ლიტერატურა

ეკა ქევანიშვილი – “წერილი დედას” – სიმართლე სიცრუის შესახებ

ზაზა ბურჭულაძის აღსარებითი პროზა უჩვეულო წერტილით

ზაზა ბურჭულაძის (გრეგორ ზამზას) სკანდალური ტრილოგია დასრულდა – რამდენიმე დღის წინ “შენ”-ს და “სიმფსონებს” მესამე წიგნი – “წერილი დედას” მიემატა და მისი დაბადება ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, ვიწრო წრეში აღინიშნა.

ახალი წიგნის პრეზენტაცია, როგორც წესი (თუ როგორც მოდა), თეატრალურ სარდაფში ან “კოტენ კლუბში” იმართება ხოლმე დიდი ხმაურით და ტელეკამერების შუქზე. ამიტომ, ზამზას სურვილი – ასე ჩუმ ადგილას შეეკრიბა მისი შემოქმედების დამფასებლები, თავიდან ყველას ეუცნაურა. არადა, ეს პრეზენტაცია მართლა არ ჰგავდა სხვა, ამ ბოლო დროს გამართულ ხმაურიან პრეზენტაციებს, სადაც ლიტერატურული კამათი თითქმის არ იმართება ხოლმე.

“წერილი დედას” (გამომცემლობა “აზრი”, 2002 წ.) გამოდგა ის წიგნი, რომელმაც ლიტერატურის დამფასებლები აალაპარაკა.

ლიტერატურის თეორეტიკოსმა, ზაზა შათირიშვილმა ზამზას პროზას, კონკრეტულად კი – “წერილი დედას” პოსტ-მოდერნ-ავანგარდული უწოდა. წიგნის თავი და ბოლო ისაა, რომ შვილი დედას (რომელიც, რატომღაც, ბაქოშია) წერს წერილს ბევრი რამის თქმის სურვილით, მაგრამ ეს ყველაფრის გულწრფელად მოთხრობისა თუ გახსენების მცდელობა კრახით სრულდება. შვილი წერილის ბოლოს წყევლას უთვლის დედას – “თავის თხემიდან ფეხის ტერფამდე უნდა იყოს ის წყეული” და წერს, რომ არაფერი არ იყო ბოლომდე მართალი და ნაღდი, რომ იმის ნახევარიც ვერ თქვა, რისი თქმაც სურდა…

რატომ უთვლის წყევლას დედას, რომლის დანაშაულიც თითქოს წიგნში არ ჩანს, ვინ არის დედა, უბრალოდ – დედა თუ მთელი სამყარო, თუ ერთი კონკრეტული ქვეყანა, არის თუ არა ზამზას პროტესტი თაობის პროტესტი, რატომ ანგრევს ავტორი ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდება, რატომ მოისროლა მან ცუდ მღვდელთან ერთად ღმერთიც, რამ უნდა გადაარჩინოს მკითხველი, რას სთავაზობს მას ზაზა ბურჭულაძე? – ეს კითხვები ყველა იქ მყოფს გაუჩნდა და მათზე პასუხის გაცემა ყველამ შეძლებისდაგვარად სცადა.

მწერალმა დავით ქართველიშვილმა წიგნს აღსარებითი პროზა უწოდა და თქვა, რომ ეს არის ზამზას წიგნი: “ჩემი პროტესტი ასეთი არ იქნებოდა. ჩემთვის ეს წიგნი იმიტომაა საინტერესო, რომ ის ინდივიდუალურია, ის ზამზასია. ეს არ ნიშნავს, რომ თაობის პროტესტია. მე ამ წერილს სხვანაირად დავწერდი”.

მაშინ რა, თუ არა თაობის პროტესტი, თუ არა ზიზღი იმ სამყაროსადმი, რომელშიც ყველანი ვცხოვრობთ, იმ სიცრუეში, რომელზე საუბარიც ახლახან დაიწყო. თავად ზამზა წერს:

“სიტყვაზე მენდე დე, ნებისმიერ საშინელებათა ფილმში უფრო მეტი გულისხმიერებაა, ვიდრე ჩვენს გარშემო დაბანაკებულ სამყაროში”.

“წერილი დედას” მაინც მოინათლა იმ თაობის წიგნად, რომელიც პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ ეს პასუხისმგებლობა დედას უნდა აეღო. პასუხისმგებლობა იმ სიცრუეზე, რაც საქართველოში დიდი ხნის მანძილზე ბატონობდა, რომლის შესახებაც არავის არაფერი უთქვამს და რომელშიც ზამზას თაობა გაიზარდა. ზაზა ბურჭულაძემ ნგრევით შენება ამჯობინა და თავისი წერილიც ერთი, არცთუ ჩვეულებრივი წერტილით დაასრულა (ეს წერტილი შეგიძლიათ ნახოთ თავად წიგნში).

ავტორი: ეკა ქევანიშვილი

წყარო: http://www.open.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button