ვარიაციები განწყობის სტრუქტურის დინამიკური მოდელის თემაზე
ქცევის აღწერითი და ახსნითი მოდელები ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ეს დაუწერელი კანონია ქცევის ყოველი გამართული თეორიისთვის. ხარვეზები ამ საქმეში ბევრი გაუგებრობის, წინააღმდეგობის თუ, საზოგადოდ, თეორიის არასწორი მიმართულებით განვითარების წყარო შეიძლება გახდეს. გარკვეულწილად ასე მოხდა განწყობის თეორიაში. დ. უზნაძე ამოდიოდა არა მხოლოდ ე. წ. «განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელიდან», როგორც მას შ. ჩხარტიშვილმა უწოდა, არამედ აგრეთვე, «ქცევის დისკრეტული მოდელიდანაც». პირველი ქცევის დეტერმინაციას, მისი მექანიზმის ფუნქციონირებას ეხება და ამდენად თეორიის ახსნით ნაწილს განეკუთვნება. მეორე ეხება ემპირიულად მიმდინარე დაკვირვებად აქტივობის პროცესს. ანალიზს ექვემდებარება ამ აქტივობის «გრძნობადი ქსოვილი» მასში რაიმე აზრისა და მნიშვნელობის მქონე მონაკვეთებისა თუ ნაწილების გამოყოფის მიზნით.
უზნაძე აქტივობას დიდ მორალურ ერთეულებად ყოფს და მათ ქცევას უწოდებს. ეს სავსებით მართებული მიდგომაა, თუ იგი ე. წ. «მოლეკულარულ» თვალსაზრისთან იქნება დაპირისპირებული. განწყობა მოაზრებულია ამ დიდი ერთეულის ანუ ქცევის დეტერმინაციის ფუნდამენტურ მექანიზმად. ქცევა განწყობის გარეშე ვერ განხორციელდება. განწყობა განიხილება იმ ქცევასთან ერთობლიობაში, რომელსაც იგი ემსახურება. განწყობა წარმოიქმნება ქცევის მიზანშეწონილების უზრუნველსაყოფად. ესაა მისი ფუნქცია.
ეს უზნაძის განწყობის თეორიის ამოსავალი დებულებებია, რომლებზეც ამ კონცეფციის მიმდევრებს შორის არავინ დავობს. ამავე დროს, დგება საკითხი არა მხოლოდ აქტივობის დიდი ერთეულების (ანუ ქცევის) შესახებ, არამედ თვით ქცევის საშენი მასალის, ასე ვთქვათ, «მოლეკულების» და «ატომების» შესახებაც. აშკარაა, რომ ქცევა, როგორც მთლიანობა, მრავალი განსხვავებული სახის ფსიქიკური და სხეულებრივი მოვლენებისაგან და პროცესებისაგან აიგება. ისინი, თავის მხრივ, აქტივობის სხვადასხვა მონაკვეთებს შეადგენენ, რომელთა თანმიმდევრულ განხორციელებას ქცევის საბოლოო მიზნამდე მივყავართ. უზნაძეს არ დაუტოვებია ჩამოყალიბებული თვალსაზრისი ქცევის სტრუქტურის შესახებ. მის მიმდევრებში კი აზრი სერიოზულად გაიყო, როგორც თვით ქცევის მდგენელების აღწერითი მახასიათებლების (მაგალითად, ვერაფრით ვერ გაირკვა მოქმედების ქცევისაგან განმასხვავებელი ნიშნები), ისე მათი განწყობასთან მიმართების საკითხში [14][16][17][20]. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქცევის თეორიის აღწერით ნაწილში მიმდინარე ამ კვლევის შედეგები არ აისახა განწყობისეული მექანიზმის დახასიათებაზე ანუ თეორიის ახსნით ნაწილზე. თეორიის მიმდევართა აბსოლუტური უმრავლესობა, ჩხარტიშვილის რამდენიმე მოსწავლის გარდა, განაგრძობდა დგომას განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელის პოზიციებზე. ეს ეხება იმ ახალ მიმართულებასაც, რომელსაც «განწყობის ანთროპული თეორია» ეწოდა [6].
ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ უზნაძე უაღრესად სერიოზულად ეკიდებოდა აღწერითი თეორიის კიდევ ერთ საკითს. მხედველობაში გვაქვს აქტივობის დიდი ერთეულების ანუ ქცევების ერთმანეთისაგან გარჩევის საკითხი. მან შექმნა ფსიქოლოგიაში უნიკალური ქცევათა კლასიფიკაციის სისტემა. იგი ძალზე საინტერესოა, შეიცავს მრავალ ორიგინალურ და ნაყოფიერ იდეას, მაგრამ მის ფარგლებში მაინც ვერ ხერხდება ქცევების ავტონომიური, დამოუკიდებელი ფორმების მკაფიო და დამაჯერებელი დისკრიმინაცია თეორიულად ნათელი და პრაქტიკულად ხელმოსაკიდი პრინციპებისა და კრიტერიუმების მიხედვით. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს კლასიფიკაცია ჯერაც რჩება ამგვარი მცდელობის საუკეთესო ნიმუშად, რაც უთუოდ საკითხის უკიდურეს სირთულეზე მიანიშნებს.
აქტივობის აღწერითი დისკრეტული მოდელი, რომელზეც განწყობის თეორიის კლასიკური ვარიანტია დაფუძნებული, ამოდის შემდეგი მოსაზრებებიდან: 1. აქტივობის პროცესი არის ერთმანეთზე გადაბმული, მაგრამ მკაფიოდ დიფერენცირებული ერთეულების (ქცევების) მონაცვლეობა; 2. ქცევის გარეგან და შინაგან გარემოებათა ოდნავი ცვლილება იწვევს აქტივობის შინაარსის ისეთ ტრანსფორმაციას, რომ იგი ახალი ქცევის სახეს იღებს; 3. არ არსებობს არსებითი განსხვავება ქცევის პროცესსა და ფსიქიკურ პროცესს შორის. ესა თუ ის ფსიქიკური პროცესი (ფუნქცია) ქცევის სტატუსის მატარებელი შეიძლება იყოს.
ამის შესაბამისად აქტივობის ახსნითი მოდელი შემდეგ სახეს იღებს: 1. ყველა ქცევას აუცილებლად საკუთარი, ექსკლუზიური განწყობა ემსახურება, რომელიც მკაფიოდ არის დიფერენცირებული წინარე განწყობიდან. 2. ყოველი სიახლე ქცევაში (მეტადრე მისი შემაფერხებელი) იწვევს მიმდინარე ქცევის შეწყვეტას, კვალიფიცირდება ახალი ქცევის დაწყების წინაპირობად და უკავშირდება შესაბამისი ახალი განწყობისეული მექანიზმის შექმნას; 3. სავსებით გამართლებულია სხვადასხვა ფსიქიკური პროცესების (აღქმა, აზროვნება, წარმოსახვა, ემოცია და სხვა) რელევანტურ განწყობათა შესახებ ლაპარაკი.
ამ ორი მოდელის გამთლიანება ქცევის ერთიან კონცეფციაში გვაძლევს ე. წ. «განწყობის სტატიკურ-დისკრეტულ მოდელს» [2].
1. როგორც ითქვა, აქტივობის აღწერის დისკრეტული მოდელის პირველი ნიშანი ისაა, რომ პროცესი მკაფიოდ განცალკევებულ ქცევით ერთეულებად იყოფა. მაგრამ აქტივობის პროცესისთვის დამახასიათებელია მუდმივი ტრანსფორმაცია და უწყვეტობა. მას უფრო ნაკადთან (ცნობიერების ნაკადის მსგავსად) ანალოგია ესადაგება და არა ჯაჭვისა თუ ჯარისკაცთა რიგის დისკრეტულ სურათთან. აქტივობის შინაარსი ყოველთვის მეტ-ნაკლებად ცვალებადობს მოტივაციური, ოპერაციული, სიტუაციური პირობების დინამიკის შესაბამისად, ისე რომ ხშირად ძნელია, გამოყო მასში რაიმე მყარი და სხვებისაგან ნათლად გამორჩეული ქცევითი პატერნები. მაშინაც, როცა ეს ასე თუ ისე ხერხდება და აქტივობა გარკვეულ მომენტში მკვეთრად იცვლის მიმართულებას, რაც ახალი ქცევის დაწყებად შეიძლება მივიჩნიოთ, იგი მაინც ამჟღავნებს კავშირს წინარე აქტივობასთან. ცნობიერებისა არ იყოს, რეალური აქტივობა არასდროს არაა იმდენად შეზღუდული აწმყოთი, რომ მასში სულ არ იყოს მინიშნება იმაზე, რაც მას წინ უძღოდა. აქტივობის ყოველი ახალადწარმოქმნილი მოვლენა თავისი ინტენსივობის, ტონუსის, შინაარსისა და მიმართულების ნაწილს იღებს წინმსწრები მოტორული თუ მენტალური აქტებისაგან. ამიტომ ქცევებად წოდებულ ერთეულებს შორის საზღვრები ერთობ პირობითია, ზოგჯერ კი სულაც წაშლილი. არც თუ იშვიათად, ერთი ქცევა მეორის წიაღში აღმოცენდება და აქტივობის ერთიანი ნაკადის სახით მასთან ერთად მიმდინარეობს. ასეთ აქტივობას ორი და მეტი ფოკუსი აქვს. მისი დახასიათება ავტონომიური ქცევების უბრალო კონგლომერატის სახით ნაკლებად ნაყოფიერია. ძალიან ხშირად ქცევები იმდენადაა ერთმანეთში გადახლართული, რომ უპრიანია ვილაპარაკოთ მათ ანსამბლებზე ან, უფრო ზუსტად, კომპლექსურ აქტივობაზე, რომელიც ერთიან რთულ ინტენციონალურ შინაარსს ქმნის და არ იშლება მის შემადგენელ «დამოუკიდებელ ქცევებად».
გამოვიყენოთ უზნაძის ცნობილი მაგალითი, რომელიც მან მოტივზე თავისი შეხედულების საილუსტრაციოდ აღწერა. მეცნიერი ალტერნატივის წინაშეა, წავიდეს საინტერესო კონცერტზე, თუ დარჩეს სახლში სამუშაოდ. აქ ორი ღირებულება (და შესაბამისი ქცევა) უპირისპირდება ერთმანეთს: ესთეტიკური სიამოვნება და საქმის საჭიროება. მეცნიერი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, ვინაიდან მას მეტი სუბიექტური ღირებულება (ანუ უფრო ძლიერი მოტივი) აღმოაჩნდა. ამასობაში ტელეფონით ატყობინებენ, რომ კონცერტზე იქნება პიროვნება, რომელთან შეხვედრა მისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. გარკვეული ყოყმანის შემდეგ იგი კონცერტზე წასვლას გადაწყვეტს. რა მოხდა ამ შემთხვევაში? უზნაძის ანალიზი ასეთია: ადამიანი ძველ ქცევას კი არ დაუბრუნდა, არამედ ახალი ქცევის შესრულების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან კონცერტზე წასვლის აქტივობა არცაა ქცევა, როგორც ასეთი. ის მხოლოდ ე. წ. «ფიზიკური ქცევაა», ხოლო «ფსიქოლოგიურ ქცევად» მას აქცევს გარკვეული მოთხოვნილება, მიზანი, რომელსაც იგი უკავშირდება. კონცერტზე წასვლა ესთეტიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სხვა ქცევაა, გასართობად – მეორე, ხოლო ახალი ნაწარმოების გასაცნობად – მესამე და ა. შ. «წინა გადაწყვეტილების აქტით – წერს უზნაძე – მე უარვყავი «ესთეტიკური სიამოვნების მიზნით კონცერტზე წასვლა»; ახლა კი, როდესაც ნაცნობის ნახვის მოტივი გამიჩნდა, ძველი გადაწყვეტილება კი არ შემიცვლია: მე მხოლოდ ფიზიკურად იმავე ქცევის შესრულება გადავწყვიტე, რომელიც უარვყავი (კონცერტზე წასვლა), თორემ ფსიქოლოგიურად სრულიად ახალი ქცევის შესრულება ვამჯობინე, სახელდობრ, «კონცერტზე წასვლა ნაცნობთან შეხვედრის მიზნით». ხომ ცხადია, რომ ეს უკანასკნელი სულ სხვა ქცევაა, ვიდრე კონცერტზე წასვლა ესთეტიკური სიამოვნების მიღების მიზნით» [9; 212].
ეს მართლაც ასეა. მაგრამ საკითხავია, რატომ უნდა დავუპირისპიროთ ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს? კონცერტზე წასვლა ნაცნობთან შესახვედრად სულაც არ გამორიცხავს ესთეტიკური სიამოვნების მიღებასაც. პირიქით, თუ უფრო ზუსტად გავაანალიზებთ რეალობას, ცხადი უნდა იყოს, რომ რაკიღა სამუშაოს მაინც მოსცდა, ადამიანი გამოიყენებს შესაძლებლობას და კონცერტსაც მოუსმენს. ამდენად, მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილი ფსიქოლოგიური აზრი კომპლექსური აქტივობის განხორციელებაშია. კონცერტზე წასვლის კომპლექსურ აქტივობაში მოცემულია ორი მიზან-მოთხოვნილება. სახლში მუშაობას ამჯერად უპირისპირდება აქტივობა ასეთი შინაარსით – წავიდეს კონცერტზე, რათა დატკბეს მუსიკით და ამავე დროს განახორციელოს საქმიანი შეხვედრა. მისი ორივე მდგენელი ინტეგრირებულია ახალ მთლიანობაში, რომელიც ვეღარ აღიწერება «დისკრეტული მოდელის» ენაზე, როგორც ორი ქცევის უბრალო ჯამი. ეს კომპლექსური აქტივობა საკუთარი მოტივის მატარებელია, რომელიც სუბიექტისთვის მის ერთიან ღირებულებას გამოხატავს. მისი ღირებულება სწორედ ამიტომ აღემატება სამუშაოსთან დაკავშირებული ქცევის ღირებულებას, თორემ ცალკ-ცალკე ვერც ერთი ეს მიზანმოთხოვნილება ვერ გადასწონიდა მუშაობის საჭიროებას.
აღნიშნული კომპლექსური აქტივობა ახალი «ქცევითი რეალობაა», რომლისთვისაც ადგილის მიჩენა ქცევათა უზნაძისეულ კლასიფიკაციაში უბრალოდ შეუძლებელია. მართლაც, რომელ ქცევათა კლასში უნდა შევიყვანოთ იგი? მოთხოვნილების კრიტერიუმით თუ ვიხელმძღვანელებთ – ვერც ერთში, ვინაიდან აქ აქტივობის აღძვრა მინიმუმ ორი მოთხოვნილებით ხდება, ანუ ქცევა პოლიმოტივირებულია. უზნაძის კლასიფიკაცია ამოდის მოთხოვნილების, განწყობისა და ქცევის შესატყვისობის პრინციპიდან. ეს ნიშნავს, რომ ქცევის ფსიქოლოგიური ბუნება და სახელწოდება მისი აღმძვრელი ერთადერთი მოთხოვნილების თავისებურებებითაა გაპირობებული, ანუ იგი მონომოტივირების პრინციპს ეყრდნობა. აღწერილ ქცევით რეალობას კი აქვს თავისი პოლიმოტივაციური სტრუქტურა და ერთიანი განწყობისეული მექანიზმი. ამ აქტივობის გააზრება ორი და მეტი ქცევის ერთდროული განხორციელების სახით, მაშინ როდესაც ამოსავალ პრინციპად ქცევისა და განწყობის ცალსახა შესატყვისობის პრინციპია აღიარებული, მრავალი ერთდროულად რეალიზებადი აქტუალური (პირველადი და არა ფიქსირებული) განწყობის დაშვებამდე მიგვიყვანს. ასეთი რამ კი განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის ყველაზე ფუნდამენტურ პოზიციებს ეწინააღმდეგება.
პოლიმოტივაციის მოვლენა უაღრესად ფართოდ არის გავრცელებული და შეიძლება ითქვას ტიპურიცაა რთული ადამიანური აქტივობისთვის. მის გასათვალისწინებლად ქცევის სრულფასოვან აღწერით და ახსნით მოდელებზე ლაპარაკი ზედმეტია. საქმე ისაა, რომ ქცევის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ძალებისა და დროის ეკონომია. პოლიმოტივაცია ამ პრინციპის პირდაპირი და აშკარა გამოვლინებაა. რაც უფრო ეკონომიურად იხარჯება ფსიქოფიზიკური რესურსები და დრო, მით უფრო ეფექტურია აქტივობა. ამ კრიტერიუმით პოლიმოტივირებული აქტივობა, ცხადია, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მონომოტივირებული, ვინაიდან იგი თავს უყრის და აერთიანებს პიროვნების მრავალფეროვან ინტერესებს. გარდა ამისა, პოლიმოტივირებული აქტივობა ხშირად უფრო ნაყოფიერიცაა, რამდენადაც მას მრავალრიცხოვანი აღმძვრელებიდან მომდინარე შედარებით ძლიერი დინამიკური მუხტი ახასიათებს. ხოლო ქცევის შედეგიანობისა და მოტივაციის ძალის ურთიერთკავშირი კარგადაა ცნობილი. ასეთი აქტივობა, აგრეთვე, უფრო გამძლეა სხვადასხვა დაბრკოლებათა მიმართ. ისიც საყურადღებოა, რომ მონომოტივირებულ ქმედებასთან შედარებით მისი გაგრძელების შესაძლებლობა გაცილებით მეტია; ერთი მოთხოვნილების ენერგეტიკა შეიძლება მალე გამოილიოს, ხოლო პოლიმოტივაციური სისტემა დროში უფრო მდგრადია. გარდა ამ დინამიკური ასპექტისა, არსებობს ღირებულებითი ასპექტიც: მდიდარი მოტივაციური შინაარსის აქტივობა მეტი პიროვნული წონისაა და მეტი ქცევითი კმაყოფილების მომტანია. მასში, არცთუ იშვიათად, შეთანხმებულია სასიამოვნო და სასარგებლო. და კიდევ: მრავალ ქცევაში უბრალოდ შეუძლებელია ერთადერთი მოთხოვნილების შესაბამისი მოტივაციის გამოკვეთა. ასეთია, მაგალითად, ბავშვის სასწავლო მეცადინეობა, რომელშიც უფრო ხშირად თანაბრად მნიშვნელოვანია ფუნქციონალური ტენდენციის, თვითდამკვიდრების, პრესტიჟის, ხათრისა და სხვა სოციალური მდგენელები.
მიუხედავად ამისა, პოლიმოტივაციის მოვლენა ემპირიულად ძალზე ცუდად არის შესწავლილი, ხოლო თეორიულად თითქმის არ არის გააზრებული. როგორც ითქვა, ჩვეულებრივ ქცევის დახასიათება ქვემდებარე მოთხოვნილების მიხედვით ხდება, ანუ როგორიცაა მოთხოვნილება, ისეთია ქცევა: შიმშილს – ჭამა შეესაბამება, ესთეტიკურ მოთხოვნილებას – მუსიკის მოსმენა ან გამოფენის ნახვა, ინტელექტუალურ ინტერესს – თეორიული ქცევა და ა. შ. ქცევის ფორმები მათთვის სპეციფიკური მოთხოვნილებების მიხედვით გამოიყოფა.
ქცევის ბუნება, რა თქმა უნდა, გაპირობებულია მის საფუძველში არსებული მოთხოვნილებებით. მაგრამ ქცევის კონკრეტული ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია არა მხოლოდ მოტივაციური, არამედ სიტუაციური და ინსტრუმენტული ფაქტორებითაც. გარდა ამისა, ქცევასთან შესატყვისობის თვალსაზრისით თვით მოთხოვნილებებიც ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვიტალური მოთხოვნილებები, უმეტესად, საკუთარ ქცევით პატერნებს ქმნის. ამავე დროს, არსებობს მოთხოვნილებები, უპირატესად ფსიქოგენური და სოციოგენური, რომლებზეც არც არის «მიმაგრებული» შესატყვისი ქცევის ფორმა. კავშირი მათსა და ქმედებას შორის არ არის ისეთივე ბუნებრივი და ერთმნიშვნელოვანი, როგორც ეს სასიცოცხლო მოთხოვნილებათა შემთხვევაშია. ისინი რეალიზდებიან სხვადასხვა შინაარსის აქტივობაში. მაგალითად, წარმატების მიღწევის მოთხოვნილება კმაყოფილდება წარმატების მიღწევით ერთმანეთისაგან სრულებით განსხვავებულ ქცევებში. იგი არ წარმოქმნის «წარმატების მიღწევის» დამოუკიდებელ ქცევას. ასეთივე ბუნებას ავლენენ სხვა ტიპური ადამიანური მოთხოვნილებები: პრესტიჟის, აფილაციის, დომინირების, ძალაუფლების, სიცოცხლის საზრისის ძიების, თვითქატუალიზაციისა და სხვა. პრესტიჟის მოთხოვნილება შეიძლება მრავალი სახის სოციალური აქტივობით დაკმაყოფილდეს, თვითაქტუალიზაცია კი სხვადასხვა მიზნის მიღწევის პროცესში ხორციელდება. ამგვარი, ჭეშმარიტად ადამიანური მოთხოვნილებები შეადგენს პიროვნების ძირეულ და მუდმივმოქმედ ტენდენციებს, რომლებიც განუწყვეტლივ რეალიზდებიან ხან ერთ, ხან მეორე ქცევაში. ამიტომ ისინი, როგორც წესი, თანაარსებობენ სხვადასხვა მოთხოვნილებებთან და მათთან ერთად ქმნიან კონკრეტული აქტივობის აღმძვრელების რთულ პოლიმოტივაციურ ანსამბლებს. აღნიშნული მოთხოვნილებები ინტენსიურად შეისწავლება მოტივაციის ფსიქოლოგიაში, მაგრამ მათი ეს არსებითი თავისებურება მხედველობის გარეშეა დარჩენილი, რაც ფსიქოლოგიაში ქცევის აღწერითი თეორიის საერთო ნაკლოვანებაზე მიუთითებს.
პოლიმოტივაციის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს მაინც, ალბათ, ის შემთხვევები ქმნის, როცა ქცევას ერთდროულად აღძრავენ ე. წ. ფუნქციუნალური და სუბსტანციური მოთხოვნილებები. უზნაძის თანახმად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები საკუთრივ აქტივობის პროცესს, ფუნქციონირებას უკავშირდება, სუბსტანციური კი – საგნებსა და მოვლენებს. ყოველი მეტ-ნაკლებად გაშლილი ქცევის განხორციელებაში განსხვავებული ფსიქოფიზიკური ფუნქციები მონაწილეობს. ყველა მათგანის პროცესუალური მხარე შესაბამისი ფუნქციონალური ტენდენციით ვლინდება. ამიტომ ამა თუ იმ ქცევის სუბსტანციურ მოტივაციას, როგორც წესი, თან ახლავს და ზურგს უმაგრებს მეტ-ნაკლები ძალის ფუნქციონალური მოტივაცია.
პრინციპულად პოლიმოტივირებულ ქცევებად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი სახის კოლექტიური ქცევები, რომლებიც სხვა ამოცანასთან ერთად ურთიერთობის აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც გულისხმობენ. ასეთივე ტიპისაა გართობასთან, დასვენებასთან, სხვადასხვა გატაცებებთან დაკავშირებული მრავალი ქცევა. მაგალითად დავასახელოთ სპორტული ნადირობა, რომელიც ფუქციონალურ-სამოძრაო, ბუნებასთან ურთიერთობის, მოსაპოვებელი პროდუქტის ღირებულებასთან დაკავშირებულ და სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას გულისხმობს.
ერთია, როცა მოთხოვნილებები საერთო ძალებით აღძრავს ერთიან ქცევას (მაგალითად, იგივე ნადირობა) და მეორე, როცა სიმულტანურად აქტუალიზებული მოთხოვნილებები მათ დაკმაყოფილებაზე მიმართულ სპეციალურ მოქმედებათა სისტემას უკეთებს მობილიზებას. ეს უკანასკნელი შედგენილი (ჩხარტიშვილის ტერმინით – ინტეგრირებული) აქტივობის სახით წარმოგვიდგება. მაგალითად, კონცერტზე მიმავალ ადამიანს გზაში ხვდება კოლეგა და ისინი იწყებენ კამათს ორივესთვის საინტერესო მეცნიერული პრობლემის გარშემო. იმავდროულად გაცხარებული ადამიანი იწყებს სიგარეტის მოწევას. ამ შემთხვევაში კონცერტზე წასვლის ისედაც პოლიმოტივირებულ აქტივობას ემატება ახალი მოტივაციური შინაარსები, რომლებიც მისი კომპლექსურობის ხარისხს კიდევ უფრო მაღლა სწევენ.
საჭიროა ასეთი შემთხვევების საგანგებო ანალიზი, როდესაც აქტივობის რამდენიმე ინტენციონალური ხაზი ერთმანეთშია გადახლართული და სიმულტანური კვანძების სახითაა მოცემული. დამოუკიდებელ ქცევებად წოდებული პროცესები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს და ერთმანეთშია ჩართული. თუ რეალური აქტივობის აღწერა გვსურს, უნდა გავითვალისწინოთ ის ერთობ გავრცელებული გარემოება, რომ ერთი ქცევის განხორციელების პროცესში ადამიანს ხშირად უჩნდება სხვა მიზნების და ამოცანების რეალიზაციის შესაძლებლობა. დროისა და რესურსების ეკონომიის ხსენებული ძირეული პრინციპის შესაბამისად ადამიანი, როგორც წესი, იყენებს ამ შესაძლებლობას. ამისთვის ორი პირობაა საჭირო. ან ერთი ქცევის შესრულების მსვლელობაში დროებით დგება შედარებითი უმოქმედობის პერიოდი, ან კიდევ ერთი ქცევის მიზნის მიღწევა შესაძლებელი ხდება მოქმედებათა და ოპერაციების მცირე რაოდენობის მეშვეობით. ეს ათავისუფლებს ფუნქციების ნაწილს და ისინი სხვა ინტენციონალური ხაზისკენ მიიმართება. უფრო საფუძვლიანად ეს საკითხი სხვაგან გვაქვს გაშუქებული [16].
მოცემული წერილის კონტექსტში მთავარი ისაა, რომ აღწერილი რთული, კომპლექსური აქტივობა ურთიერთთან კოორდინირებული, ზოგან კი სულაც გაერთიანებული ქცევითი ამოცანების ერთობლიობად წარმოგვიდგება და არა მკაფიოდ დიფერენცირებული ერთეულების (ქცევების) მონაცვლეობად. როგორც ზემოთ ითქვა, სწორედ ეს უკანასკნელი სურათი იხატება აქტივობის დისკრეტული მოდელის მიერ. განწყობის ახსნითი მოდელისაგან იგი მოითხოვს რთულ აქტივობაში შემავალი ყველა ქცევისთვის საკუთარი, სხვებისაგან განსხვავებული განწყობის დაშვებას. ამის სანაცვლოდ, თუ აქტივობის დახასიათების არადისკრეტული (შესაძლებელია ვიხმაროთ ტერმინი «კონტინუალური» [2]) მოდელიდან ამოვალთ და უზნაძის თეორიით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ პოლიმოტივირებული აქტივობის მიზანშეწონილი განხორციელების მექანიზმად ყველა აუცილებელი ფაქტორის (მათ შორის მოტივაციურის) გათვალისწინებით შექმნილი (ან გამოდიფერენცირებული) განწყობის ერთიანი, მთლიანობითი მდგომარეობა უნდა ვიგულისხმოთ.
2. აქტივობის აღწერითი დისკრეტული მოდელის მეორე ნიშანი ისაა, რომ აქტივობის ყოველი ტრანსფორმაცია ახალი ქცევის დაწყებად მოიაზრება, ხოლო შესაბამისი განწყობის სტატიკური ახსნითი მოდელი ამ ახალ ქცევას ახალ გაწყობას უფარდებს. სინამდვილეში ქცევის მსვლელობის პროცესში აქტუალური სიტუაცია მუდმივად ცვალებადობს, სუბიექტი გარემოდან წამოსულ ახალ და ახალ შთაბეჭდილებებს იღებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იცვლება მისი აქტივობის შინაარსი, რომ იცვლება მისი ქცევა.
განწყობის დინამიკური მოდელის ავტორი ჩხარტიშვილი მხოლოდ განწყობის სიტუაციური ფაქტორის ცვალებადობას შეეხო. უყურადღებოდ დარჩა მოტივაციურ ფაქტორში მიმდინარე დინამიკური პროცესები. ქცევის აღწერითი თეორიის ეს ასპექტი იმდენად ცუდადაა დამუშავებული, რომ ის სულ არ იქნა მხედველობაში მიღებული ქცევის განწყობისეული მექანიზმის პროცესუალური ტრანსფორმაციის გააზრებისას. არადა ქცევის სრულყოფილი დახასიათება შეუძლებელია იმის გათვალისწინების გარეშე, რომ აქტივობის პროცესში მის აღმძვრელ პოლიმოტივაციურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იჩენს თავს. ეს კი სერიოზულად აისახება აქტივობის დინამიკურ და ღირებულებით ასპექტებზე, ხოლო საბოლოოდ – ქცევის მიზანშეწონილების უზრუნველმყოფელი მექანიზმის ფუნქციონირებაზე, რომელიც თეორიის ახსნით ნაწილში განიხილება.
ქცევის სუბიექტური ღირებულების შეცვლა ხდება აქტივობის საწყის ეტაპზევე, უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ეს გამოვლენილ იქნა ლ. ფესტინგრის მიერ, რომელმაც აჩვენა, რომ კოგნიტური დისონანსის მექანიზმის წყალობით არჩეული ქცევის სუბიექტური ღირებულება მატულობს [23]. ამავე მიმართულებით ხდება ცვლილება აქტივობის დამამთავრებელ ფაზაზეც. ეს ვლინდება მოვლენებში, რომლებიც «მოტივაციური გრადიენტის» ან «მიახლოების გრადიენტის» სახელითაა ცნობილი [18]. აქტივობის მსვლელობაში მისი სუბიექტური ღირებულების გაზრდას იწვევს მოტივაციური ფუნდამენტის გამდიდრებაც მასში ახალი მოთხოვნილებების აქტუალიზაციისა და ჩართვის მეშვეობით. საპირისპიროც ხდება – მოთხოვნილებათა სისტემა «ღარიბდება», კარგავს რა თავისი შემადგენლობის ნაწილს. მაგალითად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები, რომლებიც ხშირად შედიან სხვადასხვა მოტივაციურ ანსამბლებში, აქტივობის განმავლობაში სუსტდება და, შესაძლოა, მთლიანად დაკმაყოფილდეს. ამის შედეგია, რომ იმავე მიმართულებით ფუნქციონირება არათუ აღარ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნილებას, არამედ გადაიქცევა ყოველგვარ პროცესუალურ მიმზიდველობას მოკლებულ ძნელ საქმიანობად. აქტივობის პროცესში ფუნქციონალურ თუ სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ხშირად იმდენად ცვლის ქცევის სუბიექტურ ღირებულებას, რომ იგი შეიძლება შეწყდეს და სულ სხვა მიმართულებით წარიმართოს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი არ წყვეტს ქცევას შუა გზაზე და ის ბოლომდე მიჰყავს. პიროვნება არ იმყოფება მოტივაციურ სისტემაში მომხდარი ავტომატური ცვლილებების, მოთხოვნილებისეული ძალების მექანიკის ტყვეობაში. მას აქვს უნარი, გააკონტროლოს და კორექცია გაუკეთოს ამ პროცესს. ამაში პოულობს თავის გამოვლინებას ნებელობითი ან პიროვნული დონის თვითრეგულაცია.
მოკლედ, დინამიკური ცვლილებები ხდება აქტივობის პროცესში როგორც სიტუაციის მხრიდან, ისე მოტივაციის მხრიდანაც. მთავარი ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს არ ნიშნავს მიმდინარე აქტივობის შინაარსეულ გადახალისებას, ერთი ქცევის შეწყვეტას, ახალი ქცევის დაწყებას და შესაბამის განწყობათა შეცვლას. ადამიანი, რომელიც მიდის სასეირნოდ და, ამავე დროს, სახლისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების საყიდლად, პოლიმოტივირებულ კომპლექსურ აქტივობას ახორციელებს. მას ერთიანი განწყობა ასაზრდოებს, რომლის რეალიზაციის პროცესში ფიზიკური და სოციალური სიტუაცია სულ ცვალებადობს: ხან სად მოუწევს შესვლა, ხან ვისთან ურთიერთობა. ყოველივე ეს წინასწარ ვერ იქნება განსაზღვრული განწყობის ე. წ. ობიექტური ფაქტორში და, შესაბამისად, განწყობის საწყის სტრუქტურაში. იგივე ითქმის ე. წ. სუბიექტურ ფაქტორზეც. მას, როგორც პოლიმოტივაციურ სისტემას, შეიძლება მოაკლდეს მდგენელი (მაგალითად, დაღლილობის მიზეზით დასუსტებული ფუნქციონალური ტენდენცია), ან მოემატოს (გზად გაახსენდეს დამატებით რაიმე საყიდელი, ან მოსწყურდეს და წყალი დალიოს). ყველა შემთხვევაში არა გვაქვს საფუძველი ვილაპარაკოთ განწყობათა განუწყვეტელ ცვალებადობაზე. ტრანსფორმაცია ერთიანი განწყობის სტრუქტურაში ხდება. ამაშია დინამიკური მოდელის საკვანძო პრინციპი.
დისკრეტულ-სტატიკური მოდელის მიხედვით განწყობა აქტივობის დაწყებამდე მთლიანად არის სტრუქტურირებული ქცევის ყველა მონაკვეთის მიზანშეწონილი განხორციელების უზრუნველსაყოფად. არადა, სეირნობის ქცევა კი არა, მისთვის მომზადების პროცესიც კი ვერ იქნება თავიდანვე სიტუაციის მხრიდან მთლიანად განსაზღვრული. უზნაძის ცნობილ მაგალითებს მივმართოთ: ის, რომ სასეირნოდ განწყობილმა ადამიანმა მარცხენას ნაცვლად მარჯვენა ფეხსაცმელი მოირგო, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის ჩაცმასთან დაკავშირებული სიტუაციის უბანი აქტივობის მსვლელობაში (და არა მის დასაწყისში) არ იქნა სათანადოდ ასახული განწყობაში. იგივე ითქმის კარის დაკეტვაზეც, რომელიც შეფერხდა სხვა გასაღების მორგების შეუძლებლობის გამო. აქაც მოხდება სიტუაციის უფრო ადეკვატური ასახვა, რასაც, შესაძლოა, უფრო რთული კოგნიტური აქტივობა დასჭირდეს. ოღონდაც ეს ყველაფერი ერთი კომპლექსური აქტივობის ფარგლებში მოხდება, ერთი და იმავე ქცევის ფსიქოლოგიურ სივრცეში. სტატიკური მოდელი ამ მაგალითების ანალიზისას მოტივაციური ფაქტორის ცვლილებაზეც მიუთითებს; კერძოდ, შეფერხების შედეგად ჩნდება ახალი მოტივაცია – შემეცნების მოთხოვნილება. ამდენად, აქტივობის ფორმა (კოგნიტური პროცესები) და შინაარსი (შემეცნებითი მოტივაცია) თეორიული ქცევის ხასიათს იღებს. შესაბამისად ყალიბდება თეორიული ქცევის განწყობა, რომელიც ენაცვლება შეწყვეტილი პრაქტიკული ქცევის დანგრეულ განწყობას.
ასეთი ინტერპრეტაციის ეკოლოგიური არავალიდურობა არაერთხელ იქნა ნაჩვენები [4][5][13][21]. ჯერ ერთი საიდან ჩანს, რომ აღმოცენდა ახალი, თეორიული მოტივაცია? ვინ თქვა, რომ ფეხსაცმლის ჩაუცმელობის ყოფითი პრობლემა შემეცნებით ინტერესს აღძრავს? თუმცა ასეც რომ იყოს, ეს უკანასკნელი მხოლოდ დამატებითი მდგენელი გახდება სასეირნოდ წასვლის კომპლექსური აქტივობისა, დაუკავშირდება რა მის ერთ მცირე მონაკვეთს და მალევე ამოწურავს თავს, როგორც პოლიმოტივაციური სისტემის კომპონენტი. ქცევის შეწყვეტაზე, მის ნაცვლად ახალი ქცევის დაწყებაზე და შემდეგ ისევ ამ ქცევასთან მობრუნებაზე ლაპარაკი, როგორც ამას სტატიკურ-დისკრეტული მოდელი აკეთებს, არა მხოლოდ ზედმეტია, არამედ მცდარი და მავნე განწყობის თეორიისთვის. აქტივობის ამგვარი აღწერა და ახსნა ქცევათა და განწყობათა გაუთავებელი წყვეტა-დანგრევის, ფორმირება-აღდგენის სურათს ხატავს, რომელშიც ყოველგვარი გარკვეულობა იკარგება. მართლაც, აქტივობაში, ჩვეულებრივ, რაღაც შეფერხება ხდება. პრაქტიკულ-თეორიულ-პრაქტიკული ქცევების და შესაბამის განწყობათა მონაცვლეობა რომ ამის კვალობაზე მიმდინარეობდეს, ერთი რთული ქცევა ასობით განწყობის რეალიზაციის შედეგად წარმოგვიდგება.
3. განხილული მაგალითები სტატიკურ-დისკრეტული მოდელის მესამე ნიშნის ილუსტრაციადაც გამოდგება. იგი უშვებს კერძო ფსიქიკური პროცესებისთვის ქცევის სტატუსის მინიჭებას და ლაპარაკობს მათ შესატყვის განწყობებზე. ამ მოდელის დამცველთა ბევრ ნაშრომში, დაწყებული თვით უზნაძიდან და მისი სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელებიდან, დამთავრებული ე. წ. «ანთროპული თეორიის» მიმდევრებით, შეხვდებით მრავალ გამონათქვამსა და მსჯელობას აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, წარმოსახვის, გრძნობის … შესაბამის განწყობაზე. შორს წასვლა არაა საჭირო. განწყობის თეორიის კლასიკური ექსპერიმენტების ანალიზისას, სულ დიდ-პატარა ობიექტების აღქმის განწყობაზეა საუბარი. იქ გამოვლენილი განწყობა – აღქმის განწყობაა. ობიექტივაციის კონცეფციაშიც აზროვნებას საკუთარი განწყობა აქვს მიჩენილი. აზროვნების პროცესს აზროვნების განწყობა წარმართავს. სხვა პროცესების შემთხვევაშიც იგივე მდგომარეობაა.
ეს მართებული იქნებოდა, ქცევა და ფსიქიკური პროცესი თანაფარდი ცნებები რომ ყოფილიყო. განწყობა ქცევის რელევანტური ცნებაა, მისი მიზანშეწონილი განხორციელების ფსიქიკური მექანიზმია. ეს პირველ ყოვლისა მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას ნიშნავს. ამიტომ განწყობის აღმოცენება-ფორმირება საკუთარი მოტივაციისა და მისი შესაბამისი სიტუაციის საფუძველზე ხდება. მოთხოვნილებას კი მხოლოდ ქცევა აკმაყოფილებს და არა მისი რომელიმე ნაწილი, კომპონენტი თუ შემადგენელი პროცესი. ქცევის სტრუქტურულ ელემენტებს საკუთარი, ექსკლუზიური მოტივაცია არ გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც ქცევის სტატუსი ექნებოდა. აქედან გამომდინარე, ქცევის შემადგენელ მოქმედებებსა და ოპერაციებს თავ-თავისი განწყობები არა აქვს და მთლიანი ქცევის განწყობით იმართება.
გამართული ქცევის თეორია ამას უნდა ითვალისწინებდეს. სამწუხაროდ, განწყობის თეორიის ავტორმა ქცევის სტრუქტურის საკითხი სათანადო ყურადღების გარეშე დატოვა. ამაზე იგი არ მსჯელობს, ხოლო იმ გამონაკლის შემთხვევებში, სადაც ეს ხდება, ბევრი გაუგებრობა იჩენს თავს. მაგალითისთვის მოვიყვანთ ამონარიდს, რომელშიც ყველაზე გაშლილად არის მოცემული მსჯელობა ქცევის სტრუქტურის შესახებ. «მუშაობის გათავებისას ჩემში სასეირნოდ წასვლის მოთხოვნილება გაჩნდა. რასაკვირველია, ეს მოთხოვნილება თავისთავად, როგორც მოთხოვნილება სასეირნოდ წასვლისა, ძლიერ ზოგადის, საკმარისად განყენებული შინაარსის მოთხოვნილებად უნდა ვიგულისხმოთ. მაგრამ მოცემულ პირობებში იგი დაქვემდებარებულ მოთხოვნილებათა მთელ იერარქიას შეიცავს, მაგალ., შესაფერისად ჩაცმა-დახურვის მოთხოვნილებას, ოთახის წესრიგში დატოვების (ღუმელის გამოთიშვის, კარების დაკეტვის… ) მოთხოვნილებას. და როდესაც ამ მოთხოვნილებათა მქონე სუბიექტი შესატყვისი სიტუაციის წინაშე დადგება, მასში ყოველს კერძო შემთხვევაში გარკვეული გ ა ნ წ ყ ო ბ ა ჩნდება ან იღვიძებს, და მისი ქცევა ამ განწყობის მიხედვით მიმდინარეობს.
ჩვენს მაგალითში, მაშასადამე, უნდა ვიგულისხმოთ, სუბიექტის ამა თუ იმ კონკრეტულ ქცევას – ღუმელის გამორთვას, გასაღების მოძებნას, ოთახის დაკეტვას – ყოველს ცალკე შემთხვევაში შესატყვისი განწყობა უსწრებდა წინ, რომელიც შემდეგ ამ ქცევის მიმდინარეობას განსაზღვრავდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს ქცევის ფსიქიკური, კერძოდ – პერცეპტული კომპონენტები, ვთქვათ, კარადის კარის აღქმა, ღუმელის, გასაღების, კლიტის და სხვ. აღქმა» [8; 149]. ამ განცდებს განსაზღვრავდა კარადის გაღების, ოთახის კარის დაკეტვის და ა. შ. განწყობები (?!).
პირველ რიგში თვალში საცემია, რომ ავტორი აღწერს რთულ აქტივობას უფრო მცირე ზომის, ურთირთდაქვემდებარებული, გარკვეული თანმიმდევრობით განლაგებული აქტების ერთობლიობის სახით, რაც, თავისთავად, სავსებით გამართლებულია. გასარკვევია ოღონდ, რას წარმოადგენენ ეს აქტები ფსიქოლოგიურად? უზნაძის ანალიზის მიხედვით ისინი ხასიათდებიან, როგორც ერთმანეთთან კავშირსა და სუბორდინაციაში მყოფი, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ქცევები. როგორც ასეთებს მათ უნდა ჰქონდეთ ქცევის ყველა ატრიბუტი – საკუთარი მოტივაცია თავისი სიტუაციით და საკუთარი განწყობა. საკითხი იმაშია, რამდენად მართებულია საქმის ვითარების ამგვარი ინტერპრეტაცია? რამდენად ადეკვატურია, ეკოლოგიურად ვალიდურია, მაგალითად ისეთ მოთხოვნილებებზე (ქცევებზე, განწყობებზე) საუბარი, როგორიცაა სინათლის გამორთვისა თუ კარის დაკეტვის მოთხოვნილება? მათ არსებობას არ გვიდასტურებს არც შინაგანი გამოცდილება და არც თეორიის ლოგიკა. განცდაში ასეთი აქტების შესატყვის მოთხოვნილებებს ვერ მოვნახავთ. ერთადერთი, რაც მათ შეიძლება შეესაბამებოდეს, საბოლოო მიზნის ქვემდებარე ე. წ. «შუალედური მიზნებია», რომელნიც ძირეული მოტივაციის საფუძველზე წარმოიქმნებიან. მაშასადამე, საქმე ემპირიულ ფაქტებში კი არა, თეორიული დაშვების ლოგიკაშია, კერძოდ დებულებაში, რომ რთული ქცევის ერთეულები თავადაც ქცევებია, უფრო მცირე ზომის, მაგრამ ნამდვილი ქცევები (?!). ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ მეტნაკლებად რთული ქცევის ყველა მდგენელს ქცევის სტატუსი უნდა მივანიჭოთ და დავუშვათ შესაბამისი მოთხოვნილებებისა და განწყობების ურიცხვი რაოდენობა. მაგალითად, «სასეირნოდ ჩაცმის» ქცევა დასრულებული აქტების მთელი რიგისაგან შედგება (პერანგის, კოსტუმის, ფეხსაცმლის და ა. შ. ჩაცმა). თუ თანმიმდევრულნი ვიქნებით, ისინიც ქცევებად უნდა განვიხილოთ და, ესე იგი, დავუშვათ შესაბამის მოთხოვნილებათა (პერანგისა თუ ფეხსაცმლის და ა. შ. ჩაცმის) და განწყობათა არსებობა. უფრო მეტიც, ვინაიდან ამ «ქცევებსაც» თავისი მიკროსტრუქტურა აქვს, აუცილებლად გაჩნდება ქცევა (მოთხოვნილება, განწყობა) ღილების ან ზონარის შეკვრისა და სხვა. ამდენად, საბოლოო ჯამში, ყოველი ელემენტარული მოტორული და მენტალური პროცესი, რომლებისგანაც აიგება აქტივობა, საკუთარი განწყობის მქონე ცალკეულ ქცევად მოგვევლინება.
როგორი ფანტასტიკურიც არ უნდა ჩანდეს, სწორედ ასეთი სურათი იხატება, როცა არ არის სათანადოდ დამუშავებული აქტივობის თეორიის აღწერითი ნაწილი და კერძოდ მისი საკვანძო მომენტი – ქცევის სტრუქტურის (შემადგენლობის) საკითხი. ფსიქიკური პროცესები და ცალკეული განცდები ქცევის შემადგენელი ელემენტების – მოქმედებებისა და ოპერაციების – საშენი მასალაა. ამიტომ მათ არც საკუთარი მოტივაცია გააჩნიათ და, მითუმეტეს – საკუთარი განწყობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია პირველად და არა ფიქსირებულ განწყობაზე. პირველადი განწყობა აქტივობის «მოლარული» ერთეულის (ქცევის) რელევანტური ცნებაა, ფიქსირებული – «მოლეკულარულის» (მოქმედებაოპერაციის). მოქმედება-ოპერაციები იმდენად ეფუძნება ფიქსირებულ განწყობებს, რამდენადაც ჩვეულნი, ავტომატიზირებული არიან. მთელი ქცევის ფიქსირება არ ხდება. თუ გამოცდილება ფიქსირებული განწყობების სახით ინახება, მაშინ არ შეიძლება წარმოიქმნეს ისეთი განწყობა, რომელშიც არ იქნება ჩართული ადრე ფიქსირებულ განწყობათა რაღაც ნაკრები. მაგრამ თავისი მთლიანი აგებულებით განწყობა განახლებულია და საფუძვლად ედება სრულიად ახალ ქცევას – თუნდაც მხოლოდ ადრე ფიქსირებული განწყობებისაგან იყოს აგებული [21; 25-26]. ჩხარტიშვილისთვის ეს გარემოება პირველადი და ფიქსირებული განწყობების პრინციპული განსხვავებულობის ერთერთი მაჩვენებელია. მას მოჰყავს სხვა განმასხვავებელი ნიშნებიც, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებენ ფიქსირებული განწყობის განწყობისეულ ბუნებას [13][21].
ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ეს მოსაზრებები უბრალოდ იგნორირებული იყო, მათ შორის ე. წ. «ანთროპული თეორიის» ფარგლებშიც. სულ ახლახანს გამოჩნდა ძალზე საფუძვლიანი გამოკვლევა რომელშიც, როგორც იქნა, აღიარებულია ჩხარტიშვილის არგუმენტაციის სერიოზულობა [2]. ამავე დროს, მისი ავტორი ცდილობს, შეინარჩუნოს ფიქსირებული განწყობის ცნება. ეს სავსებით გასაგებია, თუ ჩვენი განზრახვაა განწყობის თეორიას შევუნარჩუნოთ ფიქსირებული განწყობის მეთოდით მოპოვებული ექსპერიმენტული საფუძველი და არ ვმოქმედებთ უბრალოდ «განწყობის თეორიის ტრადიციიდან და ამ ტერმინის დამკვიდრებულობიდან გამომდინარე» [2; 103].
ამასთან, აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ფიქსირებული განწყობის განწყობისეულობის დამტკიცების გულისთვის განწყობისთვის ისეთი ნიშნების უბრალო მექანიკური ჩამოცილება, როგორიცაა მისი «მთლიანობა» და «დინამიკურობა», თეორიის არსობლივი შეცვლის რეალურ საფრთხეს შეიცავს. ყოველ შემთხვევაში ამას სერიოზული დასაბუთება ესაჭიროება, თუნდაც ე.წ. «უშუალობის პოსტულატთან» მიმართებაში. განწყობის ცნების შემოტანის მეთოდოლოგიური აზრი, უზნაძის მიხედვით, ისაა, რომ მან უნდა შეავსოს ანალიზის ორწევრიანი სქემა; ეს, თავის მხრივ, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი განწყობა მთლიანი ინდივიდის მდგომარეობას გამოხატავს და არა მისი რაიმე ნაწილისა ან «ცაკლეული არის». ასეთი «განწყობა», უზნაძის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის თანახმად, ვერც ჩაითვლება განწყობად. საჭიროა იმის ნათელყოფაც, საიდან იძენს პირველადი განწყობა ფიქსირებულისაგან არსებითად განსხვავებულ თვისებებს [2; 102], თუ მისი მდგენელები მხოლოდ გააქტიურებული ფიქსირებული განწყობებია, თუნდაც სპეციფიკურად «განლაგებულ-მოგეზილი» [2; 115]. შეგვეძლო გვევარაუდა, რომ აქტუალური განწყობის თვისებები ემერჯენტული ხასიათისაა, ე. ი. ახალია და არსებითად განსხვავებული ნაწილების (ანუ ფიქსირებული განწყობების) თვისებებისაგან. მაგრამ ასეც რომ იყოს, ფიქსირებული განწყობა მითუმეტეს ვერ გამოდგება აქტუალური განწყობის მოდელად, ისევე როგორც შეგრძნების თვისებები ვერ გამოდგება აღქმის გეშტალტის თვისებების გასარკვევად. ნაწილიდან მთლიანს ვერ გაიგებ.
თუმცა, როგორც ჩანს, აქტუალურ და ფიქსირებულ განწყობებს შორის ამგვარი მიმართება არ იგულისხმება. ამაზე მეტყველებს, ავტორის მიერ აქვე ისეთი ვითარების საგანგებო განხილვა, როდესაც მთლიანობის ერთ-ერთი მდგენელი ფიქსირებული განწყობა ხდება წამყვანი. ამ შემთხვევაში აქტუალური განწყობის მოქმედების წესი და თვისებები თითქმის ემთხვევა კონკრეტული ფიქსირებული განწყობის კანონზომიერებებსა და თვისებებს. ასეა, მაგალითად, გააზრებული ვითარება განწყობის კლასიკურ ექსპერიმენტებში. ასე გამოდის, რომ არ ყოფილა არსებითი განსხვავება აქტუალურ და ფიქსირებულ განწყობებს შორის?! მაგრამ მაშინ საკითხავია, თუ ფიქსირებული განწყობა «ცალკეული მოდალობის მდგომარეობაა» [2; 103], როგორ უნდა ნათელყოს მისმა ექსპერიმენტულმა შესწავლამ ინდივიდის მთლიანობითი მდგომარეობის ანუ აქტუალური განწყობის ბუნება?
სიცხადეს ამ და სხვა საკითხებში, ალბათ, შემდგომი კვლევა შეიტანს. მაგრამ აქვე დგება საკითხი აქტივობის სტრუქტურის პრობლემატიკის კონტექსტში. სახელდობრ, რამდენად პროდუქტიულად შეიძლება ფიქსირებული განწყობის ცნების გამოყენება აქტივობის აღწერითი მოდელის ფარგლებში. ყველა მოქმედებას, ოპერაციას, უმცირეს მოტორულ ან მენტალურ აქტს თავისი ფიქსირებული განწყობა დაუქვემდებაროთ, რაც ალბათ, საბოლოოდ, უაზრობამდე მოგვიყვანს, თუ აქტივობის გარკვეულ ერთეულებს ან მონაკვეთებს შევუფარდოთ რეგულაციის ეს მექანიზმი? ხოლო თუ ასეა, რა კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელოთ? საკითხი არ არის არც ტრივიალური, არც მარტივი. თუ თეორია გვინდა, რომელიც პრაქტიკაში იმუშავებს, იმაზეც უნდა გვქონდეს პასუხი, რის ფიქსირებულ განწყობაზე ვლაპარაკობთ: სასეირნოდ წასვლის, პერანგის ჩაცმის თუ ღილების შეკვრისა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას რომ, განწყობის სტრუქტურის სტატიკურ-დისკრეტული მოდელი ამოდის მოსაზრებიდან თითქოს ქცევის შემადგენელი ელემენტები (მოქმედებები და ოპერაციები) თავისი საკუთარი განწყობებით იმართებიან. იგი დაძლეულ უნდა იქნეს, თუ გვსურს მივიღოთ თეორია, რომელიც: 1) რეალური აქტივობის ადექვატურია და 2) შინაგანად არაწინააღმდეგობრივია. აქამდე უპირატესად პირველ მომენტს ვუსვამდით ხაზს. ახალა ყურადღებას მეორე მომენტზე მივმართავთ.
აქ რამდენიმე საკითხი მოითხოვს განხილვას. ამჟამად მხოლოდ ერთზე შევჩერდებით, სახელდობრ, იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც განწყობის ფაქტორების მოქმედების განწყობითვე უზრუნველყოფას ეხება. ეს წინააღმდეგობა თვითონ უზნაძემ შეამჩნია და მას «აღქმის პარადოქსი ეწოდა». მისი არსი კარგადაა ცნობილი: განწყობის შექმნა სიტუაციის აღქმას საჭიროებს, ხოლო აღქმას, როგორც ფსიქიკურ პროცესს ან განცდას, თავადვე ესაჭიროება საფუძვლადმდებარე განწყობა, და ასე უსასრულოდ…
აღსანიშნავია, რომ უზნაძემ ეს წინააღმდეგობა მხოლოდ განწყობის სიტუაციურ ფაქტორთან მიმართებაში გააცნობიერა. თუმცა უნდა ითქვას, რომ არანაკლები საფუძველი არსებობს მოცემული ლოგიკის გავრცელებისა განწყობის მოტივაციური ფაქტორის მიმართაც. მოთხოვნილებაც ფსიქიკური პროცესია, განცდაა და აღქმის მსგავსად მასაც ესაჭიროება ქვემდებარე განწყობა[28]. მაშასადამე, პრობლემა უფრო ფართოდ უნდა დაისვას განწყობის ყველა ფაქტორთან დაკავშირებით და, საზოგადოდ, განცდისა თუ ფსიქიკური პროცესის განწყობასთან ურთიერთმიმართებისა და შესაბამისობის საკითხის ზოგად კონტექსტში უნდა გადაწყდეს.
უზნაძე, როგორც ითქვა, მხოლოდ სიტუაციური ფაქტორის აღქმისეული მოცემულობის შესახებ საუბრობს. დილემის მისეული გადაწყვეტა ცნობილია: განწყობას წინ უსწრებს არა აღქმა, როგორც დასრულებული პროცესი, საგნობრივი განცდა, არამედ აღქმის უნარის პირველი, პრიმიტიული საფეხური, ე. წ. «შემჩნევა» ან «შეგრძნება». ეს უკანასკნელი არ საჭიროებს სპეციალურ განწყობას, მაშინ როდესად «აღქმა შესაფერისი გაწყობის გარეშე არ არსებობს» [10; 30]. მოკლედ, განწყობის აღმოცენებას წინ უსწრებს გარკვეული «უგანწყობო მდგომარეობა», რომლის საფუძველზე იქმნება საკუთრივ განწყობა.
ასეთი ფსიქიკური მოვლენის დაშვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს უზნაძე ალბათ გრძნობდა. ერთი მხრივ, მართალია, ეს «შემჩნევა» თუ «შეგრძნება» ხასიათდება, როგორც რაღაც ისეთი, რაც სუბიექტის (პიროვნების) მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, არა როგორც გარედან მოსული შთაბეჭდილება, არამედ განცდა ჩვენი გრძნობის ორგანოს მდგომარეობისა (მაგალითად, ხმაური ყურში) [11; 276]; მაგრამ იგი მაინც განცდაა, ფსიქიკური ფენომენია[29] და, როგორც ასეთი, თითქოს, განწყობის ნიადაგზე უნდა აღმოცენდებოდეს. ყოველ შემთხვევაში, განწყობის თეორიის ამოსავალი მეთოდოლოგიური პრინციპებისა და საფუძვლების თანახმად, ყოველი ფსიქიკური მოვლენა განწყობითაა გაშუალებული. «გაშუალების პრინციპი» ამ თეორიული სისტემის ქვაკუთხედია, რომლითაც იგი უპირისპირდება «უშუალობის პოსტულატზე» დამყარებულ მთელს წინანდელ ფსიქოლოგიას.
ეს თავსატეხი უზნაძეს, როგორც ჩანს, საკმაოდ აწუხებდა. ნიშანდობლივია ამ მხრივ, რომ მოცემულ დილემასთან დაკავშირებით, თავის უკანასკნელ ნაშრომში, მან ტექსტის ორი ვარიანტი დატოვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას არ აკმაყოფილებდა არგუმენტაციის ფორმულირებები და, შესაძლოა, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული დილემის გადაწყვეტის მართებულობაში. კიდევ უფრო ნათლად ჩანს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ეჭვები და ვარაუდები უზნაძის შენიშვნების რვეულებში, რომლებშიც რამდენიმე ჩანაწერი უშუალოდ ეხება მოცემულ საკითხს. ამ მასალის შესწავლა გვარწმუნებს, რომ განწყობის კონცეფციის ავტორი აქტიურად ეძებდა გამოსავალს მოცემული თეორიული წინააღმდეგობიდან და ამ პროცესში არ ერიდებოდა საკმაოდ გაბედულ დაშვებებს, ისეთებსაც, რომლებიც არყევდნენ მთელი თეორიული სისტემის მეთოდოლოგიურ ფუნდამენტს. ასეთია, პირველ რიგში, უკვე აღნიშნული შუალობის პრინციპი.
1945 წლის 15 იანვარს გაკეთებულ ჩანაწერს ეწოდება: «უშუალობის პოსტულატის მართებულობის ფარგლები». მასში ვკითხულობთ: «არ იქნება სწორი, თუ ვიფიქრებთ, რომ სუბიექტში არაფერი ჩნდება გარემოს ზემოქმედების შედეგად მისი შუალობის გარეშე, რომ ყველაფერი სუბიექტის განწყობი თაა გაშუალებული. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, როცა სუბიექტს არა აქვს არავითარი საჭიროება და მოთხოვნილება გარემოსთან ურთიერთობის დამყარებისა ან არა აქვს ამის შესაძლებლობა… შესაძლოა, გარემო მაინც მოქმედებდეს მასზე და უშუალო ეფექტს იწვევდეს მის ფსიქიკაში ან მის ორგანიზმში, ან მის სომატიკაში. ამ ეფექტს ყველგან რეფლექსები ან რეფლექსოიდური ეფექტი შეიძლება ვუწოდოთ. ასეთი იქნება: შეგრძნება – შემეცნების სფეროში, სიამოვნება უსიამოვნება – ემოციონალურ სფეროში და რეფლექსები – მოტორულ სფეროში» [12ბ; 61]. ძველი ფსიქოლოგია შესაძლოა არც კი ცდებოდა, განაგრძობს იქვე უზნაძე, როცა შეგრძნებას, გრძნობას და რეფლექსს ფსიქიკის ელემენტარულ შინაარსებად სცნობდა. მაგრამ ეს იმ აზრითაა მართებული, რომ ისინი მხოლოდ მასალას წარმოადგენენ, საიდანაც აიგება კონკრეტული განცდები, რომელთა აღმოცენება სუბიექტში შესაბამისი განწყობის არსებობაზეა დამოკიდებული.
ეს ჩანაწერი პირველი მონახაზია იმ თვალსაზრისისა, რომელიც 1950 წლის უზნაძის ბოლო ნაშრომში არის მოცემული აღქმის პარადოქსთან დაკავშირებით. აქ ვხედავთ, რომ პირველ ხანებში ავტორი უფრო ფართო კონტექსტში აანალიზებდა ვითარებას და, ასე ვთქვათ, უგანწყობო ფსიქიკურ მდგომარეობებს ან «ფსიქიკურ რეფლექსებს» [12ბ; 65] უკავშირებს არა მხოლოდ შეგრძნებებს, არამედ მოტორულ და, რაც მთავარია, ემოციურ პროცესებსაც. ეს, პრინციპში, იმის საწინდარია, რომ განწყობის ობიექტური ფაქტორის განწყობისეული უზრუნველყოფის პრობლემა და მისი გადაწყვეტა სუბიექტურ ფაქტორზეც გავრცელდეს. რაც შეეხება თვით პრობლემას, როგორც ზემოთ ითქვა, ლოგიკურად, «მოთხოვნილების პარადოქსი» ისევე კანონიერია, როგორც აღქმისა. ხოლო თუ განვიხილავთ ამ პრობლემის გადაწყვეტის არატრადიციული, «რეფლექსოიდური» ვარიანტის ექსტრაპოლაციის შესაძლებლობას მოტივაციურ ფაქტორზე, საჭიროა ხიდის გადება ემოციასა და მოთხოვნილებას შორის. უზნაძემ სერიოზულად იზრუნა ამაზე თავისი მრავალრიცხოვანი ჩანაწერებით შენიშვნების რვეულში. აქ იგი სხვადასხვა კუთხით აანალიზებს საკითხს მოთხოვნილების (მოტივაციის) ემოციონალური ბუნების შესახებ. სამწუხაროდ, განწყობის თეორიის ავტორის ეს მოსაზრებები ჯერ არ გამხდარა საგანგებო შესწავლის საგანი. ჩვენ აქ მხოლოდ ყველაზე თვალშისაცემ მომენტებს აღვნიშნავთ.
უზნაძეს მიაჩნია, რომ სიამოვნება-უსიამოვნება გრძნობადი ტონის სახით სხვა განცდების აუცილებელი თანმხლები მომენტია. პირველ რიგში ეს «მოთხოვნილება-იმპულსს» ეხება, რომელშიც შედის ტენდენცია, სწრაფვა, ერთგვარი ობიექტური შინაარსი და სიამოვნება-უსიამოვნების ტონი [12ბ; 63-4]. ამავე დროს ნათქვამია, რომ «გრძნობა მოთხოვნილების დაკმაყოფილების თუ დაუკმაყოფილებლობის სპეციფიკური განცდაა. ამიტომ სიამოვნება კმაყოფილებაა, უსიამოვნება – უკმაყოფილება» [12ა; 82]. უფრო მეტიც, გარემოს «ზემოქმედება სუბიექტის ორგანიზმში ყოველთვის რაიმე ფიზიოლოგიურ ეფექტს იწვევს პირდაპირ უშუალოდ, რეფლექსურად. ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა – სასარგებლო თუ მავნებელი – ცნობიერებაში სიამოვნება-უსიამოვნების სახით გვეძლევა… იგი მოთხოვნილების დახასიათებაა: ემოციურია მოთხოვნილება [12ა; 82-83]. აქედან გამომდინარე «ჩვეულებრივი, ნორმალური ემოცია ჩვენი ყოველდღიური ქცევის ორგანიზაციის საწყისს წარმოადგენს» [12ბ; 64], მაშასადამე, იგი აუცილებელი ფაქტორია ქცევისა და განწყობისა.
უზნაძის მოყვანილი გამონათქვამები ემოციის მოტივაციური და, ამავე დროს, რეფლექსური ბუნების შესახებ შემდეგი მსჯელობის საშუალებას იძლევა: განწყობის შესაქმნელად საჭირო სუბიექტური ფაქტორი მოცემულია სიამოვნება-უსიამოვნების რეფლექსური მდგომარეობის სახით, რომელიც ისევე, როგორც სიტუაციის ამსახავი შეგრძნება, განწყობისეული გაშუალების გარეშე ჩნდება. განწყობის წინმსწრები ფაქტორების – მოთხოვნილებისა და სიტუაციის – ფსიქიკური რეპრეზენტაცია რეფლექსოიდური მდგომარეობის სახით ხდება.
მაგრამ საქმე ისაა, რამდენად შორს შეიძლება წასვლა უგანწყობო ფსიქიკური მდგომარეობების ან განცდების (შეგრძნება და სიამოვნება-უსიამოვნება პრიმიტიული, მაგრამ განცდაა) დაშვებაში, ისე, რომ არ შეირყეს უზნაძის თეორიის ფუძემდებლური პრინციპი ფსიქიკური მოვლენების განწყობით და, მაშასადამე, მთლიანი ინდივიდით გაშუალების შესახებ?
შეგრძნება და სიამოვნება-უსიამოვნება შესაბამისი ფსიქიკური პროცესების შედეგად წარმოქმნილი განცდებია. უზნაძის აზრით, მთავარი აქ ამ პროცესებისა და განცდების რაგვარობა კი არ არის, არამედ ის გარემოება, რომ ისინი უშუალოდ აღმოცენდებიან გარეგანი თუ შინაგანი სტიმულაციის საფუძველზე და, ამდენად, რეფლექტორული ბუნებისანი არიან. განწყობის თეორიის ავტორის ანალიზის თანახმად «მთელი კლასიკური ფსიქოლოგია – არა მარტო ბიჰევიორისტული, არამედ ემპირიული სუბიექტური ფსიქოლოგიაც – რამდენადაც იგი სწორედ ასეთს უშუალო კავშირს გულისხმობს იმ მოვლენათა შორის, რომელთაც სწავლობს, ერთი სიტყვით, რამდენადაც იგი უშუალობის პრინციპს ეყრდნობა, არსებითად რეფლექსოლოგიად უნდა ჩაითვალოს» [7; 20]. აქედან გამომდინარე, საჭიროა ახალი ფსიქოლოგია, ვინაიდან «თუ ჩვენი მოტორული თუ ფსიქიკური პროცესები მათზე მოქმედი სტიმულების უშუალო პასუხს წარმოადგენენ, მაშინ გამოდის, რომ სინამდვილესთან ურთიერთობას სუბიექტი კი არა, მისი ფსიქიკა, ან კერძოდ, მისი მოტორიკა ამყარებს, რომ ჩვენი ქცევა თუ განცდა სუბიექტის მონაწილეობის გარეშე ჩნდება და, მაშასადამე, მათზე მოქმედი სტიმულებით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრება. უშუალობის პოსტულატი შესაძლებლობას უსპობს კლასიკურ ფსიქოლოგიას, ადამიანის ქცევის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრულობის იდეას თავი დააღწიოს» (იქვე). უზნაძის რწმენით, განწყობითი გაშუალების პრინციპის შემოტანით ახალი განწყობის ფსიქოლოგია თავს აღწევს კლასიკური ფსიქოლოგიის ამ «საბედისწერო შეცდომას» და რეფლექსოლოგიად გადაქცევის საფრთხეს.
თუ გაშუალების პოზიციაზე ვდგებით, მაშინ ამ პრინციპს უნივერსალური ხასიათი უნდა მიენიჭოს, ის უნდა გავრცელდეს სულიერი ცხოვრების ყველა მოვლენაზე, ფსიქიკურ პროცესსა თუ განცდაზე. გამონაკლისების დაშვება ზოგიერთი კოგნიტური ან ემოციურ-მოტივაციური ფენომენისთვის მთელს თეორიულ კონსტრუქციას სიმწყობრესა და ლოგიკურობას აკარგვინებს. მართლაც, არ არის ნათელი, რატომ არ საჭიროებს განწყობას შეგრძნება და გრძნობა? მხოლოდ იმის თქმა, რომ ისინი პრიმიტიული პროცესები და განცდებია, არ არის დამაჯერებელი. ანდა რაში მდგომარეობს მათი პრიმიტიულობა? შესაძლოა გენეტიკურად ისინი მართლაც წინ უსწრებენ შედარებით რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებს და, გარკვეული აზრით, მათ მასალადაც გვევლინებოდნენ, მაგრამ თავისი ფუნქციის მიხედვით ისინი სულაც არ გამოიყურებიან პრიმიტიულად. გავიხსენოთ, რომ ისინი განწყობის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორის ფსიქიკური რეპრეზენტაციის ფორმად გვევლინებიან. ეს ნიშნავს, რომ სწორედ მათ შემოაქვთ განწყობაში ინფორმაცია ქცევის გარეგანი და შინაგანი პირობების შესახებ, ისინი განსაზღვრავენ, რის მიმართ (სიტუაცია) და რატომ (მოთხოვნილება) ჩნდება ინდივიდის მზაობის მდგომარეობა კონკრეტული აქტივობისთვის. ასეთი სერიოზული ფუნქციით დატვირთულ ფსიქიკურ მოვლენას თუ არ ესაჭიროება გაშუალება, მაშინ სწორი ყოფილა უშუალობის პოსტულატზე მდგომი კლასიკური მოძღვრება და მთელი ფსიქოლოგია მართლაც რეფლექსოლოგია ყოფილა.
შესაძლოა ამიტომაც, ეს მოსაზრება სამუშაო ჰიპოთეზად დარჩა. დასაბეჭდად გამზადებულ ტექსტში უზნაძემ თავი შეიკავა გაშუალების პრინციპის ასეთი შევიწროვებისაგან და მხოლოდ შეგრძნების (შემჩნევის) რეფლექსოიდურობის დადასტურებით დაკმაყოფილდა. ეს უკანასკნელი გაგებულ იქნა, როგორც «გრძნობის ორგანოზე გამღიზიანებლის ზემოქმედების ერთგვარი პირველადი ეფექტი, რომელიც ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული, გარე სამყაროში ლოკალიზებული ობიექტური გამღიზიანებლის ნამდვილ, დასრულებულ აღქმად» [11; 276]. ამის გამო იგი წინ უძღვის ნამდვილ აღქმასა და განწყობას და თავისი განხორციელებისთვის სპეციალურ განწყობისეულ მექანიზმს არ საჭიროებს.
ტექსტის მეორე ვარიანტში მსჯელობა ქცევის ფსიქოლოგიის ტერმინებში მიმდინარეობს და, ამიტომ, მოცემული ანალიზისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ის იწყება დებულებით, რომელსაც მთელი მსჯელობა არასწორი მიმართულებით მიჰყავს: «რისამე აღქმა არ წარმოადგენს უფრო ნაკლებ სრულსა და დამოუკიდებელ აქტივობას, ვიდრე ყოველგვარი სხვა ქცევა» [11; 328]. მაშასადამე, აღქმა დამოუკიდებელი ქცევა ყოფილა, ხოლო თუ ასეა, მას უნდა ჰქონდეს თავისი მოთხოვნილებაც და განწყობაც. მსჯელობა სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება – დასტურდება შესაფერისი მოტივაციის არსებობა («აღქმის მოთხოვნილება», აღქმის «მიზანი», «ამოცანა», «ინტერესი») და შესატყვისი განწყობა, ურომლისოდაც არავითარი დამოუკიდებელი ქცევა არ არსებობს. აქედან ლოგიკურად მივდივართ დილემამდე: «აღქმის ფაქტის აღმოცენებამდე, სუბიექტს პირველ რიგში მოცემული ობიექტის აღქმის განწყობა უნდა გაუჩნდეს, სხვაგვარად ეს აღქმა ამ სუბიექტთან არ განხორციელდება» (იქვე), ხოლო განწყობას, თავის მხრივ, სიტუაციის აღქმა უნდა უსწრებდეს წინ. უზნაძის აზრით, მოცემული წინააღმდეგობიდან გამოსავალი იმაშია, რომ დავუშვათ ორი სახის აღქმა: ერთ შემთხვევაში აღქმა «სუბიექტის წინაშე არსებულ სრულიად დამოუკიდებელ ამოცანას წარმოადგენს» [11; 329]; მეორე შემთხვევაში საკმარისია შევამჩნიოთ ობიექტი, რომ უშუალოდ აქტივობაზე გადავიდეთ. «სხვანაირად შეუძლებელიცაა, რადგან ამ შემთხვევაში სუბიექტს აღქმის ობიექტი დამოუკიდებელად კი არ აინტერესებს, არამედ როგორც მხოლოდ მომენტი გარკვეული მოქმედების პროცესში – ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა თვით აღქმა, არამედ გარკვეული მოქმედება, რომლისთვისაც ეს აღქმა ხორციელდება» (იქვე). ასეთი «აღქმა» მხოლოდ ქცევის ძირითადი მიზნის მიმართ დაქვემდებარებულ აქტად გვევლინება და, ამდენად, დამოუკიდებელ განწყობას არ საჭიროებს.
მთავარი აქ აღქმის პროცესის დამოუკიდებელ ქცევად მიჩნევის მომენტია. ეს თეზისი სტატიკურ-დისკრეტული მოდელის უკვე აღნიშნული მესამე ნიშნიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად, უარყოფილია განსხვავება ქცევის პროცესსა და ფსიქიკურ პროცესს შორის; ამ უკანასკნელს დამოუკიდებელი ქცევის სტატუსი აქვს მინიჭებული. აღქმაც ფსიქიკური პროცესია და, ამდენად – დამოუკიდებელი ქცევა. ფუნქციის მიხედვით აღქმა სიტუაციის ფსიქიკურ ასახვას ემსახურება. მაგრამ, საზოგადოდ, რა უნდა ვიგულისხმოთ ქცევის (განწყობის) სიტუაციის აღქმაში? ეს საკვანძო საკითხია, რომელზეც ნათელი პასუხი ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან არ ჩანს. საზოგადოდ, როგორ შეიძლება გავიგოთ სიტუაციის აღქმა სტატიკურ-დისკრეტული მოდელის მიხედვით?
უნდა გაირჩეს სიტუაციის ფსიქიკური მოცემულობის ფორმები და მათი მიმართება განწყობასა და ქცევასთან. სიტუაცია გარემოს ის ნაწილია, სადაც შესაძლებელია ქცევის მოტივაციური ძალების რეალიზაცია. მისი ფსიქიკური რეპრეზენტაცია კოგნიტური აქტივობის ორ დონეზე ხორციელდება. შესაბამისად, გაიმოიყოფა «აქტუალური» ან «აღქმული» სიტუაცია და «წარმოსახული» ან «აზრითი» სიტუაცია. განცდის ამ რაგვარობათა მიღმა გარკვეული ფსიქიკური პროცესები იგულისხმება. პირველ შემთხვევაში საკვანძო როლს პერცეფცია თამაშობს, მეორეში – აზროვნება, წარმოდგენა, წარმოსახვა. ქცევის დაბალ სახეობებს (იმპულსურს) სიტუაციის მოცემულობის პირველი ფორმა შეესაბამება; ქცევის მაღალ (ობიექტივირებულ) სახეობებს – მეორე. თუმცა მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ამ განსხვავებათა პირობითობა: საბოლოო ჯამში, ყოველგვარი იმპულსური ქცევა, ცხოველთან და ადამიანთან, შეიცავს პროგნოსტიკის გარკვეულ ელემენტს, ხოლო, თავის მხრივ, ყოველი ობიექტივირებული ან ნებელობითი ქცევა აუცილებლობით ეყრდნობა აქტუალურად აღქმული სიტუაციის მონაცემებს [16].
როგორ უნდა გავიგოთ განწყობისა და ქცევის მიმართ აღქმული სიტუაციის წინასწარ მოცემულობის საკითხი? სიტუაცია მოიცავს ყველაფერ იმას, რაც მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების და ქცევის მიზანშეწონილი განხორციელების პირობაა. ესაა თვით მოთხოვნილების საგანი, ქცევის წარმართვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური პირობები, აგრეთვე ტექნოლოგიური საშუალებები. მოკლედ, იგი მრავალი ობიექტის აღქმას ითვალისწინებს. როგორც წესი, ეს ობიექტები აღქმის ერთჯერად აქტში არაა მოცემული. სიტუაციის საგნობრივი შემადგენლობა და კონფიგურაცია მუდმივად იცვლება ქცევის მიმდინარეობის კვალდაკვალ. თუ არ იქნა წესიერად აღქმული გარემოს გარკვეული უბანი (მონაკვეთი), მასში ზუსტი და საჭირო მოქმედებისა თუ ოპერაციების შესრულება შეუძლებელი იქნება და ვერც მიზანშეწონილი ქცევა განხორციელდება. ამდენად, უნდა ვილაპარაკოთ არა სიტუაციის აღქმაზე, როგორც ერთჯერად ხდომილებაზე, რომელიც უზრუნველყოფს განწყობის ფორმირებას და ქცევის შესრულებას, არამედ ქცევის მთელ გაყოლებაზე წარმოებულ აღქმის მუდმივ პროცესზე. აღქმის პროცესის ხანგრძლივობა და სირთულე დამოკიდებულია ქცევის შესაბამის პარამეტრებზე. პერცეპტული ინფორმაცია სიტუაციის შესახებ ნაკადისებურად შემოდის ე. წ. «სტიმულაციური ხატების» სახით (ჩხარტიშვილის ტერმინოლოგიით).
ყოველ სტიმულაციურ ხატში ის გარემო პირობებია აღბეჭდილი, რომლებშიც ამჟამად იშლება ქცევა, ხორციელდება ესა თუ ის მოქმედება და შესაფერისი ოპერაციები. თითოეული სტიმულაციური ხატი სიტუაციის აღქმის უწყვეტი პროცესის კერძო აქტის შედეგია. ამ აქტის სტრუქტურა უთუოდ მოიცავს სათანადო სენსორულ ინფორმაციას (მონაცემებს), რომლებიც ორგანიზდება გარკვეულ პერცეპტულ ხატად. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ გარემოს შესახებ ეს შეგრძნებისეული მონაცემები წამის მეათედების განმავლობაში რჩება სათანადო «სენსორულ რეგისტრში». საკითხი იმას ეხება, რამდენად შეიძლება «შეგრძნებისა თუ შემჩნევის» ეს «რეფლექტორული» პროცესი განვიხილოთ ისეთ აქტად, რომელიც წინ უსწრებს განწყობის ნიადაგზე აღმოცენებულ ნამდვილ აღქმას. ამ საკითხის აზრიანობა და მნიშვნელობა განწყობის თეორიისთვის დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, აქვს თუ არა აღქმას სპეციალური განწყობისეული საფუძველი. თუკი აღმოჩნდება, რომ აღქმის ფსიქიკურ პროცესს საკუთარი გაწყობა არ გააჩნია, და ის, სხვა პროცესების მსგავსად, ქცევის განწყობით იმართება, მაშინ სიტუაციის ამსახველი უგანწყობო შეგრძნება-შემჩნევის ძიებას აზრი დაეკარგება, ვინაიდან ე. წ. «აღქმის პარადოქსიც» აღარ იარსებებს[30].
ამ საკითხში ჩაღრმავებისას უთუოდ წავაწყდებით უზნაძის გამონათქვამებს, რომ აღქმა ასრულებს «მხოლოდ დაქვემდებარებულ, სპეციალურად გაუცნობიერებელ როლს მის გარეთ არსებული ძირითადი მიზნის მიღწევაში» [11; 329] და რომ სუბიექტის მიზანია არა თვით აღქმა, არამედ გარკვეული მოქმედება, რომლისთვისაც ეს აღქმა სრულდება. უზნაძე ამ სიტყვებით შეგრძნებას ახასიათებს, სინამდვილეში კი ისინი ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს საკუთრივ აღქმის ფსიქიკურ პროცესს. გამღიზიანებლის ზემოქმედებით გამოწვეული სენსორული პროცესი აღქმის მთლიანი პროცესის ნაწილი და პირობაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირველი უგანწყობო რეფლექსია, ხოლო მეორე საკუთარი განწყობის ნიადაგზე აგებული დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ქცევა. ფსიქიკური პროცესის ცნება ქცევის ცნებასთან მიმართებაში, პრინციპში, დაქვემდებარებული და ვიწრო მნიშვნელობის მქონეა. ქცევა აიგება ფსიქიკური პროცესებისაგან და არა პირიქით.
აღქმა ფსიქიკური პროცესია და ეს დებულება მასზეც ვრცელდება. იგი დაქვემდებარებული, ქცევის სტრუქტურის ერთეულების (მოქმედებების და ოპერაციების) მომსახურე აქტივობაა. ამიტომ აღქმა სხვა მოტორული და ფსიქიკური პროცესების მსგავსად[31] (მაგალითად, ყურადღება, მეხსიერება და სხვა) მონაწილეობს ქცევის ცოცხალი ქსოვილის ქმნადობაში. იგი ამ ქცევის განწყობით იკვებება და იმართება. აქედან გამომდინარე, რამდენადაც აღქმას არ გააჩნია საკუთარი, მიმდინარე ქცევისაგან განსხვავებული სპეციალური აქტუალური განწყობა, ეს უკანასკნელი, ცხადია, არც შეგრძნება-შემჩნევას ექნება. ამით დღის წესრიგიდან იხსნება ე. წ. «აღქმის დილემა». უზნაძის სკოლაში მისი გადაწყვეტის გზების ძიებაზე ძალზე ბევრი დრო და ინტელექტუალური რესურსი დაიხარჯა. დადგა დრო, ვაღიაროთ, რომ ესაა განწყობის სტრუქტურის სტატიკურ-დისკრეტული მოდელის ნიადაგზე წარმოქმნილი ცრუ პრობლემა. ამ არაადეკვატურ მოდელზე უარის თქმა თავისთავად აქრობს სიტუაციის აღქმის დილემასაც.
მაგალითად, მუშაობის შემდეგ გასეირნება გადავწყვიტე. ყველა მომდევნო მოქმედება-ოპერაციის შესრულება (ჩაცმა, ბინის დაკეტვა თუ სხვა), აღქმის პროცესს გულისხმობს, რომელიც სასეირნოდ წასვლის ქცევის განწყობის ფონზე იშლება. ეს ქცევა უზნაძის ქცევათა კლასიფიკაციის მიხედვით თვითმომსახურების (ან იქნებ გართობის?!) ქცევათა ჯგუფს მიეკუთვნება. ცხადია, მასში სხვა ფსიქიკური პროცესებიცაა ჩართული: რომ ჩაიცვა ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, უნდა გახსოვდეს, სადაა ისინი შენახული; რომ გადაწყვიტო მარცხენა-მარჯვენა ფეხსაცმლის ან კარის გასაღების «პრობლემა» (უზნაძის ცნობილი მაგალითებიდან), ყურადღება, აზროვნება და, წარმოდგენაც დაგჭირდება. თუმცა არსად ფსიქიკური პროცესის შესაბამისი, სპეციალური (მეხსიერების, აზროვნების და ა.შ.) აქტუალური განწყობა არ აღმოცენდება და ყველაფერი იმავე ქცევის განწყობის მოქმედების ფარგლებში წარიმართება. იგივე ითქმის აღქმაზეც. აღქმა სიტუაციის ცვალებადობას მიჰყვება (უნდა აღიქვა ტანსაცმელი, კარები და ა. შ.). მას შეაქვს ინფორმაცია ქცევის განწყობის დინამიკური სტრუქტურაში და ამავე განწყობით იმართება.
ახალა ვნახოთ რა ხდება, როცა აქტივობა მკვეთრად იცვლის მიმართულებას, შესაბამისად, ახალი ქცევის განწყობის ამოცანა დგება. განწყობის დინამიკური მოდელის თანახმად ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ვილაპარაკოთ ამჟამინდელი განწყობის დიფერენციაციაზე, რომელიც ახალ მოტივაციურ და სიტუაციურ ვითარებებს ითვალისწინებს. განწყობის ამ გადასტრუქტურებისთვის საჭირო ინფორმაცია თვით ძველი განწყობის მოქმედების ფონზე შემოდის ფსიქიკაში. დაახლოებით ასე აქვს წარმოდგენილი საქმის ვითარება ამ მოდელის დაზუსტებასა და განვითარებაზე მიმართული ერთობ საყურადღებო ნაშრომის ავტორს ზ. ვახანიას [2]. მისი აზრით: «ცოცხალი სულიერის ნამდვილი ქცევა არ დაიყვანება დისკრეტული
ერთეულების (ცალკეული ქცევების) თანმიმდევრობაზე; ერთი ქცევის გამოყოფა მეორისაგან და მათ შორის მკაფიო საზღვრის გავლება პრაქტიკულად შეუძლებელია. შეუძლებელია გავიგოთ, ზუსტად სად და როდის იწყება და როდის მთავრდება ესა თუ ის ქცევა. სინამდვილეში საქმე გვაქვს აქტივობის განუწყვეტელ ნაკადთან, რომელიც განწყობით იმართება. ეს განწყობა ებრიოგენეზში ისახება თანდაყოლილი ფუნქციონალური აქტივობის «გამოღვიძების» შედეგად. ეს უკანასკნელი «გარემოდან მიღებული შეგრძნების ზეგავლენით, დასაბამს აძლევს იმ პირველად აქტუალურ განწყობას, რომელიც სულდგმულის მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობს ქმნადობა-განვითარება-დიფერენცირებას, თან მართავს ქცევას, აგრეთვე ყველა შინაგან განცდას, მათ შორის აღქმასაც, რომელიც, ქცევასთან ერთად, უკუზემოქმედებას ახდენს განწყობაზე და იწვევს მის შემდგომ დიფერენცირებას» [2; 100].
ჩვენი ანალიზის კონტექსტში მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ შეგრძნებაც და აღქმაც მუდმივმოქმედი განწყობის მექანიზმს ეყრდნობა. აღქმა ყოველთვის მიმდინარე აქტივობის განწყობით რეგულირდება და მის შემდგომ დიფერენცირებაში მონაწილეობს. არც ის იწვევს ეჭვს, რომ განწყობა სულ ცვალებადობს. ეს დინამიკური მოდელის საკვანძო პუნქტია.
სხვა საკითხია იმ აქტივობის დახასიათება, რომელიც დინამიკური სტრუქტურის მქონე განწყობით იმართება. დისკრეტული მოდელი დიახაც მკაფიოდ განცალკევებული ქცევითი ერთეულების თანმიმდევრობის სურათს გვიხატავს, რის არაადექვატურობაზე ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ. ქცევებს შორის საზღვრები ხშირად წაშლილია, ახალი ქცევა წინარესთან ორგანულადაა დაკავშირებული, თანაც როგორც ფორმალურ-დინამიკური, ისე შინაარსეული თვალსაზრისით. მეტიც, არც თუ იშვიათად, ქცევები ერთმანეთშია შეზრდილი. სახეზეა «კომპლექსური
აქტივობა», რომელსაც მრავალმოთხოვნილებისეული ერთიანი ენერგეტიკული საფუძველი და რთული ინტენციონალური შინაარსი აქვს. ეს გარკვეული ქცევითი გეშტალტია, რომელიც დამოუკიდებელი ქცევითი ერთეულების უბრალო ჯამზე არ დაიყვანება. მოკლედ, დინამიკური თვალსაზრისის გადმოსახედიდან აქტივობის სურათი ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ამას სტატიკურ-დისკრეტული მოდელი ხატავს.
მიუხედავად ამისა, არსებობს მეორე უკიდურესობაში გადაჭრის საფრთხე. აქტივობის ნაკადისებურობა-უწყვეტობის დინამიკურმა დახასიათებამ არ უნდა დაჩრდილოს აქტივობის შინაარსეული მხარის ცვალებადობის ემპირიულად მოცემული მნიშვნელოვანი მომენტი.
როდესაც უ. ჯეიმსს ცნობიერების დახასიათებისას თავისი ნაკადის მეტაფორა შემოჰქონდა, იგი ხაზს უსვამდა ორ მომენტს: ელემენტარისტული მიდგომის უნაყოფობას (მდინარეს ვერ დაჭრი და ელემენტების თანმიმდევრობად ვერ წარმოადგენ) და ცნობიერების უწყვეტობას (იმას, რომ ყველა ახალი შინაარსი წინარესთან არის დაკავშირებული). ამასთან, იგი არასდროს არ ამცირებდა ცნობიერების ფაქტებს შორის არსებულ შინაარსეულ-საზრისულ განსხვავებათა მნიშვნელობას. განცდების ინტენციონალური სხვადასხვაობა არც ჯეიმსს და არც სხვას დაუყენებია ეჭვის ქვეშ. განცდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც თვისებრივად (კოგნიტური, ვოლიტური, ემოციური), ისე საგნობრივად (ანუ რაზეა მიმართული).
არსებითად იგივე ითქმის აქტივობის ნაკადის შესახებაც. აქაც შეიძლება ვილაპარაკოთ თვისებრივ და ინტენციონალურ განსხვავებებზე. პირველის მაგალითია ის განსხვავება, რომელიც არსებობს, მაგალითად, თეორიულ და პრაქტიკულ ქცევას შორის. ეს განსხვავება არსებობს და ეკოლოგიურად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის რეალური ქცევა, უმეტესად, შედგება ორივე ტიპის მოქმედებებისაგან (მოტორული და მენტალური). ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, ერთ-ერთი თვისების მეტ-ნაკლებობაზე ვილაპარაკოთ. ეს აუცილებლად ქმნის პირობითობის მომენტს ამგვარი დაყოფისას, მაგრამ ამ სირთულეს ვერ გავექცევით, ვინაიდან აღსაწერი რეალობაა თავად რთული. სხვათა შორის, მსგავსი სირთულე ცნობიერების დახასიათების დროსაც წარმოიქმნება. ცნობიერების თითქმის ყველა შინაარსი თვისებრივად განსხვავებული ფსიქიკური მოვლენების ერთობლიობად წარმოგვიდგება და დღეს უკვე საყოველთაოდაა აღიარებული ცნობიერების მოვლენათა კლასიკური კანტიანური კლასიფიკაციის (ე. წ. «სულის ტრიქოტომიის») პირობითობა. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა ატიტუდის სამკომპონენტიანობის თეზისი, განსაკუთრებით კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, სულ კოგნიტურ-ემოციურ, კოგნიტურ-მოტივაციურ, ემოციურ-მოტივაციურ და ა. შ. წარმონაქმნებზეა საუბარი [15][16][19][22][24]. არ არსებობს უმოტივაციო შემეცნება, ან კიდევ მოტივაცია აბსოლუტურად დაცლილი კოგნიციისაგან და გრძნობისაგან. მიუხედავად ამისა, მაინც ვსაუბრობთ ცალკე კოგნიტურ პროცესებზე, ემოციურზე და ა. შ.
რაც შეეხება ინტენციონალურ განსხვავებებს, ისინი იმდენად თვალსაჩინოა, რომ სპეციალურ ილუსტრაციას არ საჭიროებს. თუ თვისებრივი განსხვავებები ძირითადად ქცევის ოპერაციულ მხარეს ეხება, ამ შემთხვევაში პირველ პლანზე მოტივაციის შინაარსი გამოდის. როცა ეს განსხვავება არსებითი ხასიათისაა, როცა აქტივობა მკვეთრად იცვლის მიმართულებას, როცა იგი სულ სხვა სემანტიკის, საზრისის მატარებელი ხდება, ჩვენ ვადასტურებთ აქტივობის მუდმივ ნაკადში ახალი შინაარსის მქონე მონაკვეთის გაჩენას და მას ახალ ქცევას ვუწოდებთ[32].
განწყობის კლასიკური (სტატიკური) მოდელი დაიწყებს აქ ქცევის შესაბამისი განწყობის ფაქტორების აღმოცენების განწყობისეული მექანიზმის გამოკვლევას და ამ პროცესში მივა აღქმის პარადოქსამდე თუ უგანწყობო რეფლექსებამდე. დინამიკური მოდელის მიხედვით, შემდგომი ქცევის განწყობის ფაქტორები (სუბიექტურიც და ობიექტურიც) წინარე ქცევის განწყობის მოქმედების ფონზე აღმოცენდება და «განახლებულ განწყობას» ედება საფუძვლად. მაგალითად, გასეირნების მოთხოვნილებამ თავი იჩინა ფსიქიკაში (ცნობიერებაში), როცა ჯერ კიდევ სხვა, კერძოდ მუშაობასთან დაკავშირებული მოტივაცია და შესაბამისი განწყობა მართავდა აქტივობას. გასეირნების (დასვენების) მოთხოვნილება, შეიძლება ითქვას, თავისი ანტაგონისტი მოთხოვნილებითა და განწყობით აღძრულ-წარმართული ქცევის, კერძოდ მუშაობის მიმდინარეობის პროცესში იკრებდა ძალას, სანამ იმდენად ინტენსიური არ გახდა, რომ სუბიექტი აქტივობის ხასიათის შეცვლის ამოცანის წინაშე დააყენა. ამ შემთხვევაში ერთი ქცევის მეორისაგან გამოყოფა და მათ შორის საზღვრის გავლება რთული არაა. მუშაობასა და სეირნობას (დასვენებას) შორის განსხვავება სავსებით ნათელია. სტატიკური მოდელი იტყოდა, რომ ამ შემთხვევაში ძველი განწყობა ქრება და იქმნება ახალი განწყობა. დინამიკური მოდელის მიხედვით აქ ხდება მუდმივმოქმედი განწყობითი მექანიზმის არსებითი გადასტრუქტურება, მისი შინაარსეული მხარის ტრანსფორმაცია[33]. ოღონდ, როგორც არ უნდა იყოს, ამ განწყობის სუბიექტური ფაქტორი იმთავითვე არსებობს და მისი გამომუშავებისთვის რაიმე საგანგებო აქტივობა (და შესაბამისი სპეციალური განწყობა) არ არის საჭირო.
იგივე ითქმის ობიექტურ ფაქტორზეც. შედარებით მარტივი ქცევის ანალიზისას ეს კარგად ჩანს. ვთქვათ, მუშაობის პროცესში წყურვილმა შემაწუხა. ვწყვეტ მუშაობას, მივდივარ მაგიდასთან, სადაც ბორჯომი მეგულება და ვიკმაყოფილებ გააქტიურებულ მოთხოვნილებას. თუ წყლის დალევის განწყობის შექმნა გულისხმობს წყურვილის (მოტივაცია) შეხვედრას მაგიდაზე მდგარი მინერალური წყლის ხატთან (სიტუაცია), უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს უკანასკნელი ამ ქცევის განწყობამდეა მოცემული. წინარე ანალიზით გამოვრიცხეთ, რომ ამისთვის აღქმის სპეციალური განწყობა იქმნება, რომელიც წინ უძღვის საკუთრივ წყლის დალევის ქცევის განწყობას; ამიტომ გვრჩება ერთი გზა – მივიჩნიოთ, რომ ჯერ კიდევ მუშაობის განწყობის მოდუსში მყოფმა სუბიექტმა არა მხოლოდ თვით წყურვილი განიცადა, არამედ მისი დამაკმაყოფილებელი საგანიც აღიქვა. რამდენადაც ახალი ქცევისთვის (განწყობისთვის) საჭირო ორივე ფაქტორი სახეზე იყო, სუბიექტმა შეწყვიტა მუშაობა (წინარე ქცევა) და დაიწყო ზრუნვა იმაზე, რათა მოეკლა წყურვილი (ახალი ქცევა). რადგანაც არ არსებობს უგანწყობო მდგომარეობა და არც აღქმის სპეციალური განწყობა, «ახალი განწყობის» სიტუაციის აღქმა წინა განწყობის მოქმედების პროცესში განხორციელებულა.
ეს ასეა იმპულსურ ქცევაში, ვინაიდან მხოლოდ ასეთი ქცევა იწყება სიტუაციის აღქმით. აღქმული სახით იმპულსური ქცევის განწყობის სიტუაციური ფაქტორია მოცემული. მხოლოდ ასეთი ქცევის გაწყობის აღმოცენებას შეიძლება უსწრებდეს წინ სიტუაციის აღქმისთვის საჭირო განწყობა, თუნდაც ჰიპოთეტურად. მაშასადამე, აუცილებელია ითქვას, რომ ე. წ. აღქმის პარადოქსის შესახებ, საზოგადოდ, მარტო იმპულსური ქცევის ანალიზის შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი.
უფრო რთულია ვითარება, როცა საქმე გვაქვს არა იმპულსურ, არამედ ობიექტივირებულ ქცევასთან. ამ შემთხვევაში განწყობის მაფორმირებელი სიტუაცია მოცემულია არა აღქმის, არამედ წარმოსახულ, იდეურ ფორმაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც თავი უნდა შევიკავოთ წარმოსახვისა თუ აზროვნების განწყობათა დაშვებისაგან. როგორც უკვე ითქვა, ქცევის შემადგენელი ფსიქიკური პროცესები თვით ქცევის აქტუალური განწყობით იმართება, თუმცა, შეიძლება, ფიქსირებულ განწყობათა ძლიერ გავლენას განიცდიდეს.
ამრიგად, განწყობის სტრუქტურის დინამიკურ მოდელს, როგორც ახსნით კონცეფციას, უნდა შეესაბამებოდეს სათანადო მოდელი აქტივობის აღწერისა. იგი იმით განსხვავდება ე. წ. დისკრეტული მოდელისაგან, რომ არ მოითხოვს ახალი ქცევის სტატუსი მიანიჭოს აქტივობის მოტივაციური თუ სიტუაციური შინაარსის ყოველგვარ ცვალებადობას. ადამიანის ქცევის მოტივაციურ საფუძველს, როგორც წესი, პოლიმოთხოვნილებისეული ხასიათი აქვს. ამ სისტემით აღძრული «კომპლექსური აქტივობის» პროცესში ხდება მრავალი ცვლილება, რომელიც აისახება ქცევის დინამიკაზე და სემანტიკაზე. გარკვეულ მომენტში ცვლილება შეიძლება იმდენად შორს წავიდეს, რომ აქტივობის ინტენციონალური შინაარსი არსებითად შეიცვალოს, ახალი მიზნისკენ წარიმართოს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვილაპარაკოთ ახალი ქცევის დაწყებაზე. დინამიკური მოდელისთვის მთავარია აქტივობისა და, შესაბამისად, განწყობის უწყვეტობის პოსტულატი. ამიტომ, სტატიკურ-დისკრეტული თვალსაზრისის საპირისპიროდ, უნდა ვისაუბროთ მუდმივმოქმედი განწყობის შინაარსობრივ ტრანსფორმაციებზე და არა ერთი განწყობის მოქმედების შეწყვეტასა და მეორე განწყობის აღმოცენებაზე.
სტატიკურ-დისკრეტული თვალსაზრისი, არსებითად, ვერ ხედავს განსხვავებას ქცევასა და ფსიქიკურ პროცესს შორის. ამიტომ მისი დამცველები ხშირად საუბრობენ აღქმის, აზროვნების და სხვა განწყობაზე. დინამიკური მოდელი ფსიქიკურ პროცესს ქცევის შემადგენელ ერთეულად მიიჩნევს, ხოლო აქტუალურ განწყობას – მხოლოდ ქცევის რელევანტურ მექანიზმად (თუმცა განწყობა ძლიერ გავლენას ახდენს ხოლმე ფსიქიკურ პროცესებზეც, ზოგჯერ ძირეულადაც ცვლის ხოლმე მათ). ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ქცევა აიხსნას დინამიკური სტრუქტურის მქონე ერთიანი განწყობის საშუალებით, რომლითაც იმართება ყველა ფსიქოფიზიკური მოქმედება და პროცესი.
დინამიკური მოდელი, აგრეთვე, თავიდან გვაცილებს თეორიულ პრობლემებს, რომლებიც სტატიკურ-დისკრეტული თვალსაზრისის ნიადაგზე წარმოიქმნება. აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება ე. წ. «აღქმის პარადოქსი», რომელსაც ექვს ათეულ წელზე მეტია, წარუმატებლად ებრძვის განწყობის ფსიქოლოგია. ამ დილემასთან დაკავშირებული შინაარსი დაზუსტებას საჭიროებს – გარკვეული მიმართულებით იგი უნდა შევიწროვდეს, სხვა მიმართულებით კი გაფართოვდეს. აღქმის პარადოქსის მიყენების არეალი უნდა შეიზღუდოს იმპულსური ქცევით, ვინაიდან ობიექტივირებული ან ნებელობითი ქცევის განწყობა ეფუძნება არა აღქმულ, არამედ «წარმოსახულ ან იდეურ» სიტუაციას. მეორე მხრივ, ლოგიკა მოითხოვს მოცემული დილემა გავრცელდეს განწყობის შინაგან, მოტივაციურ ფაქტორზეც, რამდენადაც ისიც ფსიქიკური პროცესი და განცდაა და, სტატიკური მოდელის თანახმად, საკუთარ განწყობას საჭიროებს.
ანალიზი ცხადყოფს, რომ ესაა ცრუ პრობლემა. მისი ფესვები იმ დებულებაშია, რომ ფსიქიკურ პროცესს თავისი განწყობა ასაზრდოებს. თუ ამოვალთ იქიდან, რომ სიტუაციის ამსახველი აღქმის ფსიქიკური პროცესი იმ განწყობით იმართება, რომელიც ამ მომენტში განსაზღვრავს ქცევის მიზანშეწონილებას, პრობლემაც მოიხსნება. სანამ აქტივობა სხვა მიმართულებას შეიძენს, სიტუაციის აღქმას მიმდინარე ანუ «ძველი ქცევის» განწყობა განაპირობებს. ასეთნაირად აღქმული სიტუაციისა და ახლად გააქტიურებული მოტივაციის შესაბამისად, განწყობა ტრანსფორმირდება და აქტივობას ახალი მიზნისკენ წაიყვანს. იგივე ითქმის მოტივაციურ ფაქტორზე, რომლის აქტივაციაც წინარე განწყობის მოქმედების ფონზე ხორციელდება. არც სიტუაციის აღქმას და არც მოტივაციის განცდას დამატებითი, საკუთარი განწყობა არ ესაჭიროება.
სიტუაციის აღქმას, როგორც ყოველგვარ პერცეპტულ პროცესს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი სენსორული საფუძველი; მას, ასე ვთქვათ, «წინ უსწრებს» შეგრძნება, ან უზნაძეს თქმით «შემჩნევა». მაგრამ, ვინაიდან, თვით აღქმაც არ იმართება სპეციფიკური «აღქმის განწყობით», შეგრძნების რეფლექსურობის ანუ უგანწყობობის მტკიცებას აზრი ეკარგება.
ირაკლი იმედაძე
წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში