ლიტერატურა

კახაბერ ჯაყელი – პროფესორის დაკრძალვა ანუ ამბავი უ-საზოგადოებისა

19 სექტემბერი, 2023 წელი

იგი ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილი მორიდებით იწვა შავ კუბოში, პერანგის საყელო გახსნილი ჰქონდა, სახეზე ტკივილი და სევდა აღბეჭდვოდა, გარკვეული სინანულიც იკითხებოდა მის ბაგეზე, მაგრამ ყველაზე მეტად მის გრძნობათა შორის დაბნულობის ანაბეჭდი იგრძნობოდა. ულვაშების თხელი ზოლი მიყვებოდა მკაცრ და პატიოსან სახეზე, ხელები გაშეშებოდა და იწვა მარტოდ-მარტო!  მთლად მარტოც არ იყო, თავს თეთრწვერიანი, კეთილი სახის მოხუცი ადგა, რომელიც უმწეობის მდგომარეობიდან მერაბის გარდაცვალების ამბავს გამოეყვანა. ღვთაებრივი სახე ჰქონდა ამ მოხუცს, კეთილშობილი ნაკვთები, ცრემლიანი თვალები, გრძელი თეთრი თმა და წვერი, ტირილის დროს უთრთოდა, მე მეგონა არც შემომხედავდა მაგრამ, რომ დამინახა სამგლოვიარო დარბაზში შესული, იმ წამსვე ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამომართვა. რა უნდა თქვა ასეთ დროს, ან სიტყვებს თუ აქვს აზრი? მაგრამ რაც გამახსენდა ის ვთქვი და მოხუცს მაგრად ჩამოვართვი ხელი, ცრემლიანი თვალებით მიმზერდა მოხუცი და რაღაცნაირი იმედითაც, რადგანაც დასაფლავებაზე მეოთხე თუ მეხუთე კაცი ვიყავი და ჭირ-ვარამის გამზიარებელი, სამძიმარზე მოსული ადამიანების სიმცირის გამო, როგორც ჩანს იმედის ჩანასახი მივიტანე იმ დარბაზში.

მოხუცი მიმზერდა, შემდგომ მაღალი მამაკაციც მომიახლოვდა, ქალბატონი იქვე დადიოდა ლოცვანით ხელში და მღვდელს ესაუბრებოდა რომელიც წესის აგებისათვის დამწვარი საკმეველის სურნელში იყო გახვეული ეს ეს იყო და ეს. სულ ოთხნი ვიყავით მერაბის დაკძალვის დღეს, დღის პირველის ნახევარზე.

  • დიდი პროფესორი იყო, ძლიერი მაკრო-ეკონომისტი, ძალიან უყვარდა ყველას და მოვლენ ალბათ პირველი საათისათვის ჩვენი უნივერსიტეტიდან – ვთქვი მე, ალბათ უფრო იმისათვის რომ დუმილი აღარ შეიძლებოდა.
  • გუშინ იყვნენ მგონი თქვენები – მითხრა მაღალმა მამაკაცმა და გაჩუმდა.

მე ჩემს ფიქრებში ჩავიძირე. მერაბის გარდაცვალების ამბავი წინა დღეს, ფეისბუქიდან შევიტყვე. შემდეგ ერთმა სტუდენტმა მოსაგონარი კომენტარი მიაწერა ნეკროლოგს : „ბატონმა მერაბმა გამოცდაზე 300 საკითხი მოგვცა, შემდეგ შევეცოდეთ და 5 საკითხო მოგვაკლო“. ამ ტექსტს სტუდენტმა გულებიც მიამაგრა. რას იფიქრებდნენ მაშინ ახალგაზრდები, როდესაც გაიგებდნენ რომ სამასის ნაცვლად ორასოთხმოცდათხუთმეტი საკითხი უნდა დაესწავლათ გელბრეიტის წიგნიდან.

თავის დროზე, როდესაც მერაბი არ ახარებდა ზარმაცს და მოუმზადებელ სტუდენტს, იმასაც ამბობდნენ მასზე რომ იგი უშიშარი, უკომპრომისო და რისხვა იყო ზარმაცებისათვის.  ერთმა ახალგაზრდამ მითხრა – „მერაბს კარატეში შავი ქამარი ჰქონია, ამიტომაც მასთან ვერაფერს გააწყობ, ჯობს ისწავლო…“.

მერაბი აშკარად ცდილობდა უახლესი ცოდნა არაჩვეულებრივად, საინტერესოდ მიეწოდებინა სტუდენტი ახალგაზრდობისათვის და ამავე დროს ყოფილიყო საოცრად უბრალო, წესიერი, მორიდებული და გულჩათხრობილი.

მე და პროფესორ ნიკოლასს იგი მანამდე გვესალმებოდა, სანამ ნიკოლასს მისთვის გაუმხელია რომ  „მერაბისათვის საცოლეს ამორჩევით ფარულად იყო დაკავებული“!

ეს ამბავი ფიარის პროფესორმა ნიკოლასმა მეც გამიმხილა და ისიც მითხრა რომ ამ საქმეში ჩემს დახმარებას ელოდა. მე კი ვუთხარი რომ ეს იდეა, ანუ მერაბის დაქორწინება ეგრეთ წოდებული წყალ-წაღებული ბიზნესივით იყო და ხელი ჩავიქნიე.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ფიარის პროფესორმა ნიკოლასმა მერაბს აუწყა გადაწყვეტილება შესაძლო საცოლეს არჩევის შესახებ და სწორედ ამ წამიდან, მაკროეკონომისტმა და ინდიკატორების მოყვარულმა მერაბმა ნიკოლასი ამოშალა ნაცნობ-მეგობრების სიიდან.

„აღარ მესალმება რაც დაქორწინება დავუპირე“ – იღიმებოდა ნიკოლასი, რომელიც ორ წყვილ სათვალეს ატარებდა. ერთი სათვალე შუბლზე და მეორე თავის-ქალის თხემზე მის გარეგნობას ჯუნგლებში მოხეტიალე ნატურალისტის იერს აძლევდა.  

„არც მე “- ვთქვი და ნიკოლასს დავემშვიდობე. მართლაც მერაბი  გამარჯობის თქმასაც ხშირად აგვიანებდა და ამის შემდეგ, როდესაც დავინახავდი ამ საავდროდ განწყობილ, მუდამ რაღაცაზე გაბრაზებულ კაცს, პირველი ვესალმებოდი და ჩემს საქმეს ვეშურებოდი.

ჩვენი ნაცნობობა დიდი მოვლენებით არ გამოირჩეოდა. ერთად არც ღვინო და არც ჩაი დაგვილევია, თუ არ ჩავთვლით ერთ სასიამოვნო საღამოს, როცა რექტორმა, მთელი უნივერსიტეტი პლეხანოვზე, რესტორანში დაგვპატიჟა და მაშინ გავიგე რომ თითქოსდა კუშტ და ჩაფიქრებულ მაკროეკონომისტს საკმაოდ მოსწრებული ენა ჰქონია და მისი იუმორით ყველა აღფრთოვანებული დარჩა!

რაც მთავარია პიროვნება იყო! ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანი ებარა და საქართველოს ყველა უნივერსიტეტში, გნებავთ ქართულად თუ ინგლისურად ამ საგნის პატრონად, ლექტორად და მენტორად სწორედ მერაბი მიაჩნდათ!

მაკრო-ეკონომიკა დიდებული თემაა, თუ მას ფლობ ესეიგი პოლიტიკოსებთან თანაზიარი ხარ. არც კი ვიცი, იქნებ ვინმეს უფიქრია მერაბი პოლიტიკაში მიეყვანა, მაგრამ ალბათ არც არავის გამოუვიდოდა ეს ჩანაფიქრი და რატომ.  მაკროეკონომიკა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია პრემიერ მინისტრის თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თავზე, ამიტომაც ეკონომიკის ექსპერტები  ამ თემით, თუ ღრმად იციან, მაშინ ვაჭრობენ და თუ არ იციან მაშინ სავაჭროდ არც ვარგიან.   მერაბი კი ვერ წარმომიდგენია ამ სავაჭროში და მომკალი! მაგრამ მისი პრინციპულობით, საქმის ცოდნით, უშიშარობით, სწორედ მერაბი დადგებოდა ქვეყნისათვის საჭირო პოლიტიკოსი. მაგრამ არ შედგა ეს ყოველი! ადამიანი დარჩა უნივერსიტეტში. დარჩა იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თითქოს! 

ადამიანის აღზრდა ადვილი საქმე არ არის! მერაბი ახერხებდა. მის მაკროეკონომიკას ელოდნენ წარმატებული სტუდენტები და შედგომში წარმატებული ადამიანები. მე ვიცი მრავალი ახალგაზრდა, რომელიც მერაბის მაკროეკონომიკის ხათრით მის პროგრამაში ჩაერიცხა, უნივერსიტეტიც შეიცვალა და პროგრამაც და შემდეგ მერაბის მიერ გამომწვარი ქვევრივით, კარგ ჭურჭლად იქცა მომავალი პროექტებისათვის. ასეთი ბევრი იყო, მაგრამ დასაფლავებაზე რატომ ვიყავით მხოლოდ მე, ღვთისნიერი თეთრთმიანი და თეთრწვერა მოხუცი, მაღალი გამხდარი კაცი, ერთი ქალბატონი და მღვდელი?

ეს კითხვა არ ეხება თავად მერაბს, არც მის უნივერსიტეტს, ეს კითხვა ეხება საზოგადოების ხარისხს გამოხატოს მადლიერება იქ და განსაკუთრებით ბოლო გზაზე დამდგარი პიროვნების მიმართ, როცა ეს აუცილებელია!

საკითხის მნიშვნელოვნებისათვის დეტალებსაც გავამხელ და ვიტყვი რომ ივლისის ცხელ თვეს მერაბს ბოლო ლექცია რეანიმაციიდან ჩაუტარებია! წარმოგიდგენიათ, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე პროფესორი ითხოვს კომპიუტორს, თავისი ჯიუტობით აღწევს იმას რომ მას ლექციის ჩატარების უფლებას რეანიმაციის ექიმები აძლევენ და შემდეგ რთავს კამერას, სტუდენტებს ეუბნება რომ არის ცოტა შეუძლოდ და უტარებს მათ ბოლო ლექციას ინფლაციის მრუდისა და მაკროეკონომიკური წონასწორობის, ან მენქიუს „უჩინარი ხელის“ შესახებ!

ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი ძლევს საკუთარ ტკივილს, საკუთარ მდგომარეობას და სტუდენტებს არწმუნებს იმაში, რაც თავადაც ენატრება. სიკვდილთან ასე ახლოს იგი იმედს არ იტეხს და რადგანაც მაკროეკონომიკა ეს არის მეცნიერება რაციონალური ადამიანის გონებრივი მიღწევების შესახებ, ის ამ მიღწევების იმიტაციას ახდენს იმდენად სრულყოფილად, რომ მას ავიწყდება საკუთარი სავალალო ჯანმრთელობა. ამ ლექციიდან ერთი საათის შემდეგ მერაბი გამოცოცხლებულია, ის მისთვის სათაყვანებელი შვედი ეკონომისტების გვერდითაა, მათთან აზრობრივ კავშირშია და ამ დროს ექიმი მას განგრენისაგან დაზიანებული ფეხის ამპუტაციას სთავაზობს. „არასოდეს“-ამბობს მერაბი და ამის შემდეგ ცხოვრება ქრება. ექიმთან საუბრის დროს მის ბრწყინვალე გონება და პატიოსანი გული კონვულსიებშია და მერაბი კვდება ქალაქ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში!     

   ეს ამ ისტორიის დასასრული რა თქმა უნდა არც არის, ტრაგედია გრძელდება. ურეკავენ საქართველოდან გადახვეწილ მერაბის ერთადერთ დას ამერიკაში. განწირული ქალი გრძნობას კარგავს! მერაბის გვამს გადაასვენებენ საბურთალოს სასაფლაოზე სარიტუალო სახლში, მესამე სართულზე, მე-5 ოთახში და ელიან სამძიმარზე მოსულ ადამიანებს, სტუდენტებს, ლექტორებს, საზოგადოების გამოჩენილ თუ ნაკლებად გამოჩენილ პირებს.

ცხელა, ცხელა, ცხელა, ცხოვრება მიჰქრის, ვიღაცას ბათუმისკენ გაუწევია, ვიღაცას ანტალიისაკენ, ვიღაცა თათბირზე გარბის, ვიღაცას კრება აქვს და ასეთი კაცის დაკრძალვაზე საბოლოოდ  იკრიბება მხოლოდ 14 კაცი.   

    რაც ყველაზე სავალალოა არ ჩანდნენ სტუდენტები, რომლებიც მანამდე ფეისბუქზე წერდნენ თბილ სიტყვებს მიცვალებულის შესახებ!

სარიტუალო სახლში, მესამე სართულზე დიდი სარკმელი გამოეღო ვიღაც ხვთისნიერს. იმ სარკმელიდან მოსჩანდა უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა და გადათხრილი ქუჩა, საცობში გაჭედილი მანქანები, გძნობისაგან დაცლილი ინდივიდები და უსაზოგადოება!

სად ვკრძალავთ ცხონებულს – იკითხა ვიღაცამ!

კუკიაზე მივასვემებთ – იყო პასუხი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button