ საკუთარი რაზმით ჯალალედინის დამანგრეველი შემოსევისაგან.

ბოცოსძენი უძველესი ჯაყელები არიან. მათ ადგილს ციხისჯვარელები იკავებენ. ბოცოსძეთა ბოლო წარმომადგენლები ალის ხეობის წმინდა გიორგის ეკლესიაში განისვენებენ. იქვე ბოცოს წყალიც ჩამოუდის ალის ხეობაში გადასახლებულთა მამულებს. ისტორია შეშინებული იხსენებს „დიდსა ბოცოსა“ და სდუმს მის მომდევნო ბედზე. მაგრამ არის მოსაზრება, ბოცო ჯაყელი ბერად შემდგარი ბასილი ეზოსმოძღვარი გახლავთო.    

***

  • ერისთავთ ერისთავო ივანევ, აწ უკვე ჯაყელ-ციხისჯვარელო, შენმა საგვარეულომ მრავალჯერ უერთგულა ბაგრატიონთა სამეფო სახლს და ქვეყანას. ჩვენ ბაგრატიონებს კარგად გვახსოვს, რომ შენმა დიდებულმა პაპამ- სულა კალმახის ერისთავმა შეიპყრო განდგომილი ერისთავი ლიპარიტ ბაღუაში და ის მეფის წინ დააგდო. შენ არ ჩამოუვარდები პაპებს შენსას. გვიერთგულე და მრავალგზის შეებრძოლე ტახტის მიმტაცებელ იური ანდრიას-ძეს და თავგზა-აბნეულ მის მიმდევრებს ვარდანსა და ბოცოს. საბოლოოდ კი ნიალის დიდ ბრძოლაში, მხარგრძელთან ერთად შეები აჯანყებულებს და თავად შეიპყარი ისინი, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ და გიბოძებთ მთელს სამცხესა და შენივე მამა-პაპის ციხესიმაგრეს – ჯაყს! – ამბობდა დიდებულთა და სტუმართა გასაგონად, თბილისის სასახლეში, ბაგრატიონთა   ტახტზე მჯდომი მეფეთ-მეფე თამარი.

დარბაზი ლხინის დაწყებას ელოდა. თბილისელნი ხარობდნენ  თამარის გამარჯვებას. ტახტის მარჯვენა მხარეს იდგა ზაქარია მხარგრძელი და ლაღად შეჰყურებდა მეფეთ-მეფის წინაშე მუხლმოდრეკულ ივანე ციხისჯვარელს, რომლის მხედრული შემართება და მხნეობა სანიმუშოდ მიაჩნდა.

 წინ იყო ბასიანი და შამქორი, სადაც ქართული ჯარის რიგებში, გმირად მოიხსენიებენ ივანე ჯაყელ ციხისჯვარელს.

ასევე წინაა ქართველთა იმპერიის მსხვრევა, უმეფობის ხანა, რომლის დროსაც 100 წელს მიტანილი ივანე ჯაყელ ციხისჯვარელი მხსნელად დაუდგება მთელს ქვემო ქართლს. იგი ერთადერთია ვინც არათუ არ ემორჩილება მონღოლებს, არამედ წარმატებით ებრძვის მათ, სამცხეში ინარჩუნებს ქართული სამეფოს სულს, აძლიერებს დასუსტებულ პროვინცებს, ქმნის სამცხის სამთავროს, რკინაში აჯენს ქვეყანას, სასტიკად ამარცხებს შამელ თურქებს და აღზრდის ისეთ მემკვიდრეს როგორიც იქნება სარგის ჯაყელი ციხისჯვარელი.

კახაბერ ჯაყელი

დაიწერა ბაზალეთს, 2021 წლის იანვარში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button