ცხოველთა უჩვეულო სექსუალური ტრადიციები
ყველას გვსმენია ცხოველთა სამყაროში არსებული სექსუალური კანიბალიზმის საშიშ ისტორიებზე. სექსუალური კანიბალიზმი ალბათ სქესთა შორის კონფლიქტის ყველაზე უკიდურესი ფორმაა. მსგავსი რამ დაფიქსირებულია ჩოქელებისა და ობობების რამდენიმე სახეობაში, თუმცა აღსანიშნავია ამ ჩვევის საოცარი მრავალფეროვნებაც.
ზოგიერთი მამრი ობობა, მაგალითად ავსტრალიური წითელზურგიანი (Latrodectus hasselti), ასრულებს სპეფიციკურ სექსუალურ „მალაყს” და პირდაპირ თავისი საყვარელი მდედრის ყბებში ხვდება, რათა საკუთარი კანიბალური სიკვდილი დააჩქაროს. ისინი მუცლით მდედრის ყბების ზემოთ თავსდებიან და პარტნიორი, როგორც წესი, მამრის ქვედა ნაწილის კვნეტას იწყებს, სანამ შეწყვილების პროცესი მიმდინარეობს. საუკეთესო შემთხვევაში მამრი წითელზურგიანი ორჯერ წყვილდება. მას ორი პედიპალპი (ფეხსახსრიანებში გავრცელებული გამონაზარდი, ამ შემთხვევაში მას სპერმის შენახვის ფუნქცია აქვს) აქვს, რომელთაგან ერთდროულად მხოლოდ ერთის გამოყენება შეუძლია, მდედრს კი სპერმის შენახახი ორგანოების წყვილი, რომელთა შევსებასაც ორი კოპულაცია (შეწყვილება) სჭირდება. პირველი კოპულაციის შემდეგ სიკვდილი (ეს ემართება დაახლოებით 12.5%-ს) თითქმის ნაშრომის წყალში ჩაყრა გამოვა, რადგან მამრს უბრალოდ ორი ორგანო კი არ აქვს, არამედ ბიოლოგიურად ისეა ჩამოყალიბებული, რომ ორივე პედიპალპის დაცლის შემთხვევაში მისი ბიოლოგიური ვარგისიანობა იმატებს. ერთხელ შეწყვილებით კი მოუწევს მამობის ბედნიერება სხვას გაუნაწილოს, თუკი მდედრი მის შემდეგ სხვა პარტნიორს მოძებნის.
ამიტომ მამრებმა გონებამახვილური ტაქტიკა შეიმუშავეს იმისთვის, რომ შეწყვილების საწყის ეტაპზე კანიბალური სიკვდილის შანსი მინიმუმამდე შეამცირონ. ისინი მუცელს კუმშავენ და სასიცოცხლო ორგანოები სხეულის წინა ნაწილში გადააქვთ, სადაც მდედრის საქორწინო ნადიმად არ იქცევიან. შეკუმშვითი სტრატეგიით მამრები სხეულისადმი ზიანის მიყენების საფრთხეს მინიმუმამდე ამცირებენ და განაყოფიერებაც წარმატებული აქვთ. ორივე პედიპალპის დაცლის შემდეგ პარტნიორ მდედრს მოკვლისა და შეჭმის უფლებას აძლევენ.
მსგავს სტრატეგიას სხვა ობობებშიც ვხვდებით, მაგალითად სფეროსებრი ქსელის მრთველ Nephilengys malabarensis-ში. ამ სახეობის მამრი მდედრთან „დისტანციურ” შეწყვილებას ახორციელებს, იძრობს რა განაყოფიერების ორგანოს და მდედრის სხეულში ტოვებს მას, თავად კი ფუნქციონირებად საჭურისად იქცევა. პარტნიორთან სექსი შესაძლებელი ხდება შორი მანძილიდან, როცა თავად ოთახის მეორე ბოლოში ხართ კომფორტულ პოზიციაში.
მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური კანიბალიზმი უკიდურესი და საშიშია, არ წარმოადგენს ერთადერთ სექსუალურ აქტივობას, რომელსაც თან ახლავს ტკივილი. მაგალითისთვის ავიღოთ ტრავმული განაყოფიერება – სწორედ ასე ეწოდება სამეცნიერო ლიტერატურაში და შესაბამისი მიზეზიც არსებობს. ტრავმული განაყოფიერების საუკეთესოდ შესწავლილი შემთხვევა საწოლის ბაღლინჯოები (Cimex lectularius) გახლავთ. ნაცვლად იმისა, რომ ხმლის მსგავსი პენისებიდან მდედრის გენიტალიურ ხვრელში გადაიტანონ სპერმა, მრავალი სხვადასხვა სახეობის მამრი ბაღლინჯოები პარტნიორის სხეულის ზედაპირზე უბრალოდ ახალ ხვრელს ქმნიან და სპერმას ჰემოლიმფაში (სისხლის ექვივალენტი მწერისთვის) ასხამენ. ამ გზით სპერმა საკვერცხეებში ხვდება. ბევრი სახეობის მდედრებს მთავარი გენიტალური ხვრელი აღარ აქვთ – რაში სჭირდებათ, თუკი არასდროს გამოიყენებენ? მსგავსი სცენარი ხორციელდება ობობა Harpactea sadistica-ს შემთხვევაში. მამრებს ნემსის მსგავსი ორგანო აქვთ, მდედრებს კი – ატროფირებული სპერმათეკები (ტრადიციული სპერმის შესანახი ორგანოები).
კიდევ ერთ უცნაურ შეწყვილების რიტუალს ვაწყდებით ჰერმაფროდიტი ზღვის ლოქორების სახეობაში Chromodoris reticulata, რომელსაც ერთდროულად აქვს „მამრობითი” და „მდედრობითი” სექსუალური ორგანოები. დღემდე აღმოჩენილთაგან ეს არის ერთადერთი სახეობა, რომელსაც ერთჯერადი პენისი აქვს. ყოველი შეწყვილების შემდეგ ინდივიდი პენისს იძრობს, რის შემდეგაც 24 საათიან პერიოდში ხდება რეგენერაცია და წარმატებული განაყოფიერების უნარიც უბრუნდება. როგორც დაკვირვებიდან ჩანს, ზღვის ლოქორების ამ უნარის მიღმა საკმაოდ რთული მორფოლოგია დგას.
პენისის სტრუქტურა საკმაოდ დიდია და სხეულის შიდა ნაწილში სპირალის ფორმა აქვს. მისი მთლიანი სიგრძე საკმარისია სამი განაყოფიერებისთვის, სწორედ ამიტომ ახდენს მამრი მის რეგენერაციას ასე სწრაფად. როგორც კი ერთი აქტი დასრულდება და პენისის ბოლო ნაწილი მოწყდება, სპირალიდან მისი გაგრძელება იხსნება და შეკუმშული მდგომარეობიდან გაბერილსა და შეწყვილებისთვის მზადმყოფში გადადის. წარმოიდგინეთ ტუალეტის ქაღალდი, რომელიც გორგალიდან იშლება. მოკვეთილი ნაწილების ფუნქცია ასევე გახლავთ წინა რეპროდუქციული პარტნიორების სპერმის გამოდევნა, რადგან აღჭურვილი არიან მრავალი უკან მიმართული ეკლით და როგორც წესი, სპერმით არიან დაფარული.
ზოგჯერ სექსისთვის ორი ცოცხალი პარტნიორიც კი არაა საჭირო, რაც აშკარაა ბრაზილიური ხის ბაყაყების მაგალითზე. ამაზონური ბაყაყის Rhinella proboscidea-ს მამრებს შემუშავებული აქვთ „ფუნქციური ნეკროფილიის” რეპროდუქციური სტრატეგია, რა დროსაც მკვდარი მდედრების მუცლიდან გამოაქვთ ოოციტები (მდედრები ორგიების დროს იხოცებიან) და ნეკროფილურ სტილში ანაყოფიერებენ. სტრატეგიას შემაძრწუნებელი ელფერი აქვს, მაგრამ რეალურად ზრდის როგორც მამრის, ისე მდედრის რეპროდუქციულ წარმატებას.
ზოგჯერ ღიმილისმომგვრელია ბიოლოგების მიდრეკილება, ადამიანებში გავრცელებულ ქცევას სხვა ცხოველებში რაიმე ტერმინი მოუფიქრონ. მაგალითად, სექსუალური კოერსია იგივე გაუპატიურებაა. დიახ, მამალი ცხოველები აუპატიურებენ დედლებს, თუმცა რატომღაც უფრო პოლიტკორექტული ჩანს, თუკი ამ ქცევებს სექსუალურ კოერსიას ვუწოდებთ. ჩვენ გარდა პრიმატების რამდენიმე სახეობაშია გავრცელებული სექსუალური კოერსია, ყველაზე ხშირად კი ამას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა მდედრი და მამრი ზომით დიდად განსხვავდება. ჩვენს უახლოეს მონათესავე სახეობაში შიმპანზეებში (Pan troglodytes) მამრები ყველაზე სასტიკი და კოერსიულები არიან განაყოფიერებისთვის მზადმყოფი მდედრების მიმართ, რადგან ისინი ამ დროს ამობურცული ადგილების დემონსტრირებას ახდენენ.
ჰამადრილ ბაბუინებს (Papio hamadryas) სექსუალური კოერსია სხვა საფეხურზე აჰყავთ. ეს პრიმატები ცხოვრობენ პატარა ჯგუფებად, სადაც მამრები ახდენენ მდედრთა ხანგრძლივი ჰარამხანების მონოპოლიზაციას. ისინი „თავიანთ” მდედრებს აგრესიულად იცავენ, მდედრებიც დამთმობი და სექსუალურად მორჩილები არიან თავიანთი ლიდერისადმი. ამას მდედრების დამცავი პოლიგინია ეწოდება, ანუ მამრი იცავს საკუთარ ჰარამხანას (და ასევე კონტროლს უწევს მისი წევრების სექსუალურ ქცევებს). ჰარამხანის დასაცავად მამრებს მეტოქეებთან ჩხუბიც მოსდით, თუმცა უფრო აგრესიული მამრების მიერ ჰარამხანის წართმევა საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბაბუინების შემთხვევაში, რომლებიც რეპროდუქციული კარიერის დასაწყისში ნაყოფიერი მდედრების „ნაკრებს” ეძებენ.
ჰარამხანის წართმევის შემდეგ დამარცხებული მამრი იძულებულია, გაიქცეს, მისი მფარველობის ქვეშ მყოფი მდედრები კი იძულებითა და აგრესიის გამოყენებით გადადიან ახალი „მფლობელის” ხელში. ამ სოციალურ სცენარში მათ მიერ შეწყვილებაზე უარის თქმა შეუძლებელია. უფრო მეტიც – ახალი დომინანტი მამრი უკვე არსებულ შთამომავლობას სრულად ანადგურებს. ინფანტიციდის (ახალშობილთა/ჩვილების მკვლელობა) აქტი დომინანტი მამრისთვის ხელშემწყობი ფაქტორია, რადგან სხვის შვილებზე ზრუნვა აღარ მოუწევს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ლაქტაციის (რძის გამოყოფა) უეცარი შეჩერების შედეგად მდედრები ბრუნდებიან მძუვნობის ციკლში, ანუ ახალ ლიდერს შეუძლია საკუთარ შთამომავლობაზე დაიწყოს ზრუნვა. მამრებს, რომლებსაც უკვე აქვთ ჰარამხანა, შეიძლება სხვა მამრების ჰარამხანების მისაკუთრება და შესაბამისად, მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქალბატონების რიცხვის გაზრდა მოუნდეთ. მამრები ახლად „მოპოვებული” მდედრების მიმართ განსაკუთრებით აგრესიულები არიან, ზეწოლით ცდილობენ მათი თანხმობის მოპოვებას. ალბათ უკვე იფიქრეთ (და მართალიც ხართ), რომ ახალი ლიდერის ხელში ჩავარდნილი მდედრები საოცრად სტრესულ სიტუაციაში იმყოფებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სახეობაში სექსუალური კოერსიის უარყოფითი შედეგები მდედრზე უფრო აშკარად ჩანს, ვიდრე მამრზე, ხანგრძლივ პერიოდში მდედრისთვისაც შეიძლება ამ მოვლენას დადებითი შედეგი ჰქონდეს. ჰამადრილი ბაბუინების შემთხვევა მართლაც რომ უცნაურია, მამრები უკიდურესად აგრესიულ დომინანტობას ავლენენ ქალებზე. თუმცა ხანგრძლივ პერიოდში მდედრი თანდათანობით გადადის ადგილობრივი პოპულაციის სულ უფრო მეტად აგრესიული მამრის ხელში, საბოლოოდ კი ყველაზე დომინანტური და აგრესიული მამრის საკუთრება ხდება, რომელმაც მასზე სუსტი მამრების ჰარამხანები ჩაიგდო ხელში და წარმატებულად დაამტკიცა საკუთარი ძლევამოსილება. წმინდა ბიოლოგიური მნიშვნელობით მდედრისთვის ხელსაყრელია ყველაზე აგრესიულ მამრთან შეწყვილება, რადგან მის შთამომავლობას შესაბამისი გენეტიკური შტრიხები ექნება.
მაშ ასოცირდება ოდესმე სექსი სიამოვნებასთან ცხოველთა სამყაროში? არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებსაც მართლა მოსწონთ არშიყობა და შეწყვილება? ასეთები იჩრდილებიან ცხოველთა უმეტესობის ფონზე, რომლებსაც საზარელი და შემაძრწუნებელი სექსუალური ცხოვრება აქვთ, თუმცა სახეობათა მინიმუმ მცირე ნაწილი აქტისგან სიამოვნებას ღებულობს. ყველა ძუძუმწოვარ მდედრს გააჩნია კლიტორი, რომელიც ჩვენს სახეობაში დიდი სექსუალური სიამოვნების, მათ შორის ორგაზმის წყაროა. აქვს თუ არა იგივე დანიშნულება სხვა ძუძუმწოვრებში? ამის თქმა ძნელია, თუმცა შეიძლება ზოგადი დასკვნების გაკეთება იმ ფიზიოლოგიური პროცესების საფუძველზე, რომლებიც ადამიანთა ორგაზმს ახლავს თან.
განსაკუთრებით პრიმატებშია აშკარა გულისცემის სიხშირის, სუნთქვისა და სისხლის წნევის მატება, რაც ვაგინალურ და კლიტორულ სტიმულირებას უკავშირდება. მდედრობითი სქესის ადამიანებში ორგაზმს თან ახლავს ვაგინის, საშვილოსნოსა და ანალური სფინქტერის მიდამოებში კუნთების უნებლიე რითმული შეკუმშვა, ანალოგიურ რამეს ვხვდებით სხვა პრიმატებშიც, რასაც მივყავართ აშკარა დასკვნისკენ, რომ სხვა სახეობის ქალბატონებიც განიცდიან ორგაზმს. შიმპანზეებში, ბონობოებსა და მაკაკებში მდედრი ორგაზმისას თავის სექსუალურ პარტნიორს ებღაუჭება და უკანა მხარეს გადაცოცდება, პერიოდულად კი გარკვეულ ხმებს გამოსცემს და სახეზე დამახასიათებელი ემოციები აღებეჭდება. მთლიანობაში საკმაო მინიშნებებია, რომ მდედრი პრიმატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდიან ორგაზმს.
ესეც ასე! მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა სამყაროში მინიმუმ რამდენიმე სახეობა გამრავლებისგან სიამოვნებას იღებს, უმეტესობისთვის ეს აშკარად უსიამოვნო აქტია. ცხოველთა დიდი ნაწილისთვის სექსი სრულიად სხვა რამ არის, რაც ადამიანად ყოფნას კიდევ ერთ უპირატესობას ანიჭებს.