ლიტერატურა

ზაზა ბურჭულაძე – “მინერალური ჯაზი”

”მოულოდნელობა წიგნისთვის ისევე აუცილებელია, ვით, ვთქვათ, იესუ ქრისტესთვის აუცილებელი იყო წყალი, რათა ის ღვინოდ გადაექცია. მოკლედ, იმას ვამბობთ, რომ მთავარი წყალია, ანუ მასალა, დანარჩენი კი მეფოკუსის მოხერხებულებაზეა დამოკიდებული. ხელის სწრაფი მოძრაობა და არავითარი ჯადოქრობა.და ამ წყალს, ანუ მასალას, წიგნისათვის ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია, როგორც ქინაქინას ციებიანისათვის. აბა, სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ იესუსთვის წყლით კიარა ბორშჩით სავსე ქვაბი ან ბენზინით გაპილპილებული კანისტრა რომ დაედგათ, რას იზამდა, გადააქცევდა კი ღვინოდ? ვინ იცის, იქნებ გადაექცია კიდეც, თუმცა ამის შესახებ ჩვენ ცნობები არ მოგვეპოვება. მხოლოდ ვიცით, რომ წყალი დაუდგეს.”

“კარგა ხანია ერთს ადგილზე ვბორძიკობთ და ერთს ადგილს ვტკეპნით… მერედა რა არის ამის მიზეზი? ყოველთ უწინარეს, ალბათ ის, რომ ამ ხუმრობა-ხუმრობაში და ყოველგვარი წესისა და რიგის უგულებელყოფაში, ჩვენდა უნებურად, აკი ახალი წესები და ხაზები შემოვიღეთ. და ახლა ჩვენ მიერვე დადგენილი ზღვრისა და ფარგლის დარაჯ-გუშაგად დავდექით, განა? არადა აქამდე, როგორც ჭკუა გაგვიჭრიდა და როგორც მოგვეგუნებებოდა, ისე ვადგენდით წესსაც და რიგსაც. უფრო სწორად, გაგვაჩნდა კია რამე წესი და რიგი? ან კიდევ, უფრო ზუსტად, გვეგონა, დავდიოდით, თორემ სინამდვილეში აკი ფეხისადგილის ორმოში გვისკუპია. ოღონდ თუ არ გვინდა იქავე დარჩენა, ამ წვირესა და წუნკში, მაშინ არც თავი უნდა დავზოგოთ და აღარც ცდა დავაკლოთ, რომ როგორმე სამზეოზე ამოვიდეთ… საამისოდ კი თითზე კბენანი და კბილთა ღრჭენანი არაა საკმარისი. არამედ, საჭიროა, ოდენ ჩვენთვის ნიშნეული მსუბუქი ყოფაქცევა მცირე ხნით მაინც დავივიწყოთ და ერთხელ მაინც პირდაპირ საქმეზე ვიუბნოთ. უფრო სწორად, საქმე ვიუბნოთ.

რაღაც მოუხელთებელი, ტრაღიკული, თითქო ზოგადსაკაცობრიო, ოღონდ უმეტესად მაინც გურჯისტანული დასტური არის ამ ყველაფერში. ნუთუ ძალიან არ გაგონებთ ეს უკუდო კატა გურჯს თავისი უკუდობით, ანუ იმისთ, რომ ამაყია, ოღონდ უკმარი, თავმოუბმელი, თითქო მოსხივცისკარე, რაღაც ეგზოტიკური, იშვიათი სილამაზის ყვავილის მოტეხილი ღერო? მაშ გაგონებთ არა? თუმცა, დავიჯერო, დასტურ სახიჩრობისა დასტურ უფრო გურჯისტანულს ვერაფერსა ხედავთ ამ ყველაფრის მიღმა? ნუთუ არ გეჩვენებათ, რომ გურჯიც მთელი თავისი დღე და მოსწრება იმის ცდაშია, რომ რომ როგორმე კუდის გასადები ყავარი მოიძიოს, მაგრამ რაჟამს ყავარს მიაგნებს, ემაშინღა ახსენდება კუდი და ამჩნევს, რომ ის (კუდი) და მასთან ერთად ტრაკიც სრულიად გაჰქრობია, გასცვეთია, შემოჭმია, და მიუხედავად ამისა, მაინც ყავრის გვერდით იცუცქება, ოღონდ ეგაა, უკუდოდა და უტრაკოდ? ნუთუ დასტურ ვერ ხედავთ ამაში ტრაღიკულობის მარცვალს? ეს ხომ დაახლოებით იგივეა, კალათბურთი კალათისა და ბურთის გარეშე ითამაშოს კაცმა. დაბოლოს, გარდა ტრაღიკულობისა უდიდესი წილი კომიკურობაც ხომ აქავეა? სახელდობრ, უკეთუ ყავართან ზიხარ, მაშასადამე, ქვეყნის ყურადღებასაც იქცევ და გსმენიათ, ალბათ, ყავარი სწორად საამისოდ, ანუ ქვეყნის ყურადღების მისაქცევადაა მოგონილი. მაგრამ რაჟამს მისი დასაცავი ტრაკი აღარა გაქვს, მაშინ ხომ კუდიან-ტრაკიან-გუდიანი ძია მოვა და ამ დიდზე დიდი გაჭირვებით მოძიებულ ყავარსაც ხომ უთუოდ თან წაიღებს გუდით? დასტურ წაიღებს, და შენც ვერაფერს ეტყვი. ეტყვი კი არა, ვინძლო მზრუნველი ხელით გუდას პირიც კი მოუკრა, ემანდ არ გადმოუვარდესო.

და მნიშვნელოვანი განსხვავებაც სწორად ამაშია გურჯისტანსა და დანარჩენს მსოფლიოს შორის: ჰაიასტანელს ან ურიას გუდიანმა ძიამ ყავარი კი არა, სულაც შარშანდელი, ოღონდ საკუთარი ნეხვი რომ წაართვას, სამარის კარამდე ჩაჰყვება, ოღონდაც კი წართმეულს უცილობლად დააბრუნებინებს. გურჯი კი აქეთ წაეხმარება და, სხვათა შორის, როგორც გუდიანს, ისე უგუდოსაც, საკუთარის წართმევაში”.

“როგორც უკვე მიხვდით, ჯერჯერობით ჩვენთვისაც ასეთივე წყალი-მასალაა მთავარი გმირიც (სხვათა შორის, ოდესღაც ასეთივე წყალი-მასალა იყო ესა თუ ის მუსიკალური თემა, ე.წ. “სტანდარტი”, ჯაზის ყველა ტიტანისთვისაც); შევძლებთ თუ არა მის ღვინოდ გადაქცევად, ამას მომავალი გვიჩვენებს.

მაშ ასე, პეტო უნდა გადაიქცეს… ოპ-ოპ-ოპ, ფრთხილად სახიერნო! მთავარი გმირის სახელიც ისევე, როგორც მარჯვედ დარქმეული სათაური, მოხერხებული დასაწყისიცაა და დასასრულიც, ვით წესი, ნაწარმოების მთელს თუ არა, ნახევარ წარმატებას განაპირობებს ხოლმე. და პირიქით, გმირზე თათარიახნად, სპონტანურად შერჩეულმა სახელმა მგოსანს შეიძლება არამცთუ სავალალოდ გაუხადოს საქმე, არამედ მთელს მის ნაწვალებ-ნაცოდვილარს წყალშიც კი გადაუძახოს. ერთის სიტყვით, მთავარი გმირის სახელის იჩქითად, ჰაიჰარად და სახელახელოდ შერჩევა ისევე დაუშვებელი და წარმოუდგენელია, როგორც გინდა ქოხის, გინდა სასახლის ქვისაზე აშენება. ამიტომაცაა, მთავარი გმირის სახელის შერჩევისას მგოსნები ლამის ჭკუიდან რომ გადადიან და შლეგიანებს ემსგავსებიან ხოლმე.

მაშასადამე A პუნქტიდან B პუნქტში – ვთქვათ, დიდუბის სამმართველოდან მოსკოვის პროსპექტზე უნდა მივიყვანოთ. რა ადვილია, არა? დავწერთ: “მივიდა”-თქო, და საქმეც გაჩარხულია. მაგრამ ჩემო ბატონებო, ამის ერთი ხელის მოსმით შესრულება ჩემთვის ყოვლად შეუძლებელია. ო, არა, რამეს კი არ ვოხუნჯობ, არამედ მოგახსენებთ იმას, თუ რაზომ საძნელოა დღევანდელ გააზიზებულსა და დაგეშილ თვალთა მქონე მკითხველამდე მის უაღლიშოდ მიტანა. “მოვიდა; წავიდა; ავიდა; ჩავიდა”, და ასე შემდეგ, ამდაგვარი სიტყვებით იოლას გასვლა ოდენ ჩემზე უპირატეს მწერალთ ხელეწიფებათ. მეც რომ შემძლებოდა, ამ ვაიუშველებელი წერილის წერას კი აღარ შევუდგებოდი, არამედ თხილის გულისოდენა მოთხრობა-კანფეტს, ანუ კოკროჭინა, პუჭურა ანეგდოტს – მოკლე შეგონებას, რომელიც ხალხთა საუკუნოან გამოცდილებაზეა დაფუძნებული – შემოგთავაზებდით და საქმეც გამოჭახრაკდებოდა. და კიდევ, როგორც უკვე მიხვდით, მე უთუოდ ლიტერატურული ძეგლის, მაღალღირს მამათა საგულისკოვზე თქმულების, აფოფინებულ სულთა საამო ამბის დაწერას ვცდილობ, საკანცელარიო დოკუმენტაციას კი არ ვაწარმოებ. ასე რომ, A-დან B პუნქტში კი მიგვყავს შამუგია, ოღონდ მთავარი ისაა – სახელდობრ სად, კერძოდ რანაირად, ზუსტად როდის, ნეტავი რითი და თუ რატომ მიგვყავს”.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button