კინემატოგრაფია

გიორგი გვახარია – ჰიჩკოკის “ჩიტები”

ჰიჩკოკის “ჩიტების” პირველივე ეპიზოდზე მეცინება ხოლმე; თოლია სახეს გაუკაწრავს გალიაში ჩამწყვდეული ჩიტით შეიარაღებულ მელანის და ყველას გვეცინება…

2001 წლის 11 სექტემბრის მერე სლავოი ჟიჟეკი იტყვის – ჩიტის ეს თავდასხმა ძალიან ჰგავს სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენზე თვითმფრინავის პირველ დარტყმასო.

“რისთვის ისჯება ეს ქალი?” – არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის სტუდენტებს.

მერე იწყება ხოლმე მკითხაობა. ნუთუ, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ბერბიჭას გაეპრანჭა, მერე კი მზაკვრული ოპერაცია დაგეგმა – ამ პატარა ჩიტუნიას ვაჩუქებ, დედამისს ჩამოვაშორებ და ჩემი გახდებაო?

რა ცოდვაა ეს ამისთანა, მთელმა ქალაქმა რომ უნდა აგოს მერე პასუხი? ან ამ ბავშვებმა რაღა დააშავეს? რას ერჩის ფრინველთა სამყარო ზურგჩანთიან გოგო-ბიჭებს?

არა, მზაკვრული ოპერაციები კოლექტივში არ იგეგმება; “ლოჟა”, სადაც ვიღაც-ვიღაცები ფიცს დებენ, არავის გავუმხელთ ჩვენს გეგმასო და მერე, მოქმედებას იწყებენ, შიზოფრენული მითია. ასეთი მიზანსცენა ვერ გათამაშდება. მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში.

უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს (როგორც წესი, გაზაფხულზე), მარტოობისგან დაღლილი ადამიანი მომავალზე დაფიქრდება.

მომავალი შეაშინებს. ისე შეაშინებს, რომ თავისთავად მოუვა “გეგმა” – როგორმე უნდა გავიდეს გარეთ და “მოაქციოს” ის სივრცე, რომელიც მისი საზღვრების გარეთაა.

თანამოაზრეებს, იცოცხლე, მრავლად იპოვის. ასეულს მაინც. ერთმანეთს გაუზიარებენ “ტკივილს”, ერთად იმსჯელებენ უსამართლობაზე, მტარვალებზე და მათი ენერგიაც გაასმაგდება.

ასეთი ჟამი ყველას ცხოვრებაში მოდის ხოლმე. “მოსაქცევ” საშუალებას კი რა დაითვლის – შვილები, მოსწავლეები, სტუდენტები, ელექტორატი… გალიაში ჩამწყვდეული პატარა ჩიტის მსგავსად, რომლითაც ადვილად შეგიძლია მოქრთამო “მოსაქცევი ობიექტი”.

თუკი მზაკვრული გეგმა სხვათა გეგმებს დაემატა, რაოდენობრივი შეიძლება თვისობრივში გადაიზარდოს და “მოსაქცევებსაც” მოუნდეთ გაერთიანება…

იდეოლოგიების თაყვანისმცემლებს, ცოტა არ იყოს, შურდათ კიდეც ჰიჩის, რადგან ხედავდნენ, როგორ ადვილად ახერხებდა პუბლიკის მანიპულაციას. მოგვიანებით, ფრანსუა ტრიუფო სწორედ ასე დაახასიათებს ჰიჩკოკის ფილმებს:

“პუბლიკის ყურადღება იმდენადაა კონცენტრირებული ეკრანზე, რომ არაბი მაყურებელი თავს ანებებს კაკლის მტვრევას, იტალიელებს ავიწყდებათ სიგარეტის მოქაჩვა, ფრანგები მეზობლად მჯდარ გოგოს ვეღარ ეკეკლუცებიან, შვედებს ეკარგებათ უნარი, კინოდარბაზის რიგებს შორის მიეცენ სიყვარულს”.

თავადაც ხომ ამბობდა, – პუბლიკაზე, როგორც ორღანზე, ისე ვუკრავდიო.

რომელი იდეოლოგია არ ოცნებობს ამაზე? ვის არ უგრძვნია პუბლიკაზე “დაკვრის” ნეტარება? ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ხომ გითამადიათ ქართულ სუფრაზე და იცით, რაოდენ სასიამოვნოა, როცა იმორჩილებთ სუფრას… მაშინაც კი, როცა იძულებული ხართ, იდიოტური სადღეგრძელო შესვათ… სუფრამ შეიძლება არ დაგაკმაყოფილოთ და პოლიტიკოსობა მოინდომოთ – მრავალათასიანი აუდიტორიის თვალწინ, მიტინგზე გამოსვლა. თუკი პუბლიკის ორღანზე დაკვრას ისწავლით, ამ ხალხს, სადაც გნებავთ, იქ გაიყოლებთ. მთავარია მოლოდინის ილუზია შექმნათ. მთავარია იცოდეთ, ზუსტად როდის უნდა ამოაფრქვევინოთ მათ დაგროვილი ენერგია. არ უნდა იჩქაროთ და არც უნდა დააგვიანოთ, რადგან “სასპენსი” დროის გაწელვას, შეკუმშვას, ერთგვარ “გაყინულ მდგომარეობას” მოითხოვს, რომელმაც აფეთქების განცდა უნდა შექმნას. გახსოვდეთ, ადამიანების დამორჩილებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა ყველაზე მთავარს – დროს დაიმორჩილებთ!

ჰიჩკოკივით.

მას შეეძლო თავისუფლად დაემორჩილებინა ულამაზესი ქალები – გრეის კელი, მაგალითად, რომელიც სანამ პრინცესა გახდებოდა, პუტკუნა ჰიჩზე ჭკუას კარგავდა… ანდა მარლენ დიტრიხი, ინგრიდ ბერგმანი… მაგრამ არა, ჰიჩი იმ ქალის ერთგული დარჩა, ვისთანაც პირველად “იცხოვრა”.

მას შეეძლო გამხდარიყო ყველაზე სახელგანთქმული ფსიქოანალიტიკოსი, რადგან ადამიანური სისუსტეებისგან პუბლიკის “განკურნების” უნარი ჰქონდა.

შეეძლო ამერიკის პრეზიდენტი გამხდარიყო და აქეთ-იქით თავისუფლად ეტარებინა ხალხი. მაგრამ არ ისურვა.

იმიტომ, რომ ჰიჩს თავდავიწყებით უყვარდა ის ჭეშმარიტება, რომელიც არც მიტინგებზეა, არც პარტიულ ყრილობებზე და არც “ნიფხვის ქვეშ” იმალება.

ჭეშმარიტება, რომელსაც სხვა სახელიც აქვს – “კანონზომიერება”.

მას შემდეგ, რაც დაძაბულობა გაივლის; მას შემდეგ, რაც დასრულდება რიგი რეაქტიული კადრებისა, იმ ადამიანების ახლო ხედებისა, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავენ რაღაც მოვლენის მიმართ; მას შემდეგ, რაც მაყურებელი იგრძნობს, რომ სასიამოვნოცაა რბილ სავარძელში, სრულიად უსაფრთხოდ ჯდომა და სხვისი ხიფათის “თვალიერება”; იმ შოკის შემდეგ, რომელსაც ხელოვნურად ქმნის ჰიჩკოკი, რათა როგორმე დაძლიოს გულგრილობა (ჩვენი ცივილიზაციის სენი); როცა აღმოჩნდება, რომ ჰიჩის სამყაროში არაფერი იყო შემთხვევითი, იმარჯვებს კანონზომიერება.

და იცით, რას აკეთებს ამ დროს მაყურებელი?

ეღიმება.

მაშინაც კი ეღიმება, როცა საზიზღარი ჩიტები დედაბუდიანად შემუსრავენ ქალაქს. ეღიმება, რადგან ხვდება, რომ იქ, ზევით ყურადღებით გვაკვირდებიან და ჩვენს ეგოიზმს, ნარცისიზმს, ჩვენს დაუოკებელ სურვილს, “ვუხელმძღვანელოთ”, “აღვზარდოთ”, აქეთ-იქით ვატაროთ, “იქიდან” აუცილებლად ცხვირში ამოგვადენენ.

ამის შემდეგ, მაყურებელი იჯერებს, რომ ამ პლანეტაზე მარტო არაა; რომ სიკვდილით არაფერი დასრულდება და ეღიმება!

უკვე ერთხელ ხომ მოკვდა ჰიჩკოკის ფილმის ყურებისას? ხომ წაართვა ჰიჩმა დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარი – ინდივიდუალურობა; პერსონაჟის ადგილას მოათავსა მაყურებელი, რადგან იცოდა – უბედურების მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ადამიანს ყველაზე მეტად საკუთარი თავი, საკუთარი “ჯილაგი” უყვარს; რომ ადამიანს არ აინტერესებს, თუნდაც მისი ფანჯრის მიღმა რა ხდება.

ნაწყვეტები წერილიდან “ცრემლიანი სათვალე”, ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button