ლიტერატურაფილოსოფიახელოვნება

გიორგი მაისურაძე – ხელოვნება, როგორც პათოლოგია და ბოროტება

„Я люблю смотреть как умерают дети.“

ვლადიმირ მაიაკოვსკი

XVIII საუკუნეში, საფრანგეთის რევოლუციამდე რამოდენიმე წლით ადრე გაჩნდა ლიტერატურული ჟანრი, რომელსაც „ლიბერტინული“ ეწოდა და რომელიც საყოველთაოდ აღიარებული მორალური და სექსუალური ნორმების საწინააღმდეგოდ, სრულ აღვირახსნილობას აღწერდა და ყოველგვარ ზნეობრივ ტრადიციას აბუჩად იგდებდა. ამ ჟანრის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ფრანგი მარკიზი დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი კაცობრიობის ისტორიაში, უპირველეს ყოვლისა, მისი სახელიდან წარმოებული ფსიქოპათოლოგიური ტერმინის სადიზმის სახელით შევიდა. სადი, გარდა სკანდალური რომანების ავტორობისა, ახალი ეპოქის პირველი უდიდესი დისიდენტიც იყო, რომელიც თანაბარი უკომპრომისობითა და რადიკალურობით აკრიტიკებდა ჯერ მონარქიასა და სამღვდელოებას, შემდეგ იაკობინელთა დიქტატურასა და „დირექტორიას“, ბოლოს კი ნაპოლეონის იმპერიას.

XX საუკუნის გერმანელი დრამატურგის პეტერ ვაისის პიესაში „მარატ/სადი“ უკვე ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით მოთავსებული სადი იხსენებს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ზე განხორციელებულ წარუმატებელ ტერაქტში დადანაშაულებული პიროვნების – დამიანეს სიკვდილით დასჯის ამბავს. პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე რამოდენიმე საათი გრძელდებოდა სიკვდილით დასჯის სანახაობა. ბრალდებული ნელი და ხანგრძლივი წამებით მოკლეს. ამ ისტორიის გახსენებისას კი სადს ყურადღება იმაზე გადააქვს, რომ მოედანზე მდგარი ერთი სახლის ფანჯარაში ჯაკომო კაზანოვა ჩანს, რომელსაც ერთდროულად ორ ქალთან სექსი აქვს. ჩემი აზრით, პეტერ ვაისს ამ ერთ სცენაში ნაჩვენები აქვს სადის შემოქმედების მთელი არსი: იმ დროს, როდესაც საფრანგეთში მრავალწლიანი პოლიტიკური ტერორი, სამოქალაქო თუ იმპერიული ომები მძვინვარებდა, სადმა თავის რომანებში ყოველგვარ ზღუდეს მოკლებული და „აღვირახსნილი“ სექსუალობის დეტალური აღწერით ერთგვარი ჰიპერრეალობა შექმნა, რომელმაც ყოველდღე გილიოტინაზე მოკვეთილი თავების ნახვით ემოციებდაჩლუნგებული ადამიანების შეძრწუნება და მათთვის მგრძნობელობის უნარის დაბრუნება შეძლო.

სეკულარული „მოდერნის“ ხანაში რელიგიური აკრძალვების ადგილი საზოგადოებრივმა მორალიზმმა და იურისპრუდენციამ დაიკავა, რელიგიებს სამეცნიერო დისკურსები ჩაენაცვლა, „ცოდვას“ – „პერვერსიები“ და „პათოლოგიები“. XIX საუკუნის არაერთი ცნობილი მწერალი და ხელოვანი აღმოჩნდა ახალი ზნეობრივი ინსტანციების შეტევისა და თავდასხმების სამიზნე. სამაგალითოდ გუსტავ ფლობერისა და ოსკარ უაილდის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესების გახსენებაც შეიძლება. არაევრპოულ ქვეყნებში კი, მაგალითად რუსეთის იმპერიაში, სადაც საზოგადოებრივი განვითარების დონე საგრძნობლად ჩამორჩებოდა ევროპულ სტანდატებს, 1917 წლამდე ისევ მძლავრობდა საეკლესიო ცენზურა, რომელსაც ძალა შესწევდა დოსტოევსკის რომანიდან „ეშმაკნი“ მთელი ერთი თავი ამოეღო, ხოლო ტოლსტოი ანათემასთვის გადაეცა.

მაგრამ ასეთ კონფლიქტებზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ „მოდერნის“ ხანაში ხელოვანის, შემოქმედი ადამიანის და თავად შემოქმედების პარადიგმა იცვლება ან, უფრო სწორი იქნებოდა, – ხელოვნების დაფარული არსი მჟღავნდება: ლიტერატურა და ხელოვნება (რომლებიც ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა) გვევლინება როგორს შემდგარი, განხორციელებული სუბვერსია, მიმართული მორალური წარმოდგენებისა და პოლიტიკური წესრიგის წინააღმდეგ. ხელოვნების სუბვერსიულობა იმითაც გამოიხატება, რომ ის ადამიანების ნერვებზე მოქმედებს, წესებს და კონვენციებს არღვევს, მუდმივ კონფლიქტშია საზოგადოებასთან და მის ტრადიციულ ფასეულობებთან. ესაა ხელოვნების სუვერენულობის არსი, რომელიც ვერცერთი ნორმატიული წესრიგის ფარგლებში ვერ თავსდება და, როგორც იური ლოტმანი ამბობს, „არა მხოლოდ აკრძალულს, არამედ შეუძლებელსაც შესაძლებელს ხდის“. ის, რაც ვერ ხერხდება რეალობაში, ხორცს ისხამს გამოთქმულ და გამოსახულ ფანტაზიებში. ხელოვნება იმდენადაა ხელოვნება, რამდენადაც იგი „აკრძალულ თემებს“ არ ცნობს, რამდენადაც მისთვის ზღუდეები და თემატური იერარქიები არ არსებობს და ყველაზე ძლიერი იდეოლოგიური წნეხისა თუ ზოგჯერ ნიღბის ქვეშაც კი არსებული რეალობის შემარყეველ ბიძგებს წარმოქმნის. ყველა სხვა შემთხვევაში ხელოვნება იდეოლოგიური ნაგვის რეპროდუქციის სამსახურშია. ხელოვნებაში არა მხოლოდ ცოცხლდება, არამედ ლეგიტიმური ხდება ის, რაც აკრძალული და ჩახშობილი იყო – ადამიანის სურვილები, რომლებიც რეპრესიის შედეგად „გაუკუღმართებული“, პერვერსიული სახით ამოტივტივდება შემოქმედი ადამიანის იმაგინარულ, ანუ წარმოსახვით სამყაროში.

ეს ფაქტორი კი უკვე რადიკალურად ცვლის ხელოვანი ადამიანის, როგორც ხელოვნების სუბიექტის პარადიგმას: ის ღვთისგან ბოძებული ზეადამიანური უნარებით დაჯილდოვებული ღმერთკაცი კი აღარაა, არამედ სიგიჟის ზღვარზე მყოფი, გარყვნილი და ამორალური ფანტაზიების პატრონი, რომელსაც სირცხვილის გრძნობა აქვს დაკარგული და საკუთარ უინტიმურეს დეტალებსაც კი საჯაროდ ყველას აცნობს. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გავრცელდა აზრი, რომ გენიალურობა ფსიქოპათიის ნაირსახეობაა. პოსტსტრუქტურალიზმის ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი როლან ბარტის აზრით კი, „ყველა მწერალს შეუძლია თქვას: სიგიჟემდე ვერ ვქაჩავ, ჯანმრთელად ყოფნას ვერ ვკადრულობ, მაშასადამე ნევროტული ვარ“.

ისევე როგორც ნევროზების, ხელოვნების „ნეგატივებიც“ პერვერსიებია. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მწერალი და თეორეტიკოსი ჟორჟ ბატაი თავის თეორიულ ნაშრომში, რომელსაც „ლიტერატურა და ბოროტება“ ეწოდება, ასე განსაზღვრავს ლიტერატურის არსს: „ლიტერატურა… ბოროტების მწვავედ გამოხატული ფორმაა, თავად ბოროტებაა… ეს დებულება არა მორალის არქონას, არამედ ზე-მორალს მოითხოვს“. ამგვარი „ზემორალი“ ყოფითი სამყაროს ზნეობრივ ნორმატივებზე გადაბიჯებას ნიშნავს. აქვე გასახსენებელია ლოტმანის აზრიც, რომ ყოველი ახალი, ნოვატორული მხატვრული ფორმა, „ტრადიციული აზრის მატარებელთა მხრიდან უკანონოდ და მათი გრძნობების შეურაცხმყოფლადაც კი ფასდება; ესაა შოკის მომგვრელი მეტაფორა, რომელიც შემოქმედებითი აქტის შედეგია“. ანუ შემდგარი შემოქმედებითი აქტი უკვე თავისდაუნებურად დამკვიდრებული ფორმებისა და ნორმების ნგრევას ან მათგან გამიჯვნას, მათ უარყოფასაც იწვევს. ამდენად, სრულიად ბუნებრივია ისიც, რომ ტრადიციონალისტები მას საკუთარ ღირებულებებზე თავდასხმად აღიქვამენ. ამის საპირისპიროდ, იდეოლოგიური ფსევდო-ხელოვნება სიცოცხლისგან დაცლილი და დიდი ხნის გახუნებული მკვდარი ფორმების კვლავწარმოებითაა დაკავებული, რომლებიც წმინდად პროპაგანდისტული შინაარსის გარდა, არანაირ ემოციურ მუხტს არ გადმოსცემენ. ესაა ფრიგიდული ხელოვნება ან ხელოვნების სუროგატი, რომელიც არა ცოცხალი ადამიანებისათვის, არამედ ზომბებისათვისაა განკუთვნილი, – მათ კიდევ უფრო მეტად დასაკაბალებლად და მათში სიცოცხლის იმპულსების კიდევ უფრო მეტად გასანეიტრალებლად.

ხელოვნება იმდენადაა დინამიური და ცოცხალი, რამდენადაც მას ახალი ფორმების, მეტაფორების, გამოსახვის საშუალებების წარმოქმნა შეუძლია, რომლებიც თავდაპირველად პერვერსიად და უხამსობად აღიქმება და საზოგადოებაში დაძაბულობა შემოაქვს. განსაკუთრებით აღშფოთებულია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხელოვნების ნაწარმოებში საკუთარ თავს, საკუთარ ვერრეალიზებულ და ჩახშობილ გრძნობებს ამოიცნობს. ასეთი ადამიანები საკუთარ ფარულ ვნებებს გაშიშვლებულსა და მხილებულს ხედავენ, როგორც დოსტოევსკის რომანის „დანაშაულისა და საჯელის“ მთავარ პროტაგონისტს როდიონ რასკოლნიკოვს ქუჩაში ყურმოკრული ფრაზა „მკვლელო!“ მის პიროვნულ სამხელად ეჩვენება. ასევე ხელოვნების ნაწარმოების შინაარსითა თუ ფორმით აღშფოთებული ადამიანიც მას თავის პიროვნულ „ლუსტრაციად“ და შეურაცხყოფად იღებს.

როდესაც ხელოვნება თავის პერვერსიულობას კარგავს და საყოველთაოდ მისაღები და ხელმისაწვდომი ხდება, ბანალურ სტერეოტიპად გადაიქცევა, რომელიც პირვანდელ მნიშვნელობას იცვლის და თანდათანობით იდეოლოგიური ინსტრუმენტის ფუნქციასაც იძენს. როლან ბარტი ლიტერატურულ თხზულებას უსაქციელო პიროვნებას ადარებს, რომელიც „მამა-პოლიტიკას უკანალს აჩვენებს“. „მამა-პოლიტიკა“ აქ კონსერვატორული აზროვნების, იდეოლოგიური კულტურის სტატიკურობის სიმბოლოა, რომელიც „შვილებისგან“ მორჩილებასა და ქედმოხრილობას მოითხოვს და ნებისმიერი სასიცოცხლო ფორმის აქტიობის გამოვლინებას შეჩვენებითა და ჩახშობით ემუქრება. მხატვრული ნაწარმოებით ამგვარი ავტორიტეტებისა და ცენზორების მიმართ ის შიში და მოწიწება გადაილახება, რომელიც ადამიანის სასიცოცხლო ენერგიების დათრგუნვისკენაა მიმართული. თუკი ცივილიზაციის, წესრიგიანი სამყაროს არქეტიპი თავისუფლების ჩახშობაა, შემოქმედება ამ დაკარგული თავისუფლების უკან დაბრუნებისა და მისი განცდის, სულიერი ტრავმებისა და ტკივილებისგან განკურნების ერთადერთი საშუალებაცაა. ამდენად შემოქმედებას, რაოდენ ცინიკური და „ბოროტიც“, „გარყვნილებისა“ და „პერვერსიების“ გამომსახველიც არ უნდა იყოს იგი, თერაპიული ფუნქცია აქვს არა მხოლოდ ავტორისათვის, არამედ მისი მიმღები და გამგები აუდიტორიისთვისაც. აქვე გასაგებია ავტორიტარული იდეოლოგიური ორგანიზაციების, როგორიცაა ეკლესია, ხელოვნებისადმი შიში და ზიზღი, რამდენადაც ხელოვნებას, ზოგჯერ შოკური, ზოგჯერ კი უფრო შეფარული და შენიღბული ფორმით, ადამიანებში სიცოცხლისა და თავისუფლებისაკენ ლტოლვის იმპულსების გამძაფრება შეუძლია. ეს კი ადამიანის ნებისა და სურვილების დამთრგუნველ ინსტიტუციებს დასაყრდენსა და ძალაუფლებას აცლის.

წყარო: http://www.facebook.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button