ნებისყოფის თეორიის აქტუალური პრობლემების შესახებ
პოლემიკური წერილი
«ფსიქოლოგიის» XXII ტომში, რომელიც პროფესორ შალვა ჩხარტიშვილისადმი არის მიძღვნილი, დაბეჭდილია დიმიტრი ნადირაშვილის წერილი: «ნებელობის ფენომენი განწყობის თეორიის პოზიციებიდან». ამ კრებულში მისი განთავსება სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან შ. ჩხარტიშვილი ნებისყოფის თვალსაჩინო და აღიარებული მკვლევარი იყო. დ. ნადირაშვილი დასაწყისში ერთი წინადადებით ადასტურებს ამას, თუმცა შემდგომში აღარსად ახსენებს შ. ჩხარტიშვილს. ამიტომ მკითხველისთვის გაურკვეველი რჩება მისი დამოკიდებულება მისი შეხედულების მიმართ. ამას კი პრინციპული მნიშვნელობა აქვს. საქმე ისაა, რომ დ. ნადირაშვილი, რომელიც ბოლო ხანს დაინტერესდა ნებისყოფის მოვლენის კვლევით [9], თავის წერილში ნებისყოფის თეორიის საკვანძო პრობლემების განხილვას პირდება მკითხველს და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ისინი სათანადო დონეზე არ არიან დამუშავებული. ამ ზოგად შეფასებაში შეიძლება დავეთანხმოთ კიდეც ავტორს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ფსიქოლოგიაში ამ პრობლემატიკის დამუშავების საერთო დაბალი დონის ფონზე, დ. უზნაძის სკოლა სწორედაც რომ ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია არსებული პოზიციების ანალიზი და ურთიერთშეჯერება, მით უფრო, რომ ნებისყოფის ნაყოფიერ თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევას ჩვენში სამოცდაათი წლის ისტორია მაინც აქვს. ნებისყოფის ფსიქოლოგიურ ბუნებასთან დაკავშირებით არსებობს ორი მკაფიოდ გამოხატული თვალსაზრისი – დ. უზნაძის [15] და შ. ჩხარტიშვილის [17]. მათ აქვთ საერთო ამოსავალი წერტილი (აქტუალური მოთხოვნილებებით ნებელობითი ქცევის აღძვრის შეუძლებლობის შესახებ), მაგრამ ძირითადი ცნებებისა და საკითხების გააზრება საკმაოდ განსხვავებულია.
სამწუხაროდ დ. ნადირაშვილმა საჭიროდ არ მიიჩნია ამ უაღრესად საინტერესო შეხედულებების ანალიზი და ნებისყოფის პრობლემის დამუშავების არასაკმარისი დონის უბრალო კონსტატაციით შემოიფარგლა [24]. ამასთან, მან ერთმნიშვნელოვნად დაუკავშირა ერთმანეთს ნებისყოფისა და განწყობის თეორიები, ხოლო ამ უკანასკნელის განვითარების დონე მასში სოციალურ-ფსიქოლოგიური ელემენტის არსებობა-არარსებობას. უზნაძისეულ პერიოდში სოციალური განწყობების კვლევა არ მიმდინარეობდა. იგი გაიშალა შ. ნადირაშვილის ხელმძღვანელობით. როგორც ჩანს დ. ნადირაშვილის განზრახვა იმაშია, რომ ამ კვლევის მონაცემების გათვალისწინებით შეავსოს ნებისყოფის ფსიქოლოგიის «თეთრი ლაქები». იგი ასე წერს: «ნებელობის შესწავლა შეუძლებელია სოციალური ფსიქოლოგიის, სოციალური განწყობების, ცნობიერებისა და ობიექტივაციის, პიროვნების ფსიქოლოგიის მონაცემების გათვალისწინების გარეშე, რომელთა კვლევა დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ში აკრძალული იყო, ამიტომაც დღეს განწყობის თეორიაში არსებული ცარიელი ფურცლები შევსებას საჭიროებს» [10; 184]. როგორც წერილის სხვა ნაწილებში, რომელთაც მოგვიანებით შევეხებით, აქაც ბევრი რამ მოითხოვს დაზუსტებას და დასაბუთებას. მაგალითად, რატომ თვლის ავტორი ნებისყოფის ზოგადფსიქოლოგიურ პრობლემას არსებითად სოციალურ-ფსიქოლოგიურად? ან რის საფუძველზე ფიქრობს, რომ სხვა ქართველი მკვლევარები, თურმე მათ დროს აკრძალული ცნობიერების, ობიექტივაციის თუ პიროვნების ფსიქოლოგიის მონაცემების გარეშე აგებდნენ ნებისყოფის კონცეფციას? ანდა ვინა თქვა, რომ მათი კვლევა აკრძალული იყო?
თავი და თავი ამ უზუსტობებისა მაინც ის არის, რომ ავტორი არ გვეუბნება გარკვევით, რას ემხრობა და რას არა ნებისყოფის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიებში (დ. უზნაძე, შ. ჩხარტიშვილი), სადაც სოციალური ფსიქოლოგიის მონაცემები არ ყოფილა გამოყენებული.
«პრობლემის კვლევის ფოკუსშია მოსაქცევი, ამბობს იგი, ის ფაქტი, რომ ნებელობითი ქცევა იმპულსურისაგან განსხვავებით პროსპექტულია, მომავალზეა ორიენტირებული. მოთხოვნილების იმპულსი არ წარმოადგენს ქცევის აღმძვრელ ინსტანციას. ნებელობითი ქცევა ადამიანის პიროვნული აქტივობის შედეგია, რომელიც უპირისპირდება, სჯობნის იმპულსის მოთხოვნილებასა და ძალას» [იქვე].
ეს ყველაფერი კარგადაა ცნობილი და მრავალჯერ ნათქვამი დ. უზნაძის, შ. ჩხარტიშვილისა და მათი მიმდევრების მიერ. ნებისყოფა რომ პროსპექტული ფუნქციაა ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. სხვა ამბავია დებულება, რომ ნებელობითი ქცევა მოთხოვნილების იმპულსით არ არის აღძრული. დ. უზნაძის შემდეგ იგი ამოსავალი გახდა ქართველი ფსიქოლოგების აბსოლუტური უმრავლესობისთვის (მათ შორის შ. ჩხარტიშვილისთვის) და, ამავე დროს, ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობის სათავეც. საქმე ისაა, რომ თუ აქტუალურ მოთხოვნილებაზე უარს ვამბობთ, მის სანაცვლოდ სხვა აღმძვრელი ძალა უნდა მოინახოს. დ. უზნაძე ასეთს არ უშვებს და ისევ ე.წ. «მე-ს მაღალ მოთხოვნილებებს» უბრუნდება. შ. ჩხარტიშვილი ბოლომდე მიჰყვება მოცემულ თეზისს და ადამიანში განსხვავებული ენერგეტიკული სისტემის დაშვებამდე მიდის. პიროვნებაში მეორე ენერგეტიკული წყაროს, ავტონომიური ძალის დაშვება ვოლუნტარიზმის აშკარა საფრთხის შემცველია. საიდან ჩნდება ეს ძალა და როგორია მისი მოქმედების კანონზომიერებანი? ან იქნებ ასეთები არც არსებობს და ნებელობითი ქცევა პიროვნების თავისუფალი ან თვითნებური თვითგამორკვევის შედეგია? სამწუხაროდ დ. ნადირაშვილი არ აანალიზებს ამ პრობლემურ საკითხებს და გაუგებარი რჩება რა მოსაზრებას ემხრობა იგი. შესაძლოა მას ორიგინალური პოზიცია აქვს, მაგრამ ასეც რომ იყოს, იგი ჩვენში არსებულ სხვა თვალსაზრისებთან უნდა შეჯერდეს, სხვანაირად მისი ნოვაციების გაგება და შეწყნარება გაჭირდება.
თუმცა, გავყვეთ წერილის ტექსტს. «იმპულსური ქცევა ბიოლოგიური სფეროდანაც შეიძლება იყოს აღძრული და სოციალურიდანაც» [იქვე], გვეუბნება ავტორი. როგორც ჩანს მას მიაჩნია, რომ ეს ახალი დებულებაა. ამაში სერიოზული გარკვევაა საჭირო. ის რომ იმპულსურ ქცევას ვიტალურის გარდა სხვა სახის მოთხოვნილებებიც შეიძლება აღძრავდნენ აღნიშნავდა დ. უზნაძეც და შ. ჩხარტიშვილიც. დ. უზნაძე პირდაპირ ამბობს, რომ მაღალ მოთხოვნილებებზე (ემოციებზე) დამყარებული ზნეობრივი, ინტელექტუალური და ესთეტიკური ქცევაც შეიძლება იყოს იმპულსური [16; 54]; შ. ჩხარტიშვილი გამოჰყოფს ბიოგენურ, ფსიქოგენურ და სოციოგენურ მოთხოვნილებების ჯგუფს და თითოეულის მიერ მოტივირებულ ქცევას იმპულსურად განიხილავს [18]. ამრიგად, იმპულსური ქცევის სოციალური მოტივირება არ წარმოადგენს საიდუმლოს იმათთვისაც, ვისაც სოციალური ფსიქოლოგიის საკითხები საგანგებოდ არ უკვლევია. მაშ რა სიახლე შემოაქვს ჩვენს ავტორს? რა და ე.წ. «მოთხოვნა». ის ფიგურირებსო ადამიანთა სოციალურ თანაცხოვრებაში, ხოლო ბიოლოგიურ სფეროში – მოთხოვნილება. «მოთხოვნა – ესაა სოციალური გავლენა, რომელიც განიცდება როგორც სოციალურ გარემოში არსებული ტენდენცია. ის ინდივიდს გარკვეული ქცევისაკენ უბიძგებს» [10; 185]. ადამიანი ადვილად ემორჩილება ამგვარ ტენდენციებს.
«ამიტომ მოთხოვნისადმი დაყოლას ნებელობით ქცევად ვერ მივიჩნევთ. თუმცა ამგვარი სოციალური მოთხოვნა შეიძლება ცხოვრებაში ბიოლოგიურ მოთხოვნილებას დაუპირისპირდეს» [იქვე].
უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პასაჟების მნიშვნელობის წვდომა ფრიად გაძნელებულია. ერთადერთი, რაც ნათელია ისაა, რომ მოთხოვნა ბიოლოგიური მოთხოვნილება არ არის. თუმცა, ამას არც არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ. ამავე დროს, გაუგებარი რჩება რას წარმოადგენს მოთხოვნა, როგორც მოტივაციური ცვლადი. მართალია დ. ნადირაშვილი ლაპარაკობს მოთხოვნაზე, როგორც გარემოში არსებულ ტენდენციაზე, მაგრამ ეს ალბათ, მექანიკური უზუსტობაა, თორემ ინდივიდის გარეთ რომ ტენდენციები არ არსებობენ ეს ნათელი უნდა იყოს. გარედან მომდინარე ზეწოლა მხოლოდ მაშინ ხდება მოტივაციური ცვლადი, როცა ის შინაგანში ნახავს გამოძახილს, ასე თუ ისე მისაღები იქნება მთლიანი მოტივაციური სისტემისთვის (მოთხოვნილებები, ღირებულებები, პიროვნული თვისებები და სხვა). წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქტივობას ვერ გამოიწვევს, ან შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტიც კი მოგვცეს (მაგ., ნონკოფორმისტის შემთხვევაში). ხოლო თუ კი მოთხოვნა შინაგანი ტენდენციაა, რომელიც ქცევისკენ უბიძგებს, რატომ არ არის ის მოთხოვნილება ან მისი ფუნქციონალური ექვივალენტი? ან იქნებ ავტორს მიაჩნია, რომ ბიოლოგიური მოთხოვნილებების გარდა სხვა სახის მოთხოვნილება არც არსებობს. თუ ასეა, მაშინ ეს დებულება მკაფიოდ, ნათლად და, რაც მთავარია, დასაბუთებულად უნდა ითქვას, თორემ ისე საეჭვოა მან მომხრეები იპოვოს. სტატიის ტექსტის მიხედვით ვითარება ასე გამოიყურება: ერთი მხრივ ნათქვამია, რომ მოთხოვნილება ბიოლოგიის სფეროდანაა, ხოლო სოციალურში მოთხოვნილებები კი არა – მოთხოვნები ფიგურირებენ. ეს უკანასკნელნი ტენდენციებს წარმოადგენენ და აქტივობას აღძრავენ, ანუ ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებენ, რასაც მოთხოვნილებები. ამიტომაც, მათდამი დამორჩილება იმპულსურ ქცევას გვაძლევს და არა ნებელობითს.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით მკითხველს ბევრი კითხვა აღმოუცენდება, მაგრამ მთავარი მაინც შემდეგია: რატომ მიაჩნია ავტორს, რომ სოციალური სფეროს მხოლოდ მოთხოვნები, ანუ საჭიროებები და იძულებები («მე უნდა») უკავშირდება. ასე რომ იყოს, სოციალური ურთიერთობები მხოლოდ უმძიმესი ტვირთი იქნებოდა პიროვნებისთვის. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასე არ არის. სოციალურ ცხოვრებაში მოცემულია აგრეთვე სურვილები, ლტოლვები, მისწრაფებები ანუ «მე მინდები».
საზოგადოდ, საფიქრებელია, რომ ე.წ. «მოთხოვნა» ის არის, რასაც დ. უზნაძე მე-ს მორალურ მოთხოვნილებებს, ხოლო შ. ჩხარტიშვილი – სოციოგენურ მოთხოვნილებებს უწოდებს. ქცევის ასეთი აღმძვრელების არსებობა, ცხადია, სიახლეს არ წარმოადგენს, ისევე როგორც ის გარემოება, რომ ისინი ზოგჯერ უპირისპირდებიან ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ეს მომენტი ავტორს განსაკუთრებით აინტერესებს, ვინაიდან სურს დაგვარწმუნოს, რომ მაშინაც, როცა ქცევა სოციალურ მოთხოვნას (თუ მოთხოვნილებას ?!) მიჰყვება ის იმპულსურია, ნებელობის გარეშე სრულდება. საკითხავია ოღონდ, ვის დარწმუნებას ცდილობს იგი? ყოველ შემთხვევაში არა შ. ჩხარტიშვილის მომხრეებისა, რომლებიც იმ აზრზე დგანან, რომ ყოველგვარი მოთხოვნილებით აღძრული ქცევა იმპულსურია და არა ნებელობითი. ამ საკითხში დ. ნადირაშვილი ფაქტობრივად იზიარებს შ. ჩხარტიშვილის თვალსაზრისს, თუმცა ამას არ აღიარებს.
როგორც სათაურიდან ჩანს, დ. ნადირაშვილის მთავარი საზრუნავი ნებისყოფის მოვლენის განწყობის თეორიიდან და თანაც მისი დღევანდელი პოზიციიდან გააზრებაა. ასეთად, როგორც ჩანს, იგი მხოლოდ შ. ნადირაშვილის თვალსაზრისს მიიჩნევს[25]. წერილში მსჯელობა შემდეგნაირად ვითარდება: ნებელობითი ქცევა პიროვნული ფასეულობების სისტემის მოცემულობას გულისხმობს. ეს ფასეულობები სუბიექტში «პიროვნული განწყობების» (ანუ ფიქსირებული დისპოზიციური განწყობების სახით არსებობენ). აქედან გამომდინარე «ნებელობითი ქცევა ესაა პიროვნული განწყობებიდან ერთ-ერთის ცნობიერად ამორჩევა, პრიორიტეტის მინიჭება და ქცევაში განხორციელება» [10; 186].
პიროვნული ფასეულობების არარსებობის შემთხვევაში ქცევა შინაგანი მოთხოვნილებებისა ან სოციუმის მოთხოვნების კარნახით წარიმართება, ანუ იგი იმპულსურია. მაგრამ ფასეულობის ანუ პიროვნული განწყობის არსებობა, თავისთავად, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქცევა კვალიფიკაცირებული იქნას, როგორც ნებელობითი. თუ განწყობა, თავისი ინტენსივობის გამო, გაბატონებული გახდა და ქცევა თავისკენ წარმართა, ასეთი აქტივობა ნებელობითად ვერ ჩაითვლება. სხვა ამბავია, როცა განწყობის ინტენსივობის დონე არ აძლევს მას საშუალებას დომინირებული მდგომარეობა დაიკავოს. მას სხვა განწყობები (ტენდენციები) უპირისპირდებიან, «ადამიანი ყოყმანის ვითარებაში აღმოჩნდება. ყოყმანის დაძლევა პიროვნების აქტიური ჩარევის საფუძველზე ხდება შესაძლებელი» [იქვე]. თავისი ფასეულობებიდან გამომდინარე პიროვნება გარკვეულ განწყობას ანიჭებს პრიორიტეტს. მაგრამ რა არის ფსიქოლოგიურად უპირატესობის მინიჭება? დ. ნადირაშვილის აზრით ესაა რთული პროცესი, რომელშიც წარმმართველ როლს ე.წ. პოზიციური აზროვნება თამაშობს. იგი არკვევს ამა თუ იმ განწყობის მიმართებას პიროვნების განწყობათა სისტემასთან (ე.წ. განწყობათა მტევანთან) და ერთ-ერთი განწყობა აქტუალურ მდგომარეობაში გადაჰყავს. ამაშია მოტივაციის პროცესის არსი. «მოტივაცია ინტელექტუალური პროცესია, რომელიც შინაგანი ტენდენციებიდან რომელიმეს ანიჭებს უპირატესობას. ის, თუ რა განწყობა დაედება ქცევას საფუძვლად, ამ ეტაპზე გარკვეული არ არის. ამ საკითხს საბოლოოდ პიროვნება წყვეტს. პიროვნება იღებს პასუხისმგებლობას განსახორციელებელი ქცევის შესახებ» [10; 187].
მოკლედ, პიროვნულ განწყობებს გააქტიურება ესაჭიროება. ამას ემსახურება ინტელექტუალური პროცესი, რომელსაც მოტივაცია ეწოდება. თუ პიროვნული განწყობა თავისით გააქტიურდა და შესაბამისი აქტივობა გამოიწვია იგი იმპულსური იქნება. ნებელობითი ქცევის განხორციელებისთვის არც მოტივაციით უპირატესობამინიჭებული განწყობის არსებობაა საკმარისი. საჭიროა კიდევ პიროვნების მიერ გადაწყვეტილების მიღება, რაც მისი თავისუფლების გამოხატულებას წარმოადგენს. თავისუფლების საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით. აქ განვიხილოთ ნებელობითი ქცევის წარმოქმნის მოცემული მოდელი. მისი განწყობისეულობა, როგორც ჩანს, იმაშია, რომ ძირითადი ცვლადი, მოტივაციური პროცესის ერთეული არის ე.წ. «პიროვნული განწყობები».
მივყვეთ თანმიმდევრულად. დავიწყოთ იმის გახსენებით, რომ ნებელობის ძირითადი პრობლემა მისი ენერგეტიკული წყაროს, აღმძვრელი ძალის განსაზღვრაშია. დ. ნადირაშვილის პოზიცია ერთი შეხედვით ასეთია – ნებელობითი ქცევის ენერგეტიკა შესაბამისი პიროვნული განწყობიდან (ან განწყობებიდან) მომდინარეობს, რამდენადაც, საბოლოოდ, სწორედ ის ედება საფუძვლად ნებელობითი ქცევის განხორციელებას. არც ბიოლოგიური მოთხოვნილებები და არც ე.წ. სოციალური მოთხოვნები (ანუ სხვა სახის მოთხოვნილებები), როგორც ზემოთაც ითქვა, ნებელობითი ქცევის «მოტივად» არ ჩაითვლება. მათზე დაფუძნებული ქცევა ცალსახად იმპულსურია.
«იმპულსური ქცევისაგან განსხვავებით, ნებელობითი ქცევა ერთი მხრივ, პიროვნული განწყობას უკავშირდება, ხოლო მეორე მხრივ, მასზე ფოკუსირებას, ამორჩევას და ქცევაში განხორციელებას ახდენს» [10; 186]. მაშასადამე, ნებელობითი ქცევისთვის აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი, რომ არსებობდეს პიროვნული განწყობა. მეორე პირობა ისაა, რომ უნდა მოხდეს მისთვის პრიორიტეტის მინიჭება (ამორჩევა ანუ მოტივაციის პროცესი). მაგრამ, ვინაიდან აქ ჯერ კიდევ არაა გამზადებული ქცევის განწყობა, აუცილებელია კიდევ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამორჩეულ განწყობას სულს ჩაჰბერავს, გაააქტიურებს და მოქმედების რეალურ საფუძვლად გადააქცევს.
პირველი, რაც ყურადღებას იპყრობს ისაა, რომ იმპულსური და ნებელობითი ქცევა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ხასიათდება. იმპულსური ქცევა თავის კვალიფიკაციას იმის მიხედვით იღებს, რომ იგი აღძრულია მოთხოვნილებით. ე.ი. აქ მუშაობს მხოლოდ აქტივობის დინამიკური საწყისის რაგვარობის კრიტერიუმი (ენერგეტიკული პარადიგმა). ნებელობის შემთხვევაში ამ კრიტერიუმს ემატება ის გარემოება, თუ რამდენად და როგორ არის ცნობიერებაში დამუშავებული ქცევის მოტივაციური საწყისი, პიროვნული განწყობა (რეგულაციური პარადიგმა).
ისმის კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი ასეთ შემთხვევაში ქცევის ამ სახეების გამიჯვნა ერთმანეთისგან. არა და, სწორედ ეს ამოცანაა პრიორიტეტული ავტორისთვის. დავუშვათ და ქცევა სრულდება რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის, მაგრამ ე.წ. «მოსამზადებელ პერიოდში» მან გაიარა მოტივაციისა და გადაწყვეტილების ფაზები [15]. რა ქცევასთან გვექნება საქმე ამ შემთხვევაში? სწორედ ასეთია ჩვენი ყოველდღიური ქცევების დიდი ნაწილი. დ. უზნაძის ცნობილი მაგალითი განვიხილოთ: კონცერტზე წასვლა მინდა ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად, მაგრამ სასწრაფო სამუშაო სახლში დარჩენისკენ მიბიძგებს. იწყება მოტივაციის რთული პროცესი. ვთქვათ, ესთეტიკურმა მოთხოვნილებამ იძალა და გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მივიღე. ენერგეტიკული კრიტერიუმის მიხედვით ეს ქცევა იმპულსურია, რამდენადაც აქტუალურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ამავე დროს, ვინაიდან მისი განწყობა ობიექტივაციის დონეზეა დამუშავებული და პიროვნების მიერ შეწყნარებული იგი ნებელობითად უნდა მივიჩნიოთ.
კიდევ ერთი მაგალითი უზნაძიდან. იგი საგანგებოდ განიხილავს შემთხვევას, როცა ქცევა თითქოს აქტუალურ სასიცოცხლო მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, და მაინც ნებელობითია. მწყურია, მაგრამ წყალი მხოლოდ მას მერე დავლიე, როცა გავიაზრე, რომ ის მინერალურია და არ მავნებს. აშკარად სახეზეა აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, თუმცა დ. უზნაძის ანალიზით ეს ქცევა მაინც არაა იმპულსური. ამაში იგი აბსოლუტურად მართალია. ობიექტივაციის პლანში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ბიოგენურ მოთხოვნილებასა და შესაბამის ქცევას ეხებოდეს. ასეთ აქტივობასაც პიროვნება წარმართავს და არა იმპულსურ ქცევასთან დაკავშირებული ინდივიდი.
დ. ნადირაშვილის კონსტრუქციის მიხედვით ამ ქცევის კვალიფიკაციაც გაჭირდება. ქცევა აშკარად ბიოლოგიურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, მისი ენერგიით საზრდოობს, რაც გამორიცხავს მის ნებელობითად მიჩნევას, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი განწყობა ობიექტივაციის პლანშია შემუშავებული.
სხვათა შორის, ამასთან მიახლოებულ სიტუაციას განიხილავს თავად დ. ნადირაშვილი: ერთ-ერთი ფილმის დასიცხული უარყოფითი გმირები ურცხვად შიშვლდებიან და ისე გრილდებიან ტბაში, ხოლო დადებითი გმირები ტანზე გაუხდელად შედიან წყალში. ამით «ბიოლოგიურ მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებენ და სოციალურ მოთხოვნასაც უწევენ ანგარიშს. ამგვარი ქცევა პიროვნული ფასეულობებიდან მომდინარე განწყობის არჩევა და რეალობაში განხორციელებაა, რაც, ჩვენი აზრით, ძალიან ჰგავს ნებელობით ქცევას. ეს აქტივობა ნებელობად ვერ ჩაითვლება, რადგან ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება» [10; 185].
დ. ნადირაშვილის ანალიზი არაა სრულყოფილი, რაც სწორი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ აძლევს. იგი უკრიტიკოდ მიჰყვება თეზისს, რომ ნებელობითი ქცევა გამორიცხულია აღძრული იყოს მოთხოვნილებით, მით უფრო ბიოლოგიურით. ამის გამო იგი ცალმხრივად და უზუსტოდ აფასებს რეალობას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ქცევა ამ შემთხვევაში პოლიმოტივირებულია, ანუ დინამიზირებული სულ ცოტა ორი აღმძვრელით. ეს ვითარება ხშირად გვხდება, როგორც იმპულსური, ისე ნებელობით ქცევის დროს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოტივაციის პროცესში ისეთი ქცევის გამონახვა ხდება, რომელიც ერთდროულად პიროვნული დონის ტენდენციასაც დააკმაყოფილებს და ბიოლოგიურისაც, ანუ ის მოთხოვნილებითაც იკვებება. რადგანაც სწორედ პიროვნება აკეთებს შეფასებას და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნილების დაკმაყოფილების თაობაზე – ეს ქცევა ნებელობითია. მისი პოლიმოტივაციურ-ენერგეტიკული სისტემისა და სათანადო განწყობის შექმნა ობიექტივაციის დონეზე მიმდინარე თვითრეგულაციის პროცესების შედეგია.
იგივე ხდება დ. უზნაძის წყლის დალევის მაგალითშიც. მსგავსი ვითარებაა კონცერტისა და სამუშაოს მაგალითშიც. უზნაძისეულ ვერსიაში იქ მოქმედება ასე ვითარდება: სუბიექტი ჯერ სახლში დარჩენას გადაწყვეტს, მაგრამ მალე გადაწყვეტილებას შეცვლის, ვინაიდან გაიგებს, რომ კონცერტზე იქნება პირი, ვისთანაც შეხვედრა მისთვის მნიშვნელოვანია. რა მოხდა? შეიქმნა პოლიმოტივაციური სტრუქტურა, რომლის ღირებულებამ ალტერნატული ქცევის ღირებულება გადასწონა. ეს ქცევა ნებელობითია, თუმცა მის დინამიზაციაში უთუოდ მონაწილეობს აქტუალური ესთეტიკური მოთხოვნილებაც. ასე რომ აქტუალური (თუნდაც ბიოლოგიური) მოთხოვნილების ქცევის მოტივაციურ სტრუქტურაში ჩართვა მას ავტომატურად არც იმპულსურად ხდის და არც ნებელობითის სტატუსს უკარგავს, როგორც ამას დ. ნადირაშვილი ფიქრობს.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს – დ. ნადირაშვილი ხვდება, რომ ნებელობითი ქცევის ცალსახა დაკავშირება რაიმე მოტივაციურ ძალასთან არაა ევრისტიული. მაგრამ რატომღაც აღარ ავრცელებს ამ სწორ მიდგომას იმპულსურ ქცევაზე. ყოველ შემთხვეაში ამ მიმართულებით ავტორის ძიების შედეგი ასეთი დებულებაა:
«ჩვენ გამოვყავით სოციალური ქცევის ფორმა, რომელიც მოთხოვნად მიიჩნევა» [იქვე]. უნდა ვიფიქროთ ეს ქცევა შუალედურია ცალსახად ბიოლოგიურად მოტივირებულ იმპულსურ ქცევასა და პრინციპულად არამოთხოვნილებისეულ ნებელობით ქცევას შორის. მაგრამ მისი ნამდვილი სტატუსი მაინც ძალიან ბუნდოვანია, პირველ რიგში იმის გამო, რომ არ არის გარკვეული მოთხოვნისა და მოთხოვნილების ცნებათა მიმართება. ტექსტიდან ისე ჩანს თითქოს მოთხოვნა არსებითად მოთხოვნილების მსგავსად მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს «მოთხოვნა» დამატებითი «უცნობია», რაც ისედაც არ აკლია ქცევის თეორიას. გარკვევით არც ის არის ნათქვამი, თუ რითი განსხვავდება ამგვარი «სოციალური ქცევა» იპულსურისაგან. თუ მარტო იმით, რომ უკანასკნელი მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების ნიადაგზე აიგება, ეს რეალობის იგნორაცია იქნება, რამდენადაც იმპულსური სოციალური ქცევა არსებობს და ჩვეულებრივი რამაა; ან იქნებ იმით, რომ იმპულსური ქცევა არაცნობიერად ხორციელდება, ხოლო «მოთხოვნითი» ცნობიერად? არც ეს იქნება მართებული, რადგანაც მოთხოვნაზე რეაგირება არაცნობიერადაც (უნებურად) შეიძლება (მაგ., ბავშვი). საზოგადოდ კი ის გარემოება, რომ მკითხველს ამ ვარაუდების გამოთქმა უწევს ავტორის მიერ საკითხის დამუშავების არასათანადო დონეზე მეტყველებს.
საკითხში გასარკვევად საჭიროა ავტორისთვის ამოსავალი ტრიადის (ინდივიდი-სუბიექტი-პიროვნება), შესაბამისი ტრიადის მონახვა იმპულსურობა-ნებელობითობის განასერში. აუცილებელია მოინახოს შუა რგოლი ქცევის ამ სახეობებს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივობის რეალური პროცესის დახასიათებას ვერ შევძლებთ (რისკენაც ისწრაფის დ. ნადირაშვილი და რაც დასაფასებელია). წერილის ტექსტის მიხედვით სუბიექტის აქტივობა გამოიხატება ტერმინით «ინტელექტუალური ქცევა» (იგივეა, რაც შ. ნადირაშვილის «თეორიული ქცევა») [11]. ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე ასეთი თვალსაზრისის გაზიარება შეუძლებელია, ვინაიდან ინტელექტუალური (თეორიული) ქცევა, კლასიფიკაციის მოთხოვნების მიხედვით, ვერ მოთავსდება იმპულსურსა და ნებელობითს შორის, რამდენადაც არ მიეკუთვნება ამავე განზომილებას. თეორიული ქცევა უპირისპირდება პრაქტიკულს და არა იმპულსურს ან ნებელობითს. შრომა, მაგალითად, ნებელობითი ქცევაა რეგულაციის დონის თვალსაზრისით; მასში ჩართული ფუნქციებისა და პროდუქტის (მიზნის) თვალსაზრისით კი იგი ან თეორიულია, ინტელქტუალურია (მაგ., მეცნიერის შრომა) ან პრაქტიკული (მაგ., მეშახტის შრომა). უმეტეს წილად კი ობიექტივაციის პლანში მიმდინარე ქცევა შერეულია, იგი მოტორიკასაც საჭიროებს და კოგნიციასაც (მათ შორის ინტელექტს). თუ იგი მოტივაციის პროცესის ფონზე მიმდინარეობს – მაშინ ის ნებელობითია. მაგრამ ამის გარეშეც, თუ ქცევის განხორციელების პროცესი ცნობიერად კონტროლდება, მას იმპულსური აღარ ეთქმის. ადამიანი, რომელიც სუფრაზე ხალისიანად დროს ატარებს, კერძებსაც მიირთმევს და სადღეგრძელოებსაც წარმოსთქვამს, ანუ ბიოლოგიურადაც ფუნქციონირებს და ინტელექტუალურადაც. დ. ნადირაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ამგვარი ქცევის ადეკვატური დახასიათების საშუალებას არ იძლევა. თავისი ბიოლოგიური კომპონენტის გამო იგი იმპულსურად უნდა შეირაცხოს, ხოლო აზრითი კომპონენტის გამო – თეორიულად. სინამდვილეში ის არც იმპულსურია და, მით უფრო არც – ინტელექტუალური. ესაა ცნობიერი ან ობიექტივირებული ქცევის ნაირსახეობა, რომელიც რეგულაციის საშუალო დონეზეა იმპულსურსა და ნებელობითს შორის [6].
თეორიული მოდელი, რომელიც ზუსტად არ აღწერს რეალობას, ვერც მის სწორ ახსნას მოგვცემს. განწყობის თეორია ქცევის ახსნითი სისტემაა. დ. ნადირაშვილის წერილის ინტენცია ნებელობითი ქცევა განწყობის თეორიის დღევანდელი პოზიციებიდან დახასიათებაში მდგომარეობს. ასეთად, ეტყობა, იგი მხოლოდ განწყობის სტატიკურ სტრუქტურაზე დამყარებულ სამდონოვან მოდელს მიიჩნევს. ეს მოდელი ფაქტობრივად გამორიცხავს განწყობის სტრუქტურის ცვალებადობას ქცევის მიმდინარეობის პროცესში. განწყობის სტრუქტურაში ყოველი ახალი მომენტის ჩართვის ფაქტი (ვთქვათ აზროვნებისა) გაგებულია, როგორც მიმდინარე ქცევის განწყობის შეცვლა ახალი განწყობით, რაც თავისთავად, სხვა ქცევის ფორმაზე გადასვლასაც ნიშნავს.
დ. ნადირაშვილის წერილში ვითარება ასეა წარმოდგენილი: ხორციელდება რაიმე პრაქტიკული იმპულსური ქცევა. ის შეფერხდა. ეს გარემოება «აღძრავს ობიექტივაციის საჭიროებას, რათა გაცნობიერდეს წინააღმდეგობა, მოინახოს შემაფერხებელი მიზეზი, განხორციელდეს გააზრებული მიზანშეწონილი ქცევა. ინტელექტუალური ქცევის განწყობა შემდეგი ფაქტორების საფუძველზე აღმოცენდება – 1. გაურკვეველი სიტუაცია; II. გარკვევის მოთხოვნილება; III. ოპერაციული შესაძლებლობები; ერთობლიობაში ყალიბდება ინტელექტუალური ქცევის განწყობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ქცევის შემაფერხებელი მიზეზის გარკვევა. ამ ცოდნის შეტანა შეფერხებული ქცევის განწყობაში სუბიექტს საშუალებას აძლევს გადაჭრას კონფლიქტი და შეასრულოს მიზანშეწონილი ქცევა» [10; 187].
როგორც ვხედავთ დ. ნადირაშვილი განწყობის სტატიკური სტრუქტურის მოდელით ხელმძღვანელობს. თავი დავანებოთ «გაურკვეველი სიტუაციისა» და «გარკვევის მოთხოვნილების» არც თუ გარკვეულ ტერმინებს (უფრო მართებულია ალბათ, «პრობლემური სიტუაცია» და «შემეცნების მოთხოვნილება» [11]; მთავარი მაინც ისაა, თუ რამდენად შეგვიძლია მივუყენოთ ეს მოდელი მეორე დონეზე განხორციელებულ ყოველგვარ აქტივობას? აქ სერიოზული სირთულეები წარმოიქმნება და რაზედაც არაერთხელ იქნა მითითებული [1][6][7][19][20] და სხვა. განწყობის სტატიკური მოდელის მიმართ პრეტენზიები ბოლო ხანს სულ უფრო მეტად ცნობიერდება და მკვლევარებს თეორიის ახლებური გააზრებისკენ მიმართავს [3][8][14]. გამოთქმულ შეფასებებსა და არგუმენტაციას პასუხი უსათუოდ ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიტიკამ შეიძლება «კრიტიკულ მასას» მიაღწიოს, რომლის მერე დაიწყება ამ მოდელის უარყოფის შეუქცევადი პროცესი. განწყობის ფსიქოლოგიაში დღეს არსებულ ვითარებაში გასარკვევად, ფრიად სასარგებლო იქნება, თუ კი ასეთი განწყობის თეორიით დაინტერესებული ავტორი, როგორც დ. ნადირაშვილია, გამოეხმაურება ამ მოწოდებას!
მოცემულ კონტექსტში მეტის თქმა უადგილოა. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ სტატიკური მოდელი ძალზე ართულებს განწყობის თეორიის ენაზე ქცევის აღწერისა და ახსნის რეალური სურათის წარმოდგენის საქმეს. საილუსტრაციოდ აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული ვითარების გარკვევით დავკმაყოფილდეთ. ვთქვათ განსხვავებით უზნაძის მაგალითებისაგან, მიმდინარე პრაქტიკული ქცევა არ წყდება, თუმცა მასში პრობლემებმა იჩინა თავი. პრობლემების ხასიათი ისეთია, რომ მათი გადაწყვეტა აუცილებელია მიზანშეწონილი ქცევისთვის. სუბიექტი აცნობიერებს, ობიექტივაციას უკეთებს ამას და იწყებს ფიქრს (აზროვნებას) იმაზე, თუ როგორ გადაწყვიტოს ქცევის შესრულების ტექნიკური პრობლემები. ვითარების სპეციფიკა ისაა, რომ იგი პარალელურად განაგრძობს ამ ქცევის განხორციელებას. პირველი და მეორე დონის ქცევებისა და შესაბამისი განწყობების მონაცვლეობას, როგორც ამას სტატიკური მოდელი გვიხატავს, ადგილი არა აქვს. მსგავსი რამ რეალურ აქტივობაში მეტად გავრცელებულია.
ხშირია, როცა ქცევას ისე ვიწყებთ, რომ ბოლომდე არც კი გვაქვს გააზრებული მისი საშემსრულებლო ასპექტები და მათ პრაქტიკული აქტივობის მსვლელობაში ვამუშავებთ. შეიძლება სირთულე სიტუაციურად, მოულოდნელად აღმოცენდეს და ჩვენ მის გადალახვაზე ვიზრუნოთ ქცევის შეუწყვეტლად. მაგალითად, მანქანა მიგვყავს და თან ვფიქრობთ სად დავაყენოთ იგი. დინამიკური მოდელისთვის აქ არავითარი სირთულე არ არსებობს: მოცემულია ერთი ქცევა თავისი აქტუალური განწყობით, რომელშიც ჩართულია როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული აქტები. ეს უკანასკნელნი თეორიული ქცევა კი არა, მოქმედებები ან ოპერაციებია და, როგორც ასეთნი, საკუთარ განწყობას არ საჭიროებენ. სტატიკური მოდელი მოითხოვს, რომ ეს აზროვნებითი აქტივობა დამოუკიდებელ ქცევად იქნას მიჩნეული, თავისი განწყობით და ამ უკანასკნელისთვის აუცილებელი ფაქტორებით. მაშინაც, თუ ასეთები მოინახება (რაც ძალიან საეჭვოა, თუნდაც მოტივაციურ ფაქტორთან მიმართებაში – ძნელია ვინმეს დარწმუნება იმაში, რომ მანქანის პარკინგის საკითხის გადაწყვეტისას ნორმალური ადამიანი თეორიულ მოთხოვნილებას, ინტერესს განიცდის), გადასაჭრელი იქნება მიმდინარე პრაქტიკული ქცევის მოქმედი აქტუალური (სიტუაციური) განწყობისა და იმავდროულად მოქმედი თეორიული ქცევის განწყობის მიმართების პრობლემა. უეჭველია, რომ იგი ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით განწყობის მთლიანპიროვნულობის თეზისის გათვალისწინებით. საინტერესოა, აგრეთვე, საზოგადოდ, რა სახისა და დონის ქცევად თუ ქცევებად მონათლავს ამ აქტივობას განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელი?
მესამე, ანუ პიროვნული დონის სიტუაციური განწყობის ფაქტორებად დასახელებულია: I – სოციალური მოთხოვნა; II – სოციუმის თანხმობა ან უთანხმოება; III – სოციალური ქცევისთვის საჭირო მორალურ-ზნეობრივი, პროფესიული და სხვა ოპერაციული შესაძლებლობები.
სოციალური განწყობა ამ სამი ფაქტორის მოქმედების შედეგად იქმნება. მთავარი აქ ისაა, რომ ნებელობითი ქცევა სწორედ ამ დონეზე იშლება. პიროვნების დონეზე შექმნილი განწყობა ნებელობითი ქცევის განწყობაა. თუ ასეა, მაშინ როგორღა შეიძლება იყოს ამ განწყობის შინაგანი ფაქტორი «სოციალური მოთხოვნა», რომელსაც ცალსახად უკავშირდება არანებელობითი ბუნების მქონე «სოციალური ქცევის ფორმა, რომელიც მოთხოვნად მიიჩნევა» [10; 185]. აი ავტორის მაგალითიც: «ტოტალიტარულ ქვეყნებში, პარტიულ შეკრებაზე ხშირად არავინ გამოდის მმართველი რეჟიმის კრიტიკით, თუმცა დამსწრეებს ბევრი რამე აქვთ საპროტესტოდ სათქმელი. ამგვარ სიტუაციაში სიჩუმის შენარჩუნებას ნებელობას ვერ მივაწერთ. ესაა სოციალური მოთხოვნის გათვალისწინება. ასეთი ქცევა საკუთარ იმპულსებს თრგუნავს, უპირისპირდება, მაგრამ ნებელობით აქტად მაინც არ მიიჩნევა» [იქვე]. ამავე დროს აშკარაა, რომ აღწერილი ქცევა ზედმიწევნით ზუსტად ხასიათდება პიროვნების დონის განწყობის მოდელით და, მაშასადამე, ნებელობითად უნდა იქნას განხილული. წინააღმდეგობა თვალში საცემია – ბოლოს და ბოლოს, რომელი ქცევის განწყობის შინაგანი ფაქტორია ეს გაურკვეველი მოტივაციური ბუნების მქონე წარმონაქმნი – სოციალური მოთხოვნა – მოთხოვნითი ქცევისა თუ ნებელობითის?
პროდუქტიულად არც ის დებულება გამოიყურება, რომ მოტივაცია ინტელექტუალური პროცესია. ეს თეზისი საერთოდ არ არის დასაბუთებული და სახტად ტოვებს იმ მკითხველს, რომელიც აქამდე შემეცნებითი, ემოციური და მოტივაციური ფსიქიკური პროცესების გამიჯვნას იყო ჩვეული. ვინაიდან დ. ნადირაშვილი არ იმოწმებს სხვა ავტორს, საფიქრებელია, რომ ეს მისი საკუთარი იდეაა. ძნელი სათქმელია რა მოსაზრება უდევს მას საფუძვლად. ყოველ შემთხვევაში წერილის კონტექსტიდან იგი არ გამომდინარეობს, სადაც მსჯელობა ასე ვითარდება: მოტივაციის არსი ისაა, რომ სუბიექტი ახერხებს არსებული განწყობებიდან რომელიმეს აქტუალურ მდგომარეობაში გადაყვანას; ამისთვის იგი ერთ-ერთ პიროვნულ განწყობას «მოაქცევს ფსიქიკური აქტივობის ფოკუსში» და თავისი «ზოგადი ორიენტაციების საფუძველზე ანიჭებს მას უპირატესობას»; ყოველივე ეს «ხშირად ხანგრძლივი ფსიქიკური აქტივობის საფუძველზე სრულდება», რომელიც «ინტელექტუალური პროცესია» [10; 187].
საიდან გამომდინარეობს ეს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რანაირად შეუძლია აზროვნებას, საკუთარ ფოკუსში მოქცევით, რომელიმე განწყობა აქტუალურ მდგომარეობაში გადაიყვანოს და სხვებზე უპირატესობა მიანიჭოს. ამისთვის ხომ ძალაა საჭირო; ამიტომაც ითვლება ეს პროცესი ვოლიტურად. მარტო აზროვნებისთვის ეს მართლაც გასაოცარი «ფოკუსი» იქნებოდა. ამა თუ იმ ქცევის უპირატესობის გამოვლენა, «აწონვა» ღირებულებების სასწორზე ხდება. ე.წ. «პოზიციური აზროვნების» [12] დროს არჩევანი გაკეთებულია და აზროვნება მის გამართლებაზე ზრუნავს რაციონალური საშუალებებით (იმიტომაცაა ის აზროვნება). არჩევანი, როგორც ნებელობითი პროცესის ნაწილი, როგორც ნებისყოფის პერიოდი, სხვა ბუნებისაა. ამ შემთხვევაში ქცევის ღირებულება კი არ უნდა დაამტკიცო ან გაიგო – უნდა იგრძნო, განიცადო. აქ გადამწყვეტია ემოციურ-მოტივაციური პროცესი, თუმცა მას უდავოდ აქვს სოლიდური კოგნიტური კომპონენტიც. ამიტომაცაა, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია უკვე კარგა ხანია ასეთ პროცესებს, მასში მონაწილე ფსიქიკურ წარმონაქმნებს კოგნიტურ-მოტივაციურს უწოდებს და საკმაოდ დახვეწილადაც აანალიზებს [21][22].
მოტივაცია ნამდვილად რთული პროცესია, რომელსაც მრავალი კომპონენტი აქვს, მათ შორის კოგნიტური (ინტელექტუალური). მაგრამ, თუ მაინცა და მაინც უკიდურესი კოგნიტივიზმის პოზიციებზე არ ვდგავართ, იგი რჩება სპეციფიკურ და სხვაზე დაუყვანად ფსიქიკურ პროცესად, თუმცა კოგნიტურ ფსიქოლოგიაშიც კი არ ხდება ინტელექტისა და მოტივაციის სრული გაიგივება [20]. განწყობის ფსიქოლოგიაში, დ. უზნაძიდან მოყოლებული, მოტივაცია ნებელობითი ქცევის მოსამზადებელი პერიოდის ინტელექტუალური ეტაპის მომდევნო, დამოუკიდებელ ეტაპად (პროცესად) მიიჩნევა [10]. ძალიან სერიოზული დასაბუთების გარეშე საწინააღმდეგოს მტკიცება ნებელობის განწყობისეული თეორიის განვითარებად ვერ ჩაითვლება.
დასასრულ, ორიოდე სიტყვა ნების თავისუფლების შესახებ. წერილში არაა მოცემული არც ამ საკითხის გარშემო განწყობის ფსიქოლოგიაში არსებული მოსაზრებების ანალიზი [2][5][11][13][15] [17] და არც საკუთარი პოზიციის დასაბუთება. უბრალოდ განცხადებულია, რომ ნებელობა, კერძოდ გადაწყვეტილება არის პიროვნების თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ასპარეზი[26], რაც არაერთხელ გამოთქმულა აზროვნების ისტორიაში, ისევე როგორც საწინააღმდეგო – დეტერმინისტული მოსაზრებაც. მაგრამ ჩვენ ხომ ის გვაინტერესებს, რამდენად გამომდინარეობს ერთი ან მეორე განწყობის თეორიიდან. დ. უზნაძის მოსაზრება მაინც რომ გაეთვალსწინებინა ჩვენს ავტორს, იქნებ არ მოხვდებოდა ინდეტერმინიზმის სრულ ტყვეობაში. აბა სხვას რას უნდა ნიშნავდეს შემდეგი პასაჟი: «ნებელობითი ქცევის არსებითი თავისებურება ისაა, რომ იგი არ ემორჩილება მოვლენათა მიზეზშედეგობრივ კანონზომიერებებს, იგი არც ასოციაციური კანონების საფუძველზე ხორციელდება და არც ლოგიკური გამომდინარეობის პროცესია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანი თავისუფალი არსებაა. გადაწყვეტილების მიღება აუცილებლობით არ ხასიათდება. იგი, პიროვნების თავისებურებათა გათვალისწინებით, ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც მოცემულ მომენტში მის მიზნებსა და ამოცანებს შეესატყვისება და მომავალი ვითარების შექმნას ედება საფუძვლად … პიროვნება საკუთარი ქცევის თავისუფლად ამომრჩევია. განწყობათა მრავალფეროვნებიდან პიროვნებას ნებისმიერის ფოკუსში მოქცევა და ამორჩევა ხელეწიფება. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს პიროვნება – არსებობს ნების თავისუფლებაც» [10; 186-187].
ეს, რომ ამას ნიშნავდეს, არც თავისუფლების პრობლემა იარსებებდა. პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანს უნარი აქვს გადაწყვეტილება მიიღოს, არამედ ის, არის თუ არა არჩევანი და გადაწყვეტილება რაიმეთი პირობადებული, ეყრდნობა თუ არა იგი რაიმე საფუძველს. თუ არა – მაშინ ეს უბრალოდ თვითნებობაა (რასაც სხვათა შორის ქართული ხალხური ფსიქოლოგიური გონი არანორმალურობად მიიჩნევს – «გიჟი თავისუფალია») ან რაღაც ზებუნებრივი. თუ კი – მაშინ ეს ერთი მოვლენის მეორით განსაზღვრულობაა, ანუ აუცილებლობისა და არა თავისუფლების სფერო.
მართლაც გაუგებარია, რის საფუძველზე აცხადებს დ. ნადირაშვილი, რომ თავისუფალი ნებელობითი ქცევა არავითარ კანონზომიერებას არ ემორჩილება, არც კაუზალურს, არც იმპლიკაციურს და საზოგადოდ აუცილებლობის და განსაზღვრულობის კატეგორიებთან არაფერი აქვს საერთო. უნდა გვესმოდეს, რომ ამგვარ კატეგორიულ და დაუსაბუთებელ მტკიცებებს ლოგიკურად მივყავართ ისეთ დებულებებამდე, რომელთაც, საფიქრებელია, თვითონაც არ მიიღებს. კერძოდ ასეთი – ვითარება, რომელიც აუცილებელი არაა – შემთხვევითია (გამოდის, რომ ნებელობითი ქცევა შემთხვევითი ყოფილა?!); ან ასეთი – მოვლენა, რომელიც კანონზომიერებას არ ემორჩილება ანუ სხვა რეალურ მოვლენებთან კავშირი არ აქვს – მისტიკურია (გამოდის, რომ ნებისყოფის ფსიქოლოგია მისტიკის სფერო ყოფილა?!).
თუ დ. ნადირაშვილს ასე აქვს წარმოდგენილი ნებელობითი ქცევა (და ნებისყოფის ფუნქცია) საკამათო არც არაფერია გვაქვს, რამდენადაც მაშინ იგი უბრალოდ მეცნიერების ფარგლებიდან გადის.
ხელოვნებასაც და თეოლოგიასაც აქვთ თავისი კანონიერი ინტერესები ადამიანური ქცევის საიდუმლოებათა წვდომის თვალსაზრისით. სხვათა შორის არსებითად იგივე პოზიციაზე დგას ეგზისტენციალური თვალსაზრისიც, რომელმაც ძალუმად შემოაღწია ქართულ ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზრში და რომელსაც, დიდი ალბათობით, ჩვენი ავტორიც ემხრობა. ეგზისტენციალიზმის მიხედვით, თავისუფლება, როგორც ადამიანის კონსტიტუტური ნიშანი, მას კანონზომიერების, მიზეზისა და საფუძვლის გარეშე ტოვებს (სარტრი), ხოლო შემეცნებას საშინელ ალტერნატივას უყენებს: ან ადამიანი როგორც კვლევის საგანი – ან ადამიანი, როგორც თავისუფლება (იასპერსი) [4].
რა თქმა უნდა, ყველა «თავისუფალია» აირჩიოს მსოფლმხედველობრივი პოზიცია. მაგრამ, ამავე დროს, ისიც უნდა იყოს გაცნობიერებული, რომ მეთოდოლოგიური პოზიცია არსებითად განსაზღვრავს ფსიქოლოგიური თეორიის სახეს. საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული ტიპის ფსიქოლოგიების დაპირისპირების კონტექსტში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აქ მხედველობაში გვაქვს ის, რომ ერთდროულად თავისუფლების ანუ ინდეტერმინიზმის და განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციებზე დგომა ერთმანეთთან შეუთავსებელია, ვინაიდან ეს უკანასკნელი ერთმნიშვნელოვნად მიეკუთვნება საბუნებისმეტყველო ტიპის ფსიქოლოგიურ სისტემებს. იგი იზიარებს ფსიქოლოგიის ამ ვერსიის ყველა არსებით ნიშანს. მას აქვს გამოხატული დეტერმინისტული სულისკვეთება, მიმართულია ზოგადი კანონზომიერებების დადგენასა და ახსნაზე; მისი ძირითადი ინტენცია არის ფსიქიკური აქტივობის ფუნდამენტური მექანიზმის (განწყობის) გამოვლენა და დახასიათება მკაცრი ექსპერიმენტული და გაზომვითი პროცედურების მეშვეობით. ამ განწყობისეული მექანიზმის ფორმირება-ფუნქციონირების კანონების ცოდნა პრინციპულ შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ფსიქიკური და ქცევითი გამოვლინებების წინასწარმეტყველებისა და მართვისა. ყოველივე ეს რადიკალურად განსხვავდება ჰუმანიტარული ტიპის ფსიქოლოგიის ინდეტერმინისტურ-იდეოგრაფიული პარადიგმისაგან [5].
დ. უზნაძის მკაფიო დეტერმინისტულ-ნომოთეტური პოზიცია იმაში ვლინდება, რომ მეცნიერების ძირითად ამოცანად მოვლენების ახსნა, ანუ მათი მიზეზების გარკვევაა დასახული. ქცევა «მთლიანად მიზეზობრივ რკალშია ჩართული: მიზეზ-შედეგის ჯაჭვი აქ არსად წყდება … ქცევა განწყობით არის უშუალოდ განსაზღვრული: იგი არის მისი აღმოცენების უშუალო მიზეზი» [15; 89]. თავად განწყობის ფორმირებაც შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით დეტერმინირებული პროცესია. ეს ეხება ყოველგვარი ქცევის განწყობას, მათ შორის ნებელობითისას. ამავე დროს, დ. უზნაძე კარგად ხედავს ბუნების მეცნიერებებში მიღებული მექანიკური კაუზალობის პრინციპის ფსიქოლოგიის სფეროში პირდაპირ გადმოტანასთან დაკავშირებულ სირთულეებს და აქ დეტერმინაციის სპეციფიკური სახის არსებობასაც უშვებს [5].
თუ «ნებელობა თავისუფალი პიროვნული ქცევის მამოძრავებელი ძალაა» [10; 188][27], რომელსაც ადამიანი, «მე» თვითნებურად იყენებს მოთხოვნილებების დასათრგუნად, აქტუალური განწყობების შესაქმნელად თუ დისპოზიციურის გასააქტიურებლად, მაშინ საერთოდ რაღა საჭიროა განწყობა თავისი ფაქტორებით, აღმოცენებისა და შეცვლის კანონებით; ე.წ. თავისუფალი ნება თავის საქმეს მათ გარეშეც მშვენივრად მოაგვარებს, აქტივობასაც აღძრავს და წარმართავს, ქცევის საფუძველიც იქნება და მექანიზმიც. ვოლუნტარისტულ კონცეფციებს განწყობის ტიპის დეტერმინისტული კონსტრუქციები არ ესაჭიროება.
საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ თავისუფლების თავის თავად ძალიან მომხიბლავი ცნება განწყობის ფსიქოლოგიის სისტემაში მისაღები გახდება, თუ მას მოენახება ისეთი მნიშვნელობა, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოვა მეცნიერებისაგან მოუცილებელ კანონზომიერების (დეტერმინაციის) კატეგორიასთან. რაც მთავარია, თეორიულად იქნება დასაბუთებული და პრაქტიკულად ნაჩვენები, თუ როგორ არის შესაძლებელი თავისუფალი ანუ ინდეტერმინირებული პროცესის მეცნიერული კვლევა. ამის გარეშე ყოველგვარი დეკლარაციული განცხადებები ნებელობითი ქცევის თავისუფლების შესახებ ფუჭი და მეცნიერულ ღირებულებას მოკლებული დარჩება. თავისუფლების ურთულესი პრობლემა, რომელმაც ბევრი გენიოსი დააჩოქა, ასეთ «თავისუფალ» მოპყრობას არავის პატიობს.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მისასალმებელია, რომ ნებელობის თეორიის მკვლევართა მცირე ჯგუფს ახალი წევრი შეემატა. კარგი იქნება თუ იგი ამ მიმართულებით განაგრძობს მუშაობას. პირველმა მცდელობამ, ბუნებრივია, ბევრი კითხვა აღძრა, რომელთა შესახებ ცოტაოდენი ზემოთ ვიმსჯელეთ, ბოლოს კი დაწურული ფორმით წარმოვადგენთ:
არსებობს თუ არა ბიოლოგიურის გარდა სხვა სახის მოთხოვნილებები და თუ არა რატომ?
რატომ არის ბიოგენური და ფსიქოგენური მოთხოვნილებებით აღძრული ქცევა აუცილებლად იმპულსური, მაშინაც თუ მან მოტივაციის პროცესი გაიარა და მისი რეგულაცია ობიექტივაციის პლანში მიმდინარეობს?
რას წარმოადგენს «სოციალური მოთხოვნა», როგორც მოტივაციური ცვლადი, რითი განსხვავდება იგი, ვთქვათ, სოციოგენური მოთხოვნილებებისაგან?
რა ბუნებისაა სოციალური მოთხოვნით აღძრული ე.წ. «სოციალური ქცევის ფორმა», იმპულსურია, ნებელობითი თუ კიდევ სხვა რამ? რის საფუძველზეა მიჩნეული, რომ მეორე დონის, ანუ იმპულსურსა ნებელობით დონეებს შორის ქცევები აუცილებლად ინტელექტუალურია (თეორიულია)?
რითი მტკიცდება, რომ ქცევის შეფერხებისას დამატებითი კოგნიტური პროცესების ჩართვა აუცილებლად ახალი (თეორიული) განწყობის შექმნას საჭიროებს, როგორც ამას ე.წ. «განწყობის სტატიკური სტრუქტურის» მოდელი ითვალისწინებს?
რომელი განწყობა წარმართავს ნებელობით ქცევას, აქტუალიზებული ფიქსირებული «პიროვნული განწყობა», თუ ახალი სიტუაციური განწყობა, რომლის სუბიექტური ფაქტორია «სოციალური მოთხოვნა», ხოლო ობიექტური – «სოციუმის თანხმობა ან უთანხმოება»?
რატომაა მოტივაციური პროცესი ინტელექტუალური, არსებობს თუ არა საკუთრივ მოტივაცია, როგორც სპეციფიკური ფსიქიკური მოვლენა?
როგორ შეიძლება ნებელობითი ქცევის მეცნიერული შესწავლა, თუ ის არავითარ კანონზომიერებას არ ემორჩილება, არც კაუზალურს, არც იმპლიკაციურს და, საზოგადოდ, აუცილებლობის და განსაზღვრულობის კატეგორიებთან არაფერი აქვს საერთო?
როგორ უკავშირდება თავისუფლების კატეგორია განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას, თუ ეს უკანასკნელი დეტერმინისტულ-ნომოთეტურ-ექსპერიმენტულ პარადიგმას ეფუძნება?
ირაკლი იმედაძე
წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში