განხილვალიტერატურა

ალუდა ქეთელაური – განხილვა

ალუდა ქეთელაურის მიერ განცდილი სულიერი მეტამორფოზა ღრმა და რადიკალურია. პოემის დასაწყისში ავტორი გვაცნობს ალუდას ისეთს, როგორიც იგი არის მანამ, ვიდრე მისი შინაგანი ფერისცვალება მოხდება. ეს არის გამოცდილი მეომარი, ვისთვისაც კაცისკვლა, სისასტიკე, მოკლული მტრისთვის მარჯვენის მოჭრა ჩვეულებრივი ამბავია და ვისაც საზოგადოებაში უპირველესად სწორედ მეომრული ღირსების გამო აფასებენ. ომი, ბრძოლა ალუდასთვის არამარტო ჩვეული, არამედ სახალისო საქმეც არის – ის აზარტულად ემზადება საომრად.

რაღაც უნდა მოხდეს განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი ასეთი კაცის ცხოვრებაში, რომ ის ჰუმანურ პიროვნებად იქცეს. ამგვარი განსაკუთრებული რამ აღმოჩნდება მუცალთან ორთაბრძოლა და ის, რაც ალუდამ მუცალის სიკვდილისას დაინახა და იგრძნო. მუცალი სიმწრიტ ებღაუჭება სიცოცხლეს: ,,მუცალს არ სწადის სიკვდილი, ფერს არა ჰკარგავს მგლისასა”. მომაკვდავი მუცალის უჩვეულო, სასოწარკვეთილი ჟესტი – ბალახის მოგლეჯა და ჭრილობაში ჩაფენა – საშინელი სიცხადით აჩენს სიცოცხლის უმძაფრეს წყურვილს, ნაბას და სიკვდილის ასევე უმძაფრეს არნდომას, სასტიკ სასიკვდილო ტანჯვას. მუცალის ტრაგიკული ჟესტი დაანახებს ალუდას, რომ ,,ურჯულოს”, მტერს ისევე უყვარს სიცოცხლე, როგორც თვითონ მას, ისევე არ უნდა სიცოცხლის დათმობა, როგორც თვითონ. ეს აგრძნობინებს ალუდას მომაკვდავთან შინაგან მსგვასებას და ერთიანობას, აგრძნობინებს, რომ ორივენი ადამიანთა მოდგმას ეკუთვნიან. ამიტომ არის, რომ ალუდა მუცალს მისი სიკვდილისთანავე თავისნაირ, ღირსებით თავის თანასწორ ადამიანად აღიარებს, რაც გამოხატულებას პოვებს იმაში, რომ ღმერთს მუცალის ცხონებას, სასუფეველში დამკვიდრებას თხოვს და არ ასრულებს მის მიმართ მარჯვენის მოჭრის უადამიანო წესს. რა თქმა უნდა, მუცალის მიერ გამოვლენილი ვაჟკაცობაც უადვილებს ალუდას მასში ღირსეული, თავისი მსგავსი ადამიანის დანახვას. ალუდაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ისიც, რომ როცა იარაღს უტოვებს, მუცალი მის ღირსებას აღიარებს, მის ვაჟკაცობას აფასებს.

მაგრამ მთავარი, რამაც ალუდას სული შეუძრა, მაინც ის არის, რომ მუცალის სიკვდილმა ცხოვრებაში პირველად უჩვენა მას, თუ რა საზარელია სიკვდილი, სიცოცხლესთან გაყრა ყველა ადამიანისთვის, იმის განურჩევლად, ,,რჯულიანია” ის თუ ,,ურჯულო”. ამიტომ ალუდამ იგრძნო ისიც, თუ რა საშინელებაა სიცოცხლე წაართვა მეორე ადამიანს, იყო მკვლელი.

სწორედ ამ მძიმე შთაბეჭდილებით არის სიღრმისეულად მოტივირებული ალუდას მიერ სისხლისღვრის და კაცისკვლის შეძულება, შეზიზღება. იმედას ქავის ხატში არეკლილია, რომ ალუდა დრამატულად განიცდის მტრობის, კაცისკვლის საშინელებას, რომელიც დაუსრულებელია და ბედისწერასავით დაუძლეველია (,,ვერვინ მიჰრივა იღბალი”). სისხლიან ხილვებში, რომლებიც იმედას ქავის სურათს მოსდევს (,,ვისაც მტერობა მოსწყურდეს…”), აგრესიაზე დამყარებული ადამიანთა ცხოვრება, უწინარესად კი საკუთარი ცხოვრება და მისი არსი – კაცისკვლა ალუდას წარმოუდგება სიმახინჯედ, კოშმარად. ეს შემზარავი ხილვები ბუნებრივად ჩნდება იმ კაცის ქვეცნობიერებაში, ვინც მცირე ხნის წინ მოკლა სხვა კაცი, სიცოცხლესთან ადამინის განშორების ტანჯვის მოწმე გახდა და შეაძრწუნა მკვლელობის ცოდვამ.

ალუდაზე რომ სულის შემძვრელი და გარდამქმნელი ზემოქმედების სწორედ იმის ხილვამ მოახდინა, თუ როგორ არ უნდოდა მუცალს სიკვდილი, ეს უშიშასთან მის საუბარშიც იკვეთება : ,,მკერდზე ნაკრავმა ტყვიამა გაუნაძოძა გულია. ნატყვიარს ბრძამით იფევდა, ისე დალია სულია”. დიდი ტკივილი, თანაგრძნობა გამოსჭვივის ალუდას თხრობაში. განსაკუთრებით სიტყვა ,,გაუნაძოძა” აღიჭურვება ტკივილიანი ექსპრესიით. ალუდა შინაგანად განიცდის მუცალის კვდომას, შინაგანად შეიგრძნობს იმას, რაც არ შეიძლება ფიზიკურად შეიგრძნოს ან დაინახოს – როგორ უგლეჯს, უფლეთს მუცალს ტყვია გულს.

,,ურჯულო” მუცალთან ასე ღრმად ნაგრძნობი შინაგანი სიახლოვის, ერთიანობის გააზრებას და განზოგადებას წარმოადგენს ალუდას ახალი შეხედულება, რომ დიდი შეცდომაა ადამიანთა დაყოფა სრულფასოვნებად და არასრულფასოვნებად, რომ ცრურწმენაა წარმოდგენა, თითქოს ღმერთს მხოლოდ ,,ჩვენ” ვუყვარვართ როგორც ნამდვილი ადამინები, ჩვენი ,,ურჯულო” მტრები კი, ფაქტობრივად არაადამინები, ღმერთს სძულს. ღმერთი, რომელსაც ალუდა აღმოაჩენს, კაცთმოყვარე ქრისტინული ღმერთია. მას მთელი ადამიანთა მოდგმა, კაცობრიობა უყვარს, მისთვის ყველა ადამიანი თანაბრად ძვირფასია.

როცა თავის ახალ თვალსაზრისს გამოკვეთს, ალუდა იხენებს მუცალის სიკვდილთან დაკავშირებულ თავის კიდევ ერთ მტკივნეულ შთაბეჭდილებას: ,,სულს არ აცლიდა ამოსვლას, კიდევ მიხსენა რჯულია”. ალუდამ მუცალში თავისი მსგავსი ადამიანი დაინახა არამარტო იმიტომ, რომ მუცალმა მთელი ადამიანთა მოდგმისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის წყურვილი და სიკვდილის არნდომა გამოამჟღავნა, არამედ იმიტომაც, რომ ის და მუცალი – ერთნაირად ძლიერი, უშიშარი და შეუპოვარი მებრძოლები – ერთნაირ შეურიგებლობას და სიძულვილს იჩენენ მოწინააღმდეგის სარწმუნოების მიმართ. ამ ნიშნით მათი პარადოქსული მსგვასება იმდენად სრულია, რომ თითქოს ერთმანეთის ორეულებად აქცევს მტრებს. ორთაბრძოლის პარალელურად მიმდინარე სიტყვიერ დუელში მათი რეპლიკები აბსოლუტურად ურთიერთმსგვასია (ყველაზე მეტად მათ ამსგავსებს მიმართვა ,,რჯულ-ძაღლი”) და გამოხატავს ერთნაირად შეუწყნარებელ და ზიზღიან დამოკიდებულებას მტრის რელიგიისადმი. და მტრების პოზიციათა ეს აბსურდული ერთგვარობა ამ პოზიციათა მცდარობის მოწმობაა ალუდას თვალში. იგი ხვდება, რომ ისიც და მუცალიც ერთნაირად ცდებოდნენ და სცოდავდნენ, როცა ერთმანეთს რჯულს აუგად უხსენებდნენ. იგი აცნობიერებს, რომ საერთოდ არასწორია ადამიანების გამიჯვნა რჯულიანებად, ღმერთის წყალობით მოსილებად და ღმერთისგან მოძულებულად.

ალუდას სულიერი მეტამორფოზის სიღრმე და არსი, ის, რომ მისი ძირი იმაშია, რაც მან მუცალთან ორთაბრძოლისას და მუცალის სიკვდილისას განიცადა, ყველაზე მკვეთრად და სრულიად ალუდას სიზმარშია გამჟღავნებული. მუცალი სიზმარში ჩნდება ჭრილობაში ჩაფენილი ბალახით, რაც კიდევ ერთხელ აგრძნობინებს ალუდას, რომ იგი მუცალისთვის სასიკვდილო ტანჯვის მიმყენებელია, მისი სიცოცხლის მომსპობია. ეს გრძნობა რომ აუტანელი სიმძიმით თრგუნავს ალუდას, ამ ხილვაშიც აშკარავდება – მუცალი მას ხელში ხანჯალს უდებს და, როგორც გაწაფული და სისხლმოწყურებული მკვლელისგან, სიკვდილს ითხოვს მისგან.

სიზმარში ნანახი მუცალი არსებითად განსხვავდება ნამდვილისგან – რელობაში ,,მუცალს არ სწადის სიკვდილი”, სიცოცხლეს ებღაუჭება და მომაკვდავიც აგრძელებს ბრძოლას, სიზმარში კი იგი თვითონ ეძებს სიკვდილს, რათა სხვებს დაუტოვოს ეს სამყარო – სისხლისღვრის ასპარეზი. ალუდა არამარტო თვითონ განიცდის ზნეობრივ კათარზისს, არამედ მუცალსაც კიდევ უფრო აკეთილშობილებს, ამაღლებს. არ ღირს ისეთ სიცოცხლეზე გამწარებით მოჭიდება, ისეთ სიცოცხლესთან განშორების გამო ტანჯვა, რომლის არსიც კაცისკვლა ანუ არსებითად კაციჭამიობაა – ასეთია მუცალის სიზმრისეული მეტამორფოზის აზრი. მუცალი აქ ალუდას სიღრმისეულ, იდუმალ სათქმელს ამბობს, მისი შინაგანი სამყაროს საუკეთესო საწყისს – სინდისს განასახიერებს.

ალუდას სიზმარი დაგვანახებს, რომ ამ ადამინმა თავის თავშივე, თავის არსებაშივე ტანჯვით აღმოაჩინა მცნება ,,არა კაც ჰკლა”. კაცისკვლის საზარელი ცოდვიგან ის ტანჯვით განიწმინდა და კათარზისგამოვლილი განშორდა ამ ცოდვას, თავის ძველ ცხოვრებას.

ხატობაზე ალუდა უკვე ცდილობს რეალურად დაამკვიდროს, საზოგადოებას აღიარებინოს მის მიერ აღმოჩენილი ახალი ჭეშმარიტება – ღმერთი არ ყოფს ადამიანებს ,,რჯულიანებად” და ,,ურჯულოებად”. ხატობისას თავის საბოლოო, ყველაზე მაღალ გამოხატულებას პოვებს ალუდას სულიერი გარდაქმნა : მისთვის მუცალი ,,ლამაზი ძმა” გახდა, მან უახლოესი ადამიანივით შეიყვარა მტერი. დიდი ტანჯვის ფასად ალუდამ შეძლო რეალობად ექცია ის, რასაც ქრისტიანობის განსაკუთრებით ძნელად შესასრულებელი მცნება მოითხოვს: ,,გიყვარდეთ მტერნი თქვენნი”.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button