ისტორია

ქართლის სამეფოს წარმოქმნა

ძვ. წ. IV საუკუნის 30-იან წლებში მაკედონიის მეფე ალექსანდრემ ომი დაიწყო აზიის უდიდესი იმპერიის აქემენიანთა ირანის დასაპყრობად. ალექსანდრეს არმიაში 40 ათასამდე მაკედონელი და ბერძენი მეომარი იყო გაერთიანებული. ირანელების არმიის განადგურების შემდეგ ალექსანდრემ უდიდესი იმპერია შექმნა, მაგრამ ძვ. წ. 323 წელს მისი გარდაცვალებისთანავე ეს იმპერია დაიშალა. წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები , რომელთაც ალექსანდრეს ყოფილი სარდლები ჩაუდგნენ სათავეში. ეგვიპტეში გამეფდა პტოლემაიოსის მემკვიდრეთა დინასტია, ირანში და მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ სელევკის (აქედან შეიქმნა სელევკიდების ირანული სახელმწიფო), მაკედონიაში – ანტიგონეს, მცირე აზიის ჩრ–აღ. ნაწილში – პონტოს სამეფოში – მითრიდატეს და ა.შ. მმემკვიდრეები. სწორედ ამ დროს ძვ. წ IV საუკუნის ბოლოს და III ს–ის დასაწყისში შეიქმნა ქართლის სამეფო. როგორც ჩანს, მანამდე მაკედონელთა რომელიღაც რაზმმა (ალექსანდრეს პირადად არ ულაშქრია) აღმოსავლეთ საქართველოში ილაშქრა და აიღო ქალაქები და ციხეები: მცხეთა , ურბნისი, უფლისციხე, წუნდა, ხევთისი, კასპი და ა.შ. მათ ქართლის მმართველად დანიშნეს აზო, რომელიც იყო არიან (ირანის) ქართლის მეფის ძე (აქემენიანთა ირანის შემადგენლობაში შემავალი ქართლის ნაწილის მთავრის ძე). აზომ არიან ქართლიდან წამოიყვანა საკუთარი ნათესავები, რომლებიც აზნაურები გახადა და მცხეთაში აღმართა ორი კერპი გაცი და გა (გაიმი). აზოს დაუპირისპირდა ფარნავაზი, რომელიც მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული იყო. სამარა და მისი ძმაც მაკედონელებთან ბრძოლას შეეწირნენ. დედამ სამი წლის ფარნავაზი აზოს რისხვას ჩრდილოეთ კავკასიაში გაარიდა. დავაჟკაცებული ფარნავაზი მცხეთაში დაბრუნდა. საქართველოში მან მოიმხრო ეგრისის (დას. საქართველოს) ერისთავი ქუჯი, დაიქირავა ჩრდილოეთ კავკასიელი (ოსი,ლეკი) მეომრები და აზო გააძევა. აზო კლარჯეთში გამაგრდა. მას ბერძენთა (პონტოს) მეფე დაეხმარა ჯარით; ფარნავაზს კი სელევკიდების მეფის ანტიოქოსის დავალებით სომხები დაეხმარნენ. ბრძოლა მოხდა არტაანთან. აზო ბრძოლის დროს მოკლეს. გამარჯვებული ფარნავაზი თავის მოკავშირეებს ქუჯის (სწორედ ქუჯის მიწერება ეგრისის დედაქალაქის ციხეგოჯის აგება) და ოსთა მეფეს დაუნათესავდა. მათ თავის დები მიათხოვა ცოლად. შემდეგ მან ქვეყანაში რეფორმები განახორციელა. ქვეყანა დაიყო 8 საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ. ეს საერისთავოები იყო: მარგვეთის, კახეთის,ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, 5 კლარჯეთის და ეგრისის საერისთავოები, ხოლო შიდა ქართლს მართავდა მეფის შემდგომი მეორე პირი სპასპეტი. მან გაამაგრა ქალაქი მცხეთა. მანვე მცხეთაში აღმართა არმაზის კერპი, რომელსაც მთელი სამეფოს მოსახლეობა თაყვანს სცემდა. მანვე ქართული ენა მთელ სამეფოში განავრცო და შექმნა დამწერლობა ქართული. ფარნავაზი ტახტზე ავიდა 27 წლის და 65 წელი იმეფა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button