არქიდიაკონი მამა დემეტრე (დავითაშვილი) – კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II
“თუ მთაწმინდის ტაძარს დახურავთ, აიღეთ და მეც თავი მომკვეთეთ”
1927 წელს საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი გახდა მღვდელმთავარი. სიონში ინახებოდა ტრაპეზის სახარება, რომელიც ახლა სვეტიცხოველშია. მის წარწერაზე ვკითხულობთ: “მე მიტროპოლიტმან სიდამონიძემ შევწირე ეს სახარება”.
უმძიმეს პერიოდში უხდებოდა მღვდელმთავრობა. 1930-იან წლებში ეპისკოპოსობაში წმ. ბარბარეს ეკლესიის ეზოში ცხოვრობდა. მაშინ ეპისკოპოსები ეპარქიებში ვერ მიდიოდნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კომუნისტები ნებას არ რთავდნენ, ტაძრები ამოქმედებულიყო. მღვდელმთავრებს თბილისში უხდებოდათ ყოფნა. ურბნელი მიტროპოლიტი ქაშვეთში იჯდა, ნინოწმინდელი – წმინდა სამების ტაძარში, თეთრიწყაროელი – ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში.
ერთ საინტერესო ამბავსაც ჰყვებიან: წმინდა ბარბარეს ტაძრის ეზოში პატარა სახლი მდგარა, ორი ოთახითა და მცირე დერეფნით. ერთ ოთახში ცხოვრობდა ეპისკოპოსი ეფრემი, ხოლო მეორეში – მღვდელი, რომელიც მის მორჩილებაში იყო.
იმ პერიოდში გავრცელებული იყო ყაჩაღობა, ამიტომ კარს რამდენიმე საკეტით კეტავდნენ. იმ ღამით კარი ჩაუკეტავთ, მერე თავად ეპისკოპოსს შეუმოწმებია და მოსასვენებლად დაწოლილან. შუქჩამქრალ ოთახში მხოლოდ კანდელი ენთო. ეპისკოპოსი სახით კედლისკენ იყო გადაბრუნებული, დერეფნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. მოულოდნელად კარი გაიღო. ოთახში ვიღაც შემოვიდა. “ზურგიდან სიმყრალის სუნი მომივიდა, – ჰყვებოდა თურმე ეპისკოპოსი ეფრემი, – გადმოვტრიალდი და ვიღაც იდგა. სახეზე ხელები დამაფარა, უხეში ხელი ჰქონდა და არაწმინდა სახე. რუსულად მითხრა, – Отрекись от Господа-ო. შიში გულში არ შევუშვი და რატომღაც მეც რუსულად ვუპასუხე ფსალმუნის სიტყვები, – Отрекись, от меня сатана, господу моему поклоняюсь и ему единому служу. თითქოს ხელი ჩამოუშვა, დაუძლურდა. უკუსვლით წავიდა და დაიკარგა. ცოტა ხანში შემაცივა, მოძღვარს დავუძახე, – შენ ხომ არ იყავი შემოსული-მეთქი, – არა მეუფეო, მეც გავიგე დერეფანში ფეხის ხმა და თქვენ მეგონეთო. გავედით და რამდენიმე საკეტზე ჩაკეტილი კარი ღია დაგვხვდა”. ამ ამბის შემდეგ თავისი მოძღვრისთვის შეუჩივლია ეპისკოპოსს: – ეშმაკმა მომაკითხა, ალბათ საერთოდ დაღუპული ვარ, თორემ რაიტომ მოვიდოდა ჩემთანო. – დაუპული რომ იყო, შენთან არ მოვიდოდა, ესე იგი, შენი შურს და იმიტომ მოგაკითხა. განსაცდელს ელოდეო. არ გაუვლია ხანს, განსაცდელიც გამოჩნდა. ეპისკოპოსი ეფრემი ხალხის მტრის ბრალდებით დააპატიმრეს.
ტუსაღი
წასაყვანად მოაკითხეს. იქ აგზავნიდნენ, სადაც ბევრი გაუშვეს, – ღმერთისა და საქართველოს სიყვარულისთვის. ტაძარიც დაკეტა, სახლიც, წასვლისა მოულოდნელად, მეუფე ეფრემს ხელიდან კვერთხი გაუვარდა. იმედი მიეცა, უფიქრია, ეს იმის ნიშანია, რომ კიდევ დავბრუნდებიო.
ციმბირში გადაასახლეს. ხე-ტყის მოჭრა-დამუშავება იმ ყინვაში ვის არ დააუძლურებდა. მიწის ამოთხრაც კი შეუძლებელი ყოფილა საფლავისათვის, ისე იყო გაქვავებული ყინვით. ზაფხულში გათხრიდნენ დიდ საფლავს და მთელი ზამთარი გარდაცვლილებს შიგ ყრიდნენ (როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს, ასე ხდებოდა), მიწას კი გაზაფხულზე წააყრიდნენ.
მეუფეს გადასახლებაში იმდენად მძიმე ცხოვრება ჰქონდა, ისე შიმშილობდა, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე დაღად დაეტყო ჯანმრთელობას – გათავისუფლების შემდეგ, კარგა ხანს პურის მიღებაც კი აღარ შეეძლო.
ერთი ზედამხედველი ჰყავდათ. ყველას სძულდა, რადგან კაცთმოძულე სასტიკი ყოფილა. გამორჩეულად სასულიერო პირებს მტრობდა, ქრისტიანობაც სძულდა. ყველაზე მძიმე სამუშაოს მეუფე ეფრემს ავალებდა – შეშის დაჭრა იყო თუ საპირფარეშოს დასუფთავება. პატიმრები, მართალია, დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ მეუფე ეფრემს, მაგრამ მისი დაცვა არავის შეეძლო.
რამდენიმე წლის შემდეგ სხვა ციხეში გადაიყვანეს ეს ზედამხედველი და ყველამ შვებით ამოისუნთქა, გავიდა ხანი და ეტაპით მოიყვანეს ახალი პატიმრები. მათ შორის ამოჩნდა ის სისასტიკით ცნობილი ზედამხედველიც. ყოფილი ზედამხედველი არავინ მიიკარა. მაშინ მეუფე ეფრემმა გაუწოდა დახმარების ხელი და შეიკედლა, თავისი საწოლიც კი დაუთმო. თურმე სიკეთემ დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამბობენ, ის კაცი მოინათლა კიდეცო.
მეუფე ეფრემს ათი წელი ჰქონდა მისჯილი. ამდენ ხანს, ცხადია, ვერ გაატანდა, სიზმარი უნახავს და მოუწერია: უფსკრულის პირას ვიდექი, ცხენიანი კაცი გამოჩნდა, ქეჩოში მომკიდა ხელი, ჩამარბენინა ამ უფსკრულში და ამომარბენინაო. სულ შვიდი ნაბიჯი გამომივიდა. შვიდ წელიწადში დავბრუნდებიო.
მართლაც შვიდ წელიწადში გაათავისუფლეს (1937 წელს დააპატიმრეს, 1944-ში – გამოუშვეს).
სერაფიმე საროველის მფარველობის ქვეშ
გადასახლებიდან გათავისუფლებული იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, ჯანიც ისე შერყეოდა, ნაბიჯის გადადგმა უჭირდა. ფიქრობდნენ, საქართველომდე ვერც ჩააღწევსო. იმასაც ამბობენ, მისი საბუთები იოსებ სტალინის მაგიდაზე მოხვდაო. სტალინს უნახავს, რომ გადასახლებულთა შორის იყო გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე, გორის მაზრიდან. მათ ერთ პერიოდში უხდებოდათ სწავლა სემინარიაში. თითქმის ერთი ასაკისანი იყვნენ. სტალინმა გააკეთა ისე, რომ გაეთავისუფლებინათო. უფლის ნება რომ არ ყოფილიყო, სტალინი რას გახდებოდა.
გათავისუფლებული მეუფე ეფრემი შინ ფეხით მიდიოდა, კიდევ ერთი გათავისუფლებული პატიმარი მიჰყვებოდა.
გზა ბორნით უნდა განეგრძოთ სწორედ მაშინ, როცა მეუფე ეფრემი ბორანზე უნდა ასულიყო, მებორნემ გზა გადაუღობა, ჩასხდომა დამთავრდაო. მუხლებში ჩაუვარდნენ, მაგრამ არაფრით არ მოუსმინა. ბორანმა გაცურა. მეუფე ეფრემმა კი სიმწრით ტირილი დაიწყო, რადგან ბორანი ახალი ნაკადის გადასაყვანად ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდებოდა. რამდენიმე დღეში შეიტყვეს, რომ ის ბორანი დაუბომბავთ. ყველანი დაღუპულან, უფალს მადლობა შესწირა მეუფემ. შემდეგ ამბობდა: “სულ ვფიქრობდი, რომელი წმინდანია ასე რომ მმფარველობს ამ უცხო ქვეყანაში-მეთქი, შინ რომ დავბრუნდები, მუხლისჩოქით შევალ ჩემს ტაძარში და პირველად რომელი წმინდანის ხატსაც შევხედავ, სწორედ ის წმინდანი იქნება ჩემი მფარველიო”.
მართლაც ჩამოვიდა თუ არა, ტაძარში დაჩოქილი შევიდა. წირვა შეჩერდა, როცა ტაძარში მყოფთ ერთიანად გაჭაღარავებული მღვდელმთავარი დაინახეს. (გადასახლებამდე მას შავი თმა-წვერი ჰქონდა). “თვალი გავახილდა პირველი სერაფიმე საროველის ხატს შევხედეო – იხსენებს უწმინდესი ეფრემი. ამბობდა რუსეთის მიწაზე სწორედ ეს წმინდანი მმფარველობდაო”.
პატრიარქად არჩევა
1960 წელს მეუფე ეფრემი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. უწმინდესი ეფრემი 12 წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს ეკლესიას. ურთულესი პერიოდი იყო, თითქოს პოლიტიკურად დათბა, მაგრამ ეკლესიების დევნა განახლდა და გაძლიერდა. ნიკიტა ხრუშჩოვმა ტელევიზიით განაცხადა, მე უკანასკნელ მღვდელს ეკრანიდან გაჩვენებთ, ის იქნება ბოლო სასულიერო პირი ჩვენს ცხოვრებაშიო. ისიც დასძინა, წინასწარ ვიცი ან ქართველი, ან უკრაინელი იქნება ის მღვდელიო. ასეთ რთულ დროს უწმინდესმა ეფრემმა ბევრი საგმირო საქმე ჩაიდინა.
ყველგან იხურებოდა ეკლესია-მონასტრები, აკადემიები, სემინარიები. რეგიონებში თითო ან ორი ტაძარი მოქმედებდა. თბილისში ასეთი იყო წმინდა ბარბარეს ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის, ალექსანდრე ნეველის, ქაშვეთის, სიონისა და მთაწმინდის ტაძრები (სულ 7 ტაძარი) ერთ-ერთი უნდა დაეხურა საბჭოთა მთავრობას. არჩევანი მთაწმინდაზე შეაჩერეს. ადრე მამადავითის ტაძარი არასოდეს დახურულა. მინისტრთა საბჭოს რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატმა პირდაპირ მოსთხოვა უწმინდეს ეფრემს მისი დახურვა.
პატრიარქმა გაზეთში გაახვია ნაჯახი და ცეკაში მივიდა. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, გივი ჯავახიშვილს გაუკვირდა მის კაბინეტში ნაჯახით შემოსული პატრიარქი რომ დაინახა.
– ეს რა არის, ბატონო ეფრემ? – ჰკითხა პატრიარქს (ხაზგასმით ბატონობით მიმართავდა).
– ეს ნაჯახი გახლავთ. თუ მთაწმინდის ტაძარს დახურავთ, აიღეთ და მეც თავი მომკვეთეთ. თუ თქვენ არ მომკვეთთ, თავს თავად მოვიკლავ და მთელი მსოფლიო გაიგებს, რატომ მოვიკალი თავიო.
დაიბნენ. შეეშინდათ, უწმინდეს ეფრემს მართლა არ შეესრულებინა დანაპირები. კი გამოცხადდა, მთაწმინდის ტაძარი დაიხურაო, მაგრამ ერთი წუთითაც არ შეჩერებულა წირვა-ლოცვა. ასე გადარჩა ერი კიდევ ერთ განსაცდელს.
ცნობილია ასეთი ფაქტიც, სომხეთის პატრიარქი ვაზგენი სოხუმში ყიდულობდა მიწებს სომხებისათვის. უწმინდესმა ეფრემმა წერილი მისწერა: – ძალიან კარგია, რომ ზრუნავ სომხებზე, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა მათთვის მიწები სომხეთში გამოგეყოთ, იქ ხომ ბევრი დაუსახლებელი ადგილიაო. ერთ კვირაში დაიბარეს რწმუნებულის აპარატში და მკაცრად უთხრეს: შენ ვინ გეკითხება, ვინ ვის სად უყიდის მიწასო(?!).
აფხაზეთში სხვა ეროვნების ხალხის ჩასახლების პოლიტიკა კარგა ხანია დღის წესრიგში იყო. ამას აღწერდა ქართველი მოღვაწე თედო სახოკია თავის “მოგზაურობანში”. შედეგი ჩვენ უკვე ვნახეთ.
უწმინდესი ეფრემისგან გმირობის ტოლფასი იყო, რომ მან “ახალი აღთქმა” დაბეჭდა 5.000 ეგზემპლარად. მაშინ ქადაგებაც კი საშიში იყო, არამცთუ სახარების დაბეჭდვაზე ფიქრი. მოლაპარაკებას ცდილობდნენ, თვალს დავხუჭავთ, ოღონდ 500 ეგზემპლარზე მეტი არ დაიბეჭდოსო. უწმინდესს უთქვამს, 500 წიგნი ვის ეყოფა, დიდი მრევლი მყავსო. ამ კამათში გივი ჯავახიშვილს მაგიდაზე ხელი დაურტყამს: – რა გააწყალეთ, ბატონო ეფრემ, გული, ვთქვით 500 ე.ი. 500 დაიბეჭდებაო.
უწმინდესი ეფრემი წამომდგარა: – შენ ვის უყვირი, ორიათასწლიანი ეკლესიის მეთაურს? მე შენ აღარ დაგელაპარაკებიო. ამ სიტყვებით გამოსულა კაბინეტიდან. ჩინოვნიკი უკან დაედევნა. პატრიარქი არ დაელაპარაკა. შემდეგში სამჯერ სთხოვა აუდიენცია. სამჯერვე უარი უთხრა. ერთხელ მაინც რომ მიეღო, შეიძლება 500 არა, მაგრამ 1000 დაბეჭდილიყო. პროტესტით იმას მიაღწია, რომ 5.000 დაიბეჭდა.
საოცრება იყო ისიც, რომ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში ყველგან იხურებოდა სემინარიები, 1963 წელს უწმინდესმა ეფრემმა გახსნა ორწლიანი საღვთისმეტყველო-სამოძღვრო სასწავლებელი, რომელიც შემდეგში სემინარიად გადაკეთდა. სასწავლებლის პირველი რექტორი იყო სრულიად საქართველოს დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
შენახული შაურიანი
ეფრემ II უაღრესად თავმდაბალი პიროვნება იყო. ლესელიძის ქუჩაზე უყვარდა სეირნობა, მაშინ პატრიარქს ვერც კი ცნობდნენ.
იმ პერიოდში სიონის კიბე სხვანაირი იყო. ერთი მათხოვარი იჯდა ხოლმე, რომელიც ძალიან უყვარდა უწმინდეს ეფრემს. ჩაუვლიდა და ჩამოუჯდებოდა გვერდით. ესაუბრებოდა. ერთხელ გამოიარა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელმაც ვერც კი წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა მათხოვრის გვერდით მჯდომი პატრიარქი ყოფილიყო და “მოწყალება გაიღო”, შაურიანი ჩაუდო ხელში. პატრიარქი მთელი სიცოცხლე ინახავდა იმ შაურიანს. ამბობდა, სწორედ ეს არის, რაც ჩემი ოფლით მოვიპოვე ჩემი სიცოცხლის მანძილზეო.
ერთხელ ორი რუსი მღვდელმთავარი ჩამოვიდა საქართველოში. პატრიარქის ნახვა უნდოდათ. შევიდნენ ტაძარში, უწმინდესი ეფრემ II მოკრძალებით იყო ჩამომჯდარი. უბრალო კაბა ემოსა და ჭაღარა თმა სადად ჰქონდა შეკრული. რუსი მღვდელმთავრები კი დიდებულად შემოსილები გახლდნენ. შემობრუნდნენ და დაინახეს ეფრემ II. დაუძახეს:
– Ей, послушник!
– Я не послушник, – უპასუხა ეფრემმა მშვიდად.
– Ну, кто ты, монах, что ли?
– Нет, не монах, выше бери.
– Что, иеромонах?
– Нет, еще выше.
– Архимандрит?
– Нет.
– Епископ? – გაოცება დაეტყო სტუმრებს
– Еще выше.
– Патриарх?! – აღმოხდათ და იმ წუთში მუხლი მოიყარეს უწმინდესი ეფრემ II-ის წინაშე.
* * *
უყვარდა თქმა: – ადამიანს ორი ყური იმიტომ აქვს, ერთით ისმინოს, მეორეთი – აისხლიტოსო. ყურებს შორის კი ღმერთმა ტვინი ჩაგვიდო, რომ გავარჩიოთ, რა უნდა შევუშვათ და დავიტოვოთ გონებაშიო.
ავადმყოფობის ჟამს შვიდგზის ზეთისცხება შეუსრულა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II. თითქოს ძალა მიეცა. ფეხზე დადგა. რამდენიმე ხანი იცოცხლა კიდევ… აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულში.