ესე

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება

საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობის დიდი მიღწევაა, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა პროგრესმა მნიშვნელოვნად დაამდაბლა წიგნიერების დონე ახალ თაობაში. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.


XX საუკუნეში კაცობრიობა ერთბაშად, იქამდე არნახული ტემპებით განვითარდა. სულ რამდენიმე წელიწადში საშუალო ადამიანის ცხოვრების სტილი იმაზე მეტად გამოიცვალა, ვიდრე ეს მანამდე საუკუნეების განმავლობაში მომხდარა. ყოველდღიურ ცხოვრებაზე ალბათ ყველაზე ძლიერი ზემოქმედება საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა მოახდინეს, კერძოდ კომპიუტერისა და ინტერნეტის შეჭრამ ადამიანის ყოფაში. საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს ტექნოლოგიები დაუპატიჟებლად მოვიდნენ და ჩვენც მხოლოდ გულუბრყვილობით მივეცით შესაძლებლობა დაეკავებინათ ისეთი ფუნდამენტალური ადგილი, როგორიც მანამდე წიგნს ეკავა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება უარყოფითად აისახა წიგნიერების დონეზე, თუმცა ჩემი აზრით ეს მხოლოდ ფუჭი ღელვაა.

ერთი ხუმრობის თანახმად, მაშინ როდესაც ძვ. წ. პირველ ათასწლეულში ანბანის გამოყენება დაიწყო, ცივილიზებული საზოგადოების კონსერვატული ნაწილი მიიჩნევდა, რომ ანბანი დამღუპველი იქნებოდა ადამიანებისთვის, რადგან ის მათ მახსოვრობის უნარს მოუსპობდა. შეუძლებელია დაზუსტებით გაგება იმისა, თუ აქვს რამე კავშირი ამ ისტორიას რეალობასთან, თუმცა საუკუნეების მანძილზე იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯზე, კვლავ უკან დახევას ლამობენ, მართლაც დამაჯერებელს ხდის მას. ერთი თაობის მიერ საკუთარი მემკვიდრე თაობის კრიტიკის სერიოზულად აღქმა, ჩემი აზრით, შეუძლებელი და არასერიოზულია, მით უმეტეს, როდესაც საქმეში მათთვის მეტწილად გაუგებარი ტექნოლოგიებია ჩარეული.

მაინც რა არის წიგნი და რაა მასში ასეთი შეუცვლელი? ილია ჭავჭავაძე, მოთხრობაში „გლახის ნაამბობი“, წიგნს ახასიათებს, როგორც საშუალებას, შორიდანვე დაუკავშირდე ხალხსა და მათ ცოდნას. ირონიულია, მაგრამ ზუსტად იმავე ფუნქციას ემსახურება მსოფლიო ქსელი. მეტიც, ძნელია ისეთი ბიბლიოთეკის პოვნა, რომელიც ინტერნეტს გაეჯიბრება საკუთარი მოცულობითა და ადამიანებისთვის ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემით. ამ ფონზე, გასაკვირიც არ არის, რომ ინტერნეტმა თითქმის სრულად ჩაანაცვლა წიგნი, როგორც ინფორმაციის მოპოვების გაცილებით ჩქარმა და ეფექტურმა საშუალებამ.

კიდევ ერთი ფრონტი, რომელზეც ანალოგიური დაპირისპირება მძვინვარებს მხატვრული ლიტერატურაა. ბოლო დეკადაში ელექტრონული წიგნებისა და წიგნების საკითხავების პოპულარობამ საფრთე შეუქმნა ნაბეჭდ ლიტერატურას. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ დავას რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს იმ შედეგთან, რასაც წიგნიერების დონეს ვეძახით. წიგნი, იქნება ეს ბეჭდვითი თუ ვირტუალური, ერთადერთ მისიას ემსახურება, რომლის მიღწევის გზის არჩევაც თითოეულ მკითხველზეა დამოკიდებული და რეალური მნიშვნელობა არ გააჩნია.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button