ლიტერატურა

გამოხმაურებები ზაზა ბურჭულაძის შემოქმედებაზე

“ნამდვილი მწერალი თამაშობს: ერთმანეთისთვის მანამდე უცნობ სიტყვებს დაამეგობრებს და ტრივიალური გონებისთვის მოულოდნელ წყვილებს ქმნის. ენათმეცნიერი იტყოდა, მისთვის ამა თუ იმ სიტყვის ვალენტობა რელევანტური არ არისო. ერთმანეთს შეუხვედრელი სიტყვები ათას წელს იცხოვრებდნენ ცალ-ცალკე და ვირტუალურად შესაძლებელი რომელიმე მსაზღვრელ-საზღვრული არასოდეს არავის მიერ არ წარმოითქმებოდა არც ერთ ენაზე, სწორედ ამ მწერალს რომ არ მოენდომებინა მისი გამოგონება, და არა მხოლოდ გამოგონება, არამედ გასათაურება, ანუ გაუნიკალურება, ანუ გაუკვდავება. სიტყვათა სწორედ ასეთი უეცრად ჯანსაღი წყვილია “მინერალური ჯაზი” მაცოცხლებელი ბუნებისა და ცოცხალმკვდარი კულტურის შეხვედრა ახალ ქართულ რომანში. ესაა ერთდროულად თხევადი ჯაზი და გაჯაზებული შუშხუნა სითხე, ანუ სინკოპირებული ცნობიერების ნაკადი, რომელიც რეტრადიციული წვალებით იმკვიდრებს საკუთარ კალაპოტებს. ვერცხლის ფერი, რომელიც ამ ნაკადს დაჰკრავს, ლაღობით შეურყვნელი ტალანტის ფერია. წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენ აღმოჩნდებით სრულიად უცნობ ახალ მშვენიერ სამყაროში, რომელშიც თურმე დიდი ხანია ცხოვრობთ.”

ლევან ბერძენიშვილი

***

“მინერალური ჯაზი” რომანი-მეტატექსტია დაუწერელ რომანზე, უფრო ზუსტად, რომანზე, რომლის წერას ავტორი იწყებს, მაგრამ შემოქმედებითი კრიზისის გამო ვეღარ განაგრძობს. იგი არ კარგავს იმედს, რომ მუზა მისკენ გამოიხედავს, და მუზის მოლოდინში ცხოვრებაზე, მწერლობაზე, მუსიკაზე, თავის მომავალ პერსონაჟებზე საუბრით სურს, რომ შეგვიყოლიოს, რასაც, წარმოიდგინეთ, ახერხებს კიდეც. “წარმოიდგინეთ”-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ … როგორი წარმოსადგენია რომანის ოდენა მეტატექსტი, რომელიც თავს წაგაკითხებს! ზაზა ბურჭულაძის რომანი-მეტატექსტი კი არა მარტო იკითხება, სულმოუთქმელადაც იკითხება.

ლევან ბრეგაძე

***

“ეს არის არა მარტო სიტყვებით, არამედ ბგერებით, ფერებით, ფორმებითა და ფორმულებით დაწერილი ტექსტი. ეს არ არის მარტო შემოქმედება, “მინერალური ჯაზი” თვით შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს დასასრული.”

გიორგი გვახარია

***

“გადააქცევს “მინერალური ჯაზის” ავტორი დასაქცევ-დამაქცევარ წყალს ბოლომდე შესასმელ მათრობელ ღვინოდ? დადგება დაუდეგარი მაჭარი, რომლის ამომავალ სიძელგეს წინათგრძნობს სასა? ან რჩება თავისთავადურ ქმნილებად, რომლის მღვრიე სიბრუეში მაინც ფხიზლობს თვალი? თუ უფსკრულზე ქანაობს სამყარო, საყრდენი მყარია. თუ გზა თვითმიზანია, არის მიზანიც.”

ზურაბ კიკნაძე

***

ზაზა ბურჭულაძე წერს რომანს, რომელიც შეიძლება წაიკითხონ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ის არ არის მხოლოდ სივრცისა და რეგიონის მწერალი; ის, პირველ რიგში, დროის მწერალია, ისტორიული ეპოქისა, რომელსაც ერთმა თანამედროვე მოაზროვნემ სიმულაციის ეპოქა უწოდა.

გიგა ზედანია, ჟურნალი “ტაბულა“

***

”ზაზას წიგნებს რომ კითხულობ, ძალიან რთულია იპოვო ზუსტი რეაქცია შენში, რადგან ძალიან მრავალნაირია ხოლმე ეს რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში არის პროვოკაციული მომენტები, სერიოზული ნაღმებია ჩადებული, რაზეც შეიძლება აფეთქდე, რეალურად ეს არის ძალიან ტრაგიკული წიგნი… რომანში არის საოცრად დიდი ძალით მოწოდებული ვნება, ოღონდ, მე ვიტყოდი, ვნება ვნების გარეშე, რაღაც გამოშიგნულ ვნებას დავარქმევდი. ომის ფონზე რაღაც დამთრგუნველი სექსუალობაა თითქოს წარმოდგენილი და, თითქოსდა, ეს ადამიანები ძალიან ცოცხლები არიან. წიგნი რომ დავხურე, გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ მე წავიკითხე წიგნი მკვდრებზე. ამ წიგნში გადარჩენა შეუძლებელია ამ ადამიანებისთვის, ვინც აქ არიან.”

ლაშა ბუღაძე

***

“ჩემი პროტესტი ასეთი არ იქნებოდა. ჩემთვის ეს წიგნი იმიტომაა საინტერესო, რომ ის ინდივიდუალურია, ის ზამზასია. ეს არ ნიშნავს, რომ თაობის პროტესტია. მე ამ წერილს სხვანაირად დავწერდი”.

დავით ქართველიშვილი

***

“რატომ ანტირომანი? განა რომანების ჭარბმა წარმოებამ შეგვაწუხა უკვე? ვფიქრობ, ჟანრის განვითარების თავისთავად ულმობელი კანონების ბრალი უნდა იყოს ეს განსაზღვრება – “ანტირომანი”. აქ უფრო ტრაგიკული შეკითხვა ისმის: შეიძლება თუ არა ქართველს ჰქონდეს ისტორია? საქართველოს კი არა, ქართველს-მეთქი! იმ ჩვეულებრივ ქართველს, რომლის პირადი გამოცდილება საბოლოოდ უიმედოდაა ჩანაცვლებული ჯგუფური მეთოდოლოგიით? იქ, სადაც გამოცდილება ერის მონოპოლიაა, სათავეში ფსევდორომანი დგას. ამას კი სინდისიერ მწერალს სიკვდილი ურჩევნია… სიკვდილი ან ანტირომანი.

… ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, ამ წიგნიდან მოყოლებული იქნებ შენც გამოეთხოვო შენის უკვდავის სიცოცხლის რომელიღაც შავ დღეს აკიდებულსა და მოყირჭებულს უბიწოებას და ბოლოს და ბოლოს იქმნა ის, რაც უნდა იყო და რაც ოდესღაც უკვე იყავ: საშუალება და არა მიზანი…”

ნოდარ ლადარია

***

“მინერალური ჯაზი” მოცულია მკითხველის მძაფრი მოლოდინით: მოლოდინი თან სდევს და მსჭვალავს მთელ ტექსტს, თუმცა ვინც ფაბულის დეტექტიურ განვითარებას ჩაუსაფრდება, ირონიული გაწბილება ელის; ვინც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ლიტერატურული განცხრომის ძიებას შეუდგება, მისი გარჯა უეჭველად ანაზღაურდება.”

მერაბ ღაღანიძე

***

“ხელიხელსაგოგმანები წიგნი გამოვეცით ჩვენ, პატივმოყვარეთ. თანაც დახე, დასავლური სარეკლამო მოდის ბოლო წივილ-კივილის გათვალისწინებით გავაჯაზეთ – ქებანი მისნი მთელ გარეკანზე უხვად მიმოვაბნიეთ და მერმე, აგე, სატიტულო გვერდსაც კი დავასწარით თვალთა შენთა ხელახლა დასაპყრობად და გულის უღრმეს კუნჭულებში მიმალულ სიმთა ასატოკებლად, მკითხველო. მაგრამ, აბა განა რა დასაძრახია ის ამბავი, თუკი ღირსეულთ კაცთა საქებარ სიტყვას მკითხველს დროულად აუწყებ და ამით წიგნის ღირსებებს მიჩქმალვას გადაარჩენ? და მაინც, ვაღიარებთ, რომ დიაღაც მკითხველთა ლეგიონების მოსაზიდად მოვაწყეთ მსგავსი ხრიკ-ოინი ჩვენ, ანგარებით აღსავსეთ. აქა ავტორი დასტურ იტყოდა: “უფალო შეგვიწყალენ! (3-ჯერ)”.

ეჰეი, მკითხველო, დარჩი ჩვენთან, ანუ შეუერთდი ცინცხალ სიტყვას მოწყურებულ “წიგნისა მღილთა” სპა-ჯარს, მოგვიტევე შენაც მოდის კერპისადმი გაღებული ხარკნი და შესაწირავნი ჩვენნი უსაზომონი, და გპირდები, ამგვარ და ამაზე უარეს, ოღონდაც რომ დამატყვევებლად გულახდილ “ცუნდრუკსიტყვაობას” კიდევ მრავლად იპოვი ამ ქმნილებაში, რომელსაც უმალ მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხს შევადრიდი, ვინემ ფუჭსიტყვაობის უმაქნის ფეიერვერკებს.”

ლაშა ბერაია, “მინერალური ჯაზის” გამომცემელ-პანეგირისტი

***

“წერილი დედას” მაინც მოინათლა იმ თაობის წიგნად, რომელიც პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ ეს პასუხისმგებლობა დედას უნდა აეღო. პასუხისმგებლობა იმ სიცრუეზე, რაც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე ბატონობდა, რომლის შესახებაც არავის არაფერი უთქვამს და რომელშიც ზამზას თაობა გაიზარდა. ზაზა ბურჭულაძემ ნგრევით შენება ამჯობინა და თავისი წერილიც ერთი, არცთუ ჩვეულებრივი წერტილით დაასრულა (ეს წერტილი შეგიძლიათ ნახოთ თავად წიგნში).

ეკა ქევანიშვილი

***

”აბსოლუტურად სხვანაირად არის აღწერილი ომი – არა ისე, როგორც აღწერილია ხოლმე საერთოდ ომები ლიტერატურაში… ზაზა არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სტილისტი ქართულ ლიტერატურაში. მან მოახერხა ძალიან დახვეწილი ქართული ენით შეექმნა კოსმოპოლიტური ნაწარმოები”.

”ძალიან ტრაგიკული წიგნია. და ეს ყველაფერი გარკვეული სევდითაა გადმოცემული და მიუხედავად იმისა, რომ მასში აღწერილი ამბები ირონიას იმსახურებს, იმდენად დიდი ტრაგიზმია ფონად – არა მხოლოდ ომი, არამედ ომის ფონზე ‘ლხინი ჟამიანობისას’.”

ბაკურ სულაკაური

***

”ზაზა ბურჭულაძე არის ბრენდი და ამ წიგნში ის თავის თავზე, როგორც ბრენდზე, ხუმრობს, მაგრამ რაც არ მომეწონა, ის იყო, რომ მის მიმართ, როგორც მის ხანგრძლივ მკითხველს, მაქვს სულ უკმარისობის განცდა, რომ მე ვხედავ მისი, როგორც მწერლის, გაცილებით დიდ ნიჭს და ტალანტს, მაგრამ ნაკლებ რეალიზაციას ამისას. და ეს განსაკუთრებით ჩანს მის ბოლო რომანებში. ეს პორნოგრაფიული ეპატაჟიც არ მეჩვენება საოცარ ეპატაჟად, რაც ზაზას აქამდეც გაუკეთებია. ამიტომ მე ამ წიგნში ვერ დავინახე პრინციპული სიახლე მის შემოქმედებაში… ეს არ ნიშნავს, რომ ეს წიგნი არ უნდა წავიკითხოთო. პირიქით, ამ ტექსტით უნდა განვავრცოთ ლიტერატურის ქართული გაგება, პორნოგრაფიული ეპატაჟი აღარ აღიქმებოდეს სკანდალად, რადგან მსოფლიო ლიტერატურამ ეს გზა დიდი ხნის წინ გაიარა”.

დათო გაბუნია

***
ზაზა წერს იმაზე, რაზეც სხვები მხოლოდ ფიქრობენ (ან ჰგონიათ, რომ ფიქრობენ).

ომი Adibas-ში თითქოს იმავე სიყალბითაა შენიღბული, როგორ სიყალბესაც თავად ნაწარმოების სახელწოდება გულისხმობს – სიყალბეს კი თავად ადამიანები ქმნიან, რომელთათვისაც ომი ისევ და ისევ საინფორმაციო გამოშვებებით შემოიფარგლება.

ისინი საკუთარ თავზე სწორედ იმ თაობის განსახიერების მისიას იღებენ, ვისთვისაც ომი, თუნდაც კონკრეტულად ეს ომი, ჰოლივუდელი რეჟისორის მორიგი ფილმის მასალა უფროა და რაც უფრო ხმამაღლა იყვირებენ “სა-ქარ-თვე-ლო!”, მით უფრო კაი ტიპები იქნებიან.

ია ვეკუა

***
ისტორიები და ადამიანები ირევიან, ზავდებიან და ისევ შორდებიან – როგორც ნელი და ხანგძლივი სექსი, როგორც ბურუსით მოცული ომი, რომელიც რომანში ჩანს და თან არც ჩანს, მაგრამ სულ არის.

პირველ პირში მთხრობელი პერსონაჟისთვის ომი და ომთან დაკავშირებული სახეები ეროტიკული ზმანებების სტიმულატორი ხდება. ომი, როგორც სექსი და პირიქით. ამაღლებული განწყობა, რომელიც გულისრევას იწვევს და გულისრევა, რომელიც ამაღლებულ განცდებს ბადებს პერსონჟში, იმ კრიტიკულ ზღვრამდე აღწევს, საიდანაც, პოტენციურად, შესაძლებელია დიდებული ლიტერატურული ბოროტება დაიწყოს. მაგრამ ქართული მწერლობა ჯერ შორსაა შეშლილობის იმ ზღვარისგან, რომელზეც ჟორჟ ბატაი წერდა.

ნინო ძანძავა

***

“არც მე ვიცი როგორ იწერება კარგი წიგნი, მაგრამ ვფიქრობ ვიცი, როგორ არ იწერება ის.

აზრის გამოთქმა გადავწყვიტე ლევან ბერძენიშვილის რეცენზიის გამო, რომელიც გამოტანილია წიგნის გარეკანზე. ანუ გავაკეთებ არა კომენტარს ზაზა ბურჭულაძის ტექსტზე, არამედ გავაკეთებ კომენტარს კომენტარებზე. ამას იმიტომ მივაქციე ასეთი დიდი ყურადღება, რომ წიგნი რომ წავიკითხე ვიფიქრე: “ან ეს კომენტარია არაადეკვატური, ან მე არ ვიცი კითხვა”. თუ ობიექტურად შევხედავთ, იმის ალბათობა ბევრად უფრო დიდია რომ მე არ ვიცი კითხვა, მაგრამ გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ მგონი ეს ის შემთხვევა არ არის.

“სამწუხაროდ დღეს ჩვენთან თვლიან, რომ სიტყვის თავისუფლება, ეს ცენზურის არარსებობასთან ერთად კრიტიკის არარსებობასაც გულისხმობს. შეიძლება ყველა რეცენზია დადებითი იყოს? სულაც არ ვამბობ იმას, რომ თუ დღეს ვიღაცა რაღაცას კითხულობს ან წერს, მაინცდამაინც კრიტიკული თვალით შეხედო, და “მის თვალში ბეწვი შენიშნო, როდესაც შენს საკუთარ თვალში აქლემი დაგიდის”. არც იმას ვამბობ რომ ნებისმიერ მხატვრულ თუ არამხატვრულ ნაწარმოებში რაღაც ხელმოსაჭიდის, დადებითი ძვრის, პოტენციალის, ან “ნიჭის ნატამალის” პოვნა არ შეიძლება, შეიძლება, მაგრამ როდესაც აქებ ყველას და ყველაფერს, როდესაც შენი ნებისმიერი გამოთქმული აზრის შემდეგ სიტყვისა და აზრის თავისუფლების მტრად გთვლიან და ზეპროფესიული, ზედამაჯერებელი კონტრარგუმენტები მოყავთ: “თუ არ გინდა ნუ უყურებ, თუ არ გინდა ნუ მოუსმენ, ან თუ არ გინდა ნუ წაიკითხავ”, შედეგად იმას ვიღებთ რასაც დღეს ქართული ესტრადა ან “ბეჭდვითი სიტყვა” ჰქვია.

ლევან ბრეგაძე წერს რომ “ზაზა ბურჭულაძის რომანი-მეტატექსტი კი არა მარტო იკითხება, სულმოუთქმელადაც იკითხება”. მეც ასე წავიკითხე. ზაზა ბურჭულაძე ძალიან კარგად წერს. წერა იცის კარგად, ოღონდ არ იცის რა დაწეროს. აქ სიუჟეტის განვითარებას, ზემხატვრულ პერსონაჟებს, ინტრიგებსა და სენტიმენტებს არ ვგულისხმობ. აქ მეტატექსტს ვგულისხმობ, თუნდაც. მე ვთვლი რომ ზაზა ბურჭულაძეს ძალიან უნდოდა დაეწერა და იცოდა რომ რაღაც უნდა დაეწერა, ქონდა აზრები და შეხედულებები, რომლებზეც უნდოდა აეგო რომანი, მაგრამ დაეზარა. ამიტომ უფრო იოლი გზა აირჩია. ანუ, “მწერალი-მკითხველი”. და არა, ვთქვათ, “მწერალი-პერსონაჟი-მკითხველი”. ეს რა თქმა უნდა ახალი არ არის, მაგრამ თუ კარგად იქნება შესრულებული, რატომაც არა. მართალია არ ვთვლი, რომ თუ, ვთქვათ, ზაზა ბურჭულაძემ ან მე არ ვიცით როგორ იწერება კარგი წიგნი, ეს არც არავინ იცის და კარგი წიგნები აღარ დაიწერება, მაგრამ რაღაც ახალის თქმა რომ ადვილი არ არის და ზოგჯერ მართლა რომ ფიქრობ რომ ყველაფერზე ითქვა და დაიწერა ეს გრძნობა ნაცნობია, მაგრამ ეს მაინც უფრო განწყობა მგონია, ვიდრე რეალობის ასახვა.

“Everything that can be invented, has been invented”. Charles H. Duell, Comissioner, U.S. Officeof Patents, 1899. თუმცა იმაზე უფრო მეტად რაღაც ახალის თქმა რომ ძნელია, ლიტერატურა იმიტომ არის არცთუ ისე კარგ დღეში, რომ მისი ძალიან აქტიური კომერციალიზაცია მიმდინარეობს და ავტორები ძალიან ხშირად მიდიან კომპრომისებზე. ან გონიათ, რომ მკითხველის მოტყუება შეიძლება. მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ზაზა მართლა ძალიან კარგად წერს. მართალია არახალი და ნაცნობი, მაგრამ მომეჩვენა რომ მაინც თავისი სტილი აქვს და ეგეც რომ არ იყოს ქართული ენა იცის ძალიან კარგად. ტექსტი ამიტომაც იკითხება სულმოუთქმელად. მითუმეტეს რომ ეს ანტირომანი (მიუხედავად ვითომ მკითხველებისადმი მიმართვისა და ერთგვარი ვითომ ინტერაქტიულობისა) მონოლოგია. ადვილია ასეთი, ვიტყოდი, უშუალო, კარგი ქართულით სასაუბრო სტილში დაწერილი ტექსტის კითხვა. ტექსტი რეცენზიებს თუ არა, სათაურსა და მეორე სათაურს, რომელიც “უნდომად” მონათლა ავტორმა და ასევე შეფასებას “ანტირომანი” მთლიანად ამართლებს. უბრალოდ ასე გამოვიდა, როდესაც არის მეორე “უნდომი” სათაური, იწერება არა რომანი, არამედ ანტირომანი. ეს ბუნებრივია და კარგია. ისიც კარგია რომ “შემოქმედებითი კრიზისის” დროსაც კი რაღაც იწერება. აი, მე ვთვლი რომ ეს არის უნიკალური ამ შემთხვევაში და არა ის, რასაც გოგი გვახარია უსვამს ხაზს: “ზაზა არა მარტო მიმართავს ქართველ მკითხველს, არამედ ეთამაშება კიდეც მას. საკმარისია ტექსტის კითხვისას მკითხველს რაღაც აზრი გაუჩნდეს, ავტორი თითქოს თავს ანებებს თხრობას და ახლა უკვე მკითხველს პასუხობს”. ჯერ ერთი ეს არ არის ახალი, არც უნიკალურია და ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს საერთოდ არის ამ ტექსტში. აქ ის კი გასაგებია რა იგულისხმება, მაგრამ მთელი მიმართვები, კითხვები და პასუხები, ზედმეტად ხელოვნურია და არასწორ ადგილას და არასწორი ფორმით არის, მთლიანად მონოლოგის ნაწილია. წიგნი მთლიანად მონოლოგია, თავიდან ბოლომდე.

მერაბ გაგანიძის კომენტარი საერთოდ გაუგებარი იყო. “მკითხველი მოცულია მძაფრი მოლოდინით.” რა მოლოდინით? “ვინც ფაბულის დეტექტიურ განვითარებას ჩაუსაფრდება” ვინ ჩაუსაფრდება ფაბულის დეტექტიურ განვითარებას? რა დეტექტიურ განვითარებას? საერთოდ რაზეა საუბარი? არსებობს ბევრნაირი მკითხველი, როდესაც კითხულობ ავტორი კვდება, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია ასეთი მკითხველი. ასეთივე წარმატებით მერაბ გაგანიძეს შეეძლო ეთქვა, რომ, ვთქვათ: “ვინც “მინერალურ ჯაზში” კულინარიული რეცეპტების ან საფეხბურთო ანგარიშების პოვნას ელოდება გაწბილება ელისო.” ამ წიგნში არათუ არ არის სიუჟეტი, ის არც არის საჭირო. არაფერი რომ ვთქვათ ფაბულის დეტექტიურ განვითარებას ჩასაფრებულ მკითხველზე. დავიჯერო აქ ის იგულისხმება, რომ შეიძლება ძალიან დაინტერესდე იმით როგორ ცხოვრობს ავტორის მიერ “გამქრალი” დამლაგებელი. რა დაემართა ფოკოს, რას გაიგებს შამუგია ეშმაკის ვებ საიტიდან, ან რა ბედი ეწევათ პეპოს, ან შამუგიას? ანუ, მერაბ გაგანიძე თვლის, რომ მკითხველი შამუგიაა, რომელიც არარსებულ საქმეს იძიებს? გულწრფელად გამიკვირდა. რა საჭიროა იმის აღნიშვნა რომ ტექსტი დეტექტივი არ არის?

იგივე ითქმის გოგი გვახარიას კომენტარზეც, “მოქმედების გაწყვეტა კულმინაციურ სცენაში”. თუ ზაზა ბურჭულაძის ტექსტს წესები არ აქვს, მაშინ მასში არც შინაარსია, არც კონფლიქტი, არც კულმინაცია. კულმინაცია არ აქვს ტექსტს. ზაზა ბურჭულაძის წიგნი ეს ზაზა ბურჭულაძეა, მისი აზრებით და შეხედულებებით, ხასიათით, ანუ, ტექსტი ავტორზე უფრო მეტად მეტყველებს ვიდრე თავად ტექსტზე. და მე დიდი ინტერესით მოვუსმინე მას. ავტორსაც შეიძლება ჰქონდეს შინაარსი, კონფლიქტი და კულმინაცია, მაგრამ ზაზა ბურჭულაძესთან ეს არ იგრძნობა. შინაგანი კონფლიქტიც კი არ არის. წიგნის განმავლობაში რაღაცეების შეცვლა და ხმამაღალი მსჯელობა კარგად იკითხება, მაგრამ… წიგნი ერთნაირად საინტერესოა პირველი სიტყვიდან უკანასკნელ სიტყვამდე. ერთნაირად ძალიან საინტერესო ან ერთნაირად ნაკლებად საინტერესო კი არა, უბრალოდ ერთნაირად საინტერესო. მე არ ვიცი რამდენად კარგად იცნობს მკითხველს, რამდენად კარგად იცის როგორ არ იწერება კარგი წიგნი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ ძალიან კარგად ფლობს წერტილის დასმის ხელოვნებას.

მე არ ვიცნობ ზაზა ბურჭულაძეს, გოგი გვახარია იცნობს და რადგან ამბობს, რომ თუ ვინმე აღნიშნავს მის იუმორს, ვირტუოზულ ენას ან ფანტაზიას (ამ ტექსტის გათვალისწინებით ამ უკანასკნელს მე არც აღვნიშნავდი) აფთიაქში გაიქცევა ავტორი, არ აღვნიშნავ, თუმცა ნოდარ ლადარია აღნიშნავს მის იუმორის გრძნობას და იმას, რომ რომ გიყვარს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ არ შეიძლება “დასცინო”, თუმცა “დაცინვა” ის სიტყვა არ არის. საერთოდ, ნოდარ ლადარია თავის რეცენზიაში, რომელიც “24 საათის ლიტერატურულ დამატებაში” წავიკითხე, ყველაფერს თუ არა, ბევრ რამეს ძალიან კარგად აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ არც ეს არის ახალი, “დასცინო” იმას, რაც გიყვარს, რა თქმა უნდა კარგია ეს ამ ტექსტშიც რომ იკითხება. თუმცა რაც შეეხება გლდანში მცხოვრებ სერიულ მკვლელზე შექმნილ მოთხრობას. არ ვიცი, შეიძლება იმის მიზეზი, რომ ამ წიგნში სერიული მკვლელი, დეტექტიური განვითარება და ა.შ. არც მიძებნია და არც ველოდი, ის არის რომ ასეთი ნაწარმოებები რაღაც არ მხვდება ხოლმე. არ მესმის რატომ კეთდება ამხელა აქცენტი იმაზე რომ ზაზა ბურჭულაძის ნაწარმოები დეტექტივი არ არის. ადრინდელი ნაწარმოებები დეტექტიურ ჟანრში აქვს დაწერილი თუ დეტექტივის გარდა სხვა ნაწარმოებები დღეს აღარ იწერება? უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ კომენტარს იმას გავუკეთებთ რაც ზაზა ბურჭულაძემ არ დაწერა, ძალიან შორს წავალთ. ბევრად უფრო საინტერესოა ის, რაც დაწერა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კი ტექსტან დაკავშირებით ის არის, რომ ტექსტი აშკარად არაერთგვაროვან განწყობას და შეხედულებებს იწვევს. მაგალითად ის კომენტარებიც გამოდგება, რაც წავიკითხე. ნოდარ ლადარიას რეცენზია რომ წაიკითხო იმის შესახებ, რომ ძნელია ქართველს ჰქონდეს ისტორია და რომ ჩვენც ყველა ასეთები (წიგნის გმირების მსგავსი) ვართ და სულ ადვილად შეიძლება ჩვენც იგივე ბედი გავიზიაროთ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ამაზე უკეთესი დიდი ვერაფერი გამოდნება, ამის შემდეგ კი ლევან ბერძენიშვილის სიტყვები: “წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენ აღმოჩნდებით სრულიად უცნობ ახალ მშვენიერ სამყაროში, რომელშიც თურმე დიდი ხანია ცხოვრობთ”, გაგიკვირდება, მაგრამ “მინერალური ჯაზის” წაკითხვის შემდეგ საერთოდ ძალიან გაგიკვირდება, როცა არცერთს დაეთანხმები. პრინციპში ნორმალურია, უფრო მეტიც, ძალიან კარგია, რომ ტექსტს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, მაგრამ მაინც. . .

რაც შეეხება იმას, რომ “არ ეწერება” მაგრამ “ეფიქრება”. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პირიქით, “არ ეფიქრება”, მაგრამ “ეწერება”. “არ ეფიქრება” საერთოდ კი არა, უბრალოდ შინაარსი. ნაწარმოებში ბევრი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო აზრია, მოსაზრება, დამოკიდებულება და სასიამოვნოა რომ ვიღაცა ასე ფიქრობს. შეიძლება ამას გულისხმობდა ლევან ბერძენიშვილი. მაგრამ ეს უცნობი და მშვენიერი სამყარო არ არის, ეს საინტერესო და სასიამოვნო ადამიანია, ანტირომანის მთავარი გმირი – ზაზა ბურჭულაძე. შეიძლება ზაზა ბურჭულაძე, როგორც გოგი გვახარია ამბობს, არ ცდილობს “გამოხატოს თავისი თავი ლიტერატურის საშუალებით”, და ეს ალბათ ასეცაა რადგან გოგი გვახარია პირადად იცნობს, მაგრამ ნაწარმოები ხომ მხოლოდ იმ ხალხისთვის არ დაუწერია ვინც იცნობს? მე არ ვიცნობ მაგალითად და ტექსტი რომ წავიკითხე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სწორედაც თავის თავს გამოხატავს ლიტერატურის საშუალებით. ეს ახლა მოდაშია. ხელოვნება, როგორც თვითგამოხატვის, ორიგინალობის გამოხატვის ფორმა. იმის თქმით, რომ ზაზა არ ცდილობს “თავი გამოხატოს ტექსტის საშუალებით”, გოგი გვახარია ამბობს რომ ზაზა გენიოსია, რასაც მე, რბილად, რომ ვთქვათ, ვერ ვეთანხმები. ყველაფერი, რაც ადამიანისგან მოდის ისედაც თავის გამოხატვაა, ლიტერატურულ ნაწარმოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გოგი გვახარია ფიქრობს რომ ზაზამ თავის `მე`-ზე თქვა უარი და ისე დაწერა ტექსტი? შეიძლება გოგი მართლაც ფიქრობს, რომ ზაზა გენიოსია. რაც გოგი გვახარიას შესავლის ბოლოს წერია ძალიან კარგია, `ჩვენი სიზმარი ყველაზე ლამაზი გვგონია, ჩვენი ფოფხვა-ყველაზე ტრაგიკული, ჩვენი თავი-სამყაროს ცენტრი, არაფერი გვაინტერესებს ჩვენივე თავის გარდა`. ეს ასეა და ეს ნორმალურია. ნორმალური იმას არ ნიშნავს რომ კარგია. უბრალოდ ეს ასეა. ამიტომაც ისიც ძალიან ჩვეულებრივია დღევანდელი ავტორები თავიანთ თავს რომ გამოხატავენ ნაწარმოებებში, ისევე, როგორც ზაზა. ოღონდ თუ `თანამედროვე ავტორი` გოგი გვახარიას ისე აქვს ნახსენები, როგორც უნიჭობის სინონიმი, მაშინ მე ზაზას მათ სულაც არ ვადარებ. ანუ, მე ზაზას არ ვიცნობ, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ტექსტი მასზე უფრო მეტყველებს ვიდრე თავად ნაწარმოებზე.

ზაზას ტექსტში არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აზრი, რამდენიმე ბრწყინვალედ დაწერილი ადგილი და ბრწყინვალე მსჯელობა.

რაც შეეხება: `დამატყვევებლად გულახდილ `ცუნდრუკსიტყვაობას` კიდევ მრავლად იპოვი ამ ქმნილებაში, რომელსაც უმალ მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხს შევადრიდი, ვინემ ფუჭსიტყვაობის უმაქნის ფეიერვერკებს` ლაშა ბერაია. შეიძლება მნიშვნელოვან და საინტერესო აზრებს შორის რამდენჯერმე სხვადასხვანაირად გამეორებული ერთნაირი აზრები, ზედმეტი სიტყვები და შორისდებულები ფუჭსიტყვაობის უმაქნისი ფეიერვერკი არ არის, მაგრამ არც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნაა”.

მკითხველი JustAMinute

***

Заза Бурчуладзе написал трогательную, смешную и в чем-то очень грустную книгу.

Владимир Сорокин

***

Перед вами свежий роман современного грузинского автора, переведённый на русский язык. Сам этот факт уже экстраординарный и заслуживающий внимания. Те, кто любит почти фантастических, но при этом приземлённых и невероятно живых персонажей, те получат радость от прочтения этого романа.

Евгений Гришковец

***

ზაზა ბურჭულაძე თანამედროვე ქართული მწერლობის ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური მწერალია. ინდივიდუალური წერის მანერით და გასაოცარი უნარით შთაბეჭდილება მოახდინოს მკითხველზე. ცოტაა ისეთი მწერალი რომელსაც ასე შეუძლია მართოს მკითხველის ემოცია. დააფიქროს და განსხვავებული კუთხით დაანახოს რეალობა. არსებობენ მწერლები რომლებიც დროს უსწრებენ და მათი არ ესმით. (გვყოლია ეგეთიც) ჩათვალეთ რომ ზაზა ბურჭულაძეც ის მწერალია რომელიც მომავლის განზომილებაში უნდა აღვიქვათ .

გოჩა გაბოძე

***

“ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ქართველი მწერალი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავადაც ხელს უწყობს საკუთარი იმიჯის ამ მხრივ განვითარებას. მისი “ზღვარსგადასული” გულწრფელობა ჩემთვის მისაღებია. ლაპარაკობს ყოველთვის იმას, რასაც ფიქრობს და ეს, ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში გმირობაა. გმირობა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად სიმართლის მოსმენა არ უყვართ საკუთარ თავსა და საკუთარ სამშობლოზე. დღემდე შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ მტკვარი ნილოსზე დიდია და ლაგოდეხიც ყველაზე ლამაზი ქალაქია ევროპაში. ლევან ბერძენიშვილისა არ იყოს, მართლა ის სამყარო შევიცნე, სადაც თურმე უკვე დიდი ხანია ვცხოვრობ. არავის არავისთვის აუკრძალავს სიმართლის თქმა საკუთარი ერისთვის. უბრალოდ, ვერავინ ბედავს დაწეროს, რომ დიდი ხანია ქაქში ვცხოვრობთ და ეს, უპირველესად, ჩვენივე გულმოდგინე მეცადინეობის ბრალია. არა გამსახურდიასი თუ შევარდნაძის, არც სააკაშვილისა თუ თემურ ლენგის, პირველ რიგში ჩვენივე.

მკითხველი

ის წერს იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას აწუხებს და ნებისმიერს შეუძლია ადვილად მიხვდეს, “ამ ზიზღში თუ რაოდენი სიყვარულიცაა” მისი ქვეყნისადმი.

მკითხველი

ხელოვნებას არ გააჩნია ობიექტური კრიტერიუმები. ვიღაცისთვის კანდინსკი შეიძლება აბსტრაქტული ხელოვნების ფუძემდებელი გენიოსი იყოს, ვიღაცისთვის – აბსურდის მჯღაბნელი.

მკითხველი

ამიტომ მიყვარს ბურჭულაძე და ძმანი მისნი. ამ პატიოსან ხალხს ეგრევე იმის ხასიათზე რომ მოიყვანს ხოლმე ავტორიტეტული ხმით განაცხადონ რომ “ეს ლიტერატურა არ არის”. არადა ნეტა ვინ განსაზღვრა რა არის ლიტერატურა და რა არა?

მკითხველი

დღეს ბიბლიოთეკაში გამოვიწერე ზაზა ბურჭულაძის წიგნები და ბიბლიოთეკარების ეშმაკურ ღიმილს და ირონიას სად დავმალვოდი არ ვიცოდი.

მკითხველი

***

“მე, როგორც ბრიტანეთის შვილს და ამავდროულად მორისონის იდეოლოგიით გაზრდილ ჰუმანურ არამზადას მომწონს ცინიზმი და უშუალობა, ,,შინაგანი დიალოგიც,, და სიმართლეც, რომელიც არ გავს დღევანდელი ქართველი მწერლების ამაზრზენ პოზებს და ემორჩილება ამ საუკუნის დიდებულ და გაცვეთილ ჭეშმარიტებას – ლიტერატურამ თავი ამოწურა! ლიტერატურა თავად არის ეპატაჟი და ეს მწერლებიც ამ ეპატაჟის ნაწილები არიან, ზოგი უხეირო და ბნელი (მაგალითად ამ საუკუნის რომანტიკოსები და კომერციული ნაბიჭვრები) ზოგი კი (იგივე ზაზა) უბრალოდ მასხარა და მართალი, გამოუსწორებელი ფანტაზიორი და პახაბნი, სკანდალური და დეგენერატი”.

greenwood_83

***
“ჩემთვის საინტერესო თვითონ ის ფაქტია, ასე ვთქვათ, როგორ უჩქმიტა ამ ტიპმა საჯდომზე კდემამოსილ საზოგადოებას. თუმცა მე ამ შემთხვევაში “დაზარალებულის” რეაქცია უფრო მაინტერესებს – რას იზამს – არ შეიმჩნევს და “გაატარებს”, აღშფოთებული შეჰკივლებს და საჯდომზე ჩანთას მიიფარებს, სილას გააწნავს “მოძალადეს” თუ რას – და არა თვითონ ზაზა.

თვითონ ბურჭულაძეს რაც შეეხება, მეგობარმა მითხრა-ნახეო, “ხსნად კაფკაში” თავისი თავი რა ობიექტურად აღწერაო, აი თუნდაც მაგიტომ არის მაგარიო. მე კიდევ მგონია, რომ ამაში გასაოცარიც არაფერია – ის კი არ აღწერა, რაც არის, არამედ ის არის, რაც აღწერა და იმიტომ. ანუ მოკლედ, თამაშ-მაიმუნობს და ერთობა რა რიგითი ხულიგნის ყაიდაზედ”.

Tiko-Tiko

***

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ზაზა ბურჭულაძე ზუსტად გრძნობს მკითხველსაც და საზოგადოებასაც, გრძნობს, რა უნდა ერთსაც და მეორესაც. მისი წიგნები და მისი სატელევიზიო გამოსვლები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება. ჩემი აზრით, ზაზა ნამდვილი ოცდამეერთე საუკუნის პროდუქტია. კარგად წერს და კარგადაც ფუთავს. და ეს (შეფუთვა) მოდით ვაღიაროთ, სხვაზე გაცილებით უკეთ გამოსდის. შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ მგონია, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ქართველი მწერლებიდან, სწორედ ზაზა ბურჭულაძის პროზა იქნება ხვალ ყველაზე უფრო მოთხოვნადი. აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.

Trains

***

ღამის ორის ნახევარზე დავიწყე და ოთხზე დავამთავრე. ასე შემომეკითხა “ადიბასი”, რომელიც ძალიან მომეწონა თანამედროვე ქართული რომანების ფონზე. კომპოზიციის გრძნობა, კარგი იუმორი, სტილის სიმსუბუქე… ავტორმა იცის, რა უნდა და რას აკეთებს. შემთხვევითი არაფერია. უელბეკთან პარალელებს ვერ ვხედავ – მხოლოდ ის ჩანს, რომ ავტორს უელბეკი წაკითხული აქვს და მის პაროდირებას ცდილობს.

სხვა რა ვთქვა: ბედნიერს ჩამეძინა. რაღაც ისეთი წავიკითხე, რისი წაკითხვაც მინდოდა. გილოცავთ: ქართული ლიტერატურა ცოცხალია.

Marie Menard

***

წყარო: ჟურნალები, ვე. გვერდები, ბლოგები, http://forum.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button