ისტორიაწერილები

ეფრემი II-ის წერილი დ. ა. შალუტაშვილს

სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის
საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს
სს რესპუბლიკაში ამხ. დ.ა. შალუტაშვილს

მოხსენებითი ბარათი

თქვენი დავალებით ა.წ. 4-8 მარტს მივლინებით ვიყავი აბხაზეთის ასსრ-ში. მივლინების მიზანი იყო შეგვესწავლა აბხაზეთის ასსრ-ს ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. “წმინდა ადგილები” და ადგილობრივ საბჭოთა ორგანოებთან ერთად დაგვესახა კონკრეტული ღონისძიებანი ამ ადგილებში მორწმუნეთა მასიური ლოცვის ლიკვიდაციის შესახებ.

აბხაზეთის ასსრ-ში საბჭოს რწმუნებულ ა.ი. ლაგვილავასთან ერთად შევისწავლეთ ე.წ. “წმინდა ადგილები” აღმოჩნდა, რომ ნაცვლად 6 “წმინდა ადგილისა”, როროგც თავის ანგარიშში მიუთითებს ამხ. ა.ი. ლაგვილავა, აფხაზეთში ფაქტიურად არსებობს 3 “წმინდა ადგილი”, კერძოდ, სოხუმის რაიონის სოფ. კამანასა და სოფ. თავისუფლებაში და გუდაუთის რაიონში ახალ ათონში. დანარჩენი “წმინდა ადგილები”, კერძოდ სოფ. ილორსა, ოდიშსა და პავლოვკაში ითვლებიან არა წმინდა ადგილებად, არამედ აქ არსებულ ეკლესიების დღესასწაულებად.

გადმოცემები ე.წ. “წმინდა ადგილების” შესახებ ძირითადი ერთნაირია. ქართული მართლმადიდებლობის წარმომადგენლები ისევე გაიგებენ მათ შინაარსს, როგორც საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის ისტორია გადმოგვცემს.

ზემოაღნიშნულ ადგილებში მორწმუნეთა მასიური მსვლელობა ხორციელდება წელიწადში ერთხელ. კამანაში ყოველი წლის 4 ივლისს, ახალ ათონში 23 მაისს, ხოლო სოფ. თავისუფლებაში _ 6 მაისს. კამანაში და ახალ ათონში აღნიშნულ დღეებში მორწმუნეები მოდიან საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონებიდან, თითქმის ყველა კუთხიდან. ძირითადად კი რუსები და უკრაინელები. სოფ. თავისუფლებაში კი მიდის მხოლოდ სომეხი და ბერძენი მოსახლეობა. მაგ. ჩვენი ყოფნის დროს აქ იყო მოსული მორწმუნე უზბეკეთიდან. “წმინდა ადგილის” არსებობა კამანაში დაკავშირებულია მთის ძირიდან გამოსულ წყალთან. მას მიაწერენ განკურნების უნარს. ამიტომ 4 ივლისს მოსული მორწმუნეები ბანაობენ მასში. ყოველი მორწმუნე, რაგინდ ავადმყ-ოფიც არ უნდა იყოს იგი, ბანაობის შემდეგ აცხადებს, რომ იგი კარგად არის. მართალია შეიძლება გვეჩვენოს, რომ იგი ისეთივე ჩვეულებრივი წყაროა, როგორც სხვა ადგილებში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წყალი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მორწმუნის ჯანმრთელობაზე. როგორც ცნობილია მედიცინაში არსებობს ფსიქოთერაპიული მეთოდი მკურნალობისა. ავადმყოფი განეწყობა რა იმისათვის, რომ იგი თუ აღნიშნულ წყალში იბანავებს, მორჩება, ბანაობის შემდეგ ის მართლაც კარგად გრძნობს თავს.

მიუხედავად იმისა, რომ კამანაში არსებულ წყაროში არავითარი სპეციფიკური არ არის და სხვა წყალშიც ისევე შეიძლება მორჩენა, როგორც ამ მდინარესი, რომელსაც გუმისთა ეწოდება, ქრისტიანული რელიგიის მიერ ოდესღაც `წმინდა ადგილად~ წოდებული გუმისთას სათავე დღესაც მაგიურად მოქმედებს მორწმუნეებზე. მიუხედავად იმისა, რომ სოხუმიდან კამანამდე არის ერთადერთი საკმაო და მოუწყობელი გზა, მორწმუნეები იქამდე მიდიან არა მხოლოდ ამ გზით, არამედ მთებზე გადამავალ ვიწრო საცალფეხო ბილიკებითაც კი. შედარებით იოლია მოხვედრა ახალ ათონში, სადაც მორწმუნეებს შეუძლიათ მივიდნენ არა მხოლოდ სამანქანო, არამედ სარკინიგზო გზითაც, მაგრამ შედარებით კამანასთან ამ ადგილის იზოლაცია ადვილია. საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ ადგილას არის ერთადერთი ვიწრო მისასვლელი გზა ავტომანქანის გზიდან და სარკინიგზო ბაქნიდან. ამიტომ ამ ვიწრო მისასვლელის ჩაკეტვა მთის ძირითადი მისასვლელის გაუქმებას გამოიწვევს, რაც დღესასწაულის დღეს მორწმუნეთა შეჩერების საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. აღნიშნული მისასვლელის ჩაკეტვა გამართლებულია იმ აზრით, რომ მთის ძირიდან გამომავალი წყარო გამოყენებულია სასმელად, ამიტომ მასსი ბანაობა ნებადართული არ არის. შედარებით რთულია მორწმუნეთა შეკავება სოფ. თავისუფლებაში მდებარე “წმინდა ადგილთან”. ძველი ეკლესიის ნანგრევის ირგვლივ არის სომხური სასაფლაო. ადგილობრივი სომხობის ნაწილი ყოველ წელს 6 მაისს მიდის თავის მიცვალებულთა საფლავზე, მაგრამ რადგან 6 მაისი არის წმ. გიორგის სახელობის დღე, აღნიშნულ ადგილას მოდის ბერძენი მოსახლეობაც.

რა ღონისძიებები იქნა დასახული ადგილობრივ საბჭოთა ორგანოებთან და აფხაზეთის ასსრ-ში საბჭოს რწმუნებულ ა.ი. ლაგვილავასთან ერთად?
საქალაქო და რაისაბჭოს აღმასკომებთან არსებული კომისიების მუშაობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ კომისიები არც სოხუმის, არც ოჩამჩირისა და არც გუდაუთის რაიონებში არ მუშაობენ. “წმინდა ადგილებიდან” დაკავშირებით ყოველგვარი საქმის კურსში არიან მხოლოდ ამ კომისიათა თავმჯდომარეები. ე.ი. აღმასკომის მდივნები. კომისიების სუსტ მუშაობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ცნობებს რელიგიური საზოგადოებიდან იღებენ არა კომისიები, არამედ უშუალოდ იღებს რწმუნებული და იგი აძლევს ამ ცნობებს კომისიებს.

რაც შეეხება “წმინდა ადგილებიდან” დაკავშირებულ მუშაობას, მას ძირითადად ატარებს რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული საოლქო კომიტეტისა და ადგილობრივი მილიციის საშუალებით. სოფ. კამანაში არსებულ “წმინდა ადგილის” ლიკვიდაციის მიზნით ამხ. ა.ი. ლაგვილავამ წამოაყენა წინადადება აღნიშნულ ადგილას მოეწყოთ კალმახის მეურნეობა, რაც ჯერ ერთი, ეკონომიურად ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს და მეორეს მხრივ დაიკავებდა რა იქ გამომავალ წყაროს, მორწმუნეებს მექანიკურად შეუზღუდავდა იქ ბანაობის შესაძლებლობას. ეს საკითხი ოფიციალურად დაისვა, იგი თითქოსდა მიღებულ იქნა კიდეც, მაგრამ ორგანიზაციამ, რომელსაც უნდა გაეკეთებინა იგი უარი თქვა. რაიაღმასკომის წინაშე დაისვა საკითხი აღნიშნული ადგილის გამოყენების შესახებ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ამხ. პაიჭაძემ და აღმასკმის თავმჯდომარის მოადგილემ ამხ. სიჭინავამ განაცხადეს, რაიაღმასკომი ფიქრობს სოფ. კამანაში ააშენოს ან ღორების ანდა მეფრინველეობის ფერმა. ამით დაკავდება ის ფართობი, რომელსაც “წმინდა ადგილად” სცნობენ და ამავე დროს ადგილი არ ექნება მორწმუნეთა მილიციის ძალებით უკან გაბრუნებას. მორწმუნეებმა, იციან რა, რომ 4 ივლისს მათ ხელს შეუშლიან კამანაში მისვლაში, მიმართეს ახალ ხერხს. მოდიან ერთი კვირით ადრე ან გვიან და სახლდებიან ადგილობრივი მოსახლეობის ბინებში. 4 ივლისს კი იქვე წყაროში ბანაობენ. იმ მიზნით, რომ ასეთ მოქმედებას არ ექნეს ადგილი, საბჭოს რწმუნებულის ინიციატივით გაფრთხილებულ იქნა სოფ. კამანაში მიმაგრებული მილიციის რწმუნებული, რომ ამ პერიოდში არ დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მორწმუნეთათვის ბინების მიქირავება. ასევე აუკრძალოს მორწმუნეებს ღამის გათევა ღია ცის ქვეშ. ამასთან ერთად სოხუმის რაიაღმასკომთან არსებული რელიგიური კულტების დარგის კანონმდებლობის დაცვის ხელშემწყობი კომისიის აქტივის წევრები მილიციის თანამშრომლებთან ერთად იმორიგევებენ ადგილზე, აუხსნიან მორწმუნეებს, რომ რელიგიური წესების შესრულება ღია ცის ქვეშ კანონმდებლობით ნებადართული არ არის, ამიტომ მათ არ უნდა შეასრულონ იგი კამანაში, სადაც არ არის მოქმედი ეკლესია. ამგვარი მუშაობა, სანამ კამანაში არსებული წყარო შემოიღობება და მიუვალი გახდება მორწმუნეებისათვის, გარკვეულად შეაფასებს მათ მსვლელობას.

თუ კამანში არსებულ წყაროს მორწმუნეთათვის განმკურნებელი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მორწმუნეები იქ მიდიან იმისათვის, რომ იბანაონ რათა განიკურნონ, ანალოგიურ წყაროს ახალ ათონში არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ახალი ათონის “წმინდა ადგილას” მუშაობას ძირითადად საბჭოს რწმუნებული და ახალი ათონის სანატორიუმის დირექტორთან არსებული აქტივი აწარმოებს. ამჯერადაც ამავე აქტივთან ჩატარებულ იქნა საუბარი. გარდა იმისა, რომ ჩაკეტილი იქნება მთაში კლდეში გამოკვეთილ ეკლესიის მსგავს მღვიმესთან მისასვლელი ერთადერთი გზა, ამავე დროს დღესასწაულ დღეებში 23 მაისამდე და მის შემდეგ კვირეებში ახალი ათონის სანატორიუმის ტერიტორიაზე მოეწყობა მასიური კულტურული ღონისძიებანი, რითაც მორწმუნეთა ყურადღება ერთგვარად ჩამცილებულ იქნება “წმინდა ადგილს”. ამავე დროს თვით დამსვენებლები იქნებიან მობილიზებულნი, რათა განემარტო მორწმუნეებს ამ `წმინდა ადგილის~ უაზრობა და ის, რომ ისინი თავიანთი ამ ადგილას მოსვლით და ღია ცის ქვეშ რელიგიური წესების შესრულებით არღვევენ საბჭოთა კანონმდებლობას რელიგიური კულტების დარგში.

სოფ. თავისუფლებაში მოქმედ “წმინდა ადგილზე” სპეციფიკური მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ აქ მორწმუნეები მოდიან ისეთ რელიგიურ დღესასწაულზე, როგორიცაა გიორგობა. აქ არსებული სომხური სასაფლაო და ძველი ეკლესიის ნანგრევები მიჩნეულია წმინდა ადგილად. არც ადგილობრივმა სომეხმა მოსახლეობამ და არც ბერძნებმა არ იციან თუ რატომ თვლიან მას წმინდა ადგილად. ქართული მართლმადიდებლობაც არ სცნობს ამ ადგილს წმინდად. როგორც წესი რელიგიური დღესასწაულების დროს, კერძოდ გიორგობას 6 მაისს აქ მოსახლეობა მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ შესწიროს ფრინველი, ხოლო ზოგჯერ პირუტყვიც. საქართველოში ქრისტიანულ რელიგიაში შემორჩენილი კერპთაყვანისმცემლობის ეს ნიშანი, რომელიც მასიურადაა მოდებული რესპუბლიკაში განსაკუთრებით ძლიერ ვლინდება სოფ. თავისუფლებაში. აქ 6 მაისს მოჰყავთ ასობით ფრინველი. მათ კლავენ და ქეიფობენ. ამ ვწმინდა ადგილას” მსვლელობის ლიკვიდაცია მხოლოდ მასინ იქნება შესაძლებელი თუ მთლიანად იქნება აღებული როგორც ძველი ეკლესიის ნაშთი, ასევე აქ არსებული სომხური სასაფლაო. სასაფლაოს არსებობა აძნელებს მომსვლელ მორწმუნეთა უკან გაბრუნებას. ისინი აცხადებენ, რომ აქ მოდიან მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად. მიუხედავად ამ სიძნელისა, კომისიასთან არსებული აქტივისა და რწმუნებულის მეშვეობით, ცხადია მილიციის ორგანოებთან ერთად ხდება დღესასწაულის დღეებში მოსახლეობის გაფრთხილება, რათა მათ თავის მხრივ ზემოქმედება მოახდინონ მორწმუნეებზე. მხოლოდ ამ გზით შეიძლება თავისუფლებაში მორწმუნეთა მასიური მსვლელობის შეჩერება.

გარდა ე.წ. “წმინდა ადგილებთან” დაკავშირებული საკითხებისა, ამხ. ვანილაშთან გავარკვიეთ ზოგიერთი საკითხი. კერძოდ ილორის ეკლესიიდან შემოსულ საჩივრებზე ლაგვილავას მიერ ჩვენთვის პასუხის გაუცემლობის შესახებ. ადგილზე მისვლით ვნახავთ, რომ ილორის ეკლესიის ყოფილმა აღმასრულებელმა ორგანოს თავმჯდომარემ თომა ბოკუჩავამ არ გადაუხადა რა ეკლესიას მისგან მითვისებული 7000 მანათი, სასამართლოს აღმასრულებლის მიერ აღწერილ იქნა ბოკუჩავას ქონება და გადატანილია ეკლესიაში. რადგან მომჩივნები, რომლებიც ცდილობენ როგორმე გათავისუფლებულ იქნას რწმუნებული ლაგვილავა თანამდებობიდან, მრავალცილისმწამებელ ამბებს თხზავენ თითქოსდა ლაგვილავას და ბოკუჩავას კავშირის შესახებ, ლაგვილავამ ეს საქმეები გადასცა პროკურატურის ორგანოებს გამოძიებისათვის. გამოძიებისა და სასამართლოს მიერ მიღებულ შედეგებს გაგვაცნობს თვითონ ლაგვილავა.

რაც შეეხება ილორის ეკლესიაში შემოსულ პირუტყვსა და ფრინველს, იმ მიზნით, რომ იგი ეკლესიის შემოსავალში შესულიყო, რწმუნებულის ინიციატივით დამზადების კანტორიდან ეკლესიაზე მიმაგრებულ იქნა სპეციალური თანამშრომელი, რომელიც ეკლესიის აღმასრულებელი ორგანოსაგან იბარებს შეწირულ პირუტყვს, ხოლო თანხას პირდაპირ რიცხავენ სახელმწიფო ბანკში ეკლესიის ანგარიშზე. მიუხედავად ლაგვილავას მიერ გატარებულ ამ ღონისძიებებისა, არც მღვდელი დ. ფიფია და არც აღმასრულებელი ორგანოსა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობა არ იღებს ხელს განზრახვაზე მიითვისონ ეკლესიისათვის შეწირული პირუტყვი. პირიქით, ისინი მოითხოვენ კიდევაც მას. თვით ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში მღვდელმა დ. ფიფიამ თხოვნით მიმართა ლაგვილავას დაერთო მისთვის ნება როგორც გამონაკლისი თვეში ერთხელ წაეყვანა სახლში ერთი ცხვარი და ერთი ქათამი. ამ თხოვნაზე ლაგვილავამ კატეგორიული უარი განუცხადა.
ვფიქრობთ, ამ საკითხში ლაგვილავას პოზიცია სავსებით სწორია.

დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც განაცხადა ლაგვილავამ “წმინდა ადგილებთან” მორწმუნეთა მისვლაში მას საკმაოდ ეხმარება საოლქო კომიტეტი, რაც დაადასტურა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ამხ. ხვარწკიამ. თუმცა საბჭოს 1972 წლის 17 ოქტომბრის # 203 წერილს პასუხს გაუგზავნის ინფორმაციასთან ერთად.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button