ლიტერატურა

ზაზა ბურჭულაძე – წერილი დედას

ნაწყვეტები

“ძვირფასო დედა, ძალიან მომენატრე, დღედაღამ შენზე ვფიქრობ. როგორ მიდის შენი საქმეები, ახალ სამსახურს როგორ შეეგუე, ბაქოში როგორი ამინდებია?”

“არ მინდა წერილის კალეიდოსკოპმა დაგაბნიოს, ამიტომ თავიდანვე გაგაფრთხილებ, გადავწყვიტე თანმიმდევრობა არ დავიცვა, როგორც გამახსენდება, ყველაფერი ისე გადმოვიტანო ფურცელზე. ოღონდ გპირდები, შეუფარავად და შეულამაზებლად, ყოველგვარი გამხატვრულების გარეშე”

“არაა გამორიცხული, დროდადრო სიზმარცხადი ერთმანეთში ავრიო. ისიც იმიტომ, რომ მარტო ცხადს ჩემმა მტერმა უყურა… ხანდახან სინამდვილე თუ არ გადასხვაფერდა… (გინდაც დამახინჯდა და შეირყვნა), მშრალი სინამდვილის შემყურე ადამიანი გაბოროტდება. ერთი კია, სინამდვილეს იმაზე უფრო მეტად ვერ დაამახინჯებ და შერყვნი, ვიდრე არის”.

“მთავარი დაწყებაა, თორემ მერე თავისით მიდის. საქმეც ისაა, რომ ვერ ვიწყებ… ეგაა, სანამ დაიწყებ, ცხრა ტყავი უნდა გადაიძრო… მთავარი დაწყებაა”.

“არც ერთი ჩემი ნამოქმედარი და თავში გარბენილი აზრიც კი არ დამიმალავს და… ყველაფრის მიუხედავად, წერილი მაინც ჰეროიკული სულისკვეთებითაა გამსჭვალული”.

“შენი ვაგინიდან თავგამოყოფილ, გოცაძეს შიგ თვალებში ვუყურებ. ჭიტა-მეთქი, მინდა ვუთხრა, მაგრამ უკმაყოფილო ჭყივილის მეტი ყელიდან არაფერი ამომდის. რატომ უკმაყოფილო? ვერაფერს გეტყვი.

– გაიჭინთე! კიდევ… კიდევ! – ჭირის ოფლგადამსკდარი გოცაძე შენ გიყვირის.

ისედაც ძლივს ვსუნთქავ, რაღა გინდა, შობელძაღლო, ვაგინის ყელშივე ჩავისრისო? გოცაძეს კოპებს ვუკრავ, მთელ ხმაზეც ვჭყივი… ჯერ სადა ხარ. მაცადე გამოვიდე, გაჭინთვას მერე განახებ. ბიჭი არ ვიყო, ხალათის ჯიბეში თუ არ ჩაგაჯვა.

გოცაძის უკან, სახეზე პირბადეაფარებული ბებიაქალი, როგორც ბებერი ინკვიზიტორი, გულხელდაკრეფილი დგას, ჭერში იყურება და ბუზებს ითვლის. იქ მართლაც იმდენი ბუზია, სამშობიაროს ჭერი კი არა, ეშმაკის უკანალი გეგონება (ეშმაკის უკანალი თუ გინახავს, დე?)”.

“…მკიდია, ყველაფერს თავს ვანებებ, მორჩა და გათავდა! პირველი ის, რომ მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი, მე წერა არ ვიცი, მეორეც ის, რომ უნიჭო ვარ, მესამე და მთავარი კიდევ ის, რომ სათქმელიც არაფერი მაქვს. სადაური მწერალია ის, ვისაც სათქმელი არა აქვს?”

“სიტყვაზე მენდე დე, ნებისმიერ საშინელებათა ფილმში უფრო მეტი გულისხმიერებაა, ვიდრე ჩვენს გარშემო დაბანაკებულ სამყაროში”.

“მადლობა ღმერთს, შენ ჩემი არც ერთი შედევრი არ წაგიკითხავს, დე. არც არასოდეს წაიკითხო. იმიტომ, რომ ჩემ პროზაში პირქუში სკრუპულოზურობით ასახული ყველაფერ ზეაღმაფრენის დამმიწებელი ნატურალიზმი შეგძრავს, დე. ამდენ ბნელმეტყველებაში გზის გაკვალვა, შენ კი არა, ეშმაკსაც ცხვირს წაატეხინებს”.

“იძულებული ვარ სიტყვა გავტეხო. ყ..ზე მკიდია, რაც უნდა ვთქვა, მე წერის გარეშე არ შემიძლია. რომ არ დავწერო, მოვკვდები, ვიღაცისათვის ჰამბურგერი, პირადად ჩემთვის კალმისტარია სიცოცხლესთან დამაკავშირებელი ძაფი. ჩემთვის წერის აკრძალვა იგივეა, რაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანილი ავადმყოფისთვის აპარატის გამორთვა. ზუსტად! კალმისტარია ჩემი სასუნთქი მილი.

თან, რაც მთავარია, მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული, რას დავწერ, და საერთოდ, დავწერ თუ არა. ღმერთია მოწამე! რა ჩემი ბრალია, უნებურად ნიჭიერი რომ ვარ? რას დაგიდევს ნიჭი ორთოგრაფიას. სწორედ ნიჭია ის, რაც არ მასვენებს. ასე რომ, მინდა არ მინდა, მე მწერალი ვარ. მავნე თუ მარგებელი, პირადად ჩემთვის, სულერთია. მთავარია, მწერალი ვარ. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მე დავწერ რასაც მინდა, როცა მინდა და როგორც მინდა!”

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button